ლევან რამიშვილი
(სტატია დაიბეჭდა ჟურნალ "ანაბეჭდში")
დიდი მოწიფული ყვავის ხნის არ ვარ, მაგრამ რაც თავი მახსოვს, წინა საუკუნიდან კი გამომყვა რაღაც მოგონებები. მაგალითად მახსოვს, რომ იმ დროში, სანამ ჯერ კიდევ ჰქონდა მნიშვნელობა პოლიტიკის გარდა კიდევ რაღაცას, ტელევიზორიდან ხშირად გაიგონებდი, რომ თბილისელი მსმენელი გამორჩეული მსმენელია, რომ მსოფლიოში სხვაგან არსად არ არის ისეთი გულისხმიერი და ფაქიზი გემოვნების მსმენელი, როგორც ჩვენს ოპერის თეატრსა და ფილარმონიაში. ამას, ძირითადად ქართველები ამბობდნენ ხოლმე, მაგრამ ხშირად უცხოელი არტისტებიც იგივეს გვიმოწმებდნენ. მეც სიამაყით ვივსებოდი. ვერ ვხვდებოდი, რომ ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალურ ადამიანს აქვს ელემენტარული ზრდილობა, რის გამოც უცხო ქვეყანაში ჩასულს თუ ჰკითხავენ, როგორ მოგწონს ჩვენი ქვეყანაო, ან ჩვენი აუდიტორია ხომ გადასარევიაო, ასიდან ასჯერ იტყვის, რა თქმა უნდა, ყველაფრით აღფრთოვანებული ვარო. სხვა საკითხია, რანაირი ზრდილობაა, ყველა უცხოელს მიკროფონი ჩაჩარო საყლაპავ მილში, გინდა თუ არა გვითხარი, როგორები ვართო. ჩემი აზრით, ასეთი გახელების მიზეზი სრული ჩამორჩენილობა და პროვინციალის გადაულახავი კომპლექსებია, თუმცა ეს სხვა თემაა, უფრო სწორად იგივე თემის სხვა ასპექტი.
დღესაც თვითმფრინავიდან გადმოსულ უცხოელს, რომელსაც ჯერ ტრაპიც არ დაუნახავს წესიერად, ეძგერებიან ხოლმე და ეკითხებიან: როგორ მოგწონთ საქართველო? დაბნეული უცხოელი უხერხულად იღიმება და რა თქმა უნდა ამბობს, რომ საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა. ამის საფუძველზე კეთდება `ეკსკლუზიური~ სიუჟეტები უკლებლივ ყველა არხზე იმის შესახებ, რომ თურმე დაობებული ჯეიმს ბრაუნი თუ ვიღაც ფეხშიშველა ბრაზილიელი ქალი პირდაპირ გიჟდება (სტილი დაცულია) ჩვენს სამშობლოზე და განსაკუთრებით ქართველ ხალხზე, რომელიც, მისი აზრით გამორჩეულად მხიარული და თბილი ხალხია და რომელთანაც სინამდვილეში მხოლოდ ფაქსით ჰქონია ურთიერთობა.
უფრო იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ მაინც გაიგონებთ გულაჩუყებულ ჟურნალისტურ წიაღსვლებს იმის შესახებ, თუ რა გამორჩეულად `სხვანაირი~ პუბლიკაა საქართველოში. უფრო იშვიათად იმიტომ გაიგონებთ, რომ ჯერ ერთი კონცერტები უფრო იშვიათად იმართება, ამას გარდა ჩვენი გონებრივი ჰორიზონტი მხოლოდ პოლიტიკით შემოისაზღვრა, რის გამოც სიუჟეტები კულტურული მოვლენების შესახებ ნაჩქარევად და მიფუჩეჩებით კეთდება. ალბათ ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ჯერ არც ერთ არხს აზრად არ მოსვლია, უგრიმ-უფერუმარილოდ, შეულამაზებლად გაეშუქებინა, რა ხდება ბოლო წლებში თბილისში ჩატარებულ უცხოელ ვარსკვლავთა კონცერტებზე, ანუ ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, `ტრუხა ბაზარს~ მორჩენილიყო, პატივი დაედო მაყურებლისთვის და ეთქვა, რა ხდება `ცვეტში~.
ჯერ `ლაითად~ დავიწყებ.
(აქ აუცილებელია დასაწყისშივე ვთქვა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყველა კონცერტზე პირველი ნოტის აღებიდან ბოლო ნოტამდე (რა თქმა უნდა ტაში და ერთი-ორი უნებლიე ჩახველება არ ითვლება) დარბაზში ჩუმადაა, არ ისმის არცერთ მობილურის ზარი ან სხვა სახის ხმაური. რა თქმა უნდა მე ყველა კონცერტზე არ ვყოფილვარ, მაგრამ რომელზეც ვყოფილვარ, ასე იყო და იგივეს ადასტურებენ სხვა თვითმხილველებიც. გამონაკლისია მხოლოდ მრავალათასიანი როკ-კონცერტები, სადაც პუბლიკა შეიძლებდა ხმაურობდეს, მაგრამ ამ ხმაურს მაინც დინამიკების ძლიერი ხმა ფარავს.)
თანამედროვეობის უდიდესი მუსიკოსის, ჩიკ კორეას კანცერტი უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო, რომ დარბაზში ჯერ კიდევ ჯგუფ-ჯგუფად და ინდივიდუალურად შემოდიოდა ხალხი, იკავებდა ადგილს და ნაცნობებს ესალმებოდა. იდგა გამაღიზიანებელი (განსაკუთრებით მუსიკოსისთვის) ჟრიამული. აშკარა იყო, რომ ბევრი ხალხი უბილეთოდ შემოსულიყო. ჩიკ კორეამ??? გაიკვირვა კიდეც, როგორ მოხდა, რომ ხალხი უბილეთოდ შემოდის, თუ გინდათ, ჩემ ხარჯზე ფასდაკლებას გავაკეთებო, მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. უშუალოდ კონცერტის დაწყების წინ კი პირდაპირ სცენის წინ შემოალაჯა ვიღაც ძალიან ლამაზმა ბანოვანმა და დასაჯდომი ადგილი ვერ იპოვა. ჩიკ კორეამ??? აქაც იმარჯვა და პირველ რიგში მჯდომ ჯეელს მიმართა, თუ შეიძლება მანდილოსანს ადგილი დაუთმეო, მაგრამ როგორ გგონიათ რა მოხდა? _ ჯეელმა ზედაც არ შეხედა იმას, ვის მოსასმენადაც ამხელა ფული გადაეხადა და ისევ ისე დარჩა სკამში ჩათხლარშული, როგორც იყო. მაგრამ ეს რაა, მსოფლიო ვარსკვლავი არც ბანოვანმა ჩააგდო რამედ _ ზედაც არ შეხედა, ისე გაიარა პირველი რიგის წინ და გასასვლელ კარში გაუჩინარდა.
უნდა გენახათ გაოცება დიდი მუსიკოსის სახეზე! მან გაკვირვების ნიშნად ხელები გადაატრიალ-გადმოატრიალა და მერე იმავე ხელებით დაკვრას შეუდგა. ჩვენ ვერ გავიგებთ, როგორ დაუკრა იმ დღეს მაესტრომ, რადგან მის სხვა ქვეყნებში გამართულ კონცერტებზე არ ვყოფილვართ, ისე კი როგორც წესი პუბლიკის ასეთი ქცევა შემსრულებელზე ცუდად მოქმედებს და რომ ჩიკ კორეა გამონაკლისი არ ყოფილა, იმის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნომრებს შორის ის რატომღაც უშნოდ იგრიხებოდა და დარბაზს პატარა ბავშვივით ემანჭებოდა. ალბათ დიდი სტრესი გადაიტანა საწყალმა...
ჩიკ კორეას კონცერტზე კიდევ ერთი `განუმეორებელი~ რამ მოხდა _ მეორე განყოფილებაში დარბაზი ნახევრად დაცარიელდა, მოკლედ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისიკოსსა და მსმენელს შორის კონტაქტი შედგა.
კონტაქტი შედგა ავანგარდისტ კიტონ კრემერის კონცერტზეც, სადაც სულ ოცდაათი მსმენელი მივიდა, აქედან ნახევარს კი ეძინა, თუმცა ეს რა მოსატანი იყო, ასეთი რამ ხშირად ხდება, განსაკუთრებით ავანგარდული მუსიკის კონცერტებზე.
ხმაური და ძილი ძველთაძველი ჩვევებია, ბოლო წლებში კი მას ერთი ახალი ჩვევაც მიემატა _ მობილურის არგამორთვა. ქართველ მსმენელს კონცერტის დაწყებამდე ხშირად რამოდენიმეჯერ აფრთხილებენ, რომ მობილური გამორთოს, მაგრამ მე ჯერ თბილისში ისეთ კონცერტზე არ ვყოფილვარ, შუა კონცერტზე მობილურს სამჯერ-ოთხჯერ მაინც რომ არ დაერეკოს.
ჯონ მაკლაფლინმა თბილისის კონცერტის დროს იხუმრა კიდეც _ ძალიან-ძალიან, უმორჩილესად გთხოვთ, მობილურები გამორთოთ, მაგრამ თუ მაინც დარეკა, უთხარით, ჯონი სახლში არ არის-თქო.
ყველაზე მშვიდად წამდაუწუმ მობილურის რეკვას ცხონებული პეტრუჩიანი შეხვდა, შუა დაკვრისას მობილურის ზარი რომ მოესმა, არც დაფიქრებულა, იქვე მაღალ რეგისტრში ტრელი აიღო და ზარის ხმა ზუსტად გაიმეორა, თანაც ისე, რომ ეს კომპოზიციასაც მოუხდა... პეტრუჩიანის ასეთ სიმშვიდეს მგონი თავისი მიზეზიც უნდა ჰქონდეს _ იტალიელები და ქართველები ორად ორი ხალხია მსოფლიოში, რომელიც სუფრას რომ მიუჯდება, მობილურს აუცილებლად ჯიბიდან იღებს და მაგიდაზე დებს. იტალიელებიც ჩვენსავით ძვირფასი მობილურების ფანატიური სიყვარულით გამოირჩევიან და პეტრუჩიანიც ალბათ ამიტომ იყო ასეთი ლმობიერი...
ერთხელ მსოფლიოს უდიდესი პერკუსიონისტის და მუსიკოსის, ტრილოკ გურტუს კონცერტზე ჩემს გვერდით მჯდომს მობილურზე დაურეკეს. მან მშვიდად აიღო ყურმილი. ძმაკაცები ურეკავდნენ სახინკლიდან. გურტუს თაყვანისმცემელმა მათ ასეთი პასუხი გასცა: ახლა ვიღაც ინდოელის კონცერტზე ვარ, ალბათ მალე მორჩება ეს სირობა და გამოვალო...
კონცერტი მართლაც მალე დამთავრდა, დარბაზმა დასაწყისში ტრადიციული ხმაურისა და ფაცი-ფუცის მომწვანილებაც ვერ მოასწრო, რომ მოულოდნელად აპარატურაც გადაიწვა და გურტუც იქაურობას გაეცალა, სულ სამი კომპოზიციის შესრულება მოასწრო...
მაგრამ ყველაზე დიდი სირცხვილი სამეფო უბნის თეატრში ჩატარებულ ჰანს სტუჩკუს კონცერტზე ვჭამეთ. იქ შეკრებილი აუდიტორიის დიდი ნაწილივით სისულელე რომ არ წამოგცდეთ, ეგ ვინღა ოხერიაო, შეგახსენებთ, რომ ჰანს სტუჩკუ არის პიანისტი, ვაიმარის ინტუიციური მუსიკის ანსამბლის წევრი, შტოკჰაუზენის ორკესტრის მრავალი კონცერტის მონაწილე, შონბერგთან ნათანამშრომალი კაცი, ელექტრონული მუსიკის სპეციალისტი და მრავალი უნივერსიტეტის პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის კომპოზიციის პროფესორი და ელექტრო-აკუსტიკური სტუდიის რეჟისორი. მოკლედ, თანამედროვე მუსიკოსი ხელმწიფის ტოლა კაცია და პატივისცემის მეტს არაფერს იმსახურებს. თბილისში მას ჩამოტანილი ჰქონდა უთანამედროვესი ელექტრონული მუსიკა _ მთელს მსოფლიოში შეგროვილი ელექტრონული ხმები, რომლის ფონზეც ის ასრულებდა თავის ნაწარმოებს ფორტეპიანოზე. მაგრამ თბილისელმა პუბლიკამ მაესტრო, როგორც იტყვიან, მასხრად აიგდო. `განუმეორებელმა~ მსმენელმა ელექტრონული ხმები, როგორც ჩანს, საერთოდ მუსიკად ვერ აღიქვა და ვერც ჩვეულებრივი ზრდილობა გამოიჩინა. მოკლედ დარბაზში დიდი ხმაური და ხვევნა-კოცნა იყო გაჩაღებული. ცნობილმა მუსიკოსმა ორი კომპოზიციის შესრულების შემდეგ აპარატურა გამორთო და ხალხს სიტყვით მიმართა. მის სიტყვებს ზუსტად ვერ გადმოქცემთ, შინაარსი კი დაახლოებით ასეთი იყო: ასეთ პატარა ქვეყანას პრეტენზია გაქვთ, რომ დიდმა ქვეყნებმა პატივი გცეთ და თან მოსმენის ელემენტარული კულტურის გამოჩენაც არ გინდათ. კარგად ბრძანდებოდეთ... და მუსიკოსმა სცენა დატოვა. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ის მაინც დაითანხმეს, ისევ გამოსულიყო, თუმცა ორიოდე კომპოზიციის შესრულების შემდეგ მან მაინც ნაადრევად დატოვა სცენა და ქვეყნიდანაც სასწრაფოდ გაემგზავრა...
ჯო ზავინულის კონცერტზეც ჩემი აზრით არანაკლები ამბავი მოხდა. თბილისში ჩამოსვლისთანავე ზავინულმა ითხოვა, იქნებ ვინმე ქართული ფოლკლორის შემსრულებელი მომიძებნოთ, ვისთან ერთადაც იმპროვიზირებას შევძლებო. მუსიკოსს, რომლის შემოქმედებაშიც მრავალი ქვეყნის ფოლკლორის გავლენას შევნიშნავთ, სურდა ახალი გამოცდილება მიეღო და საკუთარი მუსიკალური ჰორიზონტი გაეფართოვებინა. ამიტომ იყო მისთვის აუცილებელი ერთობლივი იმპროვიზირება, რადგან ამ დროს ხდება ორი მუსიკოსის ნამდვილი შეხვედრა, მუსიკალური იდეების გაცვლა და ერთმანეთის სამყაროებთან ზიარება, ანუ როგორც ჩვენში იტყვიან იტყვიან, მეობის ჩახუტების ამბის განხორციელება. მაგრამ ჩანს სულ სხვა მიზანი ჰქონდა მეორე მხარეს და შედეგად აი, რა მივიღეთ. ფილარმონიის სცენაზე, სადაც ზავინული იყო, გამოლაგდა რამოდენიმე ჩოხიანი კაიყმა და არ მახსოვს, რა, მგონი ხასანბეგურა დასცხო. ზავინული აქა-იქ უშედეგოდ ცდილობდა რაღაც აკორდები მოერგო მათი სიმღერისთვის, ანუ კონტაქტში შესულიყო, მაგრამ კარგად იცით, რა რთულია ქართული სიმღერა. კაიყმებმა ბოლომდე რიხიანად ჩაამთავრეს სიმღერა და ზავინულს ალმაცერად გადახედეს. ახლა ზავინულმა წამოიწყო დაკვრა, თუმცა ეს არ ყოფილა რაიმე კონკრეტული კომპოზიცია. გამოცდილმა მუსიკოსმა, რომელმაც კარგად იცის, რომ ერთობლივი იმპროვიზირების დროს მთავარი დაკვრა კი არა ერთმანეთის მოსმენა და დაკვრის დაკვრის საშუალების მიცემაა, ქართველებს უბრალოდ შესთავაზა რაღაც ჰარმონია და რითმული მონახაზი, რომლიდანაც მუსიკა უკვე შემდგომ, დიალოგის შედეგად უნდა ამოზრდილიყო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ქართველებმა ყურიც არ ათხოვეს და ისევ თავისი რთული და მრავალხმიანი სიმღერა დასცხეს. სიმღერას რომ მორჩნენ, აშკარად გამარჯვებული სახეებით გალაგდნენ სცენიდან. თავის ჭკუაში ზავინულს `აჯობეს~, `დაამრცხეს~, `აჩვენეს, სად ჩამოვიდა~, არადა მუსიკოსს მუსიკალური ურთიერთობა უნდოდა, პასუხად კი სახეში ქედმაღლური გალაწუნება მიიღო. სამაგიეროდ დარბაზი იყო მოხიბლული ამ გოიმური ავტო-პიარ-კამპანიით...
ასეთი ამბავიც მომხდარა (აქ შეგნებულად არ ვასახელებ არც ქართველი და არც უცხოელი მუსიკოსების ვინაობას) _ ერთ-ერთ კონცერტზე, რომელზედაც უცხოელი მუსიკოსები, როგორც იტყვიან, აწყვეტილ ჯაზს უბერავდნენ, ერთი ქართველი მუსიკოსი სცენაზე ავიდა, პიანისტს კლავიატურაზე ხელი შეუცურა და რაღაც აკორდების აღება დაიწყო. არევა უნდოდა თუ ჭკუის სწავლება, კაცმა არ იცის. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ უცხოელმა პიანისტმა მას ხელში ჩაარტყა და ინგლისური ფუცკ-იც მიაძახა. შემდეგ კიდევ კარგი, ქართველი მუსიკოსი სცენიდან გაიყვანეს.
ამას წინათ მეგობარმა მუსიკოსმა მითხრა, ძალიან მინდა კეიტ ჯარეტის კონცერტზე რომ მოვხვდე, მაგრამ ხომ ვიცი, აქ რომ ჩამოიყვანონ, მის `ზედმეტად~ ემოციური შესრულებას რომ დაინახავენ სიცილს დააყრიან და გააგიჟებენო. რა უნდა მექნა, დავეთანხმე. სამწუხარო ფაქტია _ ორი განუმეორებელი ფენომენი _ კეიტ ჯარეტი და თბილისური აუდიტორია ერთმანეთთან შესახვედრად ჯერ მზად არ არის.
Read polaroid spectra pro manual PDF
5 years ago
5 comments:
საინტერესო ბლოგი ჩანს, გამატებ სიაში.
ქართველების უმაღლეს კულტურაზე ლაპარაკი ზედმეტია და მეც, როგორც წესი სიტყვასაც არ ვწერ მაგის შესახებ, იმიტომ რომ იმის მიუხედავად რომ სარკეს პირდაპირ სახის წინუდებ, რატიმღაც თვალებს ხუჭაენ და ეგ სარკე შენი ნახატი გონიათ. მოკლედ რომ ვთქვა იმდენად ბნელა რომ 90% აზრზეც ვერ მოვა რას აპროტესტებ მაგ პოსტში
ხო, ბოლოს ერთი თხოვნა, ფონი შეცვალე, თორემ შავ ფონზე თეთრის კითხვა საშინელებაა, მკითხველები გაგექცევიან ;)
კარგი სტატიაა. მომეწონა.
კიდევ ერთი თხოვნა, word verification მოხსენი კომენტარებზე :)
levan bevri vicine shens statiaze, kargi xar...
ბევრი ვიხალისე
და თან როგორი არასახალისო თემებია:))
მეც ძალიან ბევრჯერ აღმოვჩნდები ხოლმე მსგავს სიტუაციებში და არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, როცა ამ საზოგადოების წევრი ხარ და ყოველი მცდელობა შენი განსხვავებული დამოკიდებულების "გატანისა" უბრალოდ, წარუმატებელია, ინფანტილურია, მომაბეზრებელია, მოსაბეზრებელია :))
Post a Comment