Sunday, December 13, 2009

პერსონალური ტორნადო ფარაონისათვის

მასალა გამოქვეყნდა ჟურნალ PLAYBOY-ში




ქართველი მეტერეოლოგის და `ბენზოკალონკის~ მუშის აღმოჩენამ მსოფლიო ეგვიპტოლოგიას ახალი ჰორიზონტები გადაუშალა


საქართველოში სულ რამდენიმე ეგვიპტოლოგი მეცნიერია, უფრო ცოტა, ვიდრე თითზე ჩამოსათვლელი: ქალბატონი მანანა ხვედელიძე, ბატონი ლევან ქურდიანი და ჩემი შვილი თაკო, რომელმაც ეგვიპტოლოგობა გადაწყვიტა, მაგრამ ჯერჯერობით მომავალი ეგვიპტოლოგის კატეგორიაში თუ გავა.
ქართული ეგვიპტოლოგიური სკოლა კი, თუ არსებობს, მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაში.
ამ ფონზე ეგვიპტოლოგიაში ახალი სიტყვის თქმა სენსაცია თუ არა, და დიდი მოულოდნელობა მაინც იყო.
მით უმეტეს, როდესაც ეს ახლად მოვლენილი `ეგვიპტოლოგი” სულ არ იყო ეგვიპტოლოგი. დიპლომის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას მხოლოდ მეტეოროლოგის განათლება ჰქონდა და აქვს.
ყველაფერი შვილის დაბადების დღეზე დაიწყო, როდესაც გიზო ვაშაკიძემ ბავშვის საჩუქრებიდან ილუსტრირებული ენციკლოპედიის ახლად გამოცემული ტომი გამოაძვრინა და თვალიერებას შეუდგა.
ერთ ერთ ილუსტრაციაზე, რომელიც ეგვიპტურ თემას განიხილავდა, ხეოფსის პერამიდა იყო გამოსახული თავისი პირველქმნილი სახით, ანუ თეთრი, სარკესავით დამუშავებული, მარმარილოთი მოპირკეთებული და ძალიან ლამაზი. კარგ ილუსტრაციას პროფესიონალი და კარგადვე ერუდირებული მხატვრის ხელი ეტყობოდა.
ფერი, რაკურსი, შუქ-ჩრდილები, განათება, ყველაფერი სახეზე იყო, განსაკუთრებით შუქ-ჩრდილები. გიზოს ყურადღება სწორედ შუქ-ჩრდილებმა მიიპყრო.
აბსოლუტურად სპონტანურად გაჩნდა იდეა, რომ პირამიდის დახრილ კედელს უნდა აერეკლა მზის სხივი, რომელიც პირამიდის ირგვლივ ნიადაგზე განაწილდებოდა. ამას პირამიდის გარშემო ტემპერატურის მატება უნდა გამოეწვია, მაშინ როდესაც მარმარილოს პირამიდა ცივი რჩებოდა. იქმნებოდა მაქსიმალურად ცივი ცენტრი და მაქსიმალურადვე ცხელი გარემო. ამ ორი კომპონენტის გაერთიანებას შეეძლო უმართავი მეტეოპროცესები გამოეწვია _ თუნდაც ტორნადო. ასეთი აზრი რათქმა უნდა მხოლოდ მეტეოროლოგს შეიძლებოდა მოსვლოდა თავში...
იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ეს საგანგებოდ იყო გათვლილი. მართალია აზრი კონკრეტული და ერთი შეხედვით ჩამოყალიბებული ჩანდა, მაგრამ მას გადამოწმება, გამოკვლევა და დასაბუთება ჭირდებოდა.
გიზო ამუშავდა. ამუშავდა პირამიდების ფენომენის გამოსაკვლევად თორემ მუშაობით ისედაც მუშაობდა... `იბერკომპანის” ბენზინგასამართ სადგურზე.
გიზოსათვის ახალი ცხოვრება დაიწყო. სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, რომელიც არც ისე ბევრი ჰქონდა, ბიბლიოთეკაში და გარაჟში მოწყობილ ლაბორატორიაში ატარებდა.
გიზოს პირველი ვარაუდი გამართლდა. პირამიდის ირგვლივ ტერიტორიაზე არეკლილი სხივის განფენას და ნიადაგის გადახურებას პირამიდის კედლის სწორედ 50 გრადუსიანი დახრა უზრუნველჰყოფდა.
პირველი ვარაუდის გამართლებას მეორე მოჰყვა. კარგმა მეტეოროლოგიურმა განათლებამ მას პალეოკლიმატური კვლევის ჩატარების საშუალებებიც მისცა. აღმოჩნდა, რომ ძველ ეგვიპტეში ჰაერის ტენიანობა 168% ით მაღალი იყო.
კომპლექსური ანალიზის სურათი დაიდო: ცხელი გარემო, ჭარბტენიანი ატმოსფერო, ცივი ცენტრი (პირამიდის სახით) და ტორნადოს წარმოქმნას ხელს აღარაფერი უშლიდა. რა აუცილებლობა უნდა ყოფილიყო გამოეწვიათ ასეთი უმართავი და თან დამანგრეველი ენერგიის მქონე მოვლენა?
დანარჩენმა იეროგლიფებისა და ძველი ეგვიპტური თეოლოგიის კვლევებმა აჩვენა, რომ ეგვიპტური ტორნადო არც ისე უმართავი და თან ფარაონებისათვის ერთობ საჭირო მოვლენა იყო.
ნაშრომი ეგვიპტურ პირამიდებზე დასრულდა და ხელნაწერის სახითაც დაიდო, თუმცა მისი გამოქვეყნების პერსპექტივა ბუნდოვანი ჩანდა _ ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლად ჩამოყალიბებულ მეცნიერ მეტეოროლოგს წიგნის გამოსაცემი თანხები არ ჰქონდა.
ერთი უცნაური კანონზომიერებაა _ ეგვიპტურ პირამიდებს ყოველთვის თან სდევს აუხსნელი გვერდითი მოვლენები. სერიოზული ინფორმაცია მათ შესახებ ყოველთვის გაიკვლევს გზას და საჭირო კალაპოტში მოექცევა.
ერთი სიტყით, გიზოს პირამიდული კვლევების ირგვლივ ნამდვილი საჭადრაკო პარტია გათამაშდა. ჯერ იყო და პირდაპირ ბენზინგასამართ სადგურზე ჟურნალისტმა მიაკითხა, რომელსაც სხვა ჟურნალისტისაგან ამბად გაეგო გიზოს ნაშრომის შესახებ. არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალისტის ვიზიტს ყურადღების გარეშე დასტოვებს _ გიზოს ამბავი მისმა უშუალო უფროსმა, ბაჩანა ადამიამ გიზოსაგან მოისმინა და სერიოზულად ჩაფიქრდა. ეს უკვე ამ მისტიკური საჭადრაკო პარტიის მეორე სვლა იყო, რომლის შედეგადაც გიზომ ბაჩანას მოძიებული თანხებით წიგნი გამოსცა, რუსულად თარგმნა და თავის წიგნიანად მოსკოვში აღმოჩნდა!
მოსკოვში შედგა ვაშაკიძის ნაშრომის კითხვა და წიგნის პრეზენტაცია, რომელმაც სამეცნიერო წრეებში ცოტა არ იყოს მსუბუქი ფურორი გამოიწვია.

`...კონცეფცია უჩვეულო და ახალი, მაგრამ ისტორიულად დასაბუთებულია. მე არ ვიცი რა მოთხოვნები აქვთ წაყენებული ამ დისერტაციას საქართველოში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ექსპერტთა საბჭო არ შეცდება, თუ გიზო ვაშაკიძეს ამ ნაშრომისათვის მიანიჭებს არა მარტო მეცნიერებათა კანდიდატის, არამედ გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის წოდებას. მის ნაშრომში თანაბარი ინტენსივობით არის ერთმანეთთან დაკავშირებული ისტორია, გეოგრაფია, ატმოსფეროს ფიზიკა.~

ეს შეფასება გ.ს. გოლიცინს _ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს და ატმოსფეროს ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორს ეკუთვნის.

`...მიუხედავად სხვადასხვა მკვლევართა მიერ ჩატარებული მრავალჯერადი მცდელობებისა და მრავლობით გამოთქმული ვერსიებისა, მონოგრაფიის ავტორმა მოახერხა შემოთავაზებული ჰიპოთეზის კოპლექსური დასაბუთება მეცნიერების სხვა და სხვა სფეროებიდან...
...მონოგრაფია ძირითადად სამეცნიერო ისტორიულ მონაცემებზე, ფაქტებზე და ლაბორატორიული მოდელირების შედეგებზეა დაფუძნებული. რაც საშუალებას იძლევა, მონოგრაფიაში გაშუქებული ახალი კონცეფცია გამოყენებულ იქნას მთელი რიგი სამეცნიერო პუბლიკაციების მოსამზადებლად.~

ეს კი ასტრონავტიკის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრის, კოსმიურ კვლევათა ინსტიტუტის აქტიური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელის,
ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფ. გ.გ. მანაგაძის დასკვნაა.

მოსკოველი მეცნიერების შეფასება კი ამ შემთხვევაში это вам не хухры – мухры!??????

თუ ამ მოსკოვურ პრეზენტაციას საჭადრაკო პარტიის მესამე სვლად ჩავთვლით, პრეზენტაციაზე ამერიკელი სამხედრო ატაშეების დასწრება უკვე მეოთხე სვლა იყო. გულგრილები არც ისინი დარჩენილან _ ატაშეებმა პრეზენტაცია გიზოს წიგნებით, ფოტო მასალით და ლაბორატორიული კვლევის ჩანაწერებით დახუნძლულებმა დატოვეს.
დღესდღეობით `ფარაონის პერსონალურ ტორნადოს” პენტაგონის სპეციალისტები სწავლობენ. მათ დასკვნას, რომელიც ალბათ საბოლოო არ იქნება, შეიძლება ახალი სვლებიც მოჰყვეს.

No comments: