Sunday, December 13, 2009

საქართველო, საქართველო, ზიყირაყი, მუყაყი!..

ლევან რამიშვილი


სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "ანაბეჭდში"



Какая радость в вас, какая любовь,
Без песень, без праздников, без ласковых слов...
ჯგუფი `ნაუტილუს პომპილუსი”

კარგი ბიჭია ეგ ლევან რამიშვილი, მაგრამ ხანდახან ისეთს გამოაგდებს, სულ ვფიქრობ ვინმეს ჯინაზე ხომ არ წერსთქო. დაუჯერებელია პირდაპირ!!!
ფორუმ.გე-დან (თემა: `ანაბეჭდი~)

მოკლედ...
ძალიან მინდა რაიმე ისეთი დავწერო _ თან `პიზდეც ინტელექტუალური~, თან მსუბუქი და დახვეწილი იუმორით შეზავებული, მაგრამ ვიცი, რომ არ გამომივა _ გარემო არ არის შესაბამისი _ რითიც არ უნდა დავიწყო წერა, ბოლოს რაღაც პრიმიტიული და ბანალური უნიჭობის აღწერით ვამთავრებ და თან გამწარებული ვამტკიცებ, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, თითქოს ეს უჩემოდაც ცნობილი არ უყოს. მერე სინდისი მქენჯნის, რომ ასეთი ბანალურობებს მივედ-მოვედე. ისე საინტერესოა, საიდან მოდის ეს სიტყვა _ ქენჯნა? ან რატომაა, რომ მარტო სინდისის ქენჯნაა შესაძლებელი. რატომ არ შეიძლება, სახვა რამეც იქენჯნებოდეს, მაგალითად... სიყვარული. ცუდი იქნებოდა? მაგალითად: `ჟუჟუნასთან განშორების შემდეგ ანზორს სიყვარული ქენჯნიდა...~ ხედავთ რეებს ვბოდავ? ეს მხოლოდ იმიტომ, რომ იმ თემაზე არ გადავიდე, რაზეც მაინც მომიწევს გადასვლა...

ეს თემა, რაღა თქმა უნდა საქართველოა! ჩვენი დედა-სამშობლო... ადრე, ჯერ კიდევ ზვიადის პერიოდში, ერთმა ჩემმა ახლობელმა ასეთი ლექსი დაწერა:

`საქართველო, საქართველო
ზიყირაყი, მუყაყი!~

მაშინ ბევრს ვიცინოდით ამაზე, მაგრამ მხოლოდ ახლა, მრავალი წლის შემდეგ ვხვდები, რომ საქართველოზე ასეთი ნაღდი, ასეთი ღრმა და რაც მთავარია ტრაგიკული ლექსი არ დაწერილა! აბა დაუკვირდით:

`საქართველო, საქართველო
ზიყირაყი, მუყაყი!~

ეს პატარა, ორსტრიქონიანი ლექსი მახსენდება ყოველთვის, როცა შემთხვევით თვალი ტელევიზორზე გამიშტერდება ხოლმე... ეს ორი სტრიქონი მიქარვებს უნებურად შემოწოლილ ძრწოლვასა და დარდუბალას და საკმარისია ეს სიტყვები წარმოვთქვა:

`საქართველო, საქართველო
ზიყირაყი, მუყაყი!~

და მაშინვე ყველაფერი თავის ადგილზე დგება _ ჩნდება სასიცოცხლოდ აუცილებელი დისტანცია პირადად ჩემსა და ყველაფერ იმას შორის, რაც საქართველოში ხდება, მახსენდება, რომ ამქვეყნად საქართველოზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს, ვწყნარდები და ადვილად ვერთვები სხვა რამეზე.

ალბათ უკვე გაგიჩნდათ რაღაც ეჭვის მაგვარი _ ეს ბიჭი რაღაც საეჭვოდ ჭიკჭიკებს, ისეთი ტონი აქვს, თითქოს ეს ქვეყანა მაგის ასაგდები იყოსო. გაურკვევლობაში რომ არ გამყოფოთ, ჩემს აზრს ამ საკითხზე პირდაპირ მოგახსენებთ, მაგრამ ჯერ ცოტა გავერთოთ...

საქართველოს მოსახლეობის 99%-ისგან განსხვავებით არც პარლამენტში მოხვედრას ვაპირებ და არც შესაბამისად ვინმესთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება მჭირდება (მოკლედ ქართული გაგებით `გიჟი~ ვარ), ამიტომ კომუნისტებისდროინდელი დაჩაგრული მწერალივით მინიშნებების კეთებას არ დავიწყებ და გვარებს პირდაპირ დავასახელებ...

გიორგი თარგამაძეს `ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა ჩამოუყალიბებია...~ თუ სულ მთლად წყალწაღებული არ ხარ, მკითხველო, მიხვდებოდი, რომ ამწუთას ანეკდოტი მოვყევი. თუ ვერ მიხვდი, მაგასაც არა უშავს _ რეალობა ჰიპნოზივით მოქმედებს – რაც არ უნდა აბსურდული იყოს, ადრე თუ გვიან მაინც ეჩვევი... კაი ბატონო, უფრო გავამძაფრებ სიუჟეტს: ერთი გოგო, რომელიც მანამდე დიქტორად მუშაობდა, ტელევიზორში აცხადებს (არც მეტი, არც ნაკლები...), რომ ამ (ქრისტიანულ-დემოკრატიულ) მოძრაობაში შესვლა გუშინ ღამით გადაწყვიტა. მერე ერთი საათი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ საქართველოს ვერაფერი გადაარჩენს, გარდა ქრისტიანულ-დემოკრატიული იდეოლოგიისა... ანუ გამოდის, რომ ერთ ღამეში ისწავლა და გაიაზრა მთელი ქრისტიანობა, მისი სოციალური ეთიკა და ისტორია... აი ღამეც ამას ქვია! ეგეც არაფერი _ დაპირებას იძლევა, რომ როცა ის იქნება პარლამენტში (და აქ მაყურებელი მწარე გამოცდილებით ხვდება, რომ ამას წინ არაფერი უდგას...), ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ არ გეცინებათ? კაი ბატონო.

გამოდის ვინმე მესამე, ახალი პარტიის თავმჯდომარის მინიმუმ მარცხენა ხელი. გამოდის ვითაარცა ნამდვილი явление христа народу და ისიც ქრისტიანულ ფასეულობებზე ბაასობს _ გვმოძღვრავს რა, მაგრამ აქ აი რა არის სასაცილო _ ამ ტიპს შორიდან ვიცნობ და ვიცი, რომ `იარი~ ათეისტია, აი ისეთი, ისე დარწმუნებით რომ გიმტკიცებს, გინდა თუ არა ღმერთი არ არისო, თითქოს მთელი მოუსავლეთი ფეხით ჰქონდეს შემოვლილი და ჭეშმარიტად ჭეშმარიტ, მართლა-მართლა მართლმადიდებლებს წამდაუწუმ ნერვებს რომ აწიწკნის... ჰოდა აი ეს კაცი გახდა `ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის~ ერთ-ერთი ლიდერი... თუმცა მარტო ამათ რატომ მივდექი?

ქართველი მემარჯვენეები ამბობენ, არჩევნებში ფულს არ დავხარჯავთ, ეს უზნეობააო...
არჩევნების დროს ერთ ბლოკში გაერთიანდნენ რესპუბლიკელები და მონარქისტული იდეების მედროშეები...

პირადად არავის ვერჩი, უბრალოდ მაინტერესებს, როდის დამთავრდება მთელი ეს მასკარადი _ როდის იტყვიან ათეისტები, რომ ათეისტები არიან, ან მთელი ეს მემარჯვენე-მემარცხენე-სოციალ-ქრისტიან-დემოკრატ-კონსერვატორ-რესპუბლიკელ-ნაციონალ-მონარქისტები როდის აღიარებენ, რომ სინამდვილეში არავითარი იდეალების არ სწამთ და ყველანი მხოლოდ ნიჰილისტები არიან _ ჩვეულებრივი ნიჰილისტები და ფულზე მონადირე ჰედონისტ-სიბარიტები?
როდის იტყვის ვინმე იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობს?
ძალიან ბევრი მოვითხოვე?

როგორც ჩანს, კი. იმიტომ, რომ ეს არასდროს მოხდება, რადგან დღესაც `ახალი ძალები~ სხედან და ფიქრობენ, რა პარტია ჩამოაყალიბონ, რომ ჩვენც კარგად დაგვაბოლონ და `კაი მაყუთებიც გაჭრან~. საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი საქმეა ოლიგარქობის შემდეგ. ბუნებრივია, რომ ოლიგარქობას ყველა ვერ ახერხებს, ჰოდა რა ქნას ამ ხალხმაც, ჭამა ხომ უნდა (თან `კაი~ ჭამა...).

საერთოდ ჩემი აზრით ეს გამოთქმა _ `რა ქნას მაგანაც, ჭამა ხომ უნდა~ ჭეშმარიტად ქართულ-ხალხური გამოთქმაა _ ყველაზე მიღებული და პოპულარული. ჩვენ, ქართველებმა, რა თქმა უნდა ვიცით, რომ გვაბოლებენ, მაგრამ თან სადღაც თანავუგრძნობთ ჩვენს დამბოლებლებს და გვიხარია კიდეც, რომ `ვიღაცამ მაინც გაიხარა~ _ ასეთი კეთილი ბუნება გვაქვს. `შენ რა, მასე არ იზამდი?~, `თაფლიან კასრში რომ ჩავარდე, ხელს არ გაილოკავ?~ _ ეს სულ თანამედროვე ქართულ-ხალხური ფოლკლორია, დღევანდელი სიბრძნე. ამიტომ არც ხელის გალოკვის გამოცდილ პროფესიონალებს (ხელის გალოკვა ჩვენში ნამდვილ პროფესიად იქცა) აწუხებთ დიდად სინდისი _ იციან, რომ გულის სიღრმეში მათი ყველას ესმის. და ეს `გაგება~ გვაერთიანებს ჩვენ, როგორც პოპულაციას, გნებავთ როგორც ერს. თარგამაძის და სხვა ყოფილი ჟურნალისტების ასეთი უეცარი გაქრისტიანება ერთ ამბავს მაგონებს: ერთხელ `მარშუტკით~ მოვდიოდი. ეკლესიას ჩავუარეთ. ორმა კარგად მოწიფულმა ჯეელმა ისეთი უსაშველო პირჯვრისწერა ატეხა, რომ კინაღამ ზღვის ავადმყოფობა დამეწყო. მერე კი, სულ რათაც ხუთ წუთში იგივე ჯეელები ჯიბეზე `დამეჩალიჩნენ~...

ამ ჯეელებმა პირჯვარი იარაღად გამოიყენეს _ მისი მეშვეობით შეეცადნენ მიამიტი მოქალაქეების თავისებურ `დაჰიპნოზებას~, მათი ყურადღების მოდუნებას _ თავგადაკლული მორწმუნისგან ხომ ყველაზე ნაკლებად ელი `პოდლობას~... მოდით, გულზე ხელი დავიდოთ _ `სადღაც~ ხომ მათისც გვესმის... კი, ბატონო, ვიყოთ ასეთი დიდსულოვნები, მაგრამ მაშინ რატომ პატიოსანი ადამიანების არ ესმის არავის?

საქართველოში პატიოსნება სირცხვილია და ეს ყველამ კარგად იცის.

პატიოსანი კაცი ავტომატურად მარგინალია და ჭკუაზე შეშლილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგალითად ნოდარ ნათაძე. მის გამო ყველას რცხვენია _ მთელს საქართველოს. იმიტომ, რომ ამდენი ხანია პოლიტიკაშია და მის `წარმატებას~ ვერავინ ხედავს. ამდენი ხანი რომ პატიოსნად ემსახურა ქვეყანას, ეს წარმატებად არავის მიაჩნია. ან ის კაცი გავიხსენოთ, ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარეობაზე რომ იყრიდა კენჭს _ მთელი ქალაქი მას დასცინოდა და იცით რატომ? ყველამ იცოდა, რომ ამ პოსტზე `არავინ მიასუნინებდა~ და რაღაცნაირად გაღიზიანებულად ეცოდებოდათ, რომ მაინც ასე თავგამოდებული იბრძოდა სიმართლისთვის. ბრბოს ძულს ის, ვინც ეცოდება; ვინც უსუსური და განწირულია. ბრბოს ასეთი კაცის ყურებაც კი ნერვებს უშლის და ათასწილ ურჩევნია მის ნაცვლად ძლიერს უყუროს, თუნდაც ეს ძლიერი გაფხორილი ინდაური იყოს.
ხომ გითხარით ბანალური რაღაცეების მტკიცებას დავიწყებ-მეთქი, მაგრამ უკვე დავიწყე და რაღას ვიზამ.

პატიოსან ადამიანს ქართულ ენაზე `იდეინი~ ეწოდება და ეს ირონიული, დამცინავი აზრის შემცველი სიტყვაა...

ალბათ ამიტომაცაა, რომ ნამდვილი პიროვნებები თითზე ჩამოსათვლელები არიან.

ამ ქვეყანაში არავინ არ სცემს ადამიანს პატივს მხოლოდ იმის გამო, რომ მას თავისი აზრი აქვს, თუნდაც მას არავინ ეთანხმებოდეს.

საქართველო დაუძლეველი, ტოტალიტარული კოლექტივიზმის ქვეყანაა. ჩვენი ტრადიციები კოლექტივისტური ცნობიერების და ცხოვრების წესის ნაყოფია. ამაში ცუდი არაფერია (თავის დროზე სწორედ ასეთი ცნობიერების წყალობით გადავრჩით), მაგრამ ცუდი ისაა, რომ ჩვენ დავივიწყეთ ყველა ჩვენი ტრადიციის შინაარსი და დანიშნულება, ანუ დავკარგეთ ტრადიციები, მაგრამ ინერციით შემოგვრჩა მათი თანამდევი თვისება _ კოლექტივიზმი. ქართველი ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს ცხოვრებაში კოლექტივის გავლენით და მისი აზრის გათვალისწინებით დგამს. ასე ირჩევს ის პროფესიას, მეგობრებს, ასე ოჯახდება... მთელს მის ცხოვრებას კოლექტივი განსაზღვრავს. ქართველი, თუ ის განსაკუთრებული, ძალიან ძლიერი პიროვნება არ არის, ანუ საშუალო ქართველი, ფაქტიურად პეტუხია, ჩმორი, კონფორმისტი _ ბრბოს: ნათესავების, ნაცნობ-ახლობლების თუ შორებლების მონა. გარეგნულად შეიძლება ძალიანაც ძლიერი მამაკაცის, კაი დამრტყმელის და უკან არ დამხევის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ სიღრმისეულად მაინც მშიშარაა, რადგან ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ცხოვრებაში (ყველაზე ინტიმურ საკითხებშიც კი) ბრბოს აზრის გათვალისწინებით იღებს. სხვა ქვეყნებში ასე ყველაზე ჩამოუყალიბებელი ქალწულებიც კი აღარ იქცევიან... არ იფიქროთ, ქართველი კაცის დაკნინება მინდოდეს (რატომღაც...), უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში, მეტისმეტად მაღალია კოლექტიური გონებაშეზღუდულობის კოეფიციენტი და, კოლექტივის წნეხი ინდივიდზე, ხოლო როგორც ლაო-ძი ამბობს, რაც უფრო მეტია კანონი, მით უფრო მეტია დანაშაული (ან ფარისევლობა, ლ.რ.), ჰოდა მისდა უნებურად ქართველი კაციც სხვაზე უფრო უპიროვნო და ფარისეველია.

სხვაგან არცერთ ქვეყანაში არ არსებობენ კაცები, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე, სულ ცოტა თვეში ერთხელ მაინც შეუძლიათ გამოქლიავებამდე იმეორონ ერთიდაიგივე შინაარსდაკარგული სიტყვები, რომლებიც არც ლოცვებია და არც მანტრები. სადღეგრძელოებს ვგულისხმობ.

ყველა ქართველი ერთმანეთის უნიჭო ანარეკლია. ჩვეულებრივი ქართველი პიროვნება არ არის. მას მეტისმეტად ბევრი ხალხი აკონტროლებს ბავშვობიდან, მეტისმეტად ბევრ წესს ემორჩილება იმისათვის, რომ პიროვნება იყოს. შეიძლება ძალიან გამაღიზიანებლად ჟღერდეს, რასაც ახლა ვიტყვი, თუმცა ეს სულ არ მადარდებს _ რომ მადარდებდეს, მეც ასეთი ვიქნებოდი, და რადგან არ ვარ, ვიტყვი _ ქართველი, ფაქტიურად კაცი არ არის. კაცი არის ფრანგი, რუსი, ამერიკელი, აფრიკელი, მაგადასკარელი, მაგრამ არა ქართველი. როგორ შეიძლება კაცი უწოდო იმას, ვინც მთელი ცხოვრება ყველა მამიდის და დეიდის ჭკუაზე დადის?

და ასეთი ცხოვრება იმდენად მყარადაა დაკანონებული, რომ ამას უმეტესად ვერც ამჩნევენ. და ეს ხალხი ამბობს, ევროპელები ვართო... დასავლეთი დემოკრატიით ცხოვრობს, დემოკრატია კი ინდივიდუალიზმის ტრიუმფია. თანამედროვე დასავლური კულტურა ინდივიდუალიზმის კულტურაა. ამიტომ ქართველების ყველა მცდელობა, დაემსგავსოს დასავლეთს, კარიკატურულად გამოიყურება და მხოლოდ ჰალსტუხის ტარებით შემოიფარგლება.

საქართველოს `გაცივილურების~ პროცესს მივესალმები, მაგრამ ეს პროცესი ბრმა და გაუაზრებელი იმიტაციის ფარგლებს არ სცილდება. ამიტომაა, რომ გვაქვს ათასგვარი დასავლური სახელწოდების პარტია და სინამდვილეში არც ჩვენ და არც თვით ამ პარტიების ლიდერები აზრზე არ ვართ, რა ისტორია, იდეოლოგია, ფილოსოფია, ცხოვრების წესი ან სახლმწიფო მოწყობის მოდელები აქვთ ამ პარტიებს. არადა ნამდვილად აქვთ და მათი შემქმნელები გიორგი თარგამაძის ან სხვა ქართველების მსგავსად სამზარეულოში არ ისხდნენ და არ ფიქრობდნენ, ხვალ რა გამოვაცხადო _ ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის თუ მემარჯვენე ცენტრისტთა პარტიის დაფუძნებაო...

ეს ყველაფერი აი, რას მაგონებს: ერთხელ ოკეანიის ერთ-ერთი კუნძულის ჯუნგლებში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. გადადარჩენილმა მფრინავებმა სპეციალური მანიშნებლებით, რომლებსაც ავიაციაში იყენებენ, ჰაერში მყოფ მეორე თვითმფრინავის მფრინავებს აცნობეს, რომ დახმარებას საჭიროებდნენ. მეორე თვითმფრინავი მოფრინდა და სასწაულით გადარჩენილი მფრინავები წაიყვანა. გავიდა რამოდენიმე ათეული წელი, სანამ კუნძულს კიდევ რომელიმე თვითმფრინავი გადაუფრენდა. ამ თვითმფრინავის მფრინავებმა მიწაზე უცნაური ობიექტი შენიშნეს და დაეშვნენ. მათ ხელში შერჩათ ნატურალურ ზომებში გამოთლილი, უზარმაზარი ხის თვითმფრინავი. მის გარშემო კი ადგილობრივი მცხოვრებლები იდგნენ და ხისაგანვე გამოთლილი საავიაციო მანიშნებლებით საავიციო სიგნალებს იძლეოდნენ, უფრო სწორად მათ იმიტირებას ახდენდნენ. აბორიგენებმა არ იცოდნენ არაფერი თვითმფრინავის ძრავის მუშაობის პრინციპის, გრავიტაციის კანონის ან აეროდინამიკის შესახებ. მათ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ასეთი ფორმის რაღაცას ფრენა შეეძლო და თუ იმ მოძრაობებს ზუსტად გაიმეორებდნენ, რომლებიც ოდესღაც იმ რაღაციდან გადმოსულმა უცნაურად ჩაცმულმა ადამიანებმა გააკეთეს, მოფრინდებოდა მეორე ასეთივე რაღაც და წაიყვანდა. პრინციპში არც შემცდარან _ ბოლოს ხომ მაინც მოფრინდა ის `რაღაც~, მაგრამ რამდენად იყო ეს აბორიგენების ცოდნის ან `მოღვაწეობის~ შედეგი, ან რას მიაღწიეს ამით?

ყველაფერი, რასაც ჩვენ `გაევროპელების~ მიზნით ვაკეთებთ, კარიკატურულად გამოიყურება. ჩვენი ტელევიზია ტელევიზიის კარიკატურაა, თავისი ხარისხით და თვალსაწიერით. ეს იმიტომ, რომ მათი ხელმძღვანელები `თავზე ვერ ახტებიან~ დეიდებს და მამიდებს (ხშირად სამთავრობო დეიდებს და მამიდებს). საერთოდ თითქმის ყველა ქართული პროდუქტი უხარისხოა, იმიტომ, რომ ახლობლობის მომენტი კერძო სტრუქტურებშიც კი მოქმედებს. ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ კაპიტალისტური წყობის საფუძველი ჯანსაღი კონკურენციაა და ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ხარისხს აქვს, ხარისხს კი დილეტანტი ნათესავი ვერ მოგცემს. ანუ ჩვენი კაპიტალისტურობანა მანიშნებლების უაზრო ქნევაა და მეტი არაფერი. მარტო ამაზე რომ იყოს საქმე, რა უჭირს, მაგრამ მთელი ჩვენი სახელმწიფო თავისი სასამართლო და სხვა სტრუქტურებით, ჩვენი დემოკრატია თავისი `ინსტიტუტებით, `საზოგადოებრივი~ ტელევიზიით და სხვა რამე-რუმეებით ასეთივე ხის თვითმფრინავია...

ვიცი, რომ ბევრი აღშფოთდება და იტყვის, სწორედ ამით ვართ ქართველები კარგები და გამორჩეულები, რომ ერთმანეთს მხარში ვუდგავართო, ეს არის ჩვენი ტრადიციაო და რა თქმა უნდა ყველა დაეთანხმება _ ქართველებისთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რა არის სწორი და რა არა, არამედ ის, თუ რა არის ტრადიცია და რა _ არა. ამასთან ქართველებისთვის სხვა უძველესი ერებისგან განსხვავებით ტრადიცია არ არის რაიმე ღრმა შინაარსით სავსე. ქართველებისთვის ტრადიცია უბრალო ჩვევაა, რაღაც შეჩვეული, რისი შინაარსიც მათ არ იციან.

აბა ვინ იცის, რა არის ქართული სუფრის შინაარსი? რატომ არსებობს თამადა? რატომ გაჩნდა? ან სადღეგრძელო რატომ არსებობს? რისთვის ამბობდნენ მას ჩვენი შორეული წინაპრები? მე არცერთ სუფრაზე არ შემხვედრია და საერთოდ არ მეგულება ქართველი, რომელიც ამაზე სწორ პასუხს გამცემს.

ქართველები, სხვა ერებისგან განსხვავებით საკუთარ თავს, საკუთარ ფსიქოლოგიას და ხასიათს არ უღრმავდებიან და არ იკვლევენ. ისინი მხოლოდ თავს იქებენ ან იძაგებენ (რაც ერთიდაიგივეა). ამიტომ არც ვითარდებიან. დამისახელეთ გურამ ასათიანის შემდეგ (ანუ ბოლო 30 წლის მანძილზე) თუნდაც ერთი შემთხვევა ქართული ხასიათის კვლევისა ხელოვნებაში, ლიტერატურაში ან ჟურნალისტიკაში...

ქართველებმა საკუთარ თავს ტაბუ დაადეს. მათ საკუთარი თავისგან კერპი შექმნეს და ამ კერპზე საუბარი აკრძალულია.

საქართველო, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სრულიად მკვდარი ორგანიზმია _ გაქვავებული და უსიცოცხლო. თითქმის ყველა ქართველი მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ სიცოცხლის იმიტაციას ახდენს. ამის მაგალითია თუნდაც ჩვენი პოლიტიკა და ეს ახალი მოძრაობა. მისმა ლიდერებმა ჩათვალეს, რომ მოძრაობისთვის, სიცოცხლისთვის, სიახლისთვის საკმარისია მხოლოდ იმის იმიტირება, რაც ადრე უკვე სხვაგან მოხდა ან ხდება.

საქართველოს არა აქვს თავისი გზა, თავისი სახე, არა აქვს განუმეორებლობა. ეს მას არც ჭირდება. ამაში ყველა ქართველია დარწმუნებული. ყოველ შემთხვევაში სხვანაირ აზრზე მყოფი მე არავინ შემხვედრია. ორიგინალობის ნაკლებობით, საკუთარი სახის არქონით გამოწვეულ არასრულფასოვნების კომპლექსს კი ქართველი რვა საუკუნის წინანდელი მიღწევებით ცდილობს _ იმ ხალხის მიღწევებით, რომელიც სულ სხვა ხალხი იყო და რომელთანაც კულტურულად და მენტალურად აღარაფერი აქვს საერთო. და ასეთი საეჭვო გზით დარდგანქარვებულს აღარა აქვს სურვილი, რაიმე შექმნას, გააკეთოს _ რაიმე ისეთი, რითაც მართლა ექნება უფლება იამაყოს.
ის, რომ სამასი არაგველი გვყავდა, მართალია...
შოთა რუსთაველიც მართლა ზე-გენიალური იყო...
ის, რომ თემურ ლენგმა წელში ვერ გაგვტეხა, ესეც არ არის ტყუილი...

ყველაფერი ეს ნამდვილად იყო, მაგრამ ამით ჩვენ რა? ჩვენ რა შუაში ვართ? რითი ვამტკიცებთ ან რაში გვეტყობა, რომ იმ საუკუნეების კულტურული სიმაღლის და მუხტის მატარებლები ვართ?

მხოლოდ ის კი არ არის ამ ხალხში სავალალო, რომ მას საკუთარი წარსული მხოლოდ შირმად ადგება და სინამდვილეში არ აინტერესებს. ეგ რა არის... თავსი წარსული კი არა, ქართველებს არაფერი არ აინტერესებთ! აბსოლუტურად არაფერი! ალბათ მხოლოდ ფეხბურთში მოგების გარდა და მაინც და მაინც აქ ვერ იგებენ... არაფერი არ აინტერესებთ და არც არაფრით არ არიან დაკავებულები. ყველაფერი, რაც საინტერესოა, საქართველოს გარეთ ხდება. არ მითხრათ ახლა ეს თუნდაც ჩვენი ტელევიზიების ფონზე არ ჩანსო. მითხარით ვინმემ, რატომაა ასეთი ტოტალური სიკვდილი ირგვლივ გამეფებული? თუ ახალ ქვეყანას ვაშენებთ და ამის გვჯერა, თუ წინ მივდივართ, რატომ არაფერი გვიხარია? რატომაა ირგვლივ ყველა დაბოღმილი, დანერვოზებული, გულგატეხილი... სტალინისდროინდელ საბჭოთა კავშირშიც კი ხალხს უხაროდა ცხოვრება, იმიტომ რომ რაღაცის ჯეროდა. გაჭირვება მაშინ უფრო დიდი იყო, მაგრამ სიცოცხლეც იყო. ამით სტალინს კი არ ვაქებ, უბრალოდ მინდა გავიგო, რა ხდება. რას ვაკეთებთ ისეთ საშინელს, რომ სტალინისდროინდელზე უარეს განწყობაზე ვართ? უფულობას დავაბრალებდი, მაგრამ ფულიანებიც რომ იღრინებიან?

იქნებ ტელევიზია გვიშვება ამას, ან პოლიტიკა (თუმცა ეს ხომ ერთი და იგივეა...)? იქნებ სხვა მიზეზია რამე? ის ხალხიც კი, ვისაც თითქოს ღმერთი სწამს, ცუდ ხასიათზეა. ვერაფერი გავიგე...

იქნებ ისაა მიზეზი, რომ ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს, შეუძლებელია კარგად იყოს... დღევანდელი ქართველი ხომ იმპოტენტია. კომპლექსებით და აკრძალვებით დახუნძლული, წელშიგამწყდარი და სიცოცხლისგემოდაკარგული საცოდავი არსება, რომელიც ყველა ფალოსით გაჟიმეს _ პოლიტიკით, უფულობით, რეკლამებით, რელიგიით, დემოკრატიით, ტრადიციებით, შოუ-ბიზნესით... ყველა ტრაფარეტი ააფარეს თვალებზე, რაც კი შეიძლებოდა, ყველა ბოლით დააბოლეს.

საქართველოში საწყალ ადამიანს სიმღერებიდანაც კი საზარელი, დამანგრეველი ენერგია ურტყამს...

ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება, მომწამვლელია და მომაკვდინებელი. თვითონ მას კი ძალა აღარა დარჩა, რამე მოახდინოს და რომც შეძლოს ეს რაღაც სასწაულით, მაინც არავინ დაინახავს, არავინ გააშუქებს, არავინ მოაცდენს ტელეეთერს მისთვის და არ დააკლებს არცერთ წუთს მის გასაკუზად მოწყობილ ბალ-მასკარადს... ისიც ზის დაქლიავებული და ფიქრობს, აი ფული რომ მექნება, მერე კი დაიწყება სიცოცხლე და ნეტარებაო...

ამიტომ ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ საქართველო არ გადარჩება. არც მაშინ, როცა ყველაფრით დაღლილი ბოლოს ნატომდე მიაღწევს, მის ტკბილ ძუძუებში თავს ჩარგავს და ბედნიერებისგან ატირდება და არც მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები ზედიზედ ორ თამაშს მოიგებს. არ გადარჩება, იმიტომ, რომ გადარჩენა არის შემოქმედება, ნიჭი, აზროვნება, თავისუფლება, სიყვარული, სიცოცხლე და არა ახალი ტრაფარეტების ძველზე გადაკვრა, ძველი მონობის ახალზე გადაცვლა და ამ კრიტერიუმით _ შემოქმედებით, ნიჭით, აზროვნებით, თავისუფლებით, სიყვარულით, სიცოცხლით ეს ქვეყანა უკვე არ გადარჩა. ის დამარცხდა. მე მგონი ამიტომ არის ირგვლივ ყველა დეპრესიაში...

რატომღაც ძალიან გაბრაზებული ტონის წერილი გამომივიდა. ასე ხდება ყოველთვის, როცა პატარა წერილში ყველაფერი გინდა ჩაატიო. ყველაფერს მაინც ვერ ატევ, ტონალობა კი მძაფრდება. ამ ყველაფრის მერე ალბათ ბევრს ასეთი კითხვა გაუჩნდება _ რა უნდა ამ კაცს, რას გვემართლებაო? არც არაფერს. უბრალოდ მინდა, ამ სამ თუ ოთხმილიონიან ქვეყანაში ვინმემ მაინც მითხრას, ვინ ვართ, რა გვინდა ბოლოს და ბოლოს და რას ვაკეთებთ იმისთვის, რაც გვინდა, თორემ ყაყანით ყურები გამომიყრუვდა და ქვეყანა კი შეცვლით კი წლებია ვუყურებ და არაფერი იცვლება. დგას ეს ქვეყანა ასე მოჯადოებულ-გაშტერებული და აშკარად შემოლაწუნებას საჭიროებს. დგას და პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს შეჰყურებს პირდაღებული. ამ უწიგნური გაიძვერების იმედზე კი ჩემი მტერი იყოს. მოკლედ...

`საქართველო, საქართველო
ზიყირაყი, მუყაყი!~

No comments: