Monday, December 8, 2008

ბორის პასტერნაკი


თარგმნა ლევან რამიშვილმა

* * *

უხერხულია იყო განთქმული
არ აგიტაცებს ეს მზემდე, ცამდე _
არ ღირს შენს არქივს, მასში დანთქმული
დაჰკანკალებდე, კრებდე, იცავდე

შემოქმედება დაღვრაა ქნარად
და არა ის, რომ გაქონ, გეფერონ
სამარცხვინოა იყო არარა
და ბრბოს ჭორივით პირზე ეკერო

უნდა იცხოვრო დაუყვედრებლად
რომ ერთხელ, როგორც ყივილმა მამლის
შემოიკრიბო სივრცის ვედრება
და გაიგონო მღერა მომავლის

უნდა დატოვო დაუმთავრები
თვითონ ბედი და არა ფურცელი
და ამოშალო მთელი თავები
თვით ცხოვრებიდან _ თავები ვრცელი

შემოიბურე უცნობელობით
მასში დამალე შენი გზა-კვალი
ვით იმალება ნისლში მდელობი
როცა ბურუსში ვერას ჭვრეტს თვალი

გაუყვებიან ცოცხალ კვალს სხვები
ყველა შენს ნასხლავს ისევ გასხლავენ
მაგრამ შენ თვითონ შენს დამარცხებას
და გამარჯვებას ნუ განასხვავებ

არაფრის ძალით, არცერთი წამით
შენ შენი თავი არ დათმო უნდა
და უნდა იყო მხოლოდ ცოცხალი,
მხოლოდ ცოცხალი _ ბოლომდე, მუდამ...

No comments: