Sunday, December 21, 2008

ბაჩო კვირტია – მე ბიძინა ვარ

ბაჩო კვირტია ჩემი საყვარელი და ჩემი აზრით გენიალური მწერალია, ეს კი მისი მოთხრობაა, რომელიც თავის დროზე ჩემი შეკვეთით დაწრა (რითაც ძალიან ვამაყობ) ჟრნალ ფლეიბოისთვის.



მე ბიძინა ვარ

(მოთხრობა)


მე ბიძინა ვარ... ცოტა ხნის წინ 36-ის გავხდი. სანზონაში ვცხოვრობ. მეტრი და სამოცდარაღაცა ვარ, 70 და რაღაცა... ზუსტად არ მახსოვს. ჯარში წასვლის წინ გამზომეს და ეგრე ვიცი. 63 კილოს ვიწონი.
ორი გოგო მყავს _ ია და ლია... ია რვა წლისაა, ლია ათის. თამრიკო რო გავიცანი, ჩემი ცოლი, 24-ის ვიყავი. მაშინ არსად არ ვმუშაობდი და ერთხელ კლასელის დაბადების დღეზე ავედი. თამრიკოც იქ ვნახე. კლასელის კარის მეზობელი იყო. ხაჭაპურები და რაღაცეები შემოჰქონდა სუფრაზე. მე ახალი ნაყიდი საროჩკა მეცვა და მაგრა მიხდებოდა. ეტყობა, იმასაც მოვეწონე, იმიტო, რო მაგრა მომეწონა და სულ ვუყურებდი.
ახლა ვდგავარ. ორი მანქანის მერე მიწევს გასვლა. ფული გადათვლილი მაქვს, ტრაფარეტი შემოვატრიალე. მეოთხე კრუგზე ვარ. პირველი, როგორც ყოველთვის, ხეირზე იყო, მეორე ქესეტათ, მესამე ნიჩევო, ეს ბოლო კიდევ ისევ ქესეტათ. ახლა ისევ ნიჩევო იქნება და მერე გვიან ღამემდე სუ გატენილი ვივლი. ზეპირად ვიცი, რა, იმიტო რო ყოველდღე ასეა, პაჩტი.
თამრიკოზე ეგრევე ვკითხე ჩემს კლასელს. დაგევასაო? იცინოდა. მერე მაგნიტაფონი ჩავრთეთ და ვეცეკვე. მკერდით მეხებოდა და ხმას არ იღებდა. მე მთვრალი ვიყავი. ერთ ადგილზე რო დგახარ და ტრიალებ, ეგრე ვცეკვავდით: ხის ტოტზე ჩამოკიდულ საქანელაზე ჩამომჯდარი ღამის პერანგიანი ქალის სურათი კედელზე; პიანინოს გვერდით შეკვეტებული პანასონიკის პრისტავკის ყუთი, ჩემი კლასელის მაგარი მთვრალი ბიძაშვილი და მასთან მოცეკვავე მაგარი სტრაშნი ცოლი; ვიღაცა ტიპი, რომელიც ძაან საცოდავად ჭამდა ვინეგრეტს; სერვანტის თავზე დადგმული, ანთებული და ჩაწეული სარკიანი ლამფა და სანამ ისევ ქალის სურათი დაიწყებოდა, ჩემი კლასელის სამი ნათესავი გოგო, რომლებსაც ჯინსის იუბკის ქვეშ ელასტიკები ეცვათ. ერთს მწვანე, მეორეს ვარდისფერი და მესამეს შავი. ვაფშე არავის არ ეცეკვებოდნენ, ჩვენ გვიყურებდნენ და ერთმანეთთან მიტყუპებულები ისხდნენ. მერე ისევ: ხის ტოტზე ჩამოკიდულ საქანელაზე ჩამომჯდარი ღამის პერანგიანი ქალის სურათი კედელზე. იმ სურათზე კიდევ მდინარე მოჩანდა, უფრო შორს _ მთები და ტყე; პიანინოს გვერდით შეკვეტებული პანასონიკის პრისტავკის ყუთი. პიანინოს თავზე კაპრონის ძაფით მოქსოვილი რაღაცა ეფინა, ზედ ხრუსტალის ვაზა იდგა და შიგნით პლასტმასის ვარდები ეწყო; ჩემი კლასელის მაგარი მთვრალი ბიძაშვილი, რომელიც ცალი ყბის აწევით პირს აწკლაპუნებდა და მასთან მოცეკვავე მაგარი სტრაშნი ცოლი, რომელიც რაღაცას ძაან გაბრაზებული და ძაან ჩქარა ლაპარაკობდა; ვიღაცა ტიპი, რომელიც ძაან საცოდავად ჭამდა ვინეგრეტს; სერვანტის თავზე დადგმული, ანთებული და ჩაწეული სარკიანი ლამფა და ისევ ჩემი კლასელის სამი ნათესავი გოგო, რომლებსაც ჯინსის იუბკის ქვეშ ელასტიკები ეცვათ, ერთს მწვანე, მეორეს ვარდისფერი და მესამეს შავი. ვაფშე არავის არ ეცეკვებოდნენ, ჩვენ გვიყურებდნენ და ერთმანეთთან მიტყუპებულები ისხდნენ. პანასონიკის პრისტავკის ყუთი ისევ რო დავინახე, ჩემი კლასელის კარის მეზობელს ვკითხე, რა გქვია მეთქი. თამრიკოო, მიპასუხა. გენაცვალე, თამრიკო მეთქი. მერე მახსოვს, ოჯახში ასვლა შამპანურებით და ბამბანერკებით. მე და თამრიკო წითლები ვიყავით. ზალაში სერვიზებიანი სერვანტი იდგა და სასიმამრო იჯდა. სასიდედროს მსუქანი კაბა ეცვა და თითქოს ვაფშე არაფერი არ უხაროდა. ძაან დიდი თავი ჰქონდა და თმა ისე ბუღალტრულად დაეყენებინა, რო ზედ რო დამჯდარიყავი, ასიანი მოსკოვს დაინახავდი. მე მაგრა ვნერვიულობდი. თამრიკოს მამა მაგარ უმნი რაღაცეებს მებაზრებოდა. თამრიკოს ვაფშე ვერ ვუყურებდი და ისიც ვერ მიყურებდა. მერე, რო წამოვედი, გავიგე, რო თამრიკოს დედას არ მოვწონებივარ, წინააღმდეგი იყო. მაგრამ თამრიკოს დედა ვის ახსოვდა? ავდექით და გავიპარეთ. ძმაკაცის სოფელში, მის სახლში ვიცხოვრეთ ცოტა ხანი. მაგარი ბედნიერები ვიყავით, იმიტო, რო ძაან გვიყვარდა ერთმანეთი. თამრიკოს დედას ბევრი უწივლია, უკივლია, თამრიკოს მამაც ბუინობდა, ჩემი დაბრედვა უნდოდა, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ბოლოს შეურიგდნენ ბედს და ჩვენც შეგვირიგდნენ. ასე შევქმენი ოჯახი და ჩემი თამრიკო ჩემთან, სანზონაში მივიყვანე.
ჯაბა მოვიდა, სიგარეტი არა გაქო, მკითხა. ხო მშვიდობააო? რაარი მეთქი? ნიტო სიფათი გაქ და იმიტო გკითხეო? არაფერი მეთქი. ჩემს წინ დგას. ცოტა ხანში გავა და მერე ჩემი ჯერი მოვა. აესე ვზივარ, რულს ვეყრდნობი. სალონი უნდა დავათვალიერო, ვინმეს რამე ხომ არ დაუვარდა. ხურდებს ვპოულობ ხოლმე მოშნად. ლარიანებიც მიპოვია, ორლარიანებიც. ერთხელ ოქროს ცალი საყურე ვიპოვე. მაგრა გამომადგა. თამრიკო მაღაზიაში სმენას რო აბარებდა, მაყუთის მაგარი ნიხვატკა აღმოაჩნდა და მაშინ გვიჯიგრა იმ საყურემ _ კარგი ფოსტა ავიღეთ ბირჟაზე და ვალი გავისტუმრეთ. იმის მერე სუ ვეძებ, მაგრამ არაფერი არ არის. ერთხელ წერილი ვიპოვნე. სიდენიის კუთხეში იყო ჩატენილი. დაკეცილი ქაღალდი გავხსენი და ვკითხულობ: `როცა თქვენ ამ წერილს წაიკითხავთ, მე ცოცხალი აღარ ვიქნები. ჩემი დაბადება ბუნების შეცდომა იყო. ბედმა ძალიან დამჩაგრა~ და ეგეთი რაღაცეები. როგორც ვივარაუდე, კაცს უნდა დაეწერა, ასე 50-55 წლის კაცს. ყველაზე მეტად ბოლოს მიწერილი სიტყვები დამამახსოვრდა: `მე მივდივარ და არ ვიცი, მიყვარხართ თუ არა, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ გავიგე, გიყვარდით თუ არა~. წერილს ცოტა ხანი ჩემი სიდენიის ქვეშ ვინახავდი. მერე გადავაგდე, მაგრამ ბოლო სიტყვები დღესაც მახსოვს. ჯაბა წავიდა. ცოტა ხანში ჩემი გასვლა იქნება.
თამრიკოს ლიას გაჩენა ძაან გაუჭირდა, კინაღამ გადაყვა. არასოდეს არ დამავიწყდება სისხლზე სირბილი, წამლებზე სირბილი, ექიმების დამპალი სიფათები და მანანას დის წაკლა ბაზარი. მაგრამ ღმერთის წყალობით გადავრჩით. ამდენი ცხოვრებაში არ მიტირია. გვერდზე გავდიოდი და ჩუმად ვბღაოდი. თამრიკოსთან პირველად რო შემიშვეს, რო დავინახე, კიდევ მაშინ ამიტყდა ქვითინი, მაგრამ დავატორმუზე. თამრიკოს თვალები დახუჭული ჰქონდა და ტუჩი ისე ქონდა აწეული, თითქოს იღიმებაო. მარცხენა მკლავზე რაღაც მილი ქონდა გაკეთებული და ზემოთ, ბოთლზე იყო შეერთებული, იქიდან კიდე რაღაცა წვეთავდა. მერე თამრიკომ თვალები გაახილა და მითხრა, რო მაიკა უკუღმა გაცვიაო.
გავედი. ჯერ ნელა მივდივარ. ხალხს ვკრიფავ. ერთი-ორი გაჩერების მერე ავუჩქარებ. მანქანა და ხაზი ჩემი ბიძაშვილის მეზობლისაა. ბიძაშვილმა, არ გინდაო? სამი წლის წინ იყო. რა არ მინდა მეთქი, რას ამბობ მეთქი და დავჯექი რულთან. ქირას მოშნად მახევს ტიპი, მაგრამ რა ვქნა, სხვა პრასვეტი არ არი. აესე ვარ, რა. დავჯექი რულთან. სალონი ჩემს მუღამში მოვაწყვე, სიდენიები ვიშოვე და ორივე რიადში ჩავამატე, ერთი მარჯვნივ და წყვილი მარცხნივ, ჩემს უკან. ეგრე აქვს ყველას, თუ გინდა, რო მოგება მეტი გქონდეს. აუუ, რა სასტავი ვითრიე! მოიცა, რამდენნი არიან? რვანი. ასწორებს. მაგრამ თუ შორს მიდიან, ტეხავს. რაც უფრო ბევრი მგზავრი მალე ამოვა და მალე ჩავა, მით მეტია მაყუთი. დღეს გროზნი სიცხეა. ვიბრიდები. ფანჯარა ჩამოწეული მაქვს, მაგრამ ცხელი ჰაერი და მტვერი შემოდის. გუშინ ხე დავამაგრე სტეკლოზე. საკაიფოდ ზის და ხელი მაქვს ჩამოდებული, თორე მაგრა მტკენდა მკლავს. გუბკაა გამოსაცვლელი. სუ მავიწყდება. ხურდები გუბკაში მიდევს, გამზადებული, 50-იანები. მგზავრი რო ჩადის, გაძლევს ფულს და აღარ ეძებ, ეგრევე იღებ და აძლევ. პაბალშომუ დიდ დროს იგებ, ნერვებიც ისე აღარ გეღლება. სარკის ზევით ხატები მაქვს მიმაგრებული. დაილოცოს მათი მადლი. სარკეზე პატარა ჯაჭვით სათამაშო მიკიდია, ფუმფულა ციყვი. პატარა გოგომ, იამ მომცა. ტრაფარეტის თავზე, ლაბავოიზე, ლიპუჩკა მაქვს მიკრული, ნახვრეტში კიდევ პატარა პალოა გაყრილი, ტრაფარეტი რო დაიკავოს. ტრაფარეტის ძირში წყლით სავსე ფანტას ბოთლი მაქ ჩაგდებული. კინაღამ დამარტყა ამ დედაარღნიანმა...
მერე იაც გაჩნდა. იაზე ადვილად იმშობიარა თამრიკომ, ისე აღარ გაჭირვებია. მე ბლოკის ცეხში ვმუშაობდი გრუზჩიკათ. თითო ბლოკის დადებაზე 2 თეთრს ვიღებდი. სიმამრი უკვე მკვდარი იყო, სიდედრი საბერძნეთში მუშაობდა, ათასში ერთხელ მაყუთს გვიგზავნიდა და სურათებს. ბოტები ეცვა, ფორთოხლების პლანტაციებში, ფორთოხლებით სავსე ვედროებთან იდგა და ბუღალტრის თმა ლურჯად ჰქონდა შეღებილი. ეტყობა, იქ ეგრე იყო მოდაში. მერე თამრიკომ მაღაზიაში იშოვა ადგილი და იმანაც დაიწყო მუშაობა. ეგ მერე იყო, ბავშვები რო ცოტა წამოიზარდნენ. თავიდან მაგრა გაუჭირდა, სუ ტიროდა სახლში რო მოდიოდა, მაგრა გახდა და ბავშვებს სუ უკიოდა და ურტყავდა. მე დივანზე ვიწექი და ცემენტის სუნი ამდიოდა. ლამფას ვანთებდი და ფანჯრიდან ვიყურებოდი. ეზოში მეზობელი ხოსროს ძველი თეთრი ზაპოროჟეცის დაჭეჭყილი კუზაო მოჩანდა. ქარი კიდევ ქროდა და ციოდა.
რო გადახვალ, გააჩერე. ვაჩერებ. ჩადის. ფულს მაძლევს. 20-იანია. ვითვლი ლარიანებს, ხუთიანებს, ორიანებს. მერე გუბკიდან 50-იანს ვიღებ და ვუბრუნებ. უკმაყოფილოდ ითვლის. ეჭვიც ეპარება, ხო არ მოვატყუე. და კარს მიჯახუნებს. შენი დედაც... კრუგის ბოლომდე ბენზინი არ მეყოფა და ტარასას ბენზოკალონკასთან ზაპრავკაზე ვჩერდები. ტარასა გამოდის. ფენოვან ხაჭაპურს ცეცხლავს და ზუნტლიან პირზე შებრაწული ნარჩენები აყრია. 20-ის გაუშვი, _ ვეუბნები და მანქანისკენ ვიყურები, მგზავრები ხო არ ბუინობენ. ტარასა ასხავს და თან ხაჭაპურს იცოხნება. მობილური ხო არ გინდა 15 ლარათ? არ მინდა. ეხლა მოიტანეს. ახლობელი ხალხია. 15 ლარი რაღა ჩემი ფეხებია, თან მალა კაი რამეა. გინდა გაჩვენო? ანტენა არა აქვს და არაფერი. თუ არაფერი არა აქვს, უკან გაიკეთე. ათათ წაიღე, ძმაო, შენც ახლობელი არა ხარ? ეგ არი? ხო, ოცისაა. აჰა, _ წეღან მოცემულ ოციანს ვაძლევ და მანქანაში ვჯდები.
დივანზე რო ვიწექი და ცემენტის სუნი რო ამდიოდა და ლამფას რო ვანთებდი და ფანჯრიდან რო ვიყურებოდი და ეზოში რო მეზობელი ხოსროს ძველი თეთრი ზაპოროჟეცის დაჭეჭყილი კუზაო რო მოჩანდა და ქარი რო ქროდა და ციოდა, ჩემი ცოლი თამრიკოც მიყვარდა. ერთხელ სახლში ვიდექი. აეგრე ვიდექი შემოსასვლელში და თამრიკოს ჩუსტებს ვუყურებდი. სარკის ქვეშ ეყარა. თამრიკო მაღაზიიდან ჯერ არ იყო მოსული. ბავშვები ეზოში იყვნენ. ვანაში შევედი. ხელები დავიბანე. სარეცხ მანქანაზე პარაშოკის ყუთი იდო, თავახეული. ავიღე. ცარიელი იყო. გაუქმებული ატაპლენიის ტრუბაზე ბავშვების გარეცხილი რეიტუზები ეფინა. უცებ გამოვვარდი და ისევ შემოსასვლელში, თამრიკოს ჩუსტებთან დავდექი. მერე ქვითინი დავიწყე. ვტიროდი. ვბღაოდი. როგორც მაშინ. სამშობიაროს ეზოში. უკანა მხარეს. არავის რო არ დავენახე. მერე ჩავიცვი და გარეთ გამოვიქეცი. კიდე კაი, კიბეზე არავინ შემხვდა. თამრიკოსთან გავრბოდი. მაღაზიაში. პადიეზდიდან გამოვვარდი თუ არა, თამრიკო დავინახე. შორს იყო. მოდიოდა. დავგაზე და გვერდითა პადიეზდში შევვარდი. გული აქა მქონდა. ძლივს ვსუნთქავდი. თამრიკო მოდიოდა. პარკით რაღაცეები მოქონდა. კუთხეში ჩავიცუცქე და ვუყურებდი. აღარ მეტირებოდა, მაგრამ გული მქონდა გლახათ. თვალებს ქარი მიშრობდა, თამრიკოს კიდე ფეხს აჩქარებინებდა. მა... მა... მა... გველნაკბენივით უკან მოვიხედე. ია და ლია კიბის თავში იყვნენ ჩაცუცქულები და დაჭყეტილი თვალებითYმიყურებდნენ. მა... ვის ემალები?..
ორი აიღე ერთი მერე ჩავა სიცოცხლე გამიმწარა მაგ მიწადასაყრელმა როდემდე უნდა მაყვედროს ლუკმაპური თუ დებილი ვგონივარ მაგას ირანულიც არაა ცუდი გააჩნია რისთვის გინდა სტადიონთან გაივლის აბა რომელი გაივლის აეხლა მარშუტკაში ვზივარ და ხუთ წუთში მანდავარ რა გაუჩერე შენი დაქალი როა იმან სად ჩააბარა პორტუგალიაში კარგი ვარიანტია სტროიკაზე ჩამოხვალ ცხოვრებას აიწყობ ამ ბეემვეზე იმენა მიდგება დედაჩემი ძალიან ცუდათაა მომეცით პარკი დაგიჭერთ ვის მიყვება სადაურია რო გადახვალ გააჩერე აძინ იქსი დადე უეჭველია მე ჯერ ჩემი შვილი მიყვარს და მერე სხვა ჩემი დედა მოვტყან მაგას თუ დედა არ მოუტყნა ამის მეტი არა მაქვს მაპატიეთ ბაზრობაზე ძლივს ავარჩიე ჩემი გადახდილია რატო ეწყინა არ იცოდი რო გარდაიცვალა მაგას თავზე ნუ დაისვამ თორე მერე ნახე რას უჩერებ აღარ არი ადგილი აიამ მაღაზიაში ვეღარ შევედი...
ამ ბოლოს ერთი და იგივე სიზმარს ვნახულობ ხოლმე ძაან ხშირად. ვითომ რულთან ვზივარ. მივდივარ. ღამეა. უკან თამრიკო და ბავშვები სხედან. მივდივართ. ხმას არ ვიღებთ. ტრასა ცარიელია. ჩქარა მივდივარ. უცებ გზის პირზე ვიღაცეებს ვხედავ. ხელს მიქნევენ გამწარებული. მივუახლოვდები და... თამრიკო და ბავშვები დგანან. სანამ გავცდები, მანამდე ვარჩევ სახეებს. გულგახეთქილი ვაჩერებ და სალონში ვიხედები. უკან არავინ არ ზის. თამრიკო, თამრიკო, ვყვირივარ. ზადნიში ვაგდებ და უკან ვბრუნდები. გზაზე არავინ არ მხვდება. თამრიკო, თამრიკო, ვეძახი. ბავშვებს ვეძახი. მერე უცებ ვხედავ, რო თამრიკო და ბავშვები მანქანაში სხედან, ხელები და სახე ფანჯარაზე აქვთ მიდებული და მიყურებენ. ხმას არ იღებენ და მიყურებენ. მანქანაში ვჯდები და მივდივართ. მერე ყველაფერი თავიდან იწყება.
რა მალე დაღამდა. ხვალე გუბკას გამოვცვლი. ჯაბამ მე მოგცემო. ოჩერედში რო დავდგები, ნარეზებს გაუკეთებ და კაი ხანი მეყოფა. ტარასამ რო მობილურზე მითხრა, რატო არ ვნახე. იქნება რა იყო. ხვალე აღარ ექნება. დღესვე გაასუხარებდა. სალონში შუქი გამიფუჭდა და ესეც საჩალიჩო მაქვს. ბოლო კრუგზე ვარ. ორი კაცი დამრჩა. ერთი უკან მიზის, მეორე უფრო უკან. ესენიც ჩავლენ და სახლში წავალ. ტრაფარეტიც ავიღე. ხვალე. ხვალე. ხვალ რა დღეა. შაბათი. კვირას ადრე ვამთავრებ და ბაზრობაზე გავალ. თამრიკოს ჩუსტებს ვუყიდი. თამრიკო. თამრიკო. აქ გამიჩერე, ძმა... ვაჩერებ. თვალს ვარიდებ. რას იფიქრებს. რაც უნდა ის იფიქროს. სიბნელეა და ჩემს თვალებს როგორ დაინახავს. ტორპედოს ქვეშ დაგდებულ მანქანის პაკრიშკას იღებს და ჩადის. სვეტაფორთან ვჩერდები. წითელი ფერი თვალებში მედღაბნება. ჯიბიდან ცხვირსახოცს ვიღებ და უცებ ვიღაცა უკნიდან თვალებზე ხელებს ამაფარებს. ე... ხელებში ჩავავლებ და ვტრიალდები.
_ მე ვარ, ბიძინა...
ჩემს წინ ჩემი ცოლი, თამრიკო დგას. მიღიმის. მერე ხელებზე იხედება.
_ რა მოგივიდა, ტიროდი?..
_ არა, რა ვტიროდი, ტო... ღამეა და ასე ვიცი... გამიტრაკა თვალებმა. როდის ამოხვედი?
_ ვერც ამოსვლისას დამინახე, ვერც მერე. მაგარი ხარ, რა...
_ ხო. რავი. საიდან მოდიხარ?
_ მორჩი უკვე?
_ ხო, მოვრჩი.
_ წავიდეთ მაშინ და სახლში მოგიყვები.
მე ბიძინა ვარ და მე და ჩემი ცოლი თამრიკო სახლში მივდივართ და არ ვიცი, მიყვარხართ თუ არა, იმიტო, რო მთელი ცხოვრება ვერ გავიგე, გიყვარდით თუ არა.

No comments: