ლევან რამიშვილი
ძირს ბრბოს ტირანია!
ანუ ის, რასაც ვერსად წაიკითხავთ
რომ მითხრეს, შემდეგი ნომრის თემა აბსურდიაო, მივხვდი, რომ აქამდე აბსურდის გარდა `ანაბეჭდში~ არაფერზე მიწერია. აბსურდის მემატიანის როლში ყოფნა სულაც არ მსიამოვნებს, მაგრამ რას ვიზამ.
აბსურდი #1: (ბანალური აბსურდი) ჩვენი პოლიტიკოსები პოლიტიკაში `ბუტკის~ ვალებით მიდიან და მერე ისევ დიდ ბიზნესში ბრუნდებიან.
აბსურდი #2: გვინდა დავიბრუნოთ აფხაზეთი და გვიკვირს, რომ აფხაზებს ამის არავითარი სურვილი არა აქვთ (არ ვიცი, იცით თუ არა _ დღეს აფხაზეთში ხალხი ბევრად უკეთ ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში). თანაც როცა გვეკითხებიან, რუსეთთან ერთად ყოფნა რატომ არ გინდათო, ვუკადრისობთ, რას ამბობთ, მაგ გაძვალტყავებულ მათხოვრებთან რა გვინდაო...
აბსურდი #3: უკვე ლამის 20 წალია ვაშენებთ `დასავლურ~ `დემოკრატიას~ და თითქოს პირი გვაქვსო შეკრული, არასოდეს ვლაპარაკობთ იმაზე, სინამდვილეში რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მიტუა და ბიბღია მიდიან საარჩევნო ყუთთან და აკეთებენ არჩევანს, სჭირდება თუ არა დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს ნატოში შესვლა. მათ ტელევიზორიდან იციან, რომ სჭირდება, მაგრამ რა არის და რაში სჭირდება, ნამდვილად არ იციან. მიტუა და ბიბღია კი არა მეც ისე დავიბენი, სულ ცივმა ოფლმა დამასხა. თან ჩქარა უნდა გადამეწყვიტა, თორემ იმდენი ხალხი მელოდებოდა, უხერხული იყო. მეც ავდექი და გადავწყვიტე, რომ არ ჭირდება. გამამტყუნებს ვინმე? მე რა ვიცი ნატო და კატო, ათასი საქმე და სადარდებელი მაქვს!
აბსურდი #5: და სათქმელამდეც მივედი _ დემოკრატია. ახლა ადგებიან და ჩემი და ჩემისთანების ჩაწერილ მოუფიქრებელ, გაუაზრებელ პასუხებს შეაჯამებენ და `ხალხის ნებად~, ეჭვმიუვალ ჭეშმარიტებად გამოცხადებენ. აი რა არის დემოკრატია.
დემოკრატიას აქვს კეთილშობილური მიზანი _ ყველა ადამიანის თავისუფლება, მაგრამ არა აქვს ამ მიზნის განხორციელების რეალური, გონივრული მექანიზმი. ადამიანები რომ თავს თავისუფლად და კარგად გრძნობდნენ საჭიროა სულ მცირე ის მაინც, რომ ქვეყანას გონიერეი, მცოდნე, თავისუფალი ადამიანები მართავდნენ. ასეთ ადამიანებს კი უმრავლესობა ვერ აირჩევს.ეს შეუძლებელია. თეორიულადაც კი. იმიტომ, რომ გვინდა თუ არა, ადამიანებს შორის უმრავლესობა უფრო მეტნი სულელები არიან, ვიდრე ჭკვიანები. ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. ეს ყოველთვის ასე იყო და ასეც იქნება. ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ დემოკრატია იქნება, ამას ვერაფერი შეცვლის. ასეთი განლაგება ვერასოდეს შეიცვლება. რაც არ უნდა დაბრძენდეს უმრავლესობა, უმცირესობა მაინც მასზე უფრო ბრძენი იქნება. მარტივი მიზეზის გამო _ სიბრძნე უფრო ძნელი მოსაპოვებელია, ვიდრე ზედაპირულობა და ამას ყოველთვის უფრო ცოტა ხალხი ახერხებს, ვიდრე ბევრი. ესეც არ იყოს, უმრავლესობა თუ ვითარდება, მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ უმცირესობა კიდევ უფრო მეტად ვითარდება და მას უფრო მეტ ინფორმაციას აწვდის. მიკლედ უმცირესობა ყოველთვის უფრო წინაა. ასე იყო ყველგან და ყოველთვის და შეუძლებელია ოდესმე სადმე სხვანაირად იყოს.
ეს რაც შეეხება ჭკუას. მაგრამ არსებობს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტიც _ პატიოსნება. მართალია ქართველები დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მხოლოდ სკოლაში გასავლელი ლამაზი სიტყვაა და მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურაში არსებობს, რომლის კითხვაც `კაცად გახდომის~ შემდეგ უნდა დაივიწყო, რადგან ეს ყველაფერი `კაი ცხოვრების ~ მოწყობაში ვერ გიშველის, მაგრამ ეს ასე მაინც არაა. ვინ შემეკამათება, რომ უსინდისო მმართველს პატიოსანი ჯობს?
მაგრამ ნახეთ, რა ხდება: დემოკრატიის დროს ყველას შეუძლია ძალაუფლებას ესწრაფვოდეს, ფსიქოლოგების გამოკვლევების თანახმად კი ძალაუფლებისკენ სწრაფვა მეორადი, ჩნაცვლებული სურვილია. ის მაშინ გიჩნდება, როცა პირველად, ბუნებრივ სურვილებს ვერ იკმაყოფილებ _ ვერ ხატავ, ვერ წერ, ვერ მღერი, ვერ ცეკვავ, ქალთან ბედნიერ ურთიერთობას ვერ ამყარებ.... ცნობილია, რომ ჰიტლერი იმიტომ ვერ გახდა ჰიტლერი, რომ მხატვრობა ვერ მოახერხა. სტალინს პოეტობა არ გამოუვიდა...
მართლაც რა უცნაური, არაჯანსაღი, არაჰარმონიული სურვილია _ გინდოდეს, სხვები მართო, მაინც და მაინც შენს ჭკუაზე ატარო.
ასე თუ ისე ნორმალურ ადამიანს ასეთი სურვილი არ უჩნდება. ნორმალური ადამიანი პოლიტიკაში არ მიდის. `დიდ~ პოლიტიკაში მხოლოდ ის მიეშურება, ვინც ემდენადაა შეპყრობილი ამ დაავადებით _ ძალაუფლების წყურვილით, რომ მზად არის ამისთვის მთელი ცხოვრება გადადოს...
ჩვენში ძალაუფლებისკენ სწრაფვა უფრო დიდი ფულის შოვნის სურვილითაა ხოლმე განპირობებული.
სხვათა შორის, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდი ფულის შოვნის სურვილიც დაავადებაა. ჩვეულებრივ, `გლეხურ~ ენაზე ამას სიხარბე ქვია. სიხარბეც ჩანაცვლებული, მეორადი მოთხოვნილებაა და მას ზუსტად იგივე მიზეზები იწვევს.
მოკლედ ასეთი სურათია _ გვაქვს არჩევანის თავისუფლება და თან იმის სრული, ასპროცენტიანი გარანტიაც, რომ ამ არჩევანს ბოროტად გამოიყენებენ. ამაზე კამათი მეცნიერებასთან, ფსიქოლოგიასთან, საგანთა ბუნებასთან კამათს ნიშნავს.
გვაქვს არჩევანი, მაგრამ ვერასოდეს ავირჩევთ ღირსეულს _ აი რა არის პარადოქსი და ნამდვილი აბსურდი!
მაგრამ როგორც ვთქვი, აბსურდის მემატიანის, აბსურდოგრაფის როლში ყოფნა არც თუ ისე აღმაფრთოვანებს, ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ დემოკრატიის, როგორც დამანგრეველი და დღეს უკვე ჩამორჩენილი სისტემის დაძლევის ერთ-ერთი მეთოდი. იგი მეოცე საუკუნის მოაზროვნეს, ბჰაგავან შრი რაჯნეშს, იგივე ოშოს ეკუთვნის.
ეს რა თქმა უნდა უტოპიაა, ისევე როგორც ყველაფერი, რაც ზემოთხსენებულ უმრავლესობას შეუძლებლად ეჩვენება _ უტოპია და სისულელე, როგორც ნათლავენ ყველაფერ იმას, რაც ვერ წარმოუდგენიათ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ თავის დროზე დედამიწის ბრუნვაც სისულელე ეგონათ და ისიც რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და არა პირიქით (და ეს იმ რელიგიას, რომელიც დღესაც წამყვანია მსოფლიოში...). თანაც ზოგჯერ უტოპიითაც კარგად გაერთობა კაცი. მაშ ასე:
ოშო
მერტოკრატია _ ძალაუფლება ინტელიგენციის ხელში
(მერიტოკრატია, ანუ `დამსახურებოკრატია~, იხილეთ შენიშვნა.)
ერთი რამ სრულიად ცხადია: პოლიტიკოსების დრო დამთავრდა. მათ მეტისმეტად კარგად შეასრულეს თავისი საქმე _ დესტრუქციულობა, ძალადობა.
ვეღარაფერი უშველის პოლიტიკოსს. ყოველი დღე მის აღსასრულს აახლოვებს. და ამაზე ის თვითონ არის პასუხისმგებელი. მან გააუმჯობესა იარაღები, რომელთაც შეუძლიათ მთელი მსოფლიოს სიკვდილი მოუტანონ, ისე, რომ უკან დაბრუნება უკვე შეუძლებელია. ან იქნება უკანასკნელი ომი _ რაც ყველასა და ყველაფრის სიკვდილს ნიშნავს _ ან ადამიანთა საზოგადოების სტრუქტურის სრული ცვლილება. ამ ცვლილებას მე `მერიტოკრატიას~ ვუწოდებ.
ერთი რამ _ ჩვენ უნდა მოვიცილოთ თავიდან ის აზრი, რომ ყველა ადამიანს, მხოლოდ იმიტომ, რომ ოცდაერთი წლისა შესრულდა შეუძლია აირჩიოს, ვინ არის შესაფერისი პიროვნება იმისათვის, რომ ერების ბედი გადაწყვიტოს. ასაკი არ შეიძლება იყოს გადამწყვეტი ფაქტორი. ჩვენ უნდა შევცვალოთ გადამწყვეტი ფაქტორი; ეს ძირფესვიან ცვლილებას ნიშნავს.
ჩემი რჩევა ასეთია _ ხმის მიცემა მხოლოდ იმას უნდა შეეძლოს, ვინც, სულ ცოტა, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი მაინც არის. ასაკს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა.
ადგილობრივი მთავრობის არჩევნებში ამომრჩევლის კვალიფიკაცია უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტობა იქნება. უნივერსიტეტის დამთავრება კი, სულ ცოტა ბაკალავრის ხარისხი უნდა იყოს აუცილებელი კვალიფიკაცია ნებისმიერისთვის, ვინც არჩევნებში მონაწილეობს, ანუ კანდიდატებისთვის. მაგისტრის ხარისხი უნდა იყოს მინიმალური კვალიფიკაცია მისთვის, ვინც მერობაზე იყრის კენჭს.
შტატის არჩევნებში ბაკალავრის ხარისხი იმისთვის უნდა უყოს მინიმალური კვალიფიკაცია, ვინც ხმას აძლევს. მაგისტრის ხარისხი მეცნიერებაში, ხელოვნებაში, კომერციაში უნდა იყოს აუცილებელი კვალიფიკაცია კანდიდატებისთვის. ჰუმანიტერულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი უმაღლესი წოდებებით უნდა იყოს მინიმალური კვალიფიკაცია მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის; რა თქმა უნდა რაც უფრო მეტი წოდება ექნებათ, მით უფრო დაუფასდებათ. და ნებისმიერი, ვინც მინისტრთა კაბინეტის წევრობას დააპირებს, ვალდებული იქნება, რაღაც იცოდეს საგნის შესახებ. მისი კვალიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს იმ თემებს, რომლებთანაც შეხება მას თანამდებობაზე ყოფნისას ექნება.
ამგვარად თუ ვინმე განათლების მინისტრობას აპირებს, მისი კვალიფიკაცია მას საშუალებას აძლევდეს კომპეტენტური იყოს განათლების საკითებში.
მას სულ ცოტა მაგისტრის ხარისხი უნდა ჰქონდეს უმაღლესი წოდებებით პედაგოგიკაში; უმაღლესი წოდებების გარეშე არავის არ უნდა შეეძლოს მინისტრობა. რა თქმა უნდა კარგი იქნება, თუკი მას უკეთესი წოდებები ექნება _ პედაგოგიკის დოქტორი _ ძალიან კარგი იქნება, ეს მას უფრო შესაფერის კანდიდატად აქცევს.
გენერალურ პროკურორს სულ მცირე დოქტორის ხარისხი უნდა ჰქონდეს იურისპრუდენციაში, სამართალმცოდნეობის დოქტორი, _ არა ნაკლები, იმიტომ რომ მან უნდა დაიცვას სახელმწიფოს კანონი, მოქალაქეთა უფლებები. მას ყველაზე მაღალი ხარისხი უნდა ჰქონდეს, რაც კი შესაძლებელია. ეს იმის გარანტია იქნება, რომ მან ყველაფერი იცის ამისს შესახებ.
გუბერნატორს ყველა შესაძლო ხარისხი უნდა ჰქონდეს: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ხარისხი უმაღლესი წოდებებით, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სულ ცოტა ერთი _ სულ მცირე ერთი საპატიო სამეცნიერო ხარისხით, ლიტერატურის დოქტორი, ან სამართალმოცოდნეობის დოქტორი.
ფედერალური მთავრობის დონეზე მაგისტრის ხარისხი ამომრჩევლის მინიმალური კვალიფიკაცია იქნება. არჩევნებში მონაწილეების მინიმუმი უნდა იყოს მაგისტრის ხარისხი უმაღლესი წოდებებით და დოქტორის ხარისხი. და ყველა მინისტრი უმაღლესი ხარისხის მფლობელი უნდა იყოს იმ სფეროში, რომლის მინისტრობასაც აპირებს. განათლების მინისტრი უმაღლეს ხარისხს უნდა ფლობდეს პედაგოგიკაში, რაც კი ქვეყანაში არსებობს; ჯანმრთელობის მინისტრს ქვეყანაში არსებული უმაღლესი ხარისხი უნდა ჰქონდეს მედიცინაში.
პრეზიდენტს სულ ცოტა ორი PჰD უნდა ჰქონდეს. და ერთიც ლიტერატურის ან სამართალმცოდნეობის დოქტორის საპატიო წოდება; იგივე უნდა ჰქონდეს ვიცეპრეზიდენტსაც, რადგან ის ნებისმიერ წამს შეიძლება პრეზიდანტი გახდეს. ასე დაინგრევა ნახიროკრატია**. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ის, რომ ოცდაერთის ხარ, არ ნიშნავს, რომ მთავრობის არჩევა შეგიძლია.
მთავრობის არჩევა ძალზე გამოცდილი, ჭკვიანი ხალხის საქმე უნდა იყოს.
მხოლოდ იმიტომ, რომ ოცდაერთი წლის ხარ, შეიძლება ბავშვები გააჩინო _ ამას არავითარი გამოცდილება, არავითარი განათლება არ ჭირდება, ბიოლოგია ამისთვის კარგად მომზადებულებს გიშვებთ. მაგრამ იმისათვის, რომ მთავრობა აირჩიო, რომ აირჩიო ადამიანები, რომლებსაც მთელი ძალაუფლება ექნეათ შენზე და ყველა დანარჩენზე, და რომლებმაც ქვეყნის და მთელი მსოფლიოს ბედი უნდა გადაწყვიტონ, მხოლოდ ის, რომ ოცდაერთი წლის ხარ, რა თქმა უნდა არ არის საკმარისი... ის ხერხი, რომლითაც ჩვენ ვირჩევთ მათ, უბრალოდ იდიოტურია.
მე ვისურვებდი რომ ყველა უნივერსიტეტს _ ყველა შტატში _ მოეწვია ყველა ვიცე კანცლერისა და გამოჩენილი პროფესორის ყრილობა; მოეწვიათ ინტელიგენციის გამოჩენილი წარმომადგენლები, რომლებიც შეიძლება სულაც არ იყვნენ უნივერსიტეტის ნაწილი: მხატვრები, არტისტები, პოეტები, მწერლები, რომანისტები, მოცეკვავეები, მსახიობები, მუსიკოსები. ეს მოიცავდა ნიჭის ყველა განზომილებას, იმ ადამიანებს, რომლებმაც აჩვენეს თავისი მასშტაბი და მნიშვნელობა. მაგრამ აქედან მთლიანად უნდა გამოირიცხონ პოლიტიკოსები.
მოწვეულ უნდა იქნეს ნობელის პრემიის ყველა მფლობელი _ ისევ და ისევ პოლიტიკოსების გამოკლებით, რადგენ ბოლო წლებში ნობელის პრემია რამოდენიმე პლიტიკოსსაც მისცეს და ამან ამ ჯილდოს ღირებულება დააქვეითა.
ამგვარად თითოეული შტატიდან უნდა იქნეს, არჩეული დელეგაცია ეროვნული ყრილობისთვის, რომელიც დეტალურად განიხილავს, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს მერიტოკტრატიამ.
ეროვნული კანდიდატებისგან უნდა შედგეს მსოფლიოს ყველა უნივერსიტეტის და მთელი ინტელიგენციის საერთაშორისო ყრილობა. ასეთი რამ პირველად მოხდება, რადგან მთელი მსოფლიოს ინტელიგენცია კაცობრიობის ბედის გადასაწყვეტად ჯერ არასოდეს შეკრებილა. მათ უნდა დაწერონ მსოფლიოს პირველი კონსტიტუცია.
ეს არიქნება ამერიკული, ინდური ან ჩინური, _ ეს იქნება უბრალოდ მთელი კაცობრიობის კონსტიტუცია. არ არსებობს სხვადასხვანაირი კანონების საჭიროება. არ არის საჭირო _ ყველა ადამიანს ერთნაირი კანონები ჭირდება.
და მსოფლიო კონსტიტუციაში გაცხადებული იქნება, რომ ერები აღარ არის მნიშვნელოვანი.
მათ შეუძლიათ იარსებონ, როგორც ფუნქციონალურმა ერთეულებმა, მაგრამ აღარ ექნებათ დამოუკიდებელი ძალაუფლება. და თუ ამ ყრილობის უკან მსოფლიოს მთელი ინტელიგენცია იდგება, ძნელი არ ირ იქნება მსოფლიოს გენერლების დარწმუნება, ჩამოშორდნენ პოლიტიკოსებს.
და რა ძალაუფლება აქვთ პოლიტიკოსებს? მთელი მათი ძალაუფლება მათ ჩვენ მივეცით. ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ იგი. ეს მათი ძალაუფლება არ არის, ეს ჩვენი ძალაუფლებაა. ჩვენ უბრალოდ მისი დაბრუნების საშუალება უნდა გამოვნახოთ _ რადგან მიცემა ადვილია, დაბრუნება კი ცოტა უფრო ძნელი. დაბრუნებისას პოლიტიკოსები აღარ იქნებიან ისეთივე გულღიანი და უმანკონი, როგორებიც მაშინ იყვნენ, ძალაუფლებას რომ გთხოვდნენ. ეს ჩვენი ძალაუფლებაა, მაგრამ ის კვლავ მათ ხელში იქნება, თუკი კვლავ იქნება ბრბო, რომელიც მას მათ მისცემს; ბრბოს ნებისმიერ რამეში დაარწმუნებ.
ეს ინტელიგენციის ფუნქციაა... მე მინდა ეს ახლა ვთქვა _ თუ კაცობრიობას რიმე მოუვა, ბრალი მთლიანად ინტელიგენციას დაედება: `რას აკეთებდით? თუკი ეს იდიოტები მზად იყვნენ, მთელი კაცობრიობა ამოეხოცათ, რას აკეთებდით? თქვენ უბრალოდ წუწუნს განაგრძობდით, ბუზღუნებდით, მაგრამ ამის მეტი არაფერი გიკეთებიათ.“
დრო კი იწურება. რახან ერთხელ გადავწყვიტეთ, რომ ხმის მიცემის უფლება ყველა ადამიანის თანდაყოლილი უფლება კი არ არის, არამედ უფლება, რომელიც შენი ინტელექტით უნდა დაიმსახურო... უნდა დაინახოთ განსხვავება: ყველას ეძლევა შესაძლებლობა, დაიმსახუროს იგი, მისი მოპოვების შესაძლებლობა ყველასთვის თანაბრად არსებობს, მაგრამ ეს არ არის თანდაყოლილი რამ; შენ უნდა დაამტკიცო, რომ იმსახურებ მას.
მას შემდეგ, რაც ძალაუფლებას ჩამოვართმევთ ბრბოს და მოაზროვნე ადამიანებს გადავცემთ, ადამიანებს, რომლებმაც იციან, რას აკეთებენ, ჩვენ შევძლებთ შევქმნათ რაიმე მშვენიერი.
თუკი ადამიანმა მთელი თავისი ცხოვრება განათლებასა და მის პრობლემებზე ფიქრს მიუძღვნა, ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც კი შესაძლებელი იყო იმისათვის, რომ გამოერკვია განათლების ყოველი დეტალი, ყოველი პრინციპი, მისი ყოველი შესაძლო ფილოსოფია _ თუ ასეთი კაცი განათლების მინისტრი გახდება, არის შესაძლებლობა, რომ ის რაღაცას გააკეთებს.
მე გთავაზობთ ბრბოს მთლიანად რჩეული ადამიანებით შეცვლას.
მე არ ვარ ხალხის წინააღმდეგი. სინამდვილეში ამ პოლიტიკოსების ხელში ჩავარდნილი ხალხი თვითონაა თავისი თავის წინააღმდეგი. მე მთლიანად ხალხის მხარეს ვარ, და შეიძლება ითქვას, რომ რასაც მე ვამბობ, ზუსტად ისაა, რასაც დემოკრატიის შესახებ ამბობენ: `ხალხისთვის, ხალხის მიერ, ხალხისგან~, მხოლოდ `ხალხის მიერ~-ის შეცვლა მომიწევს. ეს ინტელიგენცია იქნება ხალხისთვის და ხალხისგან. ის მოემსახურება მასებს.
ეს ძალიან მარტივია. თქვენ არ ირჩევთ ექიმს. წარმოიდგინეთ ნებისმიერ ვინმეს რომ შეეძლოს კენჭი იყაროს და ექიმი გახდეს... წარმოიდგინეთ ორი ადამიანი, რომელიც ერთმანეთს ექიმობას ან ქირურგობას ეცილება. რა არის ამაში ცუდი? ხალხი თვითონ ირჩევს _ხალხისთვის, ხალხის მიერ, ხალხისგან. ისინი ირჩევენ ერთ-ერთს _ ქირურგად _ იმიტომ, რომ ის უკეთესად ლაპარაკობს, უკეთ გამოიყურება ტელევიზორში და დიდ დაპირებებს იძლევა.
მაგრამ ის ყასაბიც კი არ არის, ქირურგობას კი აპირებს! ყასაბი უკეთესად გაართმევდა თავს საქმეს, ბოლოს და ბოლოს გაჭრა მაინც ეცოდინებოდა... მაგრამ ქირურგებს არჩევნებით არ ვირჩევთ.
როგორ შეიძლება პრეზიდენტს არჩევნებით ვირჩევდეთ? როგორ შეიძლება გუბერნატორი არჩევნებით აირჩიო? ამდენი ხალხი იკლავს თავს ერთი პოსტისთვის, ამდენ ხალხს უნდა. ყველაზე ავადმყოფები, დაავადებულნი ამბიციებით ყველაზე მეტად იბრძოლებენ _ მკვლელობებს ჩაიდენენ, ყველაფერს იზამენ.
თქვენ აძლევთ ძალაუფლებას ძალაუფლებაზე გაგიჟებულ ხალხს; თქვენი საკუთარი ხელით ეხმარებით მათ თქვენს დაღუპვაში!
ეს არ არის დემოკრატია.
დემოკრატიის სახელით ეს ადამიანები მასების ექსპლუატირებას ეწეოდნენ.
ასე რომ პოლიტიკოსები და მღვდლები მათი დიდხანს, ძალზე დიდხანს შენარჩუნებული ესტაბლიშმენტიდან უნდა გაირიცხონ და სრულიად ახალი ტიპის მმართველობა უნდა განვითარდეს.
ჩემს სისტემას მე `მერიტოკრატიას~ ვუწოდებ _ მხოლოდ იმისთვის, რომ თვალშისაცემი იყოს განსხვავება. მაგრამ რისი დამსახურება? დამსახურება მსახურებას და გაზიარებაა. და გადაწყვეტთ თუ არა ძალაუფლება ბრბოს ჩამოართვათ და ინტელიგენციას გადასცეთ, ყველაფერი შესაძლებელი და მარტივი ხდება.
მერიტოკრატია საზოგადოების სტრუქტურის, ხელისუფლების სტრუქტურის და და განათლების სტრუქტურის ტრანსფორმაციის მთლიანი პროგრამაა.
ეს რთული საქმეა, ძნელადმისაღწევი, მაგრამ არა შეუძლებელი _ განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, როცა ერთადერთი ალტერნატივა სიკვდილია.
* ინგლ.: მერიტ _ დამსახურება, ღირსება, სიქველე.
** ინგლ.: მობ _ ბრბო, ჯოგი, ნახირი.
Read polaroid spectra pro manual PDF
5 years ago
No comments:
Post a Comment