Monday, December 8, 2008

ტრადიცია, მორალი, ბედნიერება...

ტრადიცია, მორალი, ბედნიერება...

პორნოგრაფია თქვენმა მღვდელმთავრებმა შექმნეს თავიანთი აკრძალვებით.
ბჰაგავან შრი რაჯნეში

ჩემი ოცნებაა ყველამ ყველას თავი დაანებოს, თავის ბოზ მამიდასაც კი.
თქვენი მონამორჩილი ავტორი



(სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ ფლეიბოიში)


ქალიშვილი `წმინდაა~ მხოლოდ იმიტომ, რომ სექსია `უწმინდურობა~

`ეს არის წმინდა საშო, რომლიდანაც იშვის ყველა ადამიანი. თუკი ძალგიძს ეამბორო მას ვნებისა და ზიზღის გარეშე, მაშინ კაცი ხარ~

რეალობა ასეთია _ ან მორალზე და `ძირძველ ქართულ ტრადიციაზე~ უნდა ვთქვათ უარი, ან არსებობაზე

ლევან რამიშვილი

პატიოსნება და ქალიშვილობა

თითქოს დიდი ხნის წინ გავლილი თემაა. ჯერ კიდევ როდის იყო, ეკზალტირებული შალვა რამიშვილი რადიო 105-ის ეთერიდან ახალი დროის მესიად რომ მოგვევლინა და ხმის ჩახლეჩვამდე რომ მოუწოდებდა სრულიად საქართველოს ქალწულებს, ერთი წუთიც არ დაკარგოთ, სასწრაფოდ დაკარგეთ ქალიშვილობაო.
ამ დროიდან ახალგაზრდობაში ქალიშვილობა დასაცინი რამ გახდა. თუმცა წინდახედული ქართველი ყმაწვილქალები აპკის ხელშეუხებლობას ჩუმად მაინც ინახავდნენ _ `რა იცი, რა ხდება...~ ამ დროიდან ძალიან გავრცელდა ე.წ. პეტინგი, ანუ თანამედროვე წაწლობა _ `შეუღწეველი~ სიამოვნება, მინეტი, სამოცდაცხრა და რა ვიცი, კიდევ რა...
სიმართლე გითხრათ, პრიმიტივიზმად და ველურობად მიმაჩნია ნებისმიერი აზრის უხეში პროპაგანდა _ გააზრების გარეშე. ასეთი რამ ყოველთვის პათოლოგიებს და სიგიჟეს იწვევს. იმის გააზრება კი, თუ რა არის სინამდვილეში ქალიშვილობა, ან რატომ არის, არც მაშინ და არც მას შემდეგ მგონი არავის უცდია.
ყველგან, სადაც პურიტანიზმი ბატონობს, ითვლება, რომ ეს ცნება და ცნება პატიოსნება სინონიმებია.
კი ბატონო _ დავფიქრდეთ და გავარჩიოთ. პატიოსნებით დავიწყოთ. დავსვათ კითხვა, რა კატეგორიას განეკუთვნება ეს ცნება _ სულიერს თუ ფიზიკურს? შეიძლება თუ არა არსებობდეს, ვთქვათ, პატიოსანი ფეხი, ბეჭი ან მაგიდა? რა თქმა უნდა არა _ პატიოსნება სულიერი ცნებაა.
ახლა ქალიშვილობასაც მივხედოთ _ ყველაზე აშკარა რამ, რაც მის შესახებ ვიცით, ის არის, რომ ეს მოვლენა ქალის ანატომიასთან არის კავშირში _ არსებობს ქალწულებრივი აპკი, რომლის სიმრთელის დარღვევამდე ქალი ქალიშვილია, მისი დარღვევის შემდეგ კი _ აღარ. აქედან დასკვნა _ ქალიშვილობა ფიზიკური, ფიზიოლოგიური მოვლენაა.
ჯერჯერობით მარტივი სურათი გვაქავს _ პატიოსნება სულიერი ფენომენია, ქალიშვილობა კი _ ფიზიკური. რა კავშირი შეიძლება იყოს მათ შორის და თუ არ არის, რატომ აკავშირებენ?
მოდით ისიც ვთქვათ, ვინ აკავშირებს? ამაზე სრულიად მკაფიო, მეცნიერული პასუხი არსებობს _ მხოლოდ პურიტანული ტიპის საზოგადოებები. არაპურიტანულ საზოგადოებებში ეს საკითხი არ დგას.
რატომ და რის საფუძველზე უკავშირებენ პურიტანები ამ ორ ცნებას ერთმანეთს? _ `მორალური მოსაზრებების~ საფუძველზე. არის ასეთი რამ _ მორალი. ძნელი სათქმელია, რას ნიშნავს ეს სიტყვა. ერთი რამ არის მხოლოდ ცხადი _ მორალი პურიტანული აზროვნების პროდუქტია. მორალი არის ადამიანის მიერ მოგონილი ცნებებისა და ფასეულობების სისტემა, რომელიც ზეღირებულებას წარმოადგენს, ანუ არ ექვემდებარება კრიტიკას და ყველაფერზე, მათ შორის ბუნებაზე და მის კანონზომიერებებზე მაღლა დგას.
იმისათვის, რომ საზოგადოება დაყოფილიყო წყვილებად, ანუ ოჯახებად, ადამიანმა მოიგონა ქორწინება. მაგრამ როგორც ჩანს ერთი ქალის და ერთი კაცის ერთად გასაჩერებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მან მოიგონა ცნება `ცოდვა~ (იგივე `მრუშობა~), რაც ნიშნავს `სქესობრივ კონტაქტს ქორწინების გარეშე~ (სწორედ ასეთია ამ ცნების ბიბლიური, ანუ იუდეო-ქრისტიანული განმარტება).
ათასწლეულების მანძილზე ეს ებრაული წარმოშობის მორალი ნორმად იქცა და კრიტიკის მიღმა დადგა, მაგრამ მოდით დავსვათ კითხვა _ შეიძლება მართლაც ასე იყოს? შეიძლება ასე ცალსახად და მარტივად იყოს ყველაფერი? შეიძლება ნებისმიერი სქესობრივი კავშირი ქორწინების `გარეთ~ გარყვნილება და ცოდვა იყოს, ხოლო ნებისმიერი სქესობრივი კავშირი ქორწინების `შიგნით~ _ უმანკოება?
ეს არ არის რთული კითხვა _ რა თქმა უნდა არა! ეს შეუძლებელია. ვინ მოთვლის რამდენი გოგონა გაუთხოვებიათ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ (ასეთი რამ განსაკუთრებით ხშირად სწორედ პურიტანულ, მორალისტურ საზოგადოებებში ხდება), როცა საბრალო გოგონას უბრალოდ სძულდა თავისი საქმრო? რამდენი ყმაწვილი ქალი მიუთხოვებიათ გადაღრძუებული ბებრისთვის და რამდენ ქმარს უძალადია საბრალო, ჩუმად აქვითინებულ ქალიშვილზე! და ასეთი რამ ცოდვა არ არის! მხოლოდ იმიტომ, რომ `კანონით ნებადართულია~... სხვისი არ ვიცი, და ჩემში ასეთი `მორალი~ მხოლოდ ზიზღს იწვევს _ გინდ ბიბლიური იყოს, გინდ თვით ისეთი ავტორიტეტის ნაკარნახევი, როგორიც ალმოდებული ბუჩქია...
`მორალის~ საქმე გასაგებია...
მაგრამ არის თუ არა რაიმე სხვა, რისი მეშვეობითაც შეიძლება პატიოსნების ცნება ქალწულობას დავუკავშიროთ? არ ვიცი... შეიძლება ასეთი რამ იყოს... სიყვარული.
ვთქვათ თუ ქალიშვილმა დაკარგა თავისი ქალიშვილობა იმ მამაკაცთან, რომელიც უყვარდა, მაშინ ის პატიოსანია... შეიძლება ასე ვიფიქროთ, მაგრამ რა ვიფიქროთ იმ შემთხვევაში, თუ ქალიშვილს უბრალოდ ძლიერი ვნება გაუჩნდა მამაკაცის მიმართ და `დიდი სიყვარული~ აქ არაფერ შუაში იყო?
ხომ ამყარებენ ადამიანები სქესობრივ კავშირს ერთმანეთთან მხოლოდ იმიტომ, რომ ძლიერ ლტოლვას განიცდიან, და თან (ან ცოტა უფრო გვიან) აცნობიერებენ, რომ სიყვარული მაინც სულ სხვა რამეა? ხომ აქვთ ადამიანებს ასეთი `შეცდომების~ თუ `სისუსტის~ უფლება?
სავარაუდო პურიტანული პასუხი ალბათ ასეთია: `ადამიანებს კი, მაგრამ ქალიშვილს არა!~
ეს პასუხიც კი მოწმობს, რომ ნებისმიერ მორალისტში არსებობს გაორება მორალსა და ბუნებას, ეთიკასა და ბუნებრიობას, კანონსა და კანონზომიერებას შორის, მაგრამ რახან ადამიანს ნაკლებად სჩვევია აზროვნება, განსაკუთრებით კი ლოგიკური და თანმიმდევრული, ათასწილად განსაკუთრებით კი იმ თემებზე, რომელთაც ტაბუ ადევს, ადამიანები და მთელი ერები ძირითადად მზა ფორმულებით კმაყოფილდებიან და სიბნელეში ხელის ცეცებით მიბარბაცებენ. ასეთ დროს კი მზა მორალური კანონები უფრო მყარი დასაყრდენია. მართალია ასე მოსიარულე ბევრჯერ იმტვრევს თავ-პირს, რადგან წამდაუწუმ ფეხს წამოდებს ხოლმე `საიდანღაც~ `მოულოდნელად~ `გამომხტარ~ დაბრკოლებებს _ კანონზომიერებებს, მაგრამ რადგან გაჩერება და დაფიქრება უფრო ეძნელება, ვიდრე თავ-პირის გლეჯვით სიარული, მაინც ჯიუტად განაგრძობს გზას _ მისი ჭკუით უფრო დიდი ბედნიერებისკენ. იმას კი არ კითხულობს, როგორ მოგიტანს ბედნიერებას საკუთარი თავის, ობიექტური მოცემულობის განადგურება? არ კითხულობს, რადგან ეშინია, ამ კითხვებმა გაბატონებულ მორალს არ დააპირისპიროს. ასე ხეიბრდება სულიერად და ფიზიკურად მილიარდობით ადამიანი ათასწლეულების მანძილზე...
ათასწლეულების მანძილზე ქალწულებისთვის ბევრად უფრო მკაცრი კანონებია დაწესებული, ვიდრე სხვებისთვის და ამ კანონების აღსრულებაც ბევრად უფრო მკაცრად ხდება. მიზეზი ერთია _ ქალიშვილი `წმინდაა~, ის სიწმინდის სიმბოლოა, ხოლო ადამიანს უჭირს სიწმინდესთან განშორება, არ ემეტება იგი, არ ეთმობა `უწმინდურობისთვის~, და ცდილობს, როგორმე ეს პროცესი უფრო მისაღები, ნაკლებადთვალშისაცემი, უფრო `წესიერი~, (благопристойный) გახადოს. ამისთვის მოიგონა ქორწინება და ათასგვარი ადათი და რიტუალი... თუმცა პროცესი პროცესადვე რჩება... და მას წინ ვერაფერი დაუდგება (წინ დადგომა რომ შეეძლოს, მორალისტი მხოლოდ შელამაზებით არ შემოიფარგლებოდა). ვერ დაუდგება, რადგან ეს თვით სამყაროს, თვით არსებობის წესია _ მოდის დრო და ქალიშვილი ქალად უნდა იქცეს... და ამაში სინამდვილეში არაფერია `ცუდი~ _ ისევე, როგორც არაფერია ცუდი არაფერში, რაც ბუნების, სამყაროს, არსებობის კანონზომიერებაა... როგორც არაფერია ცუდი წვიმის მოსვლასა და გაზაფხულის დადგომაში...
ქალწულობაში მართლაც არის რაღაც განსაკუთრებულად ფაქიზი, სათუთი და მშვენიერი, მაგრამ ადამიანის ყველა ასაკს და მდგომარობას თავისი განუმეორებელი სილამაზე და ხიბლი აქვს. როცა ქალიშვილი ქალობაში შედის, მასში სამუდამოდ იკარგება რაღაც, მაგრამ სამაგიეროდ ჩნდება რაღაც ახალი, სულ სხვანაირად ლამაზი და მშვენიერი.
`ცუდი~, `ბინძური~, `გარყვნილი~ ის მაშინ ხდება, როცა ადამიანი მორალს იგონებს _ მორალს, რომელიც არ შეესაბამება სამყაროს, მის კანონზომიერებებს; როცა კაცი კანონს მანამდე ქმნის, სანამ გააცნობიერებს თვით უზენაესის კანონებს, მილიარდობით წლის წინ დადგენილს...
ქალიშვილი `წმინდაა~ მხოლოდ იმიტომ, რომ სექსია `უწმინდურობა~.
მაგრამ მადლობა ღმერთს, დედამიწა მხოლოდ პურიტანული საზოგადოებებით არ არის დასახლებული. და მადლობა ღმერთს, მსოფლიოს უდიდესმა ნაწილმა, როგორც იქნა თავი დააღწია პურიტანულ მორალს _ ყველაზე დიდ ბოროტებას და დანაშაულს, რაც კი ოდესმე ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილა.
ერთ მაგალითს მოვიყვან. ამას წინათ ერთ ფრანგულ ფილმს ვუყურე ჟერარ დეპარდიეს მონაწილეობით. ჟერარი რესტორანში გოგონას გაიცნობს. მათ ერთმანეთისადმი სიმპატია უჩნდებათ... დილით გოგონა ჟერარის საწოლში იღვიძებს, თავს ძალას დაატანს და წინა ღამის ამბებს იხსენებს, საჩქაროთ გადაიცვამს კაბას და გაიპარება... ამის შემდეგ ჟერარი ეძებს მას, პოულობს და ცდილობს, ურთიერთობა აღადგინოს, მაგრამ ამაოდ _ გოგონას ის არ უყვარს! რაც მოხდა, მხოლოდ იმ საღამოს ხანმოკლე გატაცება იყო _ ლამაზი ილუზია...
ასეთ ეპიზოდს ვერცერთი ქართველი ან ირანელი რეჟისორი ვერ გადაიღებდა. იმიტომ, რომ ქართველ ან ირანელ გოგონას ასეთი რამ ვერ შეემთხვევა. ჯერ ერთი, რა ვნებებიც და სიმპატიებიც არ უნდა გაუჩნდეს, მას არასოდეს ავიწყდება, რომ `არ შეიძლება დაკავდეს სექსით შესაბამისი ნებართვის (ანუ ქორწინების) გარეშე~ და მეორეც _ თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, ის ყველანაირად შეეცდება, `შემცდენელს~ ცოლად გაჰყვეს, ანუ `შეცდომის~ ლეგალიზება მოახდინოს. ამასთან ის არ დაიწყებს საკუთარი გულის ხმის მოსმენას და იმის გარკვევას, უყვარს თუ არა სინამდვილეში ის კაცი. არ დაიწყებს, რადგან ამ დროს თვითგადარჩენის ინსტინქტი ირთვება, ეს კი სახუმარო რამ არ გახლავთ...
ასეთი საბრალოა ადამიანი.

ტრადიცია _ ბედნიერებისა და უბედურების წყარო...

ყველა ტრადიციის მიმდევარს საკუთარი ტრადიცია ცხოვრების ერთადერთ ბუნებრივ წესად წარმოუდგენია... ინდოეთის სუბკონტინენტის ერთ-ერთი უძველესი ხალხის ტრადიცია ასეთი იყო: როცა ბიჭი სრულწლოვანი ხდებოდა, ის მამაკაცად `კურთხევის~ ინიციაციას გადიოდა. ტომის ერთ-ერთ ქალს ის ტყეში მიჰყავდა, სრულიად შიშვლდებოდა მის წინაშე და ეუბნებოდა: `ეს არის წმინდა საშო, რომლიდანაც იშვის ყველა ადამიანი. თუკი ძალგიძს ეამბორო მას ვნებისა და ზიზღის გარეშე, მაშინ კაცი ხარ~. ალბათ მიხვდით, რა შორს დგას ჩვენგან ამ ხალხის წარმოდგენა სექსზე და საერთოდ ყველაფერზე... ჩემი აზრით ეს ყველაზე ლამაზი და ამაღლებული ტრადიციაა, რასაც კი ოდესმე უარსებია.
მაგრამ ხშირად ტრადიცია, რომელსაც ამაღლებულობას და `ღვთაებრივ წარმოშობას~ მიაწერენ, სინამდვილეში ძალიან პრაქტიკული ხასიათისაა. მაგალითად წინადაცვეთის ტრადიცია. ყველა ებრაელზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ნებისმიერი მაჰმადიანი სიცოცხლეს გაწირავს და ამ ტრადიციას არ დაარღვევს, რადგან ის `ღვთაებრივია~. მაგრამ სინამდვილეში შემთხვევითი არ არის, რომ ამ ორ, ასე განსხვავებულ ხალხს საერთო ტრადიცია აქვთ _ წინადაცვეთა. საქმე ისაა, რომ მათ ერთსა და იმავე კლიმატურ პირობებში უწევთ ცხოვრება _ იქ, სადაც ძალიან ადვილად ვრცელდება ინფექციური დაავადებები, რომელთაგან თავდაცვის საუკეთესო ჰიგიენური საშუალება სწორედ წინადაცვეთაა... იგივე მიზეზით გაჩნდა ამ ორ კულტურაში ღორის ხორცის ჭამის და ღვინის სმის აკრძალვის ტრადიციაც _ ისეთ სიცხეში, რომელიც ამ კლიმატურ ზონაშია, ღორის ხორცი და ნაყენები ძალიან ადვილად ფუჭდება და მათი მოხმარება უბრალოდ ჯანმრთელობისთვის საშიშია.

დიდ ტრადიციათა შემქმნელები თითქმის ყოველთვის პრაქტიკულები იყვნენ და პირველ რიგში სოციალურ წონასწორობაზე, ხალხის ჯანმრთელობასა და `მორალურ სიწმინდეზე~ ზრუნავდნენ. ასევე ითვალისწინებდნენ ბუნების კანონზომიერებებს, რამდენადაც ეს მათ შეეძლოთ... სამყაროს კანონზომიერებების იგნორირება ყოველთვის უბედურებით მთავრდება. მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ყველაზე არაბუნებრივმა ტრადიციამაც კი ცხოვრების კონკრეტულ პირობებში ადამიანი არც ისე დააზიანოს.
მაგალითად ყველაზე პურიტანული ტრადიცია, `გარყვნილების~ ებრაული გაგებიდან აღმოცენებული მონოგამური ოჯახის სიწმინდე ავიღოთ _ გოგოსაც და ბიჭსაც (განსაკუთრებით მკაცრად კი რატომღაც გოგოს) ეკრძალება სქესობრივი ცხოვრება ქორწინებამდე და მის `გარეთ~. ასეთი მოქმედება საზოგადოების ზიზღსა და შეჩვენებას იმსახურებს.
ეს წმინდად `ქართული~ ტრადიცია ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მყარი და ხელშეუხებელი იყო ძველ საქართველოში და ახლაც ძლიერ აქტუალურია.
მაგრამ თუ ძველ საქართველოში ის არც ისე მძაფრად უპირისპირდებოდა ადამიანს და მის ბუნებას, დღეს ის ნამდვილ ბოროტებად იქცა და არაა გამორიცხული, მთელს ერს ფიზიკური განადგურებით დაემუქროს (ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ვუერთგულებთ `საკუთარ~ იდეალებს...).
მიზეზი მარტივია _ ძველი საქართველო ძირითადად სოფლებისგან შედგებოდა, სადაც 14-18 წლის ბიჭს თავისი შრომით _ მოსავლის მოყვანით თუ მესაქონლეობით უკვე შეეძლო თავისი ოჯახი ერჩინა. იმ დროს ცხოვრება უფრო მარტივი იყო და მოთხოვნილებებიც უფრო ნაკლები. ამიტომ იყო, რომ ძველ საქართველოში ქორწინება სწორედ ამ ასაკიდან იწყებოდა. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ასაკია, როცა ადამიანი სექსუალურად მწიფდება და ყველაზე მეტი სექსუალური ენერგია და სექსის მოთხოვნილება აქვს. ეს ის ასაკია, როცა ბუნება ადამიანში სექსს აღვიძებს, სწორედ ისე, როგორც ყვავილებს გაზაფხულზე და ალბათ სწორი იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ ისევე, როგორც ყვავილთაAკვირტები სწორედ გაზაფხულზე უნდა გაიშალოს და არა შემოდგომაზე ან ზამთარში, ადამიანის სექსუალური ცხოვრებაც სწორედ ამ ასაკში უნდა დაიწყოს და არა მანამდე ან შემდეგ...
მოკლედ მაშინდელი ცხოვრების თავისებურების გამო ფორმულა `არავითარი სექსი ქორწინების გარეშე!~ ძველ საქართველოში ადამიანს დიდად არ აზიანებდა, მაგრამ სულ სხვა სიტუაცია გვაქვს დღევანდელ ურბანისტულ საქართველოში.
საზოგადოებრივ არხზე ნაჩვენებ გამოკითხვაში ყველა ახალგაზრდამ, რომელსაც ჰკითხეს, როდის დაოჯახდებიო, უპასუხა: როცა მატერიალურად ფეხზე დავდგები და ოჯახის რჩენა შემეძლებაო. ასეთი განწყობა გასაგები და ლოგიკურია, მაგრამ თუ ვაღიარებთ, რომ ფორმულა `არავითარი სექსი ქორწინების გარეშე~ ჭეშმარიტება და ცხოვრების ერთადერთი სწორი წესია, მაშინ იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ ამიერიდან ქართველები 35-40 წლის ასაკამდე სექსს ვერ ვეღირსებით (და ესეც უკეთეს შემთხვევაში). დღეს ხომ ჩვენს ქვეყანაში მატერიალურად `ფეხზე დადგომა~ და ოჯახის რჩენა უკიდურესად ძნელი, ხშირ შემთხვევაში კი შეუძლებელი საქმეა!
და თუ იმ ამბავსაც გავითვალისწინებთ, რომ უსექსობა ათასგვარ ფსიქიურ პათოლოგიას იწვევს (რაც მეცნიერების მიერ უკვე ფაქტად არის აღიარებული), იმასაც უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ სულ მალე აბსოლუტურად დანერვოზებულ, დეპრესიულ, ფსიქოზიან და ისტერიულ ხალხის მასად ვიქცევით (თუ უკვე არ ვიქეცით), და თუ ტრადიციების ერთგულებაში ძალიან ვიბეჯებთ, შეიძლება ხელი სრულ გადაშენებასაც გამოვკრათ _ როგორც ცნობილია, მასიურად სამ შვილზე ნაკლების გაჩენა პოპულაციის გაქრობით მთავრდება, 35-40 წლის ქალმა კი ძლიერ საეჭვოა სამი შვილი გააჩინოს, თუ საერთოდ გააჩინა.
აქ უამრავი სხვა ფაქტორიც მოქმედებს _ ამ ასაკისთვის ადამიანი უფრო კრიტიკული და ფრთხილი, უფრო დამოუკიდებელი ხდება და უფრო ძნელად ელევა უკვე შეჩვეულ მარტოხელა ცხოვრებას. ამიტომ ამ ასაკის კაცებისა და ქალების უმრავლესობა საერთოდ უარს ამბობს ხოლმე ქორწინებაზე...
ასე რომ, გვინდა თუ არა, რეალობა ასეთია _ ან იმ მორალზე და `ძირძველ ქართულ ტრადიციაზე~ უნდა ვთქვათ უარი, რაც `ჩვენი~ და ერთადერთი შესაძლებელი მორალი გვგონია, ან არსებობაზე. საქართველოს ეკონომიკის იმ დონეზე აყვავება, როცა 15 ან თუნდაც 20 წლის ბიჭს თავისუფლად შეეძლება ოჯახის რჩენა, მე მგონი უახლოეს 30 წელიწადში მოსალოდნელი არ არის...
კიდევ ერთი რამ მინდა ვიკითხო _ ნარკომანიის ასეთი არნახული გაფურჩქვნა ჩვენს ქვეყანაში იქნებ რაღაც დოზით ამ ჩვენი `მაღალმორალურობის~ ბრალიცაა _ მორალის, რომელიც ისე ძაბავს და აკომპლექსებს ახალგაზრდებს და მათ ურთიერთობებს, რომ მათ საშუალება არ ეძლევათ ამ ისედაც ყოველმხრივ გაუხარელ ქვეყანაში სიყვარულით და სექსით მაინც მიიღონ რაღაც სიამოვნება _ სიამოვნება, რომელიც მათ თვით ბუნებამ, თვით ღმერთმა უწყალობა?
P.S. ჩემი ოცნებაა ყველამ ყველას თავი დაანებოს.

No comments: