Monday, November 10, 2008

უძილობა – ეს ინფორმაცია თავის დროზე ძალიან დამეხმარა და შეიძლება კიდევ ვინმეს გამოადგეს

თუ თქვენ ამ წიგნით დაინტერესდით, ესე იგი ან დიდი ხანია, უძილობა გტანჯავთ, ან ზოგჯერ კარგად გამოძინებული ვერ იღვიძებთ-ხოლმე. ორივე შემთხვევაში იგი თქვენთვისაა, რადგან ძილის ოდნავი დარღვევაც კი უკვე ნიშნავს, რომ თქვენი ნერვიული სისტემა შერყეულია და თუ დროზე არ მიხედეთ, ან თუ თქვენი ცხოვრება მკვეთრად არ შეიცვალა უკეთესისკენ (ვთქვათ, მილიონი დოლარი არ მოიგეთ ან თქვენმა ბუღალტერმა შემთხვევით თქვენს ხელფასს რამდენიმე ნოლი არ მიუწერა), ადრე თუ გვიან სერიოზული პრობლემის წინაშე დადგებით _ იმ პრობლემის წინაშე, რომელსაც უძილობა ეწოდება.

ეს სიტყვა თითქმის არაფერს ეუბნება იმას, ვისაც იგი არ განუცდია. ამიტომ თუ თქვენ უძლილობა გტანჯავთ, კარგად გეცოდინებათ, რომ ეს თქვენს მდგომარეობაში ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი ვერ შემოდიან. მუდმივად ცუდ გუნებაზე ყოფნას, ჩივილს თუ თუ წუწუნს ისინი ან ახირებად გითვლიან, ან სიზარმაცედ, ან უბრალოდ თქვენს მძიმე ხასიათს მიაწერენ ყველაფერს. რას იზამთ, ასეა ადამიანი მოწყობილი _ რაც არ განუცდია, იმის წარმოდგენა არ შეუძლია. თუ არ გამწვანდით, თავი არ გაგეზარდათ და შუა ქეიფის დროს გული არ წაგივიდათ, ესეიგი სერიოზული არაფერი გჭირთ...

უძილობა კი რაა, უძილობა `ყველასა გვაქვს~. ეს ალბათ ბევრჯერ უთქვამთ თქვენთვის. თქვენ კი ამ დროს რამოდენიმე თვეა ან რამოდენიმე წელია, რაც ცხოვრება ნამდვილ კოშმარად გექცათ _ ღამით დაწოლის გეშინიათ, რადგან იცით, რომ მთელი ღამე ან ნახევარი ღამე მაინც ჭერში უნდა იცქიროთ და საათის წიკწიკს უსმინოთ და ამაოდ ელოდოთ, როდის ჩაგეძინებათ. შემდეგ კი ისევ უნდა გეგეღვიძოთ და მწარე ფიქრმა გაგკრათ, რომ ისევ ვერ გამოიძინებთ, რომ ერთ საათში ინათებს და რაც არ უნდა ეცადოთ, ვეღარ ჩაიძინებთ. დილით უნდა ადგეთ მოჩვარული, უენერგიო, უხალისო, მაგრამ ხალისს ვინ ჩივის _ მთელი დღე რაღაც ბუნდოვანი და უსიამოვნო შეგრძნებები გტანჯავთ _ შეგრძნებები, რომელთაც სახელიც კი არა აქვთ, რომ ვინმეს შესჩივლოთ მაინც, გტკივათ თავი, ძვლები, ან კუნთები, ფეხები გიმძიმდებათ, გაუცხოებული ხართ ყველაფრისგან _ საკუთარი თავისგანაც კი, თითქოს ყველაფერს _ გამოსახულებასაც, ხმასაც და ფიქრსაც კი ფოკუსი აკლია... იცით, რომ ვერ იმუშავებთ ისე, როგორც შეგიძლიათ, ვერ დაელაპარაკებით მეგობრებს და ლაღად ვერ იცინებთ, უბრალოდ ფანჯარაშიც კი ვერ გაიხედავთ და წამით სიჩუმითაც კი ვერ დატკბებით _ ამის თავი არ გაქვთ. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ განიცადოთ, დაღლილობა, სისუსტე, სიმძიმე, უსიამოვნო, აუტანელი შეგრნებები და ტკივილებია... და ასე მთელი დღე, მთელი კვირა, მთელი თვე, მთელი წელი? რაღაც დროის მანძილზე იმედი გაქვთ, რომ ეს ყველაფერი `თავისით გაივლის~, ეს ხომ `უძილობაა და მეტი არაფერი~, მაგრამ რაღაც მომენტში ეს იმედი უნებურად გიწყდებათ და ჩნდება შიშნარევი კითხვა: რამდენი ხანი უნდა ვიყო ასე? იწყებთ ახლობლებისთვის კითხვას: რა ჯობს? ზოგი ვალერიანის ძირებს გირჩევთ, ზოგი ვალერიანის აბებს, ზოგიც კი ძილის წამლებს. თუ მხოლოდ პირველი ორი რჩევა მოგცეს და არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ძილის წამლების მიღებას გირჩევდათ, ან გირჩიათ, მაგრამ თქვენ მის რჩევას ყურადღება არ მიაქციეთ, ჩათვალეთ, რომ გადარჩით! ზუსტად ისე გადარჩით, როგორც ჯონ ტრავოლტა და . . . . გადარჩებიან ფილმში `მაკულატურა~ _ გახსოვთ ალბათ, ორი მეტრიდან რომ დაცხრილავენ, მათ უკან კარები სულ დახვრეტილი როა, ისინი კი საღ-სალამათები რომ დგანან. აი, ზუსტად ასე გადარჩით! გადარჩით ისე, როგორც დაბომბილი სახლის ნანგრევებიდან გამომძვრალი ერთადერთი იღბლიანი მოსახლე! ამიტომ გიხაროდეთ, რომ ცოცხალი ხართ! რადგან ის ქიმიური საშუალებები, რომლებსაც ექიმები უძილობით შეპყრობილ ადამიანებს უწერენ, ადამიანზე გათვლილი არ არის! შეიძლება რომელიმე დინოზავრს ან მითიურ დრაკონს უმტკივნეულოდ აეტანა მათი `გვერდითი~ ეფექტები, მაგრამ ადამიანს, სამწუხაროდ ამის უნარი არ გააჩნია. ამას ყველა დაგიდასტურებთ, ვისაც კი ერთხელ მაინც გაუსინჯავს მათი გემო. პირადად მე რამოდენიმე წლის წინ სულ რაღაც ოთხი-ხუთი დღე ვსვი `ძილის წამალი~, ????? რომელიც `კარგმა ნერვოპათოლოგმა~ დამინიშნა და ისეთი საშინელი შეგრძნებები დამეწყო, რომ იმ უძილობას, რომლის გამოც დავიწყე ამ წამლის სმა, თვალზე ცრემლმომდგარი ვნატრობდი. ამ წამალმა ისე დააზიანა ჩემი ნერვული სისტემა, რომ ორი ოთახის იქით კარზე კაკუნი მეხის გავრდნასავით მესმოდა, თანაც იმ მეხივით, ზედ თავზე რომ გეცემა. მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო _ ნებისმიერი ბგერა შგ თავში მირტყამდა და მტკიოდა! და ეს რამოდენიმე თვე გაგრძელდა. ახლაც კი, წლების შემდეგ, ხანდახან მახსენებს თავს.

უძილობის დაძლევა, ალბათ მიხვდით, რომ იმ ძილის წამლის წყალობით არ მომიხერხებია. ალბათ იმასაც მიხვდებოდით, როგორ მეძინა და რა კოშმარული თვეები გამოვიარე, როცა ხმები მტკიოდა...

მარტო მე რომ დამმართნოდა ასე, ამას ერთ კერძო შემთხვევას ჩავთვლიდით, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის _ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძილის წამლები უძილობას არ შველის და რომ მათ საშინელი გვერდითი მოვლენები ახლავს! ეს ყველამ იცის, ვისაც ისინი გაუსინჯავს. ყველამ, ნერვოპათოლოგების გარდა. ისინი თავიანთ კაბინეტებში სხედან, თეთრ ხალათებში გამოწყობილნი, კითხულობენ ფარმაცეფტული კომპანიების მიერ გამოშვებულ ბროშურებს იმის შესახებ, თუ რა გენიალურია მათ მიერ შემუშავებული ახალი საძილე პრეპარატები და თუ ღმერთი გაგიწყრათ და მათ კაბინეტში შედგით ფეხი, აუცილებლად გამოგიწერენ! არც გაემტყუნებათ _ მათ ხომ არ იციან, რა არის უძილობა. ასეთი რამ მათ არ განუცდიათ. რომ გამოეცადათ, ხომ თვითონაც დალევდნენ ?????-ს, ხომ თვითნაც ჩაქუჩივით მოხვდებოდათ თავში და ეტკინებოდათ ბგერები, ან სხა საშინელებები დაემართებოდათ და არა მგონია ისეთი დაუნდობლები ყოფილიყვნენ, რომ მაინც გამოეწერათ ???-ი თქვენთვის, მაგრამ ეს ყველაფერი მათ არ გამოუცდიათ. `უძილობა~ მათთვის რაღაც აბსტრაქტული სიტყვაა, რომელსაც ისინი რეცეპტზე ხელის მოწერით არჩენენ, და `გვერდითი მოვლენებიც~ მათთვის ასევე აბსტრაქტული სიტყვებია, ისევე როგორც ომი და მილიონობით ადამიანის სიკვდილი იყო აბსტრაქცია, როგორც აღმოჩნდა, ჰიტლერისთვის, რომელსაც ერთხელ, ბერლინის დაბომდვის დროს, სინამდვილეში რომ ნახა დაჭრილი ჯარისკაცი, გული აერია...

სანამ რაიმეს მოიმოქმედებდეთ, უნდა გაარკვიოთ, რა არის თქვენი უძილობის გამომწვევი მიზეზი. ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი სტრესი ან სტრესული გარემო, ნერვოზი, დეპრესია, ფსიქიკური პრობლემები. თუ ეს ფსიქიკური პრობლემაა, ვთქვათ ბავშვობის ტრამვა ან რაიმე ამის მსგავსი, პროფესიონალი ფსიქოთერაპევტის ან ფსიქოანალიტიკოსის ჩარევის გარეშე ვერაფერს გახდებით. რაც არ უნდა ეფექტური იყოს გარეგნული ზემოქმედება, თუ შინაგანი მიზეზი, რომელიც აფორიაქებს თქვენს ნერვიულ სისტემას, არ მოიხსნა, საბოლოო მიზანს მაინც ვერ მიაღწევთ. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი მკურნალობის ბუნებრივი მთოდები (ფსიქო-ფიზიკური ვარჯიშები, მასაჟები, რელაქსაცია, მედიტაცია და სხვა) დიდ შვებას მოგგვრით.

დანარჩენ შემთხვევევებში კი რაც არ უნდა იყოს მიზეზი, მკურნალობა ეფექტური იქნება, რადგან ერთია მიზანი _ გაღიზიანებული ნერვიული სისტემა უნდა დამშვიდდეს, რომ მშვიდი და ღრმა ძილი დაიბრუნოთ.

ამ წიგნში თქვენ ნახავთ ნერვიული სისტემის მოწესრიგების უამრავ საშუალებას, ასევე მშვიდი ძილის მიღწევისთვის აუცილებელ ინფორმაციასა და რჩევებს. ამ ყველაფერს წელიწადზე მეტია ვაგროვებ ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება. ზოგიერთი მათგანის საშუალებით დავაღწიე თავი უძილობას მე თვითონ. ამის შემდეგ კი გადავწყვიტე, რაც შეიძლება მეტი მეთოდისთვის მომეყარა თავი ერთად, რადგან პირადმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ არ არსებობს ერთი ყველასთვის კარგი მეთოდი. ერთი ვარჯიში შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს ერთი უძილოსათვის, მეორესთვის კი _ არც ისე. როგორ უნდა გაარჩიოთ, რომელია თქვენთვის საუკეთესო? ეს ძნელი არ არის. ჯერ ერთი, რომელ მეთოდსაც უფრო ადვილად აღიქვამთ და გაითავისებთ ჯერ კიდევ კითხვის დროს, იმ მეთოდის ხორცშესხმასაც უფრო ადვილად შეძლებთ. ეს კი უკვე კრიტერიუმია! რასაც უფრო ადვილად აკეთებთ, სწორედ ის არის თქვენთვის ზედგამოჭრილი!

ამასთან ერთად აუცილებელი არ არის, ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთოთ, როგორც წერია. მაგალითად, კითხულობთ, რომ რაღაც ვარჯიში, ან მოძრაობა ორჯერ უნდა გაიმეოროთ, თქვენ კი ყოველ ჯერზე გრძნობთ, რომ ორჯერ გამეორება არ გყოფნით და სასურველ შედეგს არ გაძლევთ. ასეთ დროს მანამდე უნდა გაიმეოროთ იგი, სანამ თქვენთვის სასურველ შედეგს არ მიაღწევთ. ან შეიძლება ვარჯიშის ერთხელ შესრულებით უკვე აღწევდეთ მიზანს და მისი გამეორება ზედმეტად გძაბავდეთ. ამ დროს მისი ერთხელ შესრულებაც საკმარისია. ამ წესს ყოვველთვის უნდა მისდიოთ, რადგან ეს უნივერსალუი წესია – აკეთეთ მხოლოდ ის, რაც გსიამოვნებთ და მანამდე, სანამ გსიამოვნებთ! გახსოვვდეთ, თქვენ ნერვების დამშვიდებაზე მუშაობთ! ამიტომ არასოდეს არ უნდა აკეთოთ ის, რაც არ გსიამოვნებთ. და ეს მხოლოდ მკურნალობას კი არ ეხება, არამედ მთელს თქვენს ცხოვრებას. ნუ უყურებთ სიტყვა სიამოვნებას ეჭვის თვალით! იცოდეთ, რომ სწორედ იმიტომ დაგემართათ უძილობა, რომ თქვენი ცხოვრებიდან სიამოვნება გაქრა. სიამოვნებაში მხოლოდ გემრიელ საჭმელს და სექსს არ ვგულისხმობ. გიფიქრიათ თუ არა, რომ სიამოვნება ჩვენი არსებობის, მთელი სამყაროს ყველაზე ფუნდამენტური თვისებაა. სიამოვნება არსებობს ყველგან და ყველაფერში, რაც სიცოცხლისთვის საჭიროა. სინამდვილეში ჩვენ ყველაფრისგან ვიღებთ სიამოვნებას, თუნდაც... სუნთქვისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვეღარ ვამჩნევთ, რადგან მივეჩვიეთ. მაგრამ აბა სცადეთ და რამოდენიმე ხანს შეწყვიტეთ სუნთქვა _ მანამდე სანამ ისტერიულად არ მოგინდებათ ჩასუნთქვა. შემდეგ ჩაისუნთქეთ და მაშინვე იგრძნობთ, რომ სუნთქვა სიამოვნებაა, თანაც უდიდესი სიამოვნება! ასეთივე სიამოვნებაა ნებისმიერი `უბრალო რამ~ _ წყლის სმა, დაბანა, სახლიდან გარეთ გასვლა, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა, ფოთლების შრიალი, ძველი მეგობრის შეხვედრა, მყუდრო ბინაში დაბრუნება, კარგი მოთხრობის წაკითხვა, კარგი ჩაი, ძილი, გამოღვიძება...

სინამდვილეში არ არსებობს არც ერთი წამი ადამიანის ცხოვრებაში სიამოვნების გარეშე. მაგრამ დგება ადამიანის ცხოვრებაში მომენტი, როცა მას აღარ უნდა ან აღარ შეუძლია მიიღოს სიამოვნება. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანი სტრესული მდგომარეობაში ვარდება ან ნერვიულობს. გამუდმებით ასეთ მდგომარებაში ყოფნა ნერვოზსა და დეპრესია იწვევს. ასეთ მდგომარეობებში ადამიანს აღარ შესწევს ძალა, ცხოვრებისგან იმდენივე სიამოვნება და სიხარული მიიღოს, რამდენსაც იღებდა, ისეთივე მედიტაციური იყოს, როგორიც იყო., ანუ ისევე ადვილად და ღრმად ტკბებოდეს ცხოვრების `უბრალო~ მომენტებით, როგორც ტკბებოდა, მოკლედ ისეთივე ბედნიერი იყოს, როგორიც იყო მანამდე სანამ ბედნიერების მიღებაში დაძაბული ნერვები არ შეუძლიდა ხელს და ყველაფერი უსიამოვნო შეგრძნებებით და რუხი ფერებით არ დაიფარებოდა.
ნუ გიკვირთ, რომ თქვენმა პეიზაჟმა დაკარგა ლამაზი და ხასხასა ფერები, მუსიკამ _ სიმძაფრე და მშვენიერება, ცეკვამ სილაღე და გრაცია, რომ არაფერი აღარ გახალისებთ და გულს აღარ გიხარებთ! ნუ გიკვირთ, რომ ყველაფერი ერთფეროვანი, მოსაწყენი და აუტანელიც კი გახდა! რომ სადღაც შორეულ მოგონებაში დარჩა ყველაფერი ლაღი და ცოცხალი! ნუ გიკვირთ! ყველაფერი თქვენი ნერვული მდგომარეობის ბრალია! მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ნერვების! ეს მათ აღარ ძალუძს აღიქვან და თქვენში შემოუშვან ყველაფერი ის, რაც გაგახარებდათ, რადგან მეტისმეტად დაძაბულები არიან ამისთვის და ძალაუნებურად სულ სხვა რამით კავდებიან _ ბრაზით, ჩხუბით, ყვირილით (ან გულში ჩახვეული ჩუმი ბოღმით), წყენით, კონფლიქტური სიტუაციების ანალიზით, ახალი ამბებით, ინფლაციით, მთავრობის უგუნური პოლიტიკით... მოკლედ ყველაფერი უარყოფითით. თქვენი ტვინი გაუთავებლად მუშაობს _ ფიქრობს _ სულ ცუდზე და ცუდზე... ეს იმიტომ არ ხდება, რომ თქვენ ასეთი ცუდი ვინმე ხართ. არა! ეს თქვენი აღგზნებული ნერვიული სისტემა გაიძულებთ ამას! მას მუდმივად სჭირდება საკვები _ ადრენალინი და სხვა ნივთიერებები, რომლებსაც თქვენი ორგანიზმი სტრესის დროს გამოიმუშავებს.

1 comment:

Anonymous said...

es yvelaperi kargi magram tviton wigni sadaa romelic dagvexmareba dadzinebashi?