Thursday, February 26, 2009

ქართველი შპიონი _ ყველაზე ჩაკუზული შპიონი მსოფლიოში

ლევან რამიშვილი (გამოქვეყნდა ჟურნალ "ანაბეჭდში") აქ ნუ ჩაიკუზებით! მწერალი არ ვარ, ამიტომ ვერაფერს მოვიგონებ. ერთხელ, ბუტკების, პურის რიგების, `ხიხანის~ და `ჯაბას ბიჭების~ ეპოქაში, ერთი ჩემი მეგობარი ქალაქ პრაღის ერთ-ერთ მაღაზიაში ასეთ წარწერას გადააწყდა: `მადონას სერვისი აღარ არის და არც იქნება!~ წარწერა ქართულ ენაზე იყო შესრულებული. იმ ენაზე, რომელშიც `დამარხული არს ყოველი საიდუმლო~ და რომელ ენაზეც, იოანე ზოსიმეს თუ დავუჯერებთ, მეორედ მოსვლის ჟამს მთელი კაცობრიობა უნდა გასამართლდეს. ეს თეორია პირველად ისევ იმ შორეულ `ჯაბას ბიჭების~ პერიოდში, გერმანიის საელჩოს მოსაცდელში მოვისმინე. ჩემთან ერთად რიგში მდგარი და გერმანელების `ცივსისხლიანობით~ (სინამდვილეში პუნქტუალურობით) აღშფოთებული ორი ჯეელი ერთმანეთისთვის ქართველების გამორჩეულობის მტკიცების ხასიათზე დადგა და ბოლოს ეს, ჩემი აზრით დაუჯერებელი, თუმცა ყველა პატრიოტისთვის სასიამოვნო მოსასმენი თეორიაც გაიხსენა. `არ არის ეს შემთხვევითი ქვეყანა, განსაკუთრებული ქვეყანაა და ეს კიდევ გამოჩნდება!~ ამტკიცებდა ერთი და თავისი აღმოჩენით კმაყოფილი ჩანდა, მის უკან კი, კედელზე მსხვილი შრიფტით ამობეჭდილი ქართული ასოებით შავით თეთრზე ეწერა: `აქ ნუ ჩაიკუზებით!~ ეს წარწერა რომ ჩემი თვალით არ მენახა, არაფრით დავიჯერებდი, თუნდაც გაზეთში, ან `ქართლის ცხოვრებაში~ რომ წამეკითხა (ერთშიც და მეორეშიც, როგორც ცნობილია, მხოლოდ სიმართლე წერია). თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ მაშინ პრინტერზე ამობეჭდილი წარწერები დიდი იშვიათობა იყო, რის გამოც წარწერა იმდენად სოლიდურად გამოიყურებოდა, რომ ოხუნჯობას ნამდვილად არ გავდა. ცოტა ხანში დერეფანში ჩემი ნაცნობი გამოჩნდა. საელჩოში დაეწყო მუშაობა. ერთმანეთი რომ მოვიკითხეთ, წარწერა დავანახე და რა კარგი ხუმრობაა-მეთქი, ვუთხარი. რის ხუმრობა, სრულიად სერიოზულად წერიაო, მითხრა. თურმე ვიზის მომლოდინე `გამორჩეული ქვეყნის~ შვილები სისტემატურად იკუზებოდნენ და ასე ჩაკუზულ მდგომარეობაში მასლაათში გაჰყავდათ დრო. წარწერაც ამიტომ გაეკეთებინათ. ეგ კიდევ არაფერიო, მითხრა ჩემმა ნაცნობმა, კედელთან რომ დგანან, ცალი ფეხით კედელს ებჯინებიან და ნაფეხურებს ტოვებენ, კედლებს ჩიჩქნიან და ზედ სიგარეტსაც აქრობენო. ჩემი ნაცნობი წავიდა, ჯეელები კი მსოფლიოს ისევ ქართულ ენაზე ასამართლებდნენ. ვუსმენდი და ვერ გამეგო, რა უფრო მნიშვნელოვნად ეჩვენებოდათ _ ის, რომ განკითხვის დღე დადგებოდა თუ ის, რომ ეს განკითხვა ქართულად წარიმართებოდა. ვერც ის გამეგო, საიდან ეცოდინებოდა, ვთქვათ, მკვდრეთით აღმდგარ უინსტონ ჩერჩილს ან ინდიელების ბელად ჯერონიმოს ამდენი ქართული. ჩემი ეჭვები ვიზის მომლოდინე და აშკარად სამუდამოდ გერმანიაში დარჩენაზე მეოცნებე მოსაუბრეებს გავუზიარე. გაეცინათ ჩემს შენიშვნაზე. შენ, ალბათ არ იცი, რომ მეორედ მოსვლის ჟამს ლაპარაკი და ყაყანი კი არ იქნება, არამედ ღმერთი და ადამიანები ერთმანეთს პირდაპირ, ანუ ტელეპატიურად დაელაპარაკებიანო. თუ ასეა, ანუ თუ ტელეპატიურად გადასცემენ ერთმანეთს ინფორმაციას, ქართული ენა რაღაში დასჭირდებათ-მეთქი. ტელეპატიურად ილაპარაკებენ, ოღონდ ქართულადო _ იყო პასუხი. მივხვდი, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა, მაგრამ უკან დახევაც აღარ მინდოდა. კი მაგრამ, რატომ მაინც და მაინც ქართულად-მეთქი, ვიკითხე. მეგონა გამოვიჭირე, მაგრამ ნურას უკაცრავად, ამაზეც ჰქონდათ ნაფიქრი: იმიტომ, რომ ერთი იმ დროისთვის ქართული მსოფლიო ენა იქნებაო. რის საფუძველზე აკეთებთ ასეთ ოპტიმისტურ პროგნოზებს-მეთქი, კვლავ ვიკითხე. იმის, რომ იოანე ზოსიმეს `ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი~-ში წერია, რომ...…_ ესეც პასუხი იყო. პასუხი, რომელმაც, უნდა გამოვტყდე, დამადუმა, თანაც საბოლოოდ. ეს თეორია ამის მერეც ხშირად მომისმენია (მათ შორის ტელევიზორიდანაც) და მას ყოველთვის ახლდა იმის მტკიცება, რომ ქართველები `ყველასგან გამორჩეული, წარმოუდგენელი, პირდაპირ ენით აღუწერელი ხალხი ვართ~. ამგვარ მტკიცებას ათასგვარი მაგალითი და საბუთიც მოსდევს ხოლმე _ ისეთ საქციელთა ჩამონათვალი, რომლის ჩამდენიც მხოლოდ ქართველი შეიძლება იყოს. ამ ჩამონათვალიდან ბევრი რამ მართალია ხოლმე. მაგალითად მართალია, რომ `ვეფხისტყაოსანი~ გენიალური ნაწარმოებია (ჩემი აზრით, რუსთაველი დანტესაც ცალ ჯიბეში ისვამს, ჩემს საყვარელ შექსპირსაც და მით უმეტეს, პაოლო კოელიოსაც). რა თქმა უნდა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა ქართველი ყველა ბრაზილიელს ჯობია, მაგრამ ასეთი ფაქტები ბევრს სწორედ ამგვარ აზრებს ჩააგონებს. როგორც ჩანს, სულელის ხელში (რუსთაველის მეტაფორა რომ მოვიშველიოთ), ვარდიც ნეხვად იქცევა. ბევრ ადამიანს სჯერა, რომ მეორედ მოსვლის ჟამს `საქართველო გაბრწყინდება~, ქართულ ენაზე გასამართლებული მსოფლიო ჯოჯოხეთის გეენაში დაინთქმება, ქართველები კი ყველანი ერთად, ძმურად ხელიხელჩაკიდებულები ზეცისკენ გავფრინდებით. მაგრამ სანამ მართლა გავფრენილვართ, მოდით იმ საქციელთა ჩემს მიერ ქვემოთმოყვანილ სიასაც გავეცნოთ, რომელთა ავტორები და შემსრულებლებიც მხოლოდ ქართველები ვართ, რადგან, გასაფრენად სულ მცირე, ჩაკუზული მდგომარეობიდან გამოსვლა და წელში გამართვა მაინცაა საჭირო. ადამიანს ისედაც ძალიან უჭირს ფრენა, არათუ ჩაკუზულს... ამ ჩამონათვალში ახალი არაფერი არ არის. ახალი აქ მხოლოდ იმის გაცნობიერება შეიძლება იყოს, რომ ამ ყველაფერს მსოფლიოში მასობრივად მართლა მარტო ჩვენ, ქართველები ვაკეთებთ. მაშ ასე, მსოფლიოში არც ერთი ერი, ქართველების გარდა: ბაღებში და სკვერებში სკამის ზურგზე არ ჯდება და ფეხებს სკამზე არ აწყობს ქუჩაში არ იფურთხება (ჩაკუზვაზე უკვე ვისაუბრეთ) მასობრივად `გათიშვამდე~ არ სვამს, ანუ ასეთი სმა წესად არ მიაჩნია სუფრაზე ერთსა და იგივე გაცვეთილ წინადადებებს არ წარმოთქვამს და ამით გართობას პარტიული კრების მსგავს მოსაწყენ აუცილებლობად არ აქცევს საკუთარ თავს დედას არ აგინებს, ანუ თავს `ბოზის შვილს~ ან `ბოზის გაზრდილს~ არ უწოდებს და არც საკუთარ დედასთან სექსუალური კავშირის სურვილს გამოთქვამს. უცნობ ადამიანს შენობით არ ელაპარაკება საზღვარგარეთ თანამემამულის დანახვისას შეშინებული არ იმალება ან თავქუდმოგლეჯილი არ გარბის ნაგავს საკუთარი სახლის წინ, ქუჩაში არ ყრის არ ატარებს გულზე დაბნეულ, გარდაცვლილი ახობლის შავ-თეთრ ფოტოებს ოჯახის წევრის გამოსაგლოვად `პროფესიონალ მოტირლებს~ ტირილში და კივილში ფულს არ იხდის არ მოყავს მთავრობაში ოცი წლის ბიჭები სათვალიანი კაცი აუცილებლად განათლებული, განათლებული კი _ აუცილებლად `პიდარასტი~ არ გონია და არც უცოდინარობით ამაყობს ფულს იმაში არ იხდის, რომ არ ისწავლოს ქალს არ იტაცებს მოტაცებულ და უკანგამოქცეულ შვილს საშვილოშნოს სიმრთელეს არ უმოწმებს შვილს უცნობ გამტაცებელს სამუდამოდ არ ატანს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალიშვილი აღარ არის დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას, ანუ არ ქოლვას არ ცდილობს მასიურად წამალზე არ ზის მასიურად შავი ტანსაცმლით არ დადის არ ბლატაობს არ სცემს პატივს ქურდებს სიტყვას `ძმაო~ არ წარმოთქვამს ზიზღნარევი ტონით, საკუთარი სიძლიერისა და უპირატესობის ხაზგასასმელად... საზოგადოებრივ ტუალეტში ჩარეცხვაზე კატეგორიულ უარს არ ამბობს მსოფლიოს ყველაზე პირსისხლიან არაადამიანს, სტალინს (ფარულად ან აშკარად) არ ეთაყვანება საკუთარ დაქცეულობას ქრონიკულად სხვა ხალხებს არ აბრალებს და საერთოდ, ქალაქის ცენტრში აქვს ტუალეტები და არა ჩეჩმები საკუთარ თავს მსოფლიოში ყველაზე გენიალურ ერად არ თვლის საკუთარ თავს გამოუსწორებელ ნაგვად არ თვლის წესით, სტატია შპიონებზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეც ქართველი არა ვარ? _ რაზეც მინდოდა, იმაზე დავწერე. ისე კი შპიონებზეც კარგი ისტორია ვიცი: ისევ `ჯაბას ბიჭების~ დროა. ჩემთვის ვდგავარ არაყიშვილის ქუჩაზე, რატომ, აღარ მახსოვს. მილიციაც იქვეა. უცებ რამოდენიმე იმ დროისთვის `კრუტოი~ (მაშინ `ჯიპი~ ეროვნული ტრანსპორტი ჯერ არ იყო) ჩერდება. მანქანებიდან ეროვნულ ტანისამოსში (თეთრი საროჩკა, შავი შარვალი, `ისპექტორები~) გამოწყობილი ათი-თხუთმეტი სუპერ-ჯეელი გადმოდის აგრესიულად, იარაღის ტრიალით. ყველანი ერთს ეხვევიან ირგვლივ _ განსაკუთრებულ სუპერჯეელს, რომელსაც ყველაზე ხარისხიანი თეთრი საროჩკა, შავი შარვალი და `ისპექტორები~ აცვია და ამალის თანხლებით გაფხორილი მოაბიჯებს. აქა-იქ შეძახილები გაისმის: `საიდუმლო დაზვერვის უფროსი მოდის!.. გაიწიე!.. საიდუმლო დაზვერვის უფროსი მოდის...~ ხალხმა ცნობისმოყვარე მზერა შეავლო `საიდუმლო დაზვერვის უფროსს~, შემდეგ კი მორჩილად გაიწია და გაატარა. ასე ვნახე ცხოვრებაში პირველად ნამდვილი ქართველი შპიონი. მგონი ძალიან მწარე წერილი გამომივიდა. ცოტა რომ გავაქარვო სიმწარე, ერთ ამბავსაც გავიხსენებ: ერთხელ მოსკოვში როგორღაც ისე მოხდა, რომ გამოსაფხიზლებელში აღმოვჩნდი. შუაღამეა. თეთრკაფელიან კამერაში ათიოდე გაშიშვლებული, ფოხანის ამარა დარჩენილი მოწიფული მამაკაცი ვართ, ძირითადად ბასიაკები. კარი იღება და ოთახში კიდევ ერთ შიშველ გადარეულს აგდებენ. შიშველი მართლაც გადარეულია _ კარს მუშტებს უშენს და იგინება რუსულად და ქართულად. ქართულად უფრო გულიანად გამოსდის. მერე იმედი ეწურება, მუშტების ბრახუნს ეშვება, ტრიალდება და ნაცემი ძაღლის ნაწყენი თვალებით დამსწრე საზოგადოებას ათვალიერებს. მამჩნევს, მაკვირდება და ჩემსკენ მოდის. _ ქართველი ხარ? _ კი. _ რამე ხომ არ გიჭირს? ...ამასაც მარტო ქართველი თუ მოახერხებდა. ვერაფერს ვიზამთ _ ასეთები ვართ. მე თუ მკითხავთ, შპიონები ვართ სუყველანი...

თბილისის უხერხული დასაწყისი...

ლევან რამიშვილი (ეს სტატია თაივის დროზე გამოქვეყნდა ჟურნალ "ანაბეჭდში") `კოკასა შიგან რაცა დგას იგივე გადმოდინდების...~ როგორ არ ვაღიარო ამ სიტყვების უნივერსალურობა, როცა აეროპორტიდან თბილისში შემოსასვლელ მთავარ გზას ჯორჯ ბუშის ქუჩა ეწოდება... ცნობილია ამბავია, რომ ადამიანს მეწაღეები ფეხსაცმლის მიხედვით გამოიცნობენ ხოლმე, დალაქები ვარცხნილობის მიხედვით, `ბოდილენგვიჯის~ სპეციალისტები _ დგომის, ჯდომის ან საუბრის მანერის მიხედვით... ერთი სიტყვით, ადამიანი ათას ადგილას გახვრეტილი კოკასავითაა და ინფორმაცია იმის შესახებ, რაც `შიგან დგას~, მისგან დამოუკიდებლად ჟონავს და ჟონავს. ისიც ცნობილია, რომ საზოგადოებასაც, როგორც ადამიანს, თავისი შინაგანი სამყარო აქვს _ თავისი ფილოსოფია და ფსიქოლოგია, დაფარული აზრები და კომპლექსები, რაც ჯამში მის ფასეულობათა სისტემას ქმნის და ადამიანის მსგავსადვე მისი ბუნების გამოცნობაც ათასი გზით შეიძლება, თუნდაც ისეთი უბრალო რამის მიხედვით, როგორც ქუჩების სახელებია. ამერიკის ქალაქებში ქუჩები ძირითად დანომრილია. ეს ძალიან აადვილებს ცხოვრებას. მაგალითად თუ გინდა ნიუ-იორკში ვინმეს შეხვდე, ეუბნები, რომ ვთქვათ, მეშვიდე ავენიუსა და ოცდამეთოთხმეტე ქუჩის კუთხეში დაელოდები და პრობლემაც მოგვარებულია. აღარაა საჭირო ერთსაათიანი ახსნები _ შადრევანი რომაა, ხომ იცი... არა, რა შადრევანი... აბა სად მოვიდე... იქვე ბუკინისტებია... აზრზე არა ვარ... там дерево, а там памятник და ა.შ. ქუჩების დანომვრას სხვა პლიუსიც აქვს _ იმ ქვეყანაში სადაც ქუჩები დანომრილია, ქუჩისთვის სახელის დარქმევა ასმაგად მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება და უფრო ხმამაღლა და გარკვევით ამცნობს ცას და ქვეყანას, თუ ვინ (ანუ რა) არის ამ ქვეყნისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. მაგალითად ამერიკაში იშვიათად, მაგრამ მაინც შეხვდებით ჯორჯ ვაშინგტონის, ლინკოლნის, ჯეფერსონის ქუჩებს. არის კენედის აეროპორტიც. როცა ამას ხედავ, ყველაფერი გასაგები ხდება _ ამერიკელებისთვის მთავარია კონსტიტუცია, დამოუკიდებლობის დეკლარაცია და სხვა ფორმალობებია. ვიღაცისთვის შეიძლება ეს მისაღებიც იყოს, მაგრამ პირადად მე გული დამწყდა, რომ ვერ ვნახე უოლტ უიტმენის, მარკ ტვენის, ჯეკ ლონდონის, ეგარ ალან პოს, ეზრა პაუნდის, თომას ვულფის, თეოდორ დრაიზერის, სკოტ ფიცჯერალდის, ფოლკნერის, ჯონ სტეინბეკის, ჰემინგუეის, ემილი დიკინსონის, ჯიბრან ჰალილ ჯიბრანის (ისიც ამერიკელი იყო) და სხვათა ქუჩები. ესენი უფრო დიდი ამერიკელები იყვნენ, ვიდრე ვაშინგტონი და ფრანკლინი, რადგან ბევრად უფრო მაღალ და საფუძვლიან იდეებს განასახიერებდნენ, მაგრამ ამერიკამ ეს არ იცის და ამ ცოდვაში იმათი ხელიც ურევია, ვინც თავის დროზე ამ ქვეყანაში ქუჩებს სახელებს არქმევდა. ესეც შენი `კოკასა შიგან...~ _ აღმოჩნდა, რომ ქუჩების სახელების უმარტივესმა ანალიზმა უმნიშვნელოვანეს დასკვნამდე მიგვიყვანა _ ამერიკას ნებსით თუ უნებლიედ არეული აქვს ფასეულობათა შკალა _ სიკეთეს, სიყვარულს, გონიერებას და კაცთმოყვარეობას მის ცნობიერებაში სადღაც ბოლოს წინა ადგილი უკავია, პირველ ადგილზე კი კანონია, ანუ თვალთმაქცი პოლიტიკოსების შეთხზული მითები მის უზენაესობაზე, აგრეთვე მშრალი დეკლარაციები და მანიფესტები. მაგრამ მოვეშვათ ამერიკას და ცოტა ახლოს გადმოვინაცვლოთ. პირველი, რაც ვენის აეროპორტიდან ქალაქისკენ მიმავალს თვალში გეცემა, არის უზარმაზარი პლაკატი _ `ვენა ამაყობს მოცარტით!~ ალბათ მიხვდით, რა სახელებიც ქვია ამ ქალაქის ქუჩებს... ლიონის აეროპორტში მოხვედრილმა მგზავრმა შეუძლებელია ვერ შეამჩნიოს პირველი პილოტების ქუდსა და უნიფორმაში გამოწყობილი ანტუან დე სენტ ეგზიუპერის გრანდიოზული სურათი. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის მხოლოდ ამის გამო ეს ქალაქი ასმაგად უფრო საყვარელი გახდა. ვერც ამ და ვერც სხვა ევროპულ ქალაქში ვერ იპოვით პოლიტიკოსის, მითუმეტეს კი საშუალო რანგის პოლიტიკოსის, ასმაგად მითუმეტეს კი საშუალო რანგისა და საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსის, ათიათასმაგად მითუმეტეს _ საშუალო რანგის, საეჭვო რეპუტაციისა და უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის, მილიარდმაგად მითუმეტეს _ საშუალო რანგის, საეჭვო რეპუტაციის და უცხო ქვეყნის ფიზიკურად ცოცხალი პოლიტიკოსის სახელობის ქუჩას. ცნობილია, რა ღვაწლი მიუძღვის ნაპოლეონს საფრანგეთის და საერთოდ მსოფლიო ისტორიაში, მაგრამ ფრანგებმა მისი აკლდამა რომელიღაც მოხუცთა თავშესაფარში მოათავსეს და არა პანთეონში. მართალია, აკლდამა ისეა აგებული, რომ შიგნით შემსვლელი იძულებულია თავი დახაროს, მაგრამ ესეც ფრანგების მახვილგონიერებაზე მიუთითებს და მთავარ აზრს არ ცვლის, იმ აზრს, რომ არ შეიძლება პოლიტიკოსებისა და მხედართმთავრების ისევე განდიდება, როგორც დიდი მხატვრების, მუსიკოსების, მწერლებისა და განმანათლებლების, რადგან ადამიანის განდიდებით ძალაუნებურად განადიდებ იმ იდეებსაც, რომლებსაც ის ემსახურებოდა და იმ საქმეებსაც, რომლებსაც ის აკეთებდა თუ სჩადიოდა; და ქუჩისთვის სახელის დარქმევაც არაა უბრალო საქმე _ ამით საზოგადოება ამა თუ იმ კაცის იდეალებს თავის უმაღლეს იდეალებად აცხადებს. ბუნებრივი და საამაყოა, რომ საქართველოში არის რუსთაველის, სულხან-საბას და სხვა დიდი ქართველების ქუჩები და გამზირები, მაგრამ ერთი ორგან არის სატალინის ქუჩაც. გორის და ხაშურის სადგურზე, გაჩერებული მატარებლიდან ტურისტი სტალინის უზარმაზარ ფერწერულ პორტრეტებს დაინახავს და ეს ჩვენი არეული და ჯერ კიდევ დაულაგებელი ფასეულობების და აბურდულ-აბსურდული აზროვნების მაგალითია. ფასეულობათა კატასტროფული აღრევა, როგორც ცნობილია, ბოლშევიკების შემოსევიდან დაიწყო. კომუნისტების ლოზუნგმწარმოებელი მანქანის პროდუქტი ზოგჯერ არაჰუმანური, ხშირად კი უბსურდული და სასაცილო იყო. მახსოვს ჩემს სკოლაში ისტორიის კაბინეტში გამოკრული ლოზუნგი: `მატერია, ყოფიერება პირველადია! იდეა, სული, ცნობიერება მეორადია!~ ამ ლოზუნგმა თავის დროზე გვარიანი თავსატეხი გამიჩინა, თუმცა საბოლოოდ მაინც ალბათ უარყოფითად არ უმოქმედია, რადგან ჩემში პროტესტის გრძნობა დაბადა და აზროვნებას მიმაჩვია, მაგრამ არსებობს `მესიჯები~, რომლებიც აზროვნებას ვერაფრით მიგაჩვევს, დესტრუქციულ აზრებს კი ჩაგაგონებს. მაგალითად, რატომ დაარქვეს აეროპორტის გზას ჯორჯ ბუშის ქუჩა? _ იმიტომ, რომ ახლა ამერიკა გვჭირდება გვჭირდება მისი ძლიერი კუნთები, დოლარები... ამიტომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა შევეტენოთ, მოვეფეროთ, თავი მოვუქონოთ, ბაბა დავუძახოთ, თუ საჭიროა ჩავიხადოთ და... აღარ დავაზუსტებ, ალბათ ისედაც მიხვდით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მატერია, ყოფიერება პირველადია, იდეა, სული, ცნობიერება კი _ მეორადი. რა მოხდა, თუ ჯორჯ ბუში, რბილად რომ ვთქვათ, შორსაა ქართველი და უცხოელი დიდი ჰუმანისტების შეხედულებებისგან და ხშირად უპირისპირდება კიდეც მას. რა მოხდა, რომ ნორმალურ ამერიკელებს რცხვენიათ ასეთი პრეზიდენტი რომ ჰყავთ და ეძახიან ჯერკ-ს (არარაობა, გარეწარი), რა მოხდა თუ ამერიკაში მისი იდიოტური ინგლისურით შესრულებული და უბრალოდ იდიოტური გამონათქვამებისგან შედგენილი მრავალტომეულები გამოდის, რა მოხდა, თუ მას მთელი ევროპა და მსოფლიო დასცინის, თუ ინტერნეტში სიტყვა იდიოტიზმის აკრეფისას პირველ რიგში ჯორჯ ბუშის სისულელეებისადმი მიძღვნილი საიტები ამოდის... რა მოხდა, მთავარია, რომ ჩვენ გვჭირდება, მთავარი ხომ მატერიაა... ქუჩისთვის ცოცხალი პოლიტიკოსის სახელის დარქმევა იმხელა სიველურეა, რომ სტალინის შემდეგ კომუნისტებიც კი ძალზე იშვიათად კადრულობდნენ, ამიტომ შეიძლება ბუშის გული კი მოვიგეთ, მაგრამ ყველა იმ უცხოელის თვალში, რომელიც ამ გზაზე გამოივლის, ველურები გავხდით. თუმცა ისიც საეჭვოა, რომ ამ `ისტორიული~ აქტით ბუშის გული მოგვეგო. ცნობილია, რომ ამერიკელები უკიდურესი პრაგმატულობით გამოირჩევიან და ასეთ ფამილიარულ-სენტიმენტალურ გამოხდომებს, როგორც წესი, (უკეთეს შემთხვევაში ჩუმი) ცინიზმით ხვდებიან. მოჭარბებული მგრძნობიარობა მათ ნაკლებად ახასიათებთ, მითუმეტეს სერიოზული გადაწყვეტილების მიღების დროს. ერთხელ, როცა პირველ კოლონიზატორებს გვალვა შიმშილით დახოცვით დაემუქრა, ჯერ კიდევ თავისუფალმა ინდიელებმა მათ საჩუქრად ინდაურები და სხვა სანოვაგე მიართვეს. გადარჩენილმა თეთრკანიანებმა ძღვენი მიიღეს და მადლიერების ნიშნად დღესასწაულიც მოიგონეს _ `მადლიერების დღე~. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, მასიურად ამოეჟლიტათ ინდიელები, აქა-იქ გადარჩენილები კი რეზერვუაციებში შეერეკათ. რაც შეეხება `მადლიერების დღეს~, ამ დღესასწაულზე ისინი დღესაც კმაყოფილები და ბედნიერები ერთმანეთს ინდაურებს ჩუქნიან. ასეთი ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ მგონი უამისოდაც დღესავით ნათელია, რომ ბუშის ქუჩის არსებობა საქართველოს ბედზე არანაირად არ იმოქმედებს. სხვა სიტყვები რომ ვთქვათ, იდიოტობა ჩავიდინეთ. სასაცილო იდიოტობა და სიველურე. მესმის, რომ `ახლა საჭიროა~, მაგრამ კარგით, რა ყველაფერს საზღვარი აქვს. ასე თუ გაგრძელდა, ხვალ შეიძლება ამერიკის პრეზიდენტი არნოლდ შვარცნეიგერი გახდეს, საქმეს კი ისე დასჭირდეს, რომ თავისუფლების მოედანს შვარცნეიგერის მოედანი დავარქვათ. სასაცილოა არა? ჩემი აზრით, ბუშის ქუჩაზე უფრო სასაცილო სულაც არ არის. სხვა რომ არაფერი, `ბუშის ქუჩა~ ქართულად ცოტა არ იყოს უხერხულად ჟღერს. კოკასა შიგან რაცა დგას II BUშHIშMშ – VOLUMEშ I, II, III, IV,V... ანუ მსოფლიოს საჭეთმპყრობელის იდიოტიზმ-შედევრები აქ მოყვანილი იდიოტიზმები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც შეგიძლიათ ნახოთ ამერიკისა და ევროპის წიგნის მაღაზიებში ან ინტერნეტში (შეგიძლიათ აკრიფოთ BUშHIშMშ ან შთUPID+BUშH ან BUშH+IDIOჩYან თვითონ მოიფიქროთ, რა აკრიფოთ) ეჭვი რომ არ შეგეპაროთ, რომ ეს ყველაფერი მართალია, ზოგიერთ საიტზე თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ აუდიო ჩანაწერებს და უყუროთ ვიდეო მასალას. აღსანიშნავია, რომ დიდი მბრძანებელი საუბრისას უშვებს ყველა სახის შეცდომას, რაც კი შეიძლება ადამიანმა დაუშვას. მის მეტყველებაში გვხვდება სიტყვები, რომლებიც ინგლისურ ენაში არ მოიპოვება, მაგრამ ეს მწერლური გამომგონებლობა კი არ გახლავთ, არამედ უბრალოდ სისულელე, რაც აზრს ზოგჯერ გაუგებარს, ზოგჯერ კი აბსურდულს და სასაცილოს ხდის. კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ რა საჭიროა... მოკლედ, ისიამოვნეთ! საუკეთესო ბუშიზმების ათეული დანიელ კურცმანისგან 10) `ოჯახებია ის, სადაც ჩვენი ერი პოულობს იმედს, სადაც ფრთები იღებს ოცნებას~ _ ლა კროსი, 18 ოქტ. 2000; 9) `მე ვიცი, რა ძნელია თქვენთვის, საჭმელი დადოთ თქვენს ოჯახებზე~ (შეიძლება ასეც ითარგმნოს: `საჭმელი ჩააცვათ თქვენს ოჯახებს~) _ გრეითერ ნაშუა, 27 იან. 2000; 8) `მე გავიგე, რომ ჭორები დადის ინტერნეტებში, რომ ჩვენ ჯარისკაცების გაწვევას ვაპირებთ~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, მეორე საპრეზიდენტო დებატები, სენტ ლუისი, 8 ოქს. 2004; 7) მე ვიცი, რომ ადამიანს და თევზს შეუძლიათ მშვიდობიანი თანაცხოვრება~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, საგინო, 29 სექტ. 2000; 6) `სამ სამსახურში მუშაობთ? ... გამორჩეულად ამერიკულია, არა? იმის თქმა მინდოდა, რომ... რა ფანტასტიურია, ამას რომ აკეთებთ~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ქმართან გაყრილ სამი შვილის დედას, ომაჰა, 4 თებ. 2005; 5) `ძალიან ბევრი კარგი ექიმი ბიზნესის გარეთ რჩება. ძალიან ბევრს... შესაძლებლობა არა აქვს, სიყვარულით იყოს დაკავებული ქალთან მთელი ქვეყნის მასშტაბით~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, პოლპარ ბლაფი, 6 სექტ. 2004; 4) `მათ მე ვერ გამიგაფასეს~ (მისუნდერესტიმატედ) _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ბენტონვილი, 6 ნოემბ. 2000; 3) `იშვიათად ისმება შეკითხვა: თქვენი ბავშვები სწავლობენ?~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ფლორანსი, 11 იან. 2000; 2) `ჩვენი მტრები ნოვატორები და გონებამახვილები არიან. ჩვენც ასევე. ისინი არასოდეს წყვეტენ ფიქრს იმაზე, თუ რა ახალი გზა გამონახონ, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს რომ ავნონ. ჩვენც ასევე~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ვაშინგტონი, 5 აგვ. 2004; 1) ტენისიში ერთი ძველი ანდაზაა _ მე ვიცი, რომ ეს ტეხასშია, შეიძლება ტენისიში _ ეს ანდაზა ამბობს, გამაცურე ერთხელ, სირცხვილი _ სირცხვილი შენ. გამაცურე _ შენ უკვე ვეღარ გაგაცურებენ~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ნეშვილი, 17 სექტ. 2002; `ადამიანის ხელი უფრო ძლიერია, როცა მასთან ერთად ბევრი ხალხი თამაშობს იგივე კარტს~. _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ვაშინგტონი, 11 ოქტ. 2006; `მე არ გამოვალ ერაყიდან, თუნდაც მხარს მარტო ლაურა და ბარნი მიჭერდნენ~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, რესპუბლიკელებთან ერაყის შესახებ საუბრისას; `მინდა მადლობა გითხრათ ჩვენი დისკუსიის სტრატეგირებისათვის~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, მალაიიზიის პრემიერ-მინისტრს, ნიუ-იორკი, 18 სექტ, 2006; `იცით, ჩემის სამუშაოს ყველაზე ძნელი ნაწილი ტერორიზმის წინააღმდეგ ომთან ერაყის დაკავშირებაა~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ინტერვიუ სი-ბი-ეს ნიუსთან, 6 სექტ. 2006; `მე ვთქვი, წიგნს ვეძებდი-მეთქი წასაკითხად, ლაურამ მითხრა, ქამუსი სცადეო. კიდევ სამი შექსპირი წავიკითხე... მე ე-კა-ლეკ-ტი-კური წიგნების სია მაქვს.~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ინტერვიუ ენბისი-სთან, ნიუ-ორლეანი, 29 აგვ. 2006. `ამერიკის შეერთებული შტატები ჩართულია ომში ხალხების ექსტრემისტული ჯგუფის წინააღმდეგ.~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, 15 აგვ. 2006; ირონია იმისა, რისი გაკეთებაც მათ სჭირდებათ, არის ის, რომ აიძულონ სირია, აიძულოს ჰეზბოლა, შეწყვიტოს ამ მძღ..რის კეთება, ესაა და ეს.~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, პირის ხმამაღალი წკლაპუნით, დიდი რვიანის სამიტზე ტონი ბლერთან სადილზე ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე საუბრისას, პეტერბურგი, 17 ივლ. 2006; `ჩვენ არ შეგვეშინდება მსოფლიოსი, რომელიც უფრო ურთიერთმოქმედებადია~ (ინტერაცტედ) _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ვაშინგტონი, 27 ივნ. 2006; პრეზიდენტი ბუში: პიტერ, გინდა ეგ მზის სათვალე გეკეთოს და ისე დამისვა შეკითხვა? პიტერ უოლსტენი ლოს ანჯელეს თაიმსიდან: შემიძლია მოვიხსნა. ბუში: სათვალის შესახედაობამ დამაინტერესა. სერიოზულად. უოლსტენი: კარგი, მაშინ არ მოვიხსნი. ბუში: მაყურებლისთვის ასე აჯობებს. მზე არ არის. უოლსტენი: გააჩნია, საით იყურები. ბუში: მოაშორე. _ დიალოგი ბრმა ჟურნალისტთან, პიტერ უოლსტენთან, რომელსაც ბუშმა მოგვიანებით ბოდიში მოუხადა, ვაშინგტონი, 14 ივლ. 2006; `მე ვეუბნები ხალხს, მოდით ნუ შეგვეშინდება მომავლის, ჩამოვაყალიბოთ იგი~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ომაჰა, 7 ივნ. 2006; `მე ვიტყოდი, ყველაზე კარგი მომენტი ის იყო, ჩემს ტბაში 7.5 ფუნტის პირსიდიდე (ლარგემოუტჰ, ასეთი სიტყვა ინგლისურ ენაში არ არსებობს, მთარგმ.) ქორჭილა რომ დავიჭირე~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ინტერვიუ ბილდ ამ ზონტაგთან, 7 მაისი, 2006; `არასოდეს იცი, როგორი იქნება შენი ისტორია, სანამ ამ ქვეყნიდან უკვე დიდი ხნის ხნის წასული არ იქნები~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ვაშინგტონი, 5 მაისი, 2006; `მე არ მესიამოვნა, რომ ჰამასმა უარი თქვა, გამოეცხადებინა, რომ ისრაელის დაბომბვა სურდა~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ვაშინგტონი, 4 მაისი, 2006; `ჩემი მიზანია კონკურენტუნარიანი ერი გავხდე~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, სან ხოსე, 21 აპრ. 2006; `მე ვარ გადამწყვეტი და მე გადავწყვეტ, რა არის უკეთესი. და რაც არის უკეთესი დონ რამსფელდისთვის, არის ის, რომ თავდაცვის მინისტრად დარჩეს~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ვაშინგტონი, 18 აპრ. 2006; `კითხვა არ უნდა, რომ მტერმა სექტანტური ძალადობის განხორციელება სცადა. ამისათვის მათ იარაღად ძალადობა გამოიყენეს~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ვაშინგტონი, 22 მარტი, 2006; `ირანელებს რომ ატომური იარაღი ჰქონოდათ, შეეძლოთ გამრავლებულიყვნენ~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ვაშინგტონი, 21 მარტი, 2006; `დაბომბვის შემდეგ ერაყელთა უმეტესობამ დაინახა, რის გაკეთებას ცდილობდნენ მისი (დაბომბვის, მთარგმ.) უკვდავმყოფები~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ერაყში სამარრას ოქროს მეჩეთის დაბომბვის შესახებ, ვაშინგტონი, 13 მარტი, 2006; `მე მომწონს ჩემი ძმაბიჭები დასავლეთ ტეხასიდან. მე მომწონდნენ ისინი, როცა ახალგაზრდა ვიყავი, მომწონდნენ, როცა საშუალო ასაკის ვიყავი, მომწონდნენ, სანამ პრეზიდენტი გავხდებოდი, მომწონს პრეზიდენტობის განმავლობაში და მომწონს პრეზიდენტობის შემდეგ~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ნეშვილი, 1 თებ. 2006; `მითია იმის ფიქრი, რომ მე არ ვიცი, რა ხდება. მითია იმის ფიქრი, რომ მე შეგნებული არ მაქვს, რომ არსებობს შეხედულებები, რომლებიც ჩემსას არ ეთანხმება, იმიტომ რომ მე ეს სრულიად შეგნებული მაქვს~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ფილადელფია, 12 დეკ. 2005; `ჩვენ გვინდა თქვენი ხედვა მოვისმინოთ, ასე მეტად უკეთესად გავაკეთებთ თქვენს საქმეს. აი, რას გეუბნებით~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, გალფპორტი, 20 სექტ. 2005; `ასე რომ გთხოვთ მიეცით ქეში ფული იმ ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ არიან ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში _ გადაარჩინეთ სიცოცხლე, ვინც ქარიშხალმა კატრინამ განგმირა~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ვაშინგტონი, 6 სექტ. 2005; `ამ რამოდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკელები თავშეკავებულები უნდა იყვნენ ენერგიის გამოყენებაში. არ იყიდოთ გაზი, თუ არ გჭირდებათ~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ვაშინგტონი, 1 სექტ. 2005; `სრულიად მიწასთანაა გასწორებული. ...დამანგრეველია. მიწაზე ორმაგად დამანგრეველი იქნება~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, თვითმფრინავიდან ქარიშხალ კატრინას ნახვისას, 31 აგვ. 2005; `იცით, ჩემი სამუშაოს მიმართულებაში ათასჯერ და ათასჯერ გიწევს რაღაცეების გამეორება, რომ ჭეშმარიტება დაიყვანო, რაღაც პროპაგანდის კატაპულტირების მსგავსი~ (ვერ გაიგეთ? _ ვერც მე, მთარგმ.) _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, 24 მაისი, 2005; `მე შემიძლია მხოლოდ ჩემს თავს ველაპარაკო~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ვაშინგტონი, 28 აპრ. 2005; `მაგრამ ერაყს ყავს ხალხი რომლებსაც სურთ მოკლან, და ისინი რეალისტური მკვლელები არიან. და ჩვენ ვიმუშავებთ ერაყელებთან ერთად, რამ უზრუნველვყოთ მათი მომავალი~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ვაშინგტონი, 28 აპრ. 2005; `მე პატივს ვცემ ჩემს სიყვარულს ლაურას მიმართ~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, ვაშინგტონი, 20 აპრ. 2005; `ჩვენ განვიხილეთ გზა ერაყისკენ, განვიხილეთ დემოკრატიის მნიშვნელობა ახლო აღმოსავლეთში იმ მიზნით, რომ უკან დავტოვოთ მშვიდობიანი ხვალინდელი დღე~ _ ჯორჯ დაბლიუ ბუში, თბილისი, საქართველო, 10 მაისი, 2005. ერაყში ძალადობის შესახებ, პ.ს. მართალი გითხრათ, სანამ `ბუშიზმების~ თარგმნას შევუდგებოდი, მე თვითონ არ მეგონა, ასე სავალალოდ თუ იყო ამ კაცის საქმე. ახლა კი, თარგმანს რომ მოვრჩი, ვზივარ და ვფიქრობ _ მდაა. ვის ხელში ყოფილა საწყალი დედამიწა!... politicalhumor.guide@about.com. Suggested Reading Bushisms: Full CollectionBushisms QuizBushism Videos More Bush Humor Bush Humor: Main IndexBush Cartoons & Funny PicturesBush Videos More Bushisms • Bushisms from 2006 • Bushisms from 2005 • Bushisms from 2004 • Bushisms from 2003 • Bushisms from 2002 • Bushisms from 2001 • Bushisms from 2000   More Bush Humor • Bush Humor: Main Index • Bushisms Quiz • Top 50 Bushisms • Bushism Audio Gallery • Bushism Videos • Funny Bush Pictures • Bush Loyalty Quiz • Bush Games • Bush Videos • Bush Late-Night Jokes • Bush Joke Archive  

Monday, February 23, 2009

Saturday, February 21, 2009

ღრიალა

რეი ბრედბერი 

(გამოქვეყნდა ჟურნალ "ანაბეჭდში")

ხმელეთიდან შორს, ცივ ტალღებში, ჩვენ ყოველ საღამოს ველოდით ნისლის მოსვლას. ისიც მოცოცდებოდა და ჩვენ _ მაკდანი და მე _ თითბერის საკისრებს ვზეთავდით და მაღლა, ქვის სვეტის თავზე შუქურას ვანთებდით. წითელი სხივი... თეთრი... ისევ წითელი ნისლში ჩაკარგულ გემებს დაეძებდა. სხივი რომც ვერ დაინახონ, ხმაც გვაქვს _ ჩვენი ღრიალას მძლავრი, ბოხი ხმა; ეს მაღალი, მქუხარე ხმა მიარღვევდა ნისლის ნაფლეთებსა და შეშინებული თოლიები აქეთ-იქით აწყდებოდნენ გაგორებული კამათლებივით, შეყელყელავებული, ქაფიანი ტალღები კი სისინებდნენ. 
_ აქ მარტოობაა, მაგრამ იმედი მაქვს, უკვე შეეჩვიე? _ მკითხა მაკდანმა. 
_ ჰო, _ მივუგე. _ მადლობა ღმერთს, ამბების მოყოლის ოსტატი მყავხარ.  
_ ხვალ შენი ჯერია დიდ მიწაზე გასეირნების, _ გაიღიმა მან. _ გოგოებს ეცეკვები, ჯინს დალევ.  
_ მითხარი, მაკდან, რაზე ფიქრობ ხოლმე, აქ მარტო რომ რჩები? _ ზღვის საიდუმლოებებზე, _ მაკდანმა ყალიონი გააჩაღა. რვის თხუთმეტი წუთია. ნოემბრის ცივი საღამოა, გათბობა ჩართულია, შუქურა ყველა მხარეს ისვრის სხივებს, კოშკის მაღალი ხორხიდან ღრიალა ღრიალებს. ნაპირზე ასი მილის მანძილზე არც ერთი დასახლება არ არის, მხოლოდ გზა, იშვიათად შემხვედრი მანქანებით, გზა, მარტო რომ მიემართება ზღვისკენ, უკაცრიელ მხარეში, შემდეგ ორი მილი ცივ წყალზე, ჩვენს კლდემდე და ათასში ერთხელ თუ გამოჩნდება შორეული ხომალდი. _ ზღვის საიდუმლოებები, _ მაკდანი ჩაფიქრდა. _ თუ იცი, რომ ოკეანე უზარმაზარი ფიფქია _ ყველაზე დიდი ფიფქი ამ ქვეყნის ზურგზე? მუდამ მოძრაობს, ათასი ფერი და ფორმა აქვს და არასოდეს მეორდება. საოცარია! ერთხელ, ღამით, უამრავი წლის წინ, აქ მარტო ვიჯექი. ამ დროს წყლის სიღრმიდან თევზები ამოვიდნენ, ზღვის ყველა თევზი. რაღაცამ მოიყვანა ისინი აქ, ჩვენს ყურეში. აქ დადგნენ, მთრთოლვარენი და მოლივლივენი და შუქურას აჰყურებდნენ, წითელი _ თეთრი _ წითელი _ თეთრი სხივი კრთოდა მათ თავზე და ვხედავდი უცნაურ თვალებს. გამაცია. ზღვაში თითქოს ფარშევანგის კუდი დაცურავდა. ეს შუაღამემდე გაგრძელდა. და უცებ _ სულ უხმოდ _ გაქრნენ, მილიონობით თევზი წამში სადღაც ჩაიკარგა. არ ვიცი, იქნებ სალოცავად მოცურდნენ აქ? საკვირველია! აბა წარმოიდგინე, როგორი ჩანდა კოშკი მათ თვალში: სამოცდაათი ფუტის სიმაღლეზე აღმართულა, ღვთაებრივი ცეცხლით ბრწყინავს და გოლიათის ხმით ღაღადებს. ისინი აღარ დაბრუნებულან, მაგრამ განა არ შეიძლებოდა, მოსჩვენებოდათ, რომ რომელიღაც თევზური ღვთაების წინაშე წარსდგნენ? გამაჟრჟოლა. არაფერში და არსად გაშლილ, ზღვის გრძელ, ნაცრისფერ გაზონს გავცქეროდი. _ ჰო, ჰო, რა აღარ არის ზღვაში... _ მაკდანი მღელვარედ ქაჩავდა ყალიონს და თვალებს ხშირ-ხშირად ახამხამებდა. მთელი ეს დღე მას რაღაცა აშფოთებდა, მაგრამ არ ამბობდა რა _ მართალია ჩვენ ყველანაირი მექანიზმი და ეგრედწოდებული სუბმარინები გვაქვს, მაგრამ კიდევ ათი ათასი საუკუნე გაივლის, სანამ წყალქვეშა სამეფოს მიწაზე ფეხს დავადგამთ, ჩაძირულ სამყაროში ჩავალთ და ნამდვილ შიშს შევიგრძნობთ. წარმოგიდგენია? _ იქ, ქვემოთ, ჯერ კიდევ 300 000 წელია ჩვენს ერამდე! ჩვენ აქ ვყაყანებთ, ერთმანეთს მიწებს ვგლეჯთ, თავებს ვაწყვეტთ, ისინი კი ცივ უფსკრულში ცხოვრობენ, წყლის ქვეშ, თორმეტი მილის სიღრმეზე, კომეტის კუდივით უძველეს დროში. _ მართალია, იქ ძველი დროა. _ წამო. რაღაც უნდა გითხრა. სწორედ ახლაა დრო. ორმოცი საფეხური ავიარეთ ლაპარაკ-ლაპარაკით, აუჩქარებლად. სქელ შუშებს რომ არ აერეკლა, ზემოთ მაკდანმა შიდა განათება გამორთო. შუქურას უზარმაზარი თვალი დაზეთილ ღერძზე მსუბუქად ბრუნავდა და ზუზუნებდა. და დაუღალავად, ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ, ღრიალებდა ღრიალა.  
_ მართლა მხეცივით არ ღრიალებს? _ მაკდანმა კვერი დაუკრა საკუთარ ფიქრებს. _ დიდი მარტოხელა მხეცი ყმუის ღამეში. ათობით მილიარდი წლის ზღურბლზე ზის და უფსკრულს ჩაღრიალებს: `აქა ვარ, აქა ვარ, აქა ვარ...~ და უფსკრულიც პასუხობს _ ჰო, ჰო, პასუხობს! უკვე სამი თვეა, რაც აქ ხარ, ჯონი, შენი მომზადების დრო დადგა. იცი რა, _ მაკდანი ნისლსა და წყვდიადს ჩააშტერდა, _ ამ დროს შუქურასთან სტუმარი მოდის. _ თევზების გუნდი, შენ რომ ამბობდი? _ არა, თევზები არა, რაღაც სხვა. იმიტომ არ გიყვებოდი, რომ მეშინოდა _ გიჟად ჩამთვლიდი, მაგრამ მეტის მოცდა აღარ შეიძლება. თუ შარშან კალენდარში სწორად მოვნიშნე, ის დღეს გამოჩნდება. მეტს არაფერს გეტყვი, თითონ ნახავ. აი, აქ იჯექი. თუ გინდა, დილით შენი ხარახურა ჩაალაგე, კატერზე დაჯექი, დიდ მიწაზე გადადი, ნავმისადგომთან, კონცხზე შენს მანქანაში ჩაჯექი, რომელიმე ქალაქში წადი, და ღამ-ღამობით შუქი აანთე ხოლმე. _ არაფერს გკითხავ და არც გაგკიცხავ. უკვე მესამე წელია, რაც ეს მეორდება და პირველად ხდება, რომ მარტო არა ვარ _ ვინმე მაინც დამემოწმება. ახლა კი იჯექი და უყურე. ნახევარი საათი გავიდა . ჩვენ კანტი-კუნტად თუ მივუგდებდით ერთმანეთს რამოდენიმე სიტყვას, შემდეგ ლოდინმა დაგვღალა და მაკდანი თავისი მოსაზრებების გაზიარებას შეუდგა. ღრიალას შესახებ მთელი თეორია ქონდა ჩამოყალიბებული. _ ერთხელ, უამრავი წლის წინ, ცივ, მოქუხრულ ნაპირზე კაცი მოვიდა. გაჩერდა, ოკეანის გუგუნს ყური მიუგდო და თქვა: `ჩვენ გვჭირდება ხმა, რომელიც ზღვას გადააყვირებს და გემებს გააფრთხილებს; მე შევქმნი ასეთ ხმას. მე შევქმნი ხმას, ყველა უკუნისა და ჯანღის მსგავსს, რაც კი ოდესმე ყოფილა; ის იქნება ვით ცარიელი ლოგინი შენს გვერდით მთელი ღამე, ვით უკაცრიელი სახლის კარის შეღება, ვით შემოდგომის ტიტველი ხეები. ხმა, მსგავსი ფრინველებისა, ყვირილით რომ მიფრინავენ სამხრეთისკენ, მსგავსი ნოემბრის ქარისა და ზვირთცემისა მოქუფრულ, პირქუშ ნაპირებთან. მე შევქმნი ხმას, ისეთ მარტოსულს, რომ შეუძლებელი იყოს, არ გესმოდეს და ყველა ვინ მას გაიგონებს, აქვითინდება გულში, ადამიანებს კერიები უფრო თბილად მოეჩვენებათ. და შორეულ ქალაქებში იტყვიან: `კარგია რომ სახლში ვართ~. მე შევქმნი ხმას და მექანიზმს, და უწოდებენ მას ღრიალას, და ყველა, ვინც მას გაიგონებს, შეიცნობს მარადისობის სევდას და სიცოცხლის სიმოკლეს~. ღრიალამ დაიღრიალა. _ მე მოვიგონე ეს ისტორია, _ ჩუმად თქვა მაკდანმა, _ რომ ამეხსნა, რატომ მოცურავს ის ყოველ წელს შუქურასთან. ასე მგონია, მის ძახილზე მოდის...  
_ მაგრამ... _ დავიწყე მე. 
_ ჩშშშ! _ გამაწყვეტინა მაკდანმა _ შეხედე! და თავი გაშლილი ზღვისკენ გაიქნია. რაღაც მოცურავდა შუქურასკენ. ღამე, როგორც უკვე გითხარით, ცივი იყო, მაღალ კოშკში ციოდა, სინათლე აელვარდებოდა და ქვრებოდა და ღრიალაც ღრიალებდა შეუჩერებლად _ მისი ღრიალი სერავდა ბოლქვებად მორიალე ნისლებს. ცუდად და ისიც მხოლოდ მცირე მანძილზე თუ დაინახავდი რამეს, მაგრამ ასე იყო თუ ისე _ აი ზღვა _ ზღვა, ღამეულ მიწაზე მოსრიალე, გლუვი, მშვიდი, ნაცრისფერი ლამის ფერი; აი, ჩვენ ორნი, მარტო მსხდომნი მაღალ კოშკში, იქ კი, შორს, ჯერ პატარა ნაოჭები, შემდეგ კი ტალღა, ბორცვი, დიდი ბუშტულა, ცოტა ქაფი. და უცებ ცივ, წყნარ ზედაპირზე _ თავი _ დიდი, ბნელი თავი, უზარმაზარი თვალებით, და _ კისერი. შემდეგ კი... არა, ტანი არა _ კვლავ კისერი, და კიდევ, და კიდევ! წყლიდან ორმოც ფუტზე აღიმართა ლამაზ, თხელ კისერს გამობმული თავი. და მხოლოდ ამის შემდეგ წყლის სიღრმიდან ამოიზიდა ტანი. გეგონებოდა მარჯნის, მიდიებისა და კიბორჩხალების შავი კუნძულიაო. მოქნილმა კუდმა გაიელვა. ტანის სიგრძე, თავიდან კუდის ბოლომდე, როგორც მგონია, ოთხმოცდაათი _ ასი ფუტი უნდა ყოფილიყო. არ მახსოვს, რა ვთქვი, თუმცა რაღაც კი ვთქვი. 
_ მშვიდად, ძმობილო, მშვიდად, _ ჩაიჩურჩულა მაკდანმა.
_ ეს შეუძლებელია! _ აღმომხდა მე. _ ცდები, ჯონი, ეს ჩვენ ვართ შეუძლებელნი. იგი ისეთივეა, როგორიც ათი მილიონი წლის წინ იყო. ის არ შეცვლილა. ეს ჩვენ და მთელი ეს არემარე შევიცვალეთ, შეუძლებელნი გავხდით. ჩვენ! იქ, შორს, ყინულოვან წყალში ნება-ნება მოცურავდა დიდებულებით აღსავსე ის. დაფლეთილი ნისლი დაფრინავდა წყლის თავზე და წამით მისი ტანის მოხაზულობას შლიდა. ურჩხულის თვალი იჭერდა, აკავებდა და ირეკლავდა ჩვენს მძლავრ სხივს, _ წითელი-თეთრი, წითელი-თეთრი. გეგონებოდა მაღლა აწეული, მრგვალი დისკო ძველთუძველესი შიფრით ამბავს გადასცემსო. ურჩხული ისეთივე მდუმარე იყო, როგორიც ნისლი, რომელშიც მოცურავდა. 
_ ეს რაღაც დინოზავრია! _ მე ჩავჯექი და მოაჯირს ჩავებღაუჭე. 
_ ჰო, მათი ჯიშისაა.  
_ კი მაგრამ, ისინი ხომ გადაშენდნენ! 
_ არა, უბრალოდ ჯურღმულებში ჩავიდნენ. ძალიან, ძალიან ღრმად, სიღრმეთა სიღრმეში, უფსკრულში. ისე მართლაც რა გამომსახველი სიტყვაა არა, ჯონი _ უფსკრული. მასშია ამა ქვეყნის მთელი სუსხი, მთელი წყვდიადი და მთელი სიღრმე.  
_ რა უნდა ვქნათ?  
_ ვქნათ? ჩვენ სამუშაოზე ვართ. წასვლა არ შეიძლება. თანაც, აქ უფრო უსაფრთხოდა ვართ, ვიდრე ნავში. როდის ჩვენ ნაპირამდე მივაღწევთ, მხეცი კი ნაღმოსნის სიგრძისაა და ლამის მასსავით სწრაფად დაცურავს.  
_ კი მაგრამ მაინცდამაინც აქ რატომ მოდის? მეორე წამსვე მე პასუხი მივიღე. ღრიალამ დაიღრიალა და ურჩხულმა უპასუხა. ამ ყვირილში იყო მილიონობით წელი წყლისა და ნისლისა. მასში იმდენი ტკივილი და მარტოობა იყო, რომ ძრწოლამ ამიტანა. ურჩხული კოშკს უყვიროდა. ღრიალა ღრიალებდა. ურჩხულმა ისევ დაიყვირა. ღრიალამ დაიღრიალა. ურჩხულმა უზარმაზარი, კბილებით სავსე ხახა დააღო და იქიდან ზუსტად ის ხმა ამოუშვა, ღრიალა რომ გამოსცემდა. მარტოხელა, მძლავრი შორი-შორეული. ხმა გამოუსავლობის, განუჭვრეტელი უკუნეთის, ცივი ღამის, განწირულობის. აი როგორი იყო ეს ხმა. 
_ ჰა, _ წაიჩურჩულა მაკდანმა _ ახლა მიხვდი, რატომ მოდის იგი აქ? თავი დავუქნიე. _მთელი წელი, ჯონი, მთელი წელი, უბედური ურჩხული ჯურღმულში, ნაპირიდან ათასობით კიომეტრში, თორმეტი მილის სიღრმეში წევს და ელოდება. ის შეიძლება მილიონი წლისაა _ ეს მარტოხელა მხეცი. შენ უბრალოდ წარმოიდგინე: იცადო მილიონი წელი. შენ შეძლებდი? შეიძლება ის თავისი ჯიშის უკანასკნელი ნაშიერია. რატომღაც მე ასე მგონია. და აი, ხუთი წლის წინ აქ ადამიანები მოვიდნენ და ეს შუქურა ააგეს. თავიანთი ღრიალა დააყენეს და ისიც ღრიალებს, ღრიალებს უფსკრულის თავზე, სადაც, წარმოიდგინე, შენ ჩახვედი, რომ დაგეძინა და დაგსიზმრებოდა სიზმრები იმ სამყაროზე, სადაც ათასობით შენნაირი ბინადრობდა, ახლა კი მარტო ხარ, სულ მარტო სამყაროში, რომელიც შენთვის არაა, რომელშიც უნდა დაიმალო. ღრიალას ხმა კი ხან გეძახის, ხან ჩუმდება, ხან გეძახის, ხან ჩუმდება და შენ გეღვიძება ჯუღმულის შლამიან ფსკერზე, თვალებს ისე აღებ, თითქოს უზარმაზარი ფოტოაპარატის ლინზები იყოს და ამოდიხარ ნელა, ნელა _ იმიტომ, რომ შენს მხრებს ოკეანის ტვირთი აწევს _ უზარმაზარი სიმძიმე. მაგრამ ღრიალას ძახილი, სუსტი და ასე ნაცნობი, ათას მილს გადის, წყლის სისქეში აღწევს, საცეცხლურები შენს ფაშვში ორთქლით გაწვება და შენ მიცურავ მაღლა, მიცურავ ნელა-ნელა. ვირთევზასა და მერლანის ჯოგებს, მედუზების ურდოებს ნთქავ და მიიწევ მაღლა, სულ მაღლა. მიიწევ მთელი შემოდგომა, თვიდან თვემდე, სექტემბერში, როცა ნისლები იწყება, ოქტომბერში, როცა ნისლი კიდევ უფრო სქელდება და ღრიალა სულ გაიძახის; ნოემბრის ბოლოსაც, იმის შემდეგ, რაც დღითიდღე წნევას ეჩვეოდი, საათში რამდენიმე ფუტით მაღლა იწევ და ზედაპირზე ამოდიხარ _ შენ ცოცხალი ხარ. შენდაუნებურად ნელა ამოყვინთავ. ერთბაშად რომ ამოხვიდე, წნევა გაგგლიჯავს. ამიტომ მიგდის სამი თვე იმაზე, რომ ამოცურო და ამდენივე დღის სავალი ცივ წყალში გაშორებს შუქურას. და აი, როგორც იქნა, აქ ხარ _ აი იქ, ღამეში, ჯონი, _ ყველაზე დიდი ურჩხული, რაც კი დედამიწას უნახავს. და აი, შუქურაც, შენ რომ გეძახის. შენნაირი გრძელი კისერი ამოჩრდილა წყლიდან და თითქოს შენნაირივე ტანიც, მაგრამ რაც მთავარია, შენნაირი ხმა. გესმის, ჯონი, ახლა გესმის? ღრიალა აღრიალდა. ურჩხული გამოეპასუხა. მე ყველაფერს ვხედავდი, ყველაფერი მესმოდა: მილიონობით წელი სიმარტოვისა და ლოდინის _ როდისღა, როდის დაბრუნდება ის, ვისაც არაფრით არ უნდა დაბრუნება? მარტოობის მილიონობით წელი. ზღვის ფსკერზე, საუკუნეთა ჭკუაზე შემშლელი რიცხვი ჯურღმულში, ცა გაიწმინდა მფრინავი ხვლიკებისგან, მატერიკზე ტბები ამოშრა, ლემურებმა და მახვილკბილა ვეფხვებმა თავიანთი დრო მოჭამეს და ასფალტის გუბეებში ჩაიხრჩვნენ. გარეუბნებში კი ადამიანები თეთრი ხოჭოებივით აფუსფუსდნენ. ღრიალას ღრიალი.  
_ გასულ წელს, _ ლაპარაკობდა მაკდანი, _ ამ არსებამ მთელი წელი ცურვაში გაატარა, წრეს წრეზე არტყამდა, დაუსრულებლად. ახლოს არ მოდიოდა _ საგონებელში იყო ალბათ. შეიძლება ეშინოდა. და წყინდა: ხუმრობა ხომ არ არის, ამდენი გაცურო! დილით კი მოულოდნელად ნისლი გაიფანტა და კაშკაშა მზე გამოვიდა. ცა ისეთი ლურჯი იყო, ნახატი გეგონებოდა. და ურჩხული გაშორდა აქაურობას _ სითბოს და სიჩუმეს. გაცურა და აღარ დაბრუნებულა. ასე მგონია, მთელი ეს წელი სულ ფიქრობდა, ფიქრობდა საწყალი... ურჩხული ჩვენგან სულ რაღაც ასი იარდის სიშორეზე იყო. ის ყვიროდა. ყვიროდა ღრიალაც. როცა სხივი მხეცის თვალს ეხებოდა, გამოდიოდა: ცეცხლი _ ყინული, ცეცხლი _ ყინული. _ აი რა არის ცხოვრება, _ თქვა მაკდანმა, _ მუდამ ერთი და იგივეა. ერთი მეორეს ელის, ის კი არადა არ ჩანს. ვიღაცას ყოველთვის უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ის უყვართ. და დგება წამი, როცა გინდა მოსპო ის, რაც გიყვარს. რომ მეტად აღარ დაგტანჯოს. ურჩხული შუქურაზე წამოვიდა. ღრიალა ღრიალებდა.  
_ ვნახოთ, რა იქნება ახლა, _ თქვა მაკდანმა. და ღრიალა გამორთო. სიჩუმე ჩამოდგა _ ისეთი ღრმა. რომ შუშის გალიაში გვესმოდა, როგორ გვიცემდა გულები, გვესმოდა ნათურის ნელი, სრიალა ბრუნვა. ურჩხული გაჩერდა, გაშტერდა. ვეება, პროჟექტორივით თვალები დაახამხამა. ხახა დააღო და გეგონებოდა ვულკანიაო, ბუზღუნი ამოუშვა. თავი ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს მიატრიალა, თითქოს ნისლში გამქრას ხმას ეძებსო. შუქურას შეხედა. ისევ აბუზღუნდა. უცებ გუგები აუბრიალდა, აიყალყა, წყალი აადგაფუნა და კოშკს დაეძგერა. უზარმაზარ თვალებში გააფთრება და ტანჯვა აღბეჭდოდა.  
_ მაკდან! _ წამოვიყვირე მე, _ ჩართე ღრიალა! მაკდანი ჩამრთველს სწვდა. ზუსტად იმ წამს, როცა მან ის ჩართო, ურჩხული კვლავ ყალყზე შედგა. მძლავრმა თათებმა გაიელვა და თითისმაგვარ გამონაზარდებს შორის, რომლებითაც კოშკს ჩხაპნიდა, თევზის ქერცლივით ბრჭყვიალა ბადე გამოუჩნდა. ტანჯვისგან მოღრეცილი სიფათის მარჯვენა ნაწილში ვეება თვალი ჩემს წინ აელვარდა, როგორც ქვაბი, რომელშიც შეიძლება ყვირილით ჩავარდე და სული არ დაგხვდეს. კოშკი შეზანზარდა. ღრიალა ღრიალებდა. ღრიალებდა ურჩხულიც. კოშკს შემოეხვია და კბილები შუშას ჭრიალით დაუსვა. თავზე ნამსხვრევები დაგვაცვივდა. მაკდანმა ხელში ჩამავლო. 
_ ქვემოთ! ცოცხლად! კოშკი შექანდა. ღრიალა და ურჩხული ხაოდნენ. ჩვენ თავპირისმტვრევით დავგორდით კიბეზე. 
_ ცოცხლად!  
მოვასწარით _ კიბის ქვეშ, სარდაფში ჩავყვინთეთ. იმავე წამს ჩვენს თავზე კოშკის ჩამოქცევა დაიწყო. ღრიალა ჩაკვდა. ურჩხული კოშკს დაემხო. კოშკი დაიფშვნა. ჩვენ უსიტყვოდ ვიდექით, მაკდანი და მე, და ვუსმენდით, როგორ ინგრეოდა ჩვენი სამყარო. მორჩა. მხოლოდ სიბნელე და ტალღების დგაფუნი. და კიდევ... 
_ უსმინე, _ ჩუმად წარმოსთქვა მაკდანმა, _ უსმინე. გავიდა წამი, და მე გავიგონე. თავდაპირველად ჩასუნთქული ჰაერის გუგუნი, შემდეგ ჩივილი, დაბნეულობა, მარტოობა ვეებერთელა ცხოველის, რომელიც ჰაერს თავისი სხეულის სუნით ავსებდა, ჩვენს თავზე უღონოდ ეგდო და რომელსაც მხოლოდ აგურის ფენა გვაშორებდა. ურჩხული გაჰყვიროდა, სული ეხუთებოდა. კოშკი გაქრა. სინათლე გაქრა. ხმა, მილიონი წლის შემდეგ რომ ეძახდა, გაქრა. ურჩხულს ხახა დაეღო და ბღაოდა _ ბღაოდა ღრიალას მძლავრი ხმით. და გემებს, იმ ღამით რომ ჩაიარეს, თუმცა ვერ ხედავდნენ ვერც სინათლეს და ვერც ვერაფერს, სამაგიეროდ ესმოდათ ხმა და ფიქრობდნენ: `აჰა, აი ისიც, ღრიალას მარტოხელა ხმა ლოუნსომ-ბეიში! ყველაფერი რიგზეა. კონცხი გავიარეთ~. ასე გაგრძელდა დილამდე. ცხელი, ყვითელი მზე უკვე დასავლეთისკენ იხრებოდა, როცა მაშველთა რაზმმა სარდაფის თავზე ქვების გროვა გადაყარა.  
_ დაინგრა და მორჩა, _ კუშტად თქვა მაკდანმა, _ ტალღებმა გაცვითა, ხოდა დაიშალა. ხელზე მიბწკინა. არავითარი კვალი. მშვიდი ზღვა, ლურჯი ცა. მხოლოდ წყალმცენარეთა მკვეთრი სუნი, კოშკის ნანგრევებსა და სანაპიროს კედლებზე შერჩენილ მწვანე ლაფს რომ ასდიოდა. ოკეანე დგაფუნობდა. მომდევნო წელს ახალი შუქურა დადგეს, მაგრამ ამ დროისთვის მე სამუშაოზე ქალაქში მოვეწყე და ცოლი შევირთე. პატარა, მყუდრო და თბილი სახლი მქონდა, რომლის ფანჯრებიც, შემოდგომის საღამოობით, როცა კარი დაკეტილია, ოქროსფრად იფერება, საკვამურიდან კი კვამლი მიიკლაკნება. მაკდანი ახალი შუქურას ზედამხედველი გახდა, რომელიც მისი მითითებით, რკინა-ბეტონით ააგეს. _ ყოველი შემთხვევისთვის, _ ამიხსნა მან. ახალი შუქურა მზად ნოემბერში იყო. ერთხელ, გვიან საღამოს, სანაპიროზე მარტო წავედი. მანქანა გავაჩერე და უფერულ ტალღებს დავაცქერდი. ახალი ღრიალას ხმას ვუსმენდი: ერთი... ორი... სამი... ოთხჯერ წუთში. შორს ზღვაში, მარტოდმარტო. ურჩხული? აღარ დაბრუნებულა.  
_ წავიდა, _ თქვა მაკდანმა, _ ჯურღმულში ჩავიდა. გაიგო, რომ ამქვეყნად არ შეიძლება მეტისმეტად ძლიერ გიყვარდეს. სიღრმეში ჩავიდა, უფსკრულში, რომ ელოდოს კიდევ მილიონ წელს. საწყალი! სულ ელოდო, ელოდო, ელოდო... ელოდო. მანქანაში ვიჯექი და ყურს ვუგდებდი. ვერც კოშკს ვხედავდი და ვერც სხივს ლოუნსომ-ბეის თავზე. მხოლოდ ვუსმენდი, ღრიალას, ღრიალას, ღრიალას. მეჩვენებოდა, რომ ეს ურჩხული ღრიალებს. რაღაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ რა?  

თარგმნა ლევან რამიშვილმა

Friday, February 20, 2009

Saturday, February 7, 2009

ადგილობრივი (თბილისური) იუმორი

გაგონილი:

- ჟუჟუნას იცნობ?
- რომელს, სიფათი რომ უკანონო მიშენებას მიუგავს?
- ჰო, ასე მგონია, სუბელიანი მოვა და მოუნგრევს...