Sunday, December 13, 2009

მედიცინა – უძილობა

ბლოგის ავტორისგან: თუ ამ ყველაფერმა არ გიშველათ, უბრალოდ დაიკიდეთ – ღრმად და საფუძვლიანად დაიკიდეთ, ყველაფერი, რაც გაწუხებთ, და მშვენივრად დაგეძინებათ _ პირველივე ღამეს თუ არა, რამოდენიმე ხნიის შემდეგ მაინც. ოღონდ ეს _ დაკიდება როგორმე მართლა უნდა მოახერხოთ!





თუ თქვენ ამ წიგნით დაინტერესდით, ესე იგი ან დიდი ხანია, უძილობა გტანჯავთ, ან ზოგჯერ კარგად გამოძინებული ვერ იღვიძებთ-ხოლმე. ორივე შემთხვევაში იგი თქვენთვისაა, რადგან ძილის ოდნავი დარღვევაც კი უკვე ნიშნავს, რომ თქვენი ნერვიული სისტემა შერყეულია და თუ დროზე არ მიხედეთ, ან თუ თქვენი ცხოვრება მკვეთრად არ შეიცვალა უკეთესისკენ (ვთქვათ, მილიონი დოლარი არ მოიგეთ ან თქვენმა ბუღალტერმა შემთხვევით თქვენს ხელფასს რამდენიმე ნოლი არ მიუწერა), ადრე თუ გვიან სერიოზული პრობლემის წინაშე დადგებით _ იმ პრობლემის წინაშე, რომელსაც უძილობა ეწოდება.

ეს სიტყვა თითქმის არაფერს ეუბნება იმას, ვისაც იგი არ განუცდია. ამიტომ თუ თქვენ უძლილობა გტანჯავთ, კარგად გეცოდინებათ, რომ ეს თქვენს მდგომარეობაში ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი ვერ შემოდიან. მუდმივად ცუდ გუნებაზე ყოფნას, ჩივილს თუ თუ წუწუნს ისინი ან ახირებად გითვლიან, ან სიზარმაცედ, ან უბრალოდ თქვენს მძიმე ხასიათს მიაწერენ ყველაფერს. რას იზამთ, ასეა ადამიანი მოწყობილი _ რაც არ განუცდია, იმის წარმოდგენა არ შეუძლია. თუ არ გამწვანდით, თავი არ გაგეზარდათ და შუა ქეიფის დროს გული არ წაგივიდათ, ესეიგი სერიოზული არაფერი გჭირთ...

უძილობა კი რაა, უძილობა `ყველასა გვაქვს~. ეს ალბათ ბევრჯერ უთქვამთ თქვენთვის. თქვენ კი ამ დროს რამოდენიმე თვეა ან რამოდენიმე წელია, რაც ცხოვრება ნამდვილ კოშმარად გექცათ _ ღამით დაწოლის გეშინიათ, რადგან იცით, რომ მთელი ღამე ან ნახევარი ღამე მაინც ჭერში უნდა იცქიროთ და საათის წიკწიკს უსმინოთ და ამაოდ ელოდოთ, როდის ჩაგეძინებათ. შემდეგ კი ისევ უნდა გეგეღვიძოთ და მწარე ფიქრმა გაგკრათ, რომ ისევ ვერ გამოიძინებთ, რომ ერთ საათში ინათებს და რაც არ უნდა ეცადოთ, ვეღარ ჩაიძინებთ. დილით უნდა ადგეთ მოჩვარული, უენერგიო, უხალისო, მაგრამ ხალისს ვინ ჩივის _ მთელი დღე რაღაც ბუნდოვანი და უსიამოვნო შეგრძნებები გტანჯავთ _ შეგრძნებები, რომელთაც სახელიც კი არა აქვთ, რომ ვინმეს შესჩივლოთ მაინც, გტკივათ თავი, ძვლები, ან კუნთები, ფეხები გიმძიმდებათ, გაუცხოებული ხართ ყველაფრისგან _ საკუთარი თავისგანაც კი, თითქოს ყველაფერს _ გამოსახულებასაც, ხმასაც და ფიქრსაც კი ფოკუსი აკლია... იცით, რომ ვერ იმუშავებთ ისე, როგორც შეგიძლიათ, ვერ დაელაპარაკებით მეგობრებს და ლაღად ვერ იცინებთ, უბრალოდ ფანჯარაშიც კი ვერ გაიხედავთ და წამით სიჩუმითაც კი ვერ დატკბებით _ ამის თავი არ გაქვთ. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ განიცადოთ, დაღლილობა, სისუსტე, სიმძიმე, უსიამოვნო, აუტანელი შეგრნებები და ტკივილებია... და ასე მთელი დღე, მთელი კვირა, მთელი თვე, მთელი წელი? რაღაც დროის მანძილზე იმედი გაქვთ, რომ ეს ყველაფერი `თავისით გაივლის~, ეს ხომ `უძილობაა და მეტი არაფერი~, მაგრამ რაღაც მომენტში ეს იმედი უნებურად გიწყდებათ და ჩნდება შიშნარევი კითხვა: რამდენი ხანი უნდა ვიყო ასე? იწყებთ ახლობლებისთვის კითხვას: რა ჯობს? ზოგი ვალერიანის ძირებს გირჩევთ, ზოგი ვალერიანის აბებს, ზოგიც კი ძილის წამლებს. თუ მხოლოდ პირველი ორი რჩევა მოგცეს და არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ძილის წამლების მიღებას გირჩევდათ, ან გირჩიათ, მაგრამ თქვენ მის რჩევას ყურადღება არ მიაქციეთ, ჩათვალეთ, რომ გადარჩით! ზუსტად ისე გადარჩით, როგორც ჯონ ტრავოლტა და . . . . გადარჩებიან ფილმში `მაკულატურა~ _ გახსოვთ ალბათ, ორი მეტრიდან რომ დაცხრილავენ, მათ უკან კარები სულ დახვრეტილი როა, ისინი კი საღ-სალამათები რომ დგანან. აი, ზუსტად ასე გადარჩით! გადარჩით ისე, როგორც დაბომბილი სახლის ნანგრევებიდან გამომძვრალი ერთადერთი იღბლიანი მოსახლე! ამიტომ გიხაროდეთ, რომ ცოცხალი ხართ! რადგან ის ქიმიური საშუალებები, რომლებსაც ექიმები უძილობით შეპყრობილ ადამიანებს უწერენ, ადამიანზე გათვლილი არ არის! შეიძლება რომელიმე დინოზავრს ან მითიურ დრაკონს უმტკივნეულოდ აეტანა მათი `გვერდითი~ ეფექტები, მაგრამ ადამიანს, სამწუხაროდ ამის უნარი არ გააჩნია. ამას ყველა დაგიდასტურებთ, ვისაც კი ერთხელ მაინც გაუსინჯავს მათი გემო. პირადად მე რამოდენიმე წლის წინ სულ რაღაც ოთხი-ხუთი დღე ვსვი `ძილის წამალი~, ????? რომელიც `კარგმა ნერვოპათოლოგმა~ დამინიშნა და ისეთი საშინელი შეგრძნებები დამეწყო, რომ იმ უძილობას, რომლის გამოც დავიწყე ამ წამლის სმა, თვალზე ცრემლმომდგარი ვნატრობდი. ამ წამალმა ისე დააზიანა ჩემი ნერვული სისტემა, რომ ორი ოთახის იქით კარზე კაკუნი მეხის გავრდნასავით მესმოდა, თანაც იმ მეხივით, ზედ თავზე რომ გეცემა. მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო _ ნებისმიერი ბგერა შგ თავში მირტყამდა და მტკიოდა! და ეს რამოდენიმე თვე გაგრძელდა. ახლაც კი, წლების შემდეგ, ხანდახან მახსენებს თავს.

უძილობის დაძლევა, ალბათ მიხვდით, რომ იმ ძილის წამლის წყალობით არ მომიხერხებია. ალბათ იმასაც მიხვდებოდით, როგორ მეძინა და რა კოშმარული თვეები გამოვიარე, როცა ხმები მტკიოდა...

მარტო მე რომ დამმართნოდა ასე, ამას ერთ კერძო შემთხვევას ჩავთვლიდით, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის _ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძილის წამლები უძილობას არ შველის და რომ მათ საშინელი გვერდითი მოვლენები ახლავს! ეს ყველამ იცის, ვისაც ისინი გაუსინჯავს. ყველამ, ნერვოპათოლოგების გარდა. ისინი თავიანთ კაბინეტებში სხედან, თეთრ ხალათებში გამოწყობილნი, კითხულობენ ფარმაცეფტული კომპანიების მიერ გამოშვებულ ბროშურებს იმის შესახებ, თუ რა გენიალურია მათ მიერ შემუშავებული ახალი საძილე პრეპარატები და თუ ღმერთი გაგიწყრათ და მათ კაბინეტში შედგით ფეხი, აუცილებლად გამოგიწერენ! არც გაემტყუნებათ _ მათ ხომ არ იციან, რა არის უძილობა. ასეთი რამ მათ არ განუცდიათ. რომ გამოეცადათ, ხომ თვითონაც დალევდნენ ?????-ს, ხომ თვითნაც ჩაქუჩივით მოხვდებოდათ თავში და ეტკინებოდათ ბგერები, ან სხა საშინელებები დაემართებოდათ და არა მგონია ისეთი დაუნდობლები ყოფილიყვნენ, რომ მაინც გამოეწერათ ???-ი თქვენთვის, მაგრამ ეს ყველაფერი მათ არ გამოუცდიათ. `უძილობა~ მათთვის რაღაც აბსტრაქტული სიტყვაა, რომელსაც ისინი რეცეპტზე ხელის მოწერით არჩენენ, და `გვერდითი მოვლენებიც~ მათთვის ასევე აბსტრაქტული სიტყვებია, ისევე როგორც ომი და მილიონობით ადამიანის სიკვდილი იყო აბსტრაქცია, როგორც აღმოჩნდა, ჰიტლერისთვის, რომელსაც ერთხელ, ბერლინის დაბომდვის დროს, სინამდვილეში რომ ნახა დაჭრილი ჯარისკაცი, გული აერია...

სანამ რაიმეს მოიმოქმედებდეთ, უნდა გაარკვიოთ, რა არის თქვენი უძილობის გამომწვევი მიზეზი. ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი სტრესი ან სტრესული გარემო, ნერვოზი, დეპრესია, ფსიქიკური პრობლემები. თუ ეს ფსიქიკური პრობლემაა, ვთქვათ ბავშვობის ტრამვა ან რაიმე ამის მსგავსი, პროფესიონალი ფსიქოთერაპევტის ან ფსიქოანალიტიკოსის ჩარევის გარეშე ვერაფერს გახდებით. რაც არ უნდა ეფექტური იყოს გარეგნული ზემოქმედება, თუ შინაგანი მიზეზი, რომელიც აფორიაქებს თქვენს ნერვიულ სისტემას, არ მოიხსნა, საბოლოო მიზანს მაინც ვერ მიაღწევთ. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი მკურნალობის ბუნებრივი მთოდები (ფსიქო-ფიზიკური ვარჯიშები, მასაჟები, რელაქსაცია, მედიტაცია და სხვა) დიდ შვებას მოგგვრით.

დანარჩენ შემთხვევევებში კი რაც არ უნდა იყოს მიზეზი, მკურნალობა ეფექტური იქნება, რადგან ერთია მიზანი _ გაღიზიანებული ნერვიული სისტემა უნდა დამშვიდდეს, რომ მშვიდი და ღრმა ძილი დაიბრუნოთ.

ამ წიგნში თქვენ ნახავთ ნერვიული სისტემის მოწესრიგების უამრავ საშუალებას, ასევე მშვიდი ძილის მიღწევისთვის აუცილებელ ინფორმაციასა და რჩევებს. ამ ყველაფერს წელიწადზე მეტია ვაგროვებ ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება. ზოგიერთი მათგანის საშუალებით დავაღწიე თავი უძილობას მე თვითონ. ამის შემდეგ კი გადავწყვიტე, რაც შეიძლება მეტი მეთოდისთვის მომეყარა თავი ერთად, რადგან პირადმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ არ არსებობს ერთი ყველასთვის კარგი მეთოდი. ერთი ვარჯიში შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს ერთი უძილოსათვის, მეორესთვის კი _ არც ისე. როგორ უნდა გაარჩიოთ, რომელია თქვენთვის საუკეთესო? ეს ძნელი არ არის. ჯერ ერთი, რომელ მეთოდსაც უფრო ადვილად აღიქვამთ და გაითავისებთ ჯერ კიდევ კითხვის დროს, იმ მეთოდის ხორცშესხმასაც უფრო ადვილად შეძლებთ. ეს კი უკვე კრიტერიუმია! რასაც უფრო ადვილად აკეთებთ, სწორედ ის არის თქვენთვის ზედგამოჭრილი!

ამასთან ერთად აუცილებელი არ არის, ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთოთ, როგორც წერია. მაგალითად, კითხულობთ, რომ რაღაც ვარჯიში, ან მოძრაობა ორჯერ უნდა გაიმეოროთ, თქვენ კი ყოველ ჯერზე გრძნობთ, რომ ორჯერ გამეორება არ გყოფნით და სასურველ შედეგს არ გაძლევთ. ასეთ დროს მანამდე უნდა გაიმეოროთ იგი, სანამ თქვენთვის სასურველ შედეგს არ მიაღწევთ. ან შეიძლება ვარჯიშის ერთხელ შესრულებით უკვე აღწევდეთ მიზანს და მისი გამეორება ზედმეტად გძაბავდეთ. ამ დროს მისი ერთხელ შესრულებაც საკმარისია. ამ წესს ყოვველთვის უნდა მისდიოთ, რადგან ეს უნივერსალუი წესია – აკეთეთ მხოლოდ ის, რაც გსიამოვნებთ და მანამდე, სანამ გსიამოვნებთ! გახსოვვდეთ, თქვენ ნერვების დამშვიდებაზე მუშაობთ! ამიტომ არასოდეს არ უნდა აკეთოთ ის, რაც არ გსიამოვნებთ. და ეს მხოლოდ მკურნალობას კი არ ეხება, არამედ მთელს თქვენს ცხოვრებას. ნუ უყურებთ სიტყვა სიამოვნებას ეჭვის თვალით! იცოდეთ, რომ სწორედ იმიტომ დაგემართათ უძილობა, რომ თქვენი ცხოვრებიდან სიამოვნება გაქრა. სიამოვნებაში მხოლოდ გემრიელ საჭმელს და სექსს არ ვგულისხმობ. გიფიქრიათ თუ არა, რომ სიამოვნება ჩვენი არსებობის, მთელი სამყაროს ყველაზე ფუნდამენტური თვისებაა. სიამოვნება არსებობს ყველგან და ყველაფერში, რაც სიცოცხლისთვის საჭიროა. სინამდვილეში ჩვენ ყველაფრისგან ვიღებთ სიამოვნებას, თუნდაც... სუნთქვისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვეღარ ვამჩნევთ, რადგან მივეჩვიეთ. მაგრამ აბა სცადეთ და რამოდენიმე ხანს შეწყვიტეთ სუნთქვა _ მანამდე სანამ ისტერიულად არ მოგინდებათ ჩასუნთქვა. შემდეგ ჩაისუნთქეთ და მაშინვე იგრძნობთ, რომ სუნთქვა სიამოვნებაა, თანაც უდიდესი სიამოვნება! ასეთივე სიამოვნებაა ნებისმიერი `უბრალო რამ~ _ წყლის სმა, დაბანა, სახლიდან გარეთ გასვლა, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა, ფოთლების შრიალი, ძველი მეგობრის შეხვედრა, მყუდრო ბინაში დაბრუნება, კარგი მოთხრობის წაკითხვა, კარგი ჩაი, ძილი, გამოღვიძება...

სინამდვილეში არ არსებობს არც ერთი წამი ადამიანის ცხოვრებაში სიამოვნების გარეშე. მაგრამ დგება ადამიანის ცხოვრებაში მომენტი, როცა მას აღარ უნდა ან აღარ შეუძლია მიიღოს სიამოვნება. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანი სტრესული მდგომარეობაში ვარდება ან ნერვიულობს. გამუდმებით ასეთ მდგომარებაში ყოფნა ნერვოზსა და დეპრესია იწვევს. ასეთ მდგომარეობებში ადამიანს აღარ შესწევს ძალა, ცხოვრებისგან იმდენივე სიამოვნება და სიხარული მიიღოს, რამდენსაც იღებდა, ისეთივე მედიტაციური იყოს, როგორიც იყო., ანუ ისევე ადვილად და ღრმად ტკბებოდეს ცხოვრების `უბრალო~ მომენტებით, როგორც ტკბებოდა, მოკლედ ისეთივე ბედნიერი იყოს, როგორიც იყო მანამდე სანამ ბედნიერების მიღებაში დაძაბული ნერვები არ შეუძლიდა ხელს და ყველაფერი უსიამოვნო შეგრძნებებით და რუხი ფერებით არ დაიფარებოდა.
ნუ გიკვირთ, რომ თქვენმა პეიზაჟმა დაკარგა ლამაზი და ხასხასა ფერები, მუსიკამ _ სიმძაფრე და მშვენიერება, ცეკვამ სილაღე და გრაცია, რომ არაფერი აღარ გახალისებთ და გულს აღარ გიხარებთ! ნუ გიკვირთ, რომ ყველაფერი ერთფეროვანი, მოსაწყენი და აუტანელიც კი გახდა! რომ სადღაც შორეულ მოგონებაში დარჩა ყველაფერი ლაღი და ცოცხალი! ნუ გიკვირთ! ყველაფერი თქვენი ნერვული მდგომარეობის ბრალია! მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ნერვების! ეს მათ აღარ ძალუძს აღიქვან და თქვენში შემოუშვან ყველაფერი ის, რაც გაგახარებდათ, რადგან მეტისმეტად დაძაბულები არიან ამისთვის და ძალაუნებურად სულ სხვა რამით კავდებიან _ ბრაზით, ჩხუბით, ყვირილით (ან გულში ჩახვეული ჩუმი ბოღმით), წყენით, კონფლიქტური სიტუაციების ანალიზით, ახალი ამბებით, ინფლაციით, მთავრობის უგუნური პოლიტიკით... მოკლედ ყველაფერი უარყოფითით. თქვენი ტვინი გაუთავებლად მუშაობს _ ფიქრობს _ სულ ცუდზე და ცუდზე... ეს იმიტომ არ ხდება, რომ თქვენ ასეთი ცუდი ვინმე ხართ. არა! ეს თქვენი აღგზნებული ნერვიული სისტემა გაიძულებთ ამას! მას მუდმივად სჭირდება საკვები _ ადრენალინი და სხვა ნივთიერებები ?????, რომლებსაც თქვენი ორგანიზმი სტრესის დროს გამოიმუშავებს.
ამ დროს ყველაფერი კარგი, ყველაფერი სასიამოვნო, სასიხარულო და ბედნიერების მომტანი ისევ არსებობს და ისევ იმ სიცხადით... არსად არ გამქრალა, ისევ იქაა, სადაც ბოლოს დატოვეთ. და თქვენც იქვე ხართ, ერთი ხელის გაწვდენაზე, უბრალოდ აღქმის ორგანო გაქვთ დაჩლუნგებული, დაძაბული. ახლა მის მოდუნებასა და მშიდ რეჟიმში გადაყვანაზე უნდა იმუშაოთ. ამას გააკეთებთ თუ არა, ყველაფერი დაგიბრუნდებათ, ყველაფერი თავიდან გაცოცხლდება და თქვენი ცხოვრება სულ სხვა ხარისხს, ახალ შინაარსსა და სილამაზეს შეიძენს!
სანამ რაიმე სახის მკურნალობას დაიწყებდეთ, უნდა გაიაზროთ, რომ ნებისმიერი უარყოფითი ფიქრი თუ შეგრძნება (საუბარია არაა ლაპარაკსა და მოქმედებაზე) გამოწვეულია თქვენი ნერვიული მდგომარეობით და თავის მხრივ ზემოქმედებს თქვენს ნერვიულ სისტემაზე. უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს ფიზიკური და ქიმიური პროცესია!

ჩემმა მეუღლემ და შვილებმა დილით ყოველთვის ზუსტად იციან, როდის მეძინა კარგად, როდის კი _ ისე რა. ხშირად ამიტეხია ჩხუბი და დავიდარაბა სისულელის გამო _ `რით ვერ ისწავლეთ, რომ ეს პირსახოცი აქ უნდა ეკიდოს!~ `ვერ გავიგე, ასე მთელი ცხოვრება დებილივით უნდა იჯდე კომპიუტერთან?~ ჩემი შვილი გუშინ დილითაც ასე იჯდა კომპიუტერთან, მაგრამ გუშინ კარგად ვიყავი გამოძინებული, ნერვიული სისტემა დამშვიდებული მქონდა და ეს ამბავი ასე ტრაგიკულად არ აღმიქვამს, დღეს კი ცუდად მეძინა, გაღიზიანებული ვარ და არაფრის გამო ხალხს ნერვებს ვუშლი. რა უნდა ვქნა? ორი გზა მაქვს _ ან მოსახლეობის დაცოფვა განვაგრძო, ან სასწრაფოდ დავიმშვიდო ნერვები. ერთი დღისთვის ერთი სტრესიც საკმარისია! და თუ განკურნებას ვაპირებ, ესეც არ უნდა მომსვლოდა _ ნებისმიერი სტრესი ხომ ძლიერ უკან ხევს ნერვების მოწესრიგების საქმეს... ასე უნდა ფიქრობდეს ნებისმიერი, ვისაც უძილობისთვის თავის დაღწევა გადაუწყვეტია.

დაითვალეთ, რამდენი უარყოფით აზრს ამბობთ ერთი დღის მანძილზე და რამდენ დადებითს!

რამდენ უარყოფით ინფორმაციას იღებთ დღის განმავლობაში და რამდენს _ დადებითს!

რამდენ უარყოფით ფიქრს გაივლებთ და რამდენ დადებითს!

რამდენ უსიამოვნო რამეს აკეთებთ და რამდენს _ სასიამოვნოს!

რამდენი ხანი ხართ დღის განმავლობაში კარგად, ლაღად, მოშვებულად, თავისუფლად, კომფორტულად და რამდენი ხანი ხართ დაძაბული, უსიამოვნოდ, დაძაბული, დისკომფორტში?

ეს ყველაფერი თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება და აყალიბებს თქვენს უძილობას!

თუ გსურთ, უძილობას თავი დააღწიოთ, ფეხებზე უნდა დაიკიდოთ მშრომელი მასების და ზოგჯერ თქვენი საკუთარი წარმოდგენებიც ცხოვრებაზე, მოვალეობაზე, მორალზე და ა.შ. და თქვენს თავს უნდა მიხედოთ!
თქვენს თავს უნდა მიხედოთ ისე, როგორც არასოდეს მიგიხედავთ!

უნდა მოიშალოთ ბევრი ჩვევა და ახალი ჩვევები უნდა შეიძინოთ.

შეიძლება ცხოვრების წესის ძირფესვიანი შეცვლაც მოგიწიოთ.

სხვანაირად წინასწარ იცოდეთ, რომ არაფერი გამოგივათ და ტყუილად თავს ნუ მოიტყუებთ _ რა აზრი აქვს ნერვების დასაწყნარებელი ვარჯიშების კეთებას, თუ იმავე ნერვებს დღეში ათჯერ გაიღიზიანებთ?

საკუთარ ფსიქიკაზე მუშაობა მოგიწევთ _ საკუთარი აზრების მართვა _ ზოგჯერ ფიქრების შეჩერება, ზოგჯერ კი საჭირო ფიქრებისა და განწყობების ჩართვა.

ნუ შეგეშინდებათ, ეს ყველაფერი ადვილია _ იმდენად ადვილი, რომ შეიძლება დაჯერებაც გაგიჭირდეთ!

ამაზე ადვილი მხოლოდ ძილის წამლების სმაა _ რას ვიზამთ, არსებობენ ისე გაზარმაცებული ადამიანები, რომ ოღონდ ოდნავ ხელის განძრევას აბებთან ერთად სიკვდილი ურჩევნიათ. ასეთებს შეუძლიათ ამ წიგნის კითხვით თავი არ შეიწუხონ, თქვენ კი თუ მზად ხართ უძილობის კოშმარისგან თავის დასაღწევად `იმხელა მსხვერპლი გაიღოთ~, რომ დღეში რამოდენიმეჯერ რამდენიმეწუთიან მანიპულაციებს მიმართოთ, გირჩევთ, გაეცნოთ მას.

ეს ვარჯიშები იმათაც გამოადგება, ვისაც ჯერ კიდევ კარგად ძინავს, მაგრამ ადვილად ღიზიანდება, ფეთქებადი ხასიათი აქვს და ხშირად იშლის ნერვებს.

ასევე იმათ, ვინც დარდს და სიბრაზეს გულში იმალავს და თვეობით ან წლობით დაატარებს. ასეთებს ჯერ თუ არ დამართნიათ, ადრე თუ გვიან მაინც დაემართებათ უძილობა.

მაგრამ აქ მხოლოდ ნერვების მოშლაზე არაა საუბარი.

თუ გიფიქრიათ, რომ იმას, თუ როგორია თქვენი ფიქრები პირველ რიგში თქვენი ფიზიკური მდგომარეობა განსაზღვრავს?

თქვენი ნერვიული სისტემის სიმტკიცესა და სიჯანსაღეზეა დამოკიდებული თქვენი ფიქრების ხასიათი და მიმართულება. მაგალითად თუ დაკვირვებიხართ, რომ ერთიდაიგივე სიტუაციაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა აზრები გიჩნდებათ, ერთიდაიგივე ადამიანების ერთნაირ მოქმედებებს სხვადასხვანაირად აფასებთ და სხვადასხვანაირად რეაგირებთ მათზე _ იმისდამიხედვით, თუ რა `ხასიათზე~ იმყოფებით. ეს `ხასიათი~ სხვა არაფერია, თუ არა თქვენი ნერვების გაღიზიანების ხარისხი,
თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული თქვენი აზრების ხანგრძლივობა, მათი სიღრმე და საერთოდ აზროვნების უნარი. და ამის გამოთქვენი პიროვნების განვითარების დონეც იმაზე ხდება დამოკიდებული, დიდი ხნის მანძილზე ჯანმრთელი იყო თქვენი ნერვული სისტემა თუ დაავადებული.

ზოგი უგულებელყოფს ამას, რადგან მიაჩნია, რომ მის `სულიერ ცხოვრებაზე~ ისეთ `უმნიშვნელო~ და `მდაბალი~ რამეები ვერ იმოქმედებენ, როგორიც ფიზიკური მდგომარეობაა. ასეთი ადამიანები არ უფრთხილდებიან ჯანმრთელობას. ზოგჯერ ბევრს სვამენ, უზომოდ ეწევიან მარიხუანას, დღე და ღამე შებრუნებული აქვთ და ა.შ. და მიაჩნიათ, რომ `სულისთვის~ ცხოვრობენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი ასეთი ადამიანის `სული~ სულ უფრო და უფრო უხეში და გაღიზიანებული ხდება, რადგან უარესდება მათი ნერვიული სისტემის მდგომარეობა.

სული და სხეული ერთად, ერთ მთლიანობად არსებობენ და სანამ ადამიანი ცოცხალია, ცალ-ცალკე, უერთმანეთოდ ვერც იარსებებენ. ამიტომაა, რომ თქვენი ნერვების ჯანმრთელობა განსაზღვრავს, როგორია თქვენი ფიქრები, თქვენი ფიქრების სიჯანსაღე კი თქვენი ნერვების ჯანმრთელობას.

დააკვირდით თქვენს თავს _ ცუდზე ძალიან ბევრს ხომ არ ფიქრობთ? გაქვთ მიდრეკილება მძიმე, დამთრგუნველი ფიქრებისადმი? გამუდმებით პრობლემებს აანალიზებთ?

თუ ასეა, ესე იგი თქვენი ნერვიული სისტემა მკურნალობას საჭიროებს. უნდა იცოდეთ, რომ პრობლემებზე ამდენს იმიტომ კი არ ფიქრობთ, რომ მართლა საფიქრალია, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ნერვიული სისტემა უარყოფითზე კონცენტრაციას გთხოვთ, რათა მიიღოს ის ნივთიერებები, რომლებიც სტრესის დროს გამოიყოფა.

ნებისმიერი უარყოფითი იფორმაცია სტრესია.

და მნიშვნელობა არა აქვს, რომ ეს სადღაც მადაგასკარზე ჩამოვარდა თვითმფრინავი და თქვენ არ დაგცემიათ თავზე.

ნებისმიერი უარყოფითი აზრი სტრესია.

ნუ იფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ ფიქრებია. სწორედ ეს ფიქრები იწვევს თქვენს უძილობას.

პრობლემებზე მხოლოდ მაშინ იფიქრეთ, როცა რაიმეს წყვეტთ რეალურად. სხვა დროს კი შეეშვით. თუნდაც იმიტომ, რომ არაფერი შეიცვლება იმით, ათასხუთასჯერ გაიფიქრებთ ერთიდაიგივეს თუ მხოლოდ სამჯერ ან ოთხჯერ. გამოიმუშავეთ უსიამოვნო ფიქრების მოშორების, მათგან განდგომის ჩვევა.

ერთბაშად ამის გაკეთება ადვილი არაა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი შესაძლებელია. როგორც ამბობენ, წვეთ-წვეთობით წყალი ქვას ხვრეტს. რამდენჯერაც შეამჩნევთ, რომ უარყოფით რამეზე ფიქრობთ, ან ისეთ თემაზე, რომელიც გაღელვებთ, გიმწუთასვე გადაერთეთ სხვა რამეზე. აიძულეთ თავი. ყველაფერი იღონეთ _ თუ ვერ ეშვებით ფიქრს, ადექით და გაიარეთ. მიაქციეთ ყურადღება რაიმეს თქვენს ირგვლივ. წიგნი წაიკითხეთ, მუსიკა ჩართეთ. მეგობარს დაურეკეთ და ელაზღანდარეთ. ბოლოს და ბოლოს ნებისმიერი ნომერი აკრიფეთ და იკითხეთ, ბონდოს თხოვეთ-თქო.

მთავარი რამ უძილობის დაძლევის საქმეში საკუთარი სხეულისა და ნერვიული სისტემის შეგრძნებისა და მართვის უნარის გამომუშავებაა.

ადამიანის ნერვები ზამბარებივითაა. არა მხოლოდ გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობითაც. ზამბარას შერხევას ერთი წამი ჭირდება, მის გაჩერებას კი გაცილებით მეტი დრო. ასეა ჩვენი ნერვებიც. როცა უსიამოვნო შეგრძნებები გვაწუხებს, სახის ან სხეულის კუნთები დაძაბული გვაქვს ან ვერ ვიძინებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ნერვები ზომაზე მეტად ირხევა. ღამითაც იმიტომ ვართ მოუსვენრად, გვეღვიძება ხშირ-ხშირად ან დილით იმიტომ ვიღვიძებთ ძალიან ადრე და გამოუძინებლები, რომ ნერვები ირხეოდა და ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ შერხეულ ზამბარას ხელს ვადებთ და ვცდილობთ დროზე ადრე გავაჩეროთ. ზამბარა გაჭირვებით გვემორჩილება, მაგრამ მისი რხევა მაინც სუსტდება, მაგრამ სანამ ბოლომდე შეჩერდება, ჩვენ მას ხელს გამოვკრავთ და კვლავ ძლიერ ვარხევთ.

ზუსტად ამას ვაკეთებთ, როცა ნერვებს ვმკურნალობთ, შიგადაშიგ კი ისეთ რამეებზე ვფიქრობთ, რაც გვაღელვებს, ვნერვიულობთ, ვჩხუბობთ, ვინმეს ვკიცხავთ ან მძიმე ინფორმაციებს ვისმენთ.

ამ ყველაფერზე კატეგორიული უარი უნდა ვთქვათ და შავი ჭირივით მოვერიდოთ, მაგრამ აქ სხვა საშიშროებაცაა. ამ დროს შეიძლება სტრესების მიმართ პანიკური შიში განგივითარდეთ და თვითონ ეს შიში გახდეს ხშირი სტრესის მიზეზი. მაგალითად შეიძლება მეგობართან მიხვიდეთ, იქ კი ძალიან ხმამაღლა საინფორმაციო გამოშვება იყოს ჩართული. შეიძლება აჩვენებდნენ პოლიტიკოსებს, რომელთა დანახვაც კი ნერვებს გიშლით და ძალიან ცუდ ამბებს გადმოსცემდნენ. ან შეიძლება უცება მეგობარმა საშინელი ამბები მოგიყვეთ ან ძალიან ნერვიულად და დრამატულად აგიღწეროთ საკუთარი პრობლემები. თქვენ იცით, რომ ასეთი რამეები თქვენზე ცუდად მოქმედებს. რომ ასეთი რამეებისგან ზამბარა ხელახლა ირხევა, რომ ამდენი ხანია ნერვების დამშვიდებას ცდილობთ, აქ კი თქვენი მეგობარი ასეთ უგულისყურობას იჩენს და ასე დაუდევრად გიშლით ნერვებს. ასეთი რამის გაფიქრება მომენტალურად მოგშლით და ბევრად უფრო მეტადაც, ვიდრე ეს თქვენს მეგობარს, ან ტელევიზორს შეეძლო გაეკეთებინა. და ასე მოხდება ყოველ ჯერზე, როცა ოდნავ მაინც ამაღელვებელ რაიმეს შეეფეთებით. უფრო მეტიც _ ხშირად სრულიად უსაფუძვლოდ იფიქრებთ, რომ ნერვებს გიშლიან, ან შეიძლება მოგიშალონ და ცარიელ ადგილზე თავი თქვენ თვითონ გაინერვიულოთ. ამიტომ მხოლოდ არასასურველი იფნორმაციის თავიდან არიდება გამოსავალი არ არის. პირიქით, ეს უარესიცაა.

კარგად უნდა გააცნობიეროთ ჩვენი ტვინისა და ნერვული სისტემის მუშაობის მექანიზმი. არასოდეს უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ რასაც ჩვენ ვხედავთ და ვისმენთ ის კი არ არის, რაც სინამდვილეში ჩანს ან ისმის, არამედ ის, რაც ჩვენი ტვინის ერთმა ნაწილმა აღიქვა, გადაამუშავა და ელექტროტალღების მეშვეობით მის მეორე ნაწილს გადასცა. ამის გაგება ძნელი არ არის. სხვანაირად რომ ვთქვათ, რასაც ჩვენ ვხედავთ, უკვე ჩვენს მიერ გადამუშავებული ინფორმაციაა, ამ გადამუშავების პროცესში კი ჩვენი შეფასების უნარიც მონაწილეობს. ანუ ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ მის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებასთან ერთად. მაგალითად, ჩვენ როცა ვიცით, რომ რომელიმე ჩვენი ნაცნობი ყოველთვის ნერვიულად ლაპარაკობს, პირს გააღებს თუ არა, უკვე ჩვენდაუნებურად და გაუცნობიერებლად ავღელდებით, რადგან ვიცით, რომ ნერვიულ ლაპარაკს ვუსმენთ. ამ დროს ნაცნობმა შეიძლება სრულიად მშვიდად ილაპარაკოს, მაგრამ ჩვენ მისი ტონი მაინც დაძაბულად და ნერვიულად მოგვეჩვენება. ან როცა ვიცით, რომ ვინმე სულ ცუდ ამბებს ყვება, შეიძლება მის მიერ მოყოლილი ჩვეულებრივი ისტორია ძალიან მძიმედ და ნეგატიურად აღვიქვათ.
ასეთი დამოკიდებულებით სტრესებს ვერ ავცდებით და და თქმა უნდა შორსაც ვერ გავფრინდებით.
ერთადერთი გამოსავალი აქ ნებისმიერი ადამიანისადმი, მოქმედებისადმი ან მოვლენისადმი თქვენი დამოკიდებულების შეცვლაა. უნდა ისწავლოთ უარყოფითის დადებითად ქცევა. როგორ? ძალიან ჩვეულებრივად _ თავიდან თეორიით უნდა დაიწყოთ _ უნდა გაიაზროთ, რომ არავინ ცუდი არ არის. რომ არ არსებობს ბოროტება _ თქვენ წარმოიდგინეთ, ჰიტლერსა და სტალინსაც კი უკეთესი მსოფლიოს მოწყობა უნდოდათ, ყველაზე დაუნდობელი სადისტი და სერიული მკვლელი კი ბავშვობის ფსიქოლოგიური ტრამვების მსხვერპლია. ნებისმიერი ადამიანი იმიტომ ჩადის სისასტიკეს, იმიტომ იქცევა უსამართლოდ ან უგულოდ, რომ საკუთარ ტრამვებს, შიშებსა და ტკივილებს სურს გაექცეს. ასე ხდება დიდი `ბოროტების~ შემთხვავში, თქვენს ირგვლივ მყოფთა პატარ-პატარა, წვრილმან სულმდაბლობებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... ადამიანები იმიტომ იქცევიან `ცუდად~, რომ რაღაცას კარგად ვერ ხვდებიან ან რაღაცით ტრამვირებული ფსიქიკა აქვთ. ესაა და ეს. ნებისმიერი ფსიქოლოგი დაგიდასტურებთ ამას. ეს, რა თქმა უნდა შორს არის იმისგან, რასაც შეიძლება სრულყოფილება ვუწოდოთ, მაგრამ ასეთი არიან ადამიანები. ამიტომ არ ღირს მათზე გაბრაზება. არ ღირს მათი განკითხვა. არა იმიტომ, რომ განკითხვას რელიგია გვიკრძალავს, არამედ იმიტომ, რომ ეს სისულელეა.
ალბათ გეცოდინებათ, რომ ნებისმიერი რამ მუდამ იცვლება _ ეს მატერიიის თვისებაა _ მუდმივი ცვლილება და განახლება. ადამიანშიც მუდმივად მიმდინარეობს ცვლილებები _ ყოველ წამს კვდება და იბადება უჯრედები. ორგანიზმის ცვლილებები ადამიანის აზროვნებასა და შეხედულებებზეც მოქმედებს. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, უნდა თუ არა, რაღაც დროის მერე იცვლის შეხედულებებს, `სულიერად~ იცვლება. ამიტომ ისევე როგორც მდინარეში მუდამ სხვადასხვა წყალია, ადამიანიც მუდამ სხვადასხვაა და როგორც ერთ მდინარეში ვერ შეხვალ ორჯერ, ისე ერთიდაიგივე ადამიანსაც ორჯერ ვერ ნახავ.

ადამიანი მდინარეა. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ იწვიმა და თქვენ ამღვრეული მდინარე ნახეთ. ბანაობა გინდოდათ და გეწყინათ მდინარისგან, რომ არ გაბანავათ. თქვენ წახვედით და ის მდინარე იმის მერე აღარ გინახავთ. თქვენ ის სამუდამოდ დაგამახსოვრდათ, როგორც ამღვრეული და ყოველთვის, როცა გახსენდებოდათ, გახსენდებოდათ თქვენი მისდამი წყენაც. მაგრამ მეორე დღეს რომ დაბრუნებულიყავით მის ნაპირთან, ნახავდით, რომ მდინარე არ არის ამღვრეული _ მეორე დღესვე ის უკვე დაწმენდილია, რადგენ არ შეუძლია არ დაიწმინდოს. იმას, რაც მოძრაობს, არ შეუძლია არ დაიწმინდოს. მოძრაობით კი ყველაფერი მოძრაობს. ეს მატერიის ფიზიკური თვისებაა.

ამიტომ არ ღირს არასდროს არავიზე გაბრაზება, პოლიტიკოსებზეც კი. წყენა დროებითია, პატიება კი მარადიული ფასეულობაა. წყენას ლოგიკურად პატიება მოსდევს. პატიებას კი პოგიკურად წყენა არ მოსდევს. და რაც მთავარია, წყენა ყოველთვის თქვენს ნერვიულ სისტემას გმართებთ და იწვევს უძილობას. ამიტომ შეეცადეთ გაიხსენოთ ყველა დიდი წყენა, რაც თქვენთვის მოუყენებიათ და თქვენთვის, ჩუმად, `შიგნით~ აპატიოთ ყველას.
ეს უდიდეს სიმშვიდეს მოგგვრით, რაც კარგი ძილის საწინდარია.

კიდევ ერთი რამ უნდა იცოდეთ _ `სხვა~ არ არსებობს. ჩვენ ყველა ერთი სამყაროს, ერთი არსებობის შვილები ვართ და ამდენად ყველანი ამ მხრივ `და-ძმანი~, `ახლობლები~ ვართ. ამის გაგება რელიგიური ადამიანისთვის უბრალოდ მოვალეობაა, თუმცა ეს შეიძლება ათეისტმაც ადვილად გააცნობიეროს. ამიტომ შეხედეთ ყველას, როგორც საკუთარ თავს. შეეცადეთ გაუგოთ ნებისმიერ ადამიანს, ისე როგორც საკუთარ თავს გაუგებდით. მოეკიდეთ ისე, როგორც თქვენს თავს მოეკიდებოდით _ თანაგრძნობით.
როცა ადამიანი გძულთ, არ გესიმპატიურებათ ან უბრალოდ `იდიოტია~, მისი ყველაფერი ასმაგად გაღიზიანებთ და პირიქით _ როცა გიყვართ, ან უთანაგრძნობთ, იმაზეც კი არ ღიზიანდებით, რაც მართლა გამაღიზიანებელია. ასე რომ თანაგრძნობა და სიყვარული თქვენი ნერვების წამალია!
აქდან იმ დასკვნის გაკეთებაც შეიძლება, რომ სიყვარული თქვენი ბუნებრივი და ჰარმონიული მდგომარეობაა და არა თქვენი `იშვიათი დიდსულოვნების~ გამოვლინება...

არცერთი ადამიანის არცერთი საქციელის გამო არ ღირს ნერვების გაფუჭება და უძილოდ ყოფნა. გახსოვდეთ _ უძილობა არა მხოლოდ დღეს `განგრევთ~ და დღევანდელ დღეს გართმევთ, არამედ ჯანმრთელბასაც გიფუჭებთ, ანუ მომავალსაც გიმწარებთ!

თქვენ ფიიქრობთ, რომ ადამიანს არ სჭირდება ჰარმონიული ფილსოფია და ჰარმონია ცხოვრებაში? აჰ, არ გიფიქრიათ ამაზე? თქვენ მგონი უძილობა გაწუხებთ, არა?...

მოკლედ, თუ მოახერხებთ, ამ სიმაღლეებიდან შეხედოთ ყველას და ყველაფერს, ჩათვალეთ, რომ 90% უძილობის დაძლევის საქმეში გაკეთებული გაქვთ!

მაგრამ ეს ყველაფერი თეორიაა. ასეთ რამეებზე სჯა-ბაასი ძალიან ადვილია, ერთი თუნდაც კუს ნაბიჯის გადადგმა კი _ ძალიან ძნელი. თუ ოდნავ მაინც გულზე მოგვხდათ ზემოთ ნათქვამი, ანუ თუ სიმართლის, საღი აზრის ან ლოგიკის მცირე მარცვალი დაინახეთ ამ ყველაფერში, შეეცადეთ ხშირად იფიქროთ ამ თემებზე. არსებობს თემები, რომლებზე ფიქრსაც თავისთავად აქვს თერაპიული ეფექტი _ სამყაროს ერთიანობა, სიყვარული, თანაგრძნობა სწორედ ასეთი თემებია.

იკითხეთ ამ თემებთან დაკავშირებული ლიტერატურა. გაეცანით ძველ და ახალ აღმოსავლურ ლიტერატურას ამერიკელი ინდიელების წარმოდგენებს, ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს, ალიასკელი თუ აფრიკელი შამანების შეხედულებებს. ასეთი ლიტერატურის კითხვა საოცრად დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე, რადგან ჰარმონიაზე ფიქრს და საუბარსაც კი რაღაც დონეზე ჰარმონიაში მოვყავართ ფიზიკურად. ფიქრი ხომ ისეთივე ფიზიკური პროცესია, როგორც მკლავის გადაწევა ან სექსი.

ზემოთმოყვანილი შეხედულებები შეიძლება სისულელედ ან აბსტრაქტულ მსჯელობად მოგეჩვენათ, მაგრამ ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ყველა რელიგიის წმინდანებმა, გურუებმა, ქურუმებმა თუ შამანებმა სწორედ ამ შეხედულებათა პრაქრიკული განხორციელებით მიაღწიეს იმ ნეტარ და ბედნიერ მდგომარეობას, რომელსაც მიაღწიეს. სხვათა შორის გონებისა და სხეულის უთიერთზემოქმედების უდიდესი სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი ჰერბერტ ბენსონი პირდაპირ მიუთითებს, რომ `რწმენა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამკურნალო იარაღია, რაც კი ჩვენ ჩვენს თერაპიულ არსენალში გაგვაჩნია.~ ასე რომ თუკი რაიმე რწმენა გაგაჩნიათ, მოეჭიდეთ მას. გააქტიურდით ამ მიმართულებით. მე ვიცი შემთხვევები, როცა ადამიანი მხოლოდ ეკლესიაში მისვლითაც კი (ანუ სიარულის დაწყებით) მომენტალურად განკურნებულა ღრმა ნევროზისგან.

ახლა კი ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ აბსტრაქტული აზრების პრაქტიკად ქცევა. ამისთვის სწორედ ისაა საჭირო, რაც ნებისმიერი მედიტაციისას ან თვითშთაგონებისას _ თქვენ უნდა აიძულოთ ტვინი საჭირო აზრი საჭირო დროს გაიხსენოთ. პირველ რიგში საჭიროა ამ აზრებზე კონცენტრაცია სიმარტოვეს და სიჩუმეში. ამ თემებზე ფიქრის გარდა შეგიძლიათ შეიმუშაოთ სიტყვა-კოდები ან ფრაზა-კოდები, რომლებიც მოიცავენ და ლაკონურად გადმოსცემენ მთელს თქვენს ნაფიქრალს, თქვენს ცნობიერებას.

სიჩუმე ამ შემთხვევაში ხელისშემწობი ფაქტორია და არა აუცილებელი პირობა. ისე კი ამაზე ავტობუსის გაჩერებაზეც შეგიძლიათ იფიქროთ და სტადიონზეც. გამოიყენეთ ნებისმიერი `უაზროდ გასატარებელი~ დრო ამისთვის _ რიგში დგომა, თვითმფრინავში ან ტაქსში ჯდომა. გააძლიერეთ ეს აზრები, გახადეთ იმდენად ახლობელი და ხელშესახები, რომ ნებისმიერ ადამიანს ძმად და მეგობრად აღიქვამდეთ უკვე ყოველგვარი ფიქრისა და მსჯელობის გარეშე. თავიდან კი ფიქრი აუცილებელია. ამას გარდა შეგიძლიათ უფრო აქტიურ მედიტაციებსაც მიმართოთ. მაგალითად ავტობუსში ჯდომისას ვინმე უცნობი ამოირჩიეთ და იფიქრეთ, რომ სრულიად შესაძელებელი იყო, ის თქვენი ოჯახის წევრი ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ძმა, დედა ან შვილია. როგორ მოექცეოდით? რას დაუძახებდით? როგორ გეყვარებოდათ? შეეცადეთ, ისე ძლიერ განიცადოთ ეს, რომ `ფიზიკურადაც~ ხალშესახები გახდეს. უსურვეთ გულში სიკეთე, ჯანმრთელობა. ასეთ მედიტაციებს არა მხოლოდ ფილოსოფიური მნიშვნელობა აქვს, არამედ თერაპიულიც _ ეს თქვენ კარგ, ნათელ განწყობაზე დაგაყენებთ და ძლიერ დაგამშვიდებთ.

მაგრამ მთავარი მაინც სტრესულ სიტუაციაში მოქმედების ტექნიკის დაუფლებაა. დავუშვათ ვინმემ ქუჩაში ან ტრნსპორტში მოულოდნელად უხეშად, მკვახეთ გითხრათ რაღაც ან სულაც შეურაცყოფა მოგაყენათ. პირველი, ინსტიქტური რეაქცია ამ დროს აღშფოთებაა, მაგრამ აღშფოთება უკვე სტრესი და თქვენი ამღამინდელი უძილობის გარანტიაა. თავდაპირველად ამ პირველ დარტყმას, ანუ აღშფოთებას ვერსად წაუხვალთ. ახლა უკვე იმას უნდა ეცადოთ, რომ მიღებული სტრესი არ გაღრმავდეს და რაც შეიძლება სუსტი იყოს. ამიტომ ის რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს. ამ შემთხვევაში დრო თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ამიტომ რაც უფრო მალე მოეგებით გონს და გააცნობიერებთ, რომ სტრესში ხართ, მით უკეთესი. გონს მოსვლის შემდეგ სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ კონფლიქტის ვიზუალიზაცია, ანუ გონებაში მომხდარის გამეორება და იმაზე ფიქრი, ვინ რატომ რა თქვა ან გააკეთა, ვინ იყო მართალი და ა.შ. ამ ყველაფერს ერთბაშად უნდა შეეშვათ და სტრესიდან გამოსვლის `ავარიულ რეჟიმში~ გადაერთოთ. უნდა უთხრათ თავს, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იყო მტყუანი, რა რატომ მოხდა, რომ ახლა მთავარია წონასწორობის აღდგენა. სასწრაფოდ უნდა შეუდგეთ იმ სუნთქვით თუ სხვა ვარჯიშებს, რომლებიც პირადად თქვენ სტრესიდან გამოსვლაში ყველაზე სწრაფად და ეფექტურად გეხმარებათ. უნდა აკეთოთ ეს ვარჯიში, სანამ მთლიანად არ მოგეხსნებათ სტრესით გამოწვეული დარღვევები ორგანიზმში _ სისხლის მოწოლა თავში, წვა თავში ან სხვაგან, ხელების მტევნებში სისუსტის შეგრძნება, ოფლის დასხმა თუ სხვადასხვა სახის უსიამოვნო შეგრძნებები. ყველაზე ეფექტური ასეთ დროს სიცილოთერაპიაა. პირადად ჩემთვის ასეთ შემთხვევებში სიცილო-თერაპია ერთად აღებულ ყველა სხვა მეთოდზე ათასჯერ უფრო ეფექტურია, თუმცა თქვენთვის ასეთი შედეგიანი სულ სხვა რამ შეიძლება იყოს.

მანამდე არ შეწყვიტოთ ამორჩეული ვარჯიში (ან ვარჯიშთა კომბინაცია), სანამ ნორმალური, ჯანსაღი, ლაღი მდგომარეობა ბოლომდე არ აღგიდგებათ, პარალელურად კი მოახდინეთ კონცენტრაცია `სამყაროს ერთობის ცნობიერებაზე~, ან `მდინარის თეორიაზე~, ან თანაგრძნობაზე, ან იმაზე, რომ სიყვარული მუდმივია, განრისხებამ კი ადრე თუ გვიან უნდა გაიაროს და ა.შ.. თქვენს შემთხვევაში ეს ყველაფერი სულ სხვა სიტყვებით შეიძლება გამოიხატოს. ამ შემთხვევაში გამოგადგებათ მარტოობასა და სიმშვიდეში შემუშავებული ის სიტყვა-კოდები, რომლებზეც მედიტირებდით. ასეთი სიტყვები ტვინს უფრო მალე მიაწვდიან საჭირო იმპულსებს და მალე შემოაბრუნებენ ჰარმონიული და დამამშვიდებელი ხედვებისკენ. ამის გაკეთება კი აუცილებელია, რადგან თუ ფიზიკურად თავის დამშვიდებას ბევრად ნაკლები შედეგი ექნება (ან შეიძლება საერთოდ არ ქონდეს შედეგი), თუ თქვენ ჯერ კიდევ გწყინთ, ბრაზობთ, აღშფოთებული ხართ, თვლით, რომ არ იმსახურებთ... სისულელეა ეს ყველაფერი. დრო ყველაფრის მკურნალია. ადრე თუ გვიან დადგება დრო, როცა ეს შემთხვევა არც კი გემახსოვრებათ, ან გაგეცინებათ მასზე. ეს ნამდვილად ასე იქნება. რატომ უნდა მივცეთ საშუალება იმას, რაც აღარ გვემახსოვრება, დიდხანს გვანერვიულოს? ტექნიკა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სინამდვილეში `დროის შემოკლების~ ტექნიკაა. ფსიქიკური და ფიზიკური ვარჯიშებით ჩვენ ჩვენს ფსიქიკას და სხეულს ვეხმარებით მალე დაძლიოს და მინელოს ის, რასაც თვითონ დიდ ხანს მოანდომებდა. ესაა და ეს. იმაზე, რაზეც საათები, დღეები, კვირები, ზოგჯერ კი წლებიც უნდა დაგვეხარჯა, რაზეც უნდა გვეფიქრა, გვემსჯელა და რის გამოც ღამეები უნდა გვეთია რომ ბოლოს დაგვიწყებოდა ან გაგვცინებოდა, ახლა ჩვენ მხოლოდ რამოდენიმე წუთს (შემდეგ კი წამს, შემდეგ კი საერთოდ არაფერს!) ვხარჯავთ და მივდივართ წინ! ცხოვრება გრძელდება. ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენთანაა და ცხოვრებაში უამრავი მშვენიერი რამაა, რომ დავტკბეთ და მთელი დრო ამ სულელურ კინკლაობაში არ დავხარჯოთ. თუ თქვენ თქვენი თავი და სიცოცხლე ოდნავ მაინც გიყვართ, მიხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს. თუ ბიოფილი ხართ, აუცილებლად უშველით თავს, მაგრამ თუ თქვენ ისე გჭირდებათ კოფლიქტები და ცუდი ამბები, როგორც ვამპირს სისხლი, თუ თქვენ ფსიქოლოგიური ნეკროფილი ხართ, ეს ყველაფერი ლაყბობად და სისულელედ მოგეჩვენებათ. `ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსაო~ მეთორმეტე საუკუნეში ამბობდა შოთა რუსთაველი, რომელიც ან პრაქტიკული ცოდნით, ან ინტუიტიურად ადამიანის ფსიქიკისა და ფიზიოლოგიის მუშაობის საიდუმლო კანონზომიერებას ჩაწვდა.

მაშ ასე _ თქვენ დაეუფლეთ მთავარ პირნციპს _ თქვენი საკუთარი უარყოფითი რეაქციის დადებითით შეცვლას. ახლა მხოლოდ ტექნიკის დახვეწაღა დაგრჩათ. თუ მაქსიმალურად თანმიმდევრული იქნებით, ანუ ამ ტექნიკის ფიზიკურ და ფილოსოფიურ მხარესაც ერთნაირი გულმოდგინებით შეასრულებთ, ადრე თუ გვიან ამ ყველაფრისთვის საათების ნაცვლად წუთები დაგჭირდებათ, შემდეგ წუთების ნაცვლად რამდენიმეწამიანი ფიზიკური მანიპულაცია, ბოლოს კი საერთოდ არაფერი _ თქვენი ხედვა, თქვენი ცნობიერება მუდამ თქვენთან იქნება და ვერავითარი უხეშობა და შეურაცყოფა ვეღარ აგაღელვებთ. კეთილგანწყობა თქვენში იმდენად ძლიერი იქნება, რომ სხვისი უარყოფითი განწყობა მას ვერ დაარღვევს. პირიქით, თქვენი კეთილგანწყობა შეიძლება მასაც გადაედოს. გამწარების ნაცვლად მხოლოდ გაგეღიმებათ და თანაუგრძნობთ, რადგან სინამდვილეში ყოველგვარი არასრულყოფილება, რისი გამოხატულებაცაა ნებისმიერი უხეშობა და შეურაცყოფა, მხოლოდ კეთილ ღიმილსა და თანაგრძნობას იმსახურებს და თუ თანმიმდევრულნი იქნებით, ვერც შეამჩნევთ, ისე დადგება დრო, როცა თქვენთვის ეს ისეთი ბუნებრივი გახდება, რომ მის მისაღწევად არავითარი ძალისხმევა არ იქნება საჭირო. ეს თქვენი ცოდნა კი არ იქნება, არამედ ეს ცოდნა იქნებით `თქვენ~ _ როცა თეორია პრაქტიკად იქცევა, ცოდნა თქვენი ორგანული, `ფიზიკური~ ნაწილი ხდება და ერთი წამითაც კი არ გტოვებთ. ან როგორ უნდა დაგტოვოთ იმან, რაც თქვენ ხართ? ასე შეიძლება იქცეს უძილობასთან ბრძოლა უფრო მაღალი დონის არსებად ქცევის საფეხურად. ამ შემთხვევაში `შიში შეიქმს სიყვარულსა~, ანუ უძილობის შიში ჯანმრთელობის ძებნას გვაიძულებს. შემდეგ ვხვდებით, რომ ჯანმრთელობა სიმშვიდის გარეშე შეუძლებელია, შემდეგ კი იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ჰარმონიული ხედვის და მისი პრაქტიკული განხორციელების გარეშე სიმშვიდეს ვერაფრით მოვიპოვებთ _ ერთი სიტყვით, გამოდის, რომ ეგოისტურ იმპულსებს ყველაზე არაეგოისტურ ცნობიერებამდე და ცხოვრებამდე მივყავართ, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. რას ვიზამთ, ხალხნი ვართ.

ბევრმა შეიძლება ვერ გაიგოს, რა აქ რაღაც აზრები, როცა წიგნი პრაქტიკული რჩევების მისაღებად აქვს ნაყიდი, მაგრამ აქ იმის გაგებაა საჭირო, რომ ჩვენს უძილობას ჩვენი ნერვიული სისტემის დაძაბვა იწვევს, ნერვიული სისტემის დაძაბვას _ ჩვენი ტვინიდან წამოსული უარყოფითი იფორმაციის შემცველი ელექტროიმპულსები, უარყოფითი ინფორმაციის უარყოფითობას კი ჩვენი მხრიდან მისი შეფასება განსაზღვრავს. რომ შევაჯამოთ ეს გრძელი გზა, დავინახავთ, რომ უძილობას ჩვენს მიერ გარემოს შეფასება იწვევს. ასე რომ შეფასება თავდაპირველი მიზეზია, უძილობა _ საბოლოო შედეგი. ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ მიზეზის აღმოფხვრის გარეშე ნებისმიერი დაავადების მკურნალობა მხოლოდ გარეგნული, დროებითი ეფექტის მომცემი და პროფილაქტიკული ხასიათის იქნება. მიზეზი თუ არ გაქრა, შედეგსაც ვერაფრით გავაქრობთ. მიზეზის მორჩენის გარეშე სრული განკურნება შეუძლებელია, მიზეზი კი ჩვენი შეფასებებია, ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი აზრები, წარმოდგენები და მათგან წარმოქმნილი სურვილები, მოკლედ ჩვენი `სულიერი სამყარო~. უძილობა ავამდყოფობის უკიდურესი გამოვლინებაა, უკიდურეს გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს ყველაზე დიდი დახმარება სჭირდება, ყველაზე დიდი დახმარება კი იმის გაგებაა, თუ რა არის სინამდვილეში მიზეზი. ყველაზე კარგი მკურნალობა მიზეზის მკურნალობაა.

ამქვეყნად უამრავი რელაქსაციური ვარჯიში და ვარჯიშთა ნაკრები არსებობს. ყველა მათგანს ადამიანი, რა თქმა უნდა, ვერ შეასრულებს. ამიტომ მხოლოდ რამოდენიმე მათგანის შერჩევა მოგიწევთ. მაგრამ რა უნდა იყოს შერჩევისას კრიტერიუმი? _ უნდა ისწავლოთ საკუთარი ორგანიზმის მოსმენას. უნდა დააკვირდეთ თქვენს შეგრძნებებს. უნდა დააკვირდეთ თქვენი ორგანიზმის რეაქციებს სხვადასხვა ვარჯიშებზე. უნდა იგრძნოთ, რა გჭირდებათ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოგეხსნათ უსიამოვნო შეგრძნება, ტკივილი ან დაღლილობა და გააკეთოთ, რასაც იგრძნობთ. ასე შეიძლება სრულიად ახალი ვარჯიშები მოიგონოთ კიდეც. შეიძლება ისეთი რამ მოიგონოთ, რაც უკვე არსებობს, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარი აქ ისაა, რომ თქვენს მიერ ნაგრძნობი და მძაფრი მოთხოვნილებით ნაკარნახევი მოქმედება, სუნთქვითი ვარჯიში იქნება ეს, კუნთოვანი თუ რაიმე სახის მედიტაცია, ათასმაგად შედეგიანი იქნება თქვენთვის, ვიდრე ნებისმიერი წიგნში ამოკითხული ან ეკრანზე ნანახი და მექანიკურად გამეორებული მანიპულაცია. ენდეთ საკუთარ თავს! თქვენმა ორგანიზმმა ყველა წიგნსა და ვიდეოსკოლაზე უკეთ იცის, რა სჭირდება!

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ძილის მოწესრიგებაზე ზრუნვამ არ აგაფორიაქოთ და უძილობის შიშში და შფოთვაში არ ჩაგაგდოთ. უძილობის შიში თქვენი ყველაზე დიდი მტერია! ნუ შეგეშინდებათ უძილობის! მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თვეები ან წლებია წესიერად არ დაგიძინიათ, იცოდეთ, რომ თუ საკმაოდ თანმიმდევრულნი იქნებით, ადრე თუ გვიან მშვენივრად დაიძინებთ. ამაში დარწმუნებული იყავით და ერთი წამითაც კი ნუ შეიტანთ ეჭვს. სანამ ეჭვი გეპარებათ, მანამდე შფოთვა არ მოგასვენებთ და ძილსაც გაგიფუჭებთ. კითხეთ საკუთარ თავს, ნამდვილად დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება? და თუ პასუხი იქნება `ცოტა მაინც ეჭვი მეპარება~, რაც შეიძლება ხშირად გაიმეორეთ გულში: `ყველაფერი კარგადაა, წინ მიცდივარ. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც წინ მივდივარ.~ და უნდა მოიშოროთ ყოველგვარი შფოთვა _ სულ ოდნავიც კი.
სიმშვიდე, სიმშვიდე და სიმშვიდე!
თქვენი წამალი სიმშვიდეა.
სხვა არაფერი.
იცოდეთ, რომ ნერვების ერთბაშად, ერთ დღეში დამშვიდების და მოწესრიგების მეთოდი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში მე ასეთ მეთოდს არ ვიცნობ. ეს პროცესია ყოველთვის ინდივიდუალური და არავინ იცის, რამდენ ხანში გამოიღებს შედეგს. შეიძლება მართლაც სულ რამოდენიმე დღეში მკვეთრად გამოგისწორდეთ ძილი, მაგრამ შეიძლება ამან თვეებიც გასტანოს. ერთი რამეა მხოლოდ ზუსტად ცნობილი _ შედეგი აუცილებლად იქნება. მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ თანმიმდევრულნი, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. შეიძლებადიდხანს ეცადოთ, მკვეთრ გაუმჯობესებას კი ვერ გრძნობდეთ. არაუშავს, ნუ დაყრით ფარ-ხმალს. პროცესი მიდის, და შედეგიც მწიფდება, უბრალოდ შედეგი ჯერ ზედაპირზე არ ამოტივვტივებულა. შეიძლება ძილი მკვეთრად გაგიუმჯობესდეთ და ილუზია შეგექმნათ, რომ მიზანი მიღწეულია და ნელ-ნელა უარი თქვათ მკურნალობის პროცესში გამომუშავებულ სასარგებლო ჩვევებზე და ძილი ისევ გაგიუარესდეთ. ამიტომ უნდა იცოდეთ, რომ მიზანი მხოლოდ ძილის გაუმჯობესება კი არ არის, არამედ ნერვული სისტემის სრული განკურნება და ასეთი მდგომარეობის შენარჩუნება, ამიტომ ახლადშეძენილ ჩვევებზე უარი ძილის გამოსწორების შემდეგაც არ უნდა თქვათ უარი!




მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანს სტრესს აყენებს არა იმდენად სტრესული გარემო, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამს იგი მას. ცნობილია, რომ ერთი და იგივე გარემო _ ერთნაირი ცხოვრების პირობები და ერთნაირი ინფორმაცია სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. ესე იგი გამოდის, რომ გარემო კი არ არის საშინელი, თქვენ თვითონ `ასაშინლებთ~ მას. ვინმე ან რაიმე კი არ გიშლით ნერვებს, ამ ცოდვას თქვენი ჯანმრთელობის წინაშე თქვენ თვითონ ჩადიხართ. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ნერვები არ აგვეშალოს, როცა ირგვლივ ასეთი საშინელებები ხდება?

პირველ რიგში დღე დადებით ტალღაზე უნდა დავიწყოთ. ამაში ერთსაათიანი, თხუთმეტწუთიანი ან თუნდაც ერთწუთიანი სიცილოთერაპია დაგეხმარებათ. სახლიდან ძალიან კარგ ხასიათზე მყოფი უნდა გახვიდეთ და შეეცადოთ, ეს განწყობა ბოლომდე შეინარჩუნოთ.

უნდა ეცადოთ, ახლობლებსა და ნაცნობებს პრობლემატურ და ნეგატიურ საუბარში არ აყვეთ. მაგალითად, თუ ატყობთ, რომ `საშინელ ცხოვრებაზე~ იწყებს ლაპარაკს, ან ასეთი ფრაზით აკეთებს შესავალს: `გაიგე, რა უქნიათ ამ დეგენერატებს?~ მაშინვე `თავდაცვითი მექანიზმი~ ჩართეთ, რაც ასე შეიძლება გააკეთოთ:
1. გაიღიმეთ. ნუ შეგეშინდებათ, რომ თქვენი ეს ღიმილი `არაადექვატურად~ შეიძლება გამოჩნდეს. თუ მოსაუბრე გკითხავთ, რაზე გეღიმებაო, უპასუხეთ, რომ ეს `დეგენერატები~ ძალიან სასაცილოები არიან, ან რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ძალიან კომიკურია. თუ მოსაუბრე ძალიან დიდი `მუდო~ არ არის, საუბარი იუმორისტულ და სასიამოვნო ელფერს მიიღებს. იუმორისტები ამბობენ, რომ სასაცილო საშინელის მეორე მხარეა, ასე რომ ის, რაც დიდ საშინელებად გეჩვენებათ, სინამდვილეში ყოველთვის სასაცილოც არის. იმაზე, რაზეც ნერვები გეშლებათ, ყოველთვის შეგიძლიათ გაიცინოთ. იცხოვრეთ დადებით ტალღაზე და სხვებიც ამ ტალღაზე გადმოიყვანეთ! იმის მაგივრად რომ თქვენ გადახვიდეთ სხვების უარყოფით ტალღაზე, დაითრგუნოთ და ძილი გაიფუჭოთ, სხვებს გადასდეთ თქვენი იუმორი და სიმსუბუქე!
2. თუ მოსაუბრე მართლა დიდი, მძიმეწონოსანი `მუდაკი~ აღმოჩნდა და დაძაბულმა და გაღიზიანებულმა განაგრძო საშინელ ამბებზე საუბარი, მაალითად თუ გითხრათ, რომ ხვალ თუ არა მომავალ კვირას მაინც აუცილებლად დაიწყება მესამე მსოფლიო ომი და დაბეჯითებით შეუდგა ამის დადასტურებას, თქვენ მაინც შეინარჩუნეთ ღიმილი (ანუ თქვენი დამოკიდებულება მოვლენებისადმი _ გახსოვდეთ, ამის უფლება ყოველთვის გაქვთ და სულაც არ არის აუცილებელი, მოსაუბრის მიმიკები გაიმეოროთ და დაანახოთ, რომ მის `აღშფოთებას~ იზიარებთ!), გულში კი გაიხსენეთ, რომ ეს ყველაფერი სისულელეა და წარმავალია, გაიხსენეთ რაიმე დიდებული და განსაცვიფრებლად მშვენიერი, რაც კი ოდესმე გინახავთ, და შეადარეთ იმ უბადრუკობას, რაზეც ამ წუთას გელაპარაკებიან. რამხელა სხვაობაა! სახეზე ღიმილმორეულმა (ღიმილი ამ დროს უარყოფითი ენერგიის ტალღებისგან გიცავთ!) უსმინეთ და თან აქტრიურად აცნობიერეთ, რამხელა სისულელეს ჩადის მოსაუბრე და რამხელა ზიანს აყენებს საკუთარ თავსაც და თქვენც! რაც არ უნდა დამაჯერებლად მოგეჩვენოთ ერთ კვირაში მესამე მსოფლიო ომის დაწყების გარდუვალობა, გაიხსენეთ და არცერთი წამით არ დაივიწყოთ, რომ თქვენი მოსაუბრის დასკვნები სულაც შეიძლება მცდარი იყოს. გაიხსენეთ, რომ ხვალ შეიძლება სულ სხვანაირად მოგეჩვენოთ ყველაფერი თქვენც და მასაც ან სულაც ისეთი რამ მოხდეს, რომ თავისთავად ცხადი გახდეს მთელი ამ მსჯელობის უაზრობა. მოკლედ გახსოვდეთ, რომ როგორც წესი ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. და საერთოდ, გააცნობიერეთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ:
3. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და განვიცდით, გონების თამაში და ილუზიაა. ხშირად იფიქრეთ ამაზე. ამის გაცნობიერება ყველგან და ყოველთვის შეიძლება. მაგალითად ქუჩაში ბავშვს ხედავთ. წარმოიდგინეთ, რითი შეიძლება იყოს მისი გონება დაკავებული. ბავშვი სრულიად დაუძაბავი, თავისუფალი და ლაღია, რადგან არც საჭმელზე უწევს ზრუნვა, არც ჩასაცმელზე და რც სხვა რამეზე. ამას სხვები აკეთებენ, მას კი არც გაუგია, რა არის ზრუნვა, შფოთვა, შიში, ნერვიულობა... მისი დღე იმაზე ფიქრით იწყება, როგორ გაერთოს, რაითამაშოს და ამავე ფიქრით მთავრდება. ამიტომ მისი აღქმაც სხვანაირია _ მუდამ სიცოცხლის, ყოფიერების ბედნიერი შეგრძნებით, მუდამ ლაღი, სიხარულიანი განცდებითაა სავსე! ამიტომ ბავშვი სულ სხვანაირად, ბედნიერად შეიგრძნობს ამ ქუჩასაც, რომელზეც თქვენ დათრგუნული და უბედური მოალაჯებთ, ამ მანქანებსაც, რომლებიც მისთვის საოცნებო, ჯადოსნური რამ არის, თქვენთვის კი მხოლოდ გამონაბოლქვის გამომყოფი საძულველი ჯაბახანები, და ამ ხეებსაც, რომელსაც ის უშუალოდ შეიგრძნობს და რომლებისგან უზარმაზარ სიამოვნებასა და სიხარულსაც იღებს და რომლებსაც თქვენ ვერც კი ამჩნევთ... მოკლედ, რეთი და იგივე რამ _ ე რ თ ი რ ე ა ლ ო ბ ა სულ სხვაა თქვენთვის და ბავშვისთვის. ესაა ილუზია. ორივენი ილუზიაში ხართ, რადგან ერთი არ შეიძლება იყოს ორი, მაგრამ ბავშვი ბედნიერ ილუზიაშია, თქვენ კი უბედურ ილუზიაში! იფიქრეთ ამაზე! გააცნობიერეთ თქვენი აღქმის ილუზორულობა ყოველ წამს! იფიქრეთ ახალგაზრდა კაცისა და მოხუცის, ქალისა და კაცის აღქმების განსხვავებულობაზე. დააკვირდით თქვენს ახლობლებს, მათ რეაქციებს და მიხვდებით, რომ ერთი და იგივე რამეს ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს და ყველას თავისი აღქმა გონია არა მხოლოდ სწორი, არა მხოლოდ ერთადერთი სწორი აღქმა, არამედ უბრალოდ ე რ თ ა დ ე რ თ ი აღქმა. ადამიანებს სერიოზულად გონიათ, რომ ყველაფერი მართლა ისეა, როგორც თვითონ ფიქრობენ! აი, რა არის ყველაზე დიდი სიბრიყვე და ილუზია! ამის შემდეგ კი, თუ საკმარისად ჭკვიანი ხართ, მიხვდებით, რომ თქვენც ზუსტად ასეთი ხართ და რომ არავითარი საფუძველი არა გაქვთ, იფიქროთ, რომ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც გგონიათ. რა თქმა უნდა ამის მერეც ყველაფერი ისე გეგონებათ, როგორც აქამდე გეგონათ, მაგრამ სამაგიეროდ გაგიჩნდებათ დისტანციის შეგრძნება თქვენსა და გარემოს შორის, რაც აუცილებელია სიმშვიდის მოსაპოვებლად. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ელექტორატის ნაწილი ხართ, თქვენი არჩეული პრეზიდენტი კი მესამე მსოფლიო ომს იწყებს, ღამე ვერაფრით ვერ დაიძინებთ! მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი ილუზია და აღქმათა თამაშია, რომ თქვენ სინამდვილეში სულაც არა ხართ ელექტორატის წევრი, რადგან ხვალ რომ მართლა დიდი კატასტროფა მოხდეს, თქვენ საკუთარ თავს აღიქვამთ, როგორც ლტოლვილს და არა როგორც ელექტორატის ნაწილს. თქვენი აღქმა, რომ ამომრჩეველი ხართ, ერთხელ და სამუდამოდ უკვალოდ გაქრება... ასე რომ თუ იცით, რომ თქვენი ამომრჩევლობა მხოლოდ დროებითი ილუზორული აღქმაა და რომ ასეთივე ილუზორული აღქმა აქვს თქვენს პრეზიდენტსაც, რომელსაც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ამწუთას ვერ წარმოუდგენია, რომ ხვალ შეიძლება პრეზიდენტი არ იყოს, აუცილებლად მიხვდებით, რომ არ ღირს თავის მოკვლა არც იმაზე, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი და არც იმაზე, თუ რა მოხდება ხვალ. თუ გააცნობიერებთ ყველაფერ ამას, თქვენი მოსაუბრე ნამდვილად ვეღარ აგანერვიულებთ თავისი პროგნოზებით მესამე მსოფლიო ომის შესახებ, რადგან გეცოდინებათ, რომ ეს პროგნოზებიც მოჩვენება და მისი აღქმის თამაშია. თანაც ეს აღარ დაგაინტერესებთ, არ მოგეჩვენებათ მნიშვნელოვნად, რადგან თქვენი შინაგანი არსება და თქვენი გონება უკვე სულ სხვა კითხვით იქნება დაკავებული: `რა არის რეალობა?~ ეს, რა თქმა უნდა ყველაზე წყეული კითხვაა. ამბობენ, რომ ბუდამ და ლაო-ძიმ მოახერხეს მათზე `სწორი~ პასუხის გაცემა, ასე რომ თქვენს ადგილზე დიდი ოპტიმისტი არ ვიქნებოდი, მაგრამ პარადოქსული და საოცარია ერთი რამ _ ამა `წყეულ~ კითხვაზე ფიქრი ადამიანს ა რ ა ნ ე რ ვ ი უ ლ ე ბ ს, განსხვავებით პოლიტიკასა და ყოველდღიურ წვრილმანებზე ფიქრისგან! პირიქით _ ეს შეკითხვა და მასზე ფიქრი ამშვიდებს ადამიანს, უფრო დინჯსა და მედიტაციურს ხდის. რა არის ამის მიზეზი? ალბათ ის, რომ პოლიტიკა და ყოველდღიური წვრილმანები თავისთავად უაზრობაა და ჩვენც, ალბათ, ქვეცნობიერად განვიცდით იმას, რომ მთელი ჩვენი ენერგია და ცხოვრება უაზრობაში იხარჯება, ამ შეკითხვას კი _ რ ა ა რ ი ს რ ე ა ლ ო ბ ა ? _ აქვს აზრი. ამას გარდა, თუ წვრილმან პრობლემებზე თავის მტვრევისას ჩვენ თვითონაც მეწვრილმანეები, მოუთმენლები და უფრო სულმდაბლები ვხდებით, რადგან გვინდა დროზე მოვიშოროთ თავიდან ეს პრობლემებიც და მათზე ფიქრიც, დიდ და ნამდვილ კითხვაზე ფიქრისას უფრო გულუხვებად, მომთმენებად და კეთილშბილ არსებებად ვიქცევით, რადგან იმის ხასიათი, რაზეც ვფიქრობთ, ჩვენც გადმოგვედება და ჩვენს ხასიათსაც განსაზღვრავს. თანაც შეუძლებელია მოთმენელი, დაძაბული და ანერვიულებული იყო ისეთი დიდი საკითხის გადაჭრისას, რომელსაც ალბათ ვერასოდეს გადაჭრი. ყველაზე დიდი სულელიც კი ვერ მოახერხებს ამას! სამაგიეროდ კარგად გააცნობიერებთ, რამხელა სიბრიყვეა პოლიტიკურ მოვლენებზე, ვალუტის კურსზე, ფასებზე და სსხვა ამგვარ წვრილმან ილუზიებზე ნერვიულობა მაშინ, როცა არ იცით, რა არის რეალობა! მე არ ვამბობ რომ ამ ყველაფერზე არ უნდა იფიქროთ, რომ უნდა მოწყდეთ ყველაფერს და შიმშილით მოკვდეთ, მაგრამ ნერვიულობა ნამდვილად სიბრიყვეა. მილიარდერიც რომ იყოთ, ძალიან სულელი ყოფილხართ, თუ ვერ ხვდებით, რომ ამ მოულოდნელობებით სავსე სამყაროში ყოველ წუთას შეიძლება ყველაზე ღარიბ ადამიანად იქცეთ! და რა მოგასვენებთ, რა დაგაძინებთ, თუკი მართლა დიდი ქონების პატრონი ხართ და ეს იცით? რა თქმა უნდა ვერაფერი, ერთადერთი რამის გარდა. ესაა შ ი ნ ა გ ა ნ ი ს ი ღ ა რ ი ბ ე. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა გაგაჩნდეთ, შინაგანად ყოველთვის მზად უნდა იყოთ ყველაფრის დაკარგვაზე. მხოლოდ მაშინ შეძლებთ მშვიდად აწარმოოთ ბიზნესი _ მოიგოთ და წააგოთ. მხოლოდ შინაგანად ღარიბს შეუძლია მშვიდად დაიძინოს.
4. პრობლემატური, დაძაბული და გაღიზიანებული საუბრების, უარყოფითი ფსიქიკური ენერგიების თავიდან აცილება აუცილებელია, მაგრამ ეს მხოლოდ სიმშვიდით შეიძლება გააკეთოთ. თუU იფიქრეთ _ `აი, დაძაბულ საუბარში მოვხვდი, ეს ჩემზე ცუდად იმოქმედებს და დღეს არ დამეძინება!~ არაფერიგამოვა. მეტიც _ ერთხელაც მაინც ამის გაფიქრებას ჯობს მთელი დღე დაძაბულ საუბრებში გაატაროთ. ასეთი ფიქრები, ასეთი დამოკიდებულება ნერვოზის პირველი ნიშანია! არაფერი ისე არ ავნებს თქვენს ნერვებსა, როგორც იმაზე ფიქრი, რომ ნერვიულობთ. არაფერი ისე არ გიფუჭებთ ძილს, როგორც იმაზე ფიქრი, რომ ძილი გიჭირთ. ამის მაგივრად უნდა `დაიჭიროთ~ თქვენს თავში მშვიდი, უდარდელი, ღიმილიანი განწყობა და თავი დააჯეროთ, რომ მის შენარჩუნებას ნებისმიერ სიტუაციაში შეძლებთ. უსიამოვნო სიტუაციებში მუდამ ეს განწყობა უნდა გაიხსენოთ და და იფიქროთ, რომ ვერაფერი გავნებთ, რადგან თქვენ თქვენი შინაგანი მდგომარეობა გაქვთ. რომც აგეშალოთ რამეზე ნერვები, იმწამსვე თქვენი ბედნიერი განწყობა უნდა გაიხსენოთ და თავს უთხრათ: `არაფერია, ეს უმნიშვნელო სტრესი იყო, იმდენად უმნიშვნელო, რომ ჩემი განწყობაც კი ვერ წამართვა. ეს უცებ გაივლის და ჩემს ძილზე ვერ იმოქმედებს!~ თუ ასე იფიქრებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ეს ასეც იქნება! მოკლედ საჭიროა არა უსიამოვნო სიტუაციებიდან გაქცევა, არამედ იმის სწავლა, თუ როგორ უნდა შეხვიდეთ ნებისმიერ სიტუაციაში მშვიდად და მშვიდადვე გამოხვიდეთ.


უძილობის დაძლევა ყველაზე ძნელი მაშინაა, როცა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ იმ ადამიანთან, რომელთანაც უბრად ხართ, რომელიცც ვერ გიტანთ (ან რომელსაც ვერ იტანთ). ასეთი ადამიანი ხშირად დედა, ძმა, ცოლო, ქმარი და შვილიც კია ხოლმე. ადამიანები ხშირად ვერ იტანენ, რომ მათი ოჯახის წევრი სხვანაირად აზროვნებს, სხვანაირად ცხოვრობს და ეს დიდი, მრავალწლოვანი ტანჯვის მიზეზი ხდება როგორც მათი ახლობლებისთვის, ისე თვით მათთვის. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, არა მხოლოდ ლაპარაკით გაგდებენ სტრესში, არამედ უბრალო გამოხედვითაც და სიარულის, ან წყლის მოწოდების მანერითაც კი, რადგან მათი მანერები და მზერაც კი წყენასა და დადანაშაულებას შეიცავს.
და თუ საკმარისად ჯიუტები გამოდექით თქვენც და ისიც და არცერთი `არ შეიცვალეთ~ (რაც აბსურდია!), ბოლოს უბრალოდ ერთმანეთის დანახვაც კი სტრესი იქნება. თუმცა ეს სულაც არ გამორიცხავს, რომ ერთმანეთი ძალიან გიყვართ (ან გგონიათ, რომ გიყვართ). თუ თქვენ ხართ ის, ვინც სხვის განსხვავებულობას ვერ ეგოება, იცოდეთ, რომ არ ხართ მართალი და დიდ ბოროტებას ჩადიხართ. თქვენს შვილსაც კი აქვს უფლება ისე იცხოვროს, როგორც თვითონ უნდა, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობთ ამაზე თქვენ. და რაც მთავარია, ეს სწორია _ მან სწორედ ისე უნდა იცხოვროს, როგორც უნდა, რომ ბედნიერი იყოს. ადამიანები ისეთები მიიღეთ და შეიყვარეთ როგორებიც არიან _ ასე თქვენც დამშვიდდებით და მასაც მოასვენებთ.
თუ თქვენ ცხოვრობთ ასეთ `მორალისტთან~, ძალიან გაგიჭირდებათ. ყველაზე კარგი იქნება, გაეცალოთ და თქვენს სახლში თქვენს გემოზე იცხოვროთ, მაგრამ თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ, მაშინ სწორი მიდგომის გამომუშავება მოგიწევთ.
სტრესი რომ არ მიიღოთ, არ უნდა გაღიზიანდეთ, არ უნდა გეწყინოთ, არ უნდა გაბრაზდეთ, არ უნდა იგრძნოთ თავი დამცირებულად, დაჩაგრულად, მასხრად აგდებულად, არ უნდა შეგეცოდოთ თავი, არ უნდა იფიქროთ, რომ ამას არ იმსახურებთ, არ უნდა მოგინდეთ საკადრისი პასუხის გაცემა _ არც სიტყვიერად და არც, მითუმეტეს, ფიზიკურად. გულშიც კი არ უნდა თქვათ: `იდიოტია რა, რა უნდა ველაპარაკო!~... რადგან ეს ყველაფერი სტრესია. მოკლედ, არ უნდა შეიძლულოთ, რადგან სიძულვილი მუდმივი სტრესის წყაროა. მაგრამ შეუძლებელია ეს ყველაფერი არ გააკეთოთ, როცა მუდმივი გამაღიზიანებელი არსებობს _ დილიდან საღამომდე. აბა რა უნდა ქნათ? პასუხი ერთადერთია და საოცრად მარტივი _ უნდა შეიყვაროთ. ეს შეიძლება აბსტრაქტულ ლაყბობად, ლიტონ სიტყვად მოგეჩვენოთ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ამისთვის კონკრეტული ტექნიკაც კი არსებობს:

პირველ რიგში, უნდა როგორმე მოახერხოთ და უთანაგრძნოთ. თუ ადამიანი გაღიზიანული და კონფლიქტურია, თუ მასთან საუბარიც კი არ გამოდის, უნდა გაიხსენოთ და მუდამ გახსოვდეთ, რამ მიიყანა აქამდე _ დაწრილებით გაიხსენეთ მისი ცხოვრების დეტალები და შეეცადეთ გაიგოთ, რა სტრესები, რა პრობლემები გამოიარა და რამ მიიყვანა აქამდე.

შეეცადეთ დაელაპარაკოთ, კეთილგანწყობა აგრძნობინოთ და თქვენი პოზიცია აუხსნათ, ასეთ სიტუაციებში, ლაპარაკი, როგორც წესი, არაფერს ცვლის. მიეჩვიეთ აზრს, რომ ვერაფერს გააგებინებთ, ოღონდ ამან არ უნდა გაგაბრაზოთ. პირიქით _ უნდა შეიცოდოთ და უთანაგრძნოთ, რომ ასეთ დღეში ჩავარდა. როცა ადამიანი მუდმივად გეჩხუბებათ, ან არ გეჩხუბებათ, მაგრამ ცუდი თვალით გიყურებთ, თქვენც და ისიც მუდმივ სტრესში იმყოფებით. თუ სხვა გზა არ არის და მაინც ერთად უნდა იცხოვროთ, ერთადერთი გამოსავალი ისევ `უარყოფითის დადებითად გადაქცევის~ ტექნიკაა. იმწამსვე, რა წამსაც ის თქვენს გაბრაზებას მოახერხებს, იმწამსვე, რაწამსაც სულ ოდნავი აგრესიული რეაქცია მაინც დაგეუფლებათ, სტრესს მიიღებთ, ეს კი გარდაუვალია, თუ ადამიანს ყოველწამს თანაგრძნობითა და სიყვარულით არ ეპყრობი. ამიტომ მუდმივად უნდა იფიქროთ, როგორ გიყვართ, რა ცოდოა, რა საყვარელია, უნდა იმედიტოროთ და შეიგრძნოთ მისი პრობლემები, რა ცოდოა, რომ არ ესმის ის, რაც არ ესმის, რა ტყუილად იტანჯავს თავს, რა საყვარელია... თუ მორწმუნე ხართ, რაც შეიძლება ხშირად ილოცეთ მისთვის, განსაკუთრებით მაშინ როცა გაბრაზებთ. თუმცა ლოცვის არსი მაინც კეთილის სურვებაა, ეს კი რწმენის გარეშეც შეიძლება... უსასრულოდ უნდა გააძლიეროთ, თუ რაიმე, სულ მცირე მაინც დადებითი ემოცია გაქვთ მის მიმართ, ხოლო თუ ასეთი გრძნობა საერთოდ არ გაგაჩნიათ, მედიტირებით უნდა შეიძინოთ. თუ ასეთი რამ არაფრით გამოგდით და გამოუსწორებლად ვერ იტანთ ვინმეს, სასწრაფოდ გადადით სხვაგან საცხოვრებლად, რადგან მუდმივი უარყოფითი ემოციების პირობებში მცხოვრებს ძილის გამოსწორების იმედი არ უნდა გქონდეთ.


ბლოგის ავტორისგან: თუ ამ ყველაფერმა არ გიშველათ, უბრალოდ დაიკიდეთ – ღრმად და საფუძვლიანად დაიკიდეთ, ყველაფერი, რაც გაწუხებთ, და მშვენივრად დაგეძინებათ _ პირველივე ღამეს თუ არა, რამოდენიმე ხნიის შემდეგ მაინც. ოღონდ ეს _ დაკიდება როგორმე მართლა უნდა მოახერხოთ!

1 comment:

reptilia said...

მარტო იმაზე არ არის დამოკიდებული სტრესი შენ როგორ ხედავ ამ სიახლეს თუ სიტუაციას. არ მგონია ყოველ დღე გარეთ გასულს ცოფიანი ძაღლი რომ მკბენდეს და მთელი ცხოვრება ნემსებზე ვიჯდე, ამისთვის „სხვანაირად, დადებითად შეხედვა“ დამეხმაროს. ასე რომ, ორივე ფაქტორს ზუსტად ერთნაირი მნიშვნელობა აქვს:P. მთავარია ადამიანი მიხვდეს რა ღირებულების არის სტრესი, რა სიმძაფრის, რა მაშტაბის, და აქვს თუ არა მას წინააღმდეგობის გაწევის ან დაძლევის შესაძლებლობადა თუ არ აქვს, აი აქ კი დაიწყება ტანჯვა :) და ყოველთვის ყველაფრისთვის „დადებითი ტალღთ’ ყურება, სისულელეა:P. ბოლო აბზაცს კი სრულიად ვეთანხმები :D მაგრამ არ მგონია ეგ „პრობლემა“ შენ არ გაწუხებდეს :P