Thursday, February 26, 2009

ქართველი შპიონი _ ყველაზე ჩაკუზული შპიონი მსოფლიოში

ლევან რამიშვილი (გამოქვეყნდა ჟურნალ "ანაბეჭდში") აქ ნუ ჩაიკუზებით! მწერალი არ ვარ, ამიტომ ვერაფერს მოვიგონებ. ერთხელ, ბუტკების, პურის რიგების, `ხიხანის~ და `ჯაბას ბიჭების~ ეპოქაში, ერთი ჩემი მეგობარი ქალაქ პრაღის ერთ-ერთ მაღაზიაში ასეთ წარწერას გადააწყდა: `მადონას სერვისი აღარ არის და არც იქნება!~ წარწერა ქართულ ენაზე იყო შესრულებული. იმ ენაზე, რომელშიც `დამარხული არს ყოველი საიდუმლო~ და რომელ ენაზეც, იოანე ზოსიმეს თუ დავუჯერებთ, მეორედ მოსვლის ჟამს მთელი კაცობრიობა უნდა გასამართლდეს. ეს თეორია პირველად ისევ იმ შორეულ `ჯაბას ბიჭების~ პერიოდში, გერმანიის საელჩოს მოსაცდელში მოვისმინე. ჩემთან ერთად რიგში მდგარი და გერმანელების `ცივსისხლიანობით~ (სინამდვილეში პუნქტუალურობით) აღშფოთებული ორი ჯეელი ერთმანეთისთვის ქართველების გამორჩეულობის მტკიცების ხასიათზე დადგა და ბოლოს ეს, ჩემი აზრით დაუჯერებელი, თუმცა ყველა პატრიოტისთვის სასიამოვნო მოსასმენი თეორიაც გაიხსენა. `არ არის ეს შემთხვევითი ქვეყანა, განსაკუთრებული ქვეყანაა და ეს კიდევ გამოჩნდება!~ ამტკიცებდა ერთი და თავისი აღმოჩენით კმაყოფილი ჩანდა, მის უკან კი, კედელზე მსხვილი შრიფტით ამობეჭდილი ქართული ასოებით შავით თეთრზე ეწერა: `აქ ნუ ჩაიკუზებით!~ ეს წარწერა რომ ჩემი თვალით არ მენახა, არაფრით დავიჯერებდი, თუნდაც გაზეთში, ან `ქართლის ცხოვრებაში~ რომ წამეკითხა (ერთშიც და მეორეშიც, როგორც ცნობილია, მხოლოდ სიმართლე წერია). თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ მაშინ პრინტერზე ამობეჭდილი წარწერები დიდი იშვიათობა იყო, რის გამოც წარწერა იმდენად სოლიდურად გამოიყურებოდა, რომ ოხუნჯობას ნამდვილად არ გავდა. ცოტა ხანში დერეფანში ჩემი ნაცნობი გამოჩნდა. საელჩოში დაეწყო მუშაობა. ერთმანეთი რომ მოვიკითხეთ, წარწერა დავანახე და რა კარგი ხუმრობაა-მეთქი, ვუთხარი. რის ხუმრობა, სრულიად სერიოზულად წერიაო, მითხრა. თურმე ვიზის მომლოდინე `გამორჩეული ქვეყნის~ შვილები სისტემატურად იკუზებოდნენ და ასე ჩაკუზულ მდგომარეობაში მასლაათში გაჰყავდათ დრო. წარწერაც ამიტომ გაეკეთებინათ. ეგ კიდევ არაფერიო, მითხრა ჩემმა ნაცნობმა, კედელთან რომ დგანან, ცალი ფეხით კედელს ებჯინებიან და ნაფეხურებს ტოვებენ, კედლებს ჩიჩქნიან და ზედ სიგარეტსაც აქრობენო. ჩემი ნაცნობი წავიდა, ჯეელები კი მსოფლიოს ისევ ქართულ ენაზე ასამართლებდნენ. ვუსმენდი და ვერ გამეგო, რა უფრო მნიშვნელოვნად ეჩვენებოდათ _ ის, რომ განკითხვის დღე დადგებოდა თუ ის, რომ ეს განკითხვა ქართულად წარიმართებოდა. ვერც ის გამეგო, საიდან ეცოდინებოდა, ვთქვათ, მკვდრეთით აღმდგარ უინსტონ ჩერჩილს ან ინდიელების ბელად ჯერონიმოს ამდენი ქართული. ჩემი ეჭვები ვიზის მომლოდინე და აშკარად სამუდამოდ გერმანიაში დარჩენაზე მეოცნებე მოსაუბრეებს გავუზიარე. გაეცინათ ჩემს შენიშვნაზე. შენ, ალბათ არ იცი, რომ მეორედ მოსვლის ჟამს ლაპარაკი და ყაყანი კი არ იქნება, არამედ ღმერთი და ადამიანები ერთმანეთს პირდაპირ, ანუ ტელეპატიურად დაელაპარაკებიანო. თუ ასეა, ანუ თუ ტელეპატიურად გადასცემენ ერთმანეთს ინფორმაციას, ქართული ენა რაღაში დასჭირდებათ-მეთქი. ტელეპატიურად ილაპარაკებენ, ოღონდ ქართულადო _ იყო პასუხი. მივხვდი, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა, მაგრამ უკან დახევაც აღარ მინდოდა. კი მაგრამ, რატომ მაინც და მაინც ქართულად-მეთქი, ვიკითხე. მეგონა გამოვიჭირე, მაგრამ ნურას უკაცრავად, ამაზეც ჰქონდათ ნაფიქრი: იმიტომ, რომ ერთი იმ დროისთვის ქართული მსოფლიო ენა იქნებაო. რის საფუძველზე აკეთებთ ასეთ ოპტიმისტურ პროგნოზებს-მეთქი, კვლავ ვიკითხე. იმის, რომ იოანე ზოსიმეს `ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი~-ში წერია, რომ...…_ ესეც პასუხი იყო. პასუხი, რომელმაც, უნდა გამოვტყდე, დამადუმა, თანაც საბოლოოდ. ეს თეორია ამის მერეც ხშირად მომისმენია (მათ შორის ტელევიზორიდანაც) და მას ყოველთვის ახლდა იმის მტკიცება, რომ ქართველები `ყველასგან გამორჩეული, წარმოუდგენელი, პირდაპირ ენით აღუწერელი ხალხი ვართ~. ამგვარ მტკიცებას ათასგვარი მაგალითი და საბუთიც მოსდევს ხოლმე _ ისეთ საქციელთა ჩამონათვალი, რომლის ჩამდენიც მხოლოდ ქართველი შეიძლება იყოს. ამ ჩამონათვალიდან ბევრი რამ მართალია ხოლმე. მაგალითად მართალია, რომ `ვეფხისტყაოსანი~ გენიალური ნაწარმოებია (ჩემი აზრით, რუსთაველი დანტესაც ცალ ჯიბეში ისვამს, ჩემს საყვარელ შექსპირსაც და მით უმეტეს, პაოლო კოელიოსაც). რა თქმა უნდა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა ქართველი ყველა ბრაზილიელს ჯობია, მაგრამ ასეთი ფაქტები ბევრს სწორედ ამგვარ აზრებს ჩააგონებს. როგორც ჩანს, სულელის ხელში (რუსთაველის მეტაფორა რომ მოვიშველიოთ), ვარდიც ნეხვად იქცევა. ბევრ ადამიანს სჯერა, რომ მეორედ მოსვლის ჟამს `საქართველო გაბრწყინდება~, ქართულ ენაზე გასამართლებული მსოფლიო ჯოჯოხეთის გეენაში დაინთქმება, ქართველები კი ყველანი ერთად, ძმურად ხელიხელჩაკიდებულები ზეცისკენ გავფრინდებით. მაგრამ სანამ მართლა გავფრენილვართ, მოდით იმ საქციელთა ჩემს მიერ ქვემოთმოყვანილ სიასაც გავეცნოთ, რომელთა ავტორები და შემსრულებლებიც მხოლოდ ქართველები ვართ, რადგან, გასაფრენად სულ მცირე, ჩაკუზული მდგომარეობიდან გამოსვლა და წელში გამართვა მაინცაა საჭირო. ადამიანს ისედაც ძალიან უჭირს ფრენა, არათუ ჩაკუზულს... ამ ჩამონათვალში ახალი არაფერი არ არის. ახალი აქ მხოლოდ იმის გაცნობიერება შეიძლება იყოს, რომ ამ ყველაფერს მსოფლიოში მასობრივად მართლა მარტო ჩვენ, ქართველები ვაკეთებთ. მაშ ასე, მსოფლიოში არც ერთი ერი, ქართველების გარდა: ბაღებში და სკვერებში სკამის ზურგზე არ ჯდება და ფეხებს სკამზე არ აწყობს ქუჩაში არ იფურთხება (ჩაკუზვაზე უკვე ვისაუბრეთ) მასობრივად `გათიშვამდე~ არ სვამს, ანუ ასეთი სმა წესად არ მიაჩნია სუფრაზე ერთსა და იგივე გაცვეთილ წინადადებებს არ წარმოთქვამს და ამით გართობას პარტიული კრების მსგავს მოსაწყენ აუცილებლობად არ აქცევს საკუთარ თავს დედას არ აგინებს, ანუ თავს `ბოზის შვილს~ ან `ბოზის გაზრდილს~ არ უწოდებს და არც საკუთარ დედასთან სექსუალური კავშირის სურვილს გამოთქვამს. უცნობ ადამიანს შენობით არ ელაპარაკება საზღვარგარეთ თანამემამულის დანახვისას შეშინებული არ იმალება ან თავქუდმოგლეჯილი არ გარბის ნაგავს საკუთარი სახლის წინ, ქუჩაში არ ყრის არ ატარებს გულზე დაბნეულ, გარდაცვლილი ახობლის შავ-თეთრ ფოტოებს ოჯახის წევრის გამოსაგლოვად `პროფესიონალ მოტირლებს~ ტირილში და კივილში ფულს არ იხდის არ მოყავს მთავრობაში ოცი წლის ბიჭები სათვალიანი კაცი აუცილებლად განათლებული, განათლებული კი _ აუცილებლად `პიდარასტი~ არ გონია და არც უცოდინარობით ამაყობს ფულს იმაში არ იხდის, რომ არ ისწავლოს ქალს არ იტაცებს მოტაცებულ და უკანგამოქცეულ შვილს საშვილოშნოს სიმრთელეს არ უმოწმებს შვილს უცნობ გამტაცებელს სამუდამოდ არ ატანს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალიშვილი აღარ არის დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას, ანუ არ ქოლვას არ ცდილობს მასიურად წამალზე არ ზის მასიურად შავი ტანსაცმლით არ დადის არ ბლატაობს არ სცემს პატივს ქურდებს სიტყვას `ძმაო~ არ წარმოთქვამს ზიზღნარევი ტონით, საკუთარი სიძლიერისა და უპირატესობის ხაზგასასმელად... საზოგადოებრივ ტუალეტში ჩარეცხვაზე კატეგორიულ უარს არ ამბობს მსოფლიოს ყველაზე პირსისხლიან არაადამიანს, სტალინს (ფარულად ან აშკარად) არ ეთაყვანება საკუთარ დაქცეულობას ქრონიკულად სხვა ხალხებს არ აბრალებს და საერთოდ, ქალაქის ცენტრში აქვს ტუალეტები და არა ჩეჩმები საკუთარ თავს მსოფლიოში ყველაზე გენიალურ ერად არ თვლის საკუთარ თავს გამოუსწორებელ ნაგვად არ თვლის წესით, სტატია შპიონებზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეც ქართველი არა ვარ? _ რაზეც მინდოდა, იმაზე დავწერე. ისე კი შპიონებზეც კარგი ისტორია ვიცი: ისევ `ჯაბას ბიჭების~ დროა. ჩემთვის ვდგავარ არაყიშვილის ქუჩაზე, რატომ, აღარ მახსოვს. მილიციაც იქვეა. უცებ რამოდენიმე იმ დროისთვის `კრუტოი~ (მაშინ `ჯიპი~ ეროვნული ტრანსპორტი ჯერ არ იყო) ჩერდება. მანქანებიდან ეროვნულ ტანისამოსში (თეთრი საროჩკა, შავი შარვალი, `ისპექტორები~) გამოწყობილი ათი-თხუთმეტი სუპერ-ჯეელი გადმოდის აგრესიულად, იარაღის ტრიალით. ყველანი ერთს ეხვევიან ირგვლივ _ განსაკუთრებულ სუპერჯეელს, რომელსაც ყველაზე ხარისხიანი თეთრი საროჩკა, შავი შარვალი და `ისპექტორები~ აცვია და ამალის თანხლებით გაფხორილი მოაბიჯებს. აქა-იქ შეძახილები გაისმის: `საიდუმლო დაზვერვის უფროსი მოდის!.. გაიწიე!.. საიდუმლო დაზვერვის უფროსი მოდის...~ ხალხმა ცნობისმოყვარე მზერა შეავლო `საიდუმლო დაზვერვის უფროსს~, შემდეგ კი მორჩილად გაიწია და გაატარა. ასე ვნახე ცხოვრებაში პირველად ნამდვილი ქართველი შპიონი. მგონი ძალიან მწარე წერილი გამომივიდა. ცოტა რომ გავაქარვო სიმწარე, ერთ ამბავსაც გავიხსენებ: ერთხელ მოსკოვში როგორღაც ისე მოხდა, რომ გამოსაფხიზლებელში აღმოვჩნდი. შუაღამეა. თეთრკაფელიან კამერაში ათიოდე გაშიშვლებული, ფოხანის ამარა დარჩენილი მოწიფული მამაკაცი ვართ, ძირითადად ბასიაკები. კარი იღება და ოთახში კიდევ ერთ შიშველ გადარეულს აგდებენ. შიშველი მართლაც გადარეულია _ კარს მუშტებს უშენს და იგინება რუსულად და ქართულად. ქართულად უფრო გულიანად გამოსდის. მერე იმედი ეწურება, მუშტების ბრახუნს ეშვება, ტრიალდება და ნაცემი ძაღლის ნაწყენი თვალებით დამსწრე საზოგადოებას ათვალიერებს. მამჩნევს, მაკვირდება და ჩემსკენ მოდის. _ ქართველი ხარ? _ კი. _ რამე ხომ არ გიჭირს? ...ამასაც მარტო ქართველი თუ მოახერხებდა. ვერაფერს ვიზამთ _ ასეთები ვართ. მე თუ მკითხავთ, შპიონები ვართ სუყველანი...

1 comment:

Anonymous said...

ბევრი რამე მართალია :) თუმცა არც მასეა საქმე :)

1. ქუჩაში არ იფურთხებიან - არაა მართალი :) NY-ში ვარ და ამაზრზენად იფურხება ყველა, თან ანახველებს, გული აგერევა პირდაპირ, თან გოგონებიც არ თაკილობენ მაგას.

2. ლინჩის წესი, ქალიშვილობა და სხვა ქავის ხანის გადმონაშთები :) აშშ-ში ყველგანააა მსგავსი მენტალიტეტი. ნუ ლინჩის წესი ნაკლებად, მაგრამ ქალიშვილობის ინსიტუტი აქაცაა გახსნილი :) მართალია ძირითადად სოფლელებში, ე.წ. "რედნეკებში," მაგრამ მაინც არის :)

3. მასიურად შავი ტანსაცმელი და ბლატაობა - მაჩიოზმი და ბლატაობა აქ უნდა ნახო, იო მა ნეგა! და ა.შ. ჩაჩაჩული შარვლებით სიარული, Wannabe cool ხალხი და ა.შ. ქურდებს არ სცემენ პატივს, ზატო ბარიგები არიან დიდ პატივში.

4. ტრანსპორტი :) არ თქვა... :D საშინელებაააააააა! :D ყარს NY-ს მეტრო, ავტობუსებში ხშირად ნახავ ძირს დაყრილ სტარბაქსის და დანკინ დონათსის ჭიქებს და ა.შ.