სუფიური იგავები
თარგმნა ლევენანდა რამა შრიმ
1 გზაჯვარედინზე
ერთ დილას სუფია გზების გასაყართან, გზის პირას იჯდა. მასთან ახალგაზრდა კაცი მივიდა და სთხოვა, შენი მოწაფე ვიქნებიო.
_ კარგი, ოღონდ მხოლოდ ერთი დღით, _ უთხრა სუფიამ.
მთელი დღის მანძილზე მგზავრები ჩერდებოდნენ და სუფიას ადამიანისა და მისი ცხოვრების, სუფიზმისა და სუფიების შესახებ კითხვებს უსვამდნენ, დახმარებას სთხოვდნენ ან უბრალოდ პატივისცემას გამოხატავდნენ, ის კი მჭვრეტელურ პოზაში იჯდა, თავი მუხლებზე დაედო და ხმას არავის სცემდა. უპასუხოდ დარჩენილი მგზავრები მალე გაეცლებოდნენ ხოლმე.
უკვე მოსაღამოვებული იყო, როცა მასთან ერთი მძიმე ტვირთ მოკიდებული, ღარიბი კაცი მივიდა და უახლოეს ქალაქში როგორ მოვხვდეო, ჰკითხა. სუფია სასწრაფოდ წამოდგა, ტვირთი ჩამოართვა, ზურგზე მოიკიდა, ღარიბი გააცილა, ქალაქის გზაზე დააყენა და ისევ გზაჯვარედინზე დაბრუნდა.] _ ეს კაცი, ღარიბ გლეხს რომ ჩამოჰგავდა, შენიღბული წმინდანი და მაღალი რანგის ყარიბია თუ რა? _ ჰკითხა ახალგაზრდამ.
_ იმ ხალხს შორის, ვინც დღეს ვნახეთ, ეს კაცი ერთადერთი იყო, ვინც მართლა იცოდა, რა უნდოდა. _ მიუგო სუფიამ.
2 ადამიანი
ერთი ბეკტაშის საძმოს დერვიში ცნობილ ღვთისმსახურთან მივიდა და უთხრა:
_ გავიგე, თურმე ერთი ახალგაზრდა კაცი ბრბოს წინაშე გამოდის, მხურვალე სიტყვებს წარმოთქვამს და ხალხს კანონის დარღვევისკენ მოუწოდებს. არამიწიერ წარმომავლობას იბრალებს, `სასწაულებს~ სჩადის და საკუთარ თავს ეწინააღმდეგება.
_ საკმარისია! _ აღშფოთდა ღვთისმსახური, _ ჩვენ მას გავასამართლებთ, ღვთის გმობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ვამხელთ და თუ არ შეინანებს, როგორც მაცდურსა და ერეტიკოსს, სიკვდილით დავსჯით. შენ მხოლოდ სახელი მითხარი მისი, დანარჩენზე კი მე ვიზრუნებ.
_ სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, თუ როგორი აღფრთოვანებული ვარ თქვენი საქმიანი მიდგომით, _ უთხრა დერვიშმა, _ მისი სახელია იესო.
3 ჩვენი ცხოვრება
ერთხელ ერთმა ბრძენმა მოწაფეების თვალწინ მინის ჭურჭელში დიდი ქვები ჩაალაგა. ეს რომ გააკეთა, მოწაფეებს ჰკითხა, სავსეა თუ არა ჭურჭელიო. ყველამ დაუდასტურა, რომ სავსე იყო. მაშინ ბრძენმა ჭურჭელში წვრილ-წვრილი ქვები ჩაყარა და მსუბუქად შეანჯღრია. წვლრილმა ქვებმა დიდქვებს შორის დარჩენილი სივრცე შეავსო. ბრძენმა ისევ ჰკითხა მოწაფეებს, სავსეა თუ არა ჭირჭელიო. მათ კვლავ დაუდასტურეს, რომ სავსე იყო. ამის შემდეგ ბრძენმა ჭურჭელში ქვიშა ჩაყარა. ქვიშამ, რა თქმა უნდა, დარჩენილი სივრცეც შეავსო.
_ ახლა კი, _ მიმართა ბრძენმა მოწაფეებს, _ მინდა, რომ ამ ჭურჭელში მთელი ჩვენი ცხოვრება ამოიცნოთ! მოზრდილი ქვები ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებია: ოჯახი, საყვარელი ადამიანი, ჯანმრთელობა, ბავშვები... _ ანუ ის, რაც, სხა რომ არაფერი არ იყოს, ჩვენს ცხოვრებას მაინც სავსეს გახდის. წვრილი ქვები ნაკლებად მნიშვნელოვან რამეებს განასახიერებს: სამსახურს, ბინას, სახლს ან მანქანას, ქვიშა კი _ ცხოვრებისეულ წვრილმანებს _ ყუველდღიურ საზრუნავს. ჭურჭელი რომ თავიდანვე ქვიშით ავავსოთ, დიდი ქვებისთვის ადგილი აღარ დარჩება. ასეა ცხოვრებაშიც: თუ მთელს ენერგიას უმნიშვნელო რამეებს მოახმართ, მნიშვნელოვანისთვის ძალა არ დაგრჩებათ. ამიტომ ყურადღება პირველ რიგში მნიშვნელოვან ამბებზე იზრუნეთ, დიდი დრო დაუთმეთ შვილებს და საყვარელ ადამიანებს და ჯანმრთელობასაც მიხედეთ. ამის შემდეგ სამსახურის, სახლისა და სხვა საქმეებისთვისაც საკმარისი დრო დაგრჩებათ. დიდ ქვებზე იზრუნეთ, რადგან მხოლოდ მათ აქვთ ფასი, დანარჩენი ყველაფერი ქვიშა და მტვერია.
4 ჩვენ და სამყარო
დიდი ხნის წინ ერთმა მეფემ უზარმაზარი სასახლე ააშენა და შიგნიდან სულ სარკეებით მოაპირკეთებინა. სასახლის ყველა კედელი, ჭერი და კარი სარკით იყო დაქფარული. ერთხელ სასახლეში ძაღლი შეძუნძულდა. მიმოიხედა და ირგვლივ უამრავი ძაღლი დაინახა. საითაც არ უნდა გაეხედა, ყველგან ძაღლი იყო. ძაღლმა სიფრთხილე გამოიჩინა და მის ირგვლივ შეყრილი მილიონი ძაღლის შესაშინებლად და თავის დასაცავად კბილები გამოაჩინა. პასუხად ყველა ძაღლმა გამოაჩინა კბილები. ძაღლმა მათ შეუღრინა, რაზეც ყველამ ღრენით უპასუხა. ძაღლი დარწმუნდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო და ყეფას მოჰყვა, მაგრამ აყეფდა თუ არა, მილიონმა ძაღლმაც ყეფა დაუწყო. თავიდან ფეხებამდე აიძაგრა. გამწარებული ყეფდა, მაგრამ რაც უფრო მეტს ყეფდა, მით უფრო მეტს უყეფდა ძაღლების ხროვაც.
დილით საცოდავი ოთხფეხი მკვდარი იპოვეს. ძაღლი მარტო იყო, მილიონობით სარკეში არეკლილი. არავის უჩხუბია მასთან, საერთოდ არავინ ყოფილა, რომ ეჩხუბა. მან მოლოდ საკუთარი ანარეკლი დაინახა სარკეებში და შეეშინდა. ხოლო თავის დაცვა რომ სცადა, ბრძოლაში ანარეკლებიც ჩაებნენ. საწყალი ძაღლი მილიონობით საკუთარ ანარეკლთან ბრძოლაში დაიღუპა.
თუ თქვენში არ არის მიზეზი, თქვენს გარეთ ვერავითარი დაბრკოლება ვერ იარსებებს. ვერაფერი გადაგეღობებათ თქვენს გზაზე. ასეთია კანონი. სამყარო მხოლოდ და მხოლოდ ანარეკლია _ ერთი უზარმაზარი სარკე.
4 თევზი და ოკეანე
ოკეანეში ერთი ჩვეულებრივი თევზი ცხოვრობდა. ოკეანეზე ბევრი რამ უამბეს და მანაც გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, იქ უნდა მოხვედრილიყო.
თევზმა ბრძენებთან სიარული დაიწყო. მათ უმეტესობას არაფერი ჰქონდა სათქმელი, მაგრამ საკუთარი ავტორიტეტის, `გურუს~ სახელის შესანარჩუნებლად ათასგვარ სისულელეს ელაპარაკებოდნენ.
ერთმა ბრძენმა თევზმა უთხრა, ოკეანემდე მიღწევა არც ისე ადვილია, ამისათვის ჯერ ფარფლების მოძრაობას სრულყოფილად დუფლებულ თევზთა რვასაფეხურიანი გზის გარკვეული პოზები და მოძრაობები უნდა შისწავლოო. მეორე ბრძენმა, გურუ-თევზმა დამოძღვრა, გზა ოკეანისკენ გასხივოსნებულ თევზთა მიერ გადმოცემულ სამყაროს საფუძველთა შესწავლაზე გადისო. მესამემ ასწავლა, რომ ოკეანემდე მიღწევა ძალზე რთულია, რომ ამისთვის მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეულებს მიუღწევიათ და რომ ოკეანემდე მიღწევის ერთადერთი გზა მანტრა `რამ-რამ-რამ~_ის გამუდმებული გამეორებაა.
ერთხელ ათასგვარი მოძღვრებით თავ-გზააბნეული თევზმა წყლმცენარეებში შეცურა. იქ მას ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული თევზი შეხვდა. მისი რთული და სიძნელეებით აღსავსე ძიების შესახებ რომ შეიტყო, უბრალო თევზმა მას უთხრა:
_ ოკეანე, რომელსაც შენ ასე გამწარებული დაეძებ, ყოველთვის იყო დაშენთან იქნება. ის თავის ბინადართ დღემუდამ კვებავს, გარს არტყია და საფრთხისაგან იცავს. შენც ოკეანის ნაწილი ხარ, მაგრამ ვერ ამჩნევ ამას. ოკეანე შენშიცაა და შენს გარშემოც, შენ კი მისი საყვარელი ნაწილი ხარ. ყოველი თევზი ამ უკიდეგანო ოკეანის ტალღაა!
5 ბედნიერების საიდუმლო
ერთმა ვაჭარმა ბედნიერების საიდუმლოს გასაგებად შვილი ყველაზე დიდ ბრძენთან გააგზავნა. ყმაწვილი ორმოცი დღე უდაბნოში მიდიოდა. ბოლოს როგორც იქნა, მთის წვერზე მდგარ მშვენიერ სასახლეს მიადგა. ბრძენთაბრძენი სწორედ ამ სასახლეში ცხოვრობდა.
შიგნით რომ შევიდა, ყვაწვილი დარბაზში აღმოჩნდა, სადაც ცხოვრება დუღდა და გადადუღდა: ვაჭრები შედიოდნენ და გადიოდნენ, კუთხეში ვიღაცები იდგნენ და ლაპარაკობდნენ, ორკესტრი ტკბილ ჰანგებს უკრავდა, მაგიდაზე კი ყველაზე გემრიელი კერძებით დამშვენებული სუფრა გაეწყოთ. ბრძენი ხან ვის ესაუბრებოდა, ხან ვის, ამიტომ ყმაწვილი დიდ ხანს ელოდამასთან შეხვედრას. მისი რიგი რომ მოვიდა, ბრძენმა მას ყურადღებით მოუსმინა, მაგრამ ახლა შენთვის ბედნიერების საიდუმლოს გასამხელად დრო არა მაქვს, წადი, სასახლეში ისეირნე და ორი საათის შემდეგ მოდიო, უთხრა.
_ ერთი თხოვნაც უნდა შემისრულო, _ დასძინა მან, ყმაწვილს მომცრო კოვზი გაუწოდა, ზედ კი ორი წვეთი ზეთი დააწვეთა, _ სეირნობისას ეს კოვზი ისე გეჭიროს, რომ ზეთი არ დაიღვაროს.
ყმაწვილი სასახლის კიბეებზე ადიოდა და ჩადიოდა, თან კი კოვზს თვალს არ აშორებდა. ორი საათის შემდეგ ბრძენთან დაბრუნდა.
_ როგორ ისეირნე? _ ჰკითხა მან, _ ჩემი სასადილო ოთახის სპარსული ხალიჩები თუ ნახე? იმ ბაღში თუ იყავი, რომელსაც მთავარი მებაღე ათი წელი ქმნიდა? ჩემი ბიბლიოთეკის მშვენიერი პერგამენტები თუ დაათვალიერე?
შემცბარი ყმაწვილი ბრძენს გამოუტყდა, რომ არაფერი ენახა, რადგან მთელი ყურადღება კოვზისკენ და ორი წვეთი ზეთისკენ ჰქონდა მიპყრობილი.
_ კარგი. წადი და ახლა მაინც გაეცანი ჩემი სამყაროს საოცრებებს, _ უთხრა ბრძენმა, _ არ შეიძლება ენდო იმას, ვისი სახლის შესახებაც არაფერი იცი.
გულდამშვიდებულმა ყმაწვილმა კოვზი აიღო და ისევ სასახლეში სეირნობას შეუდგა. ამჯერად ის სასახლის ყველა საოცრებას, კედლებზე გამოფენილ ხელოვნების ყველა ნიმუშს ყურედღებით აკვირდებოდა. მოინახულა მთებით გარშემორტყმული ულამაზესი ბაღები, იხილა უნაზესი ყვავილები და შეიგრძნო ხელოვნების ნიმუშებით სასახლის მომრთველის გემოვნების სინატეიფე და მიხვდა, რომ ყველაფერი საჭირო ადგილზე იყო. უკან დაბრუნებულმა ნანახი დაწვრილებით აღუწერა ბრძენს.
_ ის ორი წვეთი ზეთი სადაა, მე რომ ჩაგაბარე? _ ჰკითხა ბრძენმა. ყმაწვილმა კოვზს დახედა და ნახა, რომ მთელი ზეთი დაღვრილიყო.
_ ამ ერთადერთი რჩევის მოცემა შემიძლია, _ უთხრა ბრძენმა, _ ბედნიერების საიდუმლო იმაშია, რომ წუთისოფლის ყველა საოცრებას ამჩნევდე და არც შენი ორი წვეთი ზეთიც არასოდეს დაივიწყო.
6 მეგობრები
იყო ორი მეზობელი. ზამთარი მოვიდა და არემარე თოვლმა დაფარა. პირველი მეზობელი დილაუთენია გამოვიდა ნიჩბით ხელში და სახლის წინ ბილიკი გაკვალა. საქმეს რომ მორჩა, მეზობლისას გაიხედა. იქ გზა უკვე გაწმენდილი იყო. მეორე დღესაც მოთოვა. პირველი მეზობელი ნახევარი საათით უფრო ადრე ადგა და მუშაობას შეუდგა. ხედავს, მეზობლის ბილიკი უკვე გაკვალულია. მესამე დღეს მუხლამდე თოვლი მოვიდა. პირველი მეზობელი კიდევ უფრო ადრე ადგა და გარეთ გავიდა... მეზობლის ბილიკი ისევ გაკვალულია. ისეა გაწმენდილ-გასწორებული, თვალს უხარია!
იმ დღეს მეზობლები ერთმანეთს ქუჩაში შეხვდნენ. ერთმანეთი მოიკითხეს, მთის და ბარის თქვეს...
_ ერთი ეს მითხარი, მეზობელო, _ ეუბნება პირველი მეზობელი, _ სახლის წინ დასუფთავებას როდის ასწრებ?
მეორე მეზობელს ჯერ გაუკვირდა, მერე კი გაეცინა:
_ არც არასდროს, _ მიუგო მან, _ უბრალოდ ჩემთან მეგობრები დადიან!
7 წვიმისთვის ლოცვა
ამბობენ, კასრ ალ-არიფინში ერთხელ გვალვა დადგაო. სოფლელები ოსტატ ბაჰაადდინ ნაკშბანდთან მივიდნენ და სთხოვეს, წვიმისთვის ელოცა. მან ხალხი ქუჩაში გაიყვანა და იქამდე ატარა ქუჩებში, სანამ ერთ ჩვილ ბავშვიან ქალს არ გადაეყარა.
_ გევედრები, აჭამე შენს შვილს! _ სთხოვა მას ოსტატმა.
_ ჩემი შვილია და მე უკეთ ვიცი ვიცი, როდის უნდა ვაჭამო და როდის არა, _ მიუგო ქალმა, _ რატომ ყოფ ცხვირს იმ საქმეში, რომლისაც არაფერი გაგეგება?
ბაჰაადინმა ბრძანა, ქალის ნათქვამი ჩაეწერათ და სახალხოდ წაეკითხათ.
8 მოსეს ურჩობა
აბუ-თალიბ მაკი წერს, რომ უდიდესი წინასწარმეტყველი, მოსე ყვებოდა ხოლმე, თუ როგორ აიმაღლა ცნობიერება დაბალი, ვარაუდისა და გუმანით მიხვედრის საფეხურიდან უფრო მაღალ, სწორი და მკაფიო ხედვის საფეხურამდე. ლოგინს მიჯაჭვულს, ექიმები მას ათასგვარ წამალს სთავაზობდნენ, მაგრამ მან ყველა უარით გაისტუმრა, რადგან მხოლოდ ღმერთის იმედი ჰქონდა. მაშინ თვით უფალი გამოეცხადა მას და წამლის მიღება უბრძანა. ღმერთმა უთხრა: `წამალზე უარის თქმით შენ ეჭვი შეგაქვს იმის სიბრძნეში, ვინც მას სამკურნალო თვისებები მიანიჭა!~
აი, რატომაა ნათქვამი: ` ღმერთი იწამე, ღამით კი აქლემი დააბიო.~ თუკი ამას არ აკეთებ, მაშინ საერთოდ რისთვისაა საჭირო ლაგამი?
ამის შესახებ ერთხელ ბახაადდინ ნაკშბანდმა თქვა: `თუკი შემჭკნარი ფოთოლი გეუბნება, რომ მცენარეს მორწყვა ესაჭიროება და თუ ამის გაკეთება შენს შესაძლებლობებს არ აღემატება, გამოდის, რომ სწორედ ეს არის შენი მოვალეობა, ფოთლის `სიტყვები~ კი სხვა არაფერია, თუ არა შემოქმედის ბრძანება, პირადად შენთვის გაცემული. და თუ კიდევ რამეს ელოდები, ჰკითხე საკუთარ თავს, თუკი არსებობს შენსა და ღმერთს შორის კავშირის დამყარების საშუალება, რისთვის არსებობს იგი, ნუთუ მხოლოდ იმისთვის, რომ არაფრად ჩააგდო?
9 შხამის წამლად გადაქცევა
ქალაქ ბისტამში ორი დიდკაცი ერთმანეთს ემტერებოდა. ისე მოხდა, რომ ორივემ ადამიანის ბუნებისა და ბედის საიდუმლოს შეტყობა მოინდომა და ცნობილ ბრძენს, ალი ბეგს მიაკითხა. ბრძენი სპარსეთის შორეულ კუთხეში ცხოვრობდა. მან ორივეს უარი უთხრა მიღებაზე და ბისტამის შორიახლოს მცხოვრებ იბნ ხამზასთან გააგზავნა, მაგრამ მასთან შეხვედრაზე ორივემ უარი თქვა.
_ მე ფესვს ვეძებ და არა ტოტებს, _ თქვა ერთმა.
_ იბნ ხამზა ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს, _ თქვა მეორემ.
იბნ ხამზამ `გასხივოსნების კანდიდატთა~ შესახებ უღირსი ჭორების გავრცელება დაიწყო. ბინძური ჭორებით შეწუხებულმა დიდკაცებმა გაარკვიეს, რომ ყველა ჭორი იბნ ხამზასგან მოდიოდა. ორივე არისტოკრატი საშინლად შეურაცჰყოფილი იყო. განრისხებულებს ძველი წყენა დაავიწყდათ და იბნ ხამზას სახლში პირგამეხებულები შევარდნენ. არც გახსენებიათ, სულ ცოტა ხნის წინ ჭეშმარიტებას და ადამიანის ბუნების ამოცნობას რომ ესწრაფოდნენ.
_ ცნობილია თუ არა შენთვის, ჭიავ და მატლო, რისთვის მოვედით შენს სახლში? _ შეუტიეს მათ იბნ ხამზას.
_ ჭეშმარიტად ცნობილია, _ მიუგო იბნ ხამზამ, _ პირველ რიგში იმისთვის ხართ მოსული, რომ ალი ბეგს სურდა, თქვენთვის ეჩვენებინა, რაოდენ წვრილმანი და უმნიშვნელოა თქვენს შორის ჩამოვრდნილი `სამკვდო-სასიცოცხლო~ მტრობა.
მეორეც, იმისთვის, რომ საჭირო იყო კარგად დაგენახათ, რა ადვილად შიძლება თქვენი ზედაპირული გრძნობების მეშვეობით თქვენი მართვა მარ. რა ადვილია გაიძულოთ აქ მოსვლა, მაშინაც კი, როცა ამაზე ორივეს სასტიკი უარი გაქვთ ნათქვამი.
მესამეც, უნდა იცოდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ალი ბეგის სიტყვას არ დაემორჩილეთ, უნდა იცოდეთ, რომ ზოგიერთი სურვილი ბოლომდე უნდა ასრულდეს.
მეოთხეც, იმისთვის მოხვედით, რომ თუმცა უნებლიეთ, მაგრამ მაინც აქ დამსწრეთა მასწავლებლები გამხდარიყავით.
მეხუთეც, ალი ბეგს და მე გვსურდა, ჩემს მიერ გავრცელებული ჭორების მსგავსი ხმების გავრცელების მოყვარული აქაური მოსახლეობისთვის გვეჩვენებინა, რომ გულის ადამიანი მათთვის იოლი ნადავლი არ გახლავთ და რომ ასეთი დამღუპველი ჩვეულება მათ საწინააღმდეგოდაც შეიძლება შემობრუნდეს.
და ბოლოს, აქ იმისთვის ხართ, რომ მოვლენთა განვითარებამ იარაღი ძვირფას ინსტრუმნტად, შხამი კი წამლად აქციოს.
10 სურნელი და სინამდვილე
ერთხელ მოძღვარი ბახაადდინი ვახშმობის შემდეგ მასთან სწავლის მოსურნე ახალგაზრდებსა და მოხუცებს შორის იჯდა. როგორც იქნა სუჩუმე ჩამოვარდა და მასწავლებელმა დამსწრეთ კითხვების დასმის ნება დართო.
_ ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე რა ხდება ყველაზე დიდი დაბრკოლების მიზეზი? _ ჰკითხეს მას.
_ ადამიანები ზედაპირულები არიან. როგორც ფუტკარს ყვავილთა სურნელი, მათ ქადაგებები, ამბები და ჭორები იზიდავს და აფორიაქებს.
_ კი მაგრამ როგორ უნდა იპოვოს ფუტკარმა ყვავილი, თუ არა სურნელი შეშვეობით? და როგორ უნდა შეიცნოს კაცმა ჭეშმარიტება, თუ არა მასზე მონათხრობის მიხედვით?
_ მონათხრობის, ჭორისა და ქადაგების, წიგნებისა და გრძნობების მეშვეობით ადამიანი ჭეშმარიტებას უახლოვდება, _ მიუგო ოსტატმა, _ მაგრამ ახლოს მისული სიბრძნეს კი არ უერთსულდება, არამედ ისევ იმას ეტანება, რაც მოსვლაში დაეხმარა.
ფუტკრები სურნელით პოულობენ ყვავილს, მაგრამ რომ იპოვნიან, კიდევ უფრო მეტ სურნელს კი არ ითხოვენ, ნექტარს დაეწაფებიან ხოლმე. ნექტარი რეალური სიბრძნის სიმბოლოა, სურნელი კი _ ყველა მონათხრობისა და წარმოდგენის. ასე რომ ადამიანთა შორის `ნამდვილი ფუტკარი~ ძალიან ცოტაა. მაშინ, როცა ყველა ფუტკარი ფუტკარია იმ მნიშვნელობით, რომ ნექტარის შეგროვება შეუძლია, ყველა ადამიანი ადამიანი არ არის, რადგან იმას ვერ აღიქვამს და ხორცს ვერ ასხამს, რისთვისაც შეიქმნა.
_ ყველა, ვინც აქ, კასრ ალ არიფინში იმიტომ მოვიდა, რომ რაღაც წაუკითხავს, ფეხზე ადგეს. _ განაგრძო ოსტატმა. ბევრი დამსწრე წამოდგა.
_ ახლა ისინი ადგნენ, ვინც იმიტომ მოვიდა, რომ ჩვენზე რაღაცას მოჰკრა ყური. კიდევ რამოდენიმე ადამიანი ადგა.
_ იმათ, ვინც ზის, ჩვენი თავისებურება რაღაც განსაკუთრებული, მოუხელთებელი გზით შეიგრძნო, მათ შორის კი, ვინც დგას, სულერთია მოხუცი იქნება თუ ახალგაზრდა, ბევრია ისეთი, ვისაც უნდა, ისევ და ისევ აღაგზნონ გრძნობებმა, ვისაც ან გართობა სწყურია, ან სიმშვიდე. რომ გაიგონ, რა უნდათ მაინც და მაინც აქ, მათ გართობის ნაცვლად ცოდნის მოთხოვნილება უნდა იგრძნონ.
აქ ისეთებიც არიან, ვისაც მასწავლებლის სახელი და რეპუტაცია იზიდავს. ისინი შორიდან ჩამოდიან მოძღვართან და ისევ და ისევ პრესტიჟის გამო მისი სიკვდილის შემდეგაც დიდხანს ივლიან მის საფლავზე. სანამ მათი მისწრაფებები ისე არ გარდაიქმნება, როგორც ლითონი ალქიმიურ რეტორტაში, ისინი არ ეძებენ ჭეშმარიტებას. და ბოლოს, აქ ნამვილად არიან არიან ისინი, ვინცმასწავლებელთან იმიტომ კი არ ჩამოვიდა, რომ მოძღვართა შორის უდიდეს მოძღვრად მიაჩნია, არამედ იმიტომ, რომ მის ჭეშმარიტ ბუნებას გრძნობს. ადრე თუ გვიან ყველას მიენიჭება ეს ნიჭი.
თუმცა ჩვენს შემთხვევაში მთელი თაობების საქმე ერთმა კაცმა უნდა გააკეთოს. მოსედ რომ იქცეთ, თქვენი ფარაონი უნდა დაამარცხოთ. კაცი, რომელიც მასწავლებელთან იმიტომ დადის, რომ მისი რეპუტაცია ხიბლავს, უნდა შეიცვალოს და უნდა გახდეს ის, ვინც მხოლოდ იმიტომ სტუმრობს მოძღვარს, რომ მის ჭეშმარიტ ბუნებას გრძნობს. სწავლის დაწყებამდე ესაა მისი სამუშაო. მანამდე, სანამ ამას არ გაიგებს, ის უფრო დერვიშია, ვიდრე სუფია. დერვიშს სურს, სუფია კი აღიქვამს.
11 ერეტიკოსები
ამბობენ, ერთხელ იმამ ალ-გაზალი მსაჯულთა ყრილობაზე მიიწვიესო. მთავარმა მსაჯულმა მას უთხრა:
_ შენ, როგორც ყოველი ჩვენგანი, განათლებული კაცი ხარ... შენთან ბევრი მოდის იმისთვის, რომ შარიათის წმინდა კანონი განუმარტო. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შენ ხალხს ურჩევ, რამადანის წმინდა თვეში მარხვა არ დაიცვან. ისიც ვიცით, რომ ბევრს მექაში მოსალოცად წასვლა დაუშალე. იმასაც კი ამბობენ, ხალხს უკრძალავ წარმოთქვან `არა არს უფალი ალაჰის გარდა~. ყველაფერი შენს არამართლმორწმუნეობას ადასტურებს. ერეტიკოსობისათვის სიკვდილით დასჯისგან აქამდე მხოლოდ შენი რეპუტაცია გიცავდა. ჩვენი ვალია ხალხი დავიცვათ შენისთანებისგან.
გაზალიმ ამოიოხრა.
_ ისლამის წმინდა კანონში წერია, რომ ის, ვისაც კანონი და მისი მნიშვნელობა არ ესმის, დამნაშავე არ არის და გასამართლებას არ იმსახურებს. ასეთებად ბავშვები და ჭკუასუსტნი ითვლებიან, მაგრამ მათ რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ ისინიც, ვისაც ბოლომდე არ ესმის კანონი. ვინც მარხულობს, მაგრამ გაცნობიერებული არ აქვს, რისთვის აკეთებს ამას; ვინც მოსალოცად მხოლოდ იმისთვის მიდის, რომ იტანჯოს, ან რწმენის სიმბოლოს აღიარებს, რწმენა კი არ აქვს, იმას არ ესმის კანონი. ამიტომ ასეთ ადამიანს იმის კეთებისკენ კი არ უნდა ვუბიძგოთ, რასაც აკეთებს, არამედ შემეცნების გზაზე უნდა დავაყენოთ. თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ხალხი თქვენისთანებისგან უნდა დავიცვათ, რადგან თქვენ ადამიანებს სიკეთეს არ უწონებთ და არც დანაშაულისთვის სჯით. თუკი ადამიანი კოჭლია და სიარული არ შეუძლია, უბრძანებთ, რადაც არ უნდა დაუჯდეს, გაიაროს თუ ყავარჯენს მიაწოდებთ ან სნეულებისგან განსაკურნად წამალს მისცემთ?
ეს თქვენს შესახებ თქვა წინასწარმეტყველმა, წინასწარ განჭვრიტა რა თქვენი გამოჩენა: `ისლამი მოვიდა, როგორც უცხო, და როგორც უცხო, ისე წავა~. თქვენი განზრახვა საგანთა არსში ჩაწვდომა არაა. არც თქვენი მომზადება და გაქანება იძლევა ამის საშუალებას. აი, რატომაა, რომ სხვა არაფერი დაგრჩენიათ, გარდა იმისა, რომ ხალხი ერეტიკოსობისთვის სიკვდილით დააშინოთ. სინამდვილეში ერეტიკოსები თქვენ ხართ და არა მე.
12 განმარტების უფლება
სუფისტური ლიტერატურის თავისებურების გამო გზის მასწავლებელნი ხშირად ღირსეულ ადამიანებს თავიანთი წიგნების განმარტების უფლებას აძლევდნენ. მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, ყველა ვერ აკმაყოფილებდა. ბევრი `სუფია~ სუფისტ ოსტატთა წიგნების განმარტებით კარიერას იკეთებდა.
ამბობენ, ერთხელ, როცა ერთი დერვიში პოეტ ჯამის ერთ-ერთი პოემის აზრზე მსჯელობდა, დარბაზში ვიღაც შემოვიდა, პირველ რიგში დაჯდა უკმაყოფილების ნიშნად თავის ქნევას მოჰყვაო. ახლადშემოსული სულ უფრო აშკარად გამოხატავდა, რომ სწავლულის სიტყვებს არ ეთანხმებოდა.
ყველა მას მიაჩერდა. დერვიშმა მაეჭვით სავსე მზერა ესროლა და ჰკითხა:
_ თქვენ, როგორც გეტყობათ, არ მეთანხმებით, არა?
_ დიახ, არ გეთანხმებით.
_ დიდი ოსტატის, ჯამის ნებართვა თუ გაქვთ, მის ნაშრომებზე რომ იმსჯელოთ?
_ არა.
_ აბა ვინა ხარ და რა უფლებით შეგაქვს ეჭვი ისეთი მნიშვნელოვანი სწავლულის აზრში, როგორიც მე ვარ? _ დაუყვირა მოთმინებიდან გამოსულმა დერვიშმა.
_ მე ჯამი ვარ, _ თქვა უცნობმა და ბრბოში გაუჩინარდა.
13 მდიდარი და ღარიბი
უდიდესი წინასწარმეტყველი, მოსეღმერთთან მიდიოდა, რათა მისთვის ეკითხა, როგორ გაეგრძელებინა თავისი საქმე. გზაზე ის ერთ ღარიბ კაცს შეხვდა.
_ საით მიიჩქარი, მოსე?
_ ღმერთთან შესახვედრად.
_ რომ ნახავ, გადაეცი, თუ შეიძლება, რომ ძალიან ღარიბი ვარ და არ ვიცი, თავს რითი ვუშველო.
მოსე დაპირდა, რომ გადასცემდა. მალე ის ძალზე მდიდარ კაცს შეხვდა.
_ სად მიდიხარ, მოსე? _ ჰკითხა მდიდარმა.
_ ღმერთთან.
_ რომ ნახავ, ჰკითხე, რა ვქნა, სიმდიდრეში ვიხრჩობი და მაინც განგება ჩემთვის ოქროს არ იშურებს.
მოსე მასაც დაპირდა თხოვნის შესრულებას.
მალე მან ღმერთი იხილა და უთხრა:
_ უფალო! მოვედი, რათა გკითხო, როგორ განვაგრძო ჩემი საქმე, და კიდევ ორი ადამიანისთვის რჩევა უნდა გკითხო.
უფალმა მიუგო:
_ ო, მოსე! საქმე როგორ განვაგრძოო, მეკითხები, მაგრამ ამ ორი ადამიანის ამბავი მოწმობს, რომ ისიც არ გაგიკეთებია, რისი გაკეთებაც შეგეძლო _ მდიდრის ზედმეტი ქონება ღარიბისთვის არ მიგიცია. როგორ განდო უფრო მეტი საქმე, როცა რაც უნდა გაგეკეთებინა, იმასაც კი არ აკეთებ?
14 მოტყუებული
გონგახსნილობა დიდ სიკეთედ ითვლება, მაგრამ ზოგჯერ გარკვეული გაგებით ეგოიზმის უკიდურეს ფორმასაც წარმოადგენს, რადგან ადამიანს საშუალებას აძლევს, სხვისთვის მიუწვდომელ სიმაღლეებს მიაღწიოს. დაკარგვის შიში და შეძენის სურვილი _ აი, ის სტიმულები, რომლებიც იმ დროებით აღგზნებას წარმოშობს, რომელიც ასე სწყურიათ ადამიანებს, მაგრამ ზღუდეებად არიან აღმართულნი უფრო ღრმა შემეცნების გზაზე. ბევრი ადამიანი იმდენადაა დამონებული სხვა ადამიანებს, საკუთარ იდეებსა და გარემოს, რომ წარმოდგენაც კი არა აქვს, რომ ამ ზედაპირულ რამეებისგან განსხვავებული აღქმის სფეროც არსებობს.
სპარსელი პოეტი, ლივაი ამის საილუსტრაციოდ ძველისძველ ამბავს გვიამბობს, რომელიც საინტერესოც არის და ჭკუის სასწავლებელიც:
ერთი შეძლებული კაცი ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. ქალაქს რომ მიუახლოვდა, გზისპირას ჩემოჯდა, რომ წაეხემსა. გემრიელი საჭმლით ტკბებოდა და თან თავის სახლზე, თავის თავზე და იმ სარფიან გარიგებაზე ფიქრობდა, ცოტა ხნის წინ რომ დადო.
გზაზე კაცი გამოჩნდა. მდიდარმა ის იხმო და ქალაქში საქმე როგორ არის, ჰკითხა.
_ ყველაფერი კარგადაა, _ მიუგო მან.
_ ჩემი სახლი ხომ იცი. ჩემი ცოლი და შვილი როგორ არიან?
_ შენი ბიჭი თავს მშვენივრად გრძნობს, დედამისი კი, ისევ ისეთი მშვენიერია, როგორიც იყო.
_ ჩემი აქლემი?
_ ჯანმრთელია და დაპურებული.
_ ჩემი ძაღლი?
_ როგორც ყოველთვის, შენი ერთგულია და შენს სამფლობელოს თვალმოუხუჭავად დარაჯობს.
მდიდარს გულზე მოეშვა და საჭმელს გაორმაგებული მადით შეექცა, მგზავრს კი არაფერი შესთავაზა. კაცმა გადაწყვიტა მდიდრისთვის ჭკუა ესწავლებინა.
ბუჩქებში გაზელმა გაიელვა. მგზავრმა ამოიოხრა.
_ რა მოხდა? _ ჰკითხა მდიდარმა.
_ უბრალოდ ვიფიქრე, შენი ძაღლი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამ გაზელს თავისუფლად დაეწეოდა-თქო.
_ რა? ჩემი ძაღლი მოკვდა? როგორ მოხდა?
_ შენი აქლემის ხორცი ბევრი მოუვიდა და...
_ ჩემი საყვარელი აქლემის ხორცი? იმას რაღა დაემართა?
_ შენი ცოლის დაკრძალვაზე სტუმრების დასაპურებლად დაკლეს.
_ ჩემი ცოლის?!
_ ჰო, შვილის სიკვდილი ვერ გადაიტანა და...
_ რა მოუვიდა ჩემს შვილს?
_ შენი სახლი რომ დაინგრა, ნანგრევებში მოჰყვა.
ამის გაგონებაზე ვაჭარი წამოხტა, ტანისამოსი შემოიხია და ბღავილით გავარდა უდაბნოში.
მას რომ თანამემამულესთვის გაეზიარებინა ტრაპეზა, შეიძლება ასეთი საზარელი განცდის გადატანასაც აცდენოდა. მაგრამ მეორეს მხრივ, ასეთი ხარბი რომ არ ყოფილიყო, საკუთარი თავის გვერდიდან დანახვის შესაძლებლობაც არ მიეცემოდა. თუმცა, ხარბი რომ არ ყოფილიყო, დასჭირდებოდა კი ამგვარი შოკური თერაპია და საკუთარ თავზე დაკვირვება?
15 დისპუტი სწავლულთან
ამბობენ, რომ ერთხელ ბახაუდინ ნაკშბანდს ჰკითხეს:
_ რატომ არ ეკამათები სწავლულებს? ესა და ეს ბრძენი სულმუდამ ამითაა დაკავებული. ამას შედეგად მეცნიერთა სრული დაბნევა და მოწაფეთა მიერ ბრძენის გაღმერთება მოსდევს.
_ წადით და ჰკითხეთ იმათ, ვისაც ის დრო ახსოვს, როცა მეც არ ვაძლევდი სწავლულებს მოსვენებას, _ მიუგო ბაჰაუდინმა, _ დაუსრულებლად ვამსხვრევდი მათ წარმოდგენებს და იოლად ვაცამტვერებდი მათ მიერ მოყვანილ მტკიცებულებებს. ამის შესახებ ისინი მოგიყვებიან, ვინც ჩვენს დისპუტებს ესწრებოდა. მაგრამ ერთხელ ერთმა ჩემზე უფრო ჭკვიანმა კაცმა მითხრა:
_ შენ ისე ხშირად არცხვენ სწავლულებს, რომ ყოველი თქვენი თქვენი კამათი ერთმანეთს ემსგავსება. თანაც გაუგებარია, რა არის შენი საბოლოო მიზანი. ისინი ხომ მაინც დიდხანს ჩადიან იმ შეცდომებს, რომლებზეც შენ მათ მიუთითებ. გარდა ამისა შენი მოწაფეები შენი გამარჯვებებით მუდამ გაკვირვებულები არიან. მათ შენი პატივისცემა ისწავლეს, ნაცვლად იმისა, რომ კამათის უსარგებლობა და შენს ოპონენტთა უმნიშვნელობა დაენახათ. ამგვარად გამარჯვებაში ერთი მეოთხედი დამარცხება ერია. ეგეც არ იყოს, შენი მოწაფეები ძალიან ბევრ დროს კარგავენ შენით აღტაცებაში. ეს დრო მათ რაიმე ფასეულის აღსაქმელად შეეძლოთ გამოეყენებინათ. ეს ნიშნავს, რომ შენ კიდევ ერთი მეოთხედით დამარცხდი. ორი მეოთხედი კი ნახევარს უდრის. ახლა მხოლოდ ნახევარი შანსი-ღა გაქვს დარჩენილი.
ეს ოცი წლის წინ მოხდა. აი, რატომაა, რომ არც მე ვაქცევ ყურადღებას სწავლულებს და ამას არც ჩემს მოწაფეებს ვურჩევ. არც გამარჯვების მოპოვება მსურს და არც დამარცხება. ათასჯერ შეიძლება დაამარცხო კამათში ის ხალხი, თავი სწავლულად რომ წარმოუდგენია და მათი სწავლების უაზრობა დაამტკიცო, მაგრამ ეს ისევე დროის დაკარგვა იქნება, როგორც ცარიელი ქოთნითვის ჯოხის ცემა. თანაც ამით იმხელა მნიშვნელობას ანიჭებ ინტელექტუალებს, რამხელასაც ისინი ნამდვილად არ იმსახურებენ.
16 მაძღარი
ერთი კაცი ბახაუდინ ნაკშბანდთან მივიდა და უთხრა:
_ ბევრი მოძღვარი გამოვიცვალე. ერთი მასწავლებლისგან მეორესთან გადავდიოდი და უამრავი გზა შევისწავლე. თითოეყლმა მათგანმა ბევრი რამ მომცა. ახლა მსურს შენი მოწაფე გავხდე, რათა ცოდნის წყაროს დავეწაფო და ამგვარად წინ წავიწიო `ტარიკის~, ანუ მისტიციზმის გზაზე.
Read polaroid spectra pro manual PDF
5 years ago
No comments:
Post a Comment