ლევან რამიშვილი
ძმა
(მოთხრობების კრებული)
რედაქტორი – რატი ქართველიშვილი
დიზაინერი _ მალხაზ რუსაძე
სარჩევი:
ტერეზა მილიონის ანგარიში
თეთრი მერსედესი
მკვლელი
უსასრულობა
სვეტი ნათლისა
ბრჭყვიალა ნოლები
შეყვარებული
შიმშილი
ძმა
ორი ზღაპარი:
ზღაპარი კაცზე სახელად `იქნებ~
ორი სარკის ზღაპარი
ტერეზა მილიონის ანგარიში
ოთახში სიჩუმე იდგა.
თეთრ შარვალსა და კაშკაშა წითელ პერანგში გამოწყობილი მოხუცი ქალი მაგიდას მიჯდომოდა და რაღაც ქაღალდებს ჩაკირკიტებდა. ზარის ხმა მოესმა. წამოდგა და კარისკენ ლასლასით წავიდა
კარებში თეთრი, ფუნჩულა, ოდნავ წამოწითლებული პირისახის მამაკაცი იდგა დიდი ცხვირითა და პატარა, კეთილი თვალებით.
– უკაცრავად, ტეს, დილის მესა ცოტა დიდხანს გაგრძელდა და... – მოუბოდიშა მამა კამდენმა და ხელი გულითადად ჩამოართვა. მოხუცს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. რა კარგი კაციაო, გაიფიქრა.
– არა უშავს, – უთხრა მან და სახლში შეუძღვა.
– აი, აქეთ, მაგიდასთან დავსხდეთ, – თქვა მან, მაგრამ მაგიდაზე დაყრილ ქაღალდის გორებს რომ მოკრა თვალი, გუნება წაუხდა და გადაიფიქრა.
– ანდა აი აქ, ტახტზე ჩამოვჯდეთ, – უზარმაზარი ტელეეკრანის წინ მდგარ დიდ ტყავის ტახტზე მიუთითა.
– როგორც შეყვარებულები, არა? – იხუმრა მამა კამდენმა.
– ჰო, როგორც შეყვარებულები! – გამხიარულდა მოხუცი. მადლობელი ვარ, რომ მოხვედით.
– რას ამბობთ, ეს ჩვენი ვალია. როგორ ხართ. ყველაფერი მითხარით!
– ეჰ, რა გითხრათ, მამაო კამდენ. რაც მაიკლი აღარ არის, რაღაა ჩემი ცხოვრება.
მამა კამდენმა თვალები უხერხულად დახარა.
– ისე, ცუდი ცხოვრება არ გვქონია მე და მაიკლს. საინტერესოდ ვცხოვრობდით. ყოველი კვირის ბოლოს საყიდლებზე დავდიოდით. მთელ დღეს იქ ვატარებდით. მერე მოვიდოდით, მანქანა სავსე გვქონდა პროდუქტებით. პარკებს პირდაპირ იატაკზე ვყრიდით და ვიცინოდით. რას აღარ ვაკეთებდით_ხოლმე. ათას სისულელეს... ერთხელ ძველისძველი კადილაკი ვიყიდეთ. სულ შავი, სახურავი ახდილი ქონდა. რად გვინდოდა ნეტა, მაგრამ მაინც ვიყიდეთ. ქუჩაში რომ გავიდოდით, ბავშვები ამოგვახტებოდნენ ხოლმე და ვიცინოდით...
მერე ორი ათასად გავყიდეთ. სულელი ვარ, არ უნდა გამეყიდა. ჯერ ერთი, ორიათას ექვსასად გვქონდა ნაყიდი და ორიათასად რატომ უნდა გამეყიდა. ეგეც არ იყოს, რომ შემენახა, ახლა ალბათ ოცი ათასად გავყიდდი, როგორც ანტიკვარს...
ისე ორივე კარგ ფულს ვაკეთებდით, თუმცა მაგრადაც ვმუშაობდით. ჩემს სიცოცხლეში შვებულება არ ამიღია. ჩემი შემყურე, მაიკლიც აღარ გადიოდა–ხოლმე შვებულებაში. ბოლო ორმოცი წელი შაბათ_კვირასაც არ დაგვისვენია. აბა რა მექნა, ოვერტაიმებს მიხდიდნენ და ამხელა გადასახადებს გადახდა ხომ უნდოდა! ამიტომაც მაქვს ამხელა პენსია, თორემ ახლა ალბათ უკვე სადმე აყროლებულ ნერსინგ ჰოუმში ვიქნებოდი დაავადმყოფებული და პამპერსგამოუცვლელი... საშინელებაა, რაც იქ ხდება. საერთოდ არ გაქცევენ ყურადღებას. ერთხელ დავტოვე მაიკლი და ვინანე. საღამოს რომ მივედი, მშიერი და აქოთებული დამხვდა. მომვლელი კი ღიმილით მეუბნება, ყველაფერი კარგადაა, მაიკლი დღეს კარგი ბიჭი იყოო. შავი დღე ვაყარე, რა არის კარგად, მთელი დღე უპატრონოდ რომ აგდია–მეთქი? ნუ გეშინიათ, სუფთადააო. მაგას არა აქვს მნიშვნელობა, ვალდებულები ხართ დღეში სამჯერ აჭამოთ და დაბანოთ მეთქი. არადა, გაგიჟდები, ისეთი ხელფასები აქვთ მაგ ექთნებს. დღეში ათას დოლარზე ნაკლები არც ერთს არა აქვს. გგონია მოვერიდე? პირდაპირ მივახალე, ამდენ ფულს ხვეტთ და განძრევაც არ გინდათ_მეთქი. თუ იცით მერე მაქედან სინამდვილეში რამდენს ვიღებთო. ძალიანაც კარგად ვიცი, ბუღალტერი ვარ_მეთქი.
საბუღალტრო რომ დავამთავრე `სთილუორქერს~_ში მოვეწყვე. ჯერ ცოტას მიხდიდნენ, საათში 12 დოლარს, მაგრამ რომ ნახეს, რომ კარგად ვმუშაობდი, მთავარ ბუღალტრად გადამიყვანეს. 72 კაცი მებარა! თავიდან დღეში ასი დოლარი მქონდა, მაგრამ მერე იმდენი ვქენი, ორას დოლარამდე გამიზარდეს. ხუთ დღეში ათასს მაძლევდნენ. 72 კაცი მებარა!..
მაიკლი მშენებლობის ბიზნესში იყო. ერთი წამით მოსვენება არ იცოდა, სულ სამუშაოში იყო ჩაფლული. ხანდახან შეკვეთებს სხვა ქალაქებში აძლევდნენ და ორი_სამი თვე სახლში ვერ მოდიოდა. მთელი ცხოვრება ასე შრომაში გავატარეთ, სანამ ეს უბედური ავარია არ მოუვიდა. ამის შემდეგ დაეწყო ყველაფერი. ხან სახლის გასაღები ავიწყდებოდა, ხანაც გარაჟის ჩაკეტვა, მაგრამ ეს ხომ ყველას მოსდის. მეც მავიწყდება_ხოლმე გასაღები, მაგრამ სრულ ჭკუაზე ვარ, არც ალცჰაიმერი მაქვს და არც არაფერი, მაგრამ თავიდან ექიმს არაფერი უთქვამს, მხოლოდ ახლახანს, 3 წლის წინ მითხრა, ალცჰაიმერი აქვს და არაფერი ეშველებაო, არადა ათი წლის წინ დაეწყო, იმ ავარიის მერე!..
არაფერი მომიკლია, მომვლელი ავიყვანე და ინვალიდის ეტლით დაგვყავდა ყველგან. 2 000 დოლარი დამიჯდა. წესით უფასოდ ეკუთვნოდა, იმიტომ, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია, მაგრამ ამ ჯგუფს არ ეკუთვნისო.
Pპირველი მომვლელი ჯონ ჰალი იყო, მაღალი, მხარბეჭიანი, 700 დოლარი მომთხოვა, დამოუკიდებელი იყო, თავისი თავის დაცვა არ ეშლებოდა და ვერც ვერაფერს გამოაპარებდი. კაი გაიძვერაც იყო, ექიმი ვარო, გაიძახოდა, სინამდვილეში ვეტერინარი იყო. არაფერს აკეთებდა, დაჯდებოდა და მთელი დღე ტელევიზორს უყურებდა. რას მიჩერებიხარ მაგ ყუთს_მეთქი, რომ ვეტყოდი, აბა, რა ვქნა, მაიკლს სძინავს და სიზმარშიც ხომ არ ჩავყვებიო. ჯონი ჰალის მერე პიტერი მოვიყვანე. ევროპელი იყო. ხუთას სამოც დოლარს იღებდა და ყველაფერსაც აკეთებდა, სახლს ალაგებდა, ჭურჭელს რეცხავდა, ხალიჩები გარეთ გაჰქონდა და წმენდდა. თუ რამე გაფუჭდებოდა, შეაკეთებდა. მაიკლი რომ ყვირილს დაიწყებდა, გინდ ღამის 4 საათი ყოფილიყო, წამოვარდებოდა და მიხედავდა. ტელევიზორს სულ არ უყურებდა, მაგრამ სულ წიგნებს კითხულობდა. სულ სიგარეტის წევაში იყო. ამდენს იმიტომ ვეწევი, რომ ბავშვები მენატრებაო. ექვს თვეში წავიდა. იმის ნაცვლად ლი მოვიყვანე. ესეც ევროპელია და ესეც დღედაღამე წიგნებს კითხულობს. საერთოდ რაღაც უცნაურები არიან ეს ევროპელები. სულ რაღაც სისულელეებს იძახის. ერთხელ ტელევიზორში ძალიან ლამაზ სახლებს აჩვენებდნენ. ეს რა ქალაქია_მეთქი, ვკითხე. პარიზიაო. ეგ სადღაა_მეთქი. ევროპაშიო. არ მეგონა ევროპაში ასეთი ლამაზი სახლები თუ ჰქონდათ, ალბათ ჩვენგან გადაიღეს_მეთქი. რატომღაც გაბრაზდა. შენი ქვეყნის წლოვანების ხე მიდგას ეზოშიო. ასე იცოდა, თუ გაბრაზდებოდა, ოღონდ გაემწარებინე და ათას სისულელეს წამოროშავდა. მაგდენ წიგნს რომ კითხულობ, თავი სისულელეებით იმიტომ გაქვს გამოტენილი_მეთქი. მაგის თავის ტკივილიც და უძილობაც სულ წიგნების ბრალი იყო, მაგრამ არ სჯეროდა. პირიქით, უძილობის ბრალია ყველაფერიო, დაჩემებული ჰქონდა. აღარაფერს ვეუბნებოდი, რაც უნდა ის უქნია_მეთქი. სულ რაღაცას წერდა_ხოლმე თავისთვის. პიტერი ამბობდა, ეკლესიების რესტავრატორი ვიყავიო, ხელფასს არ მიხდიდნენ და მაინც ვმუშაობდიო. არ ვიცი რაში სჭირდებოდა ამის თქმა. ეს ლი კი სულ წერდა და წერდა, რაღაცას ვთარგმნიო, რამდენს გიხდიან_მეთქი. ადრე მიხდიდნენ და შემიწყვიტესო. აბა, რაღატომ აკეთებ_მეთქი. ისე, ჩემთვისო. რომ შემატყო რომ არ დავუჯერე, ასე მითხრა, მინდა ეს წიგნი ჩემს ენაზეც იყოს თარგმნილიო. აი, ასეთ სისულელეებს იგონებდა. ეგონა სხვა სამუშაოს კეთებას დავუშლიდი. მერე კიდევ რამოდენიმეჯერ ვკითხე გამოსატეხად. ხან რას იგონებდა, ხან რას: ფორმაში რომ ვიყო იმიტომ ვწერო, რომ არ მომწყინდესო და რა ვიცი კიდე, რას აღარ ამბობდა. კარგა ხანს არაფერს ვეუბნებოდი, მაგრამ ერთხელაც ვერ მოვუთმინე და ვუთხარი, ისე, კაი ფულს კი დააგროვებ, ცალკე ჩემი 500 დოლარი და ცალკე იმ თარგმანის ფული_მეთქი. კიდევ არ გჯერაო, გაეცინა, ეგონა უკვე დავიწყებული მექნებოდა. არა_მეთქი. ჰო, კარგი, რახან გინდა, გეტყვი – ფულს მიხდიანო. გამოვტეხე, როგორც იქნა.
მაიკლის გარდაცვალების მერე კიდევ ორი თვე დავიტოვე. მარტო ყოფნის მეშინოდა, თანაც თვალის ოპერაცია მქონდა გასაკეთებელი და მანამდე მჭირდებოდა. ეგეც არ იყოს ამხელა სახლში რა უნდა ვაკეთო! დიდი სახლია ერთი კაცისთვის. ზემოთ მარტო ორი საძინებელია. დანარჩენი ღია, შემინული ჭერია. ქვემოთ ცხრა ოთახია. სახლი ორას ორმოცი ათასი დამიჯდა, მაგრამ ერთი ორმოცდაათი ათასი კიდევ დავახარჯე: იატაკები სულ გამოვცვალე, ახალი ლინოლიუმები დავაგე. მარტო დარაბები ხუთი ათასი დამიჯდა. სამი სააბაზანო ოთახი გავაკეთე – ორი ქვემოთ, ერთიც ზემოთ. ერთი ოცი ათასიც ახალი ავეჯი დამიჯდა. ახალი ტელევიზორებიც ვიყიდე. კაბელი შემოვაყვანინე, ხუთასი არხი მაქვს. ტექნიკაც შევიძინე – ვიდეო, სიდი, დივიდი და ყველაფერი. აქ რომ გადმოვედით ორი წლის წინ, მაიკლი ჯერ კიდევ ფეხზე იდგა. მთელი ცხოვრება ამ სახლს შევწირე... მანამდე უილიამსთაუნში ვცხოვრობდით. ის სახლი უფრო პატარა იყო. პირველ სართულზე ხუთი ოთახი იყო, მეორეზე ოთხი. ასოცი ათასად გავყიდე. კიდევ ერთი სახლი გვქონდა ატლანტიკ_სიტიში. ოცი წლის წინ გადავაგდე. გადაგდებაა, აბა რა არის, სულ ოცი ათასად გავყიდე. ზედ ოკეანის პირზე იყო. ახლა ის სახლი ნახევარი მილიონი ღირს. შევცდი, არ უნდა გამეყიდა, მაგრამ მაშინ არ ვფიქრობდი.
მაიკლის მერე ჩემი ძმა, რიჩარდიც წავიდა. ზუსტად ერთ კვირაში. თერთმეტი და_ძმიდან მარტო მე დავრჩი. მე ვუვლიდი იმ საწყალსაც, მოხუცებულთა სახლში იყო. მარტო მე მივდიოდი ხოლმე. რომ გარდაიცვალა, იმ დღეს ლესლიმ დარეკა, ჩემი ძმის, რეიმონდის შვილმა, უნდა მივიდე სანახავადო. მე ვუთხარი, მაიკლი გადაყოლილი იყო შენზე და იმის სანახავად არ მოსულხარ და რაღა რიჩარდზე გადაირიე_მეთქი. მართლა გადაყოლილი იყო მაიკლი მაგათზე. შაბათ_კვირას ძაღლს გვიტოვებდნენ და ჩვენ ვუვლიდით. ერთხელ მაიკლმა მთელი დარაბები თავისი ხელით გამოუცვალა.
მაიკლი რომ მოკვდა, ერთხელაც არ გამოჩენილა, არც დაურეკავს. არც ჯერი მოსულა, მაგის ქმარი, არადა გადაყოლილები ვიყავით მაგაზე მე და მაიკლი. მაგის შვილებს ისე არ გავუშვებდი, ათდოლარიანი არ ჩამედო ჯიბეში. ხანდახან ოცდოლარიანსაც ვჩუქნიდი, როცა ათდოლარიანი არ მქონდა.
მეყო ყველას თავხედობის ატანა. რაც მაიკლს ალსჰაიმერი დაემართა, იმის მერე ყველა დაიკარგა ნელ_ნელა. არადა, ყველაზე გადაყოლილი ვიყავი. მარტო ბობ ბივერი აკითხავდა ბოლომდე. თავის შვილთან, სკოტთან ერთად მოდიოდა_ხოლმე, მაგრამ მაგაზეც ნაწყენი ვარ. ჯერ ერთი, მაიკლს მასხრად იგდებდნენ. როგორც სულელს, ისე უღიმოდნენ. მაიკლს კი გონება არასოდეს დაუკარგავს, მარტო მახსოვრობა და მეტყველება წაერთვა, ჭკუით კი სრულ ჭკუაზე იყო. თუ რამე არ უნდოდა, ვერაფრით ჰოს ვერ ათქმევინებდი. ერთხელ ლის დიდხანს ყავდა გარეთ და რომ დაბრუნდნენ მთელი წინადადება თქვა. “ხელები გაყინული მაქვს!” ზუსტად ასე თქვა. ეგენი კიდევ მოვიდოდნენ და “ჰეი ბიჭო, მაიკლ!” ან “კაცურ კაცს ვახლავარ!” ან “აბა კაცები, კაცური კაცები!..” ასსეტ რაღაცებს ეუბნებოდნენ და სულელებივით იკრიჭებოდნენ. მოკლედ, მასხრად იგდებდნენ, მაგრამ ვერაფერს ვეუბნებოდი. ეგენი მოდიოდნენ მაინც!.. თანაც ყველაფერში მეხმარებოდნენ. ნათურებს ცვლიდნენ, სარდაფს მალაგებინებდნენ და რა ვიცი, თუ რამე იყო სახლში გასაკეთებელი, მაგათ ვეძახდი. ოც დოლარს ვაძლევდი საათში ბობსაც და სკოტსაც. რაც მაიკლი მოკვდა, ეგენიც აღარ გამოჩენილან. მეც აღარ ვურეკავ. თუ დარეკავენ, თვითონ დარეკონ...
...ყველაზე ნაწყენი ვარ. აგერ რიტა, ჩემი მეგობარი. მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით, ახლა კი არაფრად მაგდებს. იცის, რომ როზანასთან ნაჩხუბარი ვარ, მაგრამ იმასაც ემეგობრება და მეც. არადა, მაგაზეც სულ გადამკვდარი ვიყავი, სულ რაღაცას ვჩუქნიდი. შარშანწინ ფეხი რომ მოვიტეხე და მანქანით მაღაზიაში მატარებდა, თითო წაყვანაში ოთხმოც დოლარს ვუხდიდი. ეგ კიდევ სულ წუწუნებდა, ბენზინი არ მყოფნისო. ერთხელაც ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, საკმარის ფულს გაძლევ იმისთვის, რომ ბენზინი ჩაასხა_მეთქი. გაჩუმდა და იმის მერე ხმა აღარ ამოუღია. თვითონ ვითომ მეხმარება, მაგრამ ამ დროს თავის საქმეს იკეთებს. იმ დღეს რაღაც თოჯინები მაყიდინა, თითო ოც დოლარად. ერთი კვირის მერე კი წამოსცდა, ჩემს შვილიშვილს დაავალეს სკოლაში იმ თოჯინების გაყიდვაო. ოთხი ცალი მაყიდინა. რა ჯანდაბად მინდოდა. ისევ ვინმეს უნდა ვაჩუქო. ნეიდინს ვაჩუქებ. სამაგიეროდ ფოლადის დრაკონს მომცემს. მაგას მაინც ერთი ცალი აქვს, ჩემს კოლექციას კი მოუხდება.
...ეჰ, მამაო კამდენ, მთელი ცხოვრება ყველაზე გადაყოლილი ვარ და ყველა მე მძარცვავს. გარაჟში რომ მაიკლის ღვინოები იყო, თითქმის სულ დაცლილია. მუშები რომ მოდიან, ისე არ წავლენ, ერთი მაინც არ გაქრეს. ვერავის დავაბრალებ, მაგრამ ერთზე მაქვს ეჭვი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მგონია, რომ მაგას მიაქვს. რაღაცნაირია, არ მომწონს. სხვები სულ მეკითხებიან, ტეს, შეიძლება კოკა_კოლა ავიღოთო, ეგ კიდევ მოვა, პირდაპირ გამოაღებს მაცივარს და ისე აიღებს, არც შეგეკითხება. საჭმელზეც არასოდეს უარს არ იტყვის. ყველა მუშას უთქვამს უარი ერთხელ მაინც. ეგ კიდევ, სენდვიჩს რომ შესთავაზებ, ყოველთვის გართმევს. ასეა, ყველა წაგლეჯვაზეა. ბეწვის ქურქი ხომ მოიპარეს სარდაფიდან. დღემდე არ ვიცი, ვინ წაიღო. ხუთი ათასი მქონდა მიცემული. თანაც ნიუ_იორკიდან იყო გამოწერილი. დაზღვევის ხალხს რომ ვუთხარი, მოვიდნენ, მთელი სარდაფი გადააქოთეს, ყუთებით ტანსაცმელი ამოიტანეს და გარეთ გაიტანეს. მანქანაში აწყობდნენ. სულზე მივუსწარი. რას შვებით_მეთქი. ძველია, უნდა გადავყაროთო. ძველი კი არა სულ უხმარია_მეთქი, უკან შემოვატანინე. წაღება უნდოდათ. ვითომ გადაყრიდნენ, სინამდვილეში კი გაყიდნენ.
ბობ ბივერის ბიჭსაც, სკოტსაც გარაჟიდან ინსტრუმენტები მიაქვს და ყიდის. მოეწონება თუ არა რამე, იმწუთას მამამისს ეძახის: “მამა, ამაზე რას იტყვი?” მერე კი მიაქვს და უკან აღარ აბრუნებს. არა, ცუდი ბიჭი არაა. რემონტების ბიზნესშია. ხანდახან მილიონიანი შეკვეთებიც აქვს... ჩემი ძმის, რიჩარდის სახლი უნდა გავარემონტებინო და გავყიდო. მილლიონებიდან სხვა აღარავინაა დარჩენილი, მე კი რათ მინდა ორი ამხელა სახლი, მაგრამ თუ არ გაარემონტე, კარგად არ გაიყიდება. ორას ორმოცდაათზე მეტს ვერ დაადებ, თანაც გადმოფორმება რვა ათასი მიჯდება. გუშინ ვიყავი სწორედ ჩემს იურისტთან. სიცოცხლეშივე რომ გადმოეფორმებინა, ამდენი აღარ დაჯდებოდაო. მოკლედ, ყველა წაგლეჯვაზეა. მაიკლის დაკრძალვა ოცდარვა ათასი დამიჯდა. გავიხედე და ერთ კვირაში რიჩარდი აღაარაა. ეგეც შენი თოთხმეტი ათასი. ახლა მაიკლის საფლავის ქვაც იკითხე. ეგეც კიდევ თექვსმეტი ათასი. მაიკლის პენსია ხომ მომაკლდა. თითქოს ჯინაზე, თვალი გამიხდა საოპერაციო! მართალია, დაზღვევა იხდის, მაგრამ მერე ფასებს ისე აწევენ, მტრისას! არადა, უნდა გემეკეთებინა, სულ ვეღარ ვხედავდი. იმდენი საქმე დამიგროვდა. სამი წლის ჩეკები თავიდან მაქვს გადასაწერი. მანქანასაც ვეღარ ვატარებდი. იძულებული ვიყავი, ლისთვის ხელფასი მეხადა. არადა ჩემი სამი ათასი ყველაფერს ხომ ვერ გაწვდება. ბანკის ფულს არ მინდა ხელი ვახლო. რა იცი რა ხდება, თანაც პროცენტები ემატება. ბანკიც მე მატყუებს. მთელი ჩემი ფული ამოუღიათ ფულის ბაზრიდან და ცხრა თვე გაყინული ქონიათ. მე კი არ ვიცოდი. თანაც მე, უმაღლესი კლასის ბუღალტერს რაღაც ზღაპრებს მიყვებიან. თუმცა ახლა რაღა აზრი აქვს დავას...
სულ მარტო ვარ, მამაო კამდენ! თერთმეტი და_ძმა ვიყავით და და მარტო მე დავრჩი. სულ მარტო!.. ძმიშვილებიდან არავის ვახსოვარ. ზოგი სად ცხოვრობს, ზოგი სად. არც მიცნობენ. ერთი ბობი მირეკავს ორ თვეში ერთხელ და ისიც ათ წუთს ძლივს გაიმეტებს_ხოლმე. მაგას ვუტოვებ ყველაფერს. ერთი მაიკლი მყავდა, იმას ვუყვარდი მხოლოდ და ისიც დავკარგე. ხელიდან გამომეცალა. კბილებით მეჭირა მისი თავი, ბოლომდე ფარ_ხმალი არ დამიყრია. დამხმარეები კი მყავდა, მაგრამ მე თვითონ ვუვლიდი, მე ვწმენდდი და ვბანდი, მე ვურეცხავდი. ბოლო ორი წელი აღარც ჭამა შეეძლო და ღარც ლაპარაკი. მხოლოდ კი_ს ან არა_ს თუ იტყოდა, ოღონდ ეს კი არასოდეს ეშლებოდა – თუ უნდოდა რამე, კიო, გეტყოდა, თუ არ უნდოდა – არაო. თუ გაბრაზდებოდა, ხმას ვერ ამოაღებინებდი. ხომ ასეთ დღეში იყო, მაგრამ ზოგჯერ ისე გულიანად გაიცინებდა, ასე მეგონა ისევ ახალგაზრდები ვართ_მეთქი. ლამაზი სიცილი ჰქონდა, მაგრამ ბოლოს სულ დაძაბუნდა, ფეხზეც ვეღარ დგებოდა, მთელი დღე ეტლში იჯდა მოწყვეტილი და ერთ წერტილს იყო მიშტერებული. ზოგჯერ ვერ ისვენებდა, წრიალებდა და მე მეძახდა. ბოლომდე ვახსოვდი და ჩემი იმედი ჰქონდა. დღეში ერთი ოცჯერ მაინც დამიძახებდა: სადა ხარ, ტეს? ზოგჯერ გვერდით ვედექი და მაინც მეძახდა: ტეს, სადა ხარ, ტეს! ერთხელ კი, გარდაცვალებიდან ერთი დღით ადრე, სახეში შემომხედა და ტეს, სადა ხარო, დამიძახა. რა გაყვირებს, ვერ ხედავ, აქა ვარ_მეთქი, მაგრამ თითქოს არც გაუგია, თვალებში მიყურებდა და ტეს, სადა ხარ, ტეს, სადა ხარო გაიძახოდა!...
ყოველღამე ვლოცულობ, ღმერთს ველაპარაკები კიდეც, მაიკლი რომ კვდებოდა მაშინაც ვლოცულობდი. ლიც ლოცულობდა თავის ენაზე. ყველაზე დიდი სანთელი შემოიტანა და თავთან დაუნთო. მაიკლმა ხელზე ხელი მომიჭირა და არ მიშვებდა, თვალებით მთხოვდა, არ მიმატოვოო. იმის მერე სულ ვლოცულობ. სანამ ლი აქ იყო, როგორღაც ვძლებდი, ახლა კი... დილას რომ ვიღვიძებ და სამზარეულოში გავდივარ, ისეთი სიჩუმე დგას, გული მიღონდება. რომ არ გავგიჟდე, ფოსტას ვხსნი და მთელ ჯანქ მეილს ვკითხულობ. მერე კაბინეტში შევდივარ და დავთრებს ვაწესრიგებ. მუშაობა მშველის, მაგრამ თვალები მალე მეღლება და ვისვენებ_ხოლმე. სამუშაოს გამოვერთვები თუ არა, სიჩუმისგან ისევ გული მეკუმშება. ტელევიზორს ვრთავ_ხოლმე და გვიანობამდე ვუყურებ, მაგრამ მაშინაც სიჩუმეში ვარ. ხანდახან ჩამეძინება და ძილშიც გული მეკუმშება და მეწვის. შუაღამეზე გამეღვიძება, ტელევიზორს გამოვრთავ და და რომ არ გავგიჟდე, ლოცვას ვიწყებ. ყველა ლოცვა ზეპირად ვისწავლე. ვლოცულობ, ვლოცულობ და თითქოს ჩემს თავს გვერდიდან ვხედავ. ვხედავ, რომ მარტო ვარ, სულ მარტო ამოდენა სახლში და შუაღამეა. ვლოცულობ, მაგრამ მაინც მესმის, რომ სიჩუმეა სახლში, მე კიდევ არავინ მყავს ქვეყანაზე. სულ არავინ... ტირილი ამივარდება_ხოლმე და დილამდე ვერ ვჩერდები. საწოლში რომ ვწვები, მაშინაც ეს წყეული სიჩუმე მიდგას ყურებში და სულს მიხუთავს...
მამა კამდენი ჩაფიქრებული იჯდა და თვალები იატაკზე დაეშტერებინა. მერე რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვერ გადაწყვიტა და მხოლოდ ისღა მოიფიქრა, რომ ტესს თავისი ბუნჩულა ტორი დაადო მხარზე.
უხერხულ დუმილს დროდადრო მისი ქვითინი არღვევდა. მამა კამდენს მოუსვენრობა დაეტყო. უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ვერაფრით მოეფიქრებინა რითი დაეწყო. ბოლოს, როგორც იქნა, გადაწყვიტა – მეორე ხელიც მხარზე დაადო, სახეში შეხედა და უთხრა:
– ყველაფერი ღმერთის ხელშია, ტეს! ჩვენ არ ვიცით რატომ ვკარგავთ საყვარელ ადამიანებს. მარტო ღმერთმა იცის, ვინ როდის წაიყვანოს. ჩვენ მხოლოდ ის უნდა გვწამდეს, რომ მან უკეთ იცის, რა ჯობია ჩვენთვის!
– ეჰ, მამაო კამდენ! ამოიოხრა ტერეზამ, – ვიცი, ვიცი. . .
მამა კამდენი ერთხანს ჩუმად იჯდა, შემდეგ საათზე დაიხედა.
– ჩემი წასვლის დროც მოსულა, – თქვა მან – შვიდ საათზე წირვა იწყება...
– ხომ მოხვალთ ხოლმე მამაო კამდენ! – ვედრებით სავსე თვალები მიაპყრო ტერეზამ, – ხომ შემოივლით ხოლმე?
– რა თქმა უნდა, ეს ჩემი ვალია – მამა კამდენმა ოპტიმისტური ღიმილით წარმატებით გაუღიმა და უნებლიეთ კვლავ საათს დახედა, _ აბა, დროებით!
ერთმანეთს გადაეხვივნენ. ერთხანს ასე იდგნენ.
– რა კარგი კაცი ხართ, მამაო კამდენ!
მანქანამდე მიაცილა. მამა კამდენი ვერცხლისფერ `ბიუიკში~ ჩაჯდა. წუთში მისი მანქანა გზაზე გაუჩინარდა.
ტერეზა უკან გამობრუნდა. პარმაღზე წამით შეჩერდა. იქვე დაგდებულ პატარა ცოცხს მოკრა თვალი. აიღო და ძირს დაცვენილი ნაძვის წიწვები პარმაღიდან გადახვეტა. შემდეგ სახლში შებრუნდა და კარი შიგნიდან კარგად ჩაკეტა.
ოთახში სიჩუმე იდგა.
თეთრი მერსედესი
კვლევითი ინსტიტუტის ვეება, ხის მასიური კარი ძლივს მოიხურა სუსტი ხელით და ტროტუარი ისე გაიარა, თავი არ აუწევია. ამ ბოლო დროს სულ ასე დადიოდა – თავჩაქინდრული და წელში მოხრილი . ზოგჯერ ქუჩაში სიარულის დროს ხელსაც გაიქნევდა ბრაზიანად, თითქოს უნდოდა, ვიღაცისთვის გემრიელად ეთხლიშა, ან თვითონ ჩაირტყამდა მუშტს ბარძაყში სიმწარისგან, თუმცა ასეთი რამე მაინც იშვიათად ემართებოდა და ისიც ისე არა, რომ ვინმეს შეემჩნია – ხელს უფრო თავის წარმოსახვაში იქნევდა გამეტებით, სინამდვილეში კი ისეთ ნელ მოძრაობას აკეთებდა, რომ ვერავინ მიხვდებოდა, რას ნიშნავდა ეს უნებლიე გაქნევა, რომელიც უფრო ქართული ცეკვის ჟესტს წააგავდა, მითუმეტეს თუ იმ უცნაური, მსუბუქი აქცენტითაც დააგვირგვინებდა, მისთვის დარტყმას რომ ნიშნავდა. კიდევ ჩქარი სიარული და სიარულის დროს უცაბედი გაჩერებაც დასჩემდა. უცებ შედგებოდა ხოლმე და სადღაც იყურებოდა. ამ დროს ან პატარა სოფო ახსენდებოდა, რომელსაც დიაბეტი აღმოაჩნდა, ან მისი ქმარი, რომელიც ამერიკაში წავიდა სამუშაოდ, იქ სხვა ცოლი მოიყვანა და დარჩა. ან ის ახსენდებოდა, რომ ქმარს კაპიკიც არ გამოუგზავნია, იმის შემდეგაც კი, რაც გაიგო, რომ სოფოს დიაბეტი ჰქონდა და ნემსებისთვის ფული იყო საჭირო...
უშნოს ვერაფრით ეტყოდით, უფრო სიმპათიური გოგო ეთქმოდა, და მაშინ რომ შეგხვედროდათ, თავს როცა უვლიდა, შეიძლება მოხიბლულიყავით და შეგყვარებოდათ კიდეც. რაც არ უნდა მივედ_მოვედოთ, კაცებს ქალი მაინც მხოლოდ სილამაზისთვის უყვარდებათ... მაგრამ ახლა ქუჩაში რომ შეგხვედროდათ, ვერც კი შეამჩნევდით.
მთელი დღეები გიჟივით შრომობდა. თავისას ხომ აკეთებდა და შიგა და შიგ, უსაქმოდ რომ არ მჯდარიყო, სხვებსაც უკეთებდა საქმეებს. მერე სახლში გამორბოდა – საჭმელი, სარეცხი, ნემსების მომზადება პატარა სოფოსთვის. დედამისიც მაინც და მაინც ახლა ჩავარდა ლოგინად... სხვა არც არავინ ჰყავდა.
ქუჩა გადაჭრა და ავტობუსის გაჩერებაზე დადგა. იქვე, გაჩერებასთან თეთრი მერსედესი იდგა. მხოლოდ წამით გაექცა მდიდრული მანქანისკენ თვალი, მერე კი კიოსკისკენ გაიხედა და ჟურნალებს დაუწყო თვალიერება. ერთ_ერთ ყდაზე ლამაზი ქალი გრაციოზულად წელგადრეკილი იდგა და გამვლელ_გამოვლელს კეკლუცად უღიმოდა. ჟურნალები მობეზრდა და მზერა ისევ მანქანაზე გადაიტანა. უცებ ელდა ეცა – მანქანის ჩაბურული მინის მიღმა კაცი იჯდა და პირდაპირ მას შეჰყურებდა. სასწრაფოდ აარიდა თვალი და თითქოს აიმრიზა კიდეც, თვითონაც არ იცოდა, რატომ –ამკაცზე ცუდი არაფერი უფიქრია. ერთხანს ასე იდგა და თავის წლიურ თემაზე ფიქრობდა. მერე გაახსენდა, რომ აფთიაქში უნდა შეევლო. არ დამავიწყდეს, რომ დედაჩემისთვის ის ახალი წამალიც ვიყიდოო, უმეორებდა თავისთავს, მაგრამ ამ ფიქრში გართულმა უცებ ისეთი მოძრაობა გააკეთა, რომ მიხვდა თუ არა, რაც მოიმოქმედა, წამსვე გამოერკვა. მიხვდა კი არა, თვითონ ტანმა უგრძნო და იუცხოვა, თან კი რაღაცნაირად ეცნო კიდეც... უცებ შეიგრძნო, რა მოძრაობაც იყო ეს და რომ ძალიან, ძალიან დიდი ხანი იყო, რაც ასე აღარ იმართებოდა წელში, თავს გვერდზე ასე ლამაზად და გამომწვევად, ასე კეკლუცად აღარ ხრიდა... გაუკვირდა და სადღაც, ძალიან ბუნდოვნად ესიამოვნა კიდეც, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიუქცევია, ისევ ფიქრებში გადაეშვა – სახლზე, დედაზე, სოფოზე... და სწორედ მაშინ, როცა ფიქრობდა, ხვალ სოფოს დამრიგებელი უნდა ვნახოო, თმაზე ხელი გადაისვა, მერე თავი გააქნია – თმა მარცხნივ გადაიყარა. მერე კი წინ ნაბიჯი გადადგა და შედგა, მაგრამ ეს სულ სხვა დგომა იყო – ქალური, გრაციოზული დგომა, სულ ოდნავ, თავშეკავებულად გამომწვევი. სახეზე ალმურმა გადაკრა – გაოგნებული იყო, თვითონაც არ ელოდა თავისი თავისგან, მაგრამ ფაქტს ვერსად გაექცეოდა – კაცი მანქანიდან ისევ უყურებდა, ამას კეფით გრძნობდა, და ეს მზერა მასზე მოქმედებდა. ეს უკვირდა. რა დროს ესეთებიაო, თავი გაკიცხა და ისევ აფთიაქში ის ახალი წამალი არ დამავიწყდესო, გაიფიქრა, თუმცა არც ისე დიდი მონდომებით, როგორც სჩვეოდა. მამაკაცის დაჟინებული მზერა არ ასვენებდა. ოდნავ მოტრიალდა და ცალი თვალით შეუმჩნევლად გახედა. უყურებდა! ოცდათხუთმეტზე მეტის არ იქნებოდა. ლამაზი იყო. თეთრი, შავთმიანი. სწორ, მკაცრ ნაკვთებზეც კი ეტყობოდა, რომ მაღალი და მხარბეჭიანი იყო.
ერთი ნაბიჯიც გადადგა და გვერდზე გადაიხარა – ვითომ რაღაცამ დააინტერესა და გაიხედა. სახეზე ღიმილმა გადაურბინა – თვითონაც არ იცოდა, რატომ, მერე კი მზერა გაუსერიოზულდა, ოღონდ ეს სხვა სერიოზულობა იყო – არა_ყოველდღიური, რაღაცნაირი ვნებიანი სერიოზულობა. თავის თავს მანქანის ფანჯრიდან ხედავდა. ერთი სული ჰქონდა, კაცისკენ მიტრიალებულიყო და მის თვალებში ჩუმი აღტაცება ამოეკითხა, მაგრამ ვერ ბედავდა. მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა და სასიამოვნო სიმსუბუქე ჩაუდგა. თითქოს ქუჩაც უფრო განათდა და ისიც შეამჩნია შეუმჩნევლად, რომ ცა მის თავზე კამკამა ცისფერი იყო... ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, გაფიქრებაც ვერ მოასწრო, მხოლოდ გაოცებული, თავბრუდახვეული აყურადებდა ცვლილებას საკუთარ თავში. წელში კიდევ უფრო გაიმართა და თავი გააქნია, ახლა უკვე აშკარად კეკლუცად და გამომწვევად, თანაც ისე, რომ წამით მანქანის ფანჯრისთვისაც მოეკრა თვალი – ისევ უყურებდა, თანაც ისეთი დაუფარავი აღფრთოვანებით, როგორც მხოლოდ ნამდვილმა შეყვარებულება იციან, ან გამოცდილ დონ_ჟუანებს შეუძლიათ.
ავტობუსი მოვიდა და წავიდა. რომ დაინახა, უკვე იცოდა, რომ არ ავიდოდა, მაგრამ რომ წავიდა, საკუთარ თავზე გაბრაზდა, ასე უნდა ვიდგე ახლა სულელივითო, და ძალაუნებურად მანქანისკენ გაიხედა. ახლა უკვე აშკარად შეათვალიერა მანქანაში მჯდომი. ერთმანეთს თვალებში შეხედეს. ორივეს მზერაში იყო რაღაც მკაცრად დაფარული და ამავე დროს განდობილი, გამჟღავნებული... გვერდზე გაიხედა. მობილური ამოიღო, თუმცა არსად დარეკვას არ აპირებდა. უაზროდ დაჰყურებდა ტელეფონს, ვითომ მესიჯს აგზავნიდა. ასე უფრო მოვეწონებიო, გაუელვა და სირცხვილის ალმურმა გადაკრა, რა სისულეებს ვფიქრობო. კი შერცხვა, მაგრამ არ შეეძლო, არ ეფიქრა, რომ ეს სულელური მობილური მის პერსონას უფრო მიმზიდველს ხდიდა. დარეკვა მოუნდა. რაღაც ნომერი აკრიფა და ტელეფონი ყურზე მიიდო, მაგრამ წამსვე გათიშა და მობილური ჩანთაში ჩააგდო. ავტობუსი მაინც მოვიდოდესო, გაიფიქრა და გზას მიაჩერდა. ავტობუსი არ ჩანდა. უცებ მიხვდა, რომ რომც მოსულიყო, მაინც არ გაყვებოდა... გაბრაზდა, რა იდიოტივით ვდგავარ ამ შუა ქუჩაში ყელმოღერებული, თითქოს საქმე არ მქონდესო, მაგრამ იგრძნო, რომ თავს იტყუებდა – რომ მხოლოდ ახლა გრნობდა თავს ცოცხლად და არაფერი არ უნდოდა ამ ქვეყნად, გარდა იმისა, რომ კიდევ ცოტა ხანი მდგარიყო და ამ უცნობის მონუსხული მზერა სხეულით ეგრძნო. უნდოდა მაგრამ... `ახლა ავტობუსი მოვა და ავალ, წავალ სახლში, წინსაფარს გავიკეთებ, დავრეცხავ, დავალაგებ, საჭმელს გავაკეთებ და ასე იქნება ყოველდღე – სულ, სანამ არ დავბერდები...~ ავტობუსი არ ჩანდა. `ნუთუ მართლა ასე იქნება? და ვეღარასოდეს გამოვცდი ვერაფერს... პირველი შეხების ჟრუანტელს, ერთად ყოფნის პირველი დღეების ბედნიერებას...~ თვალებზე ცრემლი მოადგა. მანქანა იქ იყო, მაგრამ იქით აღარ იხედებოდა. უცებ იგრძნო, რომ სული ეხუთებოდა. `არა, ასე არ შეიძლება!~ თითქოს ვიღაცამ იყვირა სადღაც შიგნით. `არ შეიძლება! გესმის? შეხედე, რა გაცვია, ან როგორ დადიხარ, გეგონება წყლით სავსე ვედროებს მიათრევდე. ეგრე ბაზარშიც აღარ დადიან ქალები...~ უნებურად გულზე დაიხედა. შავი კურტკა ეცვა. თითქოს ძალიან სამარცხვინოც არ იყო... `ეს რა სიმახინჯეა?~ არ ისვენებდა ხმა, `შავი და უფორმო. როდის დაიწყე ამის ჩაცმა?~ გაუკვირდა. არ ახსოვდა, როდიდან იცვამდა. `ან ეს შარვალი რას გავს? შარვალიც შავი, ფეხსაცმელიც შავი, გასვენებაში ხომ არა ხარ? არც საყურე, არც მძივი... ერთი შტრიხიც არ გაქვს ჩაცმულობაში, რაიმე შარმი რომ შეგძინოს...~ შეშინებულმა მიიხედ_მოიხედა, ვინმე ხომ არ მიყურებსო. მოუნდა, ჩქარა მოსულიყო ავტობუსი, რომ მალე წასულიყო, რომ ასეთ ფორმაში არავის ენახა... ავტობუსი არ ჩანდა. `ტაქსით წადი!~ არ ასვენებდა ხმა. `სად მაქვს ტაქსის ფული?” – იუარა. `დიდი ამბავი, შენს თავზეც თუ დახარჯავ ცოტას!~ შეცბა. `არ შემიძლია... ათასი რამეა...~ `სისულელეა! ნუ გეშინია, არ დაიხოცებით. არაფერი დაშავდება, თუ შენს თავზეც დახარჯავ ცოტას. ქალი ხარ, გესმის? ქალი ხარ!~
– ქალი ვარ, – თქვა ხმამაღლა, ისეთი ტონით, თითქოს ეს რაღაც ახალი, ფანტასტიური ამბავი ყოფილიყოს და შეშინებულმა მიმოიხედა. ამ დროს ავტობუსიც გამოჩნდა. იმ ადგილისკენ გაქანდა, სადაც, მისი აზრით ავტობუსი უნდა გაჩერებულიყო. რამოდენიმე მეტრი რომ გაიარა, ცალი თვალით მანქანას გამოხედა და... მანქანის ფანჯრებს მზის სხივი სხვანაირად ეცემოდა. კარგად ჩანდა რომ მანქანაში არავინ იჯდა.
მკვლელი
– ტრუპიკები, ტრუპიკები მინდა! – პომოჩებიანი გიჟი დერეფანში დარბოდა, ოთახების კარებს აღებდა და დილაადრიან ყველას ახსენებდა, რომ ბევრი `ტრუპიკი~ იყო საჭირო. `პომოჩებიან გიჟს~ საინფორმაციოს უფროსს ვეძახდით.
– დღეს ტრუპიკები გვაკლია, რამე ქენით, თორემ ჩაგვივარდა 12_საათიანი.
– რა უნდა ვქნა, თავს ხომ არ მოვიკლავ? – გაიღრიჯა ნუცა, ჩვენი წამყვანი, ანუ `სთენდაფისტი~, როგორც თვითონ თავისთავს ეძახდა.
– კარგი აზრია! – გაუხარდა პომოჩებიანს, – თუმცა არა, შენ რომ თავი მოიკლა, `სთენდაფს~ ვინ ჩაწერს? ნატო პოლონეთშია, დღეს მარტო შენ ხარ.
– რა მოხდა, მოვიკლავ და ჩავწერ, სულ მასე არ ვაკეთებ?
– არა, ეგრე არ გამოვა... – ვითომ მოიღუშა პომოჩებიანი, მერე კი ვითომ სახე GAგაუბრწყინდა, – მოვიფიქრე, წინასწარ ჩაწერე და მერე მოიკალი. ხომ კარგია?
– გადასარევი...
– კაი, მოვრჩით ლაზღანდარობას, – ისე დაგვტუქსა, ვითომ ჩვენ დავიწყეთ, – სასწრაფოდ ტრუპიკები მჭირდება. რაც მეტი, მით უკეთესი! – და კარი მოიხურა.
– ამ დილაადრიან ტრუპიკები... რა, ხაშია? – გაუკვირდა მიშა ძიას, ჩვენს ოპერატორს.
ამ დროს, როგორც ყოველთვის, დაბარებულებივით, `ტრუპიკებიც~ გამოჩნდნენ. ჯერ იყო და შვილმკვდარი დედების აქციიდან დარეკეს, რას შვებით, არ გვაშუქებთო? მკვდარი თემააო, ხელი ჩავიქნიეთ და სტაჟიორები გავუშვით, თუმცა გეგმა ნაწილობრივ მაინც შესრულდა – მართალია უკვე დიდი ხნის მკვდარი, მაგრამ მაინც `ტრუპიკები~ გვყავდა. მერე შ.ს.ს._დან შემოვიდა ზარი: ვიღაც დამთხვეულმა დიღმის მასივში მძევალი აიყვანა და ბინიდან არ გამოდისო. ეს უკვე სერიოზული ამბავი იყო. სასწრაფოდ ავიკრიფეთ მე, ნუცა, მიშა ძია და ომარა, ჩვენი მძღოლი, რომელსაც, ჩვეულებისამებრ ტელევიზორის წინ ეძინა.
– სწრაფად უნდა იარო, ძია ომარ, შეიძლება ვერ მივასწოთ და შენი იმედი გვაქვს! – განგებ დაძაბა მიშა ძიამ.
– ჩემი ამბავი ხომ იცით? – ტრაბახის შანსი ხელიდან არ გაუშვა `ზაპოროჟეცის~ ამაყმა მხედარმა და მანქანა დაქოქა, – სულ სამოცდაათით ვივლი!
– მართლა? – ვითომ გაუკვირდა ნუცას, – სამოცდაათით?
– ჰო, რა? – რაღაც იეჭვა ომარამ, – არ გჯერა?
– აღმართშიც? – ჰკითხა უკანა `სიდენიაზე~ ჩაჭეჭყილმა მიშა ძიამ და მოსალოდნელი პასუხის მოლოდინში წინასწარ თვალებმოწკურული გაიტრუნა.
– ჰო, რა, რა იყო რო? – გაუკვირდა ომარას, – დაჟე ერთხელ, სემიონოვკაზე, აღმართში სულ სამოცდაათით ავედი. – ეს ისეთი დამაჯერებელი ტონით იყო ნათქვამი, რომ ეჭვს ვინ შეიტანდა.
ასე გიჟივით მივქროდით. ჰოდა რა გასაკვირია, რომ ადგილზე რომ მივედით, უკვე ყველა იქ იყო – რუსთავი2, მზე, რადიო `თავისუფლება~, `ვერსია~, `რეზონანსი~, `ალია~, რა ვიცი, ყველა. რაიონული გაზეთებიდანაც კი იყვნენ. ერთმა გოგომ `რაჭა ნიუსიდან~ ვარო. მინდოდა მეთქვა, მე `ჩხოროწყუ ინთერნეიშენალს~ წარმოვადგენ_მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე.
შენობას ალყა ჰქონდა შემორტყმული და `ამუნიებიც~ (ასე ამკობდა მიშა ძია ჩვენს პოლიციას) ადგილზე იყვნენ – ორი მობერებული, დაბალი და ღიპიანი ბიძა იყო, დანარჩენი კი ახალგაზრდა ბიჭები. ბიძებს ეტყობოდათ, რომ პარადს ისინი მართავდნენ, მაგრამ რა ჩინისანი იყვნენ, არ მახსოვს, ჩინებს ვერ ვიმახსოვრებ. რამოდენიმე სამოქალაქო ტანსაცმლიანიც იყო. ამათაც ეტყობოდათ, რომ მთლად ბოლო კაცები არ უნდა ყოფილიყვნენ. ჩემდა გასაკვირად ძირითადად სიჩუმე იდგა. მხოლოდ შიგადაშიგ გადაუჩურჩულებდნენ ხოლმე ერთმანეთს რამეს, მერე რომელიმე სამოქალაქო ტანსაცმლიანი `პუსტა_პუსტას~ რაღაცას ჩაუჩურჩულებდა და ისიც ძმა_ბიჭებთან ერთად სადღაც გარბოდა. ჩანდა, რომ არ უნდოდათ, რამე გაგვეგო. ალბათ ბრძანება ჰქონდათ ასეთი. ჩვენ თეთრი ლენტის უკან ვიდექით, ამის გადმოკვეთის უფლება არა გაქვთო, გაგვაფრთხილეს.
კითხვებს სიჩუმით პასუხობდნენ. თუ ვინმე ძალიან შეაწუხებდათ, ისეთი გატანჯულ_გამკიცხავი სიფათით მიუგდებდნენ ჰო_ს ან არა_ს, თავმოყვარე კაცი ცხოვრებაში აღარაფერს კითხავდა. თუმცა ჩვენი მისვლისთვის უკვე ყველაფერი ცნობილი იყო: დამნაშავე ციხიდან გაქცეულიყო წინა დღეს, მძევალი კი მისი მეზობლის სიდედრი ყოფილა. ჩემთან მაინც შემოვარდნილიყო, მაგრამ მაგის ბედი ვინ მომცაო, იღრიჯებოდა რომელიღაც ჟურნალისტი.
– რას ითხოვს? – ვკითხე ანას, ახლობელ გოგოს `რეზონანსიდან~.
– ძუძუს! – ამანაც არ გამაზა შესაძლებლობა.
– მართლა გეკითხები, გოგო.
– ქვეყნიდან გამიშვითო. მანქანა მინდა და ასი ათასი დოლარიო.
მსუქანმა პოლიციელმა ამ სიტყვებზე ჩვენსკენ მოიხედა და ისე ჩაეღიმა, გასაგები გახდა, რომ ასს კი არა, ორასსაც მისცემდნენ, ოღონდ იმას მძევლისთვის არაფერი დაეშავებინა.
– ესენი მისცემენ ასი ათასს?
– ჰო, გადაჰყვებიან, – გაეცინა ანას, – წეღან ყური მოვკარი, აი იმან უთხრა მეორეს, გინდ მოკლას, გინდ არა, ცოცხალი მაინც ვერ გამოვაო.
– მოკლავენ?
– არა, უხათრებენ! შენ გინახავს ჩვენთან ვინმეს მძევალი აეყვანოს და არ მოეკლათ?
– მე რა ვიცი.
– სამაგიეროდ მე ვიცი. შენ გგონია ამათთვის ადამიანის სიცოცხლეს რაიმე ფასი აქვს? ამათთვის მთავარია პოზიციები არ შეერყეთ, ამათი შიში არ გაქრეს, ასე რომ დარწმუნებული იყავი, რომ ყველა ვარიანტში მოკლავენ.
– აბა რას უცდიან?
– ბრძანებას. არის სულ ცოტა შანსი იმისი, რომ ბრძანება მოვიდეს, თუ მძევალს გაუშვებს, ცოცხლად აიყვანეთო. ხო იცი, ახლა ახალი მინისტრია და... ჯერ არ იციან.
– იმ სულელს კიდევ გონია, რომ მძევლის მოკვლით შეაშინებს... – ჩაეღიმა მიშა ძიას.
– ამათ? – ამრეზით გახედა პოლიციელებს ანამ, – ამათ საკუთარი დედის მოკვლით ვერ შეაშინებ, – ხმადაბლა დაამატა.
– ნუ იცი ხოლმე ეგრე, – უსაყვედურა ალეკომ `ვერსიიდან~, – ხალხია ეგენიც.
სიჩუმე ჩამოვარდა.A
უცხოელებიც იყვნენ – ერთი_ორი ყვავი ჩხიკვის მამიდა, ამ ქვეყანაში აშკარად შემთხვევით მოხვედრილი თავგადასავლის მაძიებელი ჩეხეთიდან თუ პოლონეთიდან და თვით მისი უდიდებულესობა `სი_ენ_ენი~_ს გადამღები ჯგუფი. ჰო, კიდევ ერთი გერმანელიც იყო, მგონი `დოიჩე ველედან~, აღარ მახსოვს.
– ყელზე იმდენი `დივაისი~ კიდია, არა მგონია, თავში რაიმე `დივაისი~ ჰქონდესო – აღნიშნა მიშა ძიამ. მართლაც დახუნძლული იყო: მობილური, `ფლეშკა~ და ეგეთები, ასე რომ ტვინი მართლა აღარ დასჭირდებოდა – ყველაფერს მაინც უახლესი ტექნოლოგიებით იმახსოვრებდა. ამან განსაკუთრებით ნუცა გააღიზიანა. თვითონ ფურცელი და პასტა ეჭირა ხელში, ჩემს დაწერილ ტექსტს იზუთხავდა.
– შეხედე, რამხელა დაქლიავებული თვალები აქვს, თევზს არ გავს?
– თანაც აკვარიუმის თევზს, მაგათმა იციან მასე ყურება, – დასძინა ძია მიშამ.
– არა, ოკეანის თევზს, სუფთა ოკეანის თევზია, ერთი საათი რომ გიყურებენ, აი ასე, – ნუცამ თვალები გაიფართოვა და დაიმრგვალა.
– და შენც ერთი საათი რომ უყურებ, არა? – შეუბრუნა მიშა ძიამ.
– მე კი არ ვუყურებ, ვაკვირდები, – გაბრაზდა ნუცა.
– რა იცი და იქნებ ისიც გაკვირდება? – გაეცინა მიშა ძიას.
– ვინ, ეეს? – ნუცამ ამრეზით გახედა გერმანელს. აშკარად ჩანდა, რომ მასში მართლა მხოლოდ ოკეანის თევზს ხედავდა.
– მაგეთებს ჩვენებურად ლოქო ქვია. – დააგვირგვინა ომარამ.
– როგორ წერ რა, ზურა, ვერაფერი ვერ გავიგე, – მომიტრიალდა ნუცა.
– ეგ რა არის, შენ შექსპირი უნდა წაიკითხო, – ვუკბინე მე.
მე ტექსტების წერა მევალებოდა `სთენდაფებისთვის~. თავიდან ძალიან სკურპულოზულად ვიცავდი გრამატიკის წესებს, ერთი მძიმეც არ მეშლებოდა და სტილზეც კი ვფიქრობდი, მაგრამ დროთა განმავლობაში ისე მივუშვი, დაწერილს მეორეჯერ თვალსაც აღარ გადავავლებდი ხოლმე. ან რა აზრი ქონდა, ჩვენი გოგოები მაინც ისე კითხულობდნენ, უცხოპლანეტელის დაწერილი გეგონებოდა. თავიდან ძალიან მწყინდა, რომ ეს უცხოპლანეტელი მაინც და მაინც მე ვიყავი, მაგრამ მერე მივეჩვიე. ფული ჯოჯოხეთს ანათებსო, ხომ ამბობენ და მეც გამანათა – ამპარტავნება დამაძლევინა: აღარ ვღშფოთდებოდი, აქაო და ჩემი დაწერილი ტექსტი ასე როგორ დაამახინჯესო. ყოველ შემთხვევაში თავს ამით ვიმშვიდებდი.
`სიენენის ხალხი~, როგორც ჩვენ მათ თითქმის რელიგიური მოწიწებით ვუწოდებდით, ცოტა მოშორებით იდგა. ოპერატორს კამერა შტატივზე დაემაგრებინა და პირდაპირ მეშვიდე სართულზე ჰქონდა მიშვერილი, აივანზე, სადაც ყოველ წამს შეიძლებოდა დამნაშავე გამოჩენილიყო.
– ნახე რა პროფები არიან, – მითხრა ალეკომ, – მოვიდნენ თუ არა, ერთ წამში კამერა უკვე დაყენებული ქონდათ, ჩვენები კიდე, შეხედე, სანამ მოწევენ, გაიკითხავ_გამოიკითხავენ ამბებს... ეეჰ, ამათ ჩვენ ვერ დავეწევით, – ხელი ჩაიქნია.
მიშა ძიას გავხედე. ეწეოდა და ანას ელაპარაკებოდა გამორთული კამერით ხელში.
– ნუ გეშინია, მიშა ძია ისეთია, მაგათზე უფრო ადრე გადაიღებს.
– ჰო, იმიტომაცა აქვს 400 ლარი. მაგათ იცი რამდენი აქვთ? – `სიენენის ხალხისკენ~ გაიქნია თავი, – თითო სიუჟეტში ათიათასს უხდიან. ნუ სიუჟეტს გააჩნია, – ცოტა შეარბილა, ჩემი დაეჭვებული სიფათი რომ დაინახა, – მაგათთან იცი როგორაა? ძალიან დიდი განსხვავებაა – თუ ჩვეულებრივი სიუჟეტია, ჩვეულებრივად უხდიან, მაგრამ თუ ძალიან სენსაციური მასალა მოიპოვეს, მაგარ მაყუთებს ურტყამენ. ათი ათასი რა არის, მეტიც შეიძლება აიღონ.
– ერთ სიუჟეტში?
– ერთ სიუჟეტში.
– შენ რა იცი?
– ვიცნობ. ბილი ჩვენთან ატარებდა სემინარს.
ცალი თვალით გავხედე. სამი ტიპი იყო. მაღლები, ქერები, ლამაზად და თავისუფლად ჩაცმულები, როგორც არიან ხოლმე. ერთს შორტები ეცვა. ახლა_ღა ვიგრძენი რომ მზემ დააჭირა. გაგანია აგვისტო იყო. მალე ისე დააჭერდა, ვაღარ ვისუნთქებდით. გუნება დამიმძიმდა. ამ ტიპებზეც გავბრაზდი: ვითომ რას იღებენ ისეთს? ჩვენ რომ გვითხრას ვინმემ, რა, ვერ გადავიღებთ თუ რა? ან რა ტექსტებს წერენ ამისთანას, ვითომ ჩემზე უკეთესად იციან წერა? მოვიშხამე.
– ამაში რამდენს აიღებენ?
– გააჩნია. თუ აიყვანეს ახლა ეს ტიპი, არაფერსაც არ აიღებენ. არც გადაიღებენ. ვის რაში აინტერესებს ახლა ნიუ_იორკში და ლონდონში, ვინ დაიჭირეს დიღმის მასივში... მაგრამ თუ ამან მძევალი მოკლა და მერე ამათ `პერესტრელკა~ გაუმართა, ან გამოსვლის დროს თუ დაბრიდეს, მოკლედ მაგარი ეფექტური კადრები თუ გამოვიდა, მაშინ კაი მაყუთს მოხსნიან. მაგაზე ნადირობენ.
უცებ გაბმული სირენა გაისმა. მოსახვევიდან შავი ფურგონი შემოვარდა შეშლილივით. იქიდან შავფორმიანი და ნიღბიანი ხალხი გადმოცვივდა. თვალის დახამხამებაში სახლის ირგვლივ განლაგდნენ. ძალიან როლში იყვნენ, დაძაბულები იყურებოდნენ აქეთ_იქით.
– სპეცნაზიც მოვიდა, – თქვა ალეკომ, – ცუდადაა იმ საწყალის საქმე. ეგენი ნაღდად არ აცოცხლებენ...
– რაზე იჯდა, ხომ არ იცი? – ვიცოდი, რომ ალეკოს ეცოდინებოდა.
– მკვლელობაზე. ორი კაცი ყავს მოკლული. 18 წელი ქონდა მისჯილი. უსამართლოდ დამიჭირეს და იმიტომ გავიქეციო. სამნი გაიქცნენ. ერთი უკვე დაიჭირეს. ერთი იმალება. მაგათ რომ კითხო, სამივე უსამართლოდ იქნება დაჭერილი, – გაეღიმა ალეკოს.
– მაგათ კი არა, ვისაც გინდა კითხე ციხეში, ყველა უსამართლოდაა დაჭერილი, – ჩაერია ლაპარაკში ანა.
– რა იცი, იქნებ ეს მართლა უსამართლოდ დაიჭირეს? – დაეჭვდა მიშა ძია.
– ჰო, რა, რა იცი, რა ხდება – იცი? არავინ არ იცის. – განავრცო ომარამ.
– ისე ცოდო კია, – თქვა ალეკომ, – შვილი ყოლია ავადმყოფი, დამბლადაცემული...
უსიამოვნო გრძნობამ გამკრა. მგონი სხვებსაც.
ცხელოდა. ათი საათი იყო და უკვე მზეზე დგომა შეუძლებელი იყო. ჟურნალისტური კორპუსი ჭადრის ჩრდილში შევლაგდით. მხოლოდ `სიენენის ხალხი~ არ დაძრულა ადგილიდან – ასევე დარჩნენ მზის გულზე, აუტანელ სიცხეში.
– ნეტაი მაგათ, – ზიზღით გახედა ნუცამ.
– შენ რომ იცოდე მაგათ რამდენს უხდიან... – დაიწყო ალეკომ...
– თქვენ არ გაძლევენ პრემიას? – კითხა ანამ ნუცას, `სი_ენ_ენ~_ის ბუღალტერიის ნიუანსებს რომ გაეცნო.
– თქვენი არ ვიცი და მე ერთ ოთხას ლარს ისე ავახევ პომოჩებიანს, როგორც არაფერი, – გამოაცხადა ნუცამ, – უკვე შევიპირე.
– როდის მოასწარი? – გაუკვირდა მიშა ძიას.
– სანამ თქვენ მოიზლაზნებოდით. კი დაიჭყანა, მაგრამ მაინც შევაბი. პირდაპირ ვუთხარი, პირველი თუ მოვიტან შუბლზეიარაღდადებული მძევლის ინტერვიუს, ოთხასი ლარი შენზეა, თუ არა და სულ წავალ_მეთქი.
– თქვენ რა გიჭირთ, აბა გაზეთებმა ვიკითხოთ, – მოიღუშა ალეკო.
– მეც შევიპირე ჭირაქაძე. ასორმოცდაათ ლარს მაძლევს ექსკლუზიურ მასალაში.
– ყოჩაღ ქალებო! – აღმოხდა ალეკოს, – რა შუსტრები ხართ, რა პრაქტიკულები! აი ეს მესმის...
– ნუ გეშინია, თქვენზეც ვიზრუნე, – ნუცამ თვალებში შემომხედა, – შენ და მიშა ძიას ას_ასი ლარი შეგხვდებათ, ოღონდ უნდა ვიყოჩაღოთ, რუსთავი2_მა არ უნდა დაგვასწროს.
– შეხედეთ რა, ერთი შეხედეთ, – აჩურჩულდა ომარა, – იმ ჯეელს ნაღდად რაღაც მოუვა, – `სი_ენ_ენის ხალხისკენ” მიგვახედა, – ნახე რასა ჰგავს!
მართლაც, მელოტ, შორტებიან უცხოელს თავი არაბუნებრივად გაწითლებოდა.
– სვეტაფორს არა ჰგავს, – თქვა ომარამ, – მაგას ეტყობა წნევა აწუხებს.
– წნევა კი არა, რა არ შეგაწუხებს ამ სიცხეში, – თქვა ანამ და გაზეთით სახის განიავებას შეუდგა.
– რამე არ მოუვიდეს ტო, – შეწუხდა ალეკო.
– ნუ გეშინია, კაჟივითაა, ეგენი თავს არ დაიჩაგრავენ.
– მართალია, – ჩაერია ომარა, – ეგენი ისეთი ჩათლახები არიან, სიგარეტსაც არ ეწევიან!
– დავიხრჩვი! – იყვირა უცებ ნუცამ, – მეტი გაზეთი არა გაქვს?
თერთმეტი ჯერ არ იყო.
`რუსთავის ხალხი~ მზადებას შეუდგა – შტატივი გაშალეს, კამერა დაამაგრეს, რაღაც კადრები წინასწარ `აკრიფეს~.
ნუცას დაურეკეს, რას შვებითო. ჯერ არაფერი არ ხდებაო, უპასუხა. მაინც გავაკეთოთ ჩართვა თორმეტზეო, იყო ბრძანება. მიშა ძიამ სიგარეტი ჩააქრო და საქმეს შეუდგა. ძლივს დაიზლაზნებოდა.
`თორმეტიანი~ ჩართვა რომ მოვიშორეთ, ჩრდილქვეშ შევლაგდით. `სიენენშიკები~ ისევ მზეში იდგნენ, ოღონდ ახლა სამივეს ერთნაირი კეპი ეხურა. შორტებიანმა რაღაც აბები დალია.
ჩართვის შემდეგ ნუცამ ტელეფონით ილაპარაკა, მერე კი მხცოვან პოლიციელებს მიადგა და დიდხანს რაღაცეებს ეკითხებოდა, მე მგონი თავისი ქალური შარმიც ჩართო საქმეში. მე ჩრდილიდან გამოსვლა არ მინდოდა, იქიდან კი მხოლოდ ის ჩანდა, რომ პოლიციელები ახლა უფრო ხალისიანად პასუხობდნენ.
– რაო, რა ხდებაო? – ვკითხე რომ დაბრუნდა.
– რაო და არაფერი. იარაღის დაყრას და ჩაბარებას თხოვენ, ის კიდევ თავისას უბერავს. ვერ უგებენ მოკლედ ერთმანეთს.
– რას ელოდებიან?
– ბრძანებას სამინისტროდან. იქ კიდევ ჭოჭმანობენ თურმე – ახლა ცუდი მომენტიაო, ხო იცი, არჩევნები მოდის. ოპოზიცია ამბავს ატეხავს და არ გვაწყობსო...
– მაშინ მისცენ ასი ათასი და გაუშვან.
– სუ მაგ ჭკუაზე არიან... მოკლედ გამოუვალი სიტუაციაა.
– გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს, – თქვა ალეკომ.
მინდოდა ალეკოსთვის მეკითხა, რა იყო გამოსავალი. ვიცოდი, რომ ნამდვილად ეცოდინებოდა რაღაც ისეთი, უბრალო მოკვდავი რომ ვერ მიხვდება, მაგრამ დამეზარა. ლაპარაკის თავი არ მქონდა. ჩრდილში ვიდექი, მაგრამ სიცხისგან ისე გავბრუვდი, ვიფიქრე, აქვე წამოვწვები და დავიძინებ მეთქი. ძირს დავიხედე. ჩვეულებრივი ქართული ხის ძირი იყო – მოფსმულები და დაფურთხებულები. დიდხანს ჩუმად ვიდექით. ლაპარაკი არავის ეხალისებოდა. ომარა ზურგით ხეს მიყრდნობოდა და თვალები დაეხუჭა.
– პახმელიაზე კაია თუთის არაყი! – თქვა უცებ ხმამაღლა და თვალები გაახილა, მაგრამ არავისთვის შეუხედავს, ისე, თავისთვის თქვა.
– ცუდად ცხელა! – დაასკვნა ალეკომ.
ანა გაზეთს ინიავებდა. მისი ყურება მაღიზიანებდა, მაგრამ მაინც ვუყურებდი, ალბათ იმიტომ, რომ გარშემო მხოლოდ ეს გაზეთი მოძრაობდა. რაღაც გამჭვირვალე ბინდში მატარებლის სადგურზე, მოსაცდელში ვიჯექი. მსუქანი, დასიცხული ქალები მარაოებს ინიავებდნენ. მკლავებზე თეთრი ხორცი უთახთახებდათ. ფითქინა, მსუქანი ლოყები დასკდომაზე ჰქონდათ და საშინლად უშინაარსო, უაზრო თვალებით მიყურებდნენ... თვალი გავახილე. ანა ისევ გაზეთს ინიავებდა. ყველა გარინდულიყო. მხცოვანი, ღიპიანი პოლიციელები მეორე ხის ჩრდილში შუბლებიდან ოფლს იწმენდნენ. რიგით ადამიანსა და რიგით ძროხას შორის განსხვავება ბოლომდე წაშლილიყო. მხოლოდ რიგითი ჯარისკაცები, აქა_იქ ჩასაფრებული შავნიღბიანები იდგნენ დაძაბულები – სრულ საბრძოლო მზადყოფნაში.
– მაგათ რომ უყურებ, ერთი კვირა რომ დააყენო მასე, არ თვლემენ, – მითხრა ალეკომ.
– მართლა? როგორ?
– სპეციალური ფსიქო_ფიზიკური ტექნიკები აქვთ ათვისებული...
– რა ტექნიკები?
– ბევრია... მაგალითად ერთი ასეთია: დავალებაზე რომ მიდიხარ, შენს თავს გვერდიდან უყურებ. ოღონდ ისე კი არა, მართლა უყურებ – `ცვეტში~ ხედავ შენს თავს: როგორ მიდის, იარაღი როგორ უჭირავს, რას გრძნობს... ჰოდა ასე გვერდიდან აკონტროლებ საკუთარ თავს. ასე უფრო ადვილია, შენი თავი მართო და რაც გინდა, იმის გაკეთება აიძულო. იცი, რატომ? საკუთარ გრძნობებს ემიჯნები – თავი აღარ გეცოდება და კიდევ ბევრი პლიუსი აქვს.
– მაინც რა პლიუსები?
– ბევრი... გრძნობებს აკონტროლებ. მაგალითად თუ გწყურია, შენ კი არ გწყურია, უბრალოდ ხედავ რომ ვიღაც შენს გვერდით მყოფს წყურია. თუ უბრძანებ, რომ აღარ მოწყურდეს, აღარ მოწყურდება... მოკლედ ორი `მე~ გაქვს და ერთი მეორეს მართავს. ადვილი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ძნელია.
– ვაა... – მინდოდა, მეკითხა, შენ საიდან იცი_მეთქი, მაგრამ ვიცოდი, რომ კეთილმოწყალედ გამიღიმებდა და მე ყველაფერი ვიციო, მეტყოდა. მე მგონი მართლა ასე იყო. ალეკო ყველაზე კარგი ჟურნალისტი იყო, ვისაც კი ვიცნობდი – ქვეყნად ცოცხლად მოვლენილი ნამდვილი ჟურნალისტის ხატი, არქეტიპი... ყოველთვის თან ქონდა ჟურნალისტური მოწყობილობა, რაც კი არსებობდა, პასტაში ჩამონტაჟებული დიქტოფონიც კი, ოღონდ იმ `სიენენშიკივით~ ზედ კი არ ეკიდა. ვერც შეატყობდი ვერაფერს. ერთდროულად ყველგან მუშაობდა...
– რომელი საათია? – ვკითხე ანას. ორის ნახევარი იყო.
– სამსაათიანსაც ვწერთ?
ნუცამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
მომეჩვენა, რომ მუცელი მტკიოდა. ჰაერი დამძიმდა. ვეღარ ვარჩევდი, მე უფრო მძიმე ვიყავი თუ ჰაერი. მოდი, მეც გვერდიდან შევხედავ თავს_მეთქი, გავიფიქრე.
`აი ვიღაც ახალგაზრდა, საკმაოდ სიმპათიური და ცხოვრებაში გზა_კვალარეული ახალგაზრდა კაცი დგას ხის ძირში...~ ვერ ვხედავდი, მხოლოდ ვგრძნობდი, რომ სული მეხუთებოდა. `მოთმინებაა საჭირო... დგას ჯეელი და რაღაცას ელოდება. რას ელოდება? ამ სულელური და მაინც საშინელი ამბის დამთავრებას. რომ წავიდეს სახლში, ვენტილიატორი ჩართოს და დაიძინოს. მაგრამ ისეა დასიცხული, ვენტილიატორი ვერ უშველის. უფრო ძლიერი რამეა საჭირო, მაგალითად კონდიციონერი, რომელიც მას არა აქვს. აბა, რა უშველის? მე ვიცი, რაც – ზღვა. ურეკი ან ქობულეთი. ერთი კვირით მაინც... ~მართლა დავინახე ჩემი თავი ურეკში წყლისპირას გაგორებული. ტალღები მეჯახებოდა, მაგრილებდა და აქეთ_იქით დამატარებდა ნაფოტივით, როგორც მაშინ... როდის იყო, აღარც მახსოვს. ალბათ ერთი შვიდი წლის წინ... შვიდი წელია შვებულებაში არ გავსულვარ. სულ ასე ძაღლივით დავწანწალებ სიცხეში ყოველ ზაფხულს...~ უფრო ცუდად გავხდი. მზემაც უფრო დააჭირა. ალბათ ერთი საათი ვიჯექი ასე, იმიტომ რომ ნუცას ხმამ გამომაფხიზლა – სამსაათიანისთვის მოვემზადოთო. მიმოვიხედე. ჩემსავით მიმკვდარუნებული იყო ყველა...
სამსაათიანიც გადავაგორეთ.
– ვინ მოკლა იმ ტიპმა, 18 წელი რომ მიუსაჯეს? – ვკითხე ალეკოს, ყველაფერს რომ მოვრჩით, რომ როგორმე დრო გამეყვანა.
– არ იცი? ცნობილი ამბავია. არ გახსოვს, რა ამბავი იყო ატეხილი თებერვალში, ტიპმა მოსამართლე რომ მოკლა?
– ეგ არის?
– ჰო, ეგაა. 9 წელი ტყუილად მახეხინა ციხე, ცხოვრება დამინგრია და იმიტომ მოვკალიო. ადგნენ და 18 მისცეს – ზუსტად ორმაგი...
– დაცინვა არ არის?
– დაცინვა?
– აბა რა არის. მართლა ტყუილად რომ არ ჩაესვა იმ მოსამართლეს, ხომ არ მოკლავდა?
– რა იცი... ჯერ ერთი ცნება `უსამართლო~ პირობითია, გააჩნია, ვინ როგორ აღიქვამს. ეგეც რომ არ იყოს, ყველამ რომ ასე მოკლას შემცდარი მოსამართლე, ერთ_ორ თვეში არცერთი აღარ გვეყოლება, – გაეცინა ალეკოს, – რაც არ უნდა იყოს, მაინც მკვლელია და ციხეში უნდა იჯდეს, – დაამატა სერიოზულად.
– ჰო, მკვლელია, – დავეთანხმე მე. კამათის თავი არ მქონდა... – ისე ძაან ამაყი კი ყოფილა – ჯერ მოსამართლე, ახლა მძევალი, ან გაქცევა როგორ მოახერხა? – ვგრძნობდი, რომ გულის სიღრმეში ვუთანაგრძნობდი და ცოტათი მშურდა კიდეც, ასეთი მოუდრეკელი რომ იყო.
– მეც ასე მოვიქცეოდი მის ადგილზე, – ვუთხარი ალეკოს, – თუ შევძლებდი...
– ვერ შეძლებდი, – მომიჭრა.
– ვითომ რატომ? – მეწყინა.
– იმიტომ, რომ ყველაზე ბუნჩულა, უნაიბუნჩულეშესი კაცი ხარ ქვეყანაზე, – ალეკომ თვალებით გამიღიმა, – მოკლედ, მკვლელი არა ხარ.
გული ამიჩუყდა და ინსტიქტურად დალევა მომინდა.
უცებ პოლიციელებში ჩოჩქოლი ატყდა. მიმოდიოდნენ, ჩურჩულებდნენ. მხცოვანმა ღიპიანებმა თმის ვარცხნა დაიწყეს. ნუცა მეძებარივით გავარდა მათკენ.
– მინისტრი მოდის, – გვითხრა დაბრუნებულმა.
პოლიციელები გაჯგიმულები დადგნენ, მაგრამ ერთი საათი გავიდა, მინისტრი კი არ ჩანდა. ბოლოს როგორც იქნა, მოსახვევში შავი ჯიპები გამოჩნდა. ყველანი კამერებს და მიკროფონებს ეცნენ. რატომღაც ტანში გამაცია. მანქანებიდან იარაღმომარჯვებული თეთრპერანგიანები გადმოვიდნენ. იარაღს აქეთ_იქით იშვერდნენ, შუაში კი მინისტრი მოდიოდა. დიდი თავი და არაბუნებრივად პატარა ტანი ქონდა. სახეზე რატომღაც კმაყოფილება ეწერა.
– დამკაში გასულ პაიკს არ გავს? – ჩაილაპარაკა ალეკომ.
მინისტრი და მხცოვანი ღიპოსნები ერთხანს რაღაცას ლაპარაკობდნენ. მინისტრი წამდაუწუმ თავს უქნევდა, მესმისო. მერე ის ლაპარაკობდა და ესენი იქნევდნენ თავებს.
უკან რომ მოდიოდა, გოგოები და ოპერატორები დაეხვივნენ.
– ყველაფერს ვაკონტროლებთ, – დაზუთხულივით იმეორებდა ის. შავი ჯიპები წავიდნენ.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
– არ გშიათ? – იკითხა ომარამ. არავინ უპასუხა.
ომარამ მანქანიდან პარკი გამოიღო და მანქანის კაპოტზე სუფრა გაშალა: კიტრი, პამიდორი, ძეხვი, პური.
– რა გაჭმევს ამ სიცხეში, – უთხრა ალეკომ.
ცოტა ხანში ყველა მანქანასთან იდგა და ილუკმებოდა.
საღამომდე უაზროდ ვისხედით დასიცხულები და დაქლიავებულები. ჰაერი კიდევ უფრო დაიხუთა. `სიენენშიკები~ საჭმელად არ გასულან. მარტო ერთხელ ზურგჩანთიდან ბუტერბროდები ამოაძვრინეს და გადასანსლეს.
შებინდდა. ოდნავ დაუბერასავით. ხეები შეირხა. რატომღაც ისევ ურეკი გამახსენდა, ფიჭვნარი... `თუ პრემია ავიღე, ეგრევე უხელფასოს ავიღებ და ურეკში დავბერავ ორი კვირით. მატარებლის ფანჯრიდან თავს გამოვყოფ და მთელი დღე ასე თავგამოყოფილი ვიმგზავრებ. ქარი თავს გამიყინავს და ცრემლებს წამომადენს... სადმე იქვე სოფელში ვიქირავებ, რომ არავინ არ იყოს. ორი კვირა ზღვაში ვეგდები ან ზღვასთან, ფიჭვნარში, არაფერზე არ ვიფიქრებ, არც წავიკითხავ, მარტო კენჭებს შევაგროვებ და მზეში ქვიშაში ჩავიმალები...~
ყვირილმა გამომაფხიზლა.
– ტყუილად მისადკავებთ, არაფერი არ გამოგივათ, ფეხებს მომჭამთ, გაიგეთ? – ვიღაცის ღრიალი ისმოდა, კაცი კი არ ჩანდა, – ერთი ლოჟნი დვიჟენია და ყველას ჩავცხრილავ! ბავშვსაც! გაიგეთ?
პოლიციელებში ჩოჩქოლი ატყდა. ოპერატორები დაფაცურდნენ. `სიენენშიკებს~ გავხედე. უკვე იღებდნან. მაგრამ მეტი არაფერი არ მომხდარა. მხოლოდ რიგითები გარბი_გამორბოდნენ შიგადაშიგ უხმოდ. ერთი საათის მერე_ღა გვითხრეს, რომ მძევლად ბავშვიც ყოფილა აყვანილი. ისიც ერთი საათის ჩიჩხინის მერე ძლივს დააცდენინეს გოგოებმა. რაციაზე ვიღაც სულელს უთქვამს, არაფრით არ უთხრათ ჟურნალისტებს, ბავშვიც რომაა სახლშიო. ერთ მხცოვან ღიპოსანს უპასუხია, შენ თვითონ უთხარი და ეგაააო და გამწარებულს რაცია გინებით დაუხეთქებია.
ცხრასაათიანი ახლოვდებოდა. პომოჩებიანი გიჟი ლამის ამოძვრა ნუცას ტელეფონიდან – გინდათ თუ არა, რაიმე ახალი ინფო მოიპოვეთო, ის მაინც ათქმევინეთ, რას აპირებენ, თუ დამნაშავე იარაღს არ დაყრისო, ამის თქმას კი არავინ არ აპირებდა, მხოლოდ `სიტუაციას აკონტროლებდნენ~.
ცხრასაათიანიც ჩავწერეთ.
ჩუმად ვიჯექით.
– მე მეგონა, ამ დროს უკვე სახლში ვიქნებოდი, – ჩაილაპარაკა მიშა ძიამ.
– როგორც ჩანს დალგაიგრაიუშჩი ამბავია, – თქვა ომარამ.
– არა მგონია, – თავი არ აუწევია, ისე თქვა ალეკომ.
– დავურეკო? – იკითხა ნუცამ.
– აბა რა უნდა ქნა.
ნუცამ და პომოჩებიანმა დიდხანს ივაჭრეს. ბოლოს, როგორც იქნა, ტელეფონი დაკეცა.
– ჰა, რაო?
– შემცვლელი ფიზიკურად არ არისო. მანდ უნდა იყოთ, სანამ არ დამთავრდებაო.
– ნიჩივო სიბე! – აღმოხდა მიშა ძიას.
– ფულზე რა თქვა?
– ხუთას_ხუთას ლარს აიღებთ ყველანი თუ შედეგი იქნაო.
– რაო? – თვალები გადმოკარკლა მიშა ძიამ.
– თუ შედეგი იქნაო...
– რა შედეგიო, მაგას შიგ ხომ არა აქვს?
– მე რა ვიცი, ასე მითხრა, ვა, – გაკაპასდა ნუცა, – მიდი და დაურეკე თუ გინდა...
– უცებ არ მოუსმინოს, – ვთქვი მე.
– თუ შედეგი არ იქნა, მაშინ რაო? – კითხა ომარამ.
– მაშინ როგორც ადრე გითხარითო.
სიჩუმე ჩამოვარდა.
– შენც ხუთასიო? – იკითხა მიშა ძიამ კაი ხნის შემდეგ.
– არა... ათასიო, – მორცხვად თქვა ნუცამ.
ისევ გავჩუმდით. ისევ ურეკი მელანდებოდა. მრავალგზის შემშრალი ოფლისგან სულ მთლად გაწეპილი ვიყავი. თავი მეზიზღებოდა. ასე მეგონა, მე და ეს მოფსმულ_დაფურთხებული, ბიჩოკებიანი ხის ძირი ერთი მთლიანობა ვიყავით – ერთი ჭუჭყიანი, ძუნძგლიანი მთლიანობა და ვერასოდეს მოვშორდებოდით ერთმანეთს. ეს შეგრძნება ბოლო დროს სულ თან დამსდევდა, ვერ ვიშორებდი, და ზოგჯერ მიმძაფრდებოდა.
უკვე ბნელოდა, ომარამ ისევ კალბასი და პური რომ ამოაძვრინა. მერე ალეკო წავიდა და გოგოებს ნამცხვრები მოუტანა. ვჭამეთ, მოვწიეთ, მერე ისევ მოვწიეთ...
თვალი რომ გავახილე, არაფერი ჩანდა. უცებ ვერ მივხვდი, სად ვიყავი. მერე მკრთალ შუქზე ხეზე მიყუდებული, ნახევრად ჩაცუცქული, მძინარე და პირდაღებული ძია მიშას ხახა გავარჩიე და ყველაფერი გამახსენდა. მე თვითონაც ხის ძირას ჩამომჯდარს ჩამძინებოდა. ავდექი და გავიარ_გამოვიარე. ნუცა, ანა, ალეკო და ომარა მანქანაში ისხდნენ და ეძინათ. ომარა საჭესთან იჯდა. მის გვერდით ალეკო ყვინთავდა. გარეთ გადმოყოფილ ხელში სიგარეტი უხრჩოლავდა. კორპუსისკენ წავედი.
– ზურა! – გავიგონე ალეკოს ხმა, – ზურიკო! – ჩურჩულით ყვიროდა. გავჩერდი. ალეკო მანქანიდან გადმოვიდა და კარი ფრთხილად მიკეტა.
– გაგეღვიძა?
* ჰო, შენც?
* მე არც დამიძინია.
– წეღან გეძინა.
– ჰო, ცოტათი ჩამეყვინთა... – საათზე დაიხედა, – ორი ხდება. წამო დავჯდეთ.
ხის ძირას ჩამოვსხედით.
– როგორ მოგვწყდა ყველას კისერი, – ვთქვი მე.
– ეგ იმიტომ, რომ დღისით დავიბრიდეთ...
სიჩუმე იყო.
– ალეკო, – ვუთხარი მე.
– რა იყო.
– შეიძლება რაღაც გკითხო?
– მკითხე.
– ჩვენ კაი, სიუჟეტი გვაქვს გადასაღები, პრემიებს გვაძლევენ... შენ რაღატომ იკლავ თავს?
ცოტა ხანი ჩუმად იჯდა.
– გითხრა? – მკითხა მერე.
– მითხარი.
ისევ გაჩუმდა.
– იცი რა არის? – დაიწყო ბოლოს, – მე ამ კაცთან ცოტა სხვა ურთიერთობა მაქვს... როგორ გითხრა, ცოტა პირადი... მოკლედ ვიცნობ.
– ვის, მკვლელს?
– ჰო, მკვლელს, – ბნელოდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ ამ სიტყვამ გააღიზიანა, – დღისით არ გითხარი... პირველი ინტერვიუ მე ავიღე მაგისგან. ახალი დაჭერილი იყო. სამინისტროს კაპეზეში შევედი. მაგრა ვიჩალიჩე, ვის არ დავარეკინე... პირველ დღეს ვერ დამელაპარაკა, ისე იყო... მეორე დღეს დამელაპარაკა... მაგის ცოლი მშობიარობას გადაყოლია. ფული არ ჰქონია ხელზე. ექიმისთვის უთქვამს, ამშობიარე და მოგიტანო და გაქცეულა. სანამ არ დაბრუნდა, ხელი არ ახლეს თურმე, არადა სასწრაფო საოპერაციო ყოფილა. მარტო ბავშვი გადაარჩინეს... პირველად მაშინ მოვკალი კაციო, ოღონდ ფიზიკურად ვერ შევძელი, ხელებს ვერ ვიმორჩილებდიო... ეგ და დედამისი ზრდიდნენ. მერე ბავშვი გახდომია ცუდად. კრუნჩხვაში ჩავარდნია. ვიღაც `ნავაროჩენნი~ ექიმს უთქვამს ვაკეში დედამისისთვის, ეპილეფსია ჭირსო და წამლები მიუცია. სინამდვილეში მაღალი სიცხის კრუნჩხვები ჰქონია, მეტი არაფერი, იციან თურმე ბავშვებმა... იმ წამლებისგან დამბლა დაეცა ბავშვს. ახლაც არ იცის, ვინაა ის ექიმი. დედამისი არ ეუბნება. შუაღამეზე გახდა თურმე ცუდად. პირიდან ქაფი მოსდიოდაო. ვერც სასწრაფოში დავრეკეთ და ვერც პოლიციაში, არსად ყურმილს არ იღებდნენო. ქუჩაში გავარდნილა. მანქანის ჭაჭანება არ იყოო. ოთხი საათი იყო და აბა რა იქნებოდა. ბოლოს სადღაც `შისსოტკა~ დაუნახავს. გაჩერებული იყო თურმე და ვიღაც ტიპი ქალს ეზასავებოდა. კარი გაუღია და ძმურად, ბავშვი მყავს ცუდად და საავადმყოფოში გამიყვანეო, უთხოვია. იმ ტიპს იარაღი დაუძრია და დაახვიე აქედან, შე მათხოვაროო.
– მერე?
– რა მერე... მერე მარტო ის მახსოვს, რომ გავცოფდიო. მოკლედ იარაღი წაართვა და მოკლა. ის ტიპიც და ქალიც. მერე მანქანაზე დამჯდარა და კედელს დაჯახებია. არც ეს აღარ ახსოვდა.
ალეკო გაჩუმდა.
ჩუმად ვიჯექით. ბნელოდა და გრილოდა.
– ბავშვი? – ვკითხე მე დიდი ხნის შემდეგ.
– ბავშვი დედამისს ჰყავს. სერიოზული მკურნალობა ჭირდება. დიდი ფული უნდაო, დედამისმა მითხრა. ვერ ხვდები?
– რას?
– მაგიტომ გაიქცა, – თქვა პაუზის შემდეგ, – ვიცოდი, რომ დღეს თუ არა ხვალ ასეთ შარში გაებმებოდა... კაი, წავალ, მოვწევ, მანქანაში მაქვს სიგარეტი – ეტყობა, მარტო უნდოდა ყოფნა, – შენ რას იზამ?
– რა ვიცი, აქ ვიქნები.
– კარგი.
ალეკო წავიდა.
– ალეკო! – დავუძახე.
– რა?
– ახლა რას მიუსჯიან?
– თუ დაიჭირეს – სამუდამოს. დახვრეტა აღარ არის...
მანქანის კარი ისე დახურა, ხმა ძლივს გავიგონე.
ფიქრებმა წამიღო. თავში ალეკოს მოყოლილი მიტრიალებდა – სამშობიარო, `შისსოტკა~, ბავშვი, ქალი... ერთი ოცჯერ მაინც დავატრიალე ყველაფერი თავიდან... გული მერეოდა. წამოვდექი და კორპუსისკენ წავედი. კორპუსის წინ სიბნელე იყო. არავინ ჩანდა, მაგრამ ჯარისკაცები აქ იყვნენ და ალბათ არ ეძინათ – დრო და დრო რაღაც გაიფაჩუნებდა. კორპუსი ჩაბნელებული იყო. მხოლოდ მძევალაყვანილ ბინაში და მის გვერდით ენთო სინათლე. ჩამი_ჩუმი არ ისმოდა. უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაც მიყურებდა. შევკრთი. ფრთხილად მივიხედე. რაღაც დიდი და ბნელი იდგა და წითელი თვალით მიყურებდა. წამით გული შემეკუმშა. მერე გავარჩიე – `სიენენშიკები~ იყვნენ, ჩართული კამერის გარშემო იდგენენ.
ისევ ხის ძირას ჩამოვჯექი.
უსიამოვნო სუსხმა გამაღვიძა. მაჟრიალებდა და მთელ ტანში მჭრიდა, ყველაფერი მტკიოდა. ჩემს წინ მიშა ძია იჯდა ბუსავით თვალგახელილი. ცოტა ხანში მანქანიდანაც წამოიშალნენ. ექვსის ნახევარი იყო. ნუცა მთქნარება_მთქარებით გავარდა ღიპოსნებისკენ. ცოტა ხანი ელაპარაკებოდა, მერე ხელებჩამოყრილი გამობრუნდა.
– რა ხდება?
ნუცა ჩუმად იდგა.
– რა მოხდა?
– აიყვანეს უკვე, – თქვა ხმადაბლა.
– ვინ? – უცებ ვერ მივხვდი.
– ვინ და მე... მკვლელი აიყვანეს! – ნუცა წამოჭარხლდა.
– როდის?
– ოთხ საათზე. ჩვენ რომ გვეძინა, ისე მიყვირა, თითქოს ჩემი ბრალი იყო.
– როგორ?
– შევარდნენ და აიყვანეს. იმასაც ეძინა თურმე. გასროლაც ვერ მოუსწრია.
– მძევალი?
– მორჩა ყველაფერი. სახლში წადითო.
– აბა ესენი რა ჩემ ფეხებს აკეთებენ? – არ ვიცი, რატომ გავბრაზდი ჯარისკაცებზე.
– ეგენი? ვერა ხედავ, ბალახსა სძოვენ, – თქვა ომარამ. ახლა_ღა შევამჩნიე, რომ გუშინდელივით დაძაბულ_ჩასაფრებულები აღარ იყვნენ. ჩვეულებრივად, მოშვებულად იდგნენ. ერთს ავტომატი მხარზეც კი ქონდა გადებული.
– იდიოტები! – ჩაილაპარაკა ნუცამ, – დეგენერატები! – შევხედე და შემეშინდა. აფთარივით იყო, კაცს გაგლეჯდა, – როგორ მოახერხეს, რომ ვერაფერი ვერ გავიგეთ...
– რას გავიგებდით, გვეძინა, – თქვა ალეკომ, – მაგრამ იმათმა როგორ ვერ გაიგეს? – `სიენენის ხალხისკენ~ გაიხედა.
– მაგათ არ ეძინათ, – ვთქვი მე.
– ვიცი, მაგიტომ მიკვირს... მაგრად უმუშავიათ... – ალეკომ ხელი ჩაიქნია. არც ის იყო ხასიათზე, – წავალ, ბილს ვეტყვი, – `სიენენშიკებისკენ~ დაიძრა. რომ მივიდა, მაღალმა, ქერა ბილმა ალალად გაუღიმა, მეორემ კი, აი იმან, თავი რომ გაუწითლდა, თერმოსიდან პლასტმასის ჭიქაში რაღაც დაუსხა და გაუწოდა, ალბათ ყავა. ალეკომ რაღაც უთხრა. სახეზე ღიმილი შეაშრათ. ალეკო გამობრუნდა, `სიენენშიკები~ კი ასე სახტად დარჩენილები იდგნენ. ცოტა ხანში აპარატურის ალაგებას შეუდგნენ. თან რაღაცას ლაპარაკობდნენ გაცხარებით. მხოლოდ ის ერთი იდგა უძრავად, თერმოსით და ჭიქით ხელში. უცებ ჭიქა მიწაზე დაანარცხა და ხმამაღლა შეიგინა. მერე მეორე ხელით თერმოსიც მოიქნია და ასფალტს დაახეთქა. ხმაურზე ჯარისკაცები მოტრიალდნენ და მისკენ წამოვიდნენ. ბილმა მათ ნაძალადევად გაუღიმა და არაფერიაო, ანიშნა. მისი მეგობარი კი მანქანასთან მივიდა, ხელებით დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო. ერთხანს ასე იყო. მერე თავი ასწია და მოიხედა. წამით მომეჩვენა, რომ შავი თვალები ქონდა, არადა თითქოს ცისფერთვალება იყო. უცებ ღრიალი მორთო და მანქანას მუშტები დაუშინა. ბილი აწყნარებდა, მაგრამ ვერაფერს გახდა – მთელი გამეტებით ურტყამდა მუშტებს მანქანის სახურავს და რაღაცას ღრიალებდა, ხაოდა, სანამ ძალა არ გამოეცალა და ისევ ხელებში არ ჩარგო თავი. ბილმა ხელი მოხვია და მანქანაში ჩასვა. `სიენენის ხალხი~ წავიდა.
– შაისე! – თქვა ანამ, – აყვანის დროს მაინც მიეხვრიტათ!.. – გამწარებული იყო.
არავის არაფერი უთქვამს. მიშა ძიამ კამერის ჩალაგება დაიწყო.
– ამხელა ქალს ტყუილა გამათენებინეს ღამე მანქანაში... – თავისთვის ჩაილაპარაკა ნუცამ. სადღაც შორს იყურებოდა და თითებს იკვნეტდა, – ათას ლარს კი არა ჩემ ფეხებს მომცემენ...
ურეკის პეიზაჟმა გამიელვა. ჭუჭყიანი და გაზეპილი ვიყავი.
– დაჯექი, თუ ღმერთი გწამს, – უთხრა მიშა ძიამ.
მანქანაში ჩავსხედით. უხმოდ მივდიოდით. ყველა თავის ფიქრებში იყო წასული – ომარაც, მიშა ძიაც, ნუცაც...
და მეც.
უსასრულობა
– მგონი წვიმას აპირებს, წასვლის დროა.
ნათია და და სოფო ვაკის პარკში სეირნობდნენ. ორივეს, დედა_შვილს, მრგვალი სახე, ჭკვიანი თვალები, პატარა ცხვირი და ზედ დაკოსებული დიდრონი სათვალე ამშვენებდა. სოფო შვიდი წლის ხდებოდა, ნათია კი... უფრო მეტის.
– დე, რამხელაა ვაკის პარკი, მრგვალ ბაღზე დიდია!
– მართალია, დიდია.
სოფო დაძაბული ფიქრობდა რაღაცას.
– დე, თბილისი დიდია?
– კი, დიდია.
– ძალიან დიდი?
– კი.
– ისეთი დიდი, რომ ფეხით ვერ მოივლი, ხო?
– ფეხით ვერა.
– მანქანით?
– მანქანით კი.
სოფო ისევ ჩაფიქრდა.
– გინდა, ფეხით წავიდეთ სახლში?
სოფოს თვალებში ერთდროულად სიხარული და ეჭვი ჩაუდგა.
– მივალთ? – ალმაცერად ახედა.
– კარგი, თუ არ გინდა...
– მინდა, მინდა!
ბარნოვის ქუჩას გაუყვნენ.
სოფო თვალებს აქეთ_იქით აცეცებდა, ინტერესით აკვირდებოდა სახლებს, ვიტრინებს, ადამიანებს, ძაღლებს... ყველაფერ იმას, რაც ჩვენთვის, დიდებისთვის არაფრით აღარაა საინტერესო, ბავშვისათვის კი ნამდვილი სასწაულია.
სახლში არავინ დახვდათ. სოფო კომპიუტერზე სათამაშოდ გაიქცა დიდ ოთახში, ნათია საძინებელში შევიდა და საწოლზე წამოწვა. დაღლილი იყო.
ცოტა ხანში სოფომ შემოირბინა.
– დეე, – უთხრა და მაგრად ჩაეკრა.
– რა იყო?
– სულ რომ ძალიან ბევრი იარო, მაინც ვერ მოივლი თბილისს?
ნათიას გაეღიმა.
– იცი რა, მოდი ერთხელაც მე და შენ ფეხით მოვიაროთ მთელი თბილისი.
– როდის? – სოფოს თვალები გაუბრწყინდა.
– ცოტა რომ გაიზრდები.
– რამდენის რო გავიზრდები?
– რა ვიცი, ათის...
– იეს!
სოფო გიჟივით გავარდა ოთახიდან.
ნათიამ სინათლე ჩააქრო. მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული ლამპიონების შუქი ოდნავ ანათებდა ოთახს.
`როგორ დავიღალე, არადა რა ცოტა ვიარეთ – ვაკის პარკიდან მრგვალ ბაღამდე...~ გონების თვალით თავიდან გამოიარა მთელი გზა. `არა, რა ცოტა, ამხელა გზაა მაინც... რამდენი ხანია, ამდენი არ მივლია, ჩემთვისაც დიდი მანძილია, სოფოსთვის ხომ მით უმეტეს...
შებინდდა. მოპირდაპირე სახლში აქა_იქ ნათურები აანთეს.
ნათია მიწვა. თვალები მიელულა.
`მთელი თბილისი ფეხით... ერთხელაც ძველ თბილისში გავატარებ, მთაწმინდაზე, სოლოლაკში და ეგ იქნება. სხვაგან არც ღირს სიარული... ერთხელაც უნდა მოვიცალო – რამხელა ამბავი იქნება სოფოსთვის!... რამხელა დღესასწაული!..
თვალი გაახილა. ვერ გადაეწყვიტა, ამდგარიყო თუ ცოტა ხანს კიდევ დაესვენა. ცოტას კიდევ ვიწვებიო, გადაწყვიტა ბოლოს.
`სოლოლაკი...~ დაწვა თუ არა, უნებურად ფიქრი განაგრძო, `ამ დროს რა არის სოლოლაკი ლენინგრადთან შედარებით...~
პეტერბურგს ჩვევის ძალით ისევ ლენინგრადს ეძახდა.
`ჩვენ რამდენს დავდიოდით, სოფო კი ჯერ არსად წამიყვანია... რამდენი რამეა სანახავი ლენინგრადში, რამდენია სასიარულო... ჩვენ კიდევ ვაკის პარკიდან მრგვალ ბაღამდე გვებევრა... ისე, ჩვენში რომ დარჩეს, რა მანძილია ვაკის პარკიდან მრგვალ ბაღამდე, როცა ამხელა ქალაქებია – ლენინგრადი, მოსკოვი, ტოკიო... ბოლოს და ბოლოს როცა ამხელაა დედამიწა...~
თვალწინ დიდი, ცისფერი ბურთი დაუდგა – კოსმოსიდან გადაღებული ფოტოსურათი. დიდი იყო.
`რამხელა მანძილებია...~
გულაღმა იწვა.
შეეცადა, უფრო ცხადად დაენახა; დიდი, ცისფერი ბურთი კიდევ უფრო გაიზარდა. უცებ თვალწინ დედამიწის ფონზე კოსმოსში მოტივტივე კოსმონავტი წარმოუდგა – ტელევიზორში ნანახი კადრი.
`რა პატარაა ადამიანი დედამიწასთან შედარებით... და მაინც მისი ბატონ_პატრონია...~
ნათიას წარმოსახვა კოსმოსში დაფრინავდა.
`ნეტა როგორია სინამდვილეში მარსი, პლუტონი, იუპიტერი... სურათზე კი არა, სინამდვილეში... ერთხელ მაინც დამანახა...~
საკუთარ თავს ხედავდა იუპიტერის ორბიტის ფონზე...
`იუპიტერი დედამიწაზე ათჯერ დიდია... რამხელა უნდა იყოს... ეგ რა არის...~ – გაახსენდა უცებ, – ჩვენი გალაქტიკის ბოლომდე რომ მიხვიდე, ორი მილიონი სინათლის წელია საჭირო... ჩვენი გალაქტიკა მხოლოდ ერთ_ერთი გალაქტიკაა მილიარდობით მისნაირ გალაქტიკას შორის...~ _ ოდესღაც ნასწავლი გაახსენდა, _ `მილიარდობით გალაქტიკა...~ – შეეცადა წარმოედგინა, მაგრამ ვერ შეძლო, – `როგორ უნდა წარმოვიდგინო... მილიარდობით მზე, მილიარდობით მზის სისტემა, მილიარდობით სინათლის წელი...~
გული მოეწურა. მაინც უნდოდა როგორმე დაენახა, რა იყო მზის სისტემის იქით, გალაქტიკის იქით, კიდევ უფრო შორს, კიდევ, კიდევ...
`სადამდე?~ – თავისით გაჩნდა კითხვა, – `რა `სადამდე?~ – თავისით გაჩნდა პასუხიც, – `სადამდე და უსასრულოდ – სულ, სულ, სულ... შორს, შორს შორს... დაუსრულებლად...~
მუქ_მოლურჯო, უკიდეგანო სივრცეებს ხედავდა. მერე ეს სივრცეები როგორღაც თავისით გაიზარდა, გადიდდა და კიდევ უფრო გამუქდა, მერე კიდევ, კიდევ... ბოლოს სულ მთლად ჩაბნელდა, მაგრამ ეს სხვანაირი სიბნელე იყო – ვრცელი, ღრმა – თითქოს შავი, მაგრამ თან ბაცი, ნისლივით მოთეთრო და დიდი, უზარმაზარი, უსაშველო... ამ ღრმა და უფერო უსასრულობაში მიფრინავდა... შორს, შორს, შორს... უსასრულობა იზიდავდა... და ისიც მიფრინავდა – ჩქარა, კიდევ უფრო, კიდევ... სინათლის სიჩქარით... სამასი ათასი კილომეტრიც წამში... ერთი წამი... წუთი... საათი... დღე... რამდენი წამი, რამდენი 300 ათასი კილომეტრია ერთ დღეში?.. თვეში... წელიწადში... ერთი სინათლის წელი... ასი სინათლის წელი...… ათასი... მილიონი... მილიარდი... უთვალავი... უსაშველო სისწრაფით მიქროდა, მიექანებოდა... უცბად მოეჩვენა, რომ უსასრულობა დიდი, შავი, უკიდეგანო ხვრელი იყო და ექაჩებოდა, ეწეოდა, ისრუტავდა... ყველაფერი დატრიალდა და აჭრელადა... კი აღარ მიფრინავდა, ვარდებოდა – უნაპირო უფსკრულში მიქროდა ტყვიასავით და თავს ვეღარ იჭერდა, ცოტაც და ვეღარასოდეს...
უნებურად შეხტა და საწოლიდან წამოვარდა. მკერდში რაღაც ურტყამდა. ხელი დაიდო – გული უცემდა.
დაცვარული შუბლი მოიწმინდა. საწოლში ჩაჯდა. გაფართოებული თვალები გაუშტერდა. ერთხანს ასე უაზროდ იჯდა. მერე ფანჯარაში გაიხედა. მოპირდაპირე კორპუსში ნათურები ბჟუტავდა...
`რა იყო ეს?..~ ჯერ კიდევ დაძაბული იყო. რაღაც აწუხებდა. `სად ვიყავი?~.. `სად ვართ?~ – თითქოს მის მაგივრად სხვამ იკითხა, – `ვინ ვართ?~
ოთახში ბნელოდა.
`ვინ ვართ? – რაღაც მტვერი... მტვერიც არა... არაფერი, არარაობა... საერთოდ არ ვართ!~ – დენივით დაარტყა ისე ძლიერად, რომ შეირხა, – არ ვარსებობთ!.. ბატონ_პატრონები...~
მიმოიხედა. ირგვლივ ბნელოდა. უნებურად თვალი ფანჯრისკენ გაექცა. ფანჯარაში ვარსკვლავები ციმციმებდა...
შეეშინდა.
`უსასრულობა... მხოლოდ ბნელი უსასრულობა... მეტი არაფერი... აქ ვჩნდებით და პეპლებივით წამში ვქრებით... რაა უსასრულობისთვის სამოცი წელი? ან ასი? – არაფერი, არაფერი... არაფერი არ ვართ, არ ვარსებობთ, არ ვარსებობთ, არ ვარსებობთ...~ გულში იმეორებდა, მაგრამ დაჟინებით, ისტერიულად...
ტირილი მოუნდა. აღარ შეეძლო...
უცებ სხეულმა თვითონ იმოქმედა – წამოხტა და სინათლე აანთო.
ისევ ლოგინზე დაჯდა. აღარაფერს ფიქრობდა. ისედაც ყველაფერი გასაგები იყო – “არარაობა, არაფერი, არარსებობა...” – თავისთავად, უსიტყვოდ იცოდა.
მოჩვარული იყო.
`აზრი არა აქვს არაფერს, ყველაფერი უაზრობაა, სისულელე... უაზრო სისულელე... არაფერი არ არსებობს...~
უღონოდ იჯდა. პირში რაღაც მწარე გემო იგრძნო.
`თავს მოვიკლავ...~ – გაუელვა. შეკრთა – ასეთი რამ პირველად იფიქრა. `რა აზრი აქვს, ისედაც არ ვარსებობ...~ – მწარედ გაეღიმა...
უცებ ზარის ხმა მოესმა. ზარს ბრახუნი მოყვა – სოფო რაღაცას დაეჯახა და გადააყირავა. მერე ფეხის ხმა გაიგონა – მორბოდა.
– მამა, მამიკო! – მოესმა სოფოს წკრიალა ხმა.
საკეტმა გაიჩხაკუნა... სოფო გოჩას შეახტა.
– მამა! მომენატრე, მა!
უცებ დენმა დაუარა და ყველაფერი განათდა – თითქოს ათასი ჭაღი ერთად აანთეს!
ოთახიდან გამოქცა და მამა_შვილს მოეხვია. ხან ერთს იკრავდა და კოცნიდა, ხან მეორეს... გოჩას გრილ ლოყაზე ახალმოსული წვიმის სურნელი ასდიოდა.
– რა დაგემართა? – ჰკითხა გაკვირვებულმა და თან ნასიამოვნებმა.
– რა მოხდა, დე? – გაკვირვებული და გახარებული იყო სოფოც.
– არაფერი, – ხელები თვალებში ამოისვა და გამოიხედა, თვალებში ნაპერწკალი უკრთოდა, – თქვენ უფრო დიდები ხართ!
– ვიზე? – დაინტერესდა სოფო.
– უსასრულობაზე! – საზეიმოდ გამოაცხადა და ყურებამდე გაიღიმა.
– რაა? – პირი დააღო გოჩამ და ცალი თვალი მოწკურა.
– კარგი, კარგი, აბა დავიძარით სამზარეულოსკენ!.. რას შეჭამთ?..
სვეტი ნათლისა
რედაქციისაგან: `ჩვენი ჟურნალის რედაქცია არ იზიარებს ამ მოთხრობაში გატარებულ აზრებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოთხრობა იუმორისტულია, ჩვენი ქვეყანა კი ასე თუ ისე მაინც დემოკრატიული, გადავწყვიტეთ იგი თქვენთვის მაინც შემოგვეთავაზებინა.
განცხადება:
შ.პ.ს. `სვეტი ნათლისა” გთავაზობთ კვალიფიცირებული, პროფესიონალი ნათლიების მომსახურებას ქალაქის ნებისმიერ უბანში. ჩვენთან მუშაობენ სერტიფიცირებული, სტაჟიანი ნათლიები საქართველოს ყველა კუთხიდან (გვყავს ხატის ნათლიებიც). ყოველ მათგანს მონათლული ჰყავთ ათობით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი (როგორც მოგეხსენებათ, 12 ადამიანის მონათვლის შემდეგ ნათლიას ეძლევა განსაკუთრებული მადლი). ჩვენ მოგნათლავთ სწრაფად, იაფად და ხარისხიანად. ყოველი მეცხრე ნათლობა უფასოა. მიიღება ჯგუფური შეკვეთებიც. გვზავს აგრეთვე ხატები და იერუსალიმის სანთლები – ნაკურთხი, გარანტიით. სანთლების მინიმალური პარტია 10 ცალი. დიდ პარტიებზე მოქმედებს ფასდაკლების სისტემა. ჩვენი გამოცდილება შემოწმებულია ავტორიტეტული მოძღვრების მიერ. მოგვმართეთ და არ ინანებთ. გფარავდეთ უფალი!
ტელეფონის ზარი. ქალის ხმა.
– ალოო, ნათლის სვეტია?
– კომპანია `სვეტი ნათლისა~ გისმენთ.
– ალოო... – ხმას ჭოჭმანი ეპარება, – გამარჯობათ...
– გამარჯობათ, გისმენთ.
– იცით რაა, ბავშვი მინდა მოვნათლო და...
– ძალიან კარგი, ჩვენც ამისთვის ვართ, გოგოა თუ ბიჭი?
– ბიჭია და... რა ვიცი, ხომ იცით, რანაირი დროა, ყველას ვერ ენდობი და ვიფიქრე დავრეკავ მეთქი... და რა მინდა გკითხოთ – ნამდვილად გამოცდილი ნათლიები გყავთ?
– რა თქმა უნდა, ქალბატონო. ჩვენი ფირმა ათი წელია არსებობს. საუკეთესო სპეციალისტები გვყავს. ყველა ჩვენი ნათლია სერტიფიკატს ფლობს...
– ჰო, არა? – ქალის ხმას გამოცოცხლება ეტყობა, – არა, რა ვიცი, იმიტომ დაგირეკეთ... ხომ იცით ბიჭის გაზრდა რა ძნელია და... გვინდა რომ კარგად მოვნათლოთ.
– დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ქალბატონო, რომ თქვენს ბიჭს მადლი არ მოაკლდება. რამდენი წლისაა?
– ექვსისაა და... იცით, ძალიან ცელქია, პირდაპირ დაგვტანჯა...
– გასაგებია... სწორედ დროზე მოგვმართეთ სწორედ ჩვენ. ჩვენ ცელქი ბავშვების მონათვლის დიდი გამოცდილება გვაქვს! აი ნახავთ, თქვენი ბიჭი მონათვლისთანავე როგორ დაწყნარდება. მაქსიმუმ ერთ კვირაში ცხვარივით იქნება.
– უიმე თქვენ გაგახარათ ღმერთმა! მართლა?
– რას ბრძანებთ ქალბატონო, აბა სხვა რისთვის ვართ?! ჩვენთან შეცდომები გამორიცხულია. ჩვენს ნათლიებს ბევრი ძველი ბიჭი დაუწყნარებიათ. ჩვენთან მოინათლა ისიც, რა ქვია – გაბურძგნულაძე. იცით, როგორ ბლატაობდა და იგინებოდა? ახლა კი პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს.
– კენჭი და შავი ქვა მაგის თავს! მაგას ეძახით თქვენ მონათლვას? ეგ გათახსირებული ეგა! ეგ დამპალი, ეგ მდაბიო, მაიმუნი, ქვეყნის მოღალატე! თქვენ თუ იცით როგორ გაუტეხა მაგან ჩვენს ბიჭიკოს სახელი საზღვარგარეთ? არა იცით თუ არა, მითხარით! მაგის გულისთვის შეიძლება ნატოში ვერ შევიდეთ... ეგ ღორი ეგა, დინგიანი...
– დაწყნარდით ქალბატონო!
– ეგ უზრდელი, გაუთლელი. მე თვითონ გავიგონე ტელევიზორში, როგორ შეიგინა. ეგ არის, გარანტიას ვიძლევითო? სად არის გარანტია? არა, თქვენ მე გეკითხებით, სად არის გარანტია?
– ქალბატონო...
– ჰო, ჰო, ქალბატონი ვარ, მერე?
– ქალბატონო... ჩვენ ვიძლევით გარანტიას, მაგრამ ხომ იცით, ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს. გაიხსენეთ პეტრეს ამბავი, სამჯერ რომ იყივლა მამალმა...
– მამალს გაჩვენებ მე შენ თუ მოვედი მანდ! თქვენ მე სულელი ხომ არ გგონივართ? სად გაგონილა ნათლობით ვაჭრობა?! თუ მართალი ნათლიები ხართ, უფასოდ რატომ არ ნათლავთ?!
– ქალბატონო, რა არის ჩვენ დროში უფასო, ეს რომ იყოს? თანაც ჩვენც ჩვენი ხარჯები გვაქვს, ასე ვთქვათ... ტრანსპორტის ხარჯი, იქ ჭამა ხომ უნდა ნათლიას, ადამიანია ისიც, ოჯახი ჰყავს, შვილები...
– ჰოდა თავისი შვილები მონათლოს...
– ქალბატონო...
– ქალბატონო, ჰო, ქალბატონო... ვისთვის ქალბატონი ვარ და ვისთვის მხეცი და აფთარი! ამოგწიწკნი თვალებს შე დამპალო შენა, ვისაა რომ ატყუებ!
– რატომ გატყუებთ, ქალბატონო, ჩვენ ერთ_ერთი უმსხვილესი ფირმა ვართ ამ ბიზნესში და ყველაფერი გადამოწმებული გვაქვს. ერთი შეცდომა ვის არ მოსვლია... ხომ გაგიგონიათ, ერთი ალილუია მღვდელსაც შეეშლებაო. რა ვქნათ, ბატონო, არ ივარგა ამ გაბურძგნულაძემ, არც ღმერთმა უშველა და არც ხატმა. მე აბსოლუტურად გეთანხმებით ქალბატონო თქვენს, ასე ვთქვათ, პათოსში, და მინდა გითხრათ, რომ მეც და მთელი ჩვენი კომპანიაც ამ პოზიციაზე ვდგავართ, მაგრამ რას იზამ... ყველასა გვაქვს შეცდომები. განა მიშასაც კი არ შეეშალა ერთხელ, ოქროცურვილაძე რომ დანიშნა?
– ეგ მართალია...
– ჰოდა მაგას ვამბობ... ყველას გვეშლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანობაში, ასე ვთქვათ, სწორი კურსი არ გვაქვს აღებული... და სხვათა შორის, ძალიან კარგი ფასი მინდა შემოგთავაზოთ. სპეციალურად თქვენთვის 50%_იანი ფასდაკლება სუპერ_ნათლობაზე.
– ჰოო? და ეგ რა არის?
– ეს არის ჩვენი ყველაზე უხუცესი, ასე ვთქვათ მთავარი ნათლიის მიერ ჩატარებული გაძლიერებული ნათლობა სვეტიცხოველში, სრული შთაფლვით. საჩუქრად მოჰყვება ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი (ეს უფასოა) და იერუსალიმის ცეცხლის ნაკვერჩხალი.
– და ფასი?
– თქვენთვის 100 დოლარი. ისე 200_ია. ტრანსპორტირება ჩვენზეა. და სანთლის ხარჯებიც.
– არა გენაცვალე, ძვირია.
– ნახევარი ფასია. ასეთ ფასში ვერსად ვერ მოინათლებით.
– რა ვიცი, რა ვიცი.
– მოიფიქრეთ, ქალბატონო, კიდევ დაგიკლებთ.
– რა ვიცი, რამდენს დააკლებთ?
– 80_ში გაგიკეთებთ, მეტი არ შემიძლია!
– რა, ვიცი, კარგი, კარგი, თუ ეგრეა...
– თქვენი მისამართი ჩამაწერინათ, თუ შეიძლება... როგორ? კიბალჩიჩის ხევი?.. ნომერი?.. 66?
ბრჭყვიალა ნოლები
გონს რომ მოვიდა, სიჩუმე იყო.
ბნელოდა და ნელი, მძიმე სიჩუმე იდგა.
არაფერი ახსოვდა.
პატარა იყო, ასე 7_8 წლის.
ასე იღვიძებდა ხოლმე, სიბნელეში იყურებოდა და დიდხანს უსმენდა სიჩუმეს. მერე თვალებს მაგრად ხუჭავდა და ქუთუთოებს შიგნით ბრჭყვიალა, ფერადს რგოლებს ხედავდა. მათი ცქერა უყვარდა – ჯერ დიდდებოდნენ და გაბერილ, უზარმაზარ რგოლებად იქცეოდნენ, შემდეგ კი ისევ პატარავდებოდნენ, ნაწილებად იშლებოდნენ და სიბნელეში იკარგებოდნენ, მერე ისევ ჩნდებოდნენ და ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
უცებ რაღაც გაახსენდა. არა, რა პატარა, რის ბავშვი...
თვალების გახელა დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო. ქუთუთოები დამძიმებოდა. თითქოს მათ ნაცვლად თვალებზე ლოდები ეწყო.
ალბათ, ძალიან დავიღალეო, გაიფიქრა და გადაბრუნება დააპირა, მაგრამ ესეც ვერ შეძლო – სხეული არ ჰქონდა.
დაბუჟებული მაქვსო გაიფიქრა და ხელის აწევა მოინდომა, რომ სახეზე ჩამოესვა, მაგრამ ესეც ვერ შეძლო – ვეღარც ხელებს გრძნობდა.
შიში, რომელიც აქამდე სადღაც ბჟუტავდა, ერთბაშად მოვარდა, მოასკდა.
გონება დაკარგა.
უცებ არ გაღვიძებია. თითქოს სადღაც შორს, ღრმა სიბნელეში დადიოდა, ოღონდ არ იცოდა, ეძინა თუ ეღვიძა...
იქიდან ნელ_ნელა ბრუნდებოდა. ნელ_ნელა მოდიოდა გონს – საკუთარ თავს ნაბიჯ_ნაბიჯ, ფრთხილად უახლოვდებოდა – თითქოს მთამსვლელივით ჯერ ფეხს ადგამდა, მოსინჯავდა, თუ გამიძლებსო და მხოლოდ ამის შემდეგ იწევდა წინ თითო გოჯით.
დიდხანს იწვა ასე. არაფერს ფიქრობდა.
ეშინოდა ფიქრის, თუმცა უკვე ისედაც ყველაფერი იცოდა.
თითქოს მშვიდად იყო. ეს უკვირდა.
და უცებ:
`ვეღარასოდეს!~
ცივი გველივით გაისრიალა სიტყვამ.
`ვეღარასოდეს!~ – მჭრელი ყინულივით დააწვა ტვინზე.
`რა ვეღარასოდეს?~ _ შიშის კანკალმა აიტანა, თუმცა არც შერხეულა.
ყველაფერი განაცრისფრდა. იგრძნო, რომ ისევ იძირებოდა ჩუმ, უგრძნობელ სიჩუმეში – უფრო ბნელში და ღრმაში, ვიდრე ახლა იყო.
მინებდა...
არ იცოდა, რამდენი ხანი გავიდა. არც ის იცოდა, სად იყო, ან რა მოუვიდა. მხოლოდ ეს ერთი რამ იცოდა – `ვეღარასოდეს!~ – და რატომღაც იცოდა ზუსტად და დანამდვილებით.
`ვეღარასოდეს, ვეღარასოდეს, ვეღარასოდეს...~
თავში, შიგნით რაღაც ზრიალებდა და ეს ზრიალი ძლიერდებოდა. უნდოდა დაეყვირა, ეკივლა, მაგრამ პირი გამშრალი და გაქვავებული ჰქონდა.
დროს ვერ საზღვრავდა, მხოლოდ სიცივეს გრძნობდა – თავიდან მხოლოდ მსუბუქ სუსხს, შემდეგ ყინვა ყინულივით ჭრიდა ფეხებს, ტანს, ბოლოს კი ყველაფერი გათბა და მთელ სხეულში თბილი უგრძნობლობა ჩაუდგა.
დაინახა, თითქოს სადღაც ცისფერ ფონზე მოფრინავდა, თუმცა ფრენა ძალიან ხანმოკლე იყო – სულ ერთი წამი, მერე თითქოს ელვასავით ტკივილმა ყველაფერი გაანათა და ჩაქვრა.
ტკივილი წელის არეში იყო. ესეიგი ზურგით დაეცა. შეიძლება მალები ჩაემტვრა, ან სულაც ფუძეში გადატყდა... გონება გამალებით მუშაობდა.
„არა, არა მგონია – ასე რომ იყოს, ვეღარაფერს ვერ ვიგრძნობდი...“
„...თუმცა, არაფერია გამორიცხული. ვერ ვმოძრაობ, გადატეხილი ვარ და ეგ არის, ფუძეში, ან ხერხემალში“….
„...ეგრეც არ არის, შეიძლება უბრალოდ გონება დავკარგე და ფეხები გამეყინა. გავმოძრავდები და გამიხურდება...“
ყოველ ფიქრთან ერთად იცვლებოდა მთელი სამყარო, თავისი აწმყოთი და მომავლით...
„...მარტო ფეხები რომ გამყინვოდა, ასე არ ვეგდებოდი. ხელის თითებსაც ვერ ვგრძნობ... ~
ისევ აზრიალდა გაუსაძლისი შიში, მაგრამ ამ ზრიალში საიდანღაც მოიკრიბა ძალა, რომ ეფიქრა:
„უნდა დავწყნარდე, უნდა დავმშვიდდე, უნდა ვიფიქრო...“
ამ ფიქრმა ძალა მისცა და ზრიალიც მინელდა.
„უნდა ვიფიქრო, უნდა ვიფიქრო“... იმეორებდა დაუსრულებლად, მაგრამ არ იცოდა, რა ეფიქრა, ან რაზე ეფიქრა. „უნდა ვიფიქრო... რაღაც უნდა ვქნა... უნდა ავმოძრავდე!..”
„შანსი არა გაქვს“ – უთხრა გაიგონა ხმა და კვლავ გაუელვა:
`ვეღარასოდეს!~
ამჯერად სიტყვამ გავარვარებული შანთებივით დაჩხვლიტა ტვინზე.
`ვეღარასოდეს!~
სული შეეხუთა. იგრძნო, რომ სუნთქვა ეკვროდა. ცოტაც და დაიხრჩობოდა, მაგრამ სულ ბოლო წამს მთელი ძალით ჩაისუნთქა, მერე კი ჰაერი გამოუშვა და რაღაც ხრინწიანი, ყივილიანი ხმა ამოაყოალა. გაბრუვდა და გაირინდა. უცებ რაღაცას მიხვდა – ტუჩებს ამოძრავებდა! წეღან გაამოძრავა.
`უნდა ავმოძრავდე!~ – გაუელვა ისევ, მაგრამ ახლა უკვე ეს ფიქრი ძლიერი იყო, ბევრად უფრო მძლავრი და მოუსვენარი.
`უნდა ავმოძრავდე!~ – იმეორებდა გიჟივით და ცდილობდა, რამე ეგრძნო – ხელი, ფეხის თითი, ბარძაყი... და უცებ მიხვდა – ტუჩებით, ტუჩებით უნდა დავიწყო!~ _ და დაიწყო – ჯერ ქვედა ტუჩი მოკუმა ოდნავ, უფრო სწორად იგრძნო, რომ მოკუმა, მერე ტუჩის კუთხეები დაძაბა და ეს დაძაბულობა ზედა ტუჩზეც გადავიდა. დაუღალავად კუმავდა და შლიდა ტუჩებს, სანამ ბოლოს არ იგრძნო, რომ ნამდვილად მოკუმა. სულ ოდნავ, მაგრამ მაინც მოკუმა.
`თვალები, თვალები!~ – ფიქრობდა დაძაბული.
`თვალები უნდა გავაღო, უნდა გავაღო, უნდა გავაღო!..~
სიბნელეში რაღაც მბჟუტავი, ნაცრისფერი ლაქა გაჩნდა.
`ხელები, ხელები, ხელები!~ – კი არ ფიქრობდა, ყვიროდა, – `ხელები!~ – ღრიალებდა, ბრდღვინავდა – `ხელები მჭირდება!~
მიწაზე გულდაღმა გაკრული მძიმედ ქშინავდა. როგორც იქნა გადმოტრიალდა. არ იცოდა, რამდენი ხანი მოანდომა. არც აინტერესებდა. ამაზე არ ფიქრობდა. ერთადერთი ფიქრი უღრღნიდა გონებას – მწვერვალი!
იცოდა, რომ ოც მეტრამდე სწორ ადგილზე უნდა გაევლო, შემდეგ კი აცოცდებოდა.
`შევძლებ, თითქმის საფეხურებივითაა...~ – და მწვერვალზეც ავიდოდა, იქ კი უკვე დაინახავდნენ. ვერტმფრენიდან დაინახავდნენ.
ნელა მიცოცავდა, უფრო სწორად ადგილზე იდგა _ ასე ორ_სამ სანტიმეტრს თუ გადაინაცვლებდა ნახევარ საათში. ერთი რამ იცოდა და დაჟინებით უმეორებდა საკუთარ თავს:
– მთავარია, არ გავჩერდე! არც ერთი წამი! მთავარია არ გავჩერდე... არც ერთი...
ზოგჯერ ეჩვენებოდა, რომ მიწაზე კი არა, ხის იატაკზე მიფოფხავდა. ერთი_ორჯერ ხის სუნიც კი იგრძნო.
– მეჩვენება, ტვინი მატყუებს, რომ გავჩერდე და დავისვენო! ვერ მოგართვი! მთავარია არ გავჩერდე, არც ერთი წამი!...
მხოლოდ ხელებს ამოძრავებდა, დანარჩენი ყველაფერი მოწყვეტილი ჰქონდა – თავიც კი. თვალებს ვერ ახელდა, მხოლოდ ოდნავ მბჟუტავი, ნაცრისფერი ლაქები თუ შემოაღწევდა ხანდახან. იცოდა, რომ მარჯვნივ უნდა ეხოხა, საფეხურებამდე. საიდან იცოდა, არ იცოდა. არც ფიქრობდა. Uბრალოდ ასე ეგონა და არც შეუმოწმებია, ან როგორ შეამოწმებდა.
როგორც იქნა, ასასვლელს მიაღწია. ხელებით მოსინჯა. ცივი, პრიალა ზედაპირი მოხვდა ხელს. ხელის მოსაკიდი მოძებნა და მთელი ძალით მოეჭიდა.
`არ უნდა მოვდუნდე, არცერთი წამი. არ უნდა დავიჯერო, რომ ვერ შევძლებ, თორემ მოვწყდები...~
მეორე მოსაკიდი იპოვა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ხელებს დააწვა. ასასვლელი არც ისე დამრეცი იყო, მაგრამ ათ მეტრამდე მაინც ჰქონდა გასავლელი. რამდენს მოანდომებდა – ერთ საათს? ათს?
დაძაბულობისგან თითები უსკდებოდა, მაგრამ მაინც იწევდა ზემოთ – იცოდა რომ მივიდოდა. იქ, სულ ახლოს მწვერვალი იყო, რომელსაც მზე ანათებდა და იქ იპოვიდნენ, აუცილებლად იპოვიდნენ...
* * *
დილაუთენია თბილისის მე_8 საავადმყოფოს მე_7 სართულზე, 78_ე პალატის კარი ექთანმა შეაღო და გაშეშდა – წინა ღამით მოყვანილი სრულიად პარალიზებული ავადმყოფი საწოლში არ იწვა.
საბანი იატაკზე ეგდო. ექთანი გულშემოყრილი გავარდა დერეფანში. ავადმყოფი საავადმყოფოს სამსახურეობრივ კიბეზე იპოვეს, მე_7 და მე_8 სართულებს შორის, კიბის მოედანზე. გონდაკარგული გულაღმა იწვა. ექიმებმა ვერ ახსნეს, რატომ დაუბრუნდა მას მგრძნობელობა პარალიზებული სხეულის ზედა ნაწილში. მხოლოდ წელს ქვემოთ დარჩა მოწყვეტილი და რვა წელი იმავე საავადმყოფოს მე_8 სართულზე, 82_ე პალატაში გაატარა.
დაწვენიდან ერთი წლის თავზე ის კვლავ დაიკარგა. ამჯერად საავადმყოფოს სახურავზე იპოვეს – მთელი ღამე ხელებით ემუშავა, ექვსი სართული ასე ეხოხა და მაინც ასულიყო. ისევ მწვერვალს დაეძებდა, ოღონდ ამჯერად რეალურს – გახვიდე გარეთ, მზეს მიეფიცხო, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქო და ზარმაცად, უდარდელად გაიზმორო. მხოლოდ ეს უნდოდა, მეტი არაფერი. მაგრამ ვერ აისრულა. უკვე შუა გზიდან ტკივილები დაეწყო და სახურავზე ასულს უკვე ისეთი გაუსაძლისი ტკივილი ტანჯავდა, რომ გადაფოფხდა თუ არა გარეთ, ჰაერზე, გულაღმა გაგორდა და გონება დაკარგა. ეს წამბი მწარედ ახსოვს – ირგვლივ მზეც იყო და ჰაერიც, მაგრამ არც მზე იყო და არც ჰაერი – ტკივილი ყველაფერს ახშობდა.
საცოლე გააგდო, რომ არ ეწვალებინა. მაინც მოდიოდა, ეს კი არ იღებდა. მერე გათხოვდა, მაგრამ მაინც მოდის. მის გარდა დედა და და მოდიან და ზოგჯერ მეგობრებიც, მაგრამ სულ უფრო იშვიათად.
ამის შემდეგ ოცნებას, წარმოსახული ბედნიერების მწვერვალს ესეც დაამატა – „და არაფერი მტკიოდეს!“ მაგრამ რვა წელი გავიდა და ოცნება ვერ აუხდა. აღმოჩნდა, რომ ამას ნებისყოფის გარდა 70 000 დოლარიც სჭირდება.
შვიდასი ცალი მწვანე ქაღალდი...
ხშირად, როცა საწოლში წევს (ის კი ყოველთვის წევს), ამ თანხაზე ფიქრობს. 70 ათასს რომ ერთი ნოლი გამოვაკლოთ, 7 ათასი იქნება... თითქოს რა არის, ერთი ნოლია და რამდენ რამეს ცვლის – 7 ათასს კიდევ იშოვიდა...
ერთი ნოლი...
რას ნიშნავს ეს ნოლები? მისთვის არაფერს და მაინც ყველაფერს – მთელს ცხოვრებას.
და ალბათ კიდევ უფრო მეტს მათთვის, ვინც ოპერაციების აკეთებს და იმათთვისაც, ვის ცხოვრებაშიც ერთი კი არა, უფრო მეტი ნოლიც არაფერს ცვლის..
ამ ფიქრებში საღამოვდება. პალატაში ნელ_ნელა ბნელდება... თვალებს ხუჭავს და ქუთუთოებს მიღმა ფერად, ბრჭყვიალა ნოლებს ხედავს. ისინი ჯერ იბერებიან, დიდ, მსუქან ბურთებს ემსგავსებიან და ბრჭყვიალებენ, შემდეგ ნაწილებად იშლებიან და სიბნელეში იკარგებიან, ქრებიან. მერე ისევ ჩნდებიან და ყველაფერი თავიდან იწყება.
შეყვარებული
აგვისტოს ცხელი დილა იყო. დიეგო გულაღმა იწვა და ღია სარკმლიდან შემოსულ ხმებს უსმენდა. დიეგო სპორტის ბიჭებმა შეარქვეს – გინდა თუ არა, მარადონას გავხარო. სატვირთო მანქანამ ჩაიარა და სადღაც ახლოს გაჩერდა. მერე ბავშვებმა ჩაირბინეს ჟრიამულით. ქუჩა მიჩუმდა. ახლა წყლის წვეთების განუწყვეტელი რაკუნი_ღა ისმოდა სამზარეულოდან. ონკანი დიდი ხნის მოშლილი იყო, მაგრამ დიეგოს ეს არ აწუხებდა. იცოდა, რომ მაინც შეკეთების ფულს მაინც ვერ იშოვიდა.
შაბათი იყო. სამსახურში არ მიდიოდა, ესე იგი ინას ვერ ნახავდა. მის გახსენებაზე გული შეეკუმშა. გუშინაც მთელი დღე აწვალებდა – ისე აუვლიდა და ჩაუვლიდა, თითქოს დიეგო თავისი დიდი, შემკრთალი თვალებით იქ არ იყო. სამაგიეროდ სპორტის განყოფილების ბიჭებს ერთი საათი ელაპარაკებოდა დერეფანში და შიგადაშიგ გულიანადაც იცინოდა. `აღარ ვაინტერესებ~, ფიქრობდა დიეგო და დარდისგან გული უსივდებოდა, მაგრამ წყენით მაინც არ წყინდა. აზრადაც არ მოსვლია ინა დაედანაშაულებინა რამეში. მხოლოდ თავის თავზე ბრაზობდა – თავს ვერ პატიობდა, ასეთი მოუხეშავი და უსიტყვო რომ იყო. მთელი დღე ფიქრობდა, გამოლაპარაკებოდა ინას, მაგრამ მის თეთრ, მაღალ კისერს, ფერმკრთალ სახეზე დაფენილ, შუაზე გაყოფილ სწორ, შავ თმას და გრძელ, მაღლა აზიდულ და მისი ქედმაღლური შემოხედვისთვის ოდნავ გაკვირვებული იერის მიმცემ გრძელ წარბებს რომ შეეფეთებოდა, ენა მუცელში უვარდებოდა და შეცბუნებული სწრაფად ეცლებოდა იქაურობას. მერე დერეფანში გადიოდა, სიგარეტს ეწეოდა და საკუთარ თავზე ბრაზობდა. უკვირდა საკუთარი სიმორცხვე, რამდენ ქალთან ჰქონია ურთიერთობა. ყველა მათგანთან მხიარული და ლაღი იყო. არასოდეს დაბმია ენა, პირიქით, ყოველთვის უზრუნველად ლაქლაქებდა და ათასგვარი სასაცილო ამბით ართობდა. ინასთან კი ჰოს და არას სათქმელადაც ძლივს აბრუნებდა ენას.
`აი, რა ყოფილა ნამდვილი სიყვარული~, ფიქრობდა დიეგო და გული იდუმალი, ტკბილად მწარე თრთოლვით ევსებოდა.
დიდი ხანი იყო, რაც ინასთან ერთად ქალაქში გასეირნებაზე ოცნებობდა.
გრძნობდა, რომ უარს არ ეტყოდა.
არც ისე სულელი იყო, რომ ვერ ეგრძნო. ინაც ხომ ასე დამფრთხალი იყო ხოლმე მასთან, სპორტის ბიჭებს კი მოურიდებლად ელაზღანდარებოდა. იცოდა ეს დიეგომ და თავის დროს ელოდა. უკვე ექვსი თვე იყო, რაც ფულს აგროვებდა. ყოველდღე ფეხით მიდიოდა სამსახურში და შინაც ფეხით ბრუნდებოდა. სიგარეტის წევასაც, რაც შეეძლო, მოუკლო.
`ნამდვილი სიყვარული დღესასწაულია. დღესასწაულისთვის კი უნდა მოემზადო,~ – ფიქრობდა დიეგო და თვალწინ მისი და ინას ქალაქის ბაღებსა და რესტორნებში ჯერ კიდევ გაუტარებელი ბედნიერი დღეების სურათები ედგა.
ოცნებაში ამ სურათების თვალიერება ისე იტაცებდა, რომ ვერც კი გრძნობდა, როგორ ილეოდა სახლამდე დარჩენილი რამოდენიმე კილომეტრი.
გუშინ სახლში დაბრუნდა თუ არა, მაგიდის უჯრაში ჩაყრილი ხურდა და ქაღალდის ფული დათვალა. თითIქმის ორმოცდაათი ლარი იყო. `ორმოცდაათი ბევრი არაა, მაგრამ ერთ დღეს მაინც გაატარებ ნორმალურად.~
მთელი საღამო გეგმებს აწყობდა. საკუთარი ფიქრისგან გული ამოვარდნაზე ჰქონდა. `ხვალ პირდაპირ სახლში მივაკითხავ. გაუკვირდება მაგრამ გაუხარდება კიდეც. ვეტყვი, რა კარგი ამინდია, ახლა პარკში გასეირნებას არაფერი სჯობს_მეთქი. კარგი დასაწყისი იქნება, მაგრამ კარგი ამინდი რომ არ იყოს? არა, ჯობია ვუთხრა, რომ...~ და ასე დაუსრულებლად. ამ ფიქრებში ჩაეძინა.
ახლა გულაღმა იწვა და ვერ გადაეწყვიტა, შეესრულებინა თუ არა გუშინდელი ჩანაფიქრი. ფიქრებში გართულს ისევ ინას სახე დაუდგა თვალწინ. სიახლოვის სურვილისგან სული აეწვა. გულში ჩხვლეტა იგრძნო. ერთხანს ასე იწვა, მერე გადაწყვეტილება მიიღო, წამოდგა და ჩაცმას შეუდგა.
ინას სახლს იოლად მიაგნო. თეთრი, მიშენებულებიანი შენობა იყო. ზედ შენობის წინ, ხის ჩრდილში ხილით სავსე დახლი იდგა. იქვე მსუქანი ქალი იჯდა და გაზეთს კითხულობდა. ძალიან ჰგავდა ბეჰემოთს.
ისეთი სიცხე იდგა, ქალი ჩრდილშიც კი მარაოს ინიავებდა.
დიეგო სადარბაზოში შევიდა. იქაური სიგრილე ესიამოვნა. ერთხანს შეისვენა და კიბეს აუყვა. სწრაფად ადიოდა, ერთი ნაბიჯით რამოდენიმე საფეხურს იტოვებდა უკან. მეორე სართულზე პატარა ბიჭს მოჰკრა თვალი. ბიჭს მისთვის შეუფერებლად დიდი ცელოფნის პარკი ეჭირა ხელში და პატარა კუსავით მიიწევდა წინ. დიეგომ მას გვერდი აუარა და გზა განაგრძო. უცებ საშინელი ჭახანი მოესმა. მოიხედა. ბიჭი დამსხვრეული ბოთლებით სავსე პარკს დაჰყურებდა. `საწყალი, მეორეჯერ მოუწევს ყველაფრის ყიდვა.~ გაიფიქრა დიეგომ და გზა განაგრძო, მაგრამ ნაბიჯი რომ გადადგა ისევ მოიხედა. ბიჭი პარკიდან ბოთლების ნამსხვრევების ამოღებას ცდილობდა. `მივეხმარები ამოღებაში~ _ გადაწყვიტა დიეგომ და ბავშვთან დაბრუნდა. მან მისი მისვლა არ შეიმჩნია. ისევ ამაოდ ცდილობდა ნამტვრევების პარკიდან ამოღებას. პატარა, გამხდარი ბიჭი იყო. ექვსი_შვიდი წლის იქნებოდა. გრძელი თმა სახეს უფარავდა. დიეგო დაიხარა და პარკში ჩაიხედა. ყველაფერი ერთმანეთში აზელილიყო და ბოთლის ნამტვრევებთან ერთად წყალში ტივტივებდა.
_ პურიც დასველებულა, _ თქვა ბავშვმა.
_ არაუშავს, _ უთხრა დიეგომ უზრუნველად, _ ხდება_ხოლმე, _ და მეგობრულად ლოყაზე ხელი მოუთათუნა.
_ დედა ხომ არ გაგიბრაზდება?
ბავშვი დუმდა. შენიშნა, რომ ბავშვს ტუჩები უკანკალებდა.
_ მოდი, რაც გადარჩა ამოვიღოთ, _ უთხრა დიეგომ.
_ არაფერი არ გადარჩა, _ თქვა ბავშვმა რაღაცნაირი მტკიცე ხმით.
დიეგო შეფიქრიანდა. ბავშვი თავჩაღუნული იდგა და არ ინძრეოდა. მხოლოდ ტუჩები უთრთოდა და ისიც ოდნავ შესამჩნევად. ეტყობოდა, რომ ვაჟკაცურად უმკლავდებოდა უზარმაზარ განსაცდელს.
_ახლა რა უნდა ქნა? _ ჰკითხა დიეგომ და თავზე ხელი გადაუსვა.
_თავიდან ვიყიდი, _ თქვა ბავშვმა მტკიცედ და თავი გაიქნია, რომ
დიეგოს ხელი მოეშორებინა.
`რა ამაყია~, გაიფიქრა დიეგომ.
_ წამოდი, წაგყვები.
ბავშვს პარკი გამოართვა, ხელი ხელში ჩასჭიდა და კიბეზე დაეშვა.
– ნუ გეშინია, ეგეთები მომხდარა? ეგ არაფერია! – სცადა გაემხნევებინა ბავშვი.
გამყიდველ ქალს გაზეთის კითხვაში ჩასძინებოდა. რომ მიუახლოვდნენ, ცალი თვალი გაახილა.
* რა იყო, ნიკუშ? – ჰკითხა ბავშვს.
* გამიტყდა. თავიდან მომეცით ყველაფერი – თქვა ბავშვმა რაც შეეძლო
დინჯად, ჯიბეში ხელი ჩაიყო, ლარიანი ამოიღო და გამყიდველს გაუწოდა.
ქალი გაკვირვებული დააშტერდა გამოწვდილ ხელს. ლარიანი აშკარად არ იყო საკმარისი, მაგრამ ბავშვი მაინც ჯიუტად იშვერდა ხელს და თავჩაღუნული მიწას დასცქეროდა.
გამყიდველმა ახლა დიეგოს მიაპყრო გაოცებული მზერა.
* რამდენი უნდა? – იკითხა დიეგომ.
* შემახსენეთ რა იყო?
დეიეგომ პარკში ჩაიხედა და მინერალური წყლის ეტიკეტს მოჰკრა თვალი.
* მინერალური წყალი.
* სამი მინერალური წყალი. – თქვა ბავშვმა ისე, რომ თავი არ აუწევია.
* სამი მინერალური წყალი, _ გაიმეორა დიეგომ, _ ორი პური...
* ჰო, ჰო, მახსოვს, _ თქვა გამყიდველმა, _ სამი მინერალური, ორი პური,
რძე, ხაჭო, არაჟანი, ყვავილოვანი კომბოსტო... გრძელი სია იყო. ქალმა ყველაფერი ჩამოთვალა და თან საანგარიშოზე თითით რგოლები ჩამოყარა.
– სულ 38 და სამოცი.
დიეგომ საფულე ამოიღო, გახსნა და ფული გაუწოდა.
ქალმა მოწონების ნიშნად შეთქმულივით გაუღიმა და პროდუქტების ჩალაგებას შეუდგა.
* და ერთი კევი, _ თქვა ბავშვმა.
* რა? Mმოუტრიალდა გამყიდველი.
* ერთი კევიც იყო.
გამყიდველმა და დიეგომ ერთმანეთს შეხედეს. ორივეს ღიმილი მოერია.
გამყიდველი ჩალაგებას მორჩა.
* ესეც ერთი კევი, _ თქვა მან და ერთი შეკვრა კევი პარკში ჩააგდო.
* გმადლობთ! უთხრა მას დიეგომ.
* კარგად იყავით.
დიეგო და ნიკუშა ხელიხელჩაკიდებული შევიდნენ სადარბაზოში.
_ რომელ სართულზე ხარ?
_ მეექვსეზე.
_ ლიფტით ახვალ?
_ არა, დედამ თქვა ლიფტით არ იარო, თორემ გაიჭედებიო.
_ წამოდი, მაშინ მე აგიყვან.
ლიფტში ჩუმად იდგნენ. პედროს ტუჩები აღარ უკანკალებდა.
* ეს კარია? – იკითხა დიეგომ ლიფტიდან რომ გამოვიდნენ.
* ჰო.
დიეგომ პარკი ძირს დადგა. ძარი დარეკა და კიბისკენ წავიდა.
* გმადლობთ, _ თქვა ნიკუშამ ისევ ისე მტკიცედ და თავი ისევ არ
აუწევია.
* არაფრის, აბა, შენ იცი! – უთხრა დიეგომ და კარის გაღებამდე რომ
იქაურობას გასცლოდა, კიბეებზე ჩაირბინა.
გარეთ რომ გამოვიდა, საფულე გახსნა და შიგ ჩაიხედა. ხურდებიღა იყო დარჩენილი. იქაურობას თვალი მოავლო. ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ. კარები ქვებისგან და სკოლის ჩანთისგან გაეკეთებინათ. ბიჭი და მისი კევი გაახსენდა. გაეღიმა. საფული ჯიბეში ჩაიდო და სახლისაკენ გზას გაუდგა.
შიმშილი
`რა ყველაფერს უტვინოდ აკეთებენ, ამათი დედაც რომ მოვტყან! თუ ავტობუსები არ ქონდათ, რას აუქმებდნენ იმ მარშუტკებს...~ უკვე მეშვიდე ავტობუსი მოდიოდა გაჭედილი.
უცებ გამწარდა. უკვე კარგა ხანი იყო, რაც თავში ჭიანჭველები დაურბოდნენ, მაგრამ ახლა კბენაც დაუწყეს, თანაც ყველამ ერთად და ისე მწარედ, როგორც ნამდვილმა ჭიანჭველებმა იციან.
ფული არ ჰქონდა, მაგრამ ქუჩაში დგომა აღარ უნდოდა.
მძღოლმა სარკეში გამოიხედა და აფთარივით შიგ თვალებში ჩახედა. სასტიკი საყვედურით სავსე თვალები მოულოდნელი ტყვიასავით მოხვდა. გული აუჩქარდა. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ მძღოლმა იცოდა, ფული რომ არ ჰქონდა. ახლა იმას ფიქრობდა, როგორ ჩასულიყო ისე, რომ თავი შეურაცჰყოფილად არ ეგრძნო, თუმცა ისიც იცოდა, რომ ასეთი გამოსავალი არ არსებობდა. ყველაზე კარგი ვარიანტი უკანა კარით ჩასვლა და ჩქარი, საქმიანი ნაბიჯით წასვლა იყო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გაიფიქრებდა, ვიღაც მგზავრმა დამინახა და ყველაფერს მიხვდაო და მოიშხამებოდა.
...რა უცებ დამარტყა...~ გულ_მუცელი ეწვოდა. დაჭიმული ძარღვები სხეულს უსერავდა და თავი უწიოდა. ავტობუსი გაჭედილი იყო. ამანაც თავისი ქნა. სული შეეხუთა და ოფლმა დაასხა. ავტობუსი გაჩერდა. ვიღაც ჩავიდა და ცარიელი ადგილი გაჩნდა. არც უფიქრია, ისე დაიკავა ადგილი და ვინმე მოხუცი რომ არ გაჩხეროდა თვალში, ფანჯარაში დაიწყო ყურება.
სპაზმმა გაუარა, თუმცა არც დაჭიმული ძარღვები გამქრალა სადმე და არც ჭიანჭველები გაქცეულან. ყველაფერი იქვე იყო, ოღონდ მიწყნარებული და მიყუჩებული.
შვება იგრძნო.
`გაბოროტდი და გაბანძდი... ეგ იმიტომ, რომ ცუდად გახდი. შიმშილმა დაგარტყა და ტკივილმა გაგაბოროტა... არ უნდა გავბოროტდე... მაინც რას ერჩოდი `ამათ~?.. უხ, მაგათი!.. ისევ ბოროტდები?... აბა რა ვქნა, იმის მაგივრად, რომ მართლა ააშენონ ქვეყანა... გაჩერდი, ახლა ცუდად ხარ და ცუდი აზრები მოგდის, გაიგე?.. ეგ რა შუაშია, ამდენი მშიერი და უბედური ადამიანი რომ არ შეგეცოდება და დაბოლებას დაუწყებ, არა ხარ ნაბიჭვარი?... გაჩუმდი მეთქი, ცუდად ხარ ახლა და ეგ გალაპარაკებს, მეტი არაფერი... ცუდად კი არა... არა? შენ არ იყავი, რომ ამბობდი, სინამდვილეს ათასი სახე აქვს და ვისაც თავი სრულიად მართალი ჰგონია, სულელიაო?.. ჰო, მაგრამ ჩვეულებრივი სიმართლეც არსებობს, უბრალო და გასაგები... მაინც რომელი... რომელი და ის, რომ ვისაც დამშეული და გატანჯული ადამიანები არ ეცოდება, ის გულქვა ნაბიჭვარია და არა კაცი... მართალი მაინც არ ხარ... ვითომ რატომ... იმიტომ რომ, შენ თვითონ არ ამბობდი, სიმართლე ფაქტი კი არა, სიყვარულიაო, შეუძლებელია მართალი იყოს ის, ვისაც ძულსო, ადამიანი მდინარეა, დღეს აიმღვრევა, ხვალ დაიწმინდებაო, შენ არ ამბობდი?.. ვამბობდი... მერე?.. მშია!.. ვიცი...
მშია!.. გაჩუმდი... შენც გაჩუმდი... ~
მეორე კარიდან ჩამოვიდა და არავის თვალებს რომ არ წაწყდომოდა, უკანმოუხედავად გზას დაადგა.
რაღაც ვიწრო ქუჩაზე გავიდა.
მიდიოდა და ძალაუნებურად ლამაზი, მოჩუქურთმებული სახლების ფანჯრებში იყურებოდა. უკვე დიდი ხანია ასეთი ჩვევა ჰქონდა – ყველა სახლზე უნდა ეოცნება და ახლაც უნებურად ამ ჩვევამ ძლია, თუმცა აქტიურად კი არ არჩევდა სახლებს, როგორც ჩვეოდა ხოლმე, ისე, უნდილად, უინტერესოდ ათვალიერებდა. ყველა სახლს ერთი ერჩივნა – ის რომელიც დიდი ხანია ესიზმრებოდა...
რამდენი ბედნიერი წელი გაატარა ამ სახლში, მაგრამ რატომღაც მარტო ერთი დღე ახსენდებოდა ცხადად. უფრო სწორად ერთი დილა, თანაც ნოემბრის ცივი, უჟმური დილა. თუმცა სიცივე მხოლოდ გარეთ იყო, ის კი თბილი საბნის ქვეშ იყო შეყუჟული და განაბული. ოთახში სიჩუმე იდგა, გარეთ კი წვიმდა და წვიმის ხმაური ამ სიჩუმეს კიდევ უფრო აშკარას ხდიდა. დიდხანს უსმენდა წვიმის რახარუხს. თვალდახუჭული იწვა, მაგრამ ხედავდა, როგორ ეცემოდა წვეთები ასფალტს, მანქანებს... თავის ხუთ თითზე უკეთესად იცოდა მთელი ეზო და ახლა თვალდახუჭული ხედავდა. წვიმა სახურავზე ჟანგიან მილში მოჩხრიალებდა და ეზოში იღვრებოდა იმდენი და ისე თავისუფლად, მძლავრად და ლაღად... წვიმიანი ჰაერის სუნიც კი ახსოვდა... საწოლში იწვა თვალდახუჭული, ჩათბუნებული, მოჯადოებული. გრძნობდა ოთახს, სახლის სველ კედლებს, ეზოს, წვიმას, რუხ ცას... და აღარასოდეს, აღარასოდეს აღარ განმეორებულა ასეთი ტკბილი დილა. უკვე რამდენი წელია, ეს დილა ელანდებოდა და ენატრებოდა დღისით, როგორც ტკბილი და სამუდამოდ გამქრალი სიზმარი და ესიზმრებოდა ღამით, გაფერმკრთალებული, ბუნდოვანი და ტკბილ_მწარედ შორეული.
`ერთხელ მაინც გამეორდეს ის დილა ისევ ისე ცხადად და ტკბილად, როგორც მაშინ... ~
`თანაგრძნობა... არ არსებობს... ტყუილად მოგონილი სიტყვაა. ადამიანს უბრალოდ არ აქვს ამის უნარი. ვისაც არ უშიმშილია, მისთვის შიმშილი ყოველთვის აბსტრაქციად დარჩება და ვერასოდეს უთანაგრძნობს მშიერს. ვისაც სახლი არ დანგრევია, ვერასოდეს მიხვდება, რა არის უცხო ქალაქებში წლობით წანწალი, ვერ იგრძნობს, რა არის ჩემი ოთახი, ის დილა და ის წვიმა... ადამიანს მხოლოდ წიგნის კითხვისას შეუძლია თანაგრძნობა, როცა პერსონაჟი ანტარქტიდაზე იყინება და კვდება, ის კი თბილ სავარძელში მოკალათებული ცრემლებად იღვრება. მერე გავა ქუჩაში, დაინახავს ადამიანს, რომელიც იმ პერსონაჟზე არანაკლებ გასაჭირშია და მისგან განსხვავებით ნამდვილია და ისე ჩაუვლის, წარბსაც არ შეარხევს. ცრემლს კი არა, ერთ უსიამოვნო ფიქრსაც არ გაიკარებს, უბრალოდ `ვერ შეამჩნევს~ და თუ შეამჩნევს, მაინც ცივად აუვლის გვერდს. ეს არის ადამიანების თანაგრძნობა... გაძღომამდე ჭამა და ნიანგის ცრემლების ღვრა იმაზე, ვინც ძალიან შორსაა, გაზეთში ან ეკრანზე... ზუსტად ესაა თანაგრძნობა, სხვა არაფერი... და ესაა ყველაზე მწარე სიმართლე, რაც შეიძლება ადამიანმა საკუთარი თავის შესახებ შეიტყოს... ჰ... მეც?.. ჰო ალბათ მეც.~ ასეთი ჩვევა ჰქონდა, თუ ვინმეს გაკიცხავდა, მერე ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა შეემოწმებინა, თვითონაც ხომ არ იყო ასეთი და თუ ბოლომდე ჩაეძიებოდა, თითქმის ყოველთვის გამოდიოდა, რომ მართლაც იყო. `მაგრამ მე მშია... ვის უნდა დავეხმარო, როცა მე თვითონ მშია~ და უცებ სასწაული მოხდა – გაეღიმა. მშიერს და თავატკიებულს გაეღიმა: `ჰ, აი პარადოქსი – ყველაზე დიდი ცოდვა მშიერისადმი გულგრილობაა, და ამ ცოდვისგან მხოლოდ მაშინ ხარ თავისუფალი, როცა გშია.~ ეს აზრი მოეწონა და ერთხანს სიამოვნებით ატრიალა გონებაში, მაგრამ ბოლოს მაინც ფიქრის დინებამ წაიღო. `...მაინც სისულელეა _ რახან არ გაქვს და ვერ ეხმარები, იმიტომ ხარ თავისუფალი? თუ ასეა, რომ გქონდეს, მაინც ხომ არ დაეხმარებოდი? სისულელეა. გულგრილობისგან თავისუფალი მხოლოდ ისაა, ვინც სხვის გასაჭირს განიცდის, თანაუგრძნობს. აი, ასე ბანალურადაა საქმე. პარადოქსებში ყოველთვის რაღაც ტყუილია...~
`თუმცა თანაგრძნობაც პირობითია... ამ ქვეყნად ერთდროულად რამდენი მილიონი ხეიბარი და მშიერია, თუნდაც ახლა, ამ წუთში... როგორ შეიძლება ყველას ერთად თანაუგრძნო... შეუძლებელია თანაგრძნობა... ეს ფუფუნება მხოლოდ იმას ჰქონდა, ვისაც, ათასი წლის წინ, თავისი სოფლის გარდა არაფერი ენახა და გაეგონა... რაც გინდა იფიქრე, ყველაფერი სისულელე გამოდის... და რახან თანაგრძნობა შეუძლებელია, მხოლოდ გულგრილობაა შესაძლებელი... კიდე კარგად ვარ, ამდენი ფიქრი რომ შემიძლია. ახლა ეს ჩიბურეკი მომცა და მერე მომკლა...~ ჩიბურეკი პერაშკთან ერთად იდო შუშის დახლზე. ჩიბურეკის ქვეშ 50 ეწერა, პერაშკის ქვეშ – 25. გამყიდველი ქალი საქმიანად ახვევდა ხაჭაპურს ქაღალდში. უცებ ცუდად გახდა – ჯერ გაბუჟდა, მერე კი გულისრევა იგრძნო. ცოტა რომ გადაუარა, შუშა ხომ არ გავტეხოო, გაიფიქრა, მაგრამ წამსვე მიხვდა, რომ ამისთვის არც ძალა ეყოფოდა და არც გამბედაობა. `თანაც ვინ მიმიშვებს ჩიბურეკამდე, სანამ ავიღებ, გამასამართლებენ... თუმცა რა, მართლა რომ ჩავტეხო ან თუნდაც ხელიდან გამოვგლიჯო ხაჭაპური და ჭამა დავიწყო რა მოხდება, მომკლავენ? დამხვრეტენ? ცოტას ხომ მაინც შევჭამ, მერე კი რაც გინდა მოხდეს...~ ამას ფიქრობდა, თუმცა კარგად იცოდა, რომ მაინც არ იზამდა, თუნდაც იმიტომ, რომ სუსტად იყო და ვინმესთვის რაიმეს ხელიდან გამოგლეჯის კი არა, მუშტის შეკვრის ძალაც არ ჰქონდა. გულისრევა გაძლიერდა და ოფლმა დაასხა. თავში წივილმაც იმატა და იგრძნო, რომ ამ აწივლებულ თავზე განიერი, ატკივებული მილი იყო მიერთებული და პირდაპირ კუჭში ჩადიოდა. იქ მილი ფართოვდებოდა და ვეებერთელა, ატკივებულ გუბეს უერთდებოდა. მილიც და გუბეც ცარიელი იყო და ეს აწივლებული სიცარიელე გონებას უბნელებდა. უკვე აღარ ახსოვდა, წუთის წინ თანაგრძნობაზე და კიდევ რაღაცაზე რომ ფიქრობდა. `აღარ შემიძლია~ _ მხოლოდ ეს ორი სიტყვა აეკვიატა, უფრო სწორედ ამ სიტყვების აზრი. ჩიბურეკის ყურებაც აღარ შეეძლო. ნელი ნაბიჯით ბაღისკენ წავიდა. შევიდა თუ არა, სასმელი წყლის შადრევანს მოჰკრა თვალი. სწრაფად მივიდა. წყალს ზურგზე სკოლისჩანთამოკიდებული ბავშვი სვამდა. დიდხანს სვამდა.
დიდხანს სვამდა...
ბოლოს ისე ამოხედა, წყლისთვის ტუჩები არ მოუშორებია, მაგრამ დაინახა თუ არა, მაშინვე გზას გაუდგა ბავშვი. წყალს დაეწაფა. სვამდა და სვამდა, მაგრამ რაღაც არ ყოფნიდა. მერე შადრევანს თითი დააჭირა, ისე რომ წყალს პატარა გასასვლელი დარჩენოდა და იმ გასასვლელიდან უფრო მეტი ძალით ამოეხეთქა. ასე უფრო ესიამოვნა. კიდევ დიდხანს სვამდა, მერე წყალი სახეზე შეისხა და იქვე სკამისკენ წავიდა. სკამზე დაეშვა და სახე დაიზილა. უკეთ იყო. ღრუბლებიდან მზემ გამოიხედა. გათბა და ესიამოვნა. თავი უკან გადააგდო და მზეს მიეფიცხა. ასე უნდოდა ყოფნა დიდხანს, უსასრულოდ... მაგრამ იგრძნო, რომ რაც მეტ ხანს გაჩერდებოდა, მით უარესი იყო. თითქოს რომელიღაც მხეცი ჩასაფრებულიყო სადღაც ახლოს და რაც დრო გადიოდა, გაქცევის შანსიც უფრო კლებულობდა. რაღაც უნდა ექნა, უნდა ეჭამა.
უნებურად წამოიწია და მიმოიხედა. ბაღში ვიღაც შემოვიდა. ნელა მოდიოდა. თვალებმოჭუტული უყურებდა და ბუნდოვნად ხედავდა. რომ მოუახლოვდა, ხელი ასწია. თვალები გაახილა. `აააა...~
– გაუმარჯოს.
– როგორა ხარ?
გადაიკოცნენ.
ნაცნობი იყო, მელოტი და ელეგანტური, ძალიან, ძალიან შეჩვეული და ახლობელი სახით, ოღონდ სახელი არ ახსოვდა. ვერც ეკითხებოდა და ასე წლიდან წლამდე კოცნიდა და კოცნიდა.
– სახლში როგორ ხართ?
– არა გვიშავს.
– დედა როგორაა?
– დედა? დედა... აღარ არის.
– რას მელაპარაკები! როდის მოხდა?
– წელს.
– უცბად?
– უცბად.
– რას ამბობ... ისე წვალებას მაინც ეგრე ჯობია...
– ჰო...
– ვიზიარებ ძმაო... კარგი, წავედი ახლა, სხდომა იწყება და...
– ...
მაინც გაუღიმა. ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის უღიმოდა ხოლმე დამშვიდობებისას. ხელიც ზუსტად ისე მოუთათუნა, როგორც ყოველთვის.
`რატომ არ უთხარი?... როგორ უნდა მეთქვა... როგორ და ჭრელად... როდის მეთქვა, ეგრევე დედაზე მკითხა... მერე რა, მაგ დროს უფრო შეეცოდებოდი... ფუ, შენი...~ წამოჭარხლდა. `რა დამპალი ვარ, რა აზრები მომდის... კიდევ კარგი, მართლა არ ვკითხე! ესე იგი, ჯერ ბოლომდე არ დამრხევია... მაინც რამ აკითხვინა, ნეტა მართლა თუ იცნობდა დედას? რა სისულელეა, საიდან უნდა ცნობოდა. სულ ეგრე არ იცის? – `დედა როგორაა...~ რა ახლობლური უჭირავს, ზომიერად ახლობლური... ზომიერი მოკითხვა, ზომიერი ჟესტები, ზომიერი ხანგრძლივობის დიალოგი, ზომიერი ღიმილი, ზომიერი სითბო... სიკეთეც ალბათ ზომიერი ეცოდინება... ნეტა თუ არსებობს ზომიერი სიკეთე? ... ზომიერად კეთილი... (ეს ხმამაღლა თქვა, მაგრამ არ შეუმჩნევია)... ისე მართლა უნდა მეთხოვა, საინტერესოა, რას იზამდა... მშია!.. უნდა მეთხოვა... მაგრამ ხომ ვიცი, რომ ვერ ვთხოვდი, ვერაფრით ვერ ვთხოვდი... თხოვნა რომ შემძლებოდა... ისე რა საჭიროა ახლობლები... თუ ნაცნობები, თუ ვერ ეტყვი, რომ გშია...~
ახლაღა შეამჩნია, რომ ქუჩაში მიდიოდა. ჩამოფხავებული სასადილო დაინახა. არც უფიქრია, ისე შევიდა. არ ეგონა, კიდევ თუ არსებობდა ასეთი სასადილოები – ძველი, ბინძური სასადილოები `სუფთა სახით~. ჩაჟამებულ კედლებზე დაკიდული ნახატებიც – აივაზოვსკის გემის დაღუპვა და (კარგად არ ახსოვდა, ალბათ რეპინის) დათვი – ისე ჩაყავისფრებულიყო და შეზრდილიყო კედელს, რომ ერთი შეხედვით ვერც შეამჩნევდი. ყველაფერს სიბინძურის დაღი აჩნდა – იატაკს, მაგიდებს... ცარიელ მაგიდასთან ჩამოჯდა და იმწამსვე ბავშვობისდროინდელმა რეფლექსმა გაახსენა, რომ ასეთ ადგილებში ტყუილად მჯდომები გამყიდველი ქალების განრისხებას იწვევდნენ – ფეხებზე ეკიდა და გაუმართლა კიდეც – გამყიდველს მისკენ არც გამოუხედავს, თავჩაღუნული რაღაცას ჩაჰკირკიტებდა – ალბათ ანგარიშის რვეულს, ან კროსვორდს.
შიმშილი აღარ აწუხებდა, უბრალოდ თავში ბუნდოვან სიცარიელეს გრძნობდა – არც უსიამოვნოს და არც სასიამოვნოს. შტორმმა გადაიარა და ახლა ყრუდ მტკივნეული, მაგრამ მაინც სიმშვიდე იდგა.
ერთი მაგიდის იქით ორი კაცი იჯდა. წვერგაუპარსავები და გაბურძგნულები. მაგიდაზე ოთხი ცარიელი და ერთიც ნახევრადსავსე ბოთლი იდგა, თეფშზე – მარტო მწნილი და შავი პური. უფრო სიღრმეში უფრო ბევრნი უსხდნენ მაგიდებს. ერთგან ხინკალს ასდიოდა ოხშივარი.
თვითონაც გაუკვირდა, რომ ხინკლის დანახვაზე ელეთ_მელეთი არ მოსვლია. უარესი დაემართა – რაღაც ძალიან შორეული და თან ნაცნობი უიმედობა იგრძნო. აი ისეთი, სიზმარში რომ მოსაკლავად მოგსდევენ, გაქცევა რომ გინდა და ფეხებში კი ძალა არა გაქვს. რაღაც უჟმურის მოსაშორებლად ხელი რომ გინდა მოიქნიო, ხელი კი თითქოს სხვისია, არ გემორჩილება.
` გამომეღვიძოს მაინც...~
მზერა იგრძნო.
კარებში ათიოდე წლის ლოტოს კოჭივით გოგო იდგა _ მთლიანად ოვალური, ლოყებპუტკუნა. ისე იყო გაბურძგნული, მახინჯის მეტი არაფერი ეთქმოდა. მხოლოდ დაკვირვებული თვალი თუ შეამჩნევდა მის პატარა და ლამაზ ცხვირ_პირს. წითელი კაბა და ჯინსის კურტკა ეცვა. მათხოვარზე ცოტა უფრო უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც ჭუჭყიანი იყო. ხელში ერთ დროს თეთრი, ახლა კი განაცრისფრებული ერთჯერადი ჭიქა ეჭირა.
უყურებდა. მზერა დაიჭირა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა:
– ბიძია დამეხმარე რა, – თქვა და მიაშტერდა, თითქოს გამოცნობას ცდილობდა, რა პასუხს მეტყვისო.
– არ მაქვს, – `ესღა მაკლდა~.
– ოცი თეთრი რა, გეხვეწები.
– არ მაქვს.
– ოცი თეთრი რა, მეტი არ მინდა, ძალიან გთხოვ რა, რა მოგივა რა, ბიძია, რა, ძალიან მჭირდება რა, ოც თეთრზე მახვეწებ? კარგი რა ბიძია, რა... – ისეთი პირი უჩანდა, რომ ეს ზუზუნი არასოდეს შეწყდებოდა.
გულით ინატრა ოცი თეთრი, რომ ამ პატარა პროფესიონალისგან თავი დაეხსნა.
არ ქონდა.
– არა, მაქვს, – თქვა და მიტრიალდა, მაგრამ ახლა მეორე მხრიდან მიუდგნენ და იგივე მონოლოგი წაუკითხეს, ზუსტად იგივე, თითქოს ვიდეოზე გადაახვიეს და იმეორებდნენ.
– არა მაქვს მეთქი და რომც მქონდეს არ მოგცემ.
– რატომ? – გულწრფელად გაუკვირდა პატარა გამომძალველს.
– იმიტომ, რომ ბავშვებს ფულს არ ვაძლევ, – მიხვდა, რომ მონოლოგს ისევ დიალოგი ჯობდა.
– რატომ არ აძლევ?
– იმიტომ.
– ბავშვები არ გიყვარს? – და ბავშვმა გაუღიმა – გამომცდელად, აქაო და, ხომ გამოგიჭირე ცუდ საქციელშიო.
– არა, რატომ...
– აბა რატომ?
უნდოდა ეთქვა, რომ მათხოვრობა ცუდია, მაგრამ რატომღაც მოერიდა.
– იმიტომ, რომ... ბავშვი სახლში უნდა იყოს... და დედამ უნდა მოუაროს.
– დედა ავადაა, – ისე გულგრილად თქვა, რომ ყველაზე დიდი სულელიც არ დაიჯერებდა.
– მართლა? რა ჭირს?
– რაღაცა.
– მაინც?
– ნაღვლის ბუშტის ანთება!
– ააა, გასაგებია...
– ოცი თეთრი მომე რა!
– ოცი თეთრი რას გიშველის...
– მაშინ ლარი მომე! – არ დაიბნა ლოტოს კოჭი. იმედიანად იკითხა.
– ლარი არა? ეჰ, ლარი...
დახლზე საეჭვო ფერის, მაგრამ მაინც ღვეზელები იდო, ხორცის, ბრინჯის და კარტოფილის...
– ჰო, ლარი!
– ლარი რაღად გინდა?
– აბა სახლში როგორ წავიდე?
– რა, გზის ფული არა გაქვს?
– კი...
– აბა რა, ფულს თუ არ მიიტან, არ შეგიშვებენ?
– შემიშვებენ, როგორ არ შემიშვებენ. – ისევ ისე გულგრილად თქვა.
– აბა რად გინდა ფული?
– ჩემს და_ძმას საჭმელი ხომ უნდა ვაჭამო?
– და_ძმას? რამხელები არიან?
– ერთის... ერთის და ექვსის. – ესეც გულგრილად თქვა. აშკარა იყო, რომ ქუჩის დიდი გამოცდილება ჰქონდა – ყველაფერს გულგრილად ამბობდა. მიხვდა, რომ ამ პატარა ამოუცნობი ობიექტის ცხოვრებაზე ვერაფერს გაიგებდა.
– რა გქვია?
და მოულოდნელად აუდიენცია დასრულდა:
– ეეჰ, შენთან სალაპარაკოდ მცალია?..
პატარა საქმოსანი ხინკლიან_ოხშივრიანი მაგიდებისკენ დაიძრა.
უცბად შერცხვა, სახელი რომ ჰკითხა. `რა იდიოტი ვარ, ბანალური და მოსაწყენი, როგორც ყველა დიდი... ბავშვები კი რა ზუსტად გრძნობენ, სად იწყება მოსაწყენი ლაპარაკი – რა გქვია? რამდენი წლისა ხარ? რომელ სკოლაში სწავლობ? ხუთებზე თუ ოთხებზე?.. რუტინა...~
ამასობაში ლოტოს კოჭიც დაბრუნდა. გვერდით ამოუდგა.
– სკოლაში დადიხარ? – არ უნდოდა ეკითხა, მაგრამ მართლა დააინტერესა.
– არა.
– არც ბაღში გივლია?
– არა.
– არა?
– არა. კი, ბაღში დავდიოდი, _ შეცვალა უცებ.
– გაიგე ახლა... წერა_კითხვა თუ იცი?
– არც ერთი ასო არ ვიცი! – ამაყად თქვა, – არა, ოთხიანის წერა ვიცი! იცი როგორ ვწერ? – და ხელისგულზე თითით ოთხიანი მოხაზა, ოღონდ ბოლომდე არა.
– ცოტა მაღლაც ადი და ნამდვილი ოთხიანი გამოვა.
– ეე, რათ მინდა ოთხიანები... და_ამეხმარე რა, ბიძია! – კარებში ხინკლის ახალი მსურველები გამოჩნდნენ. ლოტოს კოჭიც მათკენ გაქანდა და აეტორღიალა.
`მართლა რად უნდა...~ ფიქრობდა და თან თვალს ადევნებდა, როგორ ცინცლავდა ხურდებს წითელკაბიანი ყაჩაღი ხინკლის მოყვარულებს, `უკვე ისეთი შებერტყილია, არ დაიკარგება... ესეც შენი განათლების და კულტურის აუცილებლობა... ვითომ რა, ცუდად იქნება? სულაც არა – პროფესია აქვს – მომგებიანი და თანაც საინტერესო... რა ჯობია, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ და თანაც ამაში ფულს გიხდიან... საყვარელს თუ არა, შეჩვეულს მაინც... ყოველ შემთხვევაში ჩემნაირი იდიოტივით დეპრესია მაინც არ მოკლავს...~ თან უთვალთვალებდა. უცებ გაეცინა, უფრო სწორედ, გაეცინებოდა, თავი რომ ჰქონოდა – მხოლოდ გუნებაში გაეღიმა, – მართლა არ ემუქრებოდა დეპრესია, მხიარულად შოულობდა ხურდებს.
`კარგია კარგი სამუშაო – ურთიერთობები, მრავალფეროვნება... მაინც რითი ვიწუნებ მათხოვრობას?~ ეს კითხვა სერიოზულად დაუსვა თავს – ირონიულ ხასიათზე იყო, მაგრამ იცოდა, რომ იწუნებდა, `რითი და... იმით, რომ ადამიანს ტყუილს აჩვევს, პროფესიონალ მატყუარას ხდის... მართალი ხარ, მაგრამ ვითომ ძალიან გამოირჩევა ამით სხვა პროფესიებისგან?.. როგორ არ გამოირჩევა... გეგონოს, რა არის ბიზნესის საიდუმლო, ყოფილო ბიზნესმენო, აწ კი მშიერო – ინფორმაციის ფლობა, ასე არ არის? რომელი ანტიკვარი ეუბნება კლიენტს – იცით, ეს ნივთი, ახლა თქვენ რომ ას ლარად უნდა მომყიდოთ, ორი ქუჩის იქით ორიათასი დოლარი ღირს... ან რომელი ბიზნესმენი გეტყვის რა რამდენად აქვს ნაყიდი? ასე რომ, ჩემო კარგო, ტყუილზე ლაპარაკი არ გინდა! გამოიჭერენ პატარა ბავშვს და მთელი ზნეობა და მორალი მაშინ ახსენდებათ... რატომ, ხომ არის პატიოსანი პროფესიებიც, მაგალითად ავტობუსის მძღოლი, ჟურნალისტი... ავტობუსის მძღოლს კიდვ არა უშავს, თუმცა იცი რას გეტყვი? – რომელიმე მძღოლს რომ უთხრა, შენი მანქანის ბოლი ხალხს წამლავსო, დაანებებს მძღოლობას თავს? – არა. ჰოდა გაჩუმდი... ეგ რა შუაშია... შუაშია, როცა იცი, რომ რაღაც ბოროტებაა და მაინც აკეთებ, სიყალბეში ცხოვრობ... ჟურნალისტი... ჟურნალისტზე არ მალაპარაკო ახლა... ჰო, მართალი ხარ, ეგ რამ მათქმევინა... ჰოდა რა გინდა ამ ბავშვისგან?.. არაფერი... ძალიან კარგი... რა მინდა და – პარაზიტად არ უნდა გაიზარდოს. ადამიანი სხვის იმედად არ უნდა იყოს, სხვის ხარჯზე არ უნდა ცხოვრობდეს... რატომ... იმიტომ, რომ არაა სწორი... ააა, ვიცი, ვიცი, ადამიანმა საკუთარი შრომით უნდა იშოვოს ლუკმა_პური, არა?... ზუსტად!... ეს ბუნების კანონია, არა? – ძლიერი უნდა გადარჩეს, სუსტი კი უნდა დაიღუპოს, არა?.. ზუსტად!.. და სუსტს არსებობის უფლება არ აქვს, არა?.. ზუსტად!.. ჰოო, ახლა რომ ვინმემ ხინკალი მოგიტანოს, უარს ეტყვი, არა?.. არა!.. ყველაფერი გასაგებია... რა ცუდად ვარ!...
ლოტოს კოჭი უკვე კარგა ხანია გვერდით იყო ატუზული. ხელში ხურდებს აჩხრიალებდა.
მზერა დაიჭირა.
– მაინც არ მომცემ ლარს?
პასუხი არ გასცა. იგრძნო, რომ შტორმი ისევ ახლოვდებოდა.
– გინდა, ჩემთან წამოდი, ერთად ვიცხოვროთ? – `რამ მათქმევინა...~
– არა. – სერიოზულად უპასუხა.
– რატომ?
– ჩემ დედასთან მირჩევნია. შენც ხომ შენ დედასთან გირჩევნია?
– კი.
– ყველას თავის დედასთან ურჩევნია... – პატარა მაწანწალა მსჯელობდა.
უცებ თაროზე ჩიჩილაკს მოკრა თვალი.
– გიხარია ახალი წელი?
– ახალი წელი არა ბახალი წელი! – ავყიაობდა პატარა რეალისტი. უცებ გასაცოდავდა – როგორ უნდა გამიხარდეს, ერთი ლარიც არა მაქვს. მომეცი რა ერთი ლარი!
– ხუთი არ გინდა?
– ხუთი იყოს... – თვალები აუციმციმდა.
გაეღიმა.
– ეჰ, ხუთი ლარი კი არა, სიგარეტი მინდა და არა მაქვს...
– გაგეგზავნები თუ გინდა! – კვლავ არ დაიბნა გამომძალველი. – მართლა, არ მეზარება. ეგერ არის მაღაზია!
აქ კი მართლა გაეცინა. ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა. ლოტოს კოჭი გაირტუნა.
_ სად ცხოვრობ?
_ შენი საქმე არ არის! _ რატომღაც გაბრაზდა და თავი შორს გასწია.
_მაინც?
_ დედასთან... ქუჩაში... სახლში...
Kარი გაიღო და მათხოვარი ბავშვები ხმაურით სემოცვივდნენ.
_ ამათ იცნობ?
_ ჩემი ზმაკაცები არიან!
_ წებოს სუნთქავენ?
ლოტოს კოჭმა ეჭვის თვალით ამოხედა, მაგრამ თვალებში სიმკაცრე ვერ შეატყო.
_ ეგენი კი.
_ შენ?
_ ფუუ!.. მისუნთქია...
_ მოგიპარავს კიდეც?
_ შენ რა, პოლიცია ხარ?
_ არა... მართლა არ ვარ.
_ საზამთრო მომიპარავს, ნესვიც, შოკოლადიც, _ ნადავლის გახსენება ახალისებდა, _ ბევრი რაღაცა...
_ ფულიც?
_ გითხრა?.. კაი, გეტყვი _ კი.
_ მერე არ გრცხვენია? _ უნებურად წამოცდა. Lოტოს კოჭმა გაკვირვებით შეხედა. ვერ იგებდა, რას კითხეს.
_არ გეშინია?
_ ფეხებზე მკიდია! _ თვალები დაუბრიალა.
_ რომ დაგიჭირონ?
_ ეეე, მე ვერ დამიჭერენ, ბავშვი ვარ! _ სიცილი აუტყდა, _ ბავშვი ვარ, ბავშვი, გაიგე? _ და ასე სიცილ-კისკისით სხვა ბავშვებისკენ გაიქცა.
`ესეც შენი ადამიანი _ ისეთი, როგორიც არის, ანუ ნატურალური სახით _ ამ მოგონილი მორალის და საზეპიროების გარეშე...~
უცებ თვალთ დაუბნელდა. თავი ჩაღუნა. ვერაფერს გრძნობდა, სიბნელის გარდა.
დიდხანს იჯდა. მერე თვალი გაახილა და თავი წამოწია.
ხმაური იყო. ლოტოს კოჭი იქვე იდგა.
– შენ დებილი ხარ? – ალალად კითხა.
ეუცხოვა, მაგრამ არ გაბრაზებულა, უბრალოდ დააინტერესა, რატომ ეკითხებოდა.
– რატომ?
– აბა დებილივით რატომ იყურები?
– დებილივით... ვიყურები?
– ჰო, რატომ? – აინტერესებდა.
– რა ვიცი... ალბათ...
– რა?
– მშია.
წამოდგა და კარისკენ დაიძრა. ეგონა, წაბარბაცდებოდა, მაგრამ სწორად გაიარა და კარში გავიდა. სიგრილე ესიამოვნა.
მიდიოდა და არ ფიქრობდა.
ისევ ბაღი. ისევ წყალი. ისევ სკამი. ისევ მზე...
მზე ყოველთვის გათბობს, მაშინაც კი, როცა მხეცი შიგნიდან გჯიჯგნის და აღარაფერი გიშველის...
უცებ ვიღაცამ სახელოზე მოქაჩა.
– დებილო!
თავი ასწია.
ლოტოს კოჭი იყო. ქაღალდის პარკი ეჭირა. მიაჩეჩა.
– აჰა, აიღე. – გულგრილად თქვა და გაიქცა.
ღვეზელები იყო – ხორცის, ბრინჯის და კარტოფილის.
...ბნელი გვირაბიდან ნელა, ნაბიჯ_ნაბიჯ, ლუკმა_ლუკმა გამოდიოდა. სინათლემდე ჯერ კიდევ შორს იყო. ჯერ კიდევ უწიოდა შიგნეული... მაგრამ უკვე გრძნობდა გაბურძგნული და ჭუჭყიანი პატარა ქალის ღიმილს სადღაც შორს, ძალიან შორს და სუსტად, რადგან ჯერ კიდევ არ შეეძლო, რაიმე ეგრძნო.
ძმა
ნაცრისფერ სპორტულ მანქანაში ოთხნი ჩავსხედით: მაიკლი და ლუი წინ, მე და ვიღაც უცნობი – უკან. მაიკლმა მანქანა დიდ გზაზე გაიყვანა, არ ვიცი, რა ქვია, ავტობანი თუ ჰაივეი, და მუსიკა ჩართო – რაღაც კლასიკა, ვითომ ამაღლებული, სინამდვილეში პომპეზური და დიქტორის ტვინივით ცარიელი.
დიდხანს ჩუმათ მივდიოდით. მე ჩემი ძმას, ლუის მეტს არავის ვიცნობდი. ლუი აქ დაირქვა, თორემ ისე ლუარსაბი ქვია. ამ მაიკლსაც ისეთი ეჭირა... სად მე სად თქვენო, ფიზიონომიაზე ეწერა, განსაკუთრებით კარგად მოვლილ ბლანჟეზე. აბა რა იქნებოდა – ის ნამდვილი ამერიკელი იყო, თანაც აგენტი (შპიონი კი არა, აი ის, ხალხს რომ ასაქმებენ და ამაში პროცენტს რომ იღებენ), ჩვენ კიდევ ვიღაც გუშინ ჩამობობღებულები რაღაც გაურკვეველი ქვეყნიდან. ეს ყველაფერი თავისთავად იგულისხმებოდა ყველაფერში – მის მანერებში, ტონში, სიჩუმეშიც კი, და მეც არ მიკვირდა. მეშინოდა კიდეც, რაიმე არ ეკითხა – ინგლისური კარგად არ ვიცოდი და ყოველი წინადადების თქმა და სხვისი ნათქვამის მოსმენაც ნამდვილი ტანჯვა იყო. ახალი ჩასული ვიყავი. ჩემი ძმა კი უკვე წლები იყო, რაც იქ ცხოვრობდა.
– კარგი მანქანაა, – უთხრა ინგლისურად, – მომწონს ეს მოდელი.
– ჰო, მაგარია, – მაიკლმა კმაყოფილმა გამოხედა ლუის, – წლევანდელი მოდელია. `ვენი~ გავყიდე, ეს რომ მეყიდა. ფულიც დავამატე და კიდევ ხუთი წელი უნდა ვიხადო, მაგრამ მაინც ღირდა. მაგრად გამიმართლა – 150 000 ღირს ეს მოდელი მაღაზიაში, მე კიდევ 80 000_ად მომცა ერთმა ტიპმა.
– ძალიან გაგმართლებია, – ჩემი ძმა გიჟივით, ნამდვილი მანიაკივით ისრუტავდა ყველა ამერიკულ გამოთქმას და უკვე თვითონაც ნამდვილი ამერიკელივით ლაპარაკობდა, – ვიცი ეს მოდელი, ბევრი ახალი რამე აქვს დამატებული.
მაიკლმა აშკარა მოწონებით გადმოხედა ლუის.
– ძალიან მაგარი ნავიგაციის სისტემა აქვს, ჯერ ვერც გავერკვიე ბოლომდე, იმდენი ფუნქციებია. ვერ ვიცლი, რომ ერთი კარგად ჩავუჯდე...
კლასიკური მუსიკა გამჭვირვალე კედელივით იდგა ჩვენს შორის. უცნობი ჩემს გვერდით ფანჯარეში იყურებოდა. ხეები მიქროდნენ უკუმიმართულებით. უხერხულობა ვიგრძენი.
– თქვენც შეხვედრა გაქვთ? – ვკითხე რუსულად, რადგან ვიცოდი, რომ ბალტიისპირელი იყო. მაიკლმა თქვა, ერთი ბალტიისპირელიც უნდა წამოვიყვანოო. უცნობი უცებ გამოცოცხლდა.
– სტასიკა, – მითხრა და ხელი გამომიწოდა. რომ ჩამომართვა, ცისფერი თუ მწვანე თვალები ისე მიმნდობად შემომანათა, რომ უხერხულობა ვიგრძენი.
– ბალტიისპირეთიდან ხართ?
– ჰო, იქიდან... თქვენ?
– საქართველოდან.
– მართლა? – სტასიკა წამოჯდა, – როგორ მიყვარს საქართველო! ნამყოფიც ვარ. მეგობარი მყავს ქართველი. გურამი ქვია. საქართველო... – თავი გვერდზე გადაწია და თვალები ოცნებაით მილულა, – რუსთაველი, ფიროსმანი... გალაკტიონი მიყვარს ძალიან. ხომ იცით გალაქტიონი?
გამეღიმა.
– გეცოდინებათ, აბა რა. რა თქმა უნდა იცით...
– მეც ძალიან მიყვარს...
– მართლა? – ლამის წამოხტა, – რა კარგია! იცი, როგორ მიყვარს პოეზია? ზოგჯერ ლამისაა ვიტირო ხოლმე. ბოდიში, შენობით რომ მოგმართავ, ხომ შეიძლება?
– პრობლემა არაა.
– მიხარია შენნაირი ადამიანების გაცნობა, გეტყობა რომ კარგი ადამიანი ხარ. თავიდანვე ვიგრძენი. ვგრძნობ ხოლმე ადამიანის აურას... შენ კარგი აურა გაქვს.
მესიამოვნა და თან სადღაც გამკრა, ცოტა დარტყმული ხომ არ არის მეთქი.
– მე ცოტა დარტყმული ვარ. ეს ისე, ცნობისათვის... აბა ისე საინტერესო არაა. ჩემი მტერი იქნა ნორმალური, არ მეთანხმები? – დამტვრეული რუსულით ლაპარაკობდა და უამრავ შეცდომას უშვებდა, – ძალიან მოსაწყენია ნორმალურების სამყარო – ერთნაირი ფიქრები, ერთნაირი სურვილები – უბადრუკი, უბადრუკი სამყარო... – ეს სიტყვები, `უბადრუკი~ იმხელა განცდით წარმოთქვა, რომ წამსვე თვალწინ დამიდგა ვიღაცის უფერული, ერთფეროვანი ცხოვრება.
ცოტა არ უყოს, შევცბი და გაჩუმება ვარჩე.
კლასიკური მუსიკა ჯაზმა შეცვალა – ასევე კლასიკურმა, გულისგამაწვრილებელმა და უაზრომ...
– ყოჩაღ, შენც მაგარი პროფი ყოფილხარ, – ეუბნებოდა მაიკლი ლუის, – `ბენგ ენდ ოლაფსენის~_ის აპარატურა ხუმრობა არაა. ერთ დროს `პივეი~ მქონდა, მაგრამ გავყიდე.
– `პივეი~ კარგია, მაგრამ წლები რომ გადის, ხვდები, რომ მაინც `შირპატრებია~ და აღარ გაკმაყოფილებს. `ჯენელეკის~ და `ბენგ ენდ ოლაფსენის~ საუნდი სულ სხვაა. ეგენი მარტო `ჰაი კლასის~ აპარატურაზე მუშაობენ, ზე_გამტარებს, პლატინას და ტიტანს იყენებენ. მაგათი ფასები რვა ათასიდან იწყება...
– მაგარია, მართლა მაგარია. ერთ ჩემს მეგობარს აქვს. სულ სხვა საუნდია...
– მეც მაგრა გამიმართლა. წარმოიდგინე, `ბი_ჯეი~_სთან ვდგავარ, აპარატურის მაღაზია როა, ხომ იცი?
– როგორ არა, სულ მანდ არა ვარ?
– მეც! – შეთქმულებივით გადახედეს ერთმანეთს, – ჰოდა ვდგავარ და ვიღაც ტიპი აჩერებს დიდ `ვენს~. ეი, ჯიგარო, მაგარი აპარატურა ხომ არ გინდაო. რა აპარატურა_მეთქი. მანქანაში ჩაჯექიო. ჩავჯექი. ვხედავ, ნამდვილი `ბენგ ენდ ოლაფსენის~ დინამიკები. თვალებს არ დავუჯერე. ეს ტიპი მეუბნება, თუ ახლავე გადამიხდი, 3 000 ბაქსად მოგცემო.
– ეგ როგორ? – გაუკვირდა მაიკლს.
– საწყობში ვმუშაობო. ეს აპარატურა კლიენტთან მქონდა წამოღებული, საწყობში რომ დავბრუნდი, დაკეტილი დამხვდა და სახლში წამოვედი, რომ მოვედი, საბუთები დავათვალიერე და აღმოვაჩინე, რომ ჩემს უფროსს სიაში ამ დინამიკების შეტანა დავიწყებია, ჰოდა იაფად ვყიდი, დღესვე უნდა გავყიდოო.
– რა უცნაურია...
– ჰო, რა ვიცი, მეც გამიკვირდა. შეიძლება სულ სხვა ამბავი იყო, მაგრამ რა ჩემი საქმეა – მთავაზობენ და მეც ვყიდულობ. მე მგონი კანონს არ ვარღვევ...
– მართალია, შენ რაში გეხება. კანონს არ არღვევ.
ჯაზი შემაწუხებელი გახდა. ვერ ვიტან, როცა ვიღაც გაუწონასწორებელი ტიპები საკუთარ მნიშვნელობას ამ ქვეყანაზე საქსაფონზე ბევრი ნოტის აღებით ამტკიცებენ.
– მუსიკა გიყვარს? – მკითხა სტასიკამ. ქერა თმიანი იყო და რბილი ნაკვთები ქონდა. დამჯდარსაც ეტყობოდა, რომ დაბალი უნდა ყოფილიყო.
– როგორ არა, ვუკრავ კიდეც, – გავიმარიაჟე.
– მართლა? – ისევ გაუხარდა, – რაზე?
– გიტარაზე, ფორტეპიანოზე...
– რა კარგია. მე არ ვიცი დაკვრა – ნიჭი არა მაქვს, – ძალიან უბრალოდ თქვა, თავის შეცოდების ან სინანულის გარეშე, – მაგრამ მუსიკა ძალიან მიყვარს. უმუსიკოდ არ შემიძლია. მე თუ მკითხავ, ყველაზე დიდი ხელოვნებაა. პოეზია ასოციაციების გზით მაინც ტვინს გაივლის, მუსიკა კი პირდაპირ გულში გხვდება, კაცმა არ იცის, როგორ... სასწაული არ არის? – პირდაპირ თვალებში შემომხედა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ვიგრძენი, რომ მისი ასეთი პირდაპირობა მაღიზიანებდა, თუმცა მის საქციელში სიყალბის ან თამაშის ნატამალი არ ერია.
– რა მუსიკა გიყვარს?
– რა ვიცი... როკი, კლასიკა... – ამ კითხვას ყოველთვის სერიოზულად ვპასუხობ, თითქოს ჩემს პასუხზე იყოს დამოკიდებული მსოფლიოს მუსიკალურ მიმდინარეობათა ბედ_იღბალი, – ყველაფერი მიყვარს, ინდური მუსიკაც კი...
– რაა? ინდური მუსიკა? – სტასიკამ თავი ლამის ჭერს აარტყა, – ღმერთო! – და არც აცია, არც აცხელა, პირდაპირ გადამეხვია, თან ხელი ხელზე მაგრად მომიჭირა, – ღმერთო ჩემო, ინდური მუსიკა! კირტანები, ბჰაჯანები...
– რაგა, – ჩავურთე მე.
– რაგა, აბა რა, რაგა! რავი შანკარი, ალი აკბარ ხანი!..
– ჰარიპრასად ჩაურასია!
– ჩაურასია! აბა რა! – ისე ხმამაღლა წამოიძახა აღტაცებულმა, რომ მაიკლმა და ლუიმ მოიხედეს, მაგრამ ისევ მიიხედეს, გართულები იყვნენ საუბარში.
– ინდური ფლეიტა რომ მესმის, პირდაპირ ცრემლები მომდის!
– ინდური ვიოლინოც კარგია...
– კი, ვიოლინოც, ვიოლინოც... სიტარა?
– სიტარაც მაგარია.
– საოცრებაა, რა მისტიკური ბგერა აქვს, არაამქვეყნიური... მაგრამ ინდური ფლეიტა სულ სხვაა – ჩაურასიას რომ ვუსმენ, გული ყელში მებჯინება. ამ დროს ვგრძნობ, რა მშვენიერეი ყველაფერი – ხეები, ცა, ჰაერი... რა სილაღეა, რა სიმსუბუქე სამყაროში... – თვალგანათებული ლაპარაკობდა, – ასე მგონია, ინდურ ფლეიტას ადამიანი კი არა, თვითონ ბუნება უკრავს... და... იცი რა არის ამ მუსიკაში ყველაზე საოცარი? ის უსასრულოა... იცი, რისი თქმა მინდა?.. თვითონ მის შიგნით არის უსასრულობა. ზოგი მუსიკა იწურება, გბეზრდება, ეს კი არა – რაც უფრო მეტჯერ მოუსმენ, მით უფრო სიღრმეში შეხვალ... ასეთი უსასრულობა მხოლოდ ბუნებაშია... როგორ მიაგნეს ბუნების ამ თვისებას? – შორს იყურებოდა და თავისთვის ლაპარაკობდა, – კარგი, მიგნებით მიაგნეს, მაგრამ როგორ შექმნეს ასეთი მუსიკა, სასწაული არ არის? – და შიგ თვალებში შემომხედა. მერე ფანჯარაში გაიხედა და დადუმდა.
_ სილამაზე მარტივია, მშვენიერება _ ღრმა და უსასრულო... _ თავისთვის თქვა.
კი_მეთქი, დავეთანხმე და გავუღიმე. მსიამოვნებდა მისი საუბარი, მაგრამ ვერაფრით ვიშორებდი დაძაბულობას და რაღაცნაირ უხერხულ გრძნობას.
– ბიჭებო, – გადმოგვძახა მაიკლმა, – ხომ არ მოიწყინეთ მანდ?
– არა, – უთხრა სტასიკამ თავის რუსულზე უარესი ინგლისურით, – ძალიან საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა თქვენი მეგობარი...
ასეა, დაკვირვებული ვარ, ჩუმად როცა ვზივარ, ზუსტად მაშინ ამბობენ ხოლმე, საინტერესო მოსაუბრეაო...
– ერთ ორმოც წუთში მივალთ, – თქვა მაიკლმა, – სტას, შენ სხვაგან უნდა წამეყვანე, მაგრამ ის ვარიანტი გაიმაზა, მართვის მოწმობა მოითხოვეს. შენ ხომ არ გაქვს?
– არა.
– ჰო, მახსოვდა და ვუთხარი... მოკლედ ახლა ორივეს ტომსრივერში წაგიყვანთ. ორივეს გაგესაუბრებიან. ვისაც აირჩევენ, ის დარჩება. ჰო, იმას გაუბნებოდი, – მიუბრუნდა ლუის, – მაგარი რამეა. რადარებს ატყუებს – 300_ითაც რომ მიდიოდე, 70 იწერება! აზრზე ხარ? მაგარია! რაც ეს ვიყიდე, დავისვენე. ხომ იცი, ძალიან ბევრს რომ დადიხარ, გჭირდება. თან ზოგჯერ გეჩქარება, მოსასწრები გაქვს რამე საქმე, ან სადმე გელოდებიან, შენც გაზს აწვები და მერე სახლში 300 დოლარიანი ქვითარი მოგდის... ამან ამომასუნთქა.
– მაგრრია, მეც უნდა ვიყიდო, – სერიოზულად დაინტერესდა ლუი, – რა ღირს?
– 560 დოლარი ღირს. მე 400 მივეცი `იბეიზე~.
– ნაღდად უნდა ვიყიდო.
– აბა რა, ჯიგარო, ნაღდად საყიდელია, მაგრად გამოგადგება. რა გყავს?
– დოდჯი.
– მეც მყავდა ერთ დროს, ერთი ათი წლის წინ...
– როგორც ჩანს, აღმოსავლეთს კარგად იცნობ, – განაგრძობდა სტასი, – არ ვცდები, არა?
– აღმოსავლეთი ჩემი სტიქიაა...
– `ერთხელ, როს ჩემი ლეში ბუდას შეხვდა...~ – მეოცნებე თვალები ფანჯარას მიაპყრო და მგზნებარედ წარმოთქვა სტასმა. მერე მოტრიალდა და გამიღიმა, – ბუდა, ბოდჰი, будить, бодрствовать... ერთი ძირი აქვს. რა მარტივი და რა გენიალური რამ მოიტანა არა ბუდამ? – გაღვიძება, სიფხიზლე... როს ჩემი ლეში ბუდას შეხვდა...
– რას ამბობ, ეგ ხომ სატანისეულია!
გაგვეცინა.
– ვიცი, რასაც გულისხმობ, მაგრამ ნუ დასცინი, ყველას თავისი გზა აქვს. მე არაფერს ვუარყოფ. აი, კათოლიკე ვარ, – გულისპირიდან ჯვარი ამოიღო და დამანახა, – სინამდვილეში წინააღმდეგობები არ არსებობს... შენ წარმოგიდგენია, რომ წმინდანებმა იჩხუბონ?
– ან თუნდაც იკამათონ?
– ჰო, ორმა წმინდანმა, ვთქვათ ძენის ოსტატმა და ინდიელმა შამანმა რომ იკამათონ...
– სასაცილოა...
– საოცარია! ნამდვილი საოცრებაა – სად შეგხვდი!.. აქ, ამერიკაში... არაფერი არ ხდება შემთხვევით, მე ამის მჯერა. ბევრს გონია, რომ ყველაფერი შემთხვევით ხდება, მაგრამ არა, ყველაფერი კანონზომიერია. ამას მერე ხვდები, როცა უშუალოდ გეხება... იცი, ჩემთან, ტალინში არის ერთი_ორი ადამიანი, ვისაც ფიქრის მატერიალიზაცია შეუძლია – ისინი თვითონ ქმნიან თავიანთ ბედს და ყველაფერი ეძლევათ, ფულიც კი... ჰო, ეს შესაძლებელია, ოღონდ ნამდვილად სასიცოცხლოდ უნდა გჭირდებოდეს და არა გასართობად, მხოლოდ მაშინ, როცა ფიზიკურ გადარჩენაზეა საქმე... ისინი შყვარებულები არიან... ოღონდ ერთი ქალი, ან კაცი კი არა, ყველა ადამიანი, ცხოველი, მცენარე და ნივთებიც კი უყვართ... ჩვენსავით თეორიულად კი არა... უმეტესობისთვის ეს წარმოუდგენელია... მთელი გულით უყვართ, ისე როგორც რომეოს ჯულიეტა, და დღე და ღამე გული ტკბილად უფრიალებთ...
სტასმა რაღაცას გაუღიმა.
– მოვედით, – თქვა მაიკლმა, გზიდან გადაუხვია და ერთ სახლთან, უფრო სწორედ სასახლესთან გააჩერა, – ჯერ მე შევალ, მერე დაგიძახებთ და შემოხვალთ, პირველი სტასი შემოვა.
მანქანიდან გადმოვედით. მაიკლი სახლში შევიდა.
– ეს სტასია, გაიცანი, ვუთხარი ლუის.
ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გაუღიმეს.
– სტას – დაუახა მაიკლმა, – შემოდი.
სტასი შევიდა.
– ვახ, ეს გინდოდა ახლა? – თქვა ლუიმ, – რა დროს კონკურენტი იყო! ისე ცოტა ისეა არა? – და საფეთქელთან თითი დაიტრიალა, – რაღაცეები მესმოდა... ეს მაიკლიც კაი მელაკუდაა – ვითომ სხვაგან მიყავდა და ვითომ გაიმაზა, სინამდვილეში თავი დაიზღვია, ორიდან ერთს ხომ მაინც აირჩევენ. ერთი რომ წამოეყვანა და დაეწუნებინათ, ტყუილად დაკარგავდა დროს, მარა არა უშავს, მე ვიცი მაგათი... მთავარია შენ არ დაიბნე და თამამად ილაპარაკე. ამათ თამამები უყვართ. ჩვენთან რომ თავმდაბლობას და მორცხვობას აფასებენ, აქ ეგრე არაა, აქ ეგეთები ეზიზღებათ. იცი რა არის ამ ქვეყნის დევიზი? – აგრესიული უნდა იყო! აგრესიული, ანუ აქტიური, გაიგე? ყველაფერზე ვიციო, უნდა უთხრა. არ გაგიჟდე და რამეზე არ ვიციო, არ თქვა, გაიგე, მართლა გეუბნები!
– თუ არ ვიცი?
– მაინც ვიციო, უთხარი, თორემ არ აგიყვანენ, გეუბნები, აქ ეგრეა, – ლუის ხმაში წყენა შეეპარა, იგრძნო, რომ სრულ თანხმობას არ ვუცხადებდი.
– მერე რომ მომთხოვენ იმ საქმის გაკეთებას?
– მერე როგორმე გააკეთებ, სხვა გზა არ არსებობს. რამდენი ხანია სამსახურს ეძებ? ექვსი თვე ხო არის?
თავი დავუქნიე.
– ჰოდა კიდევ ექვსი თვე ეგრე იჯდები, თუ არ გამოფხიზლდები, გაიგე?
– ლუი! – დაიძახა მაიკლმა პარმაღიდან. ლუიც შევიდა. მარტო დავრჩი. სახლის წინ ლამაზად გაკრეჭილი მდელო იყო. მდელოს გასწვრივ პატარა, ერთნაირი ფიჭვები იდგა სიმეტრიულად. ნათელი დღე იყო. სიჩუმე ზუზუნებდა. ყველაფერი სამოთხეს გავდა.
სტასი გამოვიდა.
– რაო, რა გითხრეს?
– რა ვიცი, რაღაცეები მკითხეს...
ერთხანს ჩუმად ვიდექით. სიგარეტს მოვუკიდე. ვნერვიულობდი – `რას მკითხავენ, რას ვუპასუხებ, ან კითხვა რომ ვერ გავიგო, რა უნდა ვქნა?..~
– შეხედე, _ მითხრა სტასმა და უახლოეს ფიჭვზე მიმითითა, – ხე.
– საოცრებაა... – ჩამეღიმა მე.
– მართლა საოცრებაა... ცოცხალია! – ისეთი გრძნობით თქვა, უნებურად ხეს მივაჩერდი, – ხანდახან ხეებს ვეხვევი და ვკოცნი... სხვას არ ვეტყოდი, შენ გეუბნები... ნახე რა საყვარელია! როგორ დგას და სუნთქავს! ზოგჯერ ისე ვგრძნობ, რომ ხე ჩემ ძმაა, ჩემი და... – ტოტზე ეფერებოდა ხეს, – ხომ გრძნობ, რომ ერთი ვართ – ერთი სიცოცლე...
– კი...
ლუი გამოვიდა. გვერდზე გამიყვანა.
– ახლა შენ შეხვალ, _ ხმას დაუწია, – კარგ ინგლისურს ითხოვენ. მე ვუთხარი შენზე, ჩემმა ძმამ ამაზე ბევრად უკეთესი ინგლისური იცის_მეთქი, ოღონდ ისე ვუთხარი, იმას არ გაუგია... ჩემი ინგლისური და ამერიკული მანერები მოეწონა იმ კაცს და მითხრა, თუ შენი ძმაა, ინგლისურიც კარგად ეცოდინება და წესიერი ბიჭიც იქნებაო, ასე რომ შანსი გაქვს. ახლა მთავარია, არ ჩააფლაო... ბევრი არ ილაპარაკო, მოკლედ უპასუხე კითხვებს. ასე ჯობია. რაც უფრო მოკლედ იტყვი, მით უკეთესი – ნაკლებ შეცდომას დაუშვებ... აბა მიდი, შენ იცი!
დიდ, განათებულ დარბაზში შევედი. მაღალი, ხმელი კაცი შემხვდა, ხელი ჩამომართვა და სავარძლებზე მიმითითა. თვითონ ჩვენს პირდაპირ დაჯდა, ხანშიშესული, მაგრამ ახალგაზრდულად მორთული, გამხდარი ქალის გვერდით.
– ჩვენი პირობები ალბათ იცით.
– იცის, – თქვა მაიკლმა.
– ჩვენ გვჭირდება ინგლისურის კარგი მცოდნე, რომ ტელეფონს უპასუხოს, სტუმრებს შეხვდეს, მაღაზიაში წავიდეს. თქვენ იცით ინგლისური?
– დიახ.
– კარგი ბიჭი ჩანს.
– ჰო, მაგრამ ზარმაციც არ უნდა იყოთ. დილიდან ჭურჭელი დასარეცხია, საუზმე მოსამზადებელი, სუფრა გასაწყობი. მერე სადილი მოდის, ვახშამი. კარგად ამზადებთ?
– დიახ.
– სარეცხიც უნდა დარეცხოთ, – თქვა ქალმა, – სარეცხი მანქანის ხმარება ხომ იცით?
– დიახ.
– და ბაღსაც უნდა მოუაროთ, სულ გახმა ჩემი გეორგინები... მე და ჯორჯს გაზეთები უნდა წაგვიკითხოთ. ეჰ, ჩემო მაიკლ, სულ აღარ გვივარგა თვალები...
– არა საჭირო, ჯეინ, გაზეთს მე თვითონ წავიკითხავ.
– რატომ უნდა წაიკითხო შენ, როცა ეს ყმაწვილი აქაა. შენ თვალები უნდა გაიფუჭო და ეგ ტყუილად უნდა იჯდეს?
– ნუ გეშინია, ტყუილად არ იჯდება, შენ ხელში საქმეს რა გამოლევს, – თქვა კაცმა და გაგვიცინა, – მანქანის ტარება თუ იცით?
– დიახ.
– ამერიკაში გიტარებიათ?
– არა, – ლუის დარიგება გამახსენდა და ოფლმა დამასხა.
– ოო, ეს ცუდია, – თქვა კაცმა.
– იმ ბიჭს ამერიკაშიც უტარებია, ჯორჯ, – უთხრა ქალმა. ალბათ სტასზე ამბობდა, – შენ რას გვირჩევ, მაიკლ?
დაძაბულობისგან თავი მიწუოდა. `სად გამოეკვეხა...~ – გავიფიქრე და გავმწარდი.
– ორივე კარგი ბიჭია. ორივე სანდოა, თქვა მაიკლმა.
– რასაკვირველია. ამიტომაც დაგირეკეთ, რომ გენდობით, მაიკლ...
– მე არჩევანის საშუალება მოგეცით...
– ამ ყმაწვილს ისეთი ძმა ყავს, – თქვა კაცმა ფიქრის შემდეგ, – ზედვე ეტყობა, რომ ნამდვილად წესიერი კაცია, ნამდვილი ამერიკელია...
– მართალია, – თავის ქნევას მოყვა ქალი, – ნამდვილი ამერიკელია!
– მეც ასე ვიცნობ, – თქვა მაიკლმა, – ყოველმხრივ მოწესრიგებული კაცია, მეც ძალიან მომწონს.
– მოკლედ, მე მგონი გადაწყვეტილია, ყმაწვილო, – თქვა კაცმა, – შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ. თქვენს ძმას უმადლოდეთ...
გარეთ გამოვედით. სტAAასი ლუის რაღაცას ეუბნებოდა და იცინოდა.
– რაო? – მკითხა ლუიმ.
– შენი ძმა რჩება, – თქვა მაიკლმა და მანქანისკენ წავიდა, – აბა გადმოიღე შენი ჩანთა, ჩვენ კი წავედით.
– მართლა? მომილოცავს! – იყვირა სტასმა და გადამეხვია, – ვიცოდი, რომ შენ დარჩებოდი, ძალიან გამიხარდა. ეს სამუშაო შენ გჭირდება... ყველაფერი კარგად იქნება!
– გმადლობთ სტას... – დავიბენი, – ბოდიში, რომ ასე გამოვიდა...
– ჩემზე ნუ დარდობ, მე არ ვიყავი მიჯაჭვული ამ სამსახურს, – თქვა სტასმა უბრალოდ და გამიღიმა.
ლუი და მაიკლი გაკვირვებულები მოგვჩერებოდნენ. ლუი უსიამოვნოდ შეიშმუშნა...
– კარგი, გვეყო გულის აჩუყება, წავედით, დრო არაა, – თქვა მაიკლმა.
მანქანაში ჩასხდნენ. მანქანა დაიძრა, რამოდენიმე მეტრი გაიარა და გაჩერდა. მანქანასთან მივირბინე. ლუიმ ფანჯარა ჩასწია და თავი გამოყო.
– რა იყო?
– არაფერი, ნომრების გაცვლა უნდა ამას, მაგრამ პასტა არა გვაქვს. არაუშავს, მე ჩავიწერ და მერე მოგცემ.
– კარგი... ოღონდ არ დაგავიწყდეს... – ვიცოდი, რომ დაავიწყდებოდა.
მანქანა წავიდა.
მე ჩანთით ხელში ვიდექი გზაზე. ირგვლივ კარგად გაკრეჭილი მდელო იყო. მხოლოდ რამოდენიმე ერთნაირი ფიჭვი იდგა სიმეტრიულად ჩამწკრივებული. ნათელი დღე იყო. ყურებში სიჩუმე ზუზუნებდა და ყველაფერი სამოთხეს გავდა.
ორი ზღაპარი
ზღაპარი კაცზე სახელად “იქნებ”
იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, რომელიც სამართლიანად ფიქრობდა, ნამდვილი ცოდნა ეჭვით იწყებაო. `ეჭვი უნდა შეიტანო ყველაფერში,` ამბობდა ხოლმე ის, `სხვანაირად ყველაფერს ყეყეჩივით დაიჯერებ და ვერაფერს ამქვეყნად ვერ მიხვდები". ამიტომაც შვილს უცნაური სახელი დაარქვა _ `იქნებ~. თანაც, ცოდვა გამხელილი ჯობია და, ამ კაცს და მის ცოლს უკვე ყავდათ შვილები და მისი გაჩენა სულაც არ უნდოდათ. მერე კი იფიქრეს, ამდენი ბიჭი გვყავს და იქნებ გოგო გაგვიჩნდესო, თუმცა არ გაუმართლათ. ვინ იცის, იქნებ ამანაც იმოქმედა მათზე სახელის არჩევის დროს. იზრდებოდა ჩვენი იქნებ, მაგრამ სხვებივით დღეებით კი არა, კვირეებით, თვეებით, ანუ ძალიან ნელა _ ზღაპრებში აღწერილის საწინააღმდეგოდ. ასე იმიტომ დაემართა, რომ მისი სახელის შინაარსი მის არსებაზე მოქმედებდა და ყოველთვის, როცა მისი უჯრედები გამრავლებას აპირებდნენ და სხეულიც სიმაღლეში მოსამატებლად მზად იყო, სადღაც მის შიგნით ჩნდებოდა კითხვა – `იქნებ არ ღირს გაზრდა... რა საჭიროა?~ აი ასეთ გადაუწყვეტელობაში, სულ ჯახირ_ჯახირით გაიზარდა, მაგრამ მაინც გაიზარდა, რადგან სხეული მაინც სხეულია და რომელიღაც უფრო შორეული წყაროებიდან იცის, რომ უნდა გაიზარდოს. არც სიყმაწვილეში დადგომია კარგი დღე. თუ სხვა ბიჭ_ბუჭები ლაღათ დანავარდობდნენ, თამაშობდნენ და ერთობოდნენ, იქნებს სულ ეჭვები ღრღნიდა – `იქნებ არაა საჭრირო ამდენი თამაში? იქნებ რაიმე უფრო სერიოზული უნდა გავაკეთო?~ მაგრამ საკმარისი იყო, სახლში წასულიყო და წიგნებს მიჯდომოდა, ან მამას დახმარებოდა შეშის ჩეხვაში, რომ მაშინვე ბეზრდებოდა და რაღა თქმა უნდა შეკითხვაც იქვე იყო ჩასაფრებული: `იქნებ სისულელეს ვშვები? – ჩემი ტოლები ლაღობენ, მე კი აქ ვჯახირობ...~ ასე იტანჯებოდა ახალგაზრდობაშიც. რაღა დასამალია და პროფესია ვერ აირჩია. ყველაფერი, რასაც ხელი მოჰკიდა, მიაგდო ამ წყეული კითხვის გამო – იქნებ?.. ოჯახსაც ვერ მოეკიდა დიდხანს. მერე კი მოეკიდა, ცოტა უფრო ზრდასრულ ასაკში, მაგრამ მაინც ვერ მოეკიდა სერიოზულად. სულ ეს კითხვები უტრიალებდა: `იქნებ დიდი მხატვარი უნდა გამოვსულიყავი და ოჯახის გამო ტალანტი დავღუპე?.. იქნებ უნდა მემოგზაურა, მერე კი მოგონებები დამეწერა?.. რა იცი – იქნებ რამდენ სიამოვნებას ვკარგავ?...~ ვერც შვილები გაზარდა. სულ ფიქრობდა: `იქნებ სიმკაცრეა საჭირო?" ან `იქნებ ჯობდეს, ბავშვებს სრული თავისუფლება მივანიჭო?...~ და ხან უსასტიკესად სჯიდა რაღაც წვრილმანების გამო, ხანაც ძალიან ცუდ საქციელზეც კი არ უჯავრდებოდა. სამსახურის მხრივაც ვერ ჰქონდა საქმე კარგად. სულ ეჭვებში იყო, იქნებ ეს სულაც არ არის ჩემი საქმეო. სულ რაღაც უფრო დიდი უნდოდა, უფრო მნიშვნელოვანი, მაგალითად ხატვა, ან პოეზია, მაგრამ მიეცემოდა თუ არა ამის დრო, ცოტა ხანში მიაგდებდა ხოლმე – მოთმინება არ ჰყოფნიდა და ესეც სულ იმ წყეული კითხვის გამო: `იქნებ ვცდები და სულაც არ ვარ პოეტად გაჩენილი?..~ ასე ცხოვრობდა – არც არაფერი იცოდა (რაც იცოდა, იმაზეც ფიქრობდა, იქნებ ვცდებიო), არც არაფრის სჯეროდა და რაღა გასაკვირია, რომ არც არაფერი შეეძლო. მეგობრებიც კი არ იცოდა, ჰყავდა თუ არა, რადგან ვერ გაერკვია, რა იყო მეგობრობა, ხოლო რაც შეეხება რწმენას, როცა სწამდა, არ სწამდა, რომ სწამდა, ხოლო როცა არ სწამდა, არ სწამდა, რომ არ სწამდა... აი, ასეთი რთული გახლდათ (რითაც ამაყობდა კიდეც, თორემ ამითაც რომ არ ეამაყა, ხომ სულ წახდებოდა კაცი...), მაგრამ ეს რა არის, სინამდვილეში კიდევ უფრო რთულად იყო საქმე – ისიც კი არ სწამდა, რომ მაშინ, როცა არ სწამდა, რომ არ სწამდა, რომ არ სწამდა, მართლა არ სწამდა, რომ არ სწამდა, რომ არსწამდა... მოკლედ რომ ვთქვათ, არ იცოდა, სწამდა თუ არა. ათასი წიგნი წაიკითხა, ათას რელიგიას გაეცნო, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე გზით მოიხიბლებოდა და სულ ცოტაღა აკლდა, რომ ამ გზაზე შემდგარიყო, იმწამსვე მის წინ კედელივით აღიმართებოდა მისივე სახელი – იქნებ? `იქნებ არ არის ეს გზა ბოლომდე სრულყოფილი?.. იქნებ კარგია, მაგრამ ჩემთვის არ არის?.. მას რომ დავადგე, იქნებ იმ გზას ავცდე, რომელსაც მართლა უნდა დავდგომოდი?.. იქნებ გვიანია ჩემთვის?.. იქნებ ყველაფერი ტყუილია და ცხოვრების სიამოვნებასაც ტყუილად უნდა მოვაკლდე?.. ჰო, ცხოვრების სიამოვნება... როცა იცინოდა, ბოლომდე ვერ იცინოდა – რაღაც უშლიდა. არ იცოდა, რა იყო ეს – იქნებ გულის უღრმეს და უშორეს ჯურღმულებში გადასროლილი და დალექილი სევდა ყოვლის შეუცნობლობისა და უაზრობის გამო? ან იქნებ უბრალოდ ამდენი ხნის ულაღღიმილოდ, უსიხარულოდ ყოფნით მოგვრილი მწუხარება? იქნებ... ქალებთან დიდხანს ვერ ჩერდებოდა, სულელები არიანო, იქნებ მათთან ლაყბობით დიდ წიგნებს, დიდ იდეებს ვაკლდებიო, მაგრამ ამ დროს ყველაზე ჭკვიან კაცებთან ფილოსოფიური საუბრებიც მობეზრებული ჰქონდა – ეს ტყვინის აკრობატიკა არაფერს ცვლის, ამას ისევ ქალებთან ყოფნა ჯობიაო... დილით რომ იღვიძებდა, იმდენი `იქნები" დაატყდებოდა თავს, არ იცოდა, ამდგარიყო თუ წოლა გაეგრძელებინა, აბაზანაში გასულიყო თუ ჩაი დაელია, ჯერ ემუშავა თუ მუსიკა მოესმინა? იქნებ გიტარაზე დაკვრა ჯობდა? თუ პიანინოზე? და თქვენ გგონიათ, ამას ისე, სხვათაშორის ფიქრობდა? არა, მთელი არსებით განიცდიდა, ნერვიულობდა. მისი მეგობრები იცინოდნენ ხოლმე: ეგ თუ დაგპირდება, ნახევარ საათში შემოგივლი ყოველმიზეზგარეშეო, ესე იგი დაიკარგება და ერთი კვირა არ გამოჩნდება, მაგრამ თუ გეტყვის, ხვალ საღამოს შეიძლება შემოგიაროო, იცოდე, რომ დღესვე წამოგადგება თავს, და თანაც დილაუთენიაო. მართლაც ასე იყო – არასოდეს იცოდა, რა ექნა, სად წასულიყო, ან საიდან მოსულიყო... იმდენად იყო დაბნეული, რომ ერთს რომ ფიქრობდა, აუცილებლად იმის საპირისპიროს აკეთებდა. ისიც კი აღარ იცოდა, ეძინებოდა თუ ეღვიძებოდა. ამის გამო ძილი დაკარგა და მუდამ გამოუძინებული და გაურკვეველ, მცონარე ბურანში გახვეული, მთვარეულივით დაჩლაყუნობდა აქეთ_იქით. იმდენი იჩლაყუნა ასე, სანამ მუდმივი უძილობისგან გონება და მახსოვრობა სულ არ წაერთვა. მაგრამ საოცარი ის არის, რომ ეს ყველაფერი ისე ნელ_ნელა მოხდა, ისე თანდათან, რომ ვერც კი შენიშნა. ეგონა, კვლავინდებურად ჯანმრთელი, ძლიერი, ჭკვიანი, ლაღი და ბედნიერი ვარო. ჰო მართლა, სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ როგორც ყველა ადამიანს, მასაც ბავშვობიდან ასეთი წარმოდგენა ჰქოდა თავის თავზე და ეს წარმოდგენა ბოლომდე გაჰყვა... მხოლოდ ერთხელ, ისიც ძილში (რადგან ღვიძილში უკვე ამის ძალა აღარ4 ჰქონდა) უცებ ყველაფერი ისე დაინახა, როგორც სინამდვილეში იყო. არ ვიცი, რატომ და როგორ, მაგრამ უცებ ყველაფერს მიხვდა, ყველაფერი გააცნობიერა. თვალწინ დაუდგა საკუთარი თავი, საკუთარი ცხოვრება – ნამდვილი და არა შელამაზებული, _ თანაც ისე ცხადად, რომ თვალი ვერ გაუსწორა. მიხვდა, რომ არასოდეს ყოფილა არც ჭკვიანი და არც მთლად სულელი, არც გაბედული და არც მშიშარა, არც ცოცხალი და არც მკვდარი... მიხვდა, რომ საერთოდ არც ყოფილა, შეეშინდა და ატირდა. ეს იყო პირველი წამი მის ცხოვრებაში, როცა ზუსტად იცოდა, რა უნდოდა და სწორედ იმას აკეთებდა, რაც სურდა. დიდხანს იტირა ასე გულამომჯდარმა, მერე კი პირველად ცხოვრებაში სწრაფად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გადაწყვეტილება მიიღო და შეასრულა კიდეც – აღარ გაიღვიძა.
...სხვთა შორის, სანამ საბოლოოდ მისცემდა თავს სამუდამო ძილქუშს, ერთი პირობა გაიფიქრა, იქნებ არ ვიჩქარო და აზრი ადამიანებს ვკითხოო, მაგრამ უმალვე გადაიფიქრა: მაგათ რომ ჩემზე მეტი ცოდნოდათ, აქამდე ხომ მეტყოდნენო. იქნებ ცდებოდა?
ორი სარკის ზღაპარი
იყო და არა იყო რა. ერთ ოთახში სარკეებიანი კარადა იდგა. ამ კარადის პატრონი ერთი კეკლუცი, თავქარიანი გოგონა გახლდათ, სახელად მაია. ერთხელ, ბავშვობაში მაიკომ ისე დააყენა გვერდითა სარკეები, რომ მათ ერთმანეთისთვის ეცქირათ. პატარა მაიკოს აინტერესებდა, როგორ აირეკლავდნენ ისინი ერთმანეთს და რა გამოჩნდებოდა, სხვა სარკის მიერ არეკლილ სარკეში რომ ჩაგეხედა. ასე ერთობოდა ხოლმე _ ერთი სარკის მეშვეობით მეორე სარკეში იყურებოდა, მეორე სარკის მეშვეობით _ პირველში. ერთშიც და მეორეშიც სიცარიელე ირეკლებოდა და პატარა მაიას თამაში მალე ბეზრდებოდა, მაგრამ თუ შემთხვევით ორ სარკეს შორის რაიმე ნივთი აღმოჩნდებოდა, მაშინ თამაში გაცილებით საინტერესო იყო. მაგალითად თუ რომელიმე სარკეზე პერანგი იყო გადაფენილი, ერთ სარკეში მეორეში არეკლილი პერანგი გამოჩნდებოდა, მეორეში – მისი ორმაგი ანარეკლი, პირველში ამ გაორმაგებული ანარეკლის გაორმაგებული ანარეკლი და ასე უსასრულოდ _ ორივე სარკის სიღრმეში პერანგების უსასრულო რიგი იკარგებოდა. იგივე ხდებოდა, თუ სარკეებს შორის სავარცხელი ან თმის სამაგრი აღმოჩნდებოდა. დრო რომ გავიდა, მაიკოს დაავიწყდა ეს თამაში და სარკეებს საჭიროებისამებრ ხან როგორ შეატრიალებდა, ხან როგორ, მაგრამ თამაშ_თამაშში ორ სარკეს ერთმანეთი შეყვარებოდათY და უერთმანეთოდ ვეღარ ძლებდნენ. ამიტომ, როცა მაიკო მათ სხვა მხარეს ატრიალებდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, ცდილობდნენ გაძალიანებოდნენ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ _ ხისა და სარკის ნაჭერი აბა რას გახდება ცოცხალ ძალასთან, მაგრამ მერე სხვა ხერხს მიმართეს _ ყოველთვის, როცა მაიკო მათ სხვადასხვა მახარეს გატრიალებულებს დატოვებდა და ოთახიდან გავიდოდა, მთელი ძალით ცდილობდნენ, ერთმანეთისკენ მობრუნებულიყვნენ. თავიდან ძალიან უჭირდათ, მაგრამ ნელ_ნელა ეს უფრო და უფრო კარგად გამოსდიოდათ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, მით უფრო მეტად სწყუროდათ სიახლოვე:
_ მიყვარხარ!
_ მეც მიყვარხარ!
_ შენოდ არ შემიძლია!
_ არც მე...
საათობით იცქირებოდნენ ხოლმე ერთმანეთში, იქ საკუთარ ანარეკლს ხედავდნენ და მისი ცქერით ტკბებოდნენ, ბოლოს კი ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ:
– რა ლამაზი ხარ, შენში უსაზღვრო სილამაზე და მრავალფეროვნებაა!
– ნუ მარცხვენ. ჩემზე რა გითხრა, მაგრამ შენში იმხელა ტალანტია...
_ იცი, შენ ისეთი ღრმა ხარ!
_ შენც ძალიან ღრმა ხარ, თითქმის უსასრულო...
დრო გადიოდა. მაიას ახალ_ახალი ინტერესები უჩნდებოდა და მის კარადაზეც ნივთი ნივთს ემატებოდა, სათამაშო – სათამაშოს. ასე გაჩნდა სარკეებს შორის ფეხმოტეხილი თოჯინა, დასაქოქი ქათამი, ყროყინა ვირი, მაიმუნის თავი და ვინ მოთვლის, კიდევ რა... ამ ნივთებს ერთად ათვალიერებდნენ ხოლმე სარკეები და მათ ავ_კარგსაც არჩევდნენ:
_ იცი, ამ ფეხმოტეხილ თოჯინაში არის რაღაც ტრაგიკული...
_ ნამდვილად, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მაინც თოჯინაა, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს!
_ მართალი ხარ, სად თოჯინა და სად – სარკე! ხშირად ვფიქრობ, რა არის ის, რითიც ჩვენ, სარკეები ყველა სხვა ნივთისგან გამოვირჩევით და იცი რა დასკვნამდე მივდივარ?
_ საინტერესოა...
_ არეკვლა – აი, რა გამოგვარჩევს! ჩვენ სარკეებს შეგვიძლია ავირეკოთ, მაშინ, როცა სხვა არცერთ ნივთს ეს არ ძალუძს! ამიტომ ჩვენ, სარკეები გაცილებით მაღლა ვდგავართ სხვა ყველაფერზე. არეკვლა ხომ განვითარების, შეცნობის ერთადერთი საშუალებაა. ვინც არ ირეკლავს, იმას ცოცხალიც არ ეთქმის. ვირეკლავ, ესე იგი ვარსებობ!
_ სწორია! გენიალურია!
ასეთ წუთებში სარკეებს ერთობლივი განსაკუთრებულების ის ტკბილი აღმაფრენა შეიპყრობდა ხოლმე, სარკეებს რომ ასე ძალიან უყვართ და სჭირდებათ. მაგრამ ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ ბოლომდე ვერ ტრიალდებოდნენ და ერთმანეთს მთლიანად ვერ ირეკლავდნენ. ამის გამო ჩხუბიც მოსდიოდათ ხოლმე:
_ იცი, ხანდახან მეჩვენება, რომ მთლიანი სარკე არა ვარ, – შესჩივლებდა ხოლმე ერთი მეორეს, განაწყენებული თავისი ანარეკლით მიღებული შთაბეჭდილებით, – ასე მგონია, მხოლოდ მეოთხედი ვარ იმისა, რასაც შეიძლება სარკე ვუწოდოთ.
_ ხანდახან მეც მგონია, რომ ასეთი ხარ, მაგალითად ახლა, – ალალად მიუგებდა მეორე.
_ მართლა? – წყინდა პირველს, – ისე, რომ იცოდე, არც შენ მყავხარ დიდი ვინმე – არც შენში ჩანს მაინცდამაინც ფართო ჰორიზონტები. სიმართლე თუ გინდა, ერთი ვიწრო ზოლი ხარ და მეტი არაფერი, თანაც მტვრიანი და მოსაწყენი.
ამის შემდეგ ორივე გატრიალდებოდა და მტანჯველ ფიქრებს მიეცემოდა: `როგორ მაკადრა! მე კი მეგობარი მეგონა... მეოთხედი ხარო...~ – და ცრემლი მოერეოდა. მაგრამ მერე დაფიქრდებოდა: `იქნებ მართლა ასეთი ვარ?" მისი მეგობარიც, თავის მხრივ, სწუხდა: `როგორ ვატკინე გული... მაგრამ მანაც რომ არ დამინდო? ვიწრო ზოლიო!.. ჰმ... მე მაგას ვასწავლი ჭკუას! საერთოდ არ მივბრუნდები, სანამ ბოდიშს არ მომიხდის!..~ მაგრამ არ ეთმობოდათ ერთმანეთი მეგობრებს და მალე კვლავ ერთმანეთს უბრუნდებოდნენ. ხან ერთი გამოიჩენდა ხოლმე დიდსულოვნებას და ხან მეორე, შერიგებით კი აუცილებლად შერიგდებოდნენ. აბა რა ექნათ, ერთმანეთის გარდა ხომ ქვეყნის ზურგზე არაფერი ებადათ. ერთხელ მეორე სარკემ უთხრა პირველს:
_ არ გეწყინოს, ამას რომ გეუბნები, – ბოლო დროს დარწმუნდა, რომ პირველი სარკისთვის ცოტა უფრო დელიკატურად უნდა შეეპარებინა სათქმელი, თორემ მეტისმეტად ხშირად ჩხუბობდნენ, – შეიძლება ვცდები კიდეც, მაგრამ ხომ არ გეჩვენება, რომ ზედმეტად სერიოზულად უყურებ საკუთარ თავს?
_ რას გულისხმობ? – ზედმეტად ისეთი ხომ არ ხარ...
_ როგორი?
_ აი ყველაფერი რომ წყინთ, თავისთავს ძალიან სერიოზულად რომ აღიქვამენ და... – უნდოდა ცოტა შეერბილებინა სათქმელი, მაგრამ არ გამოსდიოდა.
_ და რა?
_ რომ ბრაზდებიან, ხუმრობაც რომ არ ესმით...
_ ანუ იუმორს გრძნობა რომ არ აქვთ?
პირველი სარკე დადუმდა, მაგრამ ეს დუმილი აშკარად თანხმობის ნიშანი იყო.
_ მაგ ყველაფერს ამპარტავნება ქვია და მართალი თუ გინდა, მე ამას შენში უფრო ვხედავ, – მეორე სარკე აშკარად ცხარობდა.
_ ჩემში? საიდან... –
_ როგორ არა, გეფიცები, დიდი ხანია მინდოდა მეთქვა, რომ სწორედ ასეთი ხარ, მაგრამ ვერ გეუბნებოდი, არ მინდოდა გამებრაზებინე...
_ ჰმ, ჩემში საიდან, – ჩაფიქრდა პირველი სარკე, რადგან შეატყო, რომ მეორე სარკე არ ხუმრობდა, – ჩემში ასეთი რამ საიდან უნდა იყოს... ჰ! ახლა მივხვდი – ალბათ შენგან! მართალია! _ დღედაღამ შენ მოგჩერებივარ და სხვა საიდან უნდა მქონდეს...
_ ჩემგან? რაღაც არა მგონია.
_ ვითომ რატომ?
– იმიტომ, რომ დიდი ხანია გაკვირდები და ვხედავ, რომ ამპარტავნების პირველი ანარეკლი შენგან მოდის!
_ ჩემგან? როგორ?
_ სულ ბოლომდე ჩავყევი. ბოლო ანარეკლი შენია!
_ რა სულელი ხარ, ბოლოდან კი არა, თავიდან უნდა დაგეწყო – პირველი, პირველი ანარეკლია მთავარი!
– პირველიც შენშია! კარგად ვხედავ!
– მეც კარგად ვხედავ _ პირველი ანარეკლი შენშია!
– კი მაგრამ, თუ ჩემშია, – მოიფიქრა პირველმა, – ესე იგი შენგან ირეკლება.
– კი მაგრამ, ჩემშიც ხომ არის?
– არის.
– ესე იგი შენგან ირეკლება!
საქციელი წაუხდათ. დიდხანს ჩუმად იყვნენ.
– იცი რა, – მოიფიქრა ბოლის პირველმა, – შეიძლება არც შენგან მოდის ეს ამპარტავნება და არც ჩემგან...
– აბა ვისგან?
– შეიძლება იმ ოხერი დასაქოქი ქათმისგან მოდის, სულ აქ რომ აგდია, ჩვენს შორის. ეტყობა იმან გადმოგვდო.
– ჰო, ალბათ იმან გადმოგვდო, – გაუხარდა მეორე სარკეს.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მათი ჩხუბი მშვიდობიანად დასრულდა. თუმცა ყოველთვის ასე არ ხერხდებოდა. თუ ორივე კარგ გუნებაზე იდგა, მაშინ ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ საკამარისი იყო, რომელიმე უქეიფოდ დახვედროდა მეგობარს, რომ ყველაფერი ირეოდა და თავდაყირა დგებოდა.
– მინდა გავიგო, ვინ ვარ, რისთვის მოვედი, რისთვის ვცხოვრობ? – იკითხავდა ერთი.
– როგორ თუ ვინ ხარ? – მეორე უქეიფოდ გახლდათ, – კარგად ჩაიხედე საკუთარ თავში. რას ხედავ?
პირველი სარკე საუთარ თავში იყურებოდა და იქ მეორე სარკეს და მასში არეკლილ ნივთებს ხედავდა.
– რას ვხედავ და... მაიმუნის თავებს – მაიმუნის თავების მწკრივს, კიდევ მილიარდ დასაქოქ ქათამს, ყროყინა ვირებს...
– მერე?
– რა მერე?
– ვერ ხვდები? – ეგა ხარ, სხვა კი არაფერი – რასაც ხედავ, ის ხარ.
– კი მაგრამ... – რაღაც გაურკვეველი პროტესტი იბადებოდა პირველი სარკის გულში. – რა კი მაგრამ? რაც იცი, ის ხარ. ცოდნით კი ის იცი, რასაც ხედავ. რასაც ვერ ხედავ, ის არც იცი. ასე არ არის?
– ასეა, შეკამათება ძნელი იყო.
– ჰოდა ის ხარ, რასაც ხედავ – მაიმუნის თავი ხარ, დასაქოქი ქათამი და ყროყინა ვირი.
ხომ ფილოსოფიაზე საუბრობდნენ, მაგრამ პირველი სარკე გრძნობდა, რომ მეორე ამას რაღაც სხვა ტონით ამბობდა, თითქოს მისი დაცინვა სურდა. მართალია, პირდაპირ ვერაფერს დააბრალებდი, მაგრამ ეს შეგრძნება მაინც არ ასვენებდა.
– შენ თვითონ ხარ დასაქოქი ქათამიც და ყროყინა ვირიც!
და ისევ ტრიალდებოდნენ – რომ მწარე ფიქრებით დატანჯულიყვნენ მომავალ შერიგებამდე.
მაგრამ ერთ დღესაც კარადიდან ყველაფერი გაქრა. ასეთი იყო პატარა, ქარაფშუტა მაიკოს ნება. გაოგნებულები შეჰყურებდნენ ერთმანეთს იმ დღეს მეგობრები. იყურებოდნენ ერთმანეთში დიდხანს, დიდხანს... არაფერი ესმოდათ _ არსად იყო არც მაიმუნის თავი, არც დასაქოქი ქათამი და არც ყროყინა ვირი. იყო მხოლოდ სიცარიელე – უკიდეგანოდ გაშლილი, თვალუწვდენელი და უსასრულო...
Read polaroid spectra pro manual PDF
5 years ago
No comments:
Post a Comment