Saturday, December 27, 2008

გიორგი მეტრეველი მანიპულატორები და აქტუალიზატორები

სტატია დაიბეჭდა ჟურნალ "ანაბეჭდში"

რა არის მანიპულაცია

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველა მანიპულირებს ყველათი! უკვე ბევრი ამჩნევს, რომ მანიპულაციის მსხვერპლია და ხშირად იქამდეც კი მიდის, რომ დევნისა და თვალთვალის მანია უვითარდება. ის ფაქტი, რომ ცივილურმა საზოგადოებამ უცებ გააცნობიერა, რომ მათით მანიპულირებენ, პოპულარული ფსიქოლოგიის დამსახურებაა. (მე მას `ყვითელი პრესის” მსგავსად, `ყვითელ ფსიქოლოგიას” დავარქმევდი).
ვინც ნლპ-ს ( ანუ ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება) კარგად იცნობს, საბოლოოდ დაასკვნის რომ მანიპულაციისგან თავდაცვის ელემენტარული ხრიკების ცოდნის გარეშე, არც საქმიან მოლაპარაკებებზე და არც მზესუმზირის საყიდლად არ ღირს გასვლა. პროფესიონალი ფსიქოლოგები ნლპ-სადმი საკმაოდ სკეპტიკურად განეწყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყავს მომხრეები. და მართლაც, ძნელია არ მიემხრო მათ, ვინც ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ზუსტად შეგიძლია შენი ვიზავის (თანამოსაუბრის) ჟესტიკულაციების, ინტერესებისა და მიმიკების კოპირება. დავინტერესდი მანიპულირების კლასიკური ფორმულირებით. ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში მანიპულირების ხელოვნების პირდაპირი ფორმულა, პირდაპირი წესი არ არსებობს. მას წესები არ გააჩნია. მაგრამ ზოგადად ჩემი შთაბეჭდილებები რომ შევაჯამო, ორ ძირითად მიდგომას გამოვყოფდი.
შედარებით შემწყნარებელი მიდგომა:
ა)მანიპულაცია – ეს არის ადამიანის ფარული მართვა, რომელიც მანიპულატორს უზრუნველყოფს ცალმხრივი უპირატესობით.
ბ) მანიპულაციის ძალა მის ცალმხრივ ხასიათში მდგომარეობს.
გ) იმალება როგორც მანიპულირების ფაქტი, ასევე მისი საბოლოო მიზანი. მაგრამ ზოგადად მანიპულაცია არ მოისაზრება ნეგატიურ ასპექტში.
და მეორე, უფრო რადიკალური. ამ შემთხვევაში იგი ასე იჟღერებს:
ა)მაინპულაცია ეს არის ადამიანის ცნობიერებაზე და მის გრძნობის ორგანოებზე ზემოქმედება, რომელიც აიძულებს უკანასკნელს, იმოქმედოს მანიპულატორის მიზნებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
ბ) განზრახვა აქაც დაფარულია. ოღონდ აქ ყოველგვარი მანიპულირება მოისაზრება როგორც ადამიანის თავისუფალი ნების ხელყოფა.
როგორც ჩანს, ორივე ფორმულა ერთმანეთისგან საერთოდაც არ განსხვავდება. სხვაობა მხოლოდ მისდამი დამოკიდებულებაშია.
ახლა კიდევ ერთხელ გადავიკითხე ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული დებულება...მინდა გითხრა, რომ საშინელებაა, ისე შემაძრწუნებლად ჟღერს იგი, ვფიქრობ ეს განმარტება მესიე ჟურდენისთვის დილის საუზმეზე რომ მიგვერთმია, მასაც შევაშინებდით. მაგრამ წესი ისე ჟღერს, როგორიც ის სინამდვილეშია. თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყია `ყოვლისმხედველი თვალის” ძიება, რომელიც თითქოს მუდამ შენს ზურგს უკან იმალება, ესე იგი იშვიათი სიმტკიცის ფსიქიკა გქონია. შედარებით სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანები, როგორც კი ორიოდე `ყვითელი ფსიქოლოგიის” პოპულარულ ბუკლეტებს გაეცნობიან, მალევე რწმუნდებიან, რომ შთაგონებისა თუ გასულელების ზემოქმედების Qქვეშ იმყოფებიან, თანაც მუდმივად, ნონ-სტოპის რეჟიმში. კაცობრიობის `შემლოცველები” ტელევიზორებში სხედან. ისინი ამ თანამედროვე ჯადოსნური სარკეებიდან გვიცქერენ, იქიდან ყოველდღე გვაკვირდებიან და დაჟინებით მოგვიხმობენ, ღაღადებენ ტონობით სარეცხი ფხვნილი შევიძინოთ, ან ხმა მივცეთ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას, ან ფანატ ლეიბორისტად გარდავისახოთ და მათ თხუთმეტ კაციან `აუარება” ლაშქარს შევუერთდეთ, შემდეგ კი გერმანელი ტყვეების მიერ აშენებულ ლამაზ დიდ ყვითელ შენობებთან ზომბირებული მონოტონურობით ათ ლარიანი პოლიტიკური `მანტრები” ვიმეოროთ: `მაკდონალდსი – სოროსი...კოკა-კოლა – სოროსი” ან რაღაც ამის მსგავსი...თუმცა ტონალობა საგრძნობლად იწევს მაღლა, თუ მოქმედებაში შედარებით ძვირი, თხუთმეტლარიანი მანტრა შემოდის. მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ არჩევნების წინ ხდება. ტრანსი და სამადჰი, თუ გინდ სატორი, აღმოსავლური ვიცი, მაგრამ პოლიტიკური ტრანსი? არა, ეს კერძი საჩემო არ არის. ეს შეჭამანდი მათთვის დამითმია, ვისაც `ჯანში” იოდიზირებული მარილი აკლია. რა ჭრელია ეს ცხოვრება. მერე კი უკვირთ და მეკითხებიან: მეტრეველი, როგორ ახერხებ მუდამ ამაღლებულ ტონუსზე იყო, ნუთუ არაფერი `გგრუზავსო?” (მომიტევე ჟარგონისთვის) მაგრამ განა შეიძლება სხვაგვარი იყო, როდესაც გარშემო ასეთი მასკარადია გაჩაღებული? ცხოვრება მოწყენის საშუალებას არც მოგვცემს, რადგან პირადად მე ასეთი `პროფესიონალი შემლოცველებით,” ` ზომბებით”, `მუტანტებით”, ჰარი პოტერის ჯარგონსაც მივმართოდ - `მაგლებით”, თუ გინდ მაუგლებით მახალისებს. მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ისინი ისეთები არიან, როგორებიც არიან, და ამით ცხოვრების სილამაზე არამც თუ კნინდება, არამედ უფრო მრავალფეროვანი ხდება და მეტი სიძლიერით კაშკაშებს. თანაც ძალიან მჯერა პროგრესის და ევოლუციის, და მწამს, რომ იგი ყველას შეეხება და ადრე თუ გვიან ყველას გარდაქმის. ასე რომ ვინ რა გზაზეც არ უნდა იდგეს, ეს მისი პირადი მაქსიმუმია, მისი პირადი გზაა, რომელიც გასავლელია. აქედან გამომდინარე – ყველა გზა გზაა!
`პროფესიონალი შემლოცველები” დავარქვი მათ. სწორედ რომ `პროფესიონალები” არიან თუნდაც იგივე სექტები, მოძრაობები და ასე შემდეგ, რომლებიც ვირტუოზულად `ახვევენ” თავიანთ მიმდევრებსა თუ მომხრეებს სასოწარკვეთილთა, საკუთარ თავში რწმენა-მოკლებულთა თუ დათრგუნულთა რიგებიდან. სიტყვა `სექტაც” პირობითად ვიხმარე, რადგან იგი ნეგატიურ ასოციაციებს იწვევს მკითხველში, ისევე როგორც მანიპულაცია. არავითარ შემთხვევაში არ ვილაშქრებ რომელიმე დოქტრინაზე ან რელიგიურ უმცირესობაზე, მაგრამ როგორ შეიძლება ვერ დაინახო მანიპულაციის სურვილი, ვთქვათ მკალავიშვილის, ანუ როგორც ჩემს სამეგობროში ხუმრობენ, `სამოთხის ომონის” `შემოქმედებაში~, როცა მათი ჯვრის `ცხოველმყოფელი~ ძალა ბევრს საკუთარ თავზე (პირდაპირი მნიშვნელობით) აქვს გამოცდილი. ყოველგვარი სექტების წარმომადგენლები მანიპულატორები არიან, ამ სიტყვის პირდაპირი თუ ნეგატიური მნიშვნელობით. მათი მსხვერპლნი კი – ადამიანები, რომლებსაც ვერავითარი `თავდაცვა” თუ `ბლოკი” ვერ უშველის, რადგან მათ თავად სურთ რომ იყვნენ მოტყუებულნი. მანიპულატორი სწორედ ამ ნებაყოფლობით სურვილს უწევს ექსპლუატაციას, იქნება იგი გამოყენებული ქუჩის დისტრიბუტორის მიერ, პოლიტიკური მოღვაწისა თუ რომელიმე პატივმოყვარე სულიერი მოძღვრის მიერ – შედეგი ერთნაირია: მანიპულაცია მუშაობს!

ჯადოსნური `ღილაკის” ამბავი

გაუცნობიერებელი შიში და სურვილი, რომელიც ყველა ადამიანში მთვლემარებს, პროფესიონალი ზემოქმედის ხელში ადვილად გარდაისახება უნივერსალურ `ღილაკად”. ხოლო როდესაც ასეთი ღილაკი არსებობს, ზემოქმედების შემდგომი პროცედურა ლიფტის გამოძახებას გავს. ადამიანის სუსტი ზონები საკმაოდ მარტივი და დაუცველია. მის გამოსავლენად ყურადღებიანი დაკვივრებაც საკმარისია: რწმენა და სასწაულის მოლოდინი, პასუხისმგებლობაზე უარის თქმა,Mმარტოობის შიში, შიში წინ აღუდგე უმრავლესობას, საზოგადოებრივი აზრის შიში, შიში განკიცხვისა, სურვილი-ასოცირდებოდე ძლიერ ან პრესტიჟულ ჯგუფთან და ასე შემდეგ. სია ძალიან ვრცელია. ჩვენი შიშებისა და ფობიების ექსპლუატირებისათვის სულაც არ არის საჭირო დიპლომირებული მანიპულატორი იყო. ასეთი დიპლომი არც არსებობს. ამასთან დაკავშირებით მახსენდება შარშანდელი ზაფხული. ერთი კვირით მთაში დასასვენებლად მივდიოდი. დანიშნულების ადგილამდე სამარშრუტო ტაქსით ვაპირებდი ჩასვლას, შემდეგ კი ზურგჩანთითა და კარვით ფეხით მიწევდა გზის გაგრძელება.. ტაქსი გაივსო, ველოდებით მძღოლს, ის კი არ ჩანს. მოვლენები ყველასათვის ნაცნობი სცენარით ვითარდება: შემოიხედა მოხუცმა კაცმა, მგზავრებს ბურბუშელები შესთავაზა, პასუხად კი სრული დუმილი მიიღო.. წავიდა. სცენა განმეორდა, ოღონდ ამჯერად მგზავრებთან ახალგაზრდა ბიჭი ჩამოდგა, და დამტვრეული ქართულით ისევ ბურბუშელები შესთავაზა ყველას. არავის არაფერი უყიდია.. ისიც გაგვეცალა. ცოტა ხანში მოდის ბოშა გოგონა, (იქნებოდა ასე ოცდახუთი წლის, თუმცა მათი ასაკი ძნელი გამოსაცნობია, რადგან მძიმე სოციალური პირობების გამო ნაადრევად ბერდებიან), მასაც იგივე `პროვიზია” ქონდა, რაც მის წინამორბედებს. მაგრამ ბოშამ უამრავი ბურბუშელა გაასაღა. როგორ? ერთადერთი ჯადოსნური სიტყვის წყალობით:^იგი თითქმის ყველა წლოვან ქალბატონს(და ასეთები სამარშრუტო ტაქსში ჭარბობდნენ) - მიმართავდა სიტყვით `ლამაზო”, `გოგო”. ტაქსში ახალგაზრდა გოგონებიც ისხდნენ, მაგრამ მათ `უმისამართოდ” მხოლოდ ერთადერთ შეკითხვას უსვამდა: `გინდა?” წამით თვალი თვალს შეხვდა, მზერა მზერას შეეჯახა. თითქოს ნაპერწკალმა გაილევაო.. მისი თვალის სხივში იმხელა გამოცდილება დავინახე. აფრქვევდა პრაქტიკულობას. პრაგმატიზმით სავსე მზერა, მზერა - რომელსაც არ სჭირდება აპულეუსის, ოვიდიუს ნაზონის, ფრანსუა რაბლესა თუ პლატონის `დიალოგების” ცოდნა, არც პროკლეს `ქალდეური ფილოსოფიის ეკლოგები” ან მისსივე ` თეოგონიის საფუძვლები”. ერთადერთი, რაც მას სჭირდება თვითგადარჩენა და თავის გატანაა. ეს შეუძლია მხოლოდ და ამისათვის მას ყველა საჭირო თვისება აქვს. ეს ყველაფერი მისმა მზერამ მითხრა. წამიერი ეგზალტაცია შეწყდა, ბოშა ფეხით მოსიარულეთა არმიას შეუერთდა და გაუჩინარდა. მაგრამ მისი თვალები – რაღაცა იყო. არასოდეს მინახავს ველური ინსტიქტებისა და ძლიერ `დამიწებული” მატერიალიზმის ასეთი მშვენიერი შეხამება და ეს გაელვება ჩემმა გონებამ სამუდამოდ გამოაქანდაკა მეხსიერებაში და ჩემი სულის ანთროპოლოგიურ პანთეონში, მოგონებათა თაროზე შემოდო. მისი იაფფასიანი სიტყვიერი ხრიკი, რომლითაც იგი სამარშრუტო ტაქსებში ალბათ დღესაც სასწაულებს ახდენს, განსაკუთრებით ეფექტურია, თუ პოტენციური მყიდველი ხანდაზმული ქალბატონია. ვითომ არაფერი, მაგრამ მრავალი სარეკლამო კომპანია მსგავს მეთოდებს იყენებს, მითუმეტეს თუ იგი ქალთა აუდიტორიაზეა გათვლილი. არავინ არავის ატყუებს, ყველაფერი რიგზეა.. უბრალოდ არაფერი ფასდება ისე ძვირად, როგორც `იაფი ტყუილი”.

აკრძალული სფერო

ადამიანის სისუსტეებს შორის უკანასკნელი ადგილი არც `დუალიზმს” უკავია. სურვილი - დაანაწევრო და დაფშხალო სამყარო, დაყო იგი შავ და თეთრ, `კარგ” და `ცუდ” ნაწილებად, ახალი ზეგავლენებისათვის აშიშვლებს და ასუსტებს ფსიქიკის მთლიანობას. ხელმისაწვდომს ხდის მას.. ვიცი, მანიპულაცია ნეგატიურად ჟღერს, ეს თავადაც ავღნიშნე, მაგრამ სინამდვილე ასეთია: იგი არც კარგია და არც ცუდი! მას ზნეობრივი პოლუსები არ გააჩნია. იგი ისეთივე ნიჭია, როგორიც სიმღერის ნიჭი, როგორც მუსიკალურობა. თუ ურთიერთობისას საუბარი დო მაჟორში პროგრესირებს (ერთი ჩემი მეგობარი ხუმრობს ხოლმე, ქალს დო მაჟორში უნდა ელაპარაკო და არავითარ შემთხვევაში _ ლა მინორშიო...), სრულყოფილი `აკორდისთვის” აუცილებელია ყველა ნოტი ზუსტი იყოს. თუ რომელიმე მხარეს `კეთილხმოვანებაში” ქაოსი შემოაქვს და სეკუნდაში გადადის, ტონიც და აქცენტიც იცვლება. ამ შემთხვევაში, კორექტორის ვალდებულებას ის მხარე იღებს, ვინც ცხოვრებაში მეტად გამოცდილია და ვინც მეტი იცის. ცხოვრებაში ისეთი სფეროებიც შეგხვდება, სადაც მანიპულაცია აუცილებელიც კი არის. მაგალითად საქმიანი ურთიერთობები. ბიზნესმენს, იქნება იგი რომელიმე მეგა-კორპორაციის დირექტორი, თუ მაგთის პრეზიდენტი, არც კი აქვს უფლება გულწრფელი და `ჯიგარი ბიჭი” იყოს, რომელიც ყველგან და ყველასთან იმას ლაპარაკობს, რასაც ფიქრობს. იგი უბრალოდ ვალდებულია იცნობდეს მანიპულაციის უმთავრეს ხრიკებს, დროულად გამოიყენოს ცონდა. უნდა შეეძლოს `ბლეფი”, მოწინააღმდეგის დაუცველ ზონებში დარტყმა, მისი სისუსტეების ისე გამოყენება, რომ უკანასკნელი ვერც კი ხვდებოდეს მანიპულატორის განზრახვას. ასეთია ულტრა-თანამედროვე კაპიტალისტური რეჯიმი. ასე თამაშობენ `დიდი ბიჭები”... ეს `დიდი ბიჭების” რაუნდია.. მათი მატჩია, მათი შერკინება. საქმიანი ურთიერთობების ამ ფსიქოლოგიურ მოედანზე, ყველა კონვენციის მიერ არის დაშვებული გამოყენებულ იქნას ხრიკებისა და კომბინაციების ნაირგვარი ბუკეტი. პრობლემები იწყება იქ, სადაც იგივე ხრიკები და ილეთები `აკრძალულ” სფეროებზე იწყებს გავრცელებას. ფსიქოლოგებმა გამოყვეს `აკრძალულ სფეროთა” შემდეგი ზონები: მეგობრობა, სიყვარული, სექსი და ოჯახი. რაგინდ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს, ადამიანები სწორედ ამ `აკრძალულ” ზონებში ავლენენ ფანტაზიის ყველაზე დიდ უნარს. რა თქმა უნდა არ უნდა იფიქრო, თითოს შენს გარშემო მხოლოდ გარეწრები დაბუდებულან, რომლებსაც ერთი სული აქვთ ხელსაყრელი დრო გამონახონ, რათა უმალ თავიანთი `ბნელი” მიზნებისთვის გამოგიყენონ.Aადამიანი საკმაოდ რთული და წინააღმდეგობებით სავსე არსებაა. ყოველ მათგანში პროფესიონალი მანიპულატორიც ცოცხლობს და მისი მსხვერპლიც. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ ვინ რომელ ტალანტსა და უნარს ანვითარებს საკუთარ თავში. მანიპულატორი ყოველთვის ცდილობს ადამიანის `სუსტ ზონაში” დამკვიდრდეს. ასეთ ზონად შეიძლება მიიჩნიო თვითშეფასების დაქვეითებული უნარი, ან `ძლიერი ადამიანის” იდეალი. მაგალითად, მანიპულატორი თითქოს და შემთხვევით დახმარებას გთავაზობს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს `კრედიტორ” –მანიპულატორთან. შემდეგ, საჭირო დროს იგი გთხოვს `მცირე სამსახური” გაუწიო მას. ისეთ მდგომარეობაში ვარდები, როდესაც უარს ვერაფრით ეტყვი. სხვა მაგალითი: დავუშვათ შენი საქმიანობის რომელიმე სეგმენტში აშკარა სირთულეებს აწყდები. შენი მოადგილე მეგობრულად აკეთებს შენს საქმეს. მისთვის ეს არ არის ძნელი, შენც თანხმდები მის შემოთავაზებას და უფლებას აძლევ შენს მაგივრად იმოქმედოს. ნელ-ნელა ეს ადამიანი ქმნის სიტუაციას, როდესაც შენ აღარ ძალგიძს მის გარეშე კონკრეტულ სეგმენტში არსებული პრობლემები მოაგვარო. გარდა ამისა, მხოლოდ მან იცის, რომ საქმე, რომელსაც საკუთარ თავს მიაწერ, მისი შესრულებულია. ამ გზით იგი ხელოვნურ `სუსტ ზონას” გიქმნის, რითიც მუდმივად ზემოქმედებს შენზე.
ამის მაგალითია ერთი ამბავი, რომელიც ნიგერიაში მოხდა. ამ ქვეყნის ერთ-ერთ გაზეთში მივიდა ასე 16-17 წლის ბიჭი და რედაქტორს თხოვა, რაც გინდა დამავალეთ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვიმუშავებ, ოღონდაც გამოცდილება მივიღოო. ბიჭი მიიღეს. მან ორი წელი იმუშავა უხელფასოდ. იმდენად შრომისმოყვარე იყო, რომ მთელ დღეებს რედაქციაში ატარებდა და სიამოვნებით ასრულებდა ყველა დავალებას, ვისაც არუნდა მიეცა ის. ორი წლის შემდეგ ის რედაქტორთან გამოცხადდა, გაზეთის მფლობელის წილი მოითხოვა და... თქვენ წარმოიდგინეთ მიიღო. საქმე ის იყო, რომ ორი წლის მანძილზე გაზეთის ყველა თანამშრომელი ისე მიეჩვია ყველა საქმის მისთვის დავალებას, რომ საბოლოოდ მის გარეშე გაზეთის გამოშვება შეუძლებელი აღმოჩნდა.
მანიპულატორს ძალუძს როგორც შენი კეთილი განზრახვები, ასევე იდეალებიც გამოიყენოს. მაგალითად, თუ თვლი, რომ ხარ ადამიანი, რომელიც არასოდეს არავის უღალატებს და ყოველთვის ყველას დაეხმარება, მანიპულატორი არ დააყოვნებს შენი იდეალები თუ სტერეოტიპები თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს: `შენ ხომ ძლიერი ხარ..” `შენ ხომ არასოდეს მიგიტოვებივარ..” `შენი რომ არ მჯეროდეს არც შეგაწუხებდი..” და აი შედეგიც: იმის ნაცვლად, რომ საკუთარი საქმე აკეთო, სხვის თხოვნას ასრულებ და მის საქმეს აკეთებ, შენი პირადი ცხოვრება კი ზედმეტად იტვირთება. ზედმეტად არაჯანმრთელი მოთხოვნილება, დაეხმარო, `დაიხსნა” (ეს სიტყვა უფრო რელიგიურ ფანატიკოსებს ეხება), ან უშველო ვინმეს (რელიგიურ ფანატიკოსებს ესეც შეესატყვისება) – ეს არის ქვეცნობიერი სურვილი იმისა, რომ გაღიარონ ადამიანებმა, (ან ღმერთმა.. ან რაღაც `სიკეთეები” და ~წყალობები” მიინიჭო), ეს არის ლტოლვა – მიიღო მათგან სიყვარულის დამატებითი დასტური, რომელიც დაამოწმებს, თუ რაოდენ საჭირო და პატივცემული ხარ გარშემომყოფთათვის, ან განგამტკიცებს საკუთარ თავში.. ყოველივე კი მოწმობს, თუ რაოდენ დათრგუნული ხარ სინამდვილეში და როგორ გაკლია საკუთარი თავის რწმენა.
მანიპულატორისთვის შენი სიძულვილის გრძნობაც, რომელიც ხშირ შემთხვევაში თავისთავში დაფარულ სიბრალულსაც მოიცავს, ისეთივე გამოსადეგი `ასაფრენი ბილიკია”, როგორიც სხვა დანარჩენი სისუსტეები. მაგრამ ყველაზე ვირტუოზული `იაფი” ილეთი, მანიპულაციის არ-ქონაა. `მე ვიცი როგორი ამაზრზენიც ვარ თქვენთვის... მაგრამ..” ადვილი ფრაზაა, და თანაც მუშაობს, თუ გინდ ათასნაირ ვარიაციებში. ამას წინათ, გადაცემა `კედელს” შევავლე თვალი, სადაც ზოგადად სიცრუეზე საუბრობდნენ. სტუმრად `ფოკუსნიკი” ვადაჭკორია და იტალიანისტი ლადარია (რომელიც იეზუიტ ღვთისმტეყველს უფრო მაგონებს) ყავდათ მიწვეული. მოდი ვისარგებლებ საკუთარი ალეგორიებითა თუ ტერმინებით და ამ უკანასკნელს შემდგომში `თეოლოგს” დავარქმევ. მოგეხსენება ახალგაზრდების ჟინიანობა და ცოცხალი ენერგია, მათ თვალებში ჩაბუდებლული მუდმივი კითხვის ნიშანი, რომელიც გადაცემის რომელიმე სტუმარს აუარება შეკითხვებად დაატყდება ხოლმე თავს. (პირობითად) `თეოლოგმა” ლადარიამ სწორედ ამ ტრიუკს მიმართა როდესაც მან თქვა: `ახლა მე რომ საკუთარ თავზე ვთქვა ლამაზი ვარო... დამიჯერებთ?“ გააკეთა პაუზა და ფენტეზის ჟანრის კინოდან გაცოცხლებული იდუმალი აბბატის მსგავსად თითები ერთმანეთს მიაბჯინა და `ნეტარი” ღიმილით გაირინდა. ჟესტიკულაციაც ერთგვარი ფსიქოლოგიური `ღუზაა”, რომელიც კონკრეტულ მდგომარეობას ამაგრებს თანამოსაუბრის ფსიქიკაში, და ყოველი მისი ხელახალი გამეორება ახსენებს და აბრუნებს მას იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ეს `ღუზა” შეიქმნა. ეს ხრიკი ადვილი გამოსაყენებელია ისეთ სიტუაციებში, სადაც მოსალოდნელია საუბარი დაძაბულ ვითარებაში წარიმართოს. როდესაც ასეთ ხრიკს მიმართავ, თანამოსაუბრე ვიდრე აზრებს მოიკრებს, გადაწყვეტს და მოიფიქრებს, ყოველივე წარმოთქმულის შემდეგ თუ როგორ განეწყოს შენს მიმართ, იმ საჭირო დროს იგებ, რაც იმისათვის გჭირდება, რომ საუბრის მიმართულება შეცვალო.

`ჩამორჩენილი~ და `პრადვინუტი~ მანიპულატორები

მანიპულატორთა ხრიკები, კარნეგიდან მოყოლებული, ჩამოყალიბებული, კლასიფიცირებული და დათვლილია. სწორედ კარნეგიმ შემოგვთავაზა მანიპულაცია მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოგვეყენებინა. მის წიგნებს თაობები იზუთხავდნენ, რომლებსაც კარნეგის მიერ ჩამოყალიბებული `წარმატების ფილოსოფიის” სჯეროდათ. `მოერიდეთ კონფლიქტებს, აკონტროლეთ საკუთარი თავი”, ეს სულისკვეთება ფონად გასდევს მის ყოველ ნაშრომს. თუმცა უცნაური რამ მოხდა: აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა, ჯანმრთელი, მომღიმარი ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავსაც ზედმიწევნით აკონტროლებენ და კარნეგის სხვა დებულებებსაც სრულყოფილად ეუფლებიან, წარმატების მხოლოდ დაბალ საფეხურებს აღწევენ, ისიც ისეთ საქმეში, როგორიცაა ქსელური მარკეტინგი, ან მისი მსგავსი საქმეები. ხოლო ბიზნესის უმაღლეს სფეროებში კვლავ ბატონობენ `ნევრასტენიკები”და სხვა `უცნაური ბიჭები”. არ არის გასაკვირი, რომ მალევე გაჩნდა ახალი `მოძღვრება”, რომელმაც უარყო კარნეგი. ამ მამხილებელი წიგნის ავტორი, ამერიკელი ანალიტიკოსი ევერეტ შოსტრომია. მან თავის წიგნს ასევე დაარქვა: `ანტიკარნეგი”. შოსტრომის თანახმად, მანიპულატორთა სულ რვა ტიპი არსებობს. ესენია: `დიქტატორი”, `უძლური”, `გამთვლელი???????????”, `შემეტენე”, `ხულიგანი”, `ჯიგარი ბიჭი”, `მსაჯული” და `მცველი”. ყოველი ფსიქო-ტიპი თავისებური ნიღაბია, რომელიც გარემოზე ზემოქმედების სხვადასხვა საშუალებას იძლევა. ამ სქემაში ყველანაირ ურთიერთობებს ჩავტევთ. ამ მოსაზრებებს თუ დავეყრდნობით, ადამიანური ურთიერთობების ყველა პროცესი, უწყვეტ მანიპულაციათა გაუვალ ლაბირინთად წარმოგვიდგება. ზუსტად ამ მიდგომის გამო აკრიტიკებს იგი კარნეგის, და ამტკიცებს, რომ იმისათვის რათა წარმატებას მიაღწიო, საერთოდ უარი უნდა თქვა მანიპულირებაზე. მას სცენაზე ახალი პერსონაჟი გამოყავს, სახელად `აქტუალიზატორი”. ეს ახალი პერსონაჟი `მომავლის ადამიანია”, რომელიც სრულიად თავისუფალია მანიპულირების სურვილებისგან. ევერეტ შოსტრომი ამბობს, რომ კარნეგისეული მანიპულატორი ნაკლოვანი ადამიანია, რომელსაც მხოლოდ ის ადარდებს თუ როგორ აღიქვამენ მას სხვები, არ არის დარწმუნებული თავის თავში, არ არის დარწმუნებული წარმატებაში და არც `წარმატების დღის” სჯერა და ამიტომ იძულებულია საკუთარი სურვილები მალოს. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, თავის ცარიელ ბანქოს მალავს, რომელიც ხელში უჭირავს. მისი სრული ანტიპოდია `აქტუალიზატორი”. როგორია იგი ურთიერთობებში? ღიად გამოხატავს თავის ემოციებს, მხოლოდ საკუთარი შეფასებებითა და აზრით ხელმძრვანელობს და `აზრიანი ეგოიზმის” მტკიცე პოზიციებზე დგას. შოსტრომის `აქტუალიზატორს” პრინციპებიც სხვა აქვს: 1) `იმისათვის, რომ გიყვარდეს სხვები, ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიყვარო”. 2) `იცხოვრე აქ და ახლა” (სალამი ბუდიზმს). 3) `ადამიანს ყველანაირ გრძნობაზე აქვს უფლება”. აი, როგორი თვისებები უნდა ქონდეს შოსტრომის აზრით ნამდვილ `გამარჯვებულს”. და მართლაც, აღწერილი პიროვნება სრულიად შეესატყვისება წარმატებული და უკომპრომისო ადამიანის სახეს, რომლის ფონზეც კარნეგის `ძველაღთქმისეული” მანიპულატორი ისტორიის ნაგავთსაყრელიდან ამოღებულ მარიონეტს წააგავს. პირადად მე მისტერ ევერეტს უფრო დიდ პატივს ვცემ, ვიდრე კარნეგის, მაგრამ ჩემი მოსაზრება არავის გაუთვალისწინებია, როდესაც შოსტრომის კონცეფციებიც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, ხოლო მისი `არაზომიერად გულწრფელი აქტუალიზატორი” კი მისმა კონკურენტებმა ყველაზე საშიშ, `საზრიან” და `გაიძვერა” მანიპულატორად სცნეს, რომელიც ყველაფერთან ერთად ხამიც არის და ეგოისტიც, ყველას რომ საკუთარი `ღია სიმართლით” შეურაცხყოფს და თანაც აიძულებს აღიარონ მისი `ჰიპური” თავისუფალი ბუნების საქმიან სფეროებში გამარჯვება. ასე რომ, თანამედროვე ფსიქოლოგები დაუბრუნდნენ კარნეგის ამჯერად უკვე ჩასწორებულ თეზისებს, და `არქაულ მანიპულატორს” შოსტრომის `ულტრა-თანამედროვე აქტუალიზატორის” ელემენტებიც დაუმატეს. ასე რომ დღესდღეობით წარმატების `ძველი” ახალი საიდუმლოებები ასე ჟღერს:
1) გულწრფელად დაინტერესდი ადამიანებით.
2) გაიღიმე (ფარული კამერა არაფერ შუაშია...).
3) გახსოვდეს, ადამიანის სახელი მისთვის ყველაზე სასიამოვნოდ და მნიშვნელოვნად ჟღერს ყველა ენაზე.
4) ეცადე იყო ყურადღებიანი მსმენელი.
5) ისაუბრე იმის შესახებ, რაც თანამოსაუბრეს აინტერესებს.
6) დაარწმუნე თანამოსაუბრე, რაოდენ მნიშვნელოვანია იგი სამყაროსთვის და გააკეთე ეს გულწრფელად.
და ბოლოს, ყველაზე აქტუალური შეკითხვა: არსებობს თუ არა უნივერსალური საშუალება წინ აღუდგე მანიპულაციას, იმის და მიუხედავად, იქნება თუ არა იგი მომართული `მეორედ მოსვლის ფანატი მქადაგებელის”, კოლეგის თუ შენი საყვარელი მეუღლესგან? უნდა ვეძებოთ თუ არა ყოველ შემხვედრში ჩასაფრებული მანიპულატორი? და თუ ასეა, მაშ რა განსხვავებაა შენსა და რელიგიურ ფანატიკოსს შორის, რომელსაც ყველგან და ყველაფერში `ეშმაკთა” შესაძლო ხრიკები ელანდება? რელიგიური ფანატიკოსები სულ სხვა `კინოა”, და მაინც, ყოველივე ამის შემდეგ როგორ არ იქცე მათნაირ დამთხვეულ `პარანოიკად?” იქნებ ღირს ყველაფერი მიატოვო და რომელიმე ფსიქოლოგიურ კაბინეტს მიაკითხო, სადაც თერაპიული კურსებისთვის სპეციალური ჯგუფები ყალიბდება? ალბათ ღირს! (თუ იქ დამოუკიდებელ აზროვნებას გასწავლიან... თუ შეგწევს უნარი არ ენდო გადაუმოწმებელ ინფორმაციას, არც სხვისი წესებით ითამაშო და არც `პარანოიდალური” ესქატოლოგი (რომლებიც გამუდმებით მეორედ მოსვლაზე ღაღადებენ) სულიერი წინამძღოლების დაშინებებს შეუშინდე. ღირს, თუ გასწავლიან როგორ აირიდო საეჭვო საჩუქრები, როგორ თქვა სიტყვა `არა” როდესაც გარშემომყოფნი თავს აუარება მოსაზრებებს გახვევენ. ჩემი პირადი რჩევა კი ასეთი იქნება: ზედმეტი მნიშვნელობა არ მიანიჭო საშინელ სიტყვა `მანიპულაციას”, რადგან მახსენდება საფრანგეთში 2000 წელს განხილული კანონპროექტი, რომელმაც საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. ვგულისხმობ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლს, რომლის თანახმადაც ყველა `ფსიქოლოგიური მანიპულატორი” პასუხისგებას უნდა მისცემოდა. კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკიდურესად საშიში და ნეგატიური სექტების წინააღმდეგ იყო მიმართული, არ მიუღიათ. მეტისმეტად ბუნდოვანი და ჩამოუყალიბებელი აღმოჩნდა ამ მუხლის ფორმულირება. წარმოგიდგენია, ეს კანონი რომ მიეღოთ, რა ამბავი ატყდებოდა ჩვენს პლანეტაზე? ციხის საკნების `ნარებზე” არა მარტო `ნიჩირენის”, `აუმ სინრიკესა” თუ `ღვთაებრივი” კორეელი მუნის მიმდევრებს ვიხილავდით, არამედ პოლიტიკოსებსაც, პი-არ ტექნოლოგებსაც, სარეკლამო სააგენტოებსაც, რელიგიურ მოძღვრებსაც, კონფესიათა განურჩევლად. ამ მუხლის თანახმად სახარების პერსონაჟებიც თავისი თორმეტივე მოციქულით ციხის კანდიდატებად მოგვევლინებოდნენ, რადგან `ფსიქოლოგიური მანიპულირებისგან” არც ისინი ყოფილან შორს. მსჯავრდებულის სავარძელს მოირგებდნენ ასევე ბიზნესმენები, პედაგოგები, `ვაშლის გამყიდველები” (ზუმბასთან დიდი ბოდიში), ლამაზი ქალები, და მათზე გადარეული მამაკაცები, რადგან ყველა მათგანი, როგორც აღმოჩნდა, მანიპულირებს `მოყვასთა თვისთა” გონებით. ისე, კარგად რომ დავიძაბოთ, გისოსებს მიღმა მთელი მოსახლეობისა და ქვეყნების მოთავსებასაც შევძლებთ, ძუძუმწოვარი ბავშვების ჩათვლით. რადგან ფსიქოლოგთა აზრით, ჩვილი ბავშვებიც ყველაზე დახვეწილი და `უჩინარი” მანიპულატორები არიან, ხოლო მათი ტირილი კი – უტყუარი მეთოდი, უმალ მიიღონ ის რაც სურთ. მოკლედ, გამოსავალი, რომელიც მე ვიპოვე და რომელიც ცხოვრების წესად ვიქციე, ერთია: უნდა იყო ის რაც ხარ (რადგან ეს ყველაზე უკეთ გამოგდის) და გულწრფელად უნდა დაინტერესდე ადამიანებით.
მოკლედ, ეს ის სფეროა, სადაც ყოველმა ადამიანმა თვითონ უნდა გააკეთოს დასკვნები. ან იდეალურ ვარიანტში, თავად გახდეს საკუთარი თავის ექიმიც, მოძღვარიც, `მანიპულატორიცა” და `აქტუალიზატორიც”, იპოვოს თავისი კუთვნილი გზა, და მისდიოს მას მანამ, სანამ საკუთარ თავს არ იპოვის. და როდესაც შეძლებს თავის თავს უთხრას თუ ვინ არის იგი სინამდვილეში, შეძლებს თქვას რომ ნამდვილად თავისი კუთვნილი გზა იპოვა და ნამდვილად `თავის უფალია”!

No comments: