Sunday, January 11, 2009

სექსუალური რევოლუციის ისტორია

ავტორი: ერეკლე გრიგოლია

(სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ ფლეიბოიში)

Make love, not war!

უკვე 1921 წელს ბერლინში ჩატარდა სექსუალური რეფორმების პირველი კონგრესი, ხოლო 1928-ში კოპენჰაგენში დაფუძნდა სექსუალურ რეფორმათა მსოფლიო ლიგა.

რაიხის აზრით, ადამიანი ვერასდროს განვითარდება ჰარმონიულად და ვერ იქნება ბედნიერი, თუ არ გათავისუფლდება სექსუალური შეზღუდვებისგან, რომლებსაც მას უწესებენ სახელმწიფო, ოჯახი, საზოგადოება, ეკლესია და ა.შ.

„დაკავდით სიყვარულით და არა ომით!’’

ნევროზებს, აგრესიასა და ყველანაირ უბედურებას სექსი და სექსუალური თავისუფლება კი არ იწვევს, არამედ პირიქით, მისი ჩახშობა და დეფიციტი.


ერეკლე გრიგოლია

სექსუალური რევოლუცია

.

"რევოლუციას ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს...”

ჯვარი, ხრუშჩოვი, `შლაქსები”...

ისე, არ გიკვირს მკითხველო, ყველა რევოლუციამ ჩვენზე რომ გადაიარა, რაღა ამ სექსუალურმა რევოლუციამ აგვიქცია გვერდი ქართველებს? ეგრეა, როგორც ჩანს სამყარო სრულყოფილი არ არის! თუმცა ისიც საკითხავია, იქნებ იმიტომაც დატრიალდა ჩვენს თავზე წისქვილის ქვა ამდენჯერ, იმიტომაც გამოვიარეთ ამდენი სიგიჟე და დავიდარაბა, რომ სწორედ სექსუალური რევოლუცია და მისი მადლი აგვცდა? ისე, რა ლამაზად და მიმზიდველად ჟღერს არა? სექსუალური რევოლუცია! სამწუხაროდ, ასეთი რამ საქართველოში ვერ დაიბადებოდა. რას იზამ, ყველაფრის სამშობლო ჩვენ ხომ ვერ ვიქნებით. მოკლედ, სექსუალური რევოლუცია, ჩემზე კარგად იცით ალბათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში მოხდა. ცხადია, როგორც ყველა რევოლუცია, ისიც „ჩაგრულ მასებში~ დაგროვილი ენერგიის ამოხეთქვის შედეგი იყო. ვინ ჩაგრავდაო, იკითხავთ. ვინ და, როგორც რევოლუციის ბევრი მებაირახტრე ამტკიცებს, ქრისტიანობა და მისი წარმომშობი იუდაისტური მორალი თითქმის მთელი 2000 წლის მანძილზე. მგონი საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ჩახშობილი სურვილები დაგროვდეს, ადუღებული წყალივით ქვაბის სახურავს მიაწვეს და ბოლოს ერთიანად ამოხეთქოს. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ქრისტიანობისთვის სექსუალური აქტი (თუ იგი გამრავლებას არ ემსახურება) დიდი ცოდვაა. თუმცა, ბავშვსაც რომ `აკეთებ~, მაშინაც კი მამაზეციერის სახელით მოლაპარაკთა მორალი უამრავ შეზღუდვას გიწესებს _ აკრძალულია კონტაქტი მარხვებისა და მრავალრიცხოვანი საეკლესიო დღესასწაულების დროს, ცოდვად ითვლება ყოველგვარი ეროტიკული ტექნიკა და ფანტაზიები, ანუ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ტრადიციული, ,,მისიონერული’’ პოზიდან (მამაკაცი ზემოდან) ოდნავი გადახვევაც. მოკლედ, ამათი შიშით შენს გემოზე მეუღლესაც კი ვერ მიკარებიხარ ადამიანი. საკმარისი არ იყო, რომ 60-იანი წლების შტატებსა და ევროპაში „ჩაგრულებს“ ქვა აეღოთ ხელში?

რატომ მაინცდამაინც ქრისტიანობაო, იკითხავთ. არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ხომ ფაქტად რჩება _ მაშინ, როდესაც „კამა-სუტრა’’ და ძველი ჩინური ტრაქტატები ეძღვნება „სარეცლის ხელოვნებას’’ („ფან ჩჟუნ’’), როდესაც ისინი დაწვრილებით აგვიღწერენ, თუ როგორ უნდა მივიღოთ მაქსიმალური ეროტიკული სიამოვნება, ქრისტიანობა მეთოდურად კლავდა და კლავს ადამიანში ამ სიამოვნების ნებისმიერ გამოხატულებას. სხვათა შორის, ქრისტიანული ეკლესიის ,,მამები’’, რომლებიც იმთავითვე ებრძოდნენ ყველანაირ ,,მიწიერ“ სიამოვნებას, ყველაზე მეტად მაინც სექსს ერჩოდნენ და აი, რატომ: სექსუალური იმპულსი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი პრაქტიკულად უძლურია, უარი თქვას მასზე. ამიტომ, თუ ის ამ იმპულსს სიბინძურედ ჩათვლის და მის გამო თავს დამნაშავედ იგრძნობს, მას მუდმივად ექნება ცოდვილობის განცდა და მონანიების სურვილი. ეკლესიას კი სწორედ ასეთი, არასრულფასოვნებისა და დანაშაულის კომპლექსით შეპყრობილი მრევლი სჭირდება, რომელიც ბრმად დაემორჩილება ,,მამაოთა’’ ნებისმიერ ინსტრუქციას. თანაც, როგორც ,,ბოროტი ენები’’ ამბობენ, მონანიება ნებისმიერი ეკლესიის ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტია. თუმცა საქმე მარტო ფინანსებში როდია. საუკუნეებია, რაც ბუნებრივ მოთხოვნილებათა ცოდვად გამოცხადებით და ამ გზით ადამიანების დაზომბებით ქრისტიანული ეკლესიები დიდ პოლიტიკურ ძალაუფლებასაც ფლობენ. ფაქტიურად, უფლის სახელით ჩვენთვის მორალის კითხვა მათთვის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებაა. ამ ,,დიად“ მიზნებს ეკლესიები მშვენივრად აღწევენ, ხოლო ზარალდება ადამიანი, რომელსაც დაპირებულ და მეტად ბუნდოვან ,,მარადიულ ცხონებაზე’’ ოცნება რეალური ჯანმრთელობის ფასად უჯდება _ მეოცე საუკუნეში მეცნიერებამ უკვე ეჭვმიუტანლად დაადგინა, რომ სექსის ჩახშობა სერიოზულ ფსიქიკურ და სექსუალურ გადახრებს იწვევს...

„ზეცის უთვალავ ქმნილებათა შორის ყველაზე ძვირფასი ადამიანია, - ვკითხულობთ ერთ-ერთ ჩინურ ტრაქტატში - ხოლო იმათში, რაც ადამიანს ნეტარებას ანიჭებს, ვერაფერი შეედრება ინტიმურ სიახლოვეს... ვინც ამის ჭეშმარიტ არსს ჩაწვდება, იგი ენერგიით აღივსება და სიცოცხლეს გაიხანგრძლივებს, ხოლო ვინც ამას ვერ მოახერხებს, საკუთარ თავს დააზიანებს და ნაადრევად გარდაიცვლება’’.

უძველესი ინდური რწმენის მიხედვით, სექსუალური სურვილი იყო პირველადი ძალა, რომელმაც შექმნა სამყარო. ერთ-ერთი ასეთი ტრაქტატი ადამიანს, რომელიც უმაღლეს სულიერ სიბრძნეს ეუფლება, ადარებს ქმარს, რომელსაც საყვარელი მეუღლე ეალერსება. ჩინეთსა და ინდოეთში დამუშავებული იყო დახვეწილი სექსუალურ-ეროტიკული ტექნიკა, რომელიც რელიგიური კულტის დონემდე იყო აყვანილი. „კამა-სუტრას’’ შემდგენელი ვატსიაიანა 84 სხვადასხვა სექსუალურ პოზას (უფრო სწორად “პოზიციას”) აღწერს; მოგვიანებით ამ ტრაქტატის კომენტატორებმა ეს რაოდენობა 729-მდე აიყვანეს.

ცხადია, სექსუალური რევოლუცია ინდოეთსა და ჩინეთში ვერ მოხდებოდა, იქ უბრალოდ ამის საჭიროება არ იყო. არ დამიწყოთ ახლა იმის მტკიცება, რომ საქართველოშიც ამის გამო არ მოხდა მსგავსი რამ. ხომ იცით, რომ ჩვენ ქრისტიანობის ნაწილი ვართ. ამავე დროს, 60-იანი წლების საქართველოში სექსზე ხმა რომ ამოგვეღო, ხრუშჩოვი ციმბირს უკან მოგვატოვებინებდა და ჩვენც ვიცდიდით, ვიცდიდით, ვიცდიდით... მაქსიმალური, რაც იმ დროს შევძელით, წელზე შემოტკეცილი “შლაქსებიანი” ჯინსების და მინი „იუბკების“ ჩაცმა იყო.

როგორ იწრთობოდა ფოლადი

დასავლეთის მე-20 საუკუნის 60-იანი წლების სექსუალურ რევოლუციას საფუძველი სხვადასხვა მეცნიერებმა, ხელოვანებმა და უბრალოდ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებმა ჩაუყარეს. პირველ ყოვლისა, ეს იყო ზიგმუნდ ფროიდი. ცხადია, ფროიდი 60-იან წლებში არ წერდა, მაგრამ გასული საუკუნის დასაწყიში მისმა ტიტანურმა შრომამ შედეგი სწორედ 60-იანებში გამოიღო. ფროიდის თეორიის მიხედვით, სქესობრივი ლტოლვა (რომელსაც მან „ლიბიდო’’ უწოდა), ადამიანის ფსიქიკური (და, საერთოდ, ყველა სახის) ენერგიის მთავარი წყარო და მამოძრავებელი ძალაა. ფროიდის რევოლუციური ნაშრომები მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი იყო. ნელ-ნელა ადამიანებმა დაიწყეს შინაგანი ძალის გამონახვა, რომ ხმა აემაღლებინათ და ეთქვათ _ ,,გვინდა! თავისუფლება გვინდა! თავისუფლება გვინდა ლოგინში! თავისუფლება გვინდა გარეთ და, ასევე, თავისუფლება გვინდა ჩვენი სურვილების გამოხატვაში!“ უკვე 1921 წელს ბერლინში ჩატარდა სექსუალური რეფორმების პირველი კონგრესი, ხოლო 1928-ში კოპენჰაგენში დაფუძნდა სექსუალურ რეფორმათა მსოფლიო ლიგა. ამ მოძრაობამ წამოაყენა მთელი რიგი პროგრესული მოთხოვნები: პოლიტიკური, ეკონომიკური და სექსუალური თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის, ქორწინებისა და განქორწინების გათავისუფლება ეკლესიის ზეგავლენისგან, გაუთხოვარი დედებისა და „უკანონო“ ბავშვების უფლებების დაცვა და, რაც მთავარია, სექსუალური განათლების დანერგვა ფართო მასებში! აფსუს, სად იყო მაშინ `მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”?! ხომ ქვას ქვაზე არ დატოვებდა კოპენჰაგენში! 30-იანი წლების შუაში მიმდინარე დრამატული პროცესების გამო (მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რიგ ქვეყნებში ფაშისტური დიქტატურის დამყარება და სხვა), მოძრაობამ „სექსუალური რეფორმებისთვის’’ მეორე პლანზე გადაიწია და მალევე ჩაკვდა. ამავე წლებში ფართოდ გავრცელდა ფროიდის ერთ-ერთი გამორჩეული მიმდევრის, დიდი ავსტრიელი მეცნიერის, ვილჰელმ რაიხის (1897-1957) სქესის თეორია. რაიხი თვლიდა, რომ სექსუალობის ჩახშობა, სექსუალური დაუკმაყოფილებლობა ყველანაირად ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობას, რომ არარეალიზებული სექსუალური ენერგია არსად არ ქრება, ის უბრალოდ სხვაგან პოულობს კალაპოტს, შედეგად კი ვღებულობთ სხვადასხვა ტიპის (არა მხოლოდ სექსუალურ) ფსიქიკურ გადახრებს, ნევროზებს, აგრესიას, ომებსა და დიქტატურებს (მან სწორედ ამ კუთხით შეისწავლა ფაშიზმის გამომწვევი მიზეზები). რაიხის აზრით, ადამიანი ვერასდროს განვითარდება ჰარმონიულად და ვერ იქნება ბედნიერი, თუ არ გათავისუფლდება სექსუალური შეზღუდვებისგან, რომლებსაც მას სახელმწიფო, ოჯახი, საზოგადოება, ეკლესია და ა.შ. უწესებენ. რაიხმა დააარსა სექსუალური ჰიგიენის კლინიკები, სადაც სექსუალური გათავისუფლების საშუალებით მასობრივად, და წარმატებითაც, ნევროზებს მკურნალობდა. რაიხის თეორია და მეთოდები იმდენად რადიკალური იყო, რომ კოლეგებმაც კი მას სექსუალური რევოლუციის პროპაგანდაში დასდეს ბრალი., 1934 წელს იგი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციიდან გარიცხეს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მას არა მხოლოდ ნაცისტურ გერმანიასა და ავსტრიაში, არამედ ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებშიც აღარ დაედგომებოდა, რის შედეგადაც ის საბოლოოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოჩნდა.

მისმა თანამედროვეებმა დიდად არ დააფასეს რაიხი. მაგრამ ,,ამ განწირულ სულისკვეთებას ცუდად მაინც არ ჩაუვლია’’ _ მეცნიერის იდეებმა სექსუალობის შესახებ დიდი ზეგავლენა მოახდინა ინტელექტუალებსა და ზოგად კულტურაზე. ადამიანები, რომლებმაც 1960-იანი წლების სექსუალური რევოლუცია წამოიწყეს, იზიარებდნენ რაიხის პოზიციას იმის შესახებ, თუ რამდენად მავნედ მოქმედებს ადამიანზე სექსუალობის ჩახშობა. ბევრი მათგანი, ვინც პირველი დადგა ამ რევოლუციის ბარიკადებზე, სწორედ მისი აზრებით იყო შთაგონებული.

30-იანი წლების ბოლოს, ამერიკელმა ბიოლოგმა, ალფრედ კინზიმ (1894-1956) დაიწყო გამოკვლევა, რომელმაც ადამიანის სექსუალობის შესახებ წარმოდგენა რადიკალურად შეცვალა. ფროიდისგან განსხვავებით კინზიმ უკვე უზარმაზარი სტატისტიკური მასალა შეაგროვა, რომლის ეჭვქვეშ დაყენება თვით გამოცდილ დემაგოგებსაც კი გაუჭირდათ. მან და მისმა თანამშრომლებმა ჩაატარეს სოციოლოგიური კვლევა, რომელშიც 19,000-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ამ უზარმაზარი შრომის შედეგები აისახა ორ ტომში _ „მამაკაცის სექსუალური ქცევა’’ (1948) და „ქალის სექსუალური ქცევა’’ (1953). ამ გამოკვლევამ სექსუალური ქცევის ისეთი მომენტები გამოამჟღავნა, რომელთა არსებობაზეც, არსებული კონსერვატული მორალისა და რელიგიური მრწამსის ფონზე, მანამდე არავინ ეჭვობდა (მაგალითად ის, რომ პრაქტიკულად ყველა მამაკაცი ეწეოდა მასტურბაციას). რაც მთავარია, მან ძალიან სარწმუნო და სტატისტიკურად გამართული ფაქტებით დაასაბუთა, თუ როგორ განსხვავდებოდა ამერიკელების სექსუალური ქცევა მათ მიერვე მიღებული ნორმებისაგან. კინზის ნაშრომმა ქალების სექსუალობის შესახებ ასევე აჩვენა, რომ ქალები, თურმე, უკაცრავად პასუხია და იმაზე ბევრად მეტად იყვნენ დაინტერესებულები სექსუალური სიამოვნების მიღებით, ვიდრე ეს მეცნიერთა უმეტესობას ეგონა. ნაშრომმა ასევე დაანგრია სხვა მითებიც ქალების სექსუალობის შესახებ, მაგალითად ის, რომ თითქოს ქალებისათვის ორგაზმის მიღწევა რთული იყო. ამ გამოკვლევამ სექსოლოგიაში ჭეშმარიტი გადატრიალება მოახდინა და მომავალ სექსუალურ რევოლუციას კიდევ ერთი სტიმული მისცა.

კინზის კვლევას თავიდანვე გააფთრებული წინააღმდეგობა შეხვდა საზოგადოების კონსერვატული ნაწილის მხრიდან, რომლის პოზიციებიც იმ დროინდელ შტატებში ძალიან ძლიერი იყო. მას ყველანაირად ხელს უშლიდნენ, აიძულებდნენ შეეწყვიტა საქმიანობა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ იგი ლამის ამერიკელი ხალხის მტრად გამოაცხადეს. „ინსტიტუტის კვლევა-ძიება ანტიმეცნიერულია, მისი დასკვნები შეურაცხყოფს მოსახლეობას, ამ კვლევის გაგრძელება შეასუსტებს ამერიკულ მორალს და ხელს შეუწყობს კომუნისტურ გადატრიალებას’’ _ ვკითხულობთ ანტიამერიკული საქმიანობის შემსწავლელი კომიტეტის დადგენილებაში (როგორ მაგონებს ეს ყველაფერი დღევანდელ ქართულ საზოგადოებას, რომელიც მზადაა ოფიციალური, პურიტანული მორალისაგან განსხვავებული ნებისმიერი პოზიცია სამშობლოს ღალატად გამოაცხადოს). ცხადია, კინზი ყოველივე ამას მტკივნეულად განიცდიდა, საქმიანობას კი აგრძელებდა. 1956 წელს იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.

კინზის ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა სექსუალური ქცევის მასობრივ შესწავლას. 50-იანი წლების ბოლოს მეცნიერებმა უილიამ მასტერსმა და ვირჯინია ჯონსონმა ლაბორატორიულ პირობებში ჩაატარეს გამოკვლევების სერია ადამიანის სექსუალური რეაქციის შესახებ. ეს კვლევა აქარწყლებდა მთელ რიგ მცდარ მოსაზრებებს, მაგალითად იმას, რომ ქალის ორგაზმი მამაკაცის ორგაზმის ანალოგიური და მისი გამოვლინებაა. მათ მამაკაცის სექსუალობა დაახასიათეს როგორც მოკლევადიანი და ერთჯერადი რამ, მაშინ როდესაც ქალებს შეეძლოთ ორგაზმის ხანგრძლივად შენარჩუნება და, რიგ შემთხვევებში, მრავალჯერადი განცდაც კი. ეს უკვე ბოლო „კოზირი“ იყო ჩახშობილი საზოგადოებისთვის და, როგორც იტყვიან, ჯინი ბოთლიდან ამოვარდა!

ეს მეამბოხე ადამის ნეკნი, ანუ ქალიც ადამიანია!

60-იან წლებში თავისუფალი სექსი თავისუფლების ისეთივე ატრიბუტი ხდება, როგორიც ჯინსები და როკ-ენ-როლი. დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ამ დროს ეგრეთწოდებული „სტუდენტური ამბოხი’’ მიმდინარეობს. ახალგაზრდათა პროტესტში ოფიციალური მორალის წინააღმდეგ დიდი როლი ითამაშა ჰერბერტ მარკუზეს წიგნმა „ეროსი და ცივილიზაცია. ფროიდის მოძღვრების ფილოსოფიური გამოკვლევა“, რომელსაც დასავლური სექსუალური რევოლუციის მაუწყებლად და დამაჩქარებლად მიიჩნევენ. ეს რევოლუცია 1968 წლის ჰიპების მოძრაობისა და სტუდენტური ამბოხის ნაწილი იყო. ამ პერიოდისთვის ქალების სექსუალობისა და სექსუალობის გამოხატვის თავისუფლების მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ქალთა საზოგადოებრივმა მოძრაობებმა, ამის საფუძველი კი XX საუკუნეში დასავლეთის ქვეყნებში ქალების მნიშვნელოვნად ამაღლებულმა როლმა შექმნა. საქმე ის არის, რომ მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, მამაკაცთა დიდი ნაწილის ფიზიკური განადგურების ან ხეიბრობის გამო ქალების დიდ რაოდენობას დასაქმება მოუწია; ქალი ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდა, ამან კი მნიშვნელოვან დადებით შედეგებამდე მიგვიყვანა. მაგალითად, ქალებს მიეცათ შესაძლებლობა თავად გადაეწყვიტათ საკუთარი ბედი. აღმოჩნდა, რომ სულაც არ არის აუცილებელი ოჯახის შექმნა იმისათვის, რომ პირად ცხოვრებაში ბედნიერი იყო. ეს მოსაზრებები კიდევ უფრო გაძლიერდა XX საუკუნის ორი მთავარი ტენდენციით _ დემოკრატიზაციითა და პიროვნული თავისუფლებისკენ სწრაფვით. თქვენც კარგად იცით, რომ დემოკრატია სიტყვა-სიტყვით „ხალხის ძალაუფლებას’’ ნიშნავს და ეფუძნება რწმენას, რომ საზოგადოების ყველა წევრი თანასწორუფლებიანია, მაშასადამე, ქალებიცა და მამაკაცებიც თანასწორნი არიან. შედეგად, 60-იან წლებში ყალიბდება და შემდგომ მთელს დასავლეთში ვრცელდება მოძრაობა ქალთა ემანსიპაციისათვის.

1963 წელს გამოვიდა ბეტი ფრიდანის წიგნი „ქალური იდუმალება”. `უსასრულო ნეტარების ნაცვლად, სექსი ამერიკაში სრულიად უსიხარულო იძულებად გარდაიქმნება’’ _ წერდა იგი. შეიქმნა „ეროვნული ორგანიზაცია ქალებისათვის“. ჯერ კიდევ ფრიდანის წიგნის გამოსვლამდე ქალების მზარდი ეკონომიკური დამოუკიდებლობა სტიმული აღმოჩნდა სექსუალური დამოუკიდებლობისთვისაც. 1962 წელს ჟურნალ `კოსმოპოლიტანის~ დამაარსებელმა, ელენ გერლი ბრაუნმა დაწერა წიგნი „სექსი და მარტოხელა გოგონა’’, სადაც გააკრიტიკა ორმაგი სექსუალური სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ქალები გათხოვებამდე ქალწულები უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო მამაკაცებს კი ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ. ეს წიგნი გაუთხოვარი ქალის სექსუალური თავგადასავლების მანიფესტი იყო.

სოციალურ გარემოში ცვლილებებმა სულ უფრო და უფრო მეტი სექსუალური შესაძლებლობები წარმოქმნა. რაც მანამდე აკრძალული ხილი იყო, ახლა ყოველდღიურად შესაძლებელი გახდა. ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტს კრიზისი დაემუქრა. იმის გამო, რომ ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალები წარუმატებელ ოჯახურ კავშირებს აღარ ებღაუჭებოდნენ, ოჯახების დიდი რაოდენობა დანგრევის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. თითქმის წარსულს ჩაბარდა ქალი, რომელსაც ამქვეყნად მხოლოდ `ჭადის გამოცხობა” ევალება. სულ უფრო პოპულარული ხდებოდა იდეა `სექსი სიამოვნებისთვის და არა მხოლოდ შთამომავლობისთვის~. ამან და ასევე შობადობის კონტროლისთვის ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გაჩენამ საზოგადოებაში ტრადიციული ოჯახის გავლენა შეასუსტა. ზემოთხსენებული ორმაგი სტანდარტების შერყევამ ქალებს სექსუალური რეალიზაციის ფართო არჩევანი მისცა. რა თქმა უნდა, შენარჩუნდა ტრადიციული ოჯახებიც. ქართული ანეკდოტი მახსენდება, სადაც ღალატში გამოჭერილი ქმარი ცოლს იქით ეხვეწება, მოიფიქრე, ქალო, რამე, თორემ დაგვენგრა ოჯახიო. ვინც ქართველი ქალივით ,,მოსაზრებული’’ აღმოჩნდა, იმან ტრადიციული ოჯახი შეინარჩუნა, ნაკლებად ,,საზრიანებმა’’ კი სექსუალური ურთიერთობების ახალი ფორმები ჩამოაყალიბეს: `დაუკანონებელი” თანაცხოვრება, ე.წ. `სვინგერობა” ანუ სექსუალური პარტნიორების გაცვლა-გამოცვლა, ჯგუფური სექსი და ა.შ.

როგორც რევოლუციათა უმეტესობას, სექსუალურ რევოლუციასაც დაუძინებელი მტრები გამოუჩნდნენ. კონტრ-რევოლუციონერებს სათავეში რელიგიური რეაქციონერები ედგათ. მათი უმთავრესი მიზანი სექსუალური რევოლუციის შეჩერება იყო. ფლობდნენ რა საკმაო გავლენას საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში, ისინი ირჩევდნენ პოლიტიკურ წარმომადგენლებს, ქმნიდნენ მათთვის ხელსაყრელ კანონმდებლობას, ცდილობდნენ დაფინანსება შეეწყვიტათ სექსუალურად პროგრესული პროგრამებისთვის და ასე შემდეგ. ბრძოლა სექსუალურ ლიბერალებსა და რელიგიურ კონსერვატორებს შორის ახლაც გრძელდება.

ნაპერწკლიდან ცეცხლი აინთება, ანუ Mაკე Lოვე, ნოტ ჭარ!

1960-იან წლებში ფართოდ გაიშალა ჰიპების მოძრაობა _ ახალგაზრდული ამბოხი გაბატონებული კონსერვატორული მორალის, მოსაწყენი, ერთფეროვანი ყოველდღიურობის წინააღმდეგ. ამ ახალგაზრდებზე დიდი გავლენა მოახდინეს 50-იანი წლების „ბითნიკმა’’ მწერლებმა და პოეტებმა (ჯეკ კერუაკმა, ალენ გინზბერგმა, უილიამ ბეროუზმა და სხვებმა) და აღმოსავლელმა გურუებმა, მათ შორის ინდოელმა ოშო რაჯნეშმა. (,,სექსს ისე სასტიკად გმობენ, რომ ჩვენ მისგან სიამოვნებას ვეღარც კი ვიღებთ” _ ამბობდა ის.)
„ბითნიკები“ იმ დროისთვის უჩვეულო ცხოვრებით ცხოვრობდნენ და მათი „საავტორო უფლება“ სექსუალური თავისუფლების პროპაგანდა იყო. ისინი თავიანთ ნაწარმოებებში ოფიციალური და პურიტანული მორალის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. რაჯნეშის მოძღვრების მიხედვით კი ადამიანის შინაგან გათავისუფლებასა და ბედნიერებაში მთავარ როლს სექსი ასრულებდა. ის დარწმუნებული იყო, რომ პორნოგრაფია სწორედ მღვდელთმთავრების მიერ თავსმოხვეული ჩახშობისა და აკრძალვების შედეგად იშვა. მისი ცნობილი ტერმინია „მედიტაციური სექსი“, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა ევრო-ამერიკულ კულტურაში გამეფებული სექსის კონცეფციისაგან. რაჯნეში თვლიდა, რომ დასავლეთში ადგილი აქვს „მექანიკურსა და ,,ნევროტულ“ სექსს, რომელიც მხოლოდ სწრაფ და ბევრ ეაკულაციაზეა ორიენტირებული, მაშინ როდესაც სექსი უნდა გულისხმობდეს უბრალო ფიზიოლოგიური სიამოვნებიდან სულიერი სრულყოფისკენ გადასვლას, რაც უძველესი აღმოსავლური მეთოდიკით, ეაკულაციის გარეშეცაა შესაძლებელი (სად სექსი და სად სულიერი სრულყოფა? _ იკითხავს აღშფოთებული `მორალური~ მკითხველი და სულ ტყუილადაც აღშფოთდება, რადგანაც აღმოსავლური რელიგიური კულტურა, ქრისტიანობისგან განსხვავებით, ადამიანის სულიერსა და ფიზიკურ საწყისს ერთმანეთისგან არ განაცალკევებს და მათ ერთმანეთის საწინააღმდეგო მოვლენებად არ აღიქვამს. აქედან გამომდინარე მისთვის მთავარი სულიერი და ხორციელი საწყისების ჰარმონიული შერწყმააა, რომლის დროსაც ყოველგვარ ხორციელი საქმიანობა სულიერი სრულყოფის საშუალებად იქცევა...). ინდოეთში, ქალაქ პუნაში დღესაც არსებობს ოშოსა და მისი მიმდევრების მიერ დაარსებული კომუნა, სადაც ადამიანები მეტად ,,უცნაურად’’ ცხოვრობენ, სხვადასხვა (მათ შორის სექსუალური) ტექნიკისა და მედიტაციის მეშვეობით სტერეოტიპებისგან, ნერვოზებისა და სხვადასხვა დაავადებებისგან თავისუფლდებიან და უფრო ჰარმონიულ ყოფას ეზიარებიან. აქ არავის უკვირს წყვილი, რომელიც მთელი დღე `მედიტაციურ~ ჩახუტებაშია, მაგრამ საქმე სექსამდე არ მიდის (აქ კი გაიხარე, `მორალურო~ მკითხველო!) ან ადამიანი, რომელიც უცებ `ურცხვად” იწყებს ყვირილს და ამით უარყოფითი ემოციისგან იცლება.

„ბითნიკებისა“ და აღმოსავლურ მოძღვრებებს ნაზიარები ჰიპების ყველაზე ცნობილი ლოზუნგი იყო „დაკავდით სიყვარულით და არა ომით!’’ (Mაკე Lოვე, ნოტ ჭარ). ეს ახალი ეპოქის, „სიყვარულის ეპოქის’’ დადგომას მოასწავებდა. ჰიპები არ ცნობდნენ საზოგადოებას, არ აღიარებდნენ სახელმწიფოსა და ფულის ძალაუფლებას. ჰიპების „თავისუფალი სიყვარულის’’ კონცეფცია იმას გულისხმობდა, რომ ადამიანს შეუძლია სექსით დაკავდეს იმასთან, ვისთანაც უნდა (თუნდაც არა მხოლოდ ერთ ადამიანთან), სადაც უნდა, როდესაც უნდა და როგორც უნდა (აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდდამხოლოდ ერთობლივი სურვილით ხდებოდა, რადგანაც ჰიპები კატეგორიულად უარყოფდნენ ყოველგვარ ძალადობას). ჰიპები განერიდნენ ცივილიზაციას, უარი თქვეს მშობლების ქონებაზე (ხშირ შემთხვევაში დიდ კაპიტალზეც) და კომუნებში გაერთიანდნენ, სადაც თავიანთი შეხედულებების მიხედვით ცხოვრობდნენ, ანუ ვისთანაც უნდოდათ, სადაც უნდოდათ და როგორც უნდოდათ. 70-იანი წლების დასაწყისში აშშ-ის ტერიტორიაზე 10 000-ზე მეტ კომუნაში 750 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა.
ჰიპების საყვარელი გამონათქვამი იყო `თუკი გსიამოვნებს, გააკეთე!”
,,თუ არ შეგიძლია იყო მის გვერდით, ვინც გიყვარს, შეიყვარე ის, ვინც ახლაა შენს გვერდით” _ ამბობდა სტივენ სტილსი, პოპულარული გიტარისტი და მომღერალი.
,,ჩვენმა საზოგადოებამ კონტროლი დაგვიწესა უმთავრეს ფასეულობაზე _ ჩვენს გრძნობებზე. ის დასცინის პრიმიტიულ კულტურებს და ამაყობს ბუნებრივი ინსტინქტებისა და სურვილების ჩახშობით” _ ეს კი ჯიმ მორისონია, ლეგენდარული როკ-ჯგუფის, `თჰე Dოორს”-ის ლიდერი და იმდროინდელი ახალგაზრდობის კერპი.
“Aლლ ყოუ ნეედ ის ლოვე” _ მღეროდა ჯონ ლენონი და შესაბამისადაც ცხოვრობდა. საზოგადოებისთვის სერიოზული შოკი იყო ახალგაზრდობის ამ კიდევ ერთი კერპისა და მისი მეუღლის, იოკო ონოს შიშველი ფოტოები და ცნობილი აქცია `ინტერვიუ საწოლში”.
ეს გამონათქვამები კარგად ახასიათებს იმ ადამიანების სულისკვეთებას, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს სექსუალურ რევოლუციასა და მანამდე გაბატონებული პურიტანული მორალის მსხვრევაში.

პირველი შესწორება _ რევოლუციის მფარველი ანგელოზი

თუ სექსუალურ რევოლუციას ფროიდისა და რაიხის თეორიები, ალფრედ კინზისა და მასტერ-ჯონსონის გამოკვლევები დაედო საფუძვლად, მის ნაკვერჩხალზე ნავთი ნამდვილად დაასხა პორნოგრაფებისა და ხელოვანების ბრძოლამ სექსუალური გამოხატვის უფლებების დასაცავად. მათი მოთხოვნების ამოსავალი წერტილი ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორება იყო („კონგრესის მიერ არ უნდა იქნას მიღებული არცერთი კანონი, რომელიც.... შეზღუდავს სიტყვისა და პრესის თავისუფლებას....“). კონსერვატორებსა და მორალისტებს, რა თქმა უნდა, მიაჩნდათ, რომ შიშველი სხეულისა და სექსის დემონსტრირება უხამსობას წარმოადგენს. ამ ბრძოლამ 60-70-იან წლებში ძირეულად შეცვალა სიტყვა `უხამსობის~ შინაარსი. ურიცხვმა „შეტაკებებმა“ სასამართლო დარბაზებში გადაინაცვლა და საბოლოოდ დაადგინეს, რომ: „ყველა იდეა, თუნდაც საზოგადოებრივ აზრთან მკვეთრად დაპირისპირებული, სრულად არის დაცული ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორების მიერ’’. ამან უკვე შესაძლებლობა მისცა სექსს შეუზღუდავად შეჭრილიყო მხატვრულ ლიტერატურაში, სცენასა და კინემატოგრაფში.

ყველაფერი 50-იან წლებში, ჟურნალ „ფლეიბოით“ დაიწყო. მართალია ეს მსუბუქი ეროტიკული შინაარსის ჟურნალი იყო, მაგრამ როგორც პირველმა მერცხალმა, საზოგადოების გარკვეული ფენებისა და პოლიტიკური წრეების აღშფოთება მაინც გამოიწვია. სექსის შეუზღუდავად გამოხატვის უფლებამ კი სექსუალური რევოლუცია სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა. საინტერესოა, რომ დღემდე, საშინელი კონკურენციის მიუხედავად, `ფლეიბოიმ” თავისი მსუბუქი ეროტიკული მიმართულება არ დაკარგა და პორნოგრაფიაში არ გადაიზარდა.

60-იანებში უკვე გამოდის ასევე ეროტიკული “ფენთჰაუზი”, 60-იანი წლების ბოლოსა და 70-იანის დასაწყისში კი ფართო ეკრანზე და ჟურნალებში უკვე პორნოგრაფია იჭრება. გამოდის პორნოგრაფიული ფილმები: შვედური „მაინტერესებს“ (I ამ ცურიოუს) და ამერიკული „ღრმა ხახა“ (Dეეპ ტჰროატ). 70-იანებში (და ახლაც) მორალისტთა შოკს იწვევს მართლაცდა მძაფრი შინაარსის პორნო-ჟურნალი `ჰასლერი” და მის დამაარსებელს, ლარი ფლინტს, სექსუალური რევოლუციის მონაპოვართა დასაცავად, სასამართლოში გამოცხადება ხშირად ინვალიდის ეტლით უხდება (მისი საქმიანობით აღშფოთებული აგრესიული პურიტანის ტყვიამ იგი სამუდამოდ დაახეიბრა).
ცალკე აღსანიშნავია ქართული ,,ფლეიბოის’’ ისტორია. ყველას გვახსოვს, თუ რა ამბავი დაატეხა თავს პირველ ნომერში გაშიშვლებულ მშვენიერ ქართველ გოგონებს უაღრესად `მაღალზნეობრივმა~’ ქართულმა საზოგადოებამ. კი გამიკვირდა, 21-ე საუკუნეში, ამ გაგანია ინტერნეტის ეპოქაში, შიშველმა ქალმა ასე რატომ განარისხათ-მეთქი, მაგრამ სულ მალე ,,გენიალური’’ არგუმენტი მოვისმინე _ თურმე ქართველი ქალი არ უნდა გაშიშვლდეს! სხვები კი ბატონო, ზოგადად შიშველი ქალი იქნებ კიდეც მოგვწონს, მაგრამ ქართველი ქალის დანიშნულება მხოლოდ და მხოლოდ სამზარეულოში ფუსფუსი და შვილების გაზრდაა! სიამოვნება და სექსი რა მისი საქმეა! ჩვენთან ხომ ქართველი ქალის კულტია, ის წმინდაა, ჰოდა სექსს როგორ ვაკადრებთ. ისე, ჩვენში დარჩეს და თუ ასეთი უწმინდურებაა ეს ამბავი, საკუთარი შვილების დედებს როგორღა ვთავაზობთ ხოლმე?... სულ დამავიწყდა, ეს ხომ ისევ და ისევ ჩვენი ,,მამაოების’’ დიდსულოვანი ნებართვით, მათ მიერვე დადგენილ დღეებში, გვარის გაგრძელებისთვისა და რაც მთავარია, ყოველგვარი ვნებისა და სიამოვნების გარეშე უნდა მოხდეს. სექსი და ორგაზმი ვნებისა და სიამოვნების გარეშე (როგორ მოგწონთ?). მოკლედ _ ,,სექსი მართლმადიდებლურად’’.

როდემდე?

სექსუალური რევოლუციის შედეგია ის, რომ დღეს სექსი, სექსუალობა და მისი დემონსტრირება დანაშაულად და სირცხვილად აღარ ითვლება. თანამედროვე ქალიც ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე თუნდაც 40-50 წლის წინ. ადამიანები ნელ-ნელა იმ ყოვლად ,,ამორალურ’’ აზრსაც კი შეეჩვივნენ, რომ ნევროზებს, აგრესიასა და ყველანაირ უბედურებას სექსი და სექსუალური თავისუფლება კი არ იწვევს, არამედ პირიქით, მისი ჩახშობა და დეფიციტი. უბრალო სტატისტიკაც გვიჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სექსს კი არ ებრძვიან, არამედ მისით ხარობენ, გაცილებით ნაკლები აგრესიაა ადამიანებს შორის, ვიდრე საქართველოსნაირ ,,ღვთისმოშიშ’’ ქვეყანაში, სადაც ყველა, ვისაც არ ეზარება, განსაკუთრებით ბოლო 15-20 წლის განმავლობაში, უფლის სახელით მორალისტობს და უმანკოებისკენ მოგვიწოდებს. ხოლო, თუ რამდენად ,,ქრისტიანები’’ ვართ სინამდვილეში, ეს სწორედ ამ ბოლო ოციოდე წელმა გვიჩვენა, ასეთი ,,ენთუზიაზმით’’ რომ დავერიეთ ერთმანეთს. აქედან მარტივი დასკვნის გაკეთება შეიძლება _ ,,ღვთის საქმეს“ _ ადამიანის გაკეთილშობილებას, მორალზე გაუთავებელი ლაპარაკი კი არ სჭირდება, არამედ ღმერთის მიერ ნაბოძები სექსის დანიშნულებისამებრ გამოყენება. სწორედ ამ იდეას რომ გადააყოლეს საწყალი რაიხი, რა უთქვამს ამისთანა?
თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი არსებობს, ვინც, ცნობილი ანეკდოტის არ იყოს, ,,არ მჯერაო’’, გაიძახის და თავისუფლებისაკენ გამავალ კარში იმის გატარებაც არ უნდა, ვისაც სჯერა. ჰოდა მკითხველო, „პირველ სიტყვასა ზედა რომ მოვიდე“, ყველა რევოლუციამ ჩვენზე რომ გადაიარა, რაღა ამ სექსუალურმა რევოლუციამ აგვიქცია გვერდი ქართველებს, ანდა როდემდე არ გვეღირსება, ხომ არ იცი?

3 comments:

Unknown said...

რეალურად ასახავს ჩვენს დღევანდელ ე.წ "პურიტანულ" საზოგადოებას,ზემორალურებს ^_^მოკლედ,მომეწონა,სიმართლეა,და დარმუნებული ვარ ძალიან ბევრი დაგმობს ამ სტატიას....უამრავ ზნეობრივი "მამულიშვილს" რა გამოლევს...
პ.ს-ასეთ დაკონსერვებულ-პრიმიტიული აზროვნების საზოგადოებაში მინიმუმ 200წელი არაფერი გვეშველება :დ

Unknown said...
This comment has been removed by the author.
Unknown said...

ბრავო !