Sunday, November 9, 2008

ინდური პრიტჩები



1 კეთილშობილი პარასი
2 შეშველი ბრძენები
3 ბრძენის წინასწარმეტყველება
4 კეთილშობილება და ვერაგობა
5 ღვთის იმედზე იყავი
6 შთაგონების სამსახურში
7 ალიყური
8 სწორი ხაზი
9 სამი ტიპის ადამიანი
10 აკბარი და ფარიდი
11 ექსპერიმენტი
12 როგორ ვიპოვო ღმერთი?
13 გედები
14 მიზეზი და შედეგი
15 სხეული და სული
16 ოსტატთა დიალოგი
17 ქაბირი _ სიცოცხლის მომღერალი
18 მრავალფეხა და მელია
19 თანაგრძნობის აქტი
20 კამალი _ ქაბირის ვაჟი
21 ნაგარჯუნა და ქურდი
22 პირველი საფეხური
23 ღმერთი ყველგანაა
24 ინდოეთის უდიდესი პოეტი
25 რამაკრიშნა
26 უკანასკნელი დაბრკოლება
27 სინამდვილე
28 ეს უნდა გამოსცადოთ
29 ცოდვებისგან განწმენდა
30 ვივეკანანდა
31 სიცოცხლე არ მთავრდება!
32 ალექსანდრე მაკედონელი და სანიასინი
33 მიიღეთ საკუთარი თავი
34 ვინ უფრო ძლიერია
35 მეთევზეები და ყვავილები
36 აბსოლუტური ჭეშმარიტება
37 ნაკლიანი ქოთანი
38 გამოწვევა
39 ბედნიერება
40 ყველაზე ღარიბი
41 წმინდა ძროხა






1 კეთილშობილი პარასი

ბუდას წასვლიდან ორი საუკუნის შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა თითქმის მთელი აზია დაიპყრო და ინდოეთის საზღვრებს მიადგა, თუმცა ინდოეთის მიწაზე ფეხის შედგმას ფრთხილობდა, რადგან იცოდა, რომ ინდოელებს გაწრთვნილი, მეომარი სპილოები ჰყავდათ, ყველაფერს რომ სპობდნენ, რაც გზად შეხვდებოდათ. სპილოებს ზურგზე მოსახერხებელი სავარძლები ჰქონდათ, საიდანაც მეომრები მტერს შუბებითა და ისრებით უმასპინძლდებოდნენ.
ამ დროს ინდოეთს კეთილშობილი იმპერატორი, პარასი მართავდა. ალექსანდრეს სმენოდა მისი სიქველის შესახებ. მან პარასთან შესახვედრად თავისი სატრფო გაგზავნა.
ინდოეთში არის ასეთი დღესასწაული: `დობილის დღე~. ამ დღეს ადათის მიხედვით გოგოს შეუძლია ბიჭს მაჯაზე წითელი ძაფი შეაბას და ძმა დაუძახოს. ბიჭი მას ფეხის ტერფზე უნდა შეეხოს* და შეჰფიცოს, რომ როგორც დას, ისე დაიცავს. და კი თავის მხრივ აღუთქვამს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ილოცებს მასზე.
სწორედ ამ დღეს იმპერატორს მოახსენეს, რომ ალექსანდრე მაკედონელის სატრფოს, მთელს ქვეყანაზე სილამაზით განთქმულ ქალს, მასთან შეხვედრა სურდა. პარასი გამოვიდა და მიესალმა მას.
ინდოეთში დღესაც კანონია: `სტუმარი ღვთისაა.~
პარასმა ქალი სასახლეში შეიყვანა, ტახტზე დასვა და პატივისცემით მიმართა:
_ გრძელი გზა გამოგივლიათ. რით შემიძლია გემსახუროთ?
_ მოვედი, რომ ძმობა გთხოვოთ. ძმა არ მყავს და ძალიან მინდა, ჩემი ძმა გახდეთ. პარასს ესმოდა, რომ ეს შეიძლებოდა უბრალო ინტრიგა ყოფილიყო, მაგრამ მაინც დაიხარა, მის ფეხის ტერფებს შეეხო და უთხრა:
_ თუ თქვენ ძმა არ გყავთ, მე ვარ თვენი ძმა!
ქალმა მას მაჯაზე წითელი ძაფი შეაბა შეჰფიცა, დარჩენილი სიცოცხლე შენზე ვილოცებო.
მეორე დღეს ალექსანდრე შეტევაზე გადავიდა. ბრძოლაში პარასი საბრძოლო სპილოზე იყო ამხედრებული. მან ალექსანდრეს ცხენი განგმირა. ალექსანდრე დაეცა.სპილო მტრის გასრესას იყო დაჩვეული და ფეხი ასწია, მაგრამ პარასს წითელი ძაფი და ალექსანდრეს სატრფოს წინაშე თავისი ვალდებულება მოაგონდა და სპილო შეაჩერა. პარასმა უკან დაიხია, შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა და დამარცხდა. ის ტყვედ ჩაიგდეს და ბორკილდადებული ალექსანდრეს მიჰგვარეს. მაგრამ მისმა მეფურმა მიხვრა-მოხვრამ, მოხდენილობამ და სიქველემ მოხიბლა დიდი დამპყრობელი. მან ჰკითხა პარასს:
_ როგორ მოპყრობას ისურვებდით?
_ რა კითხვაა? იმპერატორს იმპერატორივით უნდა მოექცე. _ მიუგო პარასმა.
იმ დღეს ალექსანდრემ ასეთი ჩანაწერი გააკეთა: `პარასისნაირი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია. ტყვე იყო, მაგრამ როგორ მიდიოდა! ან როგორ საუბრობდა!~
_ მოხსენით ხუნდები! ეს კაცი ბორკილდადებულიც კი მბრძანებელია. დაუბრუნეთ მას სამეფო! _ ბრძანა მან.
დამშვიდობებამდე ალექსანდრემ პარასს ჰკითხა:
_ რატომ დაუშვით მახვილი, როცა დავეცი? ერთი წუთიც და ბოლოს მომიღებდით, ან თქვენი სპილო გამჭყლეტდა. რატომ არ გააკეთეთ ეს?
პარასმა მიუგო:
_ ნურაფერს მკითხავთ. თქვენ ყველაფერი იცით. აი წითელი ძაფი. ცნობთ? არ შემიძლია ასეთ რამეებს გადავაბიჯო. თქვენი სატრფო ჩემი დაა, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ რაიმეთი ვალდებული ხართ ჩემს წინაშე.

2 შეშველი ბრძენები

ალექსანდრემ პარასს ჰკითხა:
_ ვინ მოგცათ სიბრძნე?
_ შიშველმა ბრძენებმა, _ მიუგო მან.
ალექსანდრემ მათი ნახვა მოინდომა. მან ბრძენებთან მალემსრბოლი აფრინა და დააბარა მათთვის მისი საგმირო საქმეები მოეთხრო. ბრძენებმა თქვეს:
_ ნუთუ ალექსანდრეს ამოდენა დავიდარაბის გარეშე არ შეეძლო ჩვენი ნახვა?
ისინი დათანხმდენ ალექსანდრე მიეღოთ და მის კითხვევებზე ეპასუხათ.
ალექსანდრემ ათი კითხვა დასვა და ათი კითხვა მიიღო.
პირველი კითხვა ასეთი გახლდათ: ვინ უფრო მეტნი არიან, ცოცხლები თუ მკვდრები? _ `ცოცხლები, _ იყო პასუხი, _ მკვდრები აღარ არიან.~
მეორე კითხვა: რა უფრო მეტად კვებავს ცხოველებს, ზღვა თუ მიწა? _ `ზღვა, იმიტომ, რომ მიწა მხოლოდ პატარა კუნძულა მსოფლიო ოკეანეში.~
მესამე კითხვა: რომელი ცხოველია ყველაზე ჭკვიანი? _ `ის, რომელსაც ადამიანი ჯერ არ შეხვედრია~.
მეოთხე კითხვა: რატომ ურჩიეთ პარასს ჩემთან ებრძოლა? _ `იმისთვის, რომ ღირსეულად იცხოვროს და ღირსეულად მოკვდეს~.
მეხუთე კითხვა: რა უფრო ადრე იყო _ დღე თუ ღამე? _ `დღე ერთი დღით უფრო ადრე იყო~. (`რთული პასუხია!~ თქვა ალექსანდრემ. `რთულ კითხვაზე~, მიუგეს ბრძენებმა.)
მეექვსე კითხვა: როგორ დავიმსახურო სიყვარული? _ `იყავი ყველაზე ძლიერი, მაგრამ არა ყველაზე საშინელი~.
მეშვიდე კითხვა: რომელი უფრო ძლიერია _ სიცოცხლე თუ სიკვდილი? _ `სიცოცხლე. მასში მეტი ტანჯვაა.~
მერვე კითხვა: როდის ეგების სიკვდილი? _ `როცა სიკვდილი აჯობებს სიცოცხლეს.~
დანარჩენი ორი კითხვა ისტორიამ არ შემოინახა.

3 ბრძენის წინასწარმეტყველება

ინდოეთის დაპყრობის შემდეგ ალექსანდრე წინ არ წასულა. ნაძარცვით დამძიმებული მისი ჯარი დრტვინავდა და სახლში დაბრუნებას ითხოვდა. გზად მზით გადამწვარი უდაბნო ედოთ. წყალი არ იყო, მის ნაცვლად ინდოეთიდან უზომოდ ბევრი ღვინო წამოიღეს. სამშობლოში დაბრუნება აღვირახსნილ ღრეობად იქცა.
ალექსანდრეს თან ინდოელი ბრძენი, კალანი ახლდა. ის სამშობლოს დატოვებას და ალექსანდრეს მრჩევლობას დათანხმდა. გზაში კალანი ავად გახდა და ტანჯვას რომ გადარჩენილიყო, გადაწყვიტა თავი ცოცხლად დაეწვა.
_ კალანი ჩემზე ძლიერია, _ თქვა ალექსანდრემ, _ მე მეფეებს ვებრძოდი, ის კი სიკვდილს ებრძვის. ცეცხლში შესვლამდე კალანმა მას თვალებში ჩახედა და უთხრა:
_ მალე შევხვდებით.
ბრძენის სიტყვები გამართლდა. ალექსანდრე ისე კვდებოდა, რომ თავის უკედეგანო სამეფოს მემკვიდრეს არ უტოვებდა. მის საწოლთან მისი მეგობრები _ მხედართმთავრები შეიკრიბნენ. ალექსანდრეს თითქმის აღარ შეეძლო ლაპარაკი.
_ ვის უტოვებ სამეფოს? _ ჰკითხეს მას.
_ ყველაზე ღირსეულს. _ დაიჩურჩულა მან.
_ ზვარაკად ვინ შეგეწირება?
_ თქვენ.
მომაკვდავი ალექსანდრეს წინასწარმეტყველება ახდა. მისი ნეშტი ოცდაათი დღე დაუმარხავი იდო. მხედართმთავრები ძალაუფლებისთვის ებრძობნენ ერთმანეთს: ოცი წელიწადი ბაბილონიდან ათენამდე მიწაზე და ზღვაში ბრძოლები არ ცხრებოდა.

4 კეთილშობილება და ვერაგობა
ინდოეთის სიმდიდრე ბევრ დამპყრობელს არ აძლევდა მოსვენებას. მათ შორის იყო მაჰმუდ განზავი. მან თვრამეტჯერ შეუტია ინდოეთს და თვრამეტივეჯერ დამარცხდა.
უკანასკნელი მარცხის შემდეგ ის ნაცემი ძაღლივით გამოქვაბულში დაიმალა. იქ რომ იჯდა და თავის მდგომარეობაზე ფიქრობდა, ობობა შენიშნა, რომელიც ქსელს ქსოვდა. მაჰმუდი მის მოქმედებას დააკვირდა. წვიმდა. ობობა ცდილობდა ქსელი დაემაგრებინა, მაგრამ კედელს წყდებოდა და ძირს ვარდებოდა. ზუსტად თვრამეტჯერ ჩამოვარდა, მეცხრამეტეჯერ კი თავისას მიაღწია. მაჰმუდს უცებ მხნეობა დაუბრუნდა. მოეჩვენა, რომ ეს ბედის ნიშანი იყო. უკვე შემდეგ ლაშქრობაზე ფიქრობდა. ყველა წინა ლაშქრობა მარცხით დაამთავრა. უგერგილო მხედართმთავრობის გამო ათასობით მებრძოლი დაეხოცა. ინდოეთის საზღვარს პრიტხვირჯაი ჩაუხანი, საზღვრისპირა სამთავროს მმართველი იცავდა.
მაჰმუდი მბრძანებელი იყო თავის სამეფოში, ინდოეთზე თავდასხმისთვის მიზეზი არ ჰქონია.
პრიტხვირჯაი ჩაუხანმა მაჰმუდი თვრამეტჯერ დაამარცხა. მას ურჩევდნენ მტერს დადევნებოდა და ბუდეშივე ჩაეკლა. ეუბნებოდნენ, კიდევ შეკრებს ლაშქარს და თავს მოულოდნელად დაგესხმება, ამიტომ მტერი ბოლომდე უნდა გაანადგუროო, მაგრამ ჩაუხანი ძალზე ჰუმანური ადამიანი გახლდათ. `მაჰმუდის ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს არაფერი დაუშავებიათ და ჩემი მტრები არ არიან. ჯარი იმისთვის კი არ მყავს, რომ ქვეყნები დავიპყრო, თუ კიდევ მობედავს მაჰმუდი, კიდევ ერთხელ დავამარცებთ~_იყო მისი პასუხი.
. . . ის არ ელოდა, რომ მაჰმუდი დამარცხებიდან ასე მალე დააცხრებოდა თავს. ინდოელებმა ჯარი დაითხოვეს. მაჰმუდი მოულოდნელად დაესხა მათ თავს და დაამარცხა. პრიტხვირჯაი ტყვედ ჩავარდა. მაჰმუდის ბრძანებით მას ორივე თვალი დათხარეს. ასე იძია მან შური დამარცხებისთვის.
პრიტხვირჯაი ძალიან ლამაზი იყო. მშვილდისრის სროლაში მას ვერვინ სჯობდა. განაჩენის აღსრულების მოლოდინში ის და მისი მეგობარი პოეტი, რომელმაც გადაწყვიტა, მისი ბედი გაეზიარებინა, ციხეში ისხდნენ.
როცა ისინი ჩამოსახრჩობად მოედანზე გაიყვანეს, პოეტმა მაჰმუდს თხოვნით მიმართა.
_ პრიტხვირჯაი სწორუპოვარი მშვილდოსანია, _ უთხრა მან, _ მიეცი ნება სიკვდილის წინ უკანასკნელად გაისროლოს.
მაჰმუდი დაინტერსდა, როგორ ისროდა ისარს ბრმა და მშვილდ-ისრის მოტანა ბრძანა.
პოეტმა კვლავ მიმართა მაჰმუდს. მან უპასუხა და იმ წამსვე მის ხმაზე გასროლილი ისარი მაჰმუდს შიგ გულში ჩაესო.

5 ღვთის იმედზე იყავი
კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ხელმწიფე აკბარი გახლათ. კეთილგანწყობისა და სამართლიანობის გამო მას კაცთა მოდგმის მფარველს უწოდებდნენ. მან მნიშვნელოვნად გააფართოვა და განამტკიცა ინდოეთის სახელმწიფო.
იმ დროის ტრადიციის შესაბამისად მეფე აკბარი ხშირად სეირნობდა დედაქალაქში რვა ტაიჭშებმული მდიდრული ეტლით. ჰეროლდები და მცველები მის მოახლოებას ქალაქის ყველა უბანს ხმამაღლა ამცნობდნენ. ასეთი პომპეზურობის მიუხედავად მეფემ მკაცრი ბრძანება გასცა: მისი ეტლი უნდა შეჩერებულიყო ყოველთვის, როცა რომელიმე მოქალაქე თხოვნის ან საჩივრის გამო მეფის ნახვას მოინდომებდა. ერთხელ მეეტლემ ცხენები შეაჩერა, რადგან ერთმა ღატაკმა ხეიბარმა მისკენ ხელები გაიშვირა და მოწყალება ითხოვა. ღატაკი ხმამაღლა ადიდებდა ხელმწიფეს და გაჰყვიროდა: `მხოლოდ მეფეს შეუძლია ჩემი გაბედნიერება!~
აკბარის ყურადღება იქვე ახლოს მჯდარმა კიდევ ერთმა ღატაკმა მიიპყრო, რომელიც თითქოს პირველი ღატაკის ჯიბრზე, ყვიროდა: `მხოლოდ ღმერთს შეუძლია სიკეთე უყოს ადამიანს, მხოლოდ ღმერთს შეუძლია გააბედნიეროს კაცი!~ აკბარი მის სიტყვებზე დაფიქრდა.
სასახლეში რომ დაბრუნდა, მან უზარმაზარი პურის გამოცხობა და შიგ ოქროს ნაჭრის ჩატანება ბრძანა. მეორე დღეს მან განგებ იგივე გზით გაიარა. წინა დღის სცენა განმეორდა და აკბარმა პური იმ ღატაკს მისცა, რომელიც ხელმწიფის წყალობას ითხოვდა. მეორე ღატაკს მან არაფერი მისცა, რადგან ის მას კი არა, ღმერთს სთხოვდა მოწყალებას.
რამდენიმე ხნის შემდეგ მან კიდევ გაისეირნა ამ გზაზე. მეეტლემ ისევ გააჩერა ცხენები, რადგან ღატაკი ხეიბარი ისევ დახმარებას შესთხოვდა მეფეს. მეფე ეტლიდან გადმოვიდა და ჰკითხა:
_ რატომ მთხოვ დახმარებას? გუშინ არ მოგეცი პური, რომელშიც ოქროს ზოდი იდო?
ღატაკ ხეიბარს გაუკვირდა:
_ არ ვიცი, რა ოქროზე ლაპარაკობ. შენი მოცემული პური ძალიან მძიმედ მომეჩვენა და ჩავთვალე, რომ ცუდად იყო გამომცხვარი. მე ის ჩემ მეზობელ ღატაკს 10 მონეტად მივყიდე.
აკბარმა მიმოიხედა. მეორე ღატაკი არსად ჩანდა. მეფემ განკარგულება გასცა, გაეგოთ, რა ბედი ეწია მას. როცა მოახსენეს, რომ ღატაკმა პური თავის ცოლს მისცა, ცოლმა კი მასში ოქრო აღმოაჩინა, სახლი იყიდა და ოჯახის ყველა საქმე მოაგვარა, აკბარმა ღატაკ ხეიბარს ურჩია იმ დღიდან მეფისთვის კი არა, ღმერთისთვის ეთხოვა წყალობა და ცხოვრებაში მხოლოდ მისი იმედი ჰქონოდა.

6 შთაგონების სამსახურში
ინდურ კლასიკურ მუსიკაში ცნობილია, რომ თუ ინდურ მუსიკალურ საკრავს, სიტარას, ცარიელი ოთახის კუთხეში დავდებთ, მის წინ კი სიტარაზე დაკვრის ოსტატი დაჯდება და მეორე სიტარაზე დაუკრავს, პირველი სიტარა იგივე სიხშირეზე დაიწყებს ვიბრირებას და მელოდიას გაიმეორებს. მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მაღალი კლასის მუსიკოსი უკრავს.
ამის შესახებ რომ შეიტყო, აკბარი ძალიან დაინტერესდა. მის ამალაში იყო დიდი მუსიკოსი, სახელად ტანსენი. ის იმ `ცხრა რჩეულთაგანი~ იყო, რომელიც აკბარმა სასახლეში შეკრიბა. მათ `ცხრა ბრილიანტს~ უწოდებდნენ. ცხრა უდიდეს ხელოვანს სიცოცხლის ცხრა გამოვლინებიდან ერთ-ერთში ოსტატობის მწვერვალისთვის მიეღწია. აკბარმა ტანსენს ჰკითხა:
_ შეგიძლია ისე დაუკრა, რომ დადუმებული საკრავი გააცოცხლო?
_ გამომდის ხოლმე, მაგრამ არც ისე კარგად. _ მიუგო ტანსენმა.
_ არის კი ამქვეყნად ისეთი მუსიკოსი, ეს რომ შეეძლოს?
_ დიახ, არის. მხოლოდ ერთი ადამიანი. ის ჩემი მასწავლებელია.
_ მე შენ სწორუპოვარი მუსიკოსი მეგონე, _ უთხრა აკბარმა, _ გამოდის, რომ თურმე შენზე დიდი მუსიკოსიც ყოფილა ამ ქვეყნად. მისი ნახვა მინდა. მოიწვიე სასახლეში. დიდი პატივით დავხვდებით.
_ მე იმიტომ ვმღერი და ვუკრავ, რომ სურვილებითა და იმედით ვარ სავსე, _ მიუგო ტანსენმა, _ რამდენი რამით დამასაჩუქრეთ, მაგრამ ჩემს სურვილებს ბოლო მაინც არ უჩანს. მე სასახლეში ვცხოვრობ და მზად ვარ ნებისმიერ წუთს, როცა საჭიროა, დავუკრა და ვიცეკვო. ეს ჩემი სამსახურია. ჩემი მასწავლებელი კი ბუნების მოვლენაა. მას ვერც მოიწვევ და ვერც სიმღერას აიძულებ. ის შთაგონებას ემსახურება. როცა ის უბრძანებს, მაშინ უკრავს და მღერის. მისი მუსიკის წყარო სტიქიაა. მისი ნახვა თქვენ გწყურიათ, ამიტომ თქვენ თვითონ უნდა ეწვიოთ მას. აი ჩემი სიტარა. ჩვენ მას წავიღებთ და ვნახავთ, როგორ აჟღერდება.
ტანსენმა მასწავლებლის საცხოვრებლის გასაგებად მოსამსახურე გაგზავნა. საღამოს მას მოახსენეს, რომ მასწავლებელი ერთი პატარა სოფლის ბოლოს, ქოხში ცხოვრობდა და დაკვრას დილის სამი საათისთვის იწყებდა ხოლმე.
აკბარმა და ტენსენმა სიტარა წაიღეს და მასწავლებლის სახლისკენ გაემართნენ. რომ მივიდნენ, ქოხის უკან ჩამოსხდნენ და დაელოდნენ.
დილის სამ საათზე ტანსენის მასწავლებელმა დაკვრა და სიმღერა დაიწყო. მას ხარიდასი ერქვა.
როგორც ჩანს, ინდოეთში სხვა ასეთი მუსიკოსი არ მოიძებნებოდა.
დაიწყო თუ არა დაკვრა, ქოხის უკან სიტარა ამღერდა. აკბარმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ ვიბრირებდნენ სიტარის სიმები დიდი მუსიკოსის საკრავის პასუხად. უსმენდა და თვალზე ცრემლი სდიოდა. ეს სიხარულის ცრემლი იყო.
ხარიდასმა დაკვრა დაამთავრა. ისინი ჩუმად ადგნენ და წავიდნენ. მთელი გზა დუმდნენ. ამ ამბავმა შეძრა აკბარი. მეორე დღეს მან ტანსენს უთხრა: _ ადრე მეგონა, რომ შენ იყავი სწორუპოვარი მუსიკოსი, მაგრამ ვხედავ, რომ შენი მასწავლებელი მუსიკის ღმერთია! ტყუილად კარგავ დროს სასახლეში. ის კი მოხუცია და შეიძლება მალე იმქვეყნადაც წავიდეს. შენ მის გვერდით უნდა იყო. ის დიდი მასწავლებელია! მის გვერდით მკვდარი საკრავიც კი მღერის!

7 ალიყური

ყველა ნიჭიერ ადამიანს აკბარი სასახლეში იწვევდა და გულუხვად ასაჩუქრებდა. მის კარზე ყოველთვის იყვნენ დიდი მხატვრები, მოცეკვავეები, ფილოსოფოსები...
ერთხელ ის თავის ცხრა საუკეთესო მეგობარს ესაუბრებოდა. ეს ცხრა ყველაზე ნიჭიერი შემოქმედი იყო. აკბარს კი თავის უცნაურობები სჭირდა. უცებ ისეთ რამეს მოიმოქმედებდა, რომ... რაღა თქმა უნდა, მეფეს ვერ ჰკითხავ, ეს რატომ ჰქენიო. მოულოდნელად მან მის გვერდით მდგომს ალიყური აჭამა. ეს კაცი აკბარის კარზე ყველაზე ჭკვიანი ადამიანი იყო. მას ბირბალი ერქვა. ბირბალი წამით შეყოვნდა, ალბათ ფიქრობდა, რა ექნა, არა და რაღაც აუცილებლად უნდა ექნა! ის მიტრიალდა თავის გვერდზე მდგომს, ერთ-ერთ მინისტრს აჭამა ალიყური.
როგორი საქმეა! მინისტრმა გაკვირვებისგან პირი დააღო: `რა ხდება? რა ხუმრობაა?!~
მაგრამ უკვე სანერვიულო არაფერი იყო. ბირბალმა ხომ `კარი გააღო~! მინისტრს ბევრი აღარ უფიქრია, მის გვერდით მდგომს აჭამა ალიყური. ამბობენ, ამ ალიყურმა მთელი ქალაქი მოიარაო.
ღამით აკბარს ცოლმა მოულოდნელად სილა გააწნა.
_ რას აკეთებ? _ ჰკითხა მან.
_ არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ მთელს ქალაქში ასეთი ამბავია. მეც ესწუთია შენმა უფროსმა ცოლმა ალიყური მაჭამა. ჩემზე უფროსია და ხელი ვერ შევუბრუნე. შენს მეტი არავინ მყავს, რომ გავასილაქო.
_ უყურე შენ, _ გაუკვირდა აკბარს, _ ჩემი საკუთარი ალიყური დამიბრუნდა!

8 სწორი ხაზი

ერთხელ აკბარმა სწორი ხაზი გაავლო და მინისტრებს ჰკითხა:
_ როგორ დავაპატარავოთ ეს ხაზი ისე, რომ ხელი არ ვახლოთ?
ბირბალი სახელმწიფოში ყველაზე ჭკვიან კაცად ითვლებოდა. ის ხაზთან მივიდა და მის გვერდით მეორე, უფრო გრძელი ხაზი გაავლო, რითაც პირველი ყველას თვალში დაპატარავდა.

9 სამი ტიპის ადამიანი

ერთხელ აკბარს მეზობელი სახელმწიფოდან სამი სრულიად ერთნაირი ოქროს ქანდაკება გამოუგზავნეს. მათ თან ახლდა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ თითოეულ ქანდაკებას თავისი მნიშვნელობა და ღირსება ჰქონდა.
აკბარმა ის თავის მრჩევლებს წარუდგინა და განსხვავების პოვნა თხოვა.
მრჩევლებმა საგულდაგულოდ შეამოწმეს ქანდაკებები. აწონეს, გაზომეს, ოქროს სინჯიც კი აიღეს, მაგრამ ვერავითარი შინაგანი ან გარეგანი განსხვავება ვერ იპოვეს.
ყველა, ვინც ქანდაკებებს ათვალიერებდა, უმწეოდ ასავსავებდა ხელებს.
მხოლოდ ბირბალი არ ნებდებოდა. მან ყურებში პატარა ჭრილებს მიაგნო, ოქროს წვრილი ძაფი გაუყარა. პირველ ქანდაკებას ძაფი მეორე ყურიდან გამოუვიდა, მეორეს _ პირიდან, მესამეს კი ჭიპიდან.
ბირბალმა ერთხანს იფიქრა, მერე კი თქვა:
_ თქვენო უდიდებულესობავ, ვფიქრობ, გამოვიცანი გამოცანა. პირველი ქანდაკება იმ ადამიანებს ჰგავს, რომლებიც ერთ ყურში ნათქვამს მეორე ყურიდან უშვებენ. მეურე ქანდაკება იმ კაცს გავს, რომელიც, რაიმეს რომ გაიგებს, დაფიქრებასაც ვერ ასწრებს, ისე უყვება სხვებს. მესამე ქანდაკება კი იმათ მაგონებს, ვინც გაგონილს იმახსობრებს და ცდილობს გულში გაატაროს. ეს ამ სამიდან ყველაზე ძვირფასი ქანდაკებაა.

10 აკბარი და ფარიდი

აკბარი ხშირად ეწვეოდა ხოლმე ოსტატ ფარიდს სასაუბროდ. სოფელში, სადაც ფარიდი ცხოვრობდა, ეს იცოდნენ. ერთხელ სოფლის მცხოვრებლები ოსტატთან მივიდნენ და უთხრეს:
_ თვით იმპერატორი გსტუმრობს. რა იქნება, სოფელში ერთი სკოლის ან საავადმყოფოს აშენება რომ სთხოვო?
სოფელში ხალხი ღარიბად ცხოვრობდა და განათლების მიღებასაც ვერ ახერხებდა. ფარიდმა იფიქრა და უთხრა:
_ კარგი, რახან ასე მთხოვთ, წავალ. ოღონდ თხოვნა არ ვიცი. არასოდეს არაფერი მითხოვია, მაგრამ რახან ასე ძალიან მთხოვთ, ვცდი.
დილით ის სასახლეში მივიდა. ყველამ იცოდა, რომ აკბარი მისი მიმდევარი იყო და დაუყოვნებლივ შეუშვეს.
აკბარი ტაძარში იყო _ თავისი ხელით აგებულ პატარა სამლოცველოში. როგორც წესი, იქ ლოცულობდა ხოლმე. ფარიდი შევიდა და მლოცველი აკბარი რომ დაინა, მოცდა გადაწყვიტა. აკბარი ხმამაღლა ლოცულობდა და ლოცვა ასე დაასრულა:
_ ღმერთო, ყოვლადძლიერო, განამტკიცე სახელმწიფო ჩემი, განამრავლე სიმდიდრე ჩემი, განგმირე მტერი ჩემი.
ეს რომ გაიგონა, ფარიდი მიტრიალდა და წასვლა დააპირა.
აკბარი ლოცვას მორჩა, მოიხედა და კიბეზე ჩამავალი ფარიდი დაინახა.
_ აქ როგორ მოხვდი? _ ჰკითხა მან _ ან რატომ მიდიხარ?
_ ხელმწიფესთან მოვედი და მათხოვარი ვნახე, _ უთხრა ფარიდმა, _ ჰოდა ვიფიქრე, თუკი შენი საქმეების მოგვარებას შენც ღმერთს თხოვ, მეც პირდაპირ ღმერთს მივმართავ, რაში მჭირდება შუამავალი?
ეს ამბავი აკბარმა თავის დღიურში შეიტანა და იქვე მიაწერა: `იმ წამს მივხვდი: მნიშვნელობა არა აქვს, რა გაქვს, რადგან რაც არ უნდა გქონდეს, ჭკუა სულ უფრო და უფრო მეტს მოითხოვს.~

11 ექსპერიმენტი

ერთხელ აკბარმა ფარიდს იმ ორი ღატაკის ამბავი უამბო, რომელთაგან ერთი მეფეს შესთხოვდა წყალობას, მეორე კი ღმერთს. ფარიდმა მოისმინა ეს ამბავი და გამოთქვა აზრი, რომ უმეტესწილად ადამიანი თვითონ არის თავისი უბედურების მიზეზი. ფარიდმა და აკბარმა გადაწყვიტეს ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ.
მათ ხიდზე ოქროთი სავსე ქისა დააგდეს და ერთ ღარიბ კაცს ხიდზე გავლა სთხოვეს. მან გაიარა და ქისა ვერ შენიშნა.
როცა ხიდის მეორე მხარეს კაცს ჰკითხეს, ხიდზე რა ნახეო, მან უპასუხა, არაფერი მინახავსო. იმ წამს, რომცა ის ქისას მიუახლოვდა, რაღაცამ აიძულა თავი გვერდზე მიებრუნებინა. რაღაცამ მდინარეში მისი ყურადღება მიიქცია.

12 როგორ ვიპოვო ღმერთი?

ერთი ცხელი დღის საღამოს შეიხი ფარიდი მდინარეზე წავიდა. მასთან ახალგაზრდა კაცი მივიდა და ჰკითხა:
_ როგორ ვიპოვო ღმერთი?
ფარიდი მას საყელოში სწვდა და თავი წყალში ძალით ჩააყოფინა. ახალგაზრდა აფართხალდა, მაგრამ ოსტატს მაგრად ეჭირა მისი თავი წყლის ქვეშ. კრიტიკული მომენტი რომ დადგა, გამწარებული ახალგაზრდა, როგორც იქნა, ფარიდს ხელს დაუსხლტა და წყლიდან თავი ამოყო. ძლივს სუნთქავდა.
_ რატომ მიქენით ეს? _ იყვირა მან.
_ წყლის ქვეშ რომ იყავი, ყველაზე ძალიან რა გინდოდა? _ კითხვაზე კითხვით უპასუხა ფარიდმა.
_ ჰაერი! _ დაუფიქრებლად მიუგო ახალგაზრდამ, _ მხოლოდ ჰაერი მინდოდა!
_ არც სიმდიდრე, არც სიამოვნება, არც ძალაუფლება ან ყურადღება ჰაერს არ გერჩივნა? _ ჩაეძია ოსტატი.
_ არა, ბატონო, მხოლოდ ჰაერი მსურდა და მის მეტზე ვერაფერზე ვფიქრობდი. _ იყო პასუხი.
_ ღმერთს მხოლოდ მაშინ იპოვი, _ მიუგო მაშინ ფარიდმა, _ როცა მისი პოვნა ისე ძლიერ გენდომება, როგორც წაღან სუნთქვა გინდოდა.

13 გედები

აკბარის სასახლის ახლოს ლამაზი ტბა იყო, რომელზეც თითქმის ყოველ გაზაფხულს თეთრი გედები მოფრინავდნენ და იბუდებდნენ ხოლმე. ხალხს ისინი ძლიერ უყვარდა და ელოდა. მაგრამ ზოგჯერ მშვენიერი გედები მაღალი მთების ტბებში მიფრინავდნენ და იქ იკეთებდნენ ბუდეს. მაშინ სოფლელები მოიწყენდნენ ხოლმე, რადგან თვლიდნენ, რომ უიღბლო წელი ელოდათ. ამიტომ გედების მოფრენას ყოველთვის მოუთმენლად ელოდნენ ხოლმე.
ერთხელ აკბარმა ფარიდს უთხრა:
_ გედებისადმი ჩვენი სიყვარულისა და ღრმა პატივისცემის ნიშნად ვუბრძანე ამაღამ ტბა რძით გაავსონ. ყველა სოფლელი ვალდებულია ტბაში ერთი ვედრო რძე ჩაასხას.
_ საინტერესო ჩანაფიქრია, _ მიუგო ფარიდმა, _ ვნახოთ, რა გამოვა.
მეორე დილას აკბარი ფარიდთან მივიდა და ამცნო, რომ ტბა წყლით იყო სავსე.
სოფლის ყველა მცხოვრებს ტბაში რძის ნაცვლად ერთი ვედრო წყალი ჩაესხა.
_ ჩემთვის ეს სრული მოულოდნელობაა! _ თქვა აკბარმა, _ ეს ამბავი იმაზე მეტყველებს, რომ მე ჩემს ხალხს არ ვიცნობ.
ფარიდს გაეცინა და უპასუხა:
_ თითოეულმა გლეხმა იფიქრა: `ვინ რას შეამჩნევს, თუ სხვები რძეს ჩაასხამენ, მე კი წყალს, ერთი ვედრო წყალი რძეში უკვალოდ გაზავდებაო.~ მაგრამ უბედურება ისაა, რომ ყველამ ასე იფიქრა! ასეთია ადამიანური აზროვნება. ის მისი ორმაგი ბუნებიდან გამომდინარეობს: კარგი - ცუდი, მომგებიანი - წამგებიანი, უკეთესი - უარესი. შენი განკარგულება კი იმაზე მეტყველებს, რომ შენი აზროვნებაც ორმაგი ბუნების ტყვეობაშია. იფიქრე ამაზე!

14 მიზეზი და შედეგი

მოწაფეებმა ფარიდს ჰკითხეს: `რა არის ბედი?~
_ერთმანეთთან დაკავშირებულ მოვლენათა უსასრულო ჯაჭვი. თანაც ყოველი მოვლენა გავლენას ახდენს მომდევნოზე.
_ მე კი მიზეზისა და შედეგის მწამს, _ თქვა ერთ-ერთმა მოწაფემ.
_ ძალიან კარგი, _ უთხრა მას ოსტატმა, _ გუშინ მოედანზე მკვლელი ჩამოახრჩვეს. რა იყო ამის მიზეზი? ის ხომ არა, რომ ვიღაცამ მას ვერცხლის მონეტა მისცა და მან იმ დანის ყიდვა შეძლო, რომლითაც დანაშაული ჩაიდინა? თუ ის, რომ ვიღაცამ დაინახა, როგორ კლავდა კაცს? იქნებ ისაა მიზეზი, რომ ხელი არავინ შეუშალა? ან იქნებ ის, რომ ცუდი მემკვიდრეობა ერგო?

15 სხეული და სული

ერთხელ მოწაფეებმა ფარიდს ჰკითხეს:

_ ამბობენ, ჯვარზე გაკრული იესო ფიზიკურ ტკივილს არ გრძნობდაო. შესაიძლებელია ასეთი რამ? იმასაც ამბობენ, მანსურს რომ ხელ-ფეხი მოჰკვეთეს, იღიმებოდაო. არც მაშინ უნახავთ მის სახეზე ტკივილის კვალი, როცა თვალები დათხარესო. შეიძლება ასე ყოფილიყო?
ფარიდმა ხიდან ნედლი კაკალი მოწყვიტა, მოწაფეს გაუწოდა და უთხრა:
_ გახლიჩე ეს კაკალი, ოღონდ ისე, რომ გული არ გაიხლიჩოს.
შეუძლებელიაო, მიუგო მოწაფემ.
_ მწიფე კაკალი თუ შეგიძლია ისე გახლიჩო, რომ გული მთელი დარჩეს?
_ შემიძლია _ მიუგო მოწაფემ.
_ მართალია, _ უთხრა ფარიდმა, _ შენ თვითონ გაეცი შენს კითხვას პასუხი. ადამიანთა უმრავლესობის სული სხეულთან მთლიანადაა შეზრდილი. ამიტომ თუ სხეულს ავნებენ, სულსაც ტკივა. მაგრამ სხვანაირი ადამიანებიც არსებობენ. მათი სული იმდენად თავისუფალია, რომ სხეულს მხოლოდ ნიჟარასავით ატარებს. მათი სხეულის დაზიანებით სულს ვერაფერს ვავნებთ. იესო და მანსური მწიფე კაკალს ჰგავდნენ.

16 ოსტატთა დიალოგი

ერთხელ, მომლოცველობისას, ფარიდს გზად მაგაჰარი უნდა გაევლო, სადაც ქაბირი, ინდოეთის უდიდესი ოსტატი და პოეტი ცხოვრობდა. მოწაფეებმა ფარიდი მის მონახულებაზე დაითანხმეს.
¬_ რა იქნება ერთი ორი დღე საგას აშრამში რომ გავატაროთ, _ეუბნებოდნენ ისინი, _ ჩვენთვის თქვენი საუბრის მოსმენა დიდი გაკვეთილი იქნება. ეს ღვთის ბოძებული შესაძლებლობაა და მისი ხელიდან გაშვება არ გვინდა!
_ კარგი, რახან ასე ძალიან გინდათ მოვინახულოთ ქაბირი, _ უთხრა მათ ფარიდმა, _ მაგრამ საუბარს კი ვერ დაგპირდებით.
ქაბირმა იცოდა, რომ ფადირი ესტუმრებოდა. ამ შეხვედრას ქაბირსაც აძალებდნენ მისი მოწაფეები. მან ფარიდს მოსაწვევი გაუგზავნა და მის აშრამში დასვენება შესთავაზა.
დათქმულ დღეს ქაბირი სტუმრის შესახვედრად სოფლის მოედანზე გავიდა.
ორნი შეხვდნენ ერთმანეთს! გადაეხვივნენ და დიდხანს შეჰყურებდნენ ერთმანეთს თვალებში. ორივეს ცრემლი სდიოდა.
ხის ქვეშ ჩრდილში ჩამოსხდნენ. ირგვლივ მოწაფეები შემოუსხდნენ, რომ მათი საუბრიდან ერთი ბრძნული სიტყვაც არ გამორჩენოდათ. დიდხანს ელოდნენ ამ წამს და მომავალ სიამოვნებას წინასწარ განიცდიდნენ. მაგრამ საუბარი არ ყოფილა... ასე გავიდა ერთი დღე, შემდეგ მეორე. და აი, განშორების დროც დადგა. მოწაფეები იმედგაცრუებულები იყვნენ: ორი ოსტატი უბრალოდ იჯდა, ერთმანეთს შეჰყურებდა და იცინოდა.
ქაბირმა სტუმრები სოფლიდან გააცილა. ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ, მაგრამ არც ამჯერად დასცდენიათ სიტყვა.
სტუმრები რომ წავიდნენ, ერთ-ერთმა მოწაფემ ქაბირს ჰკითხა:
_ რატომ დუმდით?
ქაბირმა მიუგო:
_ რაზე უნდა გველაპარაკა? ჩვენ კითხვები აღარ დაგვრჩა, მხოლოდ პასუხები გვაქვს. ისიც ჩემსავით თავის საწყისთან მივიდა.
_ მაშინ რაღატომ იცინოდით? _ ჰკითხეს მოწაფეებმა.
_ თქვენზე გვეცინებოდა. დავინახავდით თუ არა, რომ რომელიმე თქვენგანი მოთმინებას კარგავდა, სიცილი გვიტყდებოდა და ამით გაწყნარებდით.

17 ქაბირი _ სიცოცხლის მომღერალი

ქაბირმა მთელი ცხოვრება ბენარესში გაატარა, მაგახარში კი მხოლოდ მოხუცებულობისას გადასახლდა. ბენარესს ჰინდუები უწმინდეს და მსოფლიოში ყველაზე ძველ ქალაქად თვლიან. ვერ იპოვით ვერცერთ, თუნდაც ყველაზე ძველ წმინდა წერილს, ბენარესი რომ არ იყოს მოხსენიებული. გეგონება ეს ქალაქი ყოველთვის არსებობდაო. აქ დრო და დრო ჰინდუთა დიდი თავყრილობა იმართებოდა ხოლმე.
ერთხელ ქაბირს ასეთი შეკრების თავმჯდომარეობა სთხოვეს. ქაბირი უარზე იყო. ამბობდა, წმინდა წერილები არასოდეს წამიკითხავსო, მაგრამ მას პასუხობდნენ: `არაფრის გაკეთება არ დაგჭირდება, მხოლოდ შენი დასწრებაც საკმარისია, მარტო შენი ყოფნაც კი ბრძენებს გაგვხდისო.~ ქაბირი არც ერთ რელიგიას არ ეკუთვნოდა. ერთხელ, როცა მუეძინი მინარეთიდან ხმამაღლა უხმობდა უფალს, ქაბირმა მას ჰკითხა:
_ თქვენი ღმერთი რა, ყრუა?
მაგრამ მისგან არავის არაფერი სწყინდა. მუსულმანები მას თავისად თვლიდნენ, ჰინდუები და სუფიებიც თავ-თავისად. მუსულმანურ ოჯახში დაიბადა, მაგრამ ერთხელ სისხამ დილით განგის ნაპირზე ჰინდუებმა იპოვეს და მათ გაზარდეს. ეს რომ მოხდა, ბნელი ღამე იყო. როგორც ჩანს ქაბირის მშობლები შიმშილით კვდებოდნენ და ბავშვი მდინარის ნაპირას იმ იმედით დატოვეს, რომ ვინმე კეთილი ადამიანი იპოვიდა და შეიფარებდა. როგორც ამბობენ `პუტი გასპოდნი..............~. ის ბერმა იპოვა და თავის აშრამში წაიყვანა. ბევრი ცდილობდა მის დარწმუნებას, რომ ცუდ საქმეს ჩადიოდა:
_ რა ვიცით, რომელ კასტას ეკუთვნის ეს ბავშვი, _ ეუბნებოდნენ მას, _ შენ და შენი მოწაფეები კი ბრაჰმანები ხართ! რაში გჭირდება სკანდალი? ნამდვილად უწმინდურთა კასტიდან იქნება.
რამანადა (ასე ერქვა ბერს) მათ ასეთ პასუხს აძლევდა:
_ ამას არა აქვს მნიშვნელობა. სად უნდა გავუშვა საწყალი ბავშვი? ვისაც არ მოსწონს, შეუძლია წავიდეს.
რამანადა მამაცი კაცი იყო. ის ბევრმა მოწაფემ მიატოვა, მაგრამ მას დიდად არ ანაღვლებდა, რას ამბობდა მასზე ხალხი. ის ბავშვის აღზრდას შეუდგა. ქაბირი არც ისე პატარა იყო. რამანადამ რომ იპოვა, მან მას თავისი სახელი უთხრა. რამოდენიმე სიტყვას ამბობდა, მაგრამ დედისა და მამის სახელი არ იცოდა.
წლების შემდეგ მოხუცი რამანადა ამბობდა:
_ მე არაფერი დამიკარგავს. ყველა ეს მოწაფე და სწავლული ხალხი ქაბირის ფრჩხილადაც არ ღირს. მართალია ხალხი მერიდებოდა და მიმდევრებიც დავკარგე, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი და ბედნიერი ვარ.
ბიჭი გაიზარდა და მასზე ალაპარაკდნენ. მაჰმადიანები, ჰინდუები და სუფიები მის სანახავად ქვეყნის ოთხივე კუთხიდან ჩამოდიოდნენ. ყველას უყვარდა და თაყვანს სცემდა, როგორც თავის წმინდანს.

18 მრავალფეხა და მელია

(ოშო რაჯნეშის გადოცემით)

მრავალფეხა თავისი ასობით ფეხით დასეირნობდა _ ამიტომაც ეძახიან მას მრავალფეხას.
ზოჯერ ერთი ფეხის დამორჩილებაც კი არაა ხოლმე ადვილი, ასობით ფეხით სეირნობა ნამდვილი სასწაულია!
მელიას ცნობისმოყვარეომამ სძლია, ის ხომ ადამიანის ჭკუასავით ცნობისმოყვარეა. ის მრავალფეხას ფეხებს დააკვირდა, შეისწავლა მათი მუშაობა, გააანალიზა და საკუთარ თვალებს ვერ დაუჯერა.
_ მოიცადე! _ უთხრა მრავალფეხას, _ გიყურებ და ვერაფრით გამიგია, როგორ მართავ ამდენ ფეხს. როგორ ხვდები, რომლის მერე რომელი უნდა გადადგა? ასი ფეხი გაქვს და ასე ნარნარად დადიხარ! როგორ მიაღწიე ასეთ ჰარმონიას?
_ მთელი ცხოვრება ასე დავდივარ, ამაზე არასოდეს მიფიქრია, _ მიუგო მრავალფეხამ, _ მაცალე, დავფიქრდე.
მან თვალები დახუჭა და აი, ცხოვრებაში პირველად მრავალფეხა ორ ფეხზე დადგა. აქამდე დაუფიქრებლად ცხოვრობდა და დადიოდა და მისი ცხოვრება მთლიანი იყო, ახლა კი ის სუბიექტად და ობიექტად დაიყო.
ორ ფეხზე დადგა და გავლა დააპირა, მაგრამ ეს ძალზე ძნელი აღმოჩნდა, თითქმის შეუძლებელი. მრავალფეხა მიწაზე დაეცა _ აბა ასობით ფეხის მართვისთვის თავი როგორ უნდა გაერთმია?
მელიას გაეცინა და უთხრა:
_ ვიცოდი, რომ ძნელი იყო. თავიდანვე ვიცოდი!
მრავალფეხა კი მწარედ ატირდა და თვალცრემლიანმა სთხოვა:
_ ადრე არასოდეს გამჭირვებია სიარული. შენ მოიგონე ეს პრობლემა. გემუდარები, ეს კითხვა სხვა მრავალფეხებს არ დაუსვა. მთელი სიცოცხლე დავდიოდი და სიარული არსოდეს გამჭირვებია. შენ მე მომკალი. ახლა ვეღარასოდეს გავივლი.
ცნობილი არ არის, რა ბედი ეწია ამ მრავალფეხას. თუ ისეთ სულელი გამოდგა, როგორიც ზოგი ადამიანია, ახლა სადმე საავადმყოფოში უნდა იყოს, დახეიბრებული და სამუდამოდ პარალიზებული, მაგრამ უფრო მგონია, რომ ჭკუა ეყო და ეს კითხვა თავიდან ამოიგდო. მან ალბათ მელიას უთხრა:
_ შენი კითხვები შენთვის შეინახე, მე კი უბრალოდ ვივლი.
ის ალბათ მიხვდა, რომ დანაწევრებული ცნობიერებით შორს ვერ წავიდოდა.

19 თანაგრძნობის აქტი

ქაბირმა მთელი სიცოცხლე ბენარესში გაატარა. ჰინდუებს სწამთ, რომ თუ ბენარესში მოკვდები, აუცილებლად ზეცად ამაღლდები. ამიტომ ხალხი სპეციალურად ჩამოდიოდა ამ ქალაქში სიცოცხლის დასასრულებლად.
რომ მოხუცდა და დასნეულდა, ქაბირმა მოწაფეებს მისი მაგაჰარში გადაყვანა სთხოვა.
მაგაჰარი განგის მეორე ნაპირზე მდებარე პატარა, ღარიბი სოფელია.
იმ დროს ხალხში იყო ცრურწმენა, რომ ყველა ვინც ამ ადგილას აღესრულებოდა, პირდაპირ ჯოჯოხეთში ხვდებოდა. ალბათ ასე იმიტომ სჯეროდათ, რომ მაგაჰარი ბენარესის მოპირდაპირე მხარეს იყო. ქაბირმა თქვა:
_ მაგაჰარში მინდა გადავიდე.
მოწაფეები აღელდნენ:
_ ხომ არ გაგიჟდით!
მაგრამ ის თავისას არ იშლიდა:
_რაც გინდათ ის იფიქრეთ, მაგრამ ბენარესში სიკვდილი არ მინდა, იმიტომ, რომ თუ აქ მოვკვდები და სამოთხეში მოვხვდები, ეს ჩემს დამსახურებად კი არა, ბენარესის დამსახურებად ჩაითვლება. ამიტომ მინდა მაგაჰარში დავლიო სული და ვნახო ერთი, როგორ გამიშვებენ ჯოჯოხეთში!
ქაბირი მტკიცედ იდგა თავის სიტყვაზე და მოწაფეები იძულებულები გახდნენ ნავით მეორე ნაპირზე გადაეყვანათ. მან მაგაჰარში მოწაფეებთან ერთად რემოდენიმე წელი გაატარა და იქვე მიაბარა სული უფალს. ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც მაგაჰარში იმისთვის ჩავიდა, რომ იქ მომკვდარიყო.
ამის შემდეგ ცრურწმენა მაგაჰარის შესახებ დაინგრა. ეს ქაბირის მიერ ადამიანებისათვის ჩადენილი თანაგრძნობის უკანასკნელი აქტი იყო. მაგაჰარის საცოდავი მცხოვრებლები როგორც იქნა საუკუნეობრივი სისულელისგან განთავისუფლდნენ. ახლა სწორედ მაგაჰარი ითვლება წმინდა ადგილად, სადაც ყოველ წელს ბენარესის თითქმის მთელი მოსახლეობა ნავებით გადადის, რომ პატივი მიაგოს ქაბირს, რომლის საფლავის ქვაზეც წერია: `სამოთხეში პირდაპირ მაგაჰარიდან ავედი.~

20 კამალი _ ქაბირის ვაჟი

თავის ვაჟს ქაბირმა კამალი დაარქვა, რაც `სასწაულს~ ნიშნავს. სიკვდილის წინ მან შვილი იხმო და თავისი ადრეული, მშვენიერი ლექსები წაუკითხა.
`ო, ჩემო მეგობარო, ჩემო გულისსწორო,
გზას გავდგომივარ, ჩემს თავს ვეძებ.
მაგრამ ეს რა უცნაური რამ ხდება.
იმის ნაცვლად, თავი მეპოვა, გავქრი,
ისე, როგორც წვეთი ქრება ოკეანეში.
წვეთი ოკეანეში ჩავარდა.
შეიძლება კი მისი ხელახლა პოვნა?~
ქაბირმა ლექსი წაიკითხა და დასძინა:
_ სანამ ამ ქვეყნიდან წავიდოდე, ერთი ჩემი ლექსი უნდა შეასწორო. მე დავწერე: `წვეთი ჩავარდა ოკეანეში.~ შენ ეს უნდა შეცვალო. უბრალოდ სიტყვები გადააადგილე და გამოვა: `ოკეანე ჩავარდა წვეთში.~ ასე იმიტომ მინდა, რომ ახლა მე ეს ყველაფერი მეორე მხრიდან შევიცანი. პირველი გამოცდილება ამ ნაპირზე მივიღე. ახლა მეორე ნაპირიდან ვლაპარაკობ _ მიღმიერიდან! ახლა მივხვდი: წვეთი კი არ ჩავარდა ოკეანეში, ოკეანე ჩავარდა წვეთში.
_ მე უკვე ვიფიქრე ამაზე, _ უთხრა კამალმა და თავისი ჩანაწერები აჩვენა, სადაც ეს სტრიქონი ხაზგასმული იყო.
_ შენ მართლა `სასწაული~ ხარ! საოცარია, მაგრამ შენ ეს ჩემზე ადრე შეიცნე!
კამალი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ჯერ კიდევ პატარა მამას შეკითხვებით კუთხეში ამწყვდევდა. ასეთი რამ ხშირად ქაბირის ასობით მიმდევარის თვალწინ ხდებოდა.
ზოგგჯერ ეს აღიზიანებდა ქაბირს.
ერთხელ ის ისე განრისხდა, რომ შვილს უთხრა:
_ ჩემი ოჯახი ჩემით მთავრდება!
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან შეიტყო, რომ კემალი ხალხისგან ფულს და საჩუქრებს იღებდა.
ქაბირი მთელი ცხოვრება ფეიქრად მუშაობდა, და იმის შემდეგაც კი, რაც გასხივოსნებული ოსტატი გახდა, ქსოვას განაგრძობდა და არავისგან არავითარ ძღვენს არ იღებდა.

_ თუ შენი ოჯახი შენზე მთავრდება, ჩემი ოჯახი ჩემით იწყება!
მიუგო კემალმა აღშფოთებულ ქაბირს, სახლი დატოვა და გზის გადაღმა ქოხი აიშენა.
ადამიანის ჭკუა მუდმივად ადარებს და აფასებს. ასეა მოწყობილი. შედეგად არასრულფასოვნების კომპლექსი ან განდიდების მანია ჩნდება, ვითარდება და ადამიანის ყველა პრობლემასა და ტანჯვას ბადებს. ამიტომ თავისუფლებისა და გასხივოსნებისკენ მავალმაგონიერმა ადამიანმა შეფასება და განკითხვა უნდა შეწყვიტოს. მაგრამ წმინდა კაცსაც კი, არაფერზე მიჯაჭვულსა და გასხივოსნებულს, შეიძლება სულის კუნჭულში სულ მცირე ეგო ჰქონდეს შემორჩენილი.
ამ პრიტჩაში ქაბირის ვაჟი ისეთ პირობებს ქმნის, რომლებიც მამამისს პროვოცირებას უწევს და თავის მცირე მიჯაჭვულობას აჩვენებს.
ბენარესის იმპერატორი ქაბირის მიმდევარი გახლდათ და ხშირად სტუმრობდა ხოლმე მას.
ერთხელ, როცა მოვიდა და კემალი ვერ დაინახა, იმპერატორმა იკითხა:
_ შენი ვაჟი სად არის? რატომ ვერ ვხედავ?
_ ეს სამწუხარო ამბავია, _ მიუგო ქაბირმა, _ გვბრაზდი და ისე ვეჩხუბე, რომ წავიდა და გზის გადაღმა ქოხი აიშენა.
_ რა მოხდა? რატომ გბრაზდი ასე? _ ჰკითხა იმპერატორმა.
_ ხალხი მოდიოდა და ფული და ალმასის და ზურმუხტის ქვები მოჰქონდა. მე კი ეს არაფერში მჭირდება და უარს ვამბობ ხოლმე, ის კი გვერდზე მიზის და ეუბნება: `კარგი, თუ მამაჩემი უარს ამბობს, მე მომეცით.~ გვერდზე მიზის და ამ საჩუქრებს აგროვებს! ვუთხარი, რომ ეს ცუდია, ის კი მეუბნება: `ბრძანებებს ნუ მაძლევ! მე შენი მოწაფე არა ვარ, შენი შვილი ვარ! თვითონაც კარგად ვიცი, რა არის ცუდი და კარგი. თუ გასხივოსნებული ოსტატი ხარ, ასეთი წვრილმანი რატომ გაღელვებს? სხვების არასრულყოფილება არ უნდა გაშფოთებდეს!~
_ ასეთი ხასიათი აქვს... მე დაველაპარაკები. _ უთხრა იმპერატორმა და კემალთან წავიდა. ისინი დიდხანს საუბრობდნენ, წასვლის წინ კი იმპერატორმა უთხრა: `ეს ალმასი მინდა გაჩუქო, ძალზე იშვიათი და ძვირფასი ქვაა!~
კემალმა მადლობა გადაუხადა და უთხრა:
_ ჩემი ქოხის სახურავზე დადე.
იმპერატორმა ალმასი კარის თავზე, ბამბუკის სახურავში შეაცურა და წავიდა.
ერთი თვის შემდეგ მან კვლავ მოინახულა კემალი და ჰკითხა:
_ მოგეწონა ჩემი საჩუქარი?
_ მართალი რომ გითხრა, სულ გადამავიწყდა _ უთხრა კემალმა _ თუ შეგიძლია ნახე, ისევ იქ დევს თუ არა, სადაც დატოვე? დრო არ მქონდა, შემეხედა. ჩემს თავში ვიყურები.
იმპერატორმა ალმასი იქ იპოვა, სადაც დატოვა. ის ქაბირთან წავიდა და უთხრა:
_ ცდები, შენი შვილი მართლა `სასწაულია~! სიმდიდრე მას არ აინტერესებს.
ბოლოს ქაბირი იძულებული გახდა კემალის ქოხში წასულიყო და პატიება ეთხოვა:
_ მაპატიე. ვცდებოდი. შენ ჩემი გამოცდა გინდოდა: გავბრაზდებოდი თუ არა. მე მარტლაც გავბრაზდი. მეგონა, რომ შენში სიხარბე გაჩნდა.
_ მე შენი სისხლი და ხორცი ვარ, შენი არსი. როგორ მოგაფიქრდა, რომ გავხარბდებოდი?! როგორც ჩანს, სიხარბე შენშია, თუკი ამან ასე გაგაბრაზა.
ქაბირმა ტავში ჩაიხედა და კემალს დაეთანხმა:
_ ალბათ მართალი ხარ. ჩემი დაინტერესება და გაბოროტება იმის გამო, რომ შენ ფულს აგროვებდი, შენსაზე კი არა, ჩემს სიხარბეზე მეტყველებს. [ჩემი რისხვაც ამას ნიშნავს - ი კ ტომუ ჟე მოი გნევ] გთხოვ, მაპატიე და დაბრუნდი.
კემალი უჯახს დაუბრუნდა. ის ქაბირის მემკვიდრე იყო _ არა ნაკლებ დიდი და ბრძენი. მაგრა, რაც უნდა უცნაური იყოს, ისტორიას მხოლოდ ქაბირი ახსოვს. მან თავისი მიმდევრებისთვის რელიგია შექმნა _ `ქაბირის გზა~.
კამილს არაფერი ჰქონია. არც რაიმე მოძრაობა ჩამოუყალიბებია. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ადამიანი უსმენდა, მხოლოდ მეგობრად რჩებოდა. ეხმარებოდა ხალხს, რჩევას აძლევდა, მაგრამ აროსედეს დადგენია რაიმე რიტუალი, აღთქმა ან მიმდინარეობის პრინციპები. ამაშია მისი სიდიადე! რადგან იმ ოსტატისთვის, სწავლებას რომ აყალიბებს, ჭეშმარიტების გულიდან გადახვევა გარდაუვალია. ათასი ოსტატი მოსულა დედამიწაზე და თავისი რჩევით სიცოცხლის ნაკადი გაუძლიერებია, მაგრამ ისტორიას მხოლოდ რამოდენიმე მათგანი შემორჩა.

21 ნაგარჯუნა და ქურდი

ერთხელ უდიდესი მისტიკოსი, ნაგარჯუნა სამოგზაუროდ წავიდა. იმპერატორი ნაგარჯუნას თაყვანისმცემელი გახლდათ და მოწყალების შესაგროვებელი ოქროს თასი აჩუქა. თასი ძალიან ძვირფასი იყო, ნაგარჯუნა კი _ ნახევრად შიშველი მაწანწალა.
ერთხელ ნაგარჯუნას წინ ქურდმა ჩაიარა და თვალებს არ დაუჯერა, რომ მათხოვარს ასეთი ძვირფასი ნივთი ეჭირა. ქურდი მას უკან გაჰყვა.
ნაგარჯუნა ღამის გასათევად ნახევრად დანგრეულ მონასტერში შევიდა. ქურდს გაუხარდა, ასე რომ გაუმართლა. იფიქრა, რომ დაიძინებს, მივალ და თასს სულ ადვილად ავაცლიო და კედლის უკან დაიმალა.
ნაგარჯუნამ იგრძნო და მიხვდა, რაც უნდოდა ამ კაცს. გარეთ გამოვიდა და თქვა:
_ მოდი, ეს თასი პირდაპირ აიღე, რომ მე მშვიდად დაძინება შევძლო. არ მინდა, რომ ქურდად გაქციო, ამიტომ ვიფიქრე და გადავწყვიტე, გაჩუქო. ვიცი, რომ მაინც წაიღებ, ჰოდა რატომ არ უნდა მოგცე? მიიღე ჩემგან საჩუქრად!
ქურდი არ ელოდა მოვლენათა ასეთ განვითარებას. ის ნაგარჯუნას მიუახლოვდა და მის ფერხთით მუხლი მოიყარა. ნაგარჯუნამ უთხრა:
_ აზლა შეგიძლია წახვიდე, მე მეტი არაფერი მაქვს. შეგიძლია გიხაროდეს, მე კი მომასვენე.
მაგრამ ქურდმა უთხრა:
_ მოიცა, წმინდა კაცო. მეც მინდა ნივთებისგან ასეთი თავისუფალი ვიყო. შენ მე თავი არარაობად მაგრძნობინე. მითხარი, არსებობს გზა, რომლითაც შემეცნების მწვერვალს მივაღწევ?
_ დიახ, არის ასეთი გზა! _ მიუგო ნაგარჯუნამ.
_ ოღონდ არ მითხრა, რომ ჯერ ქურდობას უნდა დავნებო თავი, _ უთხრა ქურდმა, _ იმიტომ, რომ სადაც არ უნდა მივიდე (უკვე ბევრ წმინდანთან და მისტიკოსთან ვიყავი), ყველამ მითხრა, ჯერ ქურდობა შეწყვიტეო.~ ვცადე, მაგრამ ეს პირობა ვერაფრით შევასრულე.
ნაგარჯუნამ უთხრა:
_ როგორც ჩანს, ნამდვილი მისტიკოსი ჯერ არ შეგხვედრია. ალბათ, მხოლოდ ყოფილი ქურდები გხვდებოდნენ. ასე რომ არ იყოს, რატომ შეაწუხებდათ შენი ქურდობა? იყავი ქურდი! ეს ჩემი საქმე არ არის. მე ეს არ მადარდებს. შენგან მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ: წადი და აკეთე, რასაც აქამდე აკეთებდი, ოღონდ ამიერიდან ყველაფერი შეგნებულად გააკეთე.
_ ამაზე თანახმა ვარ, _ უთხრა ქურდმა, _ ცდას არ დავაკლებ.
ნაგარჯუნამ უთხრა:
_ ამ მონასტერში თხუთმეტ დღეს დაგიცდი. შეგიძლია მოხვიდე და ყველაფერი მომიყვე.
მეათე დღეს ქურდი მივიდა და უთხრა:
_ ეშმაკი ყოფილხარ! ვცადე, რაც მითხარი. გამიმართლა, ერთ სახლში შევძვერი, სადაც დიდი სიმდიდრე იყო. მახსოვდა, რაც დაგპირდი და ვაცნობიერებდი, რასაც ვაკეთებდი. თანდათან ისეთი სიმშვიდე და გულგრილობა დამეუფლა, რომ აღარ მომინდა ქურდობა და ვერაფერი წამოვიღე.
ნაგარჯუნამ უთხრა:
_ სწორედ ეს მინდოდა, გაგეგო. ახლა ყველაფერი შენ არჩევანზე კიდია. შეგიძლია არ მიიღო გაცნობირება და ქურდი დარჩე, ან შეგნება აირჩიო და სხვა ადამიანი გახდე. თუ ამ საქმის შეგნებულად კეთება შეგიძლია, გააგრძელე ქურდობა. მე შენზე აღარ ვდარდობ.
_ კი მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია! _ უთხრა ქურდმა, _ უკვე ვცადე, უკვე აღარ შემიძლია მოპარვა.
_ ისე მაგრად გამომიჭირე, _ დასძინა მან, _ გაცნობიერებას მე ვეღარ შეველევი. უკვე გავიგე მისი გემო.

22 პირველი საფეხური

ერთი კაცი წმინდა რამანუჯასთან მივიდა და უთხრა:
_ დამეხმარე, ღმერთისკენ მიმავალი გზა მინდა ვიპოვო.
რამანუჯამ მიუგო:
_ ჯერ ეს მითხარი, ოდესმე თუ გყვარებია ვინმე?
_ ამქვეყნიური საქმეები არ მაინტერესებს, _ უპასუხა კაცმა, _ სიყვარული და ეგეთი რამეები ჩემთვის უმნიშვნელოა. მე ღმერთზე ვფიქრობ.
_ გთხოვ, კიდევ ერთხელ დაფიქრდი, _ უთხრა რამანუჯამ, _ ცხოვრებაში ქალი, ბავშვი ან ვინმე მაინც არასოდეს გყვარებია?
_ ხომ გითხარი, ჩვეულებრივი ერისკაცი არ გეგონო-მეთქი _ უთხრა კაცმა, _ რელიგიური ადამიანი ვარ, არავინ არ მყვარებია.
რამანუჯამ მოიწყინა, თვალზე ცრემლი მოადგა.
_ მაშინ ეს შეუძლებელია, _ უთხრა მან, _ ჯერ ვინმე უნდა შეიყვარო. ეს იქნება ღმერთის გზაზე შენი პირველი ნაბიჯი, პირველი საფეხური. შენ ბოლო საფეხურზე მეკითხები, თვითონ კი პირველ საფეხურზეც არ შეგიდგამს ფეხი. წადი და შეიყვარე ვინმე!

23 ღმერთი ყველგანაა

ნანაკი, სიკჰიზმის დამაარსებელი ლამაზი და უბრალო კაცი იყო. მას მხოლოდ ერთი მოწაფე ჰყავდა, რომლისთვისაც არაფერი უსწავლებია. ის მხოლოდ მღეროდა შთაგონებით სავსე, მოწაფე კი ხმას აძლევდა და უბრალო მუსიკალურ საკრავზე უკრავდა.
მასზე ასეთ იტორიას ჰყვებიან: ერთხელ ნანაკი სამოგზაუროდ წავიდა. არაბეთი მოიარა და მექაში ჩავიდა, სადაც მუსულმანთა სიწმინდე, შავი ქვა `ქააბა~ ინახება.
უკვე გვიანი იყო. ნანაკმა ილოცა და დასაძინებლად მიწვა, მაგრამ მას თავზე წმინდა ქვის მცველები წამოადგნენ და თქვენი საქციელი დაუჯერებლად გვეჩვენებაო, უთხრეს.
_ თქვენ ინდოეთიდან ჩამოხვედით, _ აუხსნეს მათ, _ სადაც ხალხმა სიწმინდის პატივისცემა იცის. თქვენ ისე დაწექით, რომ ფეხები ჩვენი წმინდა ქვისკენ გაქვთ მიშვერილი. ეს ჩვენს რელიგიურ გრძნობებს შეურაცჰყოფს. ეს ქვა ჩვენთვის ღმერთს ნიშნავს, მასში ღვთაებრივი არსია ჩადებული.
_ თქვენ ამბობთ, რომ თქვენი ღმერთი ამ ქვაში დევს, ჩემი ღმერთი კი არაფერშია ჩადებული. ამიტომ საითაც არ უნდა გავიშვირო ფეხები, ის იქ იქნება! - აუხსნა ნანაკმა.

24 ინდოეთის უდიდესი პოეტი

ინდოეთის უდიდეს პოეტზე, რაბინდრანათ თაგორზე ლეგენდები დადის. მან ექვსი ათასი მშვენიერი სიმღერა შექმნა. შთაგონება რომ ეწვეოდა, თაგორი თავის ოთახში იკეტებოდა და წერდა. არ ჭამდა, არ სვამდა და ოთახიდან სამი-ოთხი დღე არ გამოდიოდა.
ყველა, ვისაც ის ასეთი მარხვისა და შემოქმოქმედებითი აქტიურობის შემდეგ ოთახიდან გამოსული თაგორი უნახავს, აღნიშნავს, რომ ის შეცვლილი იყო ხოლმე, თითქოს სხვა სამყაროსთან ნაზიარებს ჰგავდა _ მანერების სინატიფით და გრაციოზულობით, გასხივოსნებული მზერით... მაგრამ ეს სურნელი მას მხოლოდ რამოდენიმე საათი დაჰკრავდა. შემდეგ შეიძლებოდა ასეთი მდგომარეობა თვეობით აღარ წვეოდა. ამბობენ, სიკვდილის წინ მასთან მისი მეგობარი, ცნობილი ლიტერატურათმცოდნე მივიდაო. მან პოეტის ხელი ხელში აიღო და უთხრა:
_ შეგიძლია მშვიდად მიაბარო სული უფალს, შენ ხომ ამდენი სიმღერა შექმენი! ამდენი მშვენიერი სიმღერა ამქვეყნად ჯერ არავის უმღერია! ვერც კალიდასა და ვერც შელი შენ ვერ შეგედრებიან.
ამის გამგონე რაბინდრანათს ღაწვზე ცრემლი ჩამოუგორდა. მეგობარმა თვალებს ვერ დაუჯერა.
_ შენ ტირი? _ უთხრა მან, _ შენ სიკვდილის გეშინია? არ მჯერა! ადამიანს, რომელმაც სიცოცხლე მთელი სისავსით აამღერა, სიკვდილის ეშინია?! სიკვდილი ხომ სიცოცხლის ერთ-ერთი გამოვლინებაა!
_ არა, სიკვდილის არ მეშინია! _ უთხრა რაბინდრანათმა, _ სიკვდილი მშვენიერია, ისევე როგორც სიცოცხლე. მე იმას ვტირი, რომ საუკეთესო სიმღერები სულა ახლახანს მეწვივნენ. აქამდე ბავშვი ვიყავი. ახლა ავიზარდე და ღმერთი სულ უფრო და უფრო მეტს მაძლევს. მხოლოდ ახლა მოვმწიფდი და წასვლის დროც მოვიდა. ეს უსამართლობაა!

25 რამაკრიშნა

ერთხელ რამაკრიშნა ნავით მდინარეზე გადადიოდა. უცებ შუა მდინარეში ყვირილი დაიწყო:
_ რატომ მირტყამთ?
მოწაფეები დაიბნენ.
_ რას ამბობთ, მოძღვარო? ჩვენ ხომ არ გირტყამთ? _ ჰკითხეს მათ.
_ შეხედეთ!
რამაკრიშნამ მოსასხამი აიწია. ზურგზე გარკვევით აჩნდა ჩალურჯებული ზოლები, თითქოს ვიღაცას ჯოხით ეცემა.
მოწაფეებს თავგზა აებნათ. რა ხდება? მაშინ რამაკრიშნამ მათ მეორე ნაპირზე მიუთითა. იქ ვიღაც უბედურს რამოდენიმე კაცი ცემდა.
როცა ნაპირს მიაღწიეს, ნაცემ კაცთან მივიდნენ და ზურგი უნახეს. მას ზუსტად ისეთი ნაჭდევები აჩნდა, როგორიც რამაკრიშნას ზურგს.

26 უკანასკნელი დაბრკოლება

რამაკრიშნა ქალღმერთ კალის ეთაყვანებოდა, მაგრამ ერთხელ ტოტაპურის შეხვდა. ის ძალზე უჩვეულო ადამიანი გახლდათ, განგის ნაპირებზე სრულიად შიშველი დადიოდა და ყოველგვარი მიჯაჭვულობისგან და დოგმისაგან თავისუფალი იყო.
მასთან საუბარში რამაკრიშნამ თქვა, რომ უფალთან შერწყმას ვერ აღწევდა. ტოტაპურიმ უთხრა:
_ შენ ხელს ქალღმერთ კალისადმი შენი ერთგულება გიშლის. შენ უნდა გაანადგურო დედა-ქალღმერთი.
რამაკრიშნა შეედავა:
_ როგორ უნდა გავანადგურო დედა-ქალღმერთი? ის ჩემი სული და გულია! ეს რომ გავაკეთო, მოვკვდები.
_ ჯობია მოკვდე! _ წამოიძახა ტოტაპურიმ, _ თუ მართლა გინდა თავისუფალი იყო, ყველა შენი კავშირი და მიჯაჭვულობა უნდა მოსპო, ეს კი მიჯაჭვულობაა. მართალია ცოლს ან ფულს არ ხარ მიჯაჭვული და ეს ქვეყანა ვერ გბოჭავს, მაგრამ დედა-ქალღმერთს ხარ მიჯაჭვული. ვიცი, რომ ის მშვენიერია, მაგრამ სანამ შენში არსებობს, ჭეშმარიტებას ეფარება.
რამაკრიშნა ტოტაპურის წინ დაჯდა და მედიტირებას შეუდგა, მაგრამ დახუჭავდა თუ არა თვალებს, დედა-ქალღმერთი ეცხადებოდა მთელი თავისი მშვენიერებით! რამაკრიშნა ირწეოდა და თვალზე ცრემლი სდიოდა. სულ გადაავიწყდა ტოტაპური და თავისი განზრახვა. ტოტაპურიმ ის შეანჯღრია და უთხრა:
_ ისევ სიზმარში ხარ, აიღე მახვილი და ორად გააპე ქალღმერთი!
ეს სცენა რამოდენიმეჯერ განმეორდა. თავის თავში ქალღმერთის სახეს დაინახავდა თუ არა, რამაკრიშნას ყველაფერი ავიწყდებოდა. იმდენად ცოცხალი და მშვენიერი, სინათლით სავსე იყო დედა!
ეს ღვთაებრივის უმშვენიერესი ხილვა ხილვა იყო _ ფორმები, რომელთა მიღმაც მხოლოდ უფორმობაა.
_ ახლა უნდა წავიდე, მაგრამ სანამ წავალ კიდევ ერთხელ სცადე, _ თქვა ტოტაპურიმ, _ შუშის ნამტვრევი მოვიტანე. როცა დავინახავ, რომ ისევ ირწევი და თვალზე ცრემლი გადგება, მესამე თვალს გაგიჭრი. სისხლი წამოგივა, გეტკინება და გაგახსენდება, რომ აქ ვარ, ხმალს აიღებ და დედა-ქალღმერთს ორად გააპობ.
_ კი მაგრამ, ხმალი საიდანღა მოვიტანო? _ ჰკითხა რამაკრიშნამ.
_ იქიდან, საიდანაც დედა მოიყვანე!
რამაკრიშნამ კიდევ სცადა. რწევა რომ დაიწყო და ცრემლი წამოუვიდა, ტოტაპურიმ შუშის ნატეხით შუბლი გაუჭრა. გაცნობიერების ერთ წამში რამაკრიშნამ შუაზე გააპო კალი. დედა გაქრა და გაიხსნა უფორმობის კარი.
ექვსი დღე და ღამე რამაკრიშნა სამადჰის მდგომარეობაში იყო. გონს რომ მოვიდა, პირველი მისი სიტყვები იყო: `უკანასკნელი დაბრკოლება გადავლახე. უსაზღვროდ მადლობელი ვარ შენი, ტოტაპური, უსაზღვროდ მადლობელი.~

27 სინამდვილე

ტოტაპურიმ თავისი მისია შესრულებულად ჩათვალა და წასვლას აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად ავად გახდა _ ეს დიზენტერიის მწვავე შეტევა იყო. მისი მცდელობა, მედიტაციის საშუალებით გამოსულიყო მდგომარეობიდან შედეგს არ იძლეოდა, რადგან კონცენტრირებას ვერ ახერხებდა. ხშირად უხდებოდა წამოხტომა, მედიტაციის შეწყვეტა და ეზოში გავარდნა...
რამაკრიშნამ მას უთხრა:
_ მატერიასთან არასწორი დამოკიდებულება გაქვს. შენ სული მატერიისგან გამოყავი და ამიტომაც სხეული დაგისუსტდა. ილოცე დედა-ქალღმერთის მიმართ და ყველაფერი მოგვარდება.
_ არაფის გულისთვის! _ თქვა ტოტაპურმა, _ არაფერია, მე თვითონ მოვუვლი. ასეთი პრობლემები არასოდეს მქონია!
მაგრამ სნეულება არ ცხრებოდა.
_ შეიძლება შენთვის ვილოცო? _ ჰკითხა მას რამაკრიშნამ, მაგრამ ტოტაპურის არაფრის გაგონება არ სურდა და ჯიუტად იმეორებდა, რომ მატერია არაა მნიშვნელოვანი, რომ მთავარი სულია. რამაკრიშნა ამბობდა, რომ ამქვეყნად ყველაფერი ღვთაებრივია, რომ მატერია ხორცშესხმული სულია და თუ მას სულს ჩამოვაშორებთ, მოკვდება; `უნდა იყოს ჰარმონია~, ამბობდა ის, მაგრამ ტოტაპური არ ნებდებოდა, რადგან მთელი მისი სწავლება იმას ემყარებოდა, რომ საჭიროა სული მატერიისგან გამოვყოთ, ამიტომ დათანხმება მითვის საკუთარი მარცხის აღიარებას ნიშნავდა. ასე გაგრძელდა რამოდენიმე დღე. ბოლოს, მუდმივი გასაჭირით გატანჯული ტოტაპური დანებდა. ისინი ერთად დასხდნენ და დედა-ქალღმერთის მიმართ ილოცეს, რის შემდეგაც ავადმყოფობამ უკან დაიხია.
წასვლისას ტოტაპური რამაკრიშნას გდაეხვია და უთხრა:
_ უსაზღვროდ მადლობელი ვარ. შენ მიმახვედრე, რომ სიცოცხლე ერთიანი და განუყოფელია და ყველა გამოვლინებაში უნდა გვიყვარდეს.

28 ეს უნდა გამოსცადოთ

ერთხელ რამაკრიშნასთან გამოჩენილი მეცნიერი მივიდა.
_ გავიგე, კალკუტაში ინტელექტუალთა კლუბი შეგიქმნიათ. ამბობენ, რომ მთელი ნაღები საზოგადოება თქვენს წრეში დადის. ხომ ვერ მეტყოდით, რატომ გწამთ ღმერთი ან რისთვის გიყვართ?
მეცნიერმა მაშინვე ჩამოთვალა ათობით მიზეზი, რომელთა გამოც სწამდა ღმერთი. რამაკრიშნა მას უსმენდა და თითოეულ მიზეზზე ხმადაბლა ეცინებოდა. მოწაფეებმა უხერხულობა იგრძნეს. ყველა ეს მიზეზი ხომ ასეთი ლოგიკური იყო, მეცნიერი კი საქვეყნოდ ცნობილი კაცი გახლდათ. თანაც რამაკრიშნა არაფერს, პასუხობდა და მხოლოდ ხმადაბლა იცინოდა.
მიზეზების ჩამოთვლა რომ დაამთავრა, მეცნიერმა მას ჰკითხა:
_ საკმარისი მიზეზებია?
_ ყველა ამ მიზეზის გამო გწამთ ღმერთი? _ უთხრა პასუხად რამაკრიშნამ _ ყველა ეს დასკვნა ხომ საკამათოა. თქვენზე უკეთესი ლოგიკოსი ყველა თქვენს მტკიცებას ნაცარტუტად აქცევს. მე გაუნათლებელი კაცი ვარ, მაგრამ მაინც მესმის, რომ ამ ქვეყნად არ არსებობს არგუმენტი, რომლის წინააღმდეგაც კონტრარგუმენტი არ მოიძებნება. პირადად მე არაფერი მკიცება არ გამაჩნია, მაგრამ დარწმუნებული ვარ! ისევე ვარ დარწმუნებული, როგორც კაცი, რომელიც ხედავს. ჩემს რწმენას მიზეზი არა აქვს. მტკიცება იმას სჭირდება, ვინც სინათლეს ვერ ხედავს. ასეთ კაცს ვერცერთი არგუმენტი ვერ უშველის. ასე რომ გთხოვთ, ნუ გეწყინებათ და ნურც გამიბრაზდებით. მხოლოდ ერთი რამ მინდა გითხრათ: დაივიწყეთ ყველა ეს არგუმენტი! თქვენ ეს უნდა გამოსცადოთ, აქამდე უნდა მიხვიდეთ!

29 ცოდვებისგან განწმენდა

ყოველ თორმეტ წელიწადში ერთხელ მდინარე განგის ნაპირზე ცოდვებისგან განწმენდის რიტუალი ტარდება.
რამაკრიშნას ერთი გულმხურვალე ტაყვანისმცემელი წმინდა განბანის სამზადისში მასთან შევიდა, რომ მის ფეხებს შეხებოდა და მოძღვრის კურთხევა მიეღო. რომ გაიგო, რომ რიტუალის შესრულებას აპირებდა, რამაკრიშნამ უთხრა:
_ ძალიან კარგი. მშვენიერია! ერთხელ ჩემს მაგივრადაც ჩაყვინთეთ, მე ხომ არ მოვდივარ. თუმცა მე არც ჩამიდენია არაფერი ცოდვა, თანაც წყალი ცივია. კიდევ იცით რისი მეშინია? ამდენი ხალხი ტოვებს განგში თავის ცოდვებს. წყალში შესვლა საშიშიც კია _ შეიძლება ვინმეს ცოდვები მომეწეპოს. ასე რომ ერთხელ ჩემს მაგივრადაც ჩაყურყუმალავდით.
_ თქვენ რა, ხუმრობთ? _ ჰკითხა თაყვანისმცემელმა.
_ მართალი რომ გითხრათ... თუმცა თქვენ არ გიშლით. ის უზარმაზარი ხეები თუ გინახავთ, განგის ნაპირზე რომ დგას? _ ჰკითხა რამაკრიშნამ.
_ დიახ, _ მიუგო მან, _ თორმეტი წლის წინ განბანა რომ შევასრულე, ის მართლაც გიანტური ხეები მაშინ ვნახე.
_ თუ იცით, რისთვის იზრდება იქ ის ხეები?
_ ნუთუ იმ ადამიანს ვგავარ, რომელმაც იცის, ხეები რისთვის იზრდება? დღეს რაღაც ყცნაურ ხასიათზე ბრძანდებით!
_ ამ ხეების საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ _ უთხრა რამაკრიშნამ, _ განბანის შესრულების დროს ცოდვებს განგის კი არა, ცივის წყლის ეშინიათ. წყალში რომ ჰყოფთ თავს, ისინი წყლიდან ხტებიან, ხეებზე ჩამოსხდებიან და იქ გიცდიან. წყლიდან რომ ამოდიხართ, ისევ თავზე გახტებიან. თანაც გახსოვდეთ, ზოგჯერ სხვისი ცოდვებიც დაგახტებიან ხოლმე. ხედავენ, რომ ასეთი სუფთა, კარგი ბიჭი ხართ და... ან უბრალოდ მრავალფეროვნებისთვის! სხვები უკვე საკმარისად აწვალეს და ახლა თქვენი გაწვალება უნდათ. ასე რომ ამ ხეების ქვეშ რომ გაივლით, ფრთხილად იყავით!
_ როგორ უნდა ვიყო ფრთხილად? _ აყვირდა კაცი, _ მე ხომ ვერავითარ ცოდვებს ვერ ვხედავ!
_ ნება თქვენია, _ უთხრა რამაკრიშნამ, _ მაგრამ მე ეს სეშიში საქმე მგონია. დაფიქრდით, საჩქარო არაფერია. კაცი შეცბუნდა. მთელი ღამე არ სძინებია, ფიქრები სტანჯავდა. საბოლოოდ გამგზავრებაზე უარი თქვა.

30 ვივეკანანდა

ერთხელ ღმერთის ძიებით დაკავებული ახალგაზრდა ვივეკანანდა მაჰარიში დევენდრანაჰს ესტუმრა. ბნელი ღამე იყო. მაჰარიში განგის ტალღებზე დარწეულ ნავში ისვენებდა.
ვივეკანანდამ ნავამდე ცურვით მიაღწია, ნავზე აგებული საცხოვრებლის კარს ხელი ჰკრა და მედიტაციაში ჩაძირული მაჰარიში დაინახა. ვივეკანანდამ მას ნჯღრევა დაუწყო. მაჰარიშიმ თვალები გაახილა და სულ მთლად გალუმპული მოცახცახე ახალგაზრდა გაკვირვებით შეათვალიერა.
_ მითხარი, _ უთხრა ვივეკანანდამ, _ ღმერთი გინახავთ?
_ ეს შეკითხვა ბევრს დაუსვამს, _ მიუგო მაჰარიშიმ, _ მაგრამ ასე უცნაურად ეს ჯერ არავის გაუკეთებია.
მიუხედავად იმისა, რომ შეკითხვა ასე გვიან ღამით და ასეთ უცნაურ პირობებში იყო დასმული, მაჰარიში მშვიდად იყო.
_ დაჯექი, შვილო ჩემო, დამშვიდდი, და ყველაფერზე დავილაპარაკებთ, _ თქვა მან მცირე ყოყმანის შემდეგ.
_ უკვე აღარაფერია სალაპარაკო, შენმა ჭოჭმანმა უკვე გამცა პასუხი, _ უთხრა ვივეკანანდამ, წყალში გადახტა და ნაპირისკენ გაცურა.
გაოგნებული მაჰარიში მას ეძახდა, მაგრამ ვივეკანანდა არ დაბრუნდა.
ორი თვის სემდეგ ის რამაკრიშნასთან მივიდა და იგვე კითხვა დაუსვა:
_ არსებობს თუ არა ღმერთი და თუ გინახავს იგი?
რამაკრიშნამ მას მოუსმინა და მიუგო:
_ არ არსებობს არაფერი ღმერთის გარდა! ის, რასაც შენ ეძებ, სიტყვების მიღმაა.
_ გინახავს ღმერთი? _ ჰკითხა ვივეკანანდამ.
_ დიახ, მინახავს! ისე, როგორც ახლა შენ გხედავ!
ახლა უკვე ვივეკანანდას გაკვირვების ჯერი დადგა. მან თავის დღიურში ჩაწერა:
_ აქამდე მე ვაოცებდი ჩემს მასწავლებლებს. არასოდეს დავფიქრებულვარ, მზად ვარ თუ არა ღმერთი ვეძებო, მაგრამ ეს ადამიანი სხვებისგან სრულიად განსხვავებულად მომექცა. ყველა, ვინც აქამდე მინახავს, მხოლოდ სიტყვების ანაბარა იყო, რამაკრიშნას კი გამოცდილება აქვს.
ამბობენ, ვივეკანანდამ რამაკრიშნას ბევრი თავსატეხი გაუჩინაო. ფიზიკურად ის ძალიან ძლიერი იყო, ბოქსს და ფეხბურთს მისდევდა, რამაკრიშნა კი უღონო კაცი იყო, დაბალი და სრულიად უსწავლელი. მასთან საუბარში ვივეკანანდა სულმუდამ ვედების უცოდინარობაში მის გამოჭერას ცდილობდა. ერთხელაც, მისი ერთ-ერთი ასეთი მდელობის შემდეგ რამაკრიშნამ მოულოდნელად შუბლში წკიპურტი [კოსტიაშკი პალცევ] უთავაზა. ვივეკანანდა ღრმა სამადჰიში ჩაიძირა და ასეთ მდგომარეობაში საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო. გონს რომ მოვიდა, ვივეკანანდა რამაკრიშნას ფერხთით დაჯდა და სიცოხლის ბოლომდე მის მოწაფედ დარჩა.
შემდეგ ისინი ერთად არჩევდნენ ადვაიტა-ვედანტას და წმინდა წიგნებს, ცდილობდნენ რა მთელი კაცობრიობისთვის ერთიანი რელიგია შეემუშავებინათ.
ერთხელ ვივეკანანდამ თავის მასწავლებელს ღმერთის გზაზე მისი პირველი ნაბიჯების შესახებ ჰკითხა. ვივეკანანდამ მას უამბო, ჯერ კიდევ ყმაწვილი როგორ მსახურობდა ტაძარში ქურუმად. იქ ღმერთის უამრავი გამოსახულება იყო. მათ შემყურე რამაკრიშნას გაუჩნდა კითხვა, იყო თუ არა რაიმე ამ გამოხულებათა უკან.
ამ აზრმა შეიპყრო ჭაბუკი და მთელი მისი ცხოვრება მას დაუკავშირდა. მთელი დღეები მხოლოდ ამაზე ფიქრობდა და თვალზე ცრემლმომდგარი იმეორებდა:
_ მართალია, რომ არსებობ, ღმერთო, თუ ეს ყველაფერი ლამაზი ზღაპარია?
ეს აზრი სულ უფრო ძლიერდებოდა და მალე რამაკრიშნას სხვა არაფერზე შეეძლო ფიქრი. მან ტაძარში თავისი ადგილი მიატოვა, ტყეში განმარტოვდა და თავი სულ დაივიწყა. შეპყრობილი იჯდა და ვეღარც ალიონს ამჩნევდა, ვერც მზის ჩასვლას. ამ დროს მასზე ერთი მისი ნათესავი ზრუნავდა დიდი სიყვარულით. სიცივეში საბანს აფარებდა და პირში საჭმელს უდებდა, ის კი ავტომატურად ღეჭავდა.
ასე გდიოდა დღეები. საღამოხანს ტაძრიდან საღამოს ზარები ისმოდა და მას მწუხარება იპყრობდა.
_ კიდევ ერთი დღე გავიდა, ღმერთო, _ წუხდა რამაკრიშნა, _ შენ კი ისევ არ მოხვედი. ამ ხანმოკლე ცხოვრების კიდევ ერთი დღე გავიდა და მე შენ ისევ ვერ შეგიცანი!
ასეთ სულიერ ტანჯვაში მყოფი თავს მიწას ახლიდა და მოთქვამდა. ასე, ჭეშმარიტების შეცნობის ლტოლვაში გადიოდა დღეები, კვირები, თვეები. შეუძლებელია ასეთ სწრაფვას შედეგი არ გამოეღო.

31 სიცოცხლე არ მთავრდება!

სიკვდილის წინ რამაკრიშნას არც სმა შეეძლო, არც ჭამა. ასე გაწამებული რომ ნახა, ვივეკანანდა მის ფერხთით დაეცა და უთხრა:
_ რატომ არ სთხოვ ღმერთს, რომ გაგანთავისუფლოს ავადმყოფობისგან? ის მაინც ხომ შეგიძლია თხოვო, რომ ჭამის და სმის საშუალება მოგცეს! ღმერთს შენ უყვარხარ და თუ თხოვ, სასწაული მოხდება! ის შენ გაგანთავისუფლებს.
დანარჩენმა მოწაფეებმაც თხოვნა დაუწყეს.

_ კარგი, ვცდი. _ თქვა რამაკრიშნამ.
მან თვალები დახუჭა. სახეზე ნათელი მოეფინა და თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა. უცებ მთელი ტანჯვა და ტკივილი გაქრა. ცოტა ხანში თვალები გაახილა და მოწაფეების ბედნიერ სახეებს შეხედა. მათ ეგონათ, რომ რაღაც სასაული მოხდა, ჩათვალეს, რომ ღმერთმა რამაკრიშნა ავადმყოფობისგან გაანთავისუფლა. მაგრამ სინამდვილეში სასწაული რამ იყო. რამაკრიშნამ თვალები გაახილა. მცირე ხანს ექსტაზში იყო და ვერ ლაპარაკობდა, შემდეგ კი თქვა:
_ რა სულელი ხარ, ვივეკანანდა! სისულელეების კეთებას მთავაზობ, მე კი უბრალო კაცი ვარ და ყველაფერს გიჯერებ. ღმერთს ვუთხარი, აღარც ჭამა შემიძლია და აღარც სმა, ამის უფლებას მაინც რატომ არ მაძლევ-მეთქი, მან კი მითხრა, რატომ ეჭიდები ამ სხეულს? ბევრი მოწაფე გყავს, შენ მათში ცხოვრობ _ ჭამ და სვამო. ამან სხეულისგან გამათავისუფლა. თავისუფლება რომ ვიგრძენი, ავტირდი.~
სიკვდილის წინ რამაკრიშნას მისმა მეუღლემ, შარდამ ჰკითხა:
_ როგორ მოვიქცე? შენ რომ წახვალ, თეთრები ჩავიცვა და სამკაული აღარ ვატარო?
_ მე არსად არ მივდივარ, _ მიუგო რამაკრიშნამ, _ მე აქ ვიქნები, ყველაფერში, რაც შენს ირგვლივ არის. შეგეძლება იმათ თვალებში დამინახო, ვისაც ვუყვარვარ ან ქარში, წვიმაში მიგრძნო. ჩიტი აფრინდება და _ უცებ გაგახსენდები. აქ ვიქნები.
შადრას არ უტირია და არც სამგლოვიარო სამოსი ჩაუცვამს. მოწაფეების სიყვარულით გარშემორტყმულს სიცარიელე არ უგრძვნია და ისე განაგრძობდა ცხოვრებას, თითქოს რამაკრიშნა ცოცხალი იყო.

32 ალექსანდრე მაკედონელი და სანიასინი

ინდოეთის დასაპყრობად რომ ემზადებოდა, ალექსანდრე მაკედონელს მისმა მასწავლებელმა, არისტოტელემ უთხრა:
_ ინდოეთიდან მხოლოდ ერთი საჩუქარი მინდა ჩამომიტანო. ჩამომიყვანე სანიასინი _ კაცი, რომელიც საკუთარი თავის შეცნობის მიზნით ამსოფლიურ ცხოვრებას განუდგა.
ალექსანდრემ უამრავი მიწა გაიარა და ყველგან კითზულობდა: `მაჩვენეთ ის, ვინც თავი შეიცნო. ვინც ეძებს, ის არ მჭირდება, მე იმას ვეძებ, ვინც უკვე შეიცნო.~ და სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყველგან ერთ პასუხს იღებდა: `იქ, მთებში, მდინარის პირას ცხოვრობს მოხუცი, რომელმაც თავი შეიცნო.~ ალექსანდრემ ერთ-ერთ სამხედრო მეთაურს იმ ადამიანის დიდი პატივით ჩამოყვანა უბრძანა. როდესაც რაზმი მითითებულ ადგილზე მივიდა, მეთაურმა იქაური უხუცესი მოინახულა, რომ მისგან მოხუცის ამბავი გაეგო. მან უთხრა:
_ მართალია, აქ ცხოვრობს სანიასინი _ სანიასინთა შორის უდიდესი, მაგრამ არა მგონია წამოსვლაზე დაითანხმოთ.
მეთაურს გაეცინა და უთხრა:
_ რა სისულელეა. ალექსანდრე დიდმა რომ ბრძანოს, მთელი ქალაქი უკან გაყვება.
ჯარისკაცები რომ მივიდნენ, სანიასინი მდინარის პირას დედიშობილა იდგა.
_ გამოგვყევი, _ უთხრეს მათ, _ თვით ალექსანდრე დიდ გეპატიჟება თავისთან. დიდ პატივში იქნები. რასაც მოისურვებ, ყველაფერი გექნება. ალექსანდრე საბერძნეთში წაგიყვანს.
სანიასინმა მშვიდად მიუგო:
_ ამქვეყნად ვერავითარი ძალა ვერ მაიძულებს, უკან გავყვე. თუ თქვენს ალექსანდრეს ვჭირდები, თვითონ მოვიდეს ჩემთან.
ალექსანდრეს გამოგზავნილი კაცი გაოგნდა. ასეთი ბრძანების კილოთი მისთვის ჯერ არავის მიემართა, მაგრამ ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავა და დაბრუნებულმა ალექსანდრეს მოახსენა:
_ ის კაცი ქედმაღლურად მომექცა, ვშიშობ, თქვენთანაც იგივეს იზამს.
ალექსანდრე ამაყად წამოიმართა:
_ ყველა, ვინც ჯეროვან პატივს არ მომაგებს, მოკვდება. წავიდეთ!
მაგრამ სანიასინთან რომ მივიდა, კანკალმა აიტანა. სანიასინმა პირველმა მიმართა მას.
_ ეს შენ ხარ ალექსანდრე დიდი? ჩემი აზრით ვინც თავის თავს დიდს უწოდებს, დიდი არ არის და ვერც იქნება.
_ საკამოთოდ არ მუვსულვარ, _ მიუგო ალექსანდრემ, _ შენს მოსაპატიჟებლად მოვედი.
მოხუცს გაეღიმა.
_ მე ქარივით თავისუფალივარ! ქარს ვერ მოიპატიჟებ, ის თავისთვის ქრის. თუ ვიგრძნობ, რომ მომინდა, ჩამოვალ საბერძნეთში, მაგრამ თუ არ მინდა, ვერავინ მაიძულებს იქ წასვლას.
ამ სიტყვებმა ალექსანდრე განარისხა. მან მახვილი იძრო.
_ მოხუცო, იცოდე, თუ არ გამომყვები, მოგკლავ! _ უთხრა მან.
სანიასინმა მიუგო:
_ ცოტა დაგაგვიანდა. მე უკვე თვითონ მოვიკალი თავი.
ალექსანდრემ მახვილი აღმართა და გამოსცრა:
_ ახლა შენი თავი ძირს გაგორდება!
_ შეგიძლია თავი მომკვეთო, _ უთხრა სანიასინმა, _ მაგრამ ჩემს მოკვლას შენ ვერ შეძლებ, იმიტომ, რომ როცა ჩემს თავს ძირს გაგორებულს დაინახავ, შენთან ერთად მას მეც შევხედავ.
ალექსანდრემ მაინც ვერ გადაწყვიტა მისი მოკვლა. ეს ამბავი მის დღიურშია აღწერილი. იმ ადამიანს დატდამეში ერქვა.

33 მიიღეთ საკუთარი თავი

(ოშო რაჯნეშის გადმოცემით)

სხვა ვერავინ იქნებით, მხოლოდ ის შეგიძლიათ იყოთ, ვინც ხართ. მოეშვით!
არსებობას სწორედ ასეთი სჭირდებით.
ერთხელ მეფე ბაღში შევიდა და ნახა, რომ ხეები და ყვავილები დამჭკნარიყო და იღუპებოდა. მუხამ მეფეს უთხრა, იმიტომ ვკვდები, რომ ნაძვივით მაღალი ვერ ვარო. ნაძვმა დაიჩივლა, ვაზივით ყურძენს ვერ ვისხამ და რაღა ფასი აქვს ჩემს სიცოცხლესო; ვაზი იმიტომ კვდებოდა, ვარდივით ვერ ყვაოდა. მეფემ ერთი გაფურჩქნული და გახარებული მცენარე შენიშნა. ჰკითხა, რამ გაგახარაო და ასეთი პასუხი მიიღო: `მე მგონი თავისთავად იგულისხმებოდა, რომ უნდა გამეხარა. შენ ხომ იმისთვის დამრგე, რომ გაგხარებოდა. მუხა, ვაზი ან ვარდი რომ გდომოდა, იმათ დარგავდი. ამიტომ მე მგონი სხვა ვერაფერი ვიქნები გარდა იმისა, რაც ვარ. ამიტომ ვცდილობ ჩემი საუკეთესო თვისებები განვავითარო!~
აქ იმისთვის ხარ, რომ არსებობას შენ სჭირდებოდი, ისეთი, როგორიც ხარ! ასე რომ არ იყოს შენს ნაცვლად სხვა ვინმე გაჩნდებოდა. რაღაც განსაკუთრებულის, არსებითის და ძალზე მნიშვნელოვანის ხორცშესხმა ხარ. რად გინდა ბუდა გახდე? ღმერთს რომ კიდევ ნდომოდა ბუდა, იმდენ ბუდას გააჩენდა, რამდენსაც მოისურვებდა. მაგრამ მან ერთი ბუდა შექმნა და ეს საკმარისია. ღმერთს მეორე ბუდა ან ქრისტე არ მოუვლენია მიწაზე. ამის ნაცვლად მან შენ შეგქმნა.
დაფიქრდი, რამხელა ყურადღება დაგითმო უნივერსუმმა სწორედ შენ!
ბუდა, ქრისტე, ან კრიშნა კი არა, შენ ხარ რჩეული. მათ თავისი საქმე გააკეთეს, თავისი წვლილი შეიტანეს არსებობაში. ახლა შენ ხარ აქ, იმისთვის, რომ შენი წვლილი შეიტანო.
შეხედე შენს თავს. მხოლოდ შენი თავი შეგიძლია იყო... შეუძლებელია ვინმე სხვა გახდე. შეგიძლია აყვავდე და გაიხარო, მაგრამ თუ საკუთარ თავს არ მიიღებ, დაჭკნები.

34 ვინ უფრო ძლიერია

იყო ერთი მეფე, რომელსაც იმის გაფიქრებაც კი არ შეეძლო, რომ ვინმე შეიძლებოდა მასზე მაღლა მდგარიყო. ერთხელ მან მინისტრები მოიწვია და ჰკითხა:
_ ვინ უფრო ძლიერია, მე თუ ღმერთი?
მინისტრები შიშისგან აცახცახდნენ, მაგრამ გამჭრიახობა გამოიჩინეს და პასუხიხის მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს. ყველა მათგანი ხანში შესული გახლდათ და არცერთს არ სურდა მეფის რისხვა დატეხოდა თავს და თავისი ოჯახის ბედნიერი ცხოვრება დაერღვია. მაგრამ მეორეს მხრივ ისინი ღირსეული ადამიანები იყვნენ და ღმერთის დაგმობა არ უნდოდათ. დიდხანს იმტვრევდნენ თავს, როგორ დაეღწიათ თავი თვს დატეხილი უბედურებისთვის, სანამ ყველაზე მხცოვანმა მინისტრმა არ თქვა:
_ მე მომანდეთ ყველაფერი. ხვალ ხელმწიფეს დაველაპარაკები.
მეორე დღეს, როცა საზეიმო მიღებაზე მთელი სამეფო კარი შეიკრიბა, მეფეს მოხუცი მინისტრიც ეახლა. ის მშვიდად იყო, ხელები უდრტვინველოდ ჰქონდა დაწყობილი, თავზე კი თეთრი ნაცარი წაეცხო.
მან მეფეს თავი მდაბლად დაუკრა და წარმოთქვა:
_ ო, მბრძანებელო, რასაკვირველია შენ ხარ უფრო ძლიერი.
მეფემ გრძელი ულვაში სამჯერ გადაიგრიხა და კისერი მოიღერა. მოხუცმა კი განაგრძო:
_ რა თქმა უნდა შენ უფრო ძლიერი ხარ, რადგან შეგიძლია შენი სამეფოდან გაგვყარო, ღმერთს კი ეს არ ძალუძს, იმიტომ რომ მისი სამეფო ყველგანაა და მას ვერსად დაემალები.

35 მეთევზეები და ყვავილები

(რამაკრიშნას პრიტჩა)

მეთევზეები ბაზრიდან სახლში ბრუნდებოდნენ. უცებ ჭექა-ქუხილი ატყდა. უკვე გვიანი იყო და იძულებულები გახდნენ თავი ყვავილების ფარდულისთვის შეეფარებინათ. მებაღე კეთილი კაცი იყო და მეთეევზეებს ნება დართო ღამე იმ ოთახში გაეთიათ, სადაც ბევრი ყვავილი იყო. ოთახში ყვავილების სურნელი იდგა და მეთევზეებმა დაძინება ვერაფრით მოახერხეს...
ბოლოს, ერთმა მათგანმა მოიფიქრა, ცხირწინ ყველამ თევზით სავსე კალათი დავიდგათ და ყვავილების სუნი ვეღარ შეგვაწუხებსო. ეს აზრი ყველას მოეწონა და მალე მეთევზეებმა ხვრინვა ამოუშვეს...

36 აბსოლუტური ჭშმარიტება

ერთხელ ოსტატმა ნიკედამ მოწაფეებს უთხრა:
_ არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება.
ერთ-ერთმა მოწაფემ ჰკითხა:
_ ეს ჭშმარიტება აბსოლუტურია?
_ რა თქმა უნდა არა. _ ჩაეღიმა ოსტატს.

37 ნაკლიანი ქოთანი


ერთ კაცს ორი დიდიდ ქოთანი ჰქონდა. მხრებზე ჭოკს გაიდებდა, ქოთნებს აქეთ-იქით დაკიდებდა და და წყალზე დადიოდა ხოლმე.
ერთი ქოთანი მთელი იყო და წყალით უკლებლივ მოქონდა წყაროდან კაცის მასწავლებლის სახლამდე, მეორეს კი ბზარი ჰქონდა და სახლამდე შიგ მხოლოდ ნახევარი წყალი რჩებოდა.
ორი წლის მანძილზე ეს ყოველდღე მეორდებოდა _ კაცს თავისი მასწავლებლის სახლში ყოველთვის ერთნახევარი ქოთანი წყალი მიჰქონდა. რა თქმა უნდა უნაკლი ქოთანი ამაყობდა თავისი წარმატებით, საწყალი გაბზარულ ქოთანს კი საშინლად რცხვენოდა საკუთარი არასრულფასოვნების გამო, წუხდა, რომ იმის ნახევარსაც ვერ აკეთებდა, რისთვისაც იყო შექმნილი და უბედური იყო. ორი გამწარებული წლის შემდეგ ის ალაპარაკდა და წყაროსთან კაცს უთხრა:
_ მრცხვენია და ბოდიში მინდა მოგიხადო.
_ რატომ? რისი გრცხვენია?
_ ორი წელია ამ წყაროდან შეინი მასწავლებლის სახლამდე ჩემი ბზარიდან წყალი იქცევა და სახლში მარტო ნახევარი წყალი მომაქვს. ორი წელია ამ სამუშაოს ასრულებ და ჩემი გულისთვის გაწეული შრომის შედეგს ვერ იღებ. _ შესჩივლა გულდამძიმებულმა ქოთანმა.
კაცსშეეცოდა ძველი, გაბზარული ქოთანი და უთხრა:
_ ახლა მასწავლებლის სახლში ვბრუნდებით. მინდა იმ მშვენიერ ყვავილებს მიაქციო ყურადღება, გზისპირას რომ ჰყვავის.
მართლაც, გორაკზე რომ ადიოდნენ, გაბზარულმა ყვავილმა ლამაზი ყვავილები შენიშნა და ამან ცოტათი დაამშვიდა, მაგრამ ბილიკის ბოლოს თავი ისევ ცუდად იგრძნო, რადგან წყალი კვლავ დაეღვარა და თავისი არასრულყოფილების გამო კაცს ისევ მობოდიშება დაუწყო.
მაშინ კი კაცმა უთხრა ქოთანს:
_ თუ შეამჩნიე, რომ ყვავილები მხოლოდ გზის ერთ მხარეს ყვაოდნენ? ეს იმიტომ, რომ თავიდანვე ვიცოდი შენი ნაკლის შესახებ და მისი გამოყენება გადავწყვიტე. გზის შენ მხარეს ყვავილის თესლები ჩავრგე და ყოველ დღე წყაროდან რომ ვბრუნდებოდით, შენ მათ რწყავდი. მთელი ორი წელი ამ მშვენიერი ყვავილებით ჩემი მასწავლებლის მაგიდას ვამშვენებდი. შენ რომ არ ყოფილიყავი, სწორედ ისეთი, როგორიც ხარ, მის სახლში ასეთი სილამაზე არ იქნებოდა!

38 გამოწვევა

(ოშო რაჯნეშის გადმოცემით)

ცოტაოდენი წინააღმდეგობა _ აი რა გვჭირდება. ქარიშხალი, ელვა და ქუხილი მხოლოდ გაგვამდიდრებს, ისევე, როგორც სიხარული და ბედნიერება.
ეს ალბათ ძველთაძველი პრიტჩაა, რადგან როცა ის შეიქმნა, ღმერთი ჯერ კიდევ მიწაზე ცხოვრობდა. ერთხელ მასთან მოხუცი ფერმერი მივიდა და უთხრა:
_ მისმინე, შენ შეიძლება ღმერთიც ხარ და სამყაროს სემქმნელიც, მაგრამ ერთი რამე მაინც უნდა გითხრა: მიწადმოქმედი არა ხარ. ფერმერობის ანა-ბანაც კი არ გაგეგება. ცოტა სხვებისგანაც უნდა ისწავლო.
_ რას მთავაზობ? _ ჰკითხა ღმერთმა.
_ ერთი წელი ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც მე მინდა და ნახავ, რა იქნება! სიღარიბე მოისპობა.
ღმერთი დათანხმდა და ფერმერს ერთი წელი მისცა. ისიც, რა თქმა უნდა, ყველაფერ საუკეთესოს ითხოვდა, არც ქარიშხალი უთხოვია და არც ჭექაქუხილი. რაც საჭირო და სასარგებლო იყო მოსავლისთვის, ყველაფერი ეძლეოდა და ისიც ბედნიერი იყო. ხორბალი ძალიან მაღალი იზრდებოდა! როცა მზეს ისურვებდა, მზე გამოდიოდა, როცა წვიმას _ წვიმა მოდიოდა. თანაც ზუსტად იმდენი, რამდენიც მას სურდა. ამ წელს ყველაფერი სწორად, მათემატიკური სიზუსტით კეთდებოდა. ისეთი მაღალი ხორბალი გაიზარდა!
ფერმერი ღმერთთან მივიდა და უთხრა:
_ ნახე, წელს ისეთი მოსავალი იქნება, რომ ხალხმა ათი წელი რომ ხელი არ გაანძრიოს, საჭმელი მაინც ექნება.
მაგრამ როცა მოსავალი აიღეს, ხორბალში მარცვალი არ აღმოჩნდა.
ფერმერმა გაკვირვებისგან პირი დააღო.
_ რატომ მოხდა ასე? რა შეცდომა დავუშვი?
ღმერთმა უთხრა:
_ ის, რომ ხორბალს წინააღმდეგობა არ შეხვედრია. შენ ის ყველაფერი ცუდისგან დაიფარე და ამიტომაც გამოგივიდა ფუყე. ცოტა რომ ებრძოლა, ყველაფერი კარგად იქნებოდა. ქარიშხალი აუცილებელია. ვერც ჭექა-ქუხილის გარეშე გამოვა რამე. ისინი ხორბლის სულს გააღვიძებდნენ...
ამ პრიტჩაში უდიდესი სიბრძნე დევს. თუ შენ ბედნიერი ხარ, მერე ისევ ბედნიერი, ბედნიერი და ბედნიერი, ბედნიერება მნიშვნელობას ჰკარგავს. თეთრ კედელზე თეთრი ცარცით რომ წერო, შენი ნაწერის წაკითხვას ვერავინ შეძლებს. ღამე ისევე აუცილებელია, როგორც დღე და სასოწარკვეთილების დღეები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სიხარულის. ამას ვუწოდებ მე გაცნობიერებას. და როცა ნელ-ნელა, თანდათანობით, სიცოცხლისა და წინააღმდეგობის რიტმს რომ შეიგრძნობ, კითხვები აღარ გაგიჩნდება, რადგან საიდუმლოს ეზიარები!
იცხოვრე ამ საიდუმლოსთან ერთად და ერთხელაც გაოცდები _ რა ნეტარებაა სიცოცხლე! ნახავ, რა უზომოდ ბევრი მადლს გფენს არსებობა ყოველ წამს! მაშინ სასოწარკვეთა და მწუხარებაც განიწმინდება. განა არ გეწვევა სევდა. მოვა, მაგრამ ის უკვე აღარ იქნება შენი მტერი. სენ მას დაუმეგობრდები, რადგან გეცოდინება, რომ ისიც სასარგებლოა. შენ იხილავ მშვენიერებას და მიხვდები, რატომ არსებობს იგი და რატომაა ზოგჯერ ასე აუცილებელი.

39 ბედნიერება
ბედნიერება ქვეყნად დახეტიალობდა და ვისაც კი შეხვდებოდა, სურვილებს უსრულებდა, რაც, ჩემი აზრით მისი პირდაპირი მოვალეობაა. ერთხელ [ნეოსტოროჟნი] ბედნიერება ორმოში ჩავარდა და ვერ ამოდიოდა. ორმოსთან ადამიანები მიდიოდნენ და სურვილებს უთქვამდნენ. ისიც, ბუნებრივია, ყველა სურვილს ასრულებდა.
ერთხელაც ორმოსთან ერთი ბიჭი მივიდა. მან ბედნიერება შეათვალიერა, მაგრამ არაფერი უთხოვია, მხოლოდ ეს ჰკითხა:
_ შენ რა გინდა, ბედნიერებავ?
_ აქედან ამოსვლა, _ მიუგო ბედნიერებამ. ბიჭი მას ორმოდან ამოსვლაში დაეხმარა და თავის გზას დაადგა. ბედნიერებაც მას გაჰყვა.

40 ყველაზე ღარიბი

ინდოეთში, ჯაბალპურის ახლოს, მთებს შუა უმშვენიერესი ტაძარი დგას. ეს ტაძარი ერთი მარტოხელა, ძალიან ღარიბი ქალის სახსრებითაა აგებული. ეს ქალი ლუკმაპურს წისქვილის ქვის ტრიალით, შოულობდა. დღედაღამ სხვის ხორბალს ფქვავდა და მთელი ცხოვრების მანძილზე იმდენი ფული დააგროვა, რომ პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი ტაძრის აშენება შესძლო.
ტაძრის ზემოთა ნაწილს კაილასი ეწოდება და ოქროსგან მზადდება. იმ ქალის საპატივცემულოდ ხალხმა კაილასის ნაცვლად ტაძარი ორი ქვისგან შემდგარი პატარა დოლაბით დაამშვენა.
მას შემდეგ ბევრი საუკუნე გავიდა. ტაძრის გარშემო ახალი და დიდი ტაძრები ააშენეს, მაგრამ ეს ტაძარი ცენტრალურ ტაძრად დარჩა. მისი ამშენებლის საპატივცემულოდ ყოველ წელს აქ ბაზრობა ეწყობა.
ხალხს უყვარს ეს ტაძარი, რადგან მართლაც სასწაულია, რომ ღატაკთა შორის ყველაზე უპოვარმა მარმარილოს სასახლის აგება შესძლო.

41 წმინდა ძროხა

რამანა მაჰარიში სამრეთ ინდოეთში, არიანახალის მთაზე ცხოვრობდა. დიდად განათლებული არ ყოფილა. ჩვიდმეტი წლისამ ჭეშმარიტების პოვნის მიზმით მთებს მიაშურა და რამოდენიმე წელი მედიტირებაში გაატარა. გამუდმებით ეკითხებოდა თავს: `ვინ ვარ მე?~ ჭეშმარიტება რომ შეიცნო, მისკენ ყოველი მხრიდან დაიძრა ხალხი. ძალზე სიტყვამცირე, ჩუმი ადამიანი იყო. ადამიანები მისთვის იმისთვის მოდიოდნენ, რომ უბრალოდ მისთან ერთად მჯდარიყვნენ და სიჩუმე ეგემათ.
ყველა მომსვლელი ერთი არაჩვეულებრივი მოვლენის მოწმე ხდებოდა. ყოველთვის, როცა მაჰარიში მასთან ერთად ჩუმად ჯდომის მოსურნე ხალხის მოლოდინში ვერანდაზე გამოდიოდა, მასთან ძროხა მოდიოდა. ძროხა არასოდეს იგვიანებდა, ყოველთვის ერთ დროს ცხადდებოდა და მანამდე რჩებოდა, სანამ ყველა არ გაიკრიფებოდა. ყველა რომ წავიდოდა, რამანა მაჰარიში თავის ოთახში ბრუნდებოდა. ძროხა ფანჯარას მიადგებოდა და დასამშვიდობებლად სახლში იხედებოდა. მაჰარიში მას დრუნჩზე მოეფერებოდა, კისერზე ხელს მოუტყაპუნებდა და ეტყოდა:
_ კარგი, გეყოფა. ახლა წადი.
და ისიც მიდიოდა.
ოთხი წელიწადი ყოველდღე ასე მეორდებოდა. ხალხს ძალიან უკვირდა:
_ რა ძროხაა ამისთანა? _ კითხულობდნენ ისინი.
ერთხელაც ძროხა არ მოვიდა. რამანამ თქვა:
_ რაღაც შეემთხვა. უნდა წავიდე და მოვძებნო.
გარეთ ციოდა. ქარი უბერავდა და წვვიმდა. ხალხმა სთხოვა. არ წასული ყო, მაგრამ ის მაინც წავიდა და სახლიდან არც ისე შორს ძროხა იპოვა. ძროხა უკვე ბებერი იყო, ფეხი დაცდენოდა და თხრილში ჩავარდნილიყო.
რამანა მაჰარიში თხრილში ჩავიდა და მის გვერდით ჩამოჯდა. ძროხას თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა. თავი მუხლებზე დაადო რამანას, ის კი დრუნჩზე ეფერებოდა... ასე იჯდა, სანამ ძროხა არ მოკვდა.
მის საპატივცემულოდ ინდუსებმა იმ ადგილას ტაძარი ააგეს, შუა ტაძარში კი ძროხის ქანდაკება დადგეს.





პრიტჩები ვედური ლიტერატურიდან

სამხრეთ ინდოეთში, გომტეშვარში მსუფლიოს უდიდესი ქანდაკება დგას _ სანიასინ ბაჰუბალის (*`ძლიერმკლავება~) ქანდაკება.
ბაჰუბალი მეფის ვაჟიშვილი იყო. მამამისმა უარი თქვა ტახტზე და ბერობა არჩია. მეფეს ორიშვილი ჰყავდა _ უფროსი ბჰარატი (*ბჰარატი ერთ-ერთი არიული ტომის სახელია; პალის ენაზე ასე ეწოდება თანამედროვე ინდოეთს) და უმცროსი ბაჰუბალი.
მეფემ უარი თქვა ძალაუფლებაზე და ამსოფლიურ ცხოვრებაზე. მისი სამეფო მის უფროს მემკვიდრეს, ბჰარატს უნდა დარჩენოდა, მაგრამ მამასთან ლაპარაკის შემდეგ ისიც მის კვალს გაჰყვა _ მთებში გაიხიზნა და მედიტირებას შეუდგა. ბაჰუბალი უდიდესი მეომარი და ძლევამოსილი პიროვნება გახლდათ. წესით სამეფო მას უნდა დარჩენოდა. მისი სურვილიც ეს იყო. მაგრამ მამამ ამის შესახებ არაფერი დაიბარა, რადგან ასე ფიქრობდა: `როგორ უნდა გავაკეთო ეს? ძალაუფლება ხომ ის არის, რაზედაც უარი ვთქვი! როგორ უნდა გამოვაცხადო ერთ-ერთი ჩემი შვილი იმის მემკვიდრედ, რაზედაც უარი ვთქვი? ძალაუფლება მათ ეკუთვნით, თან ხომ არ მიმაქვს! ხალხი დამცინებს. სამეფო ხომ ჩირადაც არ ღირს და მისი მემკვიდრეობით მიღებაც არავის სჭირდება. თუ მეფობა უნდათ, მათი საქმეა, მაგრამ შეიძლება რომელიმე მათგანი ჩემს კვალს გაჰყვეს.~
ბჰარატმა მამის შეხედულებები გაიზიარა და მთაში წავიდა. გაჰუბალი პრაქტიკული ადამიანი იყო და მეფობა სურდა. მაგრამ ამისათვის მამის განკარგულება ან ან კანონიერი მემკვიდრის, უფრო ძმის მიერ ტახტზე უარის თქმა იყო საჭირო. უცნაური მდგომარეობა შეიქმნა სამეფოში. უამრავი პრობლემა დაგროვდა, ბაჰუბალის კი გადაწყვეტილების მიღება და ბრძანების გაცემა არ შეეძლო. ჯერ თავი მეფედ უნდა გამოეცხადებინა, მაგრამ მანამდე მისი ძმის ფორმალური უარი იყო საჭირო. გაბრაზებული ბაჰუბალი მთებში გაეშურა. იქ, სადაც მისი ძმა მედიტირებდა. რომ მივიდა და კლდის წვერზე მედიტაციაში მყოფი ძმა დაინახა, სისხლი მოაწვა, თავისი ძლიერი ხელებით აიტაცა და ის იყო, უფსკრულში უნდა გადაეგდო, რომ უცებ აზრმა გაუელვა: `რას ვაკეთებ? რისი გულისთვის? ნუთუ სამეფოსთვის, რომელზეც მამაჩემმა უარი თქვა? მამაჩემმა, რომელმაც ცხოვრება გაიარა და მიხვდა, რომ კაპიკია მისი ფასი. ჩემს ძმას ისე ვუყვარვარ, რომ რომ ვთხოვო, სიხარულით დამითმობს მემკვიდრეობას. აი ახლაც, ხელში რომ ავიყვანე და უფსკრულში გადაგდებას ვუპირებდი, არც კი გამძალიანებია, თითქოს თამაში იყოს.~ ბავშვობაში ის ხშირად აიცაცებდა ხოლმე ხელში თავისი ძლიერი ხელებით. ბაჰუბალას თვალებზე ცრემლი მოადგა: `რის გაკეთებას ვაპირებდი? რას იფიქრებს ხალხი?~ ძმა მიწაზე დასვა და ღრმა მედიტაციაში დაინთქა. ამ მედიტაციამ შეცვალა მისი ცხოვრება. ის ახლაც იქ დგას, თეთრ მარმარილოში გამოკვეთილი. ამ უმშვენიერესი ქანდაკების სიმაღლე თექვსმეტი მეტრია. მისი ფეხის ნეკა თითი ადამიანის სიმაღლისაა. მის გარშემო მარმარილოს საფეხურებია გამოთლილი, რომ ქანდაკების ყველა მხრიდან დათვალიერება შეიძლებოდეს. კლდეზე პპრიტჩაა ამოტვიფრული, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ გასხივოსნდა ბაჰუბალი. მასში ნათქვამია, რომ მან მედიტაციაში რამოდენიმე თვე დაჰყო. ფეხებზე ხვიარა მცენარეები შემოეხვიენ და ყვავილები გაშალეს. მის ყურებში ჩიტებმა ბუდე გაიკეთეს. რა ბედი ეწია ბჰარატს, რომელიც უკვე თითქმის გასხივოსნებული იყო? მან გასხივოსნების ზღვარს მიაღწია და იქვე დარჩა. რამ შეუშალა მას ხელი?
თვალი რომ გაახილა და ღრმა მდუმარებაში დანთქმული ძმა დაინახა, ბჰარატა გაოცდა. მისი ძმა წმინდანობით არასოდეს გამოირჩეოდა, ახლა კი უცებ გასხივოსნებული ახდა. ის კი, ვინც სამეფოზე თქვა უარი და ამდენს ეცადა გასხივოსნებულიყო, ჯერ კიდევ გზაში იყო. მამამ ორივე შვილი მედიტაციაში წასული ნახა. უმცროსი ვაჟის გასხივოსნება მასაც გაუკვირდა. ბჰარატმა რომ თვალი გაახილა და მის წინ მჯდარი მამა დაინახა, უთხრა:
_ ხედავ, ბაჰუბალი გასხივოსნდა! ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა. რატომ მე ვერ მივაღწიე გასხივოსნებას, მე ხომ ამდენი დრო შევალიე? რამ შემიშალა ხელი?
_ რაღაც ძალზე მცირემ, _ მიუგო მამამ, _ მხოლოდ იმ აზრმა, რომ რაღაც უნიკალური, ისტორიაში ჯერ არნახული რამ ჩაიდინე. ყოფილან მეფეები, ძალაუფლებას რომ განდგომიან, მაგრამ შენ ერთადერთი ხარ, ვინც არც კი ავიდა ტახტზე. განდგომაზე არც მიმდგარა საქმე. შენ თავისებურად უნიკალური ხარ და ეს უმნიშვნელო ფიქრი _ ძალზე უხილავი ეგოიზმი გიშლის ხელს.
შენი ძმა უხეში და წმინდა წერილებში გაუთვითცნობიერებელია, მაგრამ ასეთი ფიქრები არ ჰქონია. ის შენს მოსაკლავად მოვიდა, მაგრამ ბოლო წამს გააცნობიერა, რას აკეთებდა და საკუთარი სულმდაბლობა გადალახა. ის ყველაფერს გულანთებული აკეთებდა, გულს და სულს აქსოვდა ყველაფერში. ამიტომაც ერთი ამოსუნთქვით გახდა გასხივოსნებული, შენ კი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხარ და ჯერ კიდევ გზაში ხარ.

გამარჯვებული

რიგვედაში არის შესანიშნავი ისტორია ოსტატი ქალის შესახებ. ეს ამბავი იმ ეპოქას განეკუთვნება, როცა ქალი ჯერ კიდევ თავისუფალი იყო და იმდენივე უფლება ჰქონდა, რამდენიც კაცს. ოსტატი ქალები ამ ქვეყნად სულ თითზე ჩამოსათვლელია: ესენი იყვნენ გარჯი, რაბია, სახაჯა, დაია ლალა, მირა...
ქვეყნის იმპერატორი როგორც წესი ყოველ წელს ბრძენთა დიდ თავყრილობას აწყობდა, რომელზეც ცხოვრების აზრის შესახებ მსჯელობდნენ ხოლმე. გამარჯვებული ჯილდოდ რქებმოოქროვილი ძროხების ჯოგს იღებდა.
ბრძენები დისკუსიას დილაადრიან შეუდგნენ. იაჯნავალკია იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მოძღვარი გახლდათ, თუმცა ოსტატი არ ყოფილა. გარჯი ოსტატი ქალი იყო. მას ჯილდო არ აინტერესებდა, ამიტომ მარტო მოვიდა, მოკრძალებულად ჩამოჯდა კუთხეში და კამათს უსმენდა.
იაჯნავლკია მრავალრიცხოვანი ამალით ყველაზე გვიან მოვიდა. მზე უკვე გაუსაძლისად აცხუნებდა. გამარჯვებულისთვის გამზადებული გახვითქული ძროხები სასახლის წინ იდგნენ.
საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულმა იაჯნავალკიამ მოწაფეს უბრძანა:
ეს საცოდავი პირუტყვები ჩვენს კომუნაში მირეკე. ამ სიცხეში ტყუილად რატომ უნდა დაიტანჯონ?
იაჯნავალკიამ ყველა მოკამათეს სძლია და იმპერატორს მიმართა:
_ მაპატიე, რომ ჩემმა მოწაფეებმა ძროხები მანამდე გარეკეს, სანამ ჯილდოს მომანიჭებდი.
ამ დროს გარჯი წამოდგა. იაჯნავალკიას რომ ასეთი თავდაჯერებულობა არ გამოეჩინა, შეიძლება გაჩუმებულიყო კიდეც, მაგრამ ის წამოდგა და თქვა:
_ მოიცადე! შენ ყველა დაამარცხე და შენი განსწავლულობა გვიჩვენე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეცნობილი გაქვს ჭეშმარიტება. მე ჩუმდა გიგდებდით ყურს... თუ ვინმე ჭეშმარიტებას ღაღადებს, რატომ უნდა ვილაპარაკო. მაგრამ შენ ძალიან ღრმად შეტოპე და იძულებული ვარ კამათში გამოგიწვიო.
მან იაჯნავალკიას ერთადერთი კითხვა დაუსვა და დაამარცხა. გარჯიმ ჰკითხა:
_ შენ თქვი რომ `ღმერთმა შექმნა სამყარო~. რატომ თქვი ეს? ღმერთი რომ სამყაროს ქმნიდა, ი ქ იყავი? რაც არ უნდა მიპასუხო, საკუთარ შეცდომას დაადასტურებ, რადგან თუ იქ იყავი, სამყარო უკვა შექმნილი უნდა ყოფილიყო _ შენ ხომ სამყაროს ნაწილი ხარ; და თუ იქ არ ყოფილხარ, რის საფუძველზე ამტკიცებ, რომ რომ ყველაფერს შემოქმედის ხელი ესაჭიროება? ამიხსენი ან დააბრუნე ძროხები!
იაჯნავალკია გაოცდა. ყველანი გაოცებულები იყვნენ. ქალი მართალი იყო.
_ მხოლოდ კამათის გამო რომც დავუშვა, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო _ განაგრძო გარჯიმ, _ მაინც უნდა ვიცოდე, რის საფუძველზე გჯერა ამ ჰიპოთეზის?
_ ყველაფერი შექმნილი უნდა იყოს. ეს მშვენიერი, უკიდეგანო სამყარო არაფრისგან ვერ გაჩნდებოდა.
_ დავუშვათ ასეა, _ მიუგო გარჯიმ, _ მაგრამ შენ უკვე გაუშვი ხელიდან გამარჯვება. დააბრუნე ძროხები!
_ რას გულისხმობ? _ ჰკითხა იაჯნავალკიამ.
_ თუ ყოველივე არსებული შემოქმედის შექმნილია, _ მიუგო გარჯიმ, _ მაშინ ვინ შექმნა შემოქმედი? დავუშვათ, ის სხვა შემოქმედმა შექმნა, უფრო დაუსაბამომ, ის კი თავის მხრივ კიდევ უფრო დიადი შემოქმედის შექმნილია. თუ ასეა, ვინ შექმნა ყველა შემოქმედის შემოქმედი?
იაჯნავალკია მიხვდა, რომ ამ ქალს თავიდან ვეღარ მოიშორებდა. მთელი მისი დიდება ერთ წამში გაცამტვერდა. ის გამწარდა, ზრდილობა სულ გადაავიწყდა და თავშეუკავებლად წამოიყვირა:
_ დედაკაცო, თუ არ მოისვენებ თავს წაგაცლი!
_ ეს არის შენი არგუმენტი, _ მიუგო გარჯიმ, _ შენ გგონია, თუ თავს წამაცლი, გამარჯვებული იქნები? ეს მხოლოდ შენი დამარცხების უტყუარი საბუთი იქნება.
ამის შემდეგ ძროხები გარჯის მიჰგვარეს.
ამბობენ, ამ მარცხის შემდეგ იაჯნავალკიამ თავისი უმეცრება გააცნობიერა და მოწაფეებისა და ოჯახის მიტოვება გადაწყვიტაო. ქონება თავის ორ ცოლს გაუყო და ჭეშმარიტების საძიებლად წასვლა დააპირა. მაშინ ერთ-ერთმა ცოლმა, მაიტრეამ ჰკითხა:
_ მითხარი საყვარელო, ნუთუ შენი სიმდიდრე ვერ დაგეხმარება იმ ჭეშმარიტების პოვნაში, რომლის საძებნელადაც მიდიხარ?
_ ამ საქმეში მთელი ქვეყნის სიმდიდრეც კი ვერაფერში გამომადგებოდა, _ მიუგო იაჯნავალკიამ, _ რადგან სიმდიდრე ამ ქვეყანას ეკუთვნის, სადაც ყველაფერი წარმავალია და სიკვდილი ელის. მე კი უკვდავების საძიებლად მივდივარ და ამიტომ ყოველივე ამქვეყნიურზე უარს ვამბობ!
მაშინ ცოლმა უთხრა:
_ მე ყველაფერში შენს გვერდით ვიყავი. თუ შენ უარს ამბობ სიმდიდრეზე და თუ სიმდიდრე შენთან ერთად ყოფნისთვის არ გამომადგება, მაშინ მე ის არაფერში მჭირდება. მითხარი ყველაფერი, რაც იცი!
და იაჯნავალკიამ მას ატმანის (ადამიანის გულში ღვთაებრივი ნაპერწკლის) შესახებ უამბო:
_ ჰაერში ბუკის ხმის მოხელთება მხოლოდ თავად ბუკის ან მებუკის დაჭერით შეიძლება. ამ დიადი არსების სუნთქვა იმ ცეცხლს ჰგავს, რომლისთვისაც ნედლი ტოტები შეუკეთებიათ და რომელიც ყვეა მხარეს კვამლის ბოლქვებს აფრქვევს. ატმანია რიგვედაც, სამავედაც და იაჯურვედაც. ატმანია ყველა ზღაპარი და თქმულება. ისაა ყველნაირი მეცნიერება და წმინდა სწავლება. ყველა ლექსი და წეს-ჩვეულება. ისაა ყველა კანონი და ახსნა-განმარტება. ყველაფერი, რაც არსებობს, მისი სუნთქვაა. მე მის საძებნელად მივდივარ. იმისთვის, რომ უზენაესი არსს შევუერთდე.
ამის შემდეგ იაჯნავალკია ყველას გამოემშვიდობა და მთაში წავიდა, თორმეტი წლის შემდეგ კი გასხივოსნებულ ოსტატად დაუბრუნდა ადამიანებს.

შეიცანი ერთობა

სისხამ დილით ხეები დილის მზის სხივებზე მოლიცლიცე ხეებზე ჩიტები გალობდნენ. უდიდესი ბრაჰმანის, ოსტატ იაჯნავალკის მოწაფის, უდალაკის სახლში მისი ძის, სვეტკეტუს დაბრუნებას ზეიმობდნენ. ოსტატთან მრავალი წლის სწავლის შემდეგ ის შინ ბრუნდებოდა.
მამა მას კარებში შეხვდა და გულმხურვალედ გადაეხვია, გაგრამ იგრძნო, რომ რაღაც დაეკარგა სვეტკეტუს. მასში რაღაც ისეთი იყო, რაც არ უნდა ყოფილიყო: რაღაც უხილავი მედიდურობა, მოუხელთებელი ეგო. ამას ყველაზე ნაკლებად ელოდა მამამისი. ტყის უნივერსიტეტში შვილი იმისთვის ჰყავდა გაგზავნილი, რომ მას იქ ოსტატთან ერთად ეცხოვრა და საკუთრი თავი, თავისი ეგო გაექარწყლებინა. მხოლოდ ასე შეეძლო არსებობის გემო შეეგრძნო.
ხმები დადიოდა, რომ სვეტკეტუ საუკეთესო მოსწავლე გახდა და უნივერსიტეტის ყველაზე მაღალი ჯილდო მიენიჭა. და აი, ის დაბრუნდა, მაგრამ უდალაკი ბედნიერი არ იყო. მართალია სვეტკეტუმ სახლში უნივერსიტეტის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯილდო მოიტანა, განათლების მაღალ დონეს მიაღწია და და დიდი ცოდნით დატვირAთული დაბრუნდა, მაგრამ რაღაც დაკარგულიყო მასში და მამის თვალები ცრელით აივსო.
სვეტკეტუს ვერაფერი გაეგო.
_ რამე მოხდა? _ გაიკვირვა მან, _ რატომ არ გიხარია?
მაშინ მამამ ჰკითხა:
_ ყველა მეცნიერების შესწავლასთან ერთად იმ `ერთს~ თუ ეზიარე?
_ რისი სწავლაც შეიძლება ყველაფერი ვისწავლე, _ უპასუხა სვეტკეტუმ, _ ყველანაირი მეცნიერება, ხელოვნება და ენები. _ და იმ დროის მეცნიერებების ჩამოთვლას შეუდგა. მაგრამ მამა კვლავინდებურად დამწუხრებული იყო.
_ კი მაგრამ მთავარი არ გისწავლია? _ უთხრა მან.
სვეტკეტუ ცოტა არ იყოს გაღიზიანდა. სახლში იმ ფიქრით ბრუნდებოდა, რომ ახლა უკვე ყველაფერი იცოდა. უნივერსიტეტში საუკეთესო მოსწავლე იყო და ეგონა ჩემი მშობლები ჩემით იამაყებენო, მაგრამ სახლში მოხუცი მამა გაღიზიანებული დახვდა. უფრო მეტიც, ტიროდა და რაღაც იდუმალზე ელაპარაკებოდა.
_ მამა, გთხოვ, ქარაგმებით ნუ მელაპარაკები. ზუსტად მითხარი, რას გულისხმობ იმ `ერთში~? რა გაქვს მხედველობაში?
_ იმ მუხას თუ ხედავ? _ მიუგო მამამ, _ წადი და მისი თესლი მომიტანე.
შვილ,მა რომ რკო მოიტანა, მამამ ჰკითხა:
_ რისგან იზრდება ხე?
_ რა თქმა უნდა ამ თესლისგან, _ უპასუხა სვეტკეტუმ.
_ ეს ამოდენა ხე... ამ პატარა თესლისგან? გაჭერი და ნახე, რა არის შიგნით.
თესლი გაჭრეს, მაგრამ შიგნით რბილობის არაფერი იყო.
_ ხედავ თუ არა იმ მაცოცხლებელ სიცარიელეს, რომლისგანაც დიდი ხე იზრდება? _ ჰკითხა მამამ.
_ მე შემიძლია ის ვიგულისხმო, _ უთხრა სვეტკეტუმ, _ როგორ უნდა დაინახო სიცარიელე?
_ აი ის `ერთი~, რომელზეც მე გელაპარაკებოდი. მისგან წამოვიდა ყველაფერი. ამ შემოქმედი სიცარიელიდან დაიბადა ყოველივე და ადრე თუ გვიან ისევ მასში განზავდება. დაბრუნდი და ისწავლე სიცარიელე, რადგან ის ყველაფრის საწყისია და წყაროა. წყარო კი მიზანიც არის. წადი და ისცავლე ის, რაც ძირითადია, ფუნდამენტალური. ყველაფერი, რაც შენ გისწავლია მახსოვრობა, ჭკუა და ცოდნაა. ჭკუა კი არ ისწავლო, მახსოვრობა კი არ ისწავლო, არამედ გაცნობიერებას, შეცნობას დაეუფლე. ეს არის შენი სწავლის მიზანი, სხვანაირად საკრალურ არსს ვერ ჩაწვდები. გაიგე, რომ თესლი სხვა არაფერია, თუ არა სიცარიელის სათავსო. მიწაში რომ ხვდება, ის ხედ გადმოედინება. შენი სწავლის მიზანი სიცოცხლის წყაროა. იპვე იგი, გახდი ის. დაე სიცარიელე შენით ჩქეფდეს.

გამოცდილება

სვეტკეტუ გაბრაზდა და უთხრა:
_ რაც ოსტატმა მასწავლა, ყველაფერი შევიმეცნე, მაგრამ ამ `ერთზე~ არაფრი უთქვამს.
ცრემლმორეულმა უდალაკიმ უთხრა:
_ მაშინ უკან დაბრუნდი. რაც შენ ისწავლე ნაგავია. წადი ისევ ტყეში! ჩვენს გვარში მხოლოდ ნამდვილი ბრაჰმანები იყვნენ, ბრაჰმანი კი ისაა, ვინც ჭეშმარიტება შეიცნო.
ზეიმი შეწყდა. მუსიკა მიჩუმდა. უდალაკი ცრემლებს მოერია და შვილი უკან გაუშვა, ერთი დღეც არ აცალა დასვენება.
იმედგაცრუებული ახალგაზრდა ოსტატთან დაბრუნდა და უთხრა:
_ მთელი ეს წლები რატომ არ მასწავლიდით იმ `ერთს~, რომელზეც მამაჩემი მელაპარაკა? რატომ? ამდენი წელი წყალში ჩამეყარა! მამაჩემი ფიქრობს, რომ ყველაფერი, რაც ვისწავლე, უაზრობაა, რადგან ჩემი თავი არ შემიცვნია. მითხრა, `თუ შენს თავს არ იცნობ, საკუთარ თავს არც ეკუთვნი, დაბრუნდი და სანამ იმქვეყნად წავიდოდე, ნამდვილი ბრაჰმანი გახდიო~. ამიტომ, ოსტატო, მასწავლეთ ის `ერთი~.
ოსტატს გაეცინა და უთხრა:
_ იმ `ერთის~ სწავლა შეუძლებელია. ის შეიძლება მოიხელთო, მაგრამ სწავლა მარტოს მოგიწევს და თუ ძალიან გინდა, შემიძლება ამისთვის გარემო შეგიქმნა. ჩვენს მონასტერში ორმოცი ძროხაა. გარეკე ჯოგი ტყეში, რაც შეიძლება შორს. უკან მხოლოდ მაშინ დაბრუნდები, როცა ასი ძროხა გეყოლება. მოუარე ძროხებს, ადამიანს კი მოერიდე. ძროხები იქნებიან შენი მეგობრები, შენი ოჯახი.
სვეტკეტუ ძროხებშან ერთად შორს, ტყეში გაიხიზნა და იქ რამოდენიმე წელი გაატარა. თავიდან ადამიანები ძალიან აკლდა და ძროხებს ელაპარაკებოდა _ ზეპირად უკითხავდა ვედებს და ასტროლოგიაზე ესაუბრებოდა, მაგრამ მათ დიდი ინტერესი არ გამოუჩენიათ. თანდათან მან სვეტკეტუმ ლაპარაკი შეწყვიტა.
წლები გავიდა და ძროხების რაოდენობამ ასს მიაღწია, მაგრამ ამ დროისთვის სვეტკეტუს სრულიად გადაავიწყდა, რომ უკან უნდა დაბრუნებულიყო. ისიც კი დაავიწყდა, რომ ძროხები უნდა ეთვალა. ისინი თავისუფლად დანავრდობდნენ ტყეში. სვეტკეტუ მათ ტყის სიღრმეში შერეკვას აღარ ცდილობდა და თანდათან ძროხები ტყიდან გამოვიდნენ.
როცა სვეტკეტუ ას ძროხასთნ ერთად ოსტატის სახლს მიადგა, ის მოწაფეებთან ერთად მის შესახვედრად გამოვიდა, გადაეხვია და მოწაფეებს უთხრა:
_ შეხედეთ, ას ერთი ძროხა!
მაგრამ მოწაფეებმა შეუსწორეს:
_ აქ ზუსტად ასი ძროხაა და ერთიც სვეტკეტუ.
მაშინ ოსტატმა უთხრა:
_ სვეტკეტუ გაქრა. ის აღარ არის. ჩახედეთ თვალებში - ისინი ისეთივე უბრალოა, როგორც ძროხის თვალები. ის `ერთი~ გახდა.

ყურადღების მოკრების ხელოვნება

იმ შორეულ დროში სწავლის უმაღლეს მიზნად თავკერძობისგან, ეგოიზმისგან განთავისუფლება ითვლებოდა, რაც ადამიანს ინტუიტიური ცოდნის ნატიფ სრეროებში შეღწევის საშუალებას არ აძლევს.
მშვენიერი ყვავილებით დაფარულ ველის პირას, მთის ძირში პატარა და მყუდრო განდეგილის გამოქვაბული იყო, რომელშიც ოსტატი მოწაფესთან ერთად ცხოვრობდა. მზე რომ მწვერვალებს გაანათებდა და და მის ფერდებზე ნაირფერი ყვავილი დამშვენდებოდა, ოსტატი და მისი მოწაფე ამომავალი მნათობის სადიდებელ ჰიმნებს მღეროდნენ. ეს მათ დიდი ხნის უმეცრების შემდეგ სიბრძნის სხივის გამონათებას აგონებდა და ისინიც ახლადგაღვიძებულ ბუნებასთან ერთად ხარობდნენ.
ერთხელ ოსტატმა შეამჩნია, რომ მოწაფე საკმარისი ყურადღებით არ უსმენდა და უთხრა:
_ შვილო ჩემო, რატომ არ არის შენი გონება მთლიანად ჩემი ქადაგებისკენ მოპყრობილი? მითხარი, რა იქცევს ყურადღებას.
მოწაფემ მიუგო:
_ პატივცემულო ოსტატო, ჩემს ყურადღებას იხ კამეჩი იქცევს, შენ რომ ახლახან შეიძინე და მინდორში რომ ბალახს ძოვს.
ოსტატი ადგა და მოწაფეს ანიშნა, გამომყევიო. მან ის სხვა გამოქვაბულში შეიყვანა და უთხრა, კარი დაკეტე და მხოლოდ კამეჩზეზე იფიქრეო.
მეორე დილას ოსტატმა პატარა სარკმლიდან ოთახში შეიხედა. მოსწავლე მედიტაციას მისცემოდა. ოსტატმა ჰკითხა:
_ რას აკეთებ, შვილო ჩემო?
მან უპასუხა:
_ კამეჩთან ერთად მინდორში ვბალახობ, ბატონო. უკვე გამოვიდე?
ოსტატმა უთხრა:
_ არა, შვილო ჩემო. წადი და კამეჩთან ერთად იბალახე!
ახალი დილა გათენდა. ოსტატმა ისევ შეიხედა სარკმელში.
_ რას აკეთებ, ჩემო ძვირფასო?
მოწაფემ მიუგო:
_ ო, ოსტატო, ახლა ჩემს ოთახში კამეჩს ვათვალიერებ და და ვაჭმევ. კამეჩთან ერთად თქვენთან ხომ არ წამოვიდე?
ოსტატმა უთხრა:
_ ჯერ არა შვილო ჩემო. განაგრძე კამეჩის და მისი დაპურების ხილვა.
ამის მერე მოწაფემ კამეჩზე მედიტირებაში კიდევ ორი დღე გაატარა. მეხუთე დღეს ოსტატმა სარკმლიდან ჰკითხა:
_ შვილო ჩემო, მითხარი, ახლა რას აკეთებ?
მოწაფემ პასუხად მხოლოდ დაიზმუვლა. ოსტატმა უთხრა:
_ბატონო კამეჩო, მე მგონი დროა ეს პატარა ოთახი დატოვოთ. მოწაფემ ისევ დაიზმუვლა:
_ ამ ვიწრო კარში როგორ გამოვეტევი?
მაშინ ოსტატი ოთახში შევიდა და მოწაფე ტრანსიდან გამოიყვანა. მოწაფემ იგრძნო, რომ ოთხ ფეხზე დადიოდა და გაეღიმა.
ამის შემდეგ ოსტატი მას უამრავ ღრმააზროვან კითხვას უსვამდა და ისიც ისე სწორად პასუხობდა მათ, როგორც აქამდე არასოდეს ეპასუხა.
_ ახლა შენ სრულყოფილად ფლობ ყურადღების მოკრების ხელოვნებას, _ უთხრა მას ოსტატმა.

ვინ მოარტყამს მიზანში?

მშვილდოსნობის უდიდესი ოსტატი, დრონა მოწაფეებს გაკვეთილს უტარებდა. მან ხეზე სამიზნე ჩამოკიდა და ყველა მოწაფეს სათითაოდ ჰკითხა, რას ხედავო.
ერთმა უთხრა:
_ მე ვხედავ ხეს და მასზე ჩამოკიდებულ სამიზნეს.
მეორემ თქვა:
_ მე ვხედავ ხეს, ამომავალ მზეს, საში ჩიტებს... ყველა დანარჩენმაც მსგავსი პასუხი გასცა.
შემდეგ დრონა თავის საუკეტესო მოწაფეს, არჯუნას მიუახლოვდა და ჰკითხა:
_ შენ რას ხედავ?
მან მიუგო:
_ სამიზნის გარდა ვერაფერს ვხედავ.
დრონამ თქვა:
_ მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია ყოველთვის მოახვედროს მიზანს.

ოსტატი

ერთხელ დრონასთან ჭაბუკი ელკავია მივიდა. ის უწმინდურთა კასტას ეკუთვნოდა, მასწავლებელი კი ბრაჰმანთა უმაღლესი კასტის წევრი იყო. ეკავიამ მას მისი მოწაფედ მიღება სთხოვა.
მასწავლებლის გამოცდილმა თვალმა წამსვე შენიშნა ყმაწვილის მიზანსწრაფული გონება, ყურადღების მოკრების უნარი, მოქნილი, მოხდენილი სხეული და მაშინვე მიხვდა, რომ ეს ახალგაზრდა საუკუნის საუკეთესო მსროლელი შეიძლებოდა გამხდარიყო.
`მაგრამ რა ბედი ეწევა მაშინ არჯუნას, ჩემს საუკეტესო მოწაფეს? ის ხომ მეფე უნდა გახდეს! ახლა ის ახალგაზრდაა, მაგრამ დიდ იმედებს იძლევა. თუ ეს ყმაწვილი არჯუნას შეჯიბრში დაამარცხებს, რას იფიქრებს ხალხი?~ _ ფიქრობდა დრონა. მან უკვე აირჩია არჯუნა და იმ ძლევამოსილებაზე ოცნებობდა, რომელიც არჯუნას ტახტზე ასვლის შემდეგ ექნებოდა და რა თქმა უნდა, ელკავია უარით გაისტუმრა.
ელკავია ტყეში წავიდა. მას ისე ძლიერ უყვარდა მშვილდოსნობა, მარტო შეუდგა ვარჯიშს, თან დრონას ქანდაკება გამოთალა და რჩევა-დარიგებას მას ეკითხებოდა.
მალე დრონამდე ხმა მივიდა, რომ ელკავიამ წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია... მარტომ, მწრთვნელის გარეშე და რომ არჯუნა უკვე აღარაა ყველაზე დახვეწილი მსროლელი.
დრონა მის სანახავად მივიდა და თხოვა ეჩვენებინა, თუ რა შეეძლო. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვერცერთი მისი მოწაფე მასთან ახლოსაც ვერ მოვიდოდა. ელკავია თვით დრონასაც კი ჯობნიდა. მაშინ დრონამ უთხრა:
_ შენ ჩემი ქანდაკების მეშვეობით ისწავლე, ამიტომ ჩემი მოწაფე ხარ. ახლა კი საჩუქარი უნდა მომართვა. ასეთია ადათ-წესი.
_ მე არაფერი მაბადია, _ ტირილით უთხრა ელკავიამ, _ ის მთხოვეთ რაც გინდათ.
და დრონამ მას მარჯვენა ხელის [ბოლშოი პალეც] სთხოვა. ელკავიამ დაუფიქრებლად მოიკვეთა თითი და დრონას მიართვა. მას უკვე აღარ შეეძლო მშვილდ-ისრის სროლა...
ეს ამბავი იმის ნათელი მაგალითია, რომ ადამიანმა საკუთარი ბედი ერთი მოქმედებით შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს.
ელკავია ოსტატი გახდა, დრონას დიდების მზე კი ჩაესვენა...

ეჭვი და რწმენა

კრიშნა თავის სახლში მაგიდასთან იჯდა. მისი დედოფალმა, რაკმინმა სადილი დაუდგა. უცებ კრიშნამ კერძი გვერდზე გასწია, წამოხტა და ბაღის გავლით ქუჩაში გავარდა. რაკმინი ანერვიულდა და უკან დაედევნა. გარეთ რომ გავიდა, დაინახა, რომ კრიშნა უკან ბრუნდებოდა.
სახლში რომ შევიდა, კრიშნა ისევ მაგიდას მიუჯდა და თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს, სადილობა განაგრძო. აღელვებულმა რაკმინიმ ჰკითხა:
_ რა მოხდა? ასე უცებ რატომ შეწყვიტე სადილი და რატომ გაიქეცი გარეთ?
კრიშნამ მიუგო:
_ ვიგრძენი, რომ ერთ-ერთ ჩემს მოწაფეს შველა ესაჭიროებოდა. მთელი თავისი არსებით მიზიდავდა. სოფლის მცხოვრებლებს გაეჩერებინათ, ქვებს ესროდნენ და შეურაცჰყოფდნენ, ის კი უმწეოდ იდგა და ლოცულობდა.
_ მაშინ რაღატომ გამობრუნდი უკან, რატომ აღარ დაეხმარე? _ ჰკითხა გაკვირვებულმა რაკმინიმ.
კრიშნამ მიუგო:
_ თავიდან, როცა უსუსური იდგა გააფთრებული ბრბოს წინაშე, მთელი არსებობა მის დასაცავად დადგა, მაგრამ როცა ვეღარ გაუძლო და თავის დასაცავად ქვა აიღო ხელში, მივხვდი, რომ საკუთარ ძალებზე დაყრდნობა გადაწყვიტა.

პატიების აღთქმა

მეფე ჭირგრძელი ძლევამოსილმა მეზობელმა, ბრამადატამ საკუთარი სამეფოდან გააძევა. მთელი სიმდიდრის დამკარგავმა მეფემ ღატაკი ბერის სამოსი ჩაიცვა, ცოლთან ერთად საკუთარი სამეფოდან გაიქცა და თავისი დამაქცეველის დედაქალაქში, ბენარესში დაიმალა.
იქ დედოფელმა ვაჟი შვა. ბავშვს ჟამგრძელი დაარქვეს. ჭკვიანი ბიჭი გაიზარდა, ყველაფერი ეხერხებოდა.
ერთხელ ჭირგრძელი ერთმა მისმა ყოფილმა კარისკაცმა იცნო. და მეფე ბრამადატას ბრძანებით ის შეიპყრეს, გაკიჭეს და ცოლთან ერთად ქალაქის ქუჩებში ჩამოატარეს. ჟამგრძელი ხედავდა, როგორ დაატარებდნენ მის მშობლებს. გვერდით რომ ჩაუარეს, მამამ უთხრა:
_ ჟამგრძელო, ჩემო ბიჭო, დაიხსომე. მტრობა მტრობით კი ვერ განიკურნება, არამედ პატიებით. არც ძალიან შორს იყურო, ჩემო ბიჭო, და არც ძალიან ახლოს.
მეფე ბრამადატამ ბრძანა ჭირგრძელი და მისი ცოლი ქალაგგარეთ გაეყვანათ და იქ ოთხად გაეკვეთათ. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს, მაგრამ ჟამგრძელმა მცველები დაათრო და როცა მათ დაიძინეს, როგორც იმ დროის ადათ-წესი მოითხოვდა, მშობლების ნეშთი ცეცხლს მისცა და ხელებგადაჯვარედინებულმა კოცონს სამჯერ შემოუარა. შემდეგ ტყეში წავიდა და იმდენი იდარდა და იტირა, რამდენიც მის გულს უნდოდა. როგორც იქნა ცრემლები შეიმშრალა, ქალაქში წავიდა და მეფეს სპილოს მომვლელად დაუდგა.
ჭირგრძელს მშვენიერი ხმა ჰქონდა. მისი სიმღერა ბრამადატას მოეწონა, თავის მოსამსახურედ და მისი სპილოს მომვლელად დააყენა და სულში იძვრენდა.
ერთხელ ნადირობისას ჟამგრძელი მეფეს ახლდა. ისინი სპიროს ზურგზე, მოხერხებულ სავარძელში ისხდნენ. ჟამგრძელმა ისე მოაწყო, რომ მეფის მთელი ამალა სხვა გზით წავიდა. მეფემ დაღლილობა იგრძნო, ჟამგრძელს თავი მუხლებზე დაადო და ჩაეძინა.
მაშინ ჭაბუკმა იფიქრა: `რამდენი ბოროტება გაგვიკეთა ამ ბრამადატ ბენარესელმა! მიწაც წაგვართვა და სიმდიდრე წაგვართვა და დედ-მამა მომიკლა. დადგა შურისძიების დრო!~ ქარქაშიდან ხმალი იძრო, მაგრამ ამ დროს აზრმა გაუელვა: `მამაჩემი რომ მოსაკლავად მიყავდათ, მითხრა: `ჟამგრძელო, ჩემო ბიჭო, არც ძალიან შორს იყურო და არც ძალიან ახლოს, რადგან მტრობა მტრობით კი არ განიკურნება, არამედ პატიებითო. მამის ანდერძის ღალატი არ ივარგებს.~ ეს იფიქრა და ხანჯალი ქარქაშში ჩააგო... სმაჯერ წამოუარა შურისძიების წყურვილმა და სამჯერვე მამის სიტყვებმა შეაჩერა.
ამ დროს მეფეს საშინელი სიზმარი ესიზმრა: ჟამგრძელი მას ხანჯლით ემუქრებოდა. ბიჭმა მარცხენა ხელით ბრამადატას ჩავი მოიხელთა, მარჯვენათი კი ხანჯალი შემართა და უთხრა: `მე ჟამგრძელი ვარ, მეფე ჭირგრძელის ვაჟიშვილი. შენ ჩვენ ბევრი ზიანი მოგვაყენე. სამეფო წაგვართვი და მამაჩემი და დედაჩემი მოკალი. დადგა დრო შურისძიების წყურვილი დავიკმაყოფილო!~
მეფეს გამოეღვიძა და მის თავზე აღმერთული ხანჯალი დაინახა. მაგრამ ჭაბუკი აყოვნებდა...
_ რაღას უცდი? _ წამოიყვირა მეფემ. მაშინ ჟამგრძელმა მას უთხრა მამის დანაბარები. მეფე მუხლებში ჩაუვარდა და სთხოვა:
_ მაჩუქე სიცოცხლე, ჩემო ბიჭო!
_ მე როგორ უნდა გაჩუქო სიცოცხლე, ო, მეფეო, _ უთხრა ჟამგრძელმა, _ შენ ხარ ხელმწიფე და სიცოცხლეც შენ უნდა მაჩუქო!
_ მაშინ შენ მე მაჩუქე სიცოცხლე, ჟამგრძელო, მე კი შენ გაჩუქებ სიცოცხლეს.
ასე აჩუქეს ერთმანეთს სიცოცხლე ბრამადატამ და ჭაბუკმა ჟამგრძელმა, ხელი ხელს ჩაჭიდეს და შეჰფიცეს რომ ერთმანეთს არაფერს ავნებდნენ. მეფე ბრამადატამ ჟამგრძელს ჰკითხა:
_ ჟამგრძელო, ჩემო ბიჭო! რა უნდოდა სიკვდილის წინ მამაშენს ეთქვა ამ სიტყვებით: `არც ძალიან შორს იყურო და არც ძალიან ახლოს, რადგან მტრობა მტრობით კი არ განიკურნება, არამედ პატიებით!~@
ჟამგრძელმა მიუგო:
_ მამაჩემს უნდოდა ეთქვა: მტრობას გულში დიდხანს ნუ ჩაიტოვებ. წარსულის ან მომავლის ფიქრს ნუ აჰყვები. მხოლოდ აწმყოს საჭიროებით იმოქმედე. მამაჩემის ეს სიტყვები კი: `მტრობა მტრობით კი არ განიკურნება, არამედ პატიებით~, აი, რას ნიშნავს: შენ, მეფეო მამაჩემი და დედაჩემი მოკალი. მე რომ ახლა შენთვის სიცოცხლე წამერთმია, ის, ვინც შენი ერთგულია მე წამართმევდა სიცოცხლეს. ასე ჩვენი მტრობა ვერ განიკურნებოდა. ახლა კი, ო, მეფეო, შენ მე სიცოცხლე მაჩუქე, მე კი შენ გაჩუქე სიცოცხლე და პატიებით ჩვენი მტრობა განიკურნა.
_ რა კარგია! _ წამოიძახა ბრამადატამ, _ საკვირველია, როგორ ჭკვიანურად მსჯელობ!
ამის შემდეგ მან ჟამგრძელს თავისი ქალიშვილი მიათხოვა და სამეფო დაუბრუნა.

ორჯერშობილი

ეს ამბავი იმ შორეულ დროში მოხდა, როცა ადამიანები ღვთისმოშიშები და უბრალოები იყვნენ, წესის და კანონის გადამბიჯებელი კი გამონაკლისი იყო. ცხოვრობდა ქვეყნად ერთი კაცი, სახელად ვალმიკი. მძარცველი იყო და წინააღმდეგობას თუ გაუწევდნენ, არც დაფიქრდებოდა, ისე მოკლავდა ადამიანს.
იმ დროსვე ცხოვრობდა ერთი მუსიკოსი, პოეტი და საკვირველი ადამიანი სახელად ნარადა. მხიარული იყო და ყველას უყვარდა. პირზე სულ ღიმილი ეკერა, სულ ხუმრობდა და დაკვრას თუ სთხოვდნენ, უარს არასოდეს იტყოდა. თავისი ერთსიმიანი საკრავიც, ეკტარაც მუდამ თან ჰქონდა. ცნობილია, რომ რაც უფრო უბრალოა საკრავი, მით უფრო მაღალი ოსტატობა მოეთხოვება მუსიკოსს. ნარადა თავის ეკტარას ჯადოსნური ხმით ამღერებდა.
ერთხელ ნარადამ მეზობელ სოფელში წასვლა დააპირა. გზა ტყეში გადიოდა, იქ კი ვალმიკი თარეშობდა. ხალხმა ნარადას სთხოვა, ამ საშიში გზით ნუ წახვალო:
_ ვალმიკი სასტიკია, არაფრად ჩააგდებს, მუსიკოსი და კარგი ადამიანი რომ ხარ.
ნარადამ უთხრა:
_ მინდა ვნახო ის კაცი, ვინც ლაჩრებად გაქციათ. ერთი კაცის გამო გზაზე რომ ვერ გაგივლიათ.
ნარადა წავიდა, რადგან მუსიკის ჯადოსნური ძალის უფრო სჯეროდა, ვიდრე ადამიანის სისხლისმსმელობის.
ვალმიკიმ მუსიკის დამატყვევებელი ჰანგები გაიგონა და გზაზე გამოვიდა. მისდა გასაკვირად გზაზე მხოლოდ ერთი უიარაღო კაცი მოდიოდა, რის გამოც ის და მისი მუსიკა კიდევ უფრო მშვენივრად მოეჩვენა.
_ შენ რა არ იცი, რომ ამ გზაზე სიარული საშიშია? _ ჰკითხა კაცს ვალმიკიმ.
ნარადამ დაკვრა განაგრძო, გზიდან გადაუხვია და ვალმიკის გვერდით ჩამოჯდა. ვალმიკი ხანჯალს ლესავდა. ნარადამ მელოდია დაასრულა და მძარცველს მიმართა:
_ ძალიან კოლორიტული ვინმე ხარ, მაგრამ აქ, ამ ბნელ ტყეში მარტო რას აკეთებ?
_ ხალხს ვძარცვავ, _ მიუგო ვალმიკიმ, _ აი ახლაც მთელს შენს ავლა-დიდებას წაგართმევ.
_ ჩემი ავლა დიდება სულ სხვანაირია, _ უთხრა ნარადამ, _ მე მხოლოდ შინაგანი სიმდიდრე მაქვს და ბედნიერი ვიქნები, შენთვის გაზიარება რომ შემეძლოს.
_ მე მარტო მატერიალური ფასეულობა, _ უთხრა ვალმიკიმ.
_ კი მაგრამ ეს ხომ არაფერია სულიერ ფასეულობებთან შედარებით, შენ კი ასეთი ძლიერი კაცი ხარ. მითხარი, რატომ აკეტებ ამას?
_ ოჯახის გულისთვის, _ უთხრა ვალმიკიმ, _ დედაჩემის, ჩემი ცოლის და შვილების გულისთვის. ფული რომ არ მივუტანო, იშიმშილებენ, მე კი სხვა არაფრის კეთება შემიძლია.
_ სჭირდებათ კი მათ ასეთი მსხვერპლი? _ ჰკითხა ნარადამ, _ თუ გიკითხავს მათთვის, მზად არიან თუ არა ღმერთის წინაშე შეცოდებისთვის შენი პასუხისმგებლობა გაინაწილონ?
ვალმიკი პირველად დაფიქრდა.
_ ამაზე არასოდეს მიფიქრია, _ თქვა მან, _ მაგრამ ახლა...
_ მერე წადი და კითხე, _ უთხრა ნარადამ, _ მე კი აქ დაგელოდები.
ვალმიკი სახლში წავიდა და დედამისს ჰკითხა.
_ მე რატომ უნდა გავინაწილო შენი ბოროტმოქმედების პასუხისმგებლობა, _ უპასუხა მან, _ მე შენი დედა ვარ და ვალდებული ხარ გამომკვებო.
ცოლმაც იგივე უთხრა:
_ შენი ცოდვებისთვის მე რატომ უნდა ვაგო პასუხი? ამქვეყნად არაფერი დამიშავებია და ღმერთის წინაშე პირნათელი ვარ! არ ვიცი, როგორ შოულობ ლუკმაპურს. ეგ შენი საქმეა.
_ არავის უნდა ჩემი პასუხისმგებლობა გაინაწილოს. _ უთხრა ვალმიკიმ ნარადას, _ მარტო ვარ და რაც უნდა გავაკეთო ოჯახისთვის, პასუხს მარტო მე ვაგებ. მინდა გავიგო, ვინ ვარ. დამაყენე ჭეშმარიტების გზაზე, რომ ერთხელ მეც ვიგრძნო ის მუსიკა და ის სიხარული, შენს სახეზე რომ ვხედავ.
ისინი ერთად წავიდნენ... ვალმიკი თავისი ბოროტმოქმედების გამო დიდ სინანულში ჩავარდა და ჩადენილ ცოდვებს მრავალი წელი მკაცრი ასკეზით ისყიდიდა. სახელი ვალმიკი `ჭიანჭველების ბუდეს~ ნიშნავს. ასე იმისთვის შეარქვეს, რომ რამდენიმე წელი გაუნძრევლად იდგა თავიდან ფეხებამდე ჭიანჭველებით დაფარული. განწმენდის შემდეგ ვალმიკი ლეგენდარული პოეტი გახდა.
ვალმიკი ითვლება ეპიკური ლექსის ზომის, შლოკის გამომგონებლად. იგია აგრეთვე ცნობილი პოემის, `რამაიანას~ ავტორი.













37 ახალი გამოგონებანი

(ხასიდური პრიტჩა)

_ ნებისმიერ რამეზე დაკვირვებით შეიძლება სწავლა _ უთხრა ერთხელ რაბიმ თავის ხასიდებს, _ ამქვეყნად ყველაფერი იმისთვის არსებობს, რომ ვისწავლოთ. არა მხოლოდ ის გვაძლევს სიბრძნეს, რაც უფალმა შექმნა, არამედ ისიც, რაც ადამიანებმა გააკეთეს.
_ რას გვასწავლის, მაგალითად რკინიგზა? _ ჰკითხა ერთმა ხასიდმა დაეჭვებით.

_ იმას, რომ ერთი წამის დაგვიანებით შეიძლება ყველაფერი დაკარგო.
_ ტელეგრაფი?
_ რომ ყოველ სიტყვას ფასი აქვს.
_ ტელეფონი?
_ რომ იქ ესმით, რას ვლაპარაკობთ აქ.

No comments: