Saturday, November 8, 2008

სექსუალური რევოლუცია – წინასიტყვაობა

ესაა წინასიტყვაობა წიგნისა "სექსუალური რევოლუცია", რომელიც მალე გამოვა


წინასიტყვაობა

სექსი ჩვენი არსობისა

ლევან რამიშვლი

ამასწინად, 2008 წლის გაზაფხულზე ტელევიზორში ასეთი რამ აჩვენეს: ერთმა სვანმა ბიძაშვილი გოგო მოკლა. თავი ასე გაიმართლა: ქმარს ღალატობდა და ჩვენს გვარს არცხვენდაო. თვითონ ქმარი და მისი დედა გაოგნებულები იყვნენ, საიდან მოიტანა ასეთი სისულელეო. ჟურნალისტმა სოფლის მცხოვრებლები გამოკითხა. ყველა ხელაღებით ამტკიცებდა, ბოზი იყო ეგაო, მაგრამ რომ ჩაეძიენ, აღმოჩნდა, რომ მისი `ბოზობის~ დამამტკიცებელი საბუთი არავის გააჩნდა. და მაინც, `ბოზი~ იყოო, ყველა განაგრძობდა მტკიცებას. ერთმა ქალმა ასეთი `მტკიცე~ არგუმენტიც კი მოიშველია _ `ეტყობოდაო~. და რაც მთავარია, მთელი მოსახლეობა ერთხმად ექომაგებოდა და ამართლებდა მკვლელს _ თავისი ბიძაშვილი მოკლა, ჩვენი ხომ არაო.

ამ სიუჟეტში არ ყოფილა არც ფსიქოლოგის, არც იურისტის კომენტარი, ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ასეც უნდა იყოს... და რაც მთავარია _ ამ ამბავს არ მოყოლია არც საზოგადოების შეშფოთება, არც თოქ-შოუებში განხილვა, საერთოდ არაფერი...

ტელევიზიით გადმოცემული მეორე სიუჟეტი: სოფლელმა ბიჭმა და გოგომ, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, სექსუალური კავშირი დაამყარეს. უფრო სწორად, გოგო ამტკიცებდა ასე. ეს ამბავი სოფლემა გაიგო. როგორც იტყვიან, `სკანდალი აგორდა~. ბიჭმა თქვა, ცოლად მოვიყვანო, მაგრამ აქ `გაირკვა~, რომ თურმე ბიჭს კი არ გაუპატიურებია გოგო, არამედ ის თვითონ დანებებია მას. და აი, როგორ `გაირკვა~: ერთი სოფლელი დედაკაცი რატომღაც თურმე გოგოს უთვალთვალებდა, ჰოდა ფანჯარაში მოჭვრიტინეს ყველაფერი დაუნახავს. ეს ქალი გოგოს პირზე ადგებოდა: `შენა კი არ კიოდი, თავი წყნარად გქონდა ჩამოდებული და გაყუჩებული იყავი, ააბა სიმართლე თქვი, ასე არ იყოო?~
ბიჭის ნათესავებმა მას გოგოს ცოლად მოყვანა აუკრძალეს.
ამასობაში ვიღაც ენთუზიასტებმა გოგო ცემეს, შე ბოზო, შენაო. დედამისი თავს დაქოთქოთებდა: რაღად გინდა სიცოცხლე, სადღა უნდა გამოყო ეგ შერცხვენილი თავი, გირჩევნია თავი მოიკალიო... არც გოგოს ნათესავები ისხდნენ გულხელდაკრეფილები. როგორ გააუპატიურე გოგო, შე დამპალო, შენაო და წიხლქვეშ გაიგდეს, სულ დაასისხლიანეს. მოკლედ ასეთი მდგომარეობა შეიქმნა: ან ბიჭი უნდა გადაკარგულიყო სადმე ძალიან შორს, ან გოგო, ან ორივე. არ ვიცი, ეს ამბავი როგორ დამთავრდა, ან დამთავრდა თუ არა, მაგრამ რაიმე გამოხმაურება `ქართული საზოგადოებრიობის~ მხრიდან არც მას მოჰყოლია.

გასაოცარ დღეშია დღეს საქართველო _ საშინელ სექსუალურ გასაჭირსა და დაბნეულობაში. ამაში საბოლოოდ დამარწმუნა ჟურნალ `ფლეიბოის~ (რომლის რედაქტორიც გახლდით) დახურვამ და მისდამი ქართველების დამოკიდებულებამ: ყველა ტელე-სიუჟეტში, სადაც ჟურნალისტები ქუჩაში ხალხს (მათ შორის უნივერსიტეტის სტუდენტებს!!!) `ფლეიბოის~ შესახებ აზრის გამოთქმას თხოვდნენ, ისინი უბრალოდ გარბოდნენ... თუ ფეხზე იდგნენ, ხომ გარბოდნენ და გარბოდნენ და თუ სადმე ბაღში სკამზე ისხდნენ, წამოცვივდებოდნენ და უკანმოუხედავად მოცოცხავდნენ ხოლმე! და ეს, არც მეტი, არც ნაკლები _ 2008 წელს...

საშინელ გასაჭირშია საქართველო _ ერთის მხრივ საყოველთაო და ძირძველი, ყრუდ დახშული მორალიზმი _ `სექსი სიბინძურეა! მასზე ლაპარაკიც კი სირცხვილია!~, მეორეს მხრივ კი ასევე საყოველთაო გაჭირვება, რომელიც ქართველ ქალებს თურქეთის ქუჩებისკენ სამეძაოდ მიერეკება;
ერთის მხრივ ეკლესიისკენ მიმავალი ქალების ფაცხა-ფუცხით თავსაფრების სწორება, მეორეს მხრივ კი იმავე ქართველი ქალების სექს-მომსახურეობის წინადადებებით (როგორც კაცების, ისე ქალების მომსახურებით...) გადაჭედილი ინტერნეტი;

ერთის მხრივ მართლმადიდებლობის არნახული აღზევება, საყოველთაო `გიხაროდენ~, მარხვები და `არა იმრუშო~, მეორეს მხრივ კი თავგანწირული გაქაჩვა ნატოსა და ევროკავშირისკენ, რომელიც მისი წევრობის მოსურნეებს ერთ-ერთ აუცილებელ პირობად სექსუალურ თავისუფლებას და ჰომოსექსუალისტების უფლებების აღიარებას უყენებს. დღეს რომ ევროკავშირის მოქალაქემ ხმამაღლა თქვას, ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობააო, ციხეში ჩასვამენ. იგივე კანონები გავრცელდება საქართველოშიც, ჩვენ რომ ევროკავშირში შევიდეთ, რაც ასე ძალიან გვწყურია, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლები გახლავართ და ჰომოსექსუალიზმი ჩვენთვის ავადმყოფობა და გადახრა კი არა, ჯოჯოხეთური საზიზღრობაა...

აი, ასეთ დაბნეულობაში ვართ, და ამ დაბნეულობას აზროვნების დეფიციტი იწვევს _ ჩვენ ხომ ყველა პოზიციას (მათ შორის სექსის მიმართაც) მზა სტერეოტიპების და კლიშეების მიხედვით ვიღებთ და არასოდეს მივდივართ ზედაპირულ, ორწინადადებიან `ანალიზზე~ შორს. ვიღაც ღიპიანი ხინკალსა და ხინკალს შორის იტყვის, `ჰომოსექსუალიზმი ბუნებრივი რომ იყოს, ღმერთი ქალსა და კაცს რატომ გააჩენდაო~ და მორჩა, დამტკიცებულია ყველაფერი. ან რომელიმე თავგადახოტრილი გრანტიჭამია ფემინისტი გოგო სადმე ალაფურშეტზე მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკებს, `ჰომოსექსუალიზმი ცხოველებშიც გვხვდებაო~ და მისთვისაც ყველაფერი ნათელი და დამტკიცებულია.

მე თუ მკითხავთ, ყველა უბედურებაში, რაც კი ქვეყანაში ხდება, ქართული ტელევიზიებია დამნაშავე, რომლებიც თავიანთ ეთერში აზროვნების პროცესს ცოცხალი თავით არ აჭაჭანებენ. ჩვენ გვაქვს რუსთავი2 და საპატრიარქოს ტელევიზია. ორივე მათგანს თავისი მზა პოზიცია, მზა იდეოლოგია, ცხოვრების მზა რეცეპტი აქვს და მის პროპაგანდას ეწევა. ერთი აბსოლუტური გარყვნილების პროპაგანდას, მეორე _ აბსოლუტური თავშეკავების პროპაგანდას.

ყველაზე ამაზრზენი კი, რაც ჩვენს ტელევიზიებს ახასიათებს, უკიდურესობებით სპეკულირებაა. ეროტიზმი თავისთავად გარყვნილება არაა, მაგრამ მისით სპეკულაცია ნამდვილი სიმდაბლე და სულიერი გახრწნაა. სპეკულაციაა, როცა პოპულარობის (და შესაბამისად ფულის) მოპოვებას ქალის შიშველი ნაწილების და ეროტიული სცენების ხარჯზე ცდილობ. როცა ფილმის ანონსში იმ ეროტიულ სცენას აჩვენებ, რომელიც სინამდვილეში ამ ფილმში ერთადერთია. ფილმი შეიძლება ჩვეულებრივი მელოდრამა იყოს, ან სულაც კომედია, მაგრამ მაყურებელს შენ მაინც პირდები, რომ მასში ბევრი შიშველი სცენა იქნება. ასე `აბამ~ და ატყუებ.

იგივე ხარისხის სპეკულაციაა სულიერი თემებით სპეკულაციაც. ამით ძირითადად სულ ცოტა ხნის წინ ტრაგიკულად დაღუპული `იმედი~ იყო აქტიურად დაკავებული. ალბათ გახსოვთ მრავალრიცხოვანი `მართლმადიდებული~ შეფერილობის ტექსტები რეპორტაჟებში და ყბბადაღებული (და გოიმური) `ღმერთს ებარებოდეთ~ დადაცემა `დროების~ დასასრულს.

სექსიც და მართლმადიდებლობაც ქართულმა ტელევიზიებმა საკუთარი რეიტინგის გაზრდის საშუალებად აქციეს. შედეგად მივიღეთ საზოგადოების ფარული გახლეჩა _ ერთის მხრივ აგრესია ყოველგვარი სექსუალურობის მიმართ (ალბათ გახსოვთ, როგორ ასხამდა ვიღაც თბილისის ქუჩებში, სარეკლამო ბანერებზე გამოსახულ ოდნავ შიშველ ქალებს შავ საღებავს), მეორეს მხრივ კი საყოველთაო `მართლმადიდებლიზაცია~. ამის მიმართ გაღიზიანება კი ინტელიგენტურ წრეებსა და შედარებით თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებში გაჩნდა. ტელევიზიების ანგარებიანი უპასუხისმგებლობის წყალობით საზოგადოება ორ უკიდურესობაში გადავარდა და შეურიგებელ მოწინააღმდეგეებად დაიყო. ამის მაგალითი იყო თუნდაც `ფლეიბოის~ ირგვლივ გამართული დისკუსიები, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა...

ასე გადის წლები. ასე ვცხოვრობთ ორი ურთიერთგამომრიცხავი პოლუსის ამარა და უმეტესობამ ისიც კი არ ვიცით, რომ ეს პოლუსები ურთიერთგამომრიცხავია. მაგალითად ბევრი ცდილობს, `თანამედროვედ მოაზროვნეც~ იყოს და `ჭეშმარიტი~ მართლმადიდებელიც, და წარმოდგენაც არა აქვს, რომ ეს ორი რამ შეუთავსებელია, რადგან არც ერთის ფუნდამენტურ პრინციპებს იცნობს წესიერად და არც მეორისას.

ამით იმის თქმა მინდა, რომ იმ გზების გასაყარზე აღმოვჩნდით, რომელთა შეერთებაც შეუძლებელია, მაგრამ სხვა გზაც არ გვაქვს. შეუძლებელია ერთდროულად სექსის შესახებ თანამედროვე წარმოდგენებსაც იზიარებდე და `არა იმრუშოსაც~. არადა მსოფლიო ჯიუტად გვაწვება თავისი სულ უფრო და უფრო მზარდი თავისუფლებით, ინდივიდუალიზმით, ჰოლივუდით, ინტერნეტით, ეროტიკით, პორნოგრაფიით... მსოფლიო გვაიძულებს დავფიქრდეთ, პასუხი გავცეთ ახალ-ახალ შეკითხვებს, ჩვენ კი გაოგნებულები აქეთ-ექით ვაწყდებით და ჩვეულებისამებრ დასაყრდენს აზროვნებაში კი არ ვეძებთ, არამედ ისევ მზა რეცეპტებში. ამიტომ აღზევდა ასე არნახულად ბოლო წლებში მართლმადიდებლობა. დღევანდელი ქართული მასობრივი მართლმადიდებლობა არ არის თავისთავად ფასეული რამ _ ის არის რეაქცია დასავლეთიდან წამოსულ `ამორალურობაზე~, ანუ ჩვენთვის ჯერ კიდევ გაუგებარ და შემაშფოთებელ თავისუფლებაზე.

იმის გამო, რომ საკომუნიკაციო საშუალებები, განსაკუთრებით კი ინტერნეტი არნახულად განვითარდა და მსოფლიო, ფაქტიურად ერთ მთლიანობად გადაიქცა, ჩვენ რევოლუციის ქარცეცხლში აღმოვჩნდით. რევოლუციაში ცნობიერების მკვეთრ და იძულებით ცვლილებას ვგულისხმობ.
ის, სადამდეც დასავლეთმა ნაბიჯ-ნაბიჯ, საუკუნეების მანძილზე იარა, ჩვენ ერთბაშად დაგვატყდა თავს. მეოცე საუკუნის ბოლომდე ხომ ჩვენ ნახევრად ფეოდალური, ნათესაურ-ახლობლური, კოლექტივისტური ცნობიერება გვქონდა _ მეოცე საუკუნის ბოლომდე ქართველი თავის პირადულ, ინტიმურ საკითხებს ახლობელ-ნათესავთა, კოლექტივის აზრის გათვალისწინებით წყვეტდა. `რას იტყვის ხალხი!~ _ ეს ხომ დღესაც კი ყველაზე აქტუალური კითხვაა ჩვენთვის. სექსზე ხომ საერთოდ არაა ლაპარაკი _ საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით ჩვენთან მართლა არ იყო სექსი! ისე ვიზრდებოდით და ვმრავლდებოდით, რომ სექსზე სიტყვის დაძვრაც კი წარმოუდგენლად მიგვაჩნდა. იმის თქმაც კი, რომ სექსი სიბინძურეა, შეუძლებელი იყო _ ჩვენს ძალებს და უფლებებს აღემატებოდა მგონი ფიქრიც კი სექსზე, არათუ ხმამაღლა ლაპარაკი. ალბათ მსოფლიოში არ არსებობს იმ საქართველოზე უფრო ტაბუირებული და პურიტანული საზოგადოება, რომლადაც ის მეოცე საუკუნის ბოლომდე დარჩა.
აქ კი უეცრად თავზე დაგვატყდა ეს დასავლეთი, თავისი დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით და `თავისუფლებებით~, თავისი ვიდეომაგნიტოფონებით, კინოთი და მუსიკით, თავისი ფროიდით და ტინტო ბრასით, მერლინ მონროს აფრიალებული კაბით და `ემანუელათი~... ჩვენ დავინახეთ, რომ მსოფლიო სულ სხვანაირად ცხოვრობს და ეს დღითიდღე, წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა.

ჩვენ არ დაგვიწყია იმაზე ფიქრი, თუ რატომ ცხოვრობდნენ ისინი ასე და არც იმის ანალიზს შევდგომივართ, თუ როგორ მივიდნენ აქამდე. ჩვენ შევეცადეთ, არ გვეაზროვნა და ეს ყველაფერი უბრალოდ `გაგვეტარებინა~ და ეს არის ყველა ჩვენი უბედურების მიზეზი, რადგან შინაგანი წინააღმდეგობა სულ უფრო და უფრო იზრდება, სულ უფრო მეტად გვიპყრობს გაორება...
შემდეგ კი, როცა დასავლური ნიაღვარი ყოვლისმომცველი და ყოვლისმშთანმთქმელი გახდა, ჩვენდაუნებურად დაგვეუფლა შეგრძნება, რომ ჩვენი არსებობის, ჩვენი ეროვნულობის, განუმეორებლობის, იდენტურობის საფუძვლები ინგრევა, რომ გვიპყრობენ, რაღაცას გვინგრევენ და გვართმევენ, რაღაცას, რაც ჩვენია და რის გარეშეც თავს საშინლად უსაძირკვლოდ, მიწასმოწყვეტილად და ეულად ვგრძნობთ ამ უზარმაზარ და შეშლილ მსოფლიოში.

ამ შინაგან ცეცხლს პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმაც ბევრი ნავთი და ბენზინი ასხეს. პოლიტიკოსებმა, რომლებიც აშკარად უცხო ძალებს ემსახურებიან და ფიზიონომიითაც კი არ გვანან ქართველებს, ეს გრძნობა უკიდურესად გაამძაფრეს, ჟურნალისტებმა კი, რომლებიც პოლიტიკოსების ყურმოჭრილი ყმები გახლავან, იმის ნაცვლად, რომ ინფორმაციული ვაკუუმი ამოევსოთ და ხალხს ყველა საკითხისა და დეტალის გარკვევაში დახმარებოდნენ, მთლიანად უარი თქვეს შემეცნებით მიმართულებაზე, პირწმინდად ხელი აიღეს აზროვნებაზე და საქართველო ბედის ანაბარა, უარესიც _ ლოზუნგებისა და მზა რეცეპტების ამარა დატოვეს. არავის იმხელა დანაშაული არ ჩაუდენია საქართველოს წინაშე, რამხელაც ქართულმა ტელევიზიებმა და მათმა მესვეურებმა ჩაიდინეს ბოლო 15 წლის მანძილზე!

ასე რომ გასაკვირი არაა, რომ კომუნისტური ჯოჯოხეთიდან გამოქცეულმა და დემოკრატიულ გაუგებრობაში მოხვედრილმა ქართველებმა მასიურად ეკლესიას მიაშურეს. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ რუსეთს მოწყვეტამ ქართველ მამაკაცებს სექსუალური ენერგიის დახარჯვის ერთადერთი გზა გადაუკეტა.
იმის გამო, რომ რუს ქალებს ვეღარ ეუფლებოდნენ, ქართველი კაცები ლოცვანსა და ოლარების აელვარების ხელოვნებას დაეუფლენ; მამები რომ ვეღარ გახდნენ, `მამაოებად~ იქცნენ...

ეს წინადადება მხოლოდ ფაქტის კოსტანტაციაა და მიუხედავად იმისა, რომ ასე ჩანს, მასში ირონიისა და თავხედობის ნატამალიც არის. თუმცა ამაში
მხოლოდ მას შემდეგ დარწმუნდებით, რაც უდიდესი მეცნიერის, ვილჰელმ რაიხის ამ წიგნში წარმოდგენილ ნაშრომს, `ემოციურ ჭირს~ გაეცნობით.

ვილჰელმ რაიხის თეორია ყველაზე მარტივად და სქემატურად ასე გამოიყურება: ადამიანში იმთავითვე მოცემულია ბუნებრივი სექსუალურობა და კომუნიკაბელურობა, რაც ჰარმონიული და ბედნიერი ცხოვრების საწინდარია და ადამიანი ასეთიც იქნებოდა, ჰარმონიული და ბედნიერი, რომ არა საზოგადოების მორალი, რომელიც მას ბავშვობიდან უამრავ აკრძალვას უწესებს. ეს აკრძალვები ადამიანში ბავშვობიდანვე იწვევს ბუნებრივი სექსუალური გამოვლინებების ჩახშობას. რაიხის მტკიცებით, აბსოლუტურად ყველა ადამიანში, ფსიქოანალიტიკოსთან სამკურნალოდ მისულ ყველა პაციენტში, გამონაკლისის გარეშე, არსებობს კონფლიქტი მორალსა და ინსტინქტებს შორის. ბავშვი, იმისათვის, რომ საზოგადოებაში თავი დაიმკვიდროს, ცდილობს მის მიმართ წამოყენებულ მოთხოვნებს, ანუ მორალს მოერგოს, რისთვისაც ის თავს `იციებს~, ანუ ახშობს და ყინავს, გამოსავალს არ აძლევს საკუთარ სექსუალურობას. ამის შედეგად შინაგანი კოფლიქტი კიდევ უფრო მძაფრდება. გზაგაჩახერგილი ბუნებრივი სექსუალური მოთხოვნილება, დაუხარჯავი ენერგია შიგნით აკუმულირდება და იქცევა იმად, რასაც რაიხი `ჩანაცვლებულ, მეორად სექსუალურობას~ უწოდებს. ასე ჩნდება ყოველგვარი სექსუალური გადახრა _ სადისტური, მაზოხისტური თუ ჰომოსექსუალური სექსის მოთხოვნილება. მაგრამ კონფლიქტი მორალსა და მოთხოვნილებას შორის კვლავ ძალაში რჩება. უფრო მეტიც _ ის კიდევ უფრო მძაფრდება, რადგან თუ მორალისთვის ბუნებრივი სექსუალურობა იყო მიუღებელი, ჩანაცვლებული სექსუალურობა, ანუ გადახრები, გაუკუღმართებული სექსი ასწილად უფრო მიუღებელია. ამ კონფლიქტის წყალობით ადამიანის მთელი ფსიქიკური ენერგია გაუკუღმართებული სექსუალურობის ჩახშობაზე იხარჯება, იმაზე, რომ ეს სურვილები ცნობიერამდე არ მიუშვას, რადგან ეშინია მათი გაცნობიერების. ყოველ ავადმყოფს აქვს `ემოციური ჯავშანი~, რომელიც მას იმ აზრებისგან იცავს, მისი ცხოვრების წესს რომ აკრიტიკებენ.... და რადგან მთელი პროცესი ქვეცნობიერში მიმდინარეობს, ადამიანს არ შეუძლია მას ხელი შეუშალოს ან როგორმე რითიმე თავს უშველოს.
ამ პროცესს მიაქვს ადამიანის მთელი სასიცოცხლო ენერგია, რის შედეგადაც ადამიანი კარგავს ბუნებრივ შრომისუნარიანობას, სიხალისეს, ბედნიერების განცდას. ის საბოლოოდ ყალიბდება ნევროტულ პიროვნებად. რაიხის მიხედვით, არსებობს ნევროტულობის ორი ძირითადი სტადია _ `ჩვეულებრივი~ ნევროტულობა და მისი გამძაფრებული, უკიდურესი ფორმა, რომელსაც რაიხი `ემოციურ ჭირს~ უწოდებდა.
`ემოციური ჭირის~ ერთ-ერთი აშკარა გამოვლინებაა, მეცნიერის დაკვირვებით, ძლიერი სწრაფვა ირაციონალიზმისა და მისტიციზმისკენ (რისი მაგალითიც, ჩემი აზრით, თუნდაც დღევანდელი საქართველოა). რაიხის მიერ განკურნებული პაციენტები როგორც წესი, ნევროზთან ერთად ირაციონალიზმისა და მისტიციზმისკენ მიდრეკილებისგანაც თავისუფლდებოდნენ.

`ემოციური ჭირი~ ის სტადიაა, როცა ქვეცნობიერი ბრძოლა სურვილებსა და მორალს შორის იმდენად გამძაფრებულია, რომ ადამიანს მისი ატანის ძალა აღარ შესწევს. ამიტომ მას თავისი `დანაშაული~ საკუთარი არსების გარეთ გააქვს _ პროეცირებას ახდენს სხვა ადამიანებსა თუ მოვლენებზე, მათში გარყვნილებას და სიბინძურეს, `ბოროტებას~ ხედავს. ასე ჩნდება ჭორები, ცილისწამება, სხვის საქმეში ჩარევა, საზოგადოების `სიჯანსაღეზე~ ზრუნვა, `ხალხის მტრები~...

იმის გამო, რომ ასეთი ადამიანები უკიდურესად ნევროტულები არიან და მოკლებული არიან ბედნიერებას, სიმშვიდეს, ისინი ყველაზე მეტი აქტიურობით გამოიჩევიან, ამასთან ერთად ახასიათებთ გაერთიანებისკენ, ორგანიზაციების ჩამოყალიბებისკენ სწრაფვა. ამ დროს ისინი ყოველთვის რაიმეს წინააღმდეგ, რაიმეს სიძულვილით ერთიანდებიან და არა სიყვარულით. ხოლო როცა საზოგადოებაში პურიტანული მორალი მეტისმეტად მძლავრობს, ასეთი გაერთიანებებიც უფრო ძლიერი და ყოვლისმომცველი ხდება. ამას რაიხი `ემოციური ჭირის ეპიდემიას~ უწოდებს. მართალია, ემოციური ჭირი ფიზიკური გზით გადამდები არ არის, მაგრამ ეპიდემიური აფეთქების უნარი მაინც აქვს. კაცობრიობის ისტორიაში ასეთი აფეთქებები იყო ინკვიზიცია, ფაშიზმი, კომუნიზმი, ასეთი აფეთქებაა ნებისმიერი ომი და სისხლისღვრა, იმპერიალიზმი, როგორც უნივერსალური ფენომენი.

ნერვოზებისგან, ისტერიისაგან რაიხმა ათასობით პაციენტი განკურნა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მისმა ორმოცწლიანმა კლინიკურმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს აღარ უჩნდებოდათ მეორადი, ჩანაცვლებული სექსუალური სურვილები. ისინი თავისუფლდებოდნენ სადისტური, მაზოხისტური თუ სხვა ფანტაზიებისგან. უფრო მეტიც, მათ აღარ ჰქონდათ სექსუალური კავშირის მრავალ პარტნიორთან დამყარების სურვილი და ერთ პარტნიორთან ურთიერთობით კმაყოფილდებოდნენ.
ვილჰელმ რაიხმა აღმოაჩინა ე.წ. კოსმიური ენერგია, `სიცოცხლის ენერგია~, ანუ ენერგია, რომელიც ცოცხალ არსებას სიცოცხლის უნარს ანიჭებს. ეს ენერგია მან ხელსაწყოების მეშვეობით დააფიქსირა, გაზომა და შეისწავლა. რაიხმა მას `ორგონის ენერგია~ უწოდა. სიცოცხლის ბოლო წლები მეცნიერმა ამ ენერგიით მკურნალობას მიუძღვნა.

ვილხელმ რაიხისა და მისი მოღვაწეობის უფრო დაწვრილებით გასაცნობად შეგიძლიათ ამ კრებულში მოთავსებულ მის ბიოგრაფიას გაეცნოთ. აქ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მისი სახელობის ორგონომიკის ინსტიტუტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დღესაც არსებობს და დღესაც მისი მეთოდებით მუშაობს. ამ ინსტიტუტის საიტზე წწწ.????? მრავალ საინტერესო მასალას შეგიძლიათ გაეცნოთ, მათ შორის ფსიქოლოგ-ორგონომისტის მიერ რაიხის მეთოდით ჰომოსექსუალიზმისგან განკურნების დაწვრილებით ჩანაწერსაც.
მეორე ავტორი, რომლის ნამუშევარიც სრულად, შემოკლებების გარეშე შევიდა ჩვენს კრებულში, ბჰაგავან შრი რაჯნეშია, იგივე ოშო. ეს ინდოელი სულიერი მასწავლებელი საკუთარ თავს ფილოსოფოსად არ თვლის, თავის მოძღვრებას კი `შინაგან ალქიმიას~ უწოდებს. წიგნში `ტანტრა _ ენერგია და ექსტაზი~ იგი გენიალურობამდე მოულოდნელად და ძალზე პოეტურად აყალიბებს სიყვარულისა და სექსის, მათი `შინაგანი ალქიმიის~, შინაგანი კანონზომიერებების მისეულ ხედვას. ოშო აკრიტიკებს და უარყოფს უკიდურესობებს _ როგორც პურიტანზმსა და მორალს, როგორც ასეთს, ისე დასავლეთში გავრცელებულ პორნოგრაფიას, სექსისადმი და ზოგადად ადამიანისადმი უსულგულო, მომხმარებრულ დამოკიდებულებას. მეტიც, ისევე, როგორც რაიხი, პორნოგრაფიისა და სექსუალური გადახრების მიზეზად ოშოც პურიტანულ მორალს და ასკეტიზმს ასახელებს, რასაც ძალზე ლაკონურად აყალიბებს: `პორნოგრაფია თქვენმა მღვდელმთავრებმა შექმნეს თავისანთი აკრძალვებით!~

პორნოგრაფიას და საერთოდ დასავლეთის სექსუალურ კულტურას ის `ნევროტულ სექსს~ უწოდებს, რასაც უპირისპირებს `მედიტაციურ სექსს~, როგორც ერთადერთ ბუნებრიობას. ასეთ სექსს ის უმშვენიერესად მიიჩნევს. მეტიც _ იგი აყალიბებს ინდოეთში ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას იმის შესახებ, რომ სექსის მეშვეობით _ სექსუალურ ენერგიაზე მუშაობით და მის უმაღლეს ენერგიად გარდაქმნით `გასხივოსნების~, ანუ აბსოლუტთან, ღმერთთან კავშირის მიღწევა შეიძლება.

ოშოს სექსუალური `ალქიმია~ სავსებით ეთანხმება რაიხისა და ზოგადად თანამედროვე მეცნიერების წარმოდგენებს. რა თქმა უნდა ეს არ ეხება მისი მოძღვრების იმ ნაწილს, სადაც ის მიღმიერ სამყაროსთან დაკავშირებაზე საუბრობს, რადგან ეს უბრალოდ მეცნიერების ფარგლებს სცილდება.

ოშოს `მედიტაციური~ სექსის აუცილებელი კომპონენტია სიყვარული. ამაშიც ის ემთხვევა რაიხის მეცნიერულ დასკვნებს. რაიხიც და ოშოც აკრიტიკებენ და გმობენ ოჯახს, როგორც ასეთს. მათი აზრით ოჯახი წარმოადგენს ადამიანის შინაგან, ინტიმურ ცხოვრებაზე ძალით თავსმოხვეული გარეგანი წესებისა და კანონების კრებულს. ეს წესები და კანონები, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ გარედანაა თავსმოხვეული და არა შინაგან კანონზომიერებებზე დამყარებული, ანგრევს ადამიანის ფსიქიკას, მის ჯანმრთელობას. ორივე ავტორი მიიჩნევს, რომ არაბუნებრივია და ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რომ ცოლ-ქმარს, რომელთა სიყვარულიც ამოიწურა, რომლებიც აღარ არიან შეყვარებულები, არ აქვთ უფლება `გვერდზე გაიხედონ~ და რაიხის სიტყვებით რომ ვთქვათ, `ბედნიერი სასიყვარულო ურთიერთობები~ დაამყარონ, რაც მისი აზრით, სრულიად აუცილებელია იმისთვის, რომ ნევროტიკად არ იქცე. რა თქმა უნდა, ოფიციალურად მათ აქვთ გაშორების უფლება, მაგრამ მთელი საზოგადოება თავისი მორალითა და დაუწერელი კანონებით შინაგანად ეწინააღმდეგება ამას.

აქ, რა თქმა უნდა, მკითხველს კითხვა გაუჩნდება: აბა როგორ გინდათ, რომ იყოს, ყველამ როგორც უნდა, ისე იგულაოს? ასე ხომ არეულობა და ქაოსი გამეფდებაო!
დღევანდელ ადამიანს ოჯახი წესრიგად ეჩვენება, ცხოვრების ნებისმიერი სხვა ფორმა კი ქაოსად. ეს იმას გავს, დიდხანს ციხეში ჯდომის შემდეგ პატიმარს გარეთ გასვლის შიში რომ ეუფლება. ან ჩიტს რომ გალიის კარს გაუღებ და რომ არ მიფრინავს... ასეთ მდგომარეობაში მყოფს ვერ აუხსნი, რომ თავისუფლება ისევე ჭირდება ცოცხალ არსებას, როგორც ჰაერი, რომ ზოოპარკში ცხოველები უფრო მალე კვდებიან, ვიდრე ტყეში...

ოჯახის ინსტიტუტის მომხრეთა ყველაზე სერიოზული არგუმენტი ის გახლავთ, რომ ოჯახის არასტაბილურობით ბავშვები ზარალდებიან. და მართლაც, ცნობილია, რომ დედ-მამის დაცილებას ბავვები და მოზარდები ძალზე მტკივნეულად განიცდიან და ხშირად ფსიქოლოგიურადაც ტრამვირდებიან. მაგრამ ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით ამის მიზეზი ის არის, რომ ყველა ბავშვს სოციუმში თვითდამკვიდრებისკენ ძლიერი სწრაფვა აქვს, ამიტომ მისთვის ძნელი გადასატანია, როცა ირგვლივ ყველა ბავშვს დედაც ჰყავს და მამაც, და `მაინცდამაინც~ მხოლოდ მისი მამა ან დედაა `შორს~. ანუ ასე ძლიერ გაბატონებული რომ არ იყოს აზრი, რომ ყველა ბავშვი `წესიერ~ ოჯახში უნდა ცხოვრობდეს, ბავშვებისთვის მშობლების გაცილება ასეთი მტკივნეული არ იქნებოდა. ბევრის აზრით ბავშვს იმთავითვე კოდირებული აქვს იმის მოთხოვნილება, რომ ოჯახში, დედასთან და მამასთან უნდა იცხოვროს, მაგრამ ამაზე ფსიქოლოგები პასუხობენ, რომ ბევრი ბავშვი სწორედ იმით ტრამვირდება, რომ მშობლებს გაშორების ძალა არ ჰყოფნით, რის გამოც ოჯახში მუდმივი კონფლიქტები, ჩხუბი, ყვირილი და დაძაბულობა, ერთი სიტყვით ნევროტული, არაჯანსაღი სიტუაციაა. სინამდვილეში ერთადერთი რამ, რისი მოთხოვნილებაც მართლაა კოდირებული ყოველ ბავშვში, ეს ჰარმონიული, სიყვარულითა და სითბოთი სავსე ურთიერთობებია. სიყვარული მართლაც ყველაფრის მკურნალია და როცა ბავშვი ნევროტული გარემოდან მოსიყვარულე ადამიანებთან ხვდება, ის მშვიდდება და ნელ-ნელა ფსიქოლოგიურ ტრამვებსაც იშუშებს. თუნდაც ეს ნევროტული გარემო მისი ოჯახი იყოს, სიყვარულით სავსე გარემო კი _ არა. ვილჰელმ რაიხიცა და ოშოც დარწმუნებულნი არიან, რომ ოდესმე კაცობრიობა ოდესმე მიაღწევს იმ მდგომარეობას, როცა ადამიანები კომუნებად, თემებად იცხოვრებენ და როცა ბავშვზე ოჯახი კი არა, მთელი საზოგადოება იქნება პასუხისმგებელი. როცა უმაღლეს ფასეულობად ადამიანზე გარედან თავს მოხვეული ოჯახური თუ სხვა კანონები კი არ იქნება გამოცხადებული, არამედ თვით ადამიანი და მისი თავისუფლება, სიყვარული და მისი შინაგანი კანონზომიერებანი. ორივე ავტორი დარწმუნებულია, რომ ასეთი ცხოვრების წესი უფრო ჰარმონიული და ბედნიერების მომტანია.

შეიძლება დაუსრულებლად იკამათო, რა იქნება ქაოსი და რა არა, მაგრამ ერთი რამ სრულიად ცხადია, თუ ამოსავალ წერტილად ადამიანის თავისუფლებას, მის ჰარმონიულობასა და ბედნიერებას ავიღებთ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქაოსი და ანარქია სწორედ დღეს, `წესრიგის~ პირობებში სუფევს. და ამ მოსაზრებას ნებისმიერი ფსიქოლოგი დაადასტურებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს რთული და წინააღმდეგობრივი თემაა და შესავალში მისი ამომწურავად გაშლა შეუძლებელია. თვალი გადავავლოთ სტატისტიკას:

მეოცე საუკუნის დასაწყისსა და შუაწლებში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოჯახების მხოლოდ უმნიშვნელო პროცენტი იყო კმაყოფილი თავისი ხვედრით, უმეტესი ნაწილი კი თავს უბედურად თვლიდა! ამ უმნიშვნელო პროცენტიდან კი უმეტესობას ის ოჯახები შეადგენდნენ, რომლებიც მხოლოდ სამი წლის დაქორწინებულები იყვნენ...
მეოცე საუკუნის ბოლოსთვის ეს სტატისტიკა შედარებით `გამოსწორდა~, ძირითადად იმის გამო, რომ მთელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მიმდინარე იმ პროცესის წყალობით, რომელსაც `სექსუალური რევოლუცია~ ეწოდება, ადამიანებმა საკუთარი მოთხოვნილებებისთვის ანგარიშის გაწევა ისწავლეს. ამის შედეგად დღეს დასავლეთში წყვილები უმეტესად 30-დან 40 წლამდე ასაკში ქორწინდებიან, მაშინ, როცა ვნებები ბევრად უფრო დამცხრალია და `მყუდრო~ ცხოვრების მოთხოვნილებაც უფრო მეტია. თანაც დღევანდელი ადამიანები გაცილებით უფრო შემწყნარებლურად უყურებენ პარტნიორთა თავისუფლებას და მათ სურვილებსაც მეტ ანგარიშს უწევენ. გავრცელებულია ოჯახური ცხოვრების უამრავნაირი ალტერნატიული ვარიანტი, სხვადასხვა სახის სვინგერიზმი და ა.შ.
საქართველოში კი ამ მხრივ მართლაც საგანგაშო მდგომარეობაა. უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით დაქორწინებულ წყვილთა მხოლოდ 15 პროცენტი ინარჩუნებს ოჯახს, ოჯახების დანარჩენი 85 (!) პროცენტი წინასწარ განწირულია დანგრვისთვის. რას უნდა მივაწეროთ ასეთი სტატისტიკა, თუ არა ჩვენს სრულ გაუნათლებლობას სექსისა და საერთოდ ადამიანის შინაგანი სამყაროს სფეროში. გაუნათლებლობას, რომლის მიზეზიც, რა თქმა უნდა ჩვენი კოლექტიური მორალიზმის განსაკუთრებული სიმკაცრეა.
დღესაც კი, XXI საუკუნის ქართულ სოფლებში, ისევე როგორც შუა საუკუნეების ინგლისში, ქალებმა არ იციან, რომ სექსუალური ცხოვრებისგან სიამოვნება მათაც შეიძლება მიიღონ და `ლოგინს~ მხოლოდ ქმრის მიმართ მოვალეობის შესრულებად მიიჩნევენ. ისინი საერთოდ არ იცნობენ სიტყვა ორგაზმს. ზედმეტია ლაპარაკი სექსუალური ცხოვრების ბევრ აუცილებელ წვრილმანზე.

ამასთან დაკავშირებით ერთი სასაცილო ამბავი მინდა გავიხსენო. ბათუმში ჟურნალ `კოსმოპოლიტენის~ ბანერს ამონტაჟებდნენ. ბანერზე ჟურნალის პირველი გვერდი იყო გამოსახული. ერთი მუშა ჟურნალის თანამშრომელთან მივიდა და უთხრა, თქვენი ჟურნალის პირველ გვერდზე შეცდომა ვიპოვე, სიტყვა `ორგანიზმში~ `ნი~ გამოგრჩენიათო...

ამის სტატისტიკა ჯერ არ არსებობს, მაგრამ ვისაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დიდხანს უცხოვრია, იმან კარგად იცის, რომ მთელს საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული ზოოფილია, გერონტოფილია და პედოფილია. ამ სამიდან ორი უკნასკნელი ბევრად უფრო შენიღბულია, ზოოფილია კი საიდუმლოს არ წარმოადგენს. ბევრ სოფელში ახალგახრდები ერთმანეთს არ უმალავენ თავიანთ სექსუალურ თავგადასავლებს ცხენებთან, თხებთან, ვირებთან, ინდაურებთან... მათი საუბრების მოწმე რამოდენიმეჯერ მე თვითონ გავხდი.

ყველა მათგანს, როგორც ნამდვილ ქართველებს, ღრმად სწამთ გაბატონებული მორალის ერთადერთობისა და სიწმინდის, რომლის მსხვერპლნიც თვითონვე არიან...

სუფრაზე ისინი, როგორც ერთი, ისე მოირგებენ ხოლმე `ვაჟკაცობის~, `კაცურ-კაცობისა~ და `ქართველობის~ ნიღაბს და რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნებული იქნებიან, რომ ეს ასეც უნდა იყოს, რომ ეს სულაც არაა ნიღაბი...
მოდი და ამის შემდეგ ნუ ირწმუნებ რაიხის სიტყვებს, რომ `ყოველ პაციენტში არსებობს შინაგანი გაორება და კონფლიქტი მოთხოვნილებასა და მორალს შორის~... რომ ყოველ ავადმყოფს აქვს `ემოციური ჯავშანი~, რომელიც მას იმ აზრებისგან იცავს, მისი ცხოვრების წესს რომ აკრიტიკებენ....

დღეს ქართველის ცნობიერებაში ორი უკიდურესობა დომინირებს _ `თანამედროვე~ აზროვნება, ანუ აბსოლუტური ნიჰილიზმი ყოველივე `ამაღლებულის~ მიმართ და ასკეტური რელიგიურობა, ზიზღი ყოველივე `მიწიერისადმი~.

დღეს ქართველისთვის ძირითადად ორი გასართობი არსებობს _ პორნოგრაფია და მარხვები (ან ორივე ერთად...). სწორედ ეს ორი უკიდურესობა არის დღეს საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომი და შესაბამისად ყველაზე გავრცელებულიც. მაგრამ როგორც იტყვიან, უკიდურესობები ერთმანეთს ემთხვევა. ამ გამონათქვამში უდიდესი სიმართლე იმალება _ ყველა უკიდურესობა თავის თავში შეიცავს რაღაც ისეთს, რაც დამახასიათებელია მეორე, მისი საპირისპირო უკიდურესობისთვისაც. ამ შემთხვევაში ორივე უკიდურესობა _ პორნოგრაფიაც და ასკეტიზმიც ერთნაირად უარყოფს და დასცინის თვით ბუნებას _ ბუნებრიობას, ბუნებრივ სექსუალურ ცხოვრებას. პორნოგრაფია ფეხქვეშ თელავს სექსისთვის აუცილებელ (ან ყოველშემთხვევაში სასურველ) ინტიმურობას, მის შინაგან კავშირს სიყვარულთან და ამ ორის თანხმობის მშვენიერებას. ასკეტიზმიც იგივეს სჩადის.

ქრისტიანული მორალისთვის ხომ არ არსებობს ქალ-ვაჟის მშვენიერი სიყვარულის ცნება. მისთვის მისაღებია მხოლოდ ის `სიყვარული~, რომელიც გარედან მოხვეულ წესებს _ ოჯახისა და საზოგადოების კანონებს შეესაბამება და ემორჩილება. ქრისტიანობა არ ცნობს სიყვარულს (რომელიც თავისთავში სექსსაც მოიცავს), როგორც თავისთავად ღირებულებას, ის ვერ ხედავს სიყვარულის, როგორც ბუნებრივი, ბუნებისმიერი ფენომენის შინაგან კანონზომიერებებს და მშვენიერებას. მისთვის არსებობს მხოლოდ ბრძანებები: `არა იმრუშო~! და ცნებები `ცოდვა~ და `მონანიება~. ქრისტიანობა ვერ ხედავს იმას, რაც თანამედროვე მეცნიერებამაც კი დაინახა: ღრმა შინაგან კავშირს სიყვარულსა და სექსს შორის. საქმე ისაა, რომ სექსი ბევრად უფრო ჰარმონიული და მდიდარია, ბევრად უფრო ღრმა და ბედნიერ განცდებს იძლევა (თუ გნებავთ, `დაკმაყოფილება~ დაარქვით), როცა ის სიყვარულის, პიროვნებით აღტაცების გაგრძელება და მისი ნაწილია. სხვანაირად რომ ვთქვათ, შინაგანი კავშირი სიყვარულსა და სექსს შორის იდეოლოგიური კი არ არის, ან მხოლოდ `სულიერი~, არამედ ფიზიოლოგიური.

ჩვენ კი, ქართველებმა, ჩვენი ქრონიკული საქმეში ჩაუხედაობის და ზედაპირულობის წყალობით, მივიღეთ პორნოგრაფია და არ მივიღეთ სიყვარული.

ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა. დღეს ქართველი მოზარდები, გოგოებიც და ბიჭებიც, ინტიმურ ცხოვრებას სწორედ პორნოგრაფიის საშუალებით ეზიარებიან. მათ პორნოგრაფიის ყურების უფრო მეტი საშუალება და მორალური უფლება აქვთ, ვიდრე ბუნებრივი სიყვარულით ტკბობის. მშობლებმა გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა _ რას უფრო ადრე ეზიარეთ, პორნოგრაფიას თუ სიყვარულს? ან თქვენს შვილებს ჰკითხეთ, რომელი უფრო ადრე ჰქონდათ? რა უფრო ხშირია მათ ცხოვრებაში _ პორნოგრაფია თუ სიყვარული?
დარწმუნებული ვარ, რომ 100-დან 99 (თუ ასივე არა) ერთ პასუხს მიითებთ _ პორნოგრაფია.

ამის მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ პორნოგრაფია მასიურად შემოვიდა ქვეყანაში. მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ჩვენთან სიყვარული ფაქტიურად აკრძალულია. ჩვენ რომ გავიგოთ, რომ ჩვენმა 15 წლის შვილმა პორნოს უყურა, შემწყნარებლურად გაგვეღიმება და არაფერს მოვიმოქმედებთ. მაქსიმუმ შეიძლება კასეტა დავუმალოთ ან კომპიუტერში პორნო-საიტების დამბლოკავი პროგრამა დავუყენოთ. თუმცა გვეცოდინება, რომ ეს არაფერს შეცვლის და ამასთან შეგუებულები ვიქნებით. მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თქვენი 15 წლის გოგო თავის ტოლ ბიჭთან სიყვარულს რომ მიეცეს? სიყვარულს, რომელიც, თავისთავად ცხადია, სექსსაც გულისხმობს?
დარწმუნებული ვარ, ასეთი `საშინელება~ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოგიდგენიათ და `ღმერთმა დაიფაროს და~ ასეთი რამ მართლაც მოხდეს, საწყალ ბავშვს ალბათ შუაზე გაგლეჯთ. შეიძლება შემოგაკვდეთ კიდეც. ეს მანაც იცის _ დედის რძესთან ერთად აქვს შეთვისებული და ამიტომ სექსუალურად მომწიფდება თუ არა, ძალაუნებურად პორნოგრაფიას მიაშურებს, რადგან სურვილს ვერ მოკლავ, მას ბუნება (ანუ ღმერთი) შობს და მუდმივად ასაზრდოებს. ამ დროს, მოდით, ვიკითხოთ _ რა უფრო ბუნებრივია სექსუალურად მომწიფებული ადამიანისთვის, პორნოგრაფიის ყურება თუ სიყვარული?
რა თქმა უნდა სიყვარულია ბუნებრივი და არა პორნოგრაფია _ მისთვის ხომ მოზარდი თვით ბუნებამ მოამწიფა?!

საქართველოში მოზარდები მასიურად ეუფლებიან პორნოგრაფიას, მხოლოდ იმიტომ, რომ ბუნებრივ ურთიერთობებს ტაბუ ადევს.

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როცა ადამიანი თავისთავს პორნოგრაფიის საშუალებით ეცნობა!
მითუმეტეს მოზარდი, მითუმეტეს პირველად!

მაგრამ ჩვენ პორნოგრაფიას უფრო შემწყნარებლურად ვუყურებთ, იმიტომ რომ სიყვარული საშიშად გვეჩვენება _ ჩვენ ხომ თავი ათასი ნაგვით, ათასი ტაბუთი და აკრძალვით გვაქვს სავსე. ათასი კითხვა გვიჩნდება: ბავშვი რომ `თავის ნებაზე~ მივუშვა, რას იტყვის ხალხი? ვინღა მოიყვანს ცოლად? თავი მოეჭრება ოჯახს! ათას არარსებულ რამეზე ვფიქრობთ: `ხალხზე~ _ ვინ არის `ხალხი~? შეგიძლიათ ვინმემ მაჩვენოთ, კონკრეტულად ვინ არის `ხალხი~ ან `საზოგადოება~? ასეთ ვინმეს ვერ მიჩვენებთ, იმიტომ, რომ არ არსებობს. ეს კრებითი, აბსტრაქტული ცნებაა. `ხალხი~ კონკრეტულად არავინ არ არის.

ვღელავთ `ოჯახზე~ და `სახელზეც~ მაგრამ ესენიც აბსტრაქტული ცნებებია. კონკრეტულად არავინ არ არის არც `ოჯახი~ და არც `სახელი~. ჩვენი შვილი კი კონკრეტული ადამიანია და მას აქვს კონკრეტული ორგანიზმი, რომელიც ბუნებამ რაღაცისთვის მოამწიფა, ჩვენ კი ამას ვუშლით ჩვენი იდიოტური წარმოდგენების გამო და არც კი ვუწყით, რომ ამით მის სრულიად კონკრეტულ ჯანმრთელობას ვანგრევთ _ სრულიად არააბსტრაქტულ, კონკრეტულ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას ვუსპობთ _ კონკრეტულად ვასნეულებთ, ვკლავთ.

ამის წაკითხვისას რა თქმა უნდა ბევრს სახეზე უნდობელ-ირონიული ღიმილი გამოესახება, მაგრამ მოდით, გავეცნოთ ამ წიგნში მოკრებილ მასალებს, პირველ რიგში ვილჰელმ რაიხის შრომას, გავეცნოთ თანამედროვე ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და სექსოლოგიის სხვა გამოკვლევებსაც (ყველაფერი, ცხადია, ამ ერთ წიგნში ვერ შევიდოდა) და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტოთ ჩვენი სათუთად ნაზარდი, საყვარელი შვილების ბედი. ჩვენ მათ ისე ვაუბედურებთ, რომ წარმოდგენაც არა გვაქვს, რომ ამას ჩავდივართ. ყველაფერში დამნაშავე კი ჩვენი `მორალია~ _ გაუაზრებელი წარმოდგენების მთელი თაიგული, რომელიც ჩვენ ასევე გაუაზრებლად ჩვენი ცხოვრების ნორმად მივიღეთ და კიდევ _ ინფორმაციის არქონა.

დარწმუნებული ვარ, ბევრი მკითხველი ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ რეალურად შეცვლის ბევრ რამეს თავის ცხოვრებაში, რადგან ამაში აქამდე ხელს მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობა უშლიდა.

რომ არ დაგიმალოთ, მეც დიდხანს გახლდით პურიტანული მორალის მარწუხების ტყვეობაში. ერთხელ, დაახლოებით ათი წლის წინ ასეთი ამბავი შემემთხვა. შვილთან ერთად ტელევიზორს ვუყურებდი. პირველ სტერეოზე დღისით, მზისით ლესბოსური სცენებით სავსე რეკლამას უჩვენებდნენ, თანაც ხშირ-ხშირად იმეორებდნენ. საშინლად აღვშფოთდი და ტელეკომპანიაში დავრეკე (სხვათა შორის, ჰომოსექსუალური სცენების ტელეეთერში ჩვენების წინააღმდეგი ახლაც ვარ). ყურმილი მდივანმა გოგომ აიღო. რომ ავუხსენი, რაც მაწუხებდა, მითხრა, მე მაინც ვერაფერს ვწყვეტ და მოდით ჩვენს ერთ-ერთ უფროსთან გადაგრთავთო. უცებ ყურმილში მამაკაცის ხმა გაისმა: `ლევან რამიშვილი გისმენთ!~ ყურმილი სასწრაფოდ დავკიდე. არ ვიცი, რატომ, ალბათ საკუთარ თავთან ჩხუბი არ მინდოდა... ისე ესეც სიმბოლურია _ ერთ მხარეს პორნოგრაფი ლევან რამიშვილი, მეორე მხარეს კი _ მორალისტი ლევან რამიშვილი... შუაში _ უფსკრული... სწორედ ამ უფსკრულის, ჩვენს ცნობიერებაში მორალსა და მოთხოვნილებას შორის გაჩენილი უფსკრულის ამოსავსებად შეიქმნა ეს კრებული.

ეს წიგნი სექსის თემაზე ღიად საუბრის პირველი მდელობაა საქართველოში. ესაა პირველი ცდა, გავცეთ პასუხი ადამიანისთვის ისეთ აქტუალურ კითხვებს, როგორებიცაა: რა არის სექსი? რა განსაზღვრავს ჩვენს წარმოდგენებს მასზე? რას ნიშნავს თავისუფლება? რატომ არსებობს და რა მოაქვს ადამიანისთვის აკრძალვებს?
რა თქმა უნდა თავისთავად ცხადია, რომ ამ წიგნის შემდგენლები იმთავითვე შორს ვართ იმ ქრისტიანული შეხედულებისგან, რომ სექსში თავისთავად არის რაღაც ცუდი, ბინძური, რომ ის თავისთავად `ცოდვაა~.

შეუძლებელია სექსი თავისთავად ცოდვა იყოს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ ის სიყვარულის ნაწილია!
თუნდაც იმიტომ, რომ მის გარეშე სიყვარული არ არსებობს!

იმედია წიგნის გაცნობის შემდეგ ამაში თვითონ დარწმუნდებით, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, მის შემდგენლებს მკაცრად მაინც ნუ განსჯით _ ჩვენი მიზანი მხოლოდ ინფორმაციის მოწოდება იყო _ ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი ინფორმაციის.
საბოლოო ჯამში სინამდვილეში ეს წიგნი არ არის სექსის შესახებ. იგი არის თავისუფლების შესახებ, ადამიანის ფსიქიკის შინაგანი კანონზომიერებების შესახებ. ესეველთა სახარებაში ვკითხულობთ: `ყველაფერში, რაც არსებობს, მოქმედებს კანონი~. ეს წიგნი იმ შინაგან კანონზომიერებებზეა, რომელიც ადამიანში მოქმედებს, იმაზე, რომ აუცილებელია ადამიანმა ისწავლოს მის შიგნით მიმდინარე ცვლილებების მიმენა, თვალ-ყურის გდება, საკუთარი ფიზიკური თუ ფსიქიკური ცოცხალი ორგანიზმის ყურის გდება და მათYშესაბამისად მოქმედება, რადგან მხოლოდ ასე მიიღწევა ჰარმონიული და ბედნიერი არსებობა. ასეთი ყურის გდება კი მხოლოდ თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი _ გარედან მოტანილი წესების, შეხედულებებისა თუ მორალური პრინციპებისგან სრული განთავისუფლების, მათი აბსოლუტური და უპირობო უარყოფის შემდეგ. მხოლოდ მაშინ შეძლებს ადამიანი მიუგდოს ყური საკუთარ შინაგან არსებას, შინაგანი ცხოვრების მოძრაობას, როცა მას თავს გარედან მოტანილ პრინციპებს აღარ მოახვევს, რაოდენ მაღალზნეობრივნიც არ უნდა იყვნენ ისინი.
თვით სიტყვა სექსი სქესს ნიშნავს. სექსი ორ ადამიანს შორის ურთიერთობაა. ადამიანი კი პირველ რიგში ურთულესი და უფაქიზესი ფსიქიკური ქსოვილია _ ხოლო სექსი მის მიერ შესრულებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფიერი, თუ გნებავთ კოსმიური აქტი. ამიტომ შეუძლებელია სექსში მონაწილეობას არ იღებდეს და მასზე გავლენას არ ახდენდეს ადამიანის ფსიქიკური აგებულება, მისი ინდივიდუალური ფსიქიკის ყველაზე ღრმა შრეების თავისებურებანი და მოძრაობა.

ეს წიგნი არ არის სექსზე ჩვეულბრივი გაგებით, რადგან ასეთი სექსი მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც სინამდვილეში ეწოდება სექსი _ სქესთაშორისი ურთიერთობა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ _ სიყვარული.

ჩვენი აზრით სინამდვილეში სწორედ სიყვარულია და არა სექსი აკრძალული, განსაკუთრებით კი ჩვენთან, საქართველოში. ჩვენ უფრო ადვილად შევეგუებით იმას, რომ კაცმა (ქალს ჯერ-ჯერობით ასეთი თავისუფლებაც არა აქვს) თავის თავს `ცუღლუტობის~ უფლება მისცეს, მაგრამ როგორც კი საქმე სიყვარულს, მით უფრო `ნამდვილ~ სიყვარულს ეხება, მაშინათვე ირთვება საზოგადოებრივი აუცილებლობები და სიყვარულის სოციალური ფუნქციისთვის დაქვემდებარება. რატომღაც ნამდვილი სიყვარულისთვის აუცილებელი ხდება `ზაქსი~, შტამპი პასპორტში, რელიგიური რიტუალები, ბეჭდების გაცვლა, მისვლა-მოსვლა... ეს ყველაფერი იმდენად აუცილებლად ითვლება `ნამდვილი~ სიყვარულისთვის, თითქოს უამისოდ თავის სინამდვილეს დაკარგავდა.
რეალურად კ სწორედ რომ პირიქითაა _ თავისი სიყვარულის შესახებ შეყვარებული წყვილის ცხოვრება იმდენი მკაცრი თვალის დაკვირვების ქვეშ ექვევა, იმდენი ფორმალობით ივსება, რომ შეუძლებელია უწინდელი ინტიმურობა და სიფაქიზე არ დაკარგოს.

ჩემი აზრით ორი ადამიანის ურთიერთობისთვის სიტყვა `სიყვარულიც~ კი მეტისმეტი დაკონკრეტებაა, მეტისმეტი სიმძიმე. რადგან ადამიანის შინაგანი სამყარო და ამ სამყაროების ურთიერთობა მეტისმეტად იდუმალი, ამოუცნობი, მრავალფეროვანი და ფაქიზი რამ არის იმისათვის, რომ ერთი სიტყვა ერქვას. წარმოიდგინეთ, გარეგნულად ერთი და იგივე მოძრაობებით გამოიხატება და ერთი და იგივე რამ ქვია იმას რასაც რომეო და ჯულიეტა და ლუარსაბი და დარეჯანი Aაკეთებდნენ... ყველაფრის ერთ სიტყვაში მოქცევაც კი მეტისმეტი პირობითობაა, ზედმეტია ლაპარაკი ერთ კანონზე, ცხოვრების წესზე, მითუმეტეს სხვის მოგონილზე და გარედან მოტანილზე, რომელსაც ყველა წყვილი, როგორც ერთი, ჯარისკაცივით უნდა დაემორჩილოს. ასეთი კანონების არსებობა უბრალოდ ბარბაროსობა და პრიმიტივიზმია. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ადამიანებს იმდენად ვეღარ წარმოუდგენიათ სხვანაირი ცხოვრება, რომ სხვისი შეხსენება არც სჭირდებათ, ისე ისვამენ თავს გალიაში, `წესიერი ოჯახი~ რომ ეწოდება.

ამ დროს რიგით მკითხველს კვლავ ებადება კითხვა _ აბა რა, ქაოსი უნდა იყოს? ამაზე უკვე ვისაუბრეთ. აქ მხოლოდ ალბერტ შვეიცერის სიტყვებს დავამატებ: `ჩვენ შეიძლება მოვლილი და კოხტად გაკრეჭილი ბაღი უფრო მოგვწონს, ვიდრე ბუნებრივად გაჩენილი და ამწვანებული ტყე, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიტყვით, რომ გაკრეჭილ ბაღში უფრო მეტი ნაყოფიერება და სიცოცხლეა, რომ იქ უფრო მეტი მცენარე ხარობს, მეტი სურნელი ტრიალებს და უფრო სუფთა ჰაერია, ვიდრე ტყეში.~ გაკრეჭილ ბუჩქს შეიძლება ეგონოს, რომ მისი ცხოვრება ბაღში უფრო ბუნებრივია _ `დალაგებული~ და `დაცული~, მაგრამ აშკარაა, რომ ის უფრო სრული, უფრო სისხლსავსე და ბედნიერი იქნებოდა, არავის რომ არ გაეკრიჭა და ოთხკუთხედი ან სამკუთხედი ფორმა არ მიეცა.

ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც ჯერ კიდევ აქვს შანსი, არ იყოს ოთხკუთხედ ან სამკუთხედთავიანი...

წიგნში უცხოელი ავტორების შრომებთან ერთად შესაულია ქართველი ავტორების სტატიები სექსის თემაზე, რომლებიც ქართულ `ფლეიბოიში~ ქვეყნდებოდა. ზოგიერთი სტატია ქვეყნდება პირველად.

No comments: